არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 23

„განიწმინდოს შენი სახელი“

„განიწმინდოს შენი სახელი“

„იეჰოვა, მარადიულია შენი სახელი“ (ფსალმ. 135:13).

სიმღერა 10 ადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი

მოკლე შინაარსი *

1, 2. რომელი საკითხებია იეჰოვას მოწმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი?

დღეს თითოეული ჩვენგანი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე ვდგავართ, რომელიც ღვთის უზენაესობის დამტკიცებასა და მისი სახელის განწმენდას ეხება. ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენთვის, როგორც იეჰოვას მოწმეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება და მისი სახელის განწმენდა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

2 აშკარად ვხედავთ, რომ ღვთის სახელი განწმენდას საჭიროებს. ამასთანავე, უნდა დამტკიცდეს, რომ იეჰოვა სამართლიანად ატარებს უზენაესი მმართველის ტიტულს. ორივე საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და დიდ ყურადღებას იმსახურებს.

3. რაზე გვიქმნის წარმოდგენას სახელი „იეჰოვა“?

3 ფაქტობრივად, სახელი „იეჰოვა“ ყველაფერს ამბობს ღვთის შესახებ, მათ შორის იმასაც, რომ ის უზენაესი ღმერთია. ყოვლისშემძლე ღმერთის სახელი და მისი უზენაესობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ასე რომ, ღვთის სახელის განწმენდა და იმის დამტკიცება, რომ იეჰოვა სამართლიანად არის უზენაესი მმართველი, უმნიშვნელოვანესი საკითხებია (იხილეთ ჩარჩო  „რას მოიცავს ღვთის სახელის განწმენდა“).

4. რას ამბობს ფსალმუნის 135:13 ღვთის სახელზე და რა კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

4 სახელი „იეჰოვა“ ყველა სხვა სახელისგან გამოირჩევა (წაიკითხეთ ფსალმუნის 135:13). რა ხდის ღვთის სახელს განსაკუთრებულს? პირველად როდის შეურაცხყვეს მისი სახელი? როგორ განწმენდს ღმერთი თავის სახელს? და ჩვენ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მისი სახელის განწმენდაში? წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი.

განსაკუთრებული სახელი

5. რა კითხვა შეიძლება გაუჩნდეს ზოგს, როცა ღვთის სახელის განწმენდაზე ვსაუბრობთ?

5 „განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9). როგორც იესომ თქვა, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რის შესახებაც უნდა ვილოცოთ. როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები? განწმენდა ნიშნავს რაიმეს გასპეტაკებას ან გასუფთავებას. შეიძლება ზოგმა იკითხოს: განა ისედაც წმინდა და სპეტაკი არ არის ღვთის სახელი?! ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა დატვირთვა აქვს ზოგადად სახელს.

6. რატომ ენიჭება სახელს განსაკუთრებული მნიშვნელობა?

6 სახელი გაცილებით მეტია, ვიდრე ასოთა კომბინაცია ან ბგერათა ერთობლიობა. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია: „კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია“ (იგავ. 22:1; ეკლ. 7:1). რატომ ენიჭება სახელს ასეთი მნიშვნელობა? იმიტომ, რომ მასში რეპუტაციაც მოიაზრება, ანუ სხვების შეხედულება მასზე, ვინც ამ სახელს ატარებს. ასე რომ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორ იწერება ან გამოითქმის სახელი, არამედ ის, თუ რას ეუბნება ეს სახელი სხვებს.

7. როგორ შეურაცხყოფენ ღვთის სახელს?

7 როცა ვინმე იეჰოვას შესახებ სიცრუეს ლაპარაკობს, მას რეპუტაციას ულახავს და ამგვარად შეურაცხყოფს მის სახელს. პირველად ღვთის სახელი და მისი რეპუტაცია ედემის ბაღში შებღალეს. რატომ არის ამის ცოდნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

როდის შეურაცხყვეს პირველად ღვთის სახელი?

8. რა იცოდნენ ადამმა და ევამ და რა კითხვები წამოიჭრება?

8 ადამმა და ევამ არა მხოლოდ ღვთის სახელი იცოდნენ, არამედ ისიც, თუ როგორი ღმერთი იყო იეჰოვა. ისინი ღმერთს შემოქმედად მიიჩნევდნენ, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა, სამოთხეში დაასახლა და სრულყოფილი ოჯახი უბოძა (დაბ. 1:26—28; 2:18). მაგრამ ფიქრობდნენ ადამი და ევა იმ ყველაფერზე, რაც იეჰოვამ მათთვის გააკეთა? ცდილობდნენ, გაეღრმავებინათ სიყვარული და მადლიერება მის მიმართ? ამ კითხვებზე პასუხი მაშინ გახდა ცხადი, როცა სატანამ ისინი გამოცდის წინაშე დააყენა.

9. დაბადების 2:16, 17-სა და 3:1—5-ის თანახმად, რა უთხრა იეჰოვამ ადამსა და ევას და როგორ დაამახინჯა სატანამ სიმართლე?

9 წაიკითხეთ დაბადების 2:16, 17; 3:1—5. გველის მეშვეობით სატანამ ევას ჰკითხა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“. ამ მზაკვრული კითხვით სატანა შეეცადა, რომ ევას ღმერთზე უარყოფითად დაეწყო ფიქრი. სინამდვილეში ღმერთმა მათ ყველა ხიდან ჭამის უფლება მისცა, გარდა ერთისა. ადამსა და ევას უამრავი ხის ნაყოფის დაგემოვნება შეეძლოთ, რაც იეჰოვას გულუხვობის მაჩვენებელი იყო (დაბ. 2:9). მან პირველ წყვილს მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა. სატანამ კითხვა ისე დასვა, რომ სიმართლე დაემახინჯებინა და ღმერთი ძუნწ პიროვნებად წარმოეჩინა, რაც ევას ისეთ შთაბეჭდილებას შეუქმნიდა, რომ ღმერთი მას რაღაც კარგს უმალავდა.

10. როგორ დასწამა ცილი სატანამ ღმერთს და რა მოჰყვა ამას შედეგად?

10 ევა ღმერთს უზენაეს მმართველად მიიჩნევდა, როცა სატანამ ეს კითