სასწავლო სტატია 26
მხარში ამოუდექით სხვებს მძიმე წუთებში
„ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი“ (1 პეტ. 3:8).
სიმღერა 107 ღმერთმა სიყვარულის მაგალითი მოგვცა
მოკლე შინაარსი *
1. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს მოსიყვარულე მამას, იეჰოვას?
იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ (იოან. 3:16). ვინაიდან გვსურს, მივბაძოთ მოსიყვარულე მამას, ვცდილობთ, „გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი [და] დიდად თანამგრძნობნი“ ვიყოთ ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც „რწმენით ჩვენიანია“ (1 პეტ. 3:8; გალ. 6:10). ჩვენ გვინდა, დახმარების ხელი გავუწოდოთ სულიერი ოჯახის წევრებს, რომელთაც მძიმე წუთები უდგათ.
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 ყველას, ვისაც იეჰოვას ოჯახში გაერთიანება სურს, გასაჭირი ექნება (მარ. 10:29, 30). რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით მეტი სირთულის ატანა გვიწევს. როგორ უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში? განვიხილოთ, რის სწავლა შეგვიძლია ლოტის, იობისა და ნაომის შემთხვევებიდან. აგრეთვე ვიმსჯელოთ, რამ შეიძლება გაურთულოს ცხოვრება ჩვენს და-ძმებს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამ პრობლემებთან გამკლავებაში.
იყავით მომთმენი
3. როგორც 2 პეტრეს 2:7, 8-დან ვიგებთ, რა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ლოტმა და რა მოჰყვა ამას შედეგად?
3 ლოტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა სოდომში უკიდურესად ზნედაცემულ ხალხს შორის ცხოვრება არჩია (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:7, 8). მართალია, ეს ქალაქი მატერიალურად ყვაოდა, მაგრამ ლოტს იქ ცხოვრება ძვირად დაუჯდა (დაბ. 13:8—13; 14:12). როგორც ჩანს, ლოტის ცოლი იმდენად მოიხიბლა ამ ქალაქით ან იქაური ხალხით, რომ იეჰოვას ეურჩა და სიცოცხლესაც კი გამოესალმა, როცა ღმერთმა ცეცხლითა და გოგირდით გაანადგურა ის მხარე. ლოტის ქალიშვილებს კი სოდომის განადგურების დროს საქმროები დაეხოცათ. ლოტმა სახლიც დაკარგა და ქონებაც, თუმცა ყველაზე მტკივნეული მისთვის მეუღლის დაკარგვა იყო (დაბ. 19:12—14, 17, 26). ასეთი სავალალო შედეგების მიუხედავად, იეჰოვა კვლავაც მოთმინებას ავლენდა ლოტის მიმართ.
4. როგორ გამოავლინა იეჰოვამ ლოტის მიმართ მოთმინება? (იხილეთ სურათი გარეკანზე)
4 მიუხედავად იმისა, რომ სოდომში ცხოვრება ლოტმა თავად აირჩია, იეჰოვამ ანგელოზები გაგზავნა, რათა ისიც ეხსნათ და მისი ოჯახიც. ნაცვლად იმისა, რომ დაუყოვნებლივ დამორჩილებოდა ანგელოზების ბრძანებას, ლოტი აყოვნებდა სოდომის დატოვებას. ამიტომ ანგელოზებმა ხელი ჩაჰკიდეს მას და ოჯახთან ერთად ქალაქიდან გაიყვანეს (დაბ. 19:15, 16). შემდეგ ანგელოზებმა ლოტს მთებში გაქცევა უბრძანეს, თუმცა იმის მაგივრად, რომ მითითებას დამორჩილებოდა, ლოტმა ახლომდებარე ქალაქში გაქცევა ითხოვა (დაბ. 19:17—20). იეჰოვამ მოთმინებით მოუსმინა ლოტს და მის მიერ შეთავაზებულ ქალაქში გაქცევის ნება დართო. თუმცა მოგვიანებით მას შეეშინდა იმ ქალაქში ცხოვრების და მთიან მხარეში დასახლდა. ეს სწორედ ის ადგილი იყო, რომელზეც იეჰოვამ თავიდანვე მიუთითა (დაბ. 19:30). იეჰოვას მხრიდან მოთმინების გამოვლენის რა შესანიშნავი მაგალითია! როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
5, 6. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ 1 თესალონიკელების 5:14-ში ჩაწერილი სიტყვები და მივბაძოთ ღმერთს?
5 ლოტის მსგავსად არასწორი გადაწყვეტილების გამო შეიძლება ჩვენი სულიერი ოჯახის წევრიც გაეხვიოს სერიოზულ პრობლემებში. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? შეიძლება ცდუნების წინაშე დავდგეთ, რომ სიმართლე მივახალოთ და ვუთხრათ, რომ ის მოიმკა, რაც დათესა (გალ. 6:7). თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ისევე მოვექცევით მას, როგორც იეჰოვა მოექცა ლოტს. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
6 იეჰოვამ ანგელოზები მხოლოდ გასაფრთხილებლად კი არ გაგზავნა ლოტთან, არამედ მის დასახმარებლადაც, რათა ის სოდომისთვის გამოტანილი განაჩენისგან დაეხსნათ. მსგავსად, შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს თანაქრისტიანის გაფრთხილება, თუ ვამჩნევთ, რომ თავისი საქციელის გამო შეიძლება ცუდ შედეგებამდე მივიდეს. თუმცა მას დახმარების ხელიც უნდა გავუწოდოთ. მოთმინება არ უნდა დავკარგოთ, თუ ეს ადამიანი მაშინვე არ გაითვალისწინებს ბიბლიურ რჩევებს. მიჰბაძეთ ორ ანგელოზს. ხელი არ ჩაიქნიოთ და თავი შორს არ დაიჭიროთ მისგან, პირიქით ეცადეთ, პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოთ მას (1 იოან. 3:18). ზოგჯერ შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით ხელის ჩაკიდებაც კი დაგვჭირდეს, რომ ბიბლიური რჩევების გათვალისწინებაში დავეხმაროთ მას (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:14).
7. რა მხრივ არის ჩვენთვის სამაგალითო ლოტისადმი იეჰოვას დამოკიდებულება?
7 იეჰოვას შეეძლო ლოტის შეცდომებზე გაემახვილებინა ყურადღება, თუმცა ის ასე არ მოქცეულა. მოგვიანებით პეტრე მოციქულმა სწორედ ღვთის შთაგონებით უწოდა ლოტს მართალი კაცი. რა ბედნიერებაა, რომ იეჰოვა თვალს ხუჭავს ჩვენს შეცდომებზე! (ფსალმ. 130:3). შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და ისევე მოვეპყროთ სხვებს, როგორც იეჰოვა ეპყრობოდა ლოტს? და-ძმების მიმართ უფრო მომთმენები ვიქნებით, თუ მათ დადებით თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ეს კი, თავის მხრივ, მათაც გაუადვილებს ჩვენგან დახმარების მიღებას.
იყავით თანამგრძნობი
8. რისკენ აღგვძრავს თანაგრძნობა?
8 ლოტისგან განსხვავებით იობს არასწორი გადაწყვეტილების გამო არ დასტეხია თავს უბედურებები. თუმცა ამ განსაცდელებმა
მისი ქონება, სახელი და ჯანმრთელობა შეიწირა. ამაზე უარესი კი ის იყო, რომ მას შვილები დაეხოცა. იობს სამი ვაი-მეგობრისგან კრიტიკის ატანაც მოუწია. რატომ გაიქვავეს ამ ადამიანებმა გული იობის მიმართ? იმიტომ რომ ისინი მხოლოდ ზედაპირულად აფასებდნენ სიტუაციას. შედეგად, მათ არასწორი დასკვნა გააკეთეს და იობი უმოწყალოდ გააკრიტიკეს. როგორ შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან მსგავსი შეცდომა? უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანის მდგომარეობის შესახებ ყველა ფაქტი მხოლოდ იეჰოვამ იცის. ყურადღებით მოუსმინეთ, როცა დამწუხრებული ადამიანი თავის გრძნობებს გიზიარებთ, შეეცადეთ, რომ სიტყვების მიღმა მისი ტკივილი დაინახოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებთ და-ძმების მიმართ ნამდვილი თანაგრძნობის გამოვლენას.9. რისგან იკავებს თავს თანამგრძნობი ადამიანი და რატომ?
9 თანაგრძნობა დაგვეხმარება, რომ ჭორები არ გავავრცელოთ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანის შესახებ. ჭორიკანა ადამიანი კრებას არ აღაშენებს, პირიქით, ყოფს მას (იგავ. 20:19; რომ. 14:19). ის კეთილად კი არ ექცევა თანაქრისტიანს, არამედ დაუფიქრებლად მოქმედებს; მისმა სიტყვებმა შეიძლება დიდი ტკივილი მიაყენოს ისედაც გატანჯულ ადამიანს (იგავ. 12:18; ეფეს. 4:31, 32). ბევრად უკეთესი იქნება, თუ ამ ადამიანის კარგ თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვიფიქრებთ, რით შეგვიძლია დავეხმაროთ მას.
10. რას ვსწავლობთ იობის 6:2, 3-დან?
10 წაიკითხეთ იობის 6:2, 3. იობი ზოგჯერ ვეღარ საზღვრავდა, რას ლაპარაკობდა. ამიტომაც იყო, რომ მოგვიანებით სანანებელი გაუხდა თავისი სიტყვები (იობ. 42:6). იობის მსგავსად შეიძლება სტრესულ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმაც თქვას ისეთი რამ, რასაც მოგვიანებით ინანებს. ჩვენ რა რეაქცია უნდა გვქონდეს მის სიტყვებზე? გაკრიტიკების ნაცვლად, თანაგრძნობა უნდა გამოვავლინოთ. უნდა გვახსოვდეს: იეჰოვას განზრახვა არ ყოფილა, რომ პრობლემებსა და საწუხარს შევხვედროდით! ამიტომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, თუ იეჰოვას ერთგული მსახური გასაჭირის დროს დაუფიქრებლად ილაპარაკებს. მაშინაც კი, თუ ის იეჰოვას ან ჩვენ შესახებ არასწორად იტყვის რამეს, მალევე არ უნდა გავბრაზდეთ და არ უნდა განვსაჯოთ ის ამის გამო (იგავ. 19:11).
11. როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ ელიჰუს, როცა ვინმეს რჩევას აძლევენ?
11 ზოგჯერ იმ ადამიანს, რომელიც დიდ პრობლემებს ებრძვის, შეიძლება რჩევები და აზროვნების შესწორება დასჭირდეს (გალ. 6:1). როგორ შეუძლიათ უხუცესებს ამის გაკეთება? მათ უნდა მიჰბაძონ ელიჰუს, რომელიც თანაგრძნობით უსმენდა იობს (იობ. 33:6, 7). ელიჰუმ მხოლოდ მას შემდეგ მისცა რჩევა, რაც ჩასწვდა იობის აზროვნებას. უხუცესები, რომლებიც ელიჰუს ჰბაძავენ, ყურადღებით უსმენენ თანაქრისტიანს და ცდილობენ, გაუგონ მას. შედეგად, მათ მიერ მიცემულ რჩევას ხშირ შემთხვევაში სასურველი შედეგი მოაქვს.
ანუგეშეთ სხვები
12. როგორ იმოქმედა ნაომიზე ქმრისა და ორი ვაჟის დაკარგვამ?
12 ნაომის უყვარდა იეჰოვა და ერთგულად ემსახურებოდა მას. თუმცა ქმრისა და ორი ვაჟის დაკარგვის შემდეგ მას სურდა, რომ მისთვის „ნაომის“ ნაცვლად „მარა“ დაეძახებინათ, რაც მწარეს ნიშნავს (რუთ. 1:3, 5, 20, სქ., 21). რუთი გვერდიდან არ მოშორებია დედამთილს უბედურების ჟამს. ის არა მხოლოდ მის საჭიროებებზე ზრუნავდა, არამედ სიტყვითაც ანუგეშებდა. რუთი თავის სიყვარულსა და მხარდაჭერას უბრალო და გულითადი სიტყვებით გამოხატავდა (რუთ. 1:16, 17).
13. რატომ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა მას, ვისაც მეუღლე უკვდება?
13 როცა ჩვენი სულიერი ოჯახის წევრს მეუღლე უკვდება, ის ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებს. დაქორწინებული წყვილი შეიძლება გვერდიგვერდ გაზრდილ ხეებს შევადაროთ. წლების შემდეგ ამ ხეების ფესვები ისეა ერთმანეთში შეზრდილი, რომ, როცა ერთს ძირფესვიანად გლეჯენ, მეორეს დიდი ზიანი ადგება. მსგავსად, როცა ვინმეს ვერაგი მტერი, სიკვდილი, მეუღლეს აცლის ხელიდან, მგლოვიარე ადამიანი დიდი ხნის მანძილზე ემოციურ ტკივილს განიცდის. პაულა, * რომელსაც ქმარი მოულოდნელად დაეღუპა, ამბობს: „ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. თავს უმწეოდ ვგრძნობდი. საუკეთესო მეგობარი დავკარგე. ჩემს ქმართან ყველაფერზე შემეძლო საუბარი. ის ჭირსა თუ ლხინში ჩემ გვერდით იყო. ყოველთვის ყურადღებით მისმენდა. მისი სიკვდილის შემდეგ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს შუაზე გამხლიჩეს“.
14, 15. როგორ შეგვიძლია ქვრივების ნუგეშისცემა?
14 როგორ შეგვიძლია დაქვრივებული ადამიანის ნუგეშისცემა? უპირველესად, თავი არ უნდა შევიკავოთ მათთან საუბრისგან მაშინაც კი, როცა თავს უხერხულად ვგრძნობთ ან არ ვიცით, რა ვუთხრათ. ზემოხსენებული პაულა განაგრძობს: „მესმის, რომ ხალხი მგლოვიარესთან თავს უხერხულად გრძნობს. შეიძლება ფრთხილობენ, რომ თავიანთი სიტყვებით მას გული არ ატკინონ. მაგრამ სჯობს რაღაც თქვან და შეეშალოთ, ვიდრე საერთოდ არაფერი თქვან“. მგლოვიარე ადამიანი არ მოელის, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვეტყვით. პაულა აღნიშნავს: „ძალიან მსიამოვნებდა, როცა მეგობრები უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ წუხდნენ ჩემ გამო“.
15 უილიამი, რომელსაც ცოლი რამდენიმე წლის წინ დაეღუპა, ამბობს: „მსიამოვნებს,
როცა სხვები ჩემს მეუღლეს იხსენებენ. ვრწმუნდები, რომ ის სხვებსაც უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ასეთი მხარდაჭერა უდიდესი დახმარებაა ჩემთვის. მათი სიტყვები მანუგეშებს, რადგან ძალიან მიყვარდა ჩემი ცოლი, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო“. ბიანკა, რომელიც აგრეთვე ქვრივია, გვიხსნის: „ნუგეშს ვგრძნობ, როცა სხვები ჩემთან ერთად ლოცულობენ და ბიბლიურ მუხლებს მიკითხავენ. თავს უკეთ ვგრძნობ, როცა ჩემს ქმარზე მელაპარაკებიან ან ყურადღებით მისმენენ, როცა მე ვიხსენებ მას“.16. ა) როგორ უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც საყვარელი ადამიანი გამოეცალა ხელიდან? ბ) იაკობის 1:27-ის თანახმად, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია?
16 როგორც რუთი არ მოსცილებია ნაომის გვერდიდან, ისე ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მათი დახმარება, ვისაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა. პაულა განაგრძობს: „ქმრის სიკვდილის შემდეგ ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში. თუმცა დროის სვლასთან ერთად ისინი თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ. ჩემი ცხოვრება კი მთლიანად თავდაყირა იდგა. მგლოვიარისთვის უდიდესი ნუგეშია, როცა ხალხი აცნობიერებს, რომ მას დახმარება და მხარში დგომა თვეების, ზოგჯერ კი წლების მანძილზე სჭირდება“. ცხადია, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგი შეიძლება შედარებით ადვილად შეეგუოს ახალ მდგომარეობას, ზოგს კი მტკივნეულ მოგონებებს აღუძრავდეს ყველაფერი, რაც მეუღლესთან აკავშირებდა. ფაქტია, ყველა ადამიანი თავისებურად გლოვობს. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვრივებზე ზრუნვა და მათი ნუგეშისცემა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, იაკობის 1:27).
რომელიც იეჰოვამ დაგვაკისრა (წაიკითხეთ17. რატომ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა მათ, ვინც მეუღლემ მიატოვა?
17 ზოგს უდიდეს დარტყმას აყენებს მეუღლის ღალატი. ჯოისი, რომელიც ქმარმა სხვა ქალის გამო მიატოვა, ამბობს: „ალბათ, მის სიკვდილს უფრო ადვილად გადავიტანდი, ვიდრე მასთან განქორწინებას. უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის გამო რომ დაღუპულიყო, ის მაინც მეცოდინებოდა, რომ მას არაფერში მიუძღოდა ბრალი. მაგრამ ამ შემთხვევაში მან შეგნებულად მიმატოვა, რის გამოც თავს დამცირებულად და უღირსად ვგრძნობდი“.
18. რის გაკეთება შეგვიძლია მათ დასახმარებლად, ვისაც მეუღლე გვერდით აღარ ჰყავს?
18 პატარა სიკეთითაც კი შეგვიძლია დავარწმუნოთ ჩვენს სიყვარულში ისინი, ვისაც მეუღლე გვერდით აღარ ჰყავთ. კარგი მეგობრები ასეთ მძიმე წუთებში მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ (იგავ. 17:17). როგორ შეგიძლიათ მათთვის მეგობრობის გაწევა? შეგიძლიათ სადილად მიიპატიჟოთ, მსახურება შესთავაზოთ ან ერთად გაატაროთ თავისუფალი დრო. გარდა ამისა, შეგიძლიათ დროდადრო ოჯახურ თაყვანისცემაზე დაპატიჟოთ. ასეთი საქციელით გაახარებთ იეჰოვას, რომელიც „ქვრივების მოსამართლეა“ და „ახლოს არის გულმოდრეკილებთან“ (ფსალმ. 34:18; 68:5).
19. რისკენ მოგვიწოდებს 1 პეტრეს 3:8?
19 მალე დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „დავიწყებული იქნება წინანდელი გასაჭირი“. მოუთმენლად ველით დროს, როცა „აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ეს. 65:16, 17). მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, მოდი მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და სიტყვითა თუ საქმით დავამტკიცოთ, რომ გვიყვარს ჩვენი სულიერი ოჯახი (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8).
სიმღერა 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი
^ აბზ. 5 ლოტი, იობი და ნაომი ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს, თუმცა მძიმე წუთები მათაც დაუდგათ ცხოვრებაში. ამ სტატიიდან დავინახავთ, რის სწავლა შეგვიძლია მათი შემთხვევებიდან. აგრეთვე გავიგებთ, რატომ უნდა ვანუგეშოთ გასაჭირში მყოფი და-ძმები და როგორ შეგვიძლია მათ მიმართ მოთმინებისა და თანაგრძნობის გამოვლენა.
^ აბზ. 13 სახელები შეცვლილია.
^ აბზ. 57 სურათის აღწერა: განერვიულებული ძმა დაუფიქრებლად ლაპარაკობს, უხუცესი კი მოთმინებით უსმენს. მოგვიანებით ძმა მშვიდდება და უხუცესი რბილად აძლევს რჩევას.
^ აბზ. 59 სურათის აღწერა: ახალგაზრდა წყვილი დროს უთმობს ძმას, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ცოლი დაეღუპა. ისინი სასიამოვნოდ იხსენებენ გარდაცვლილს.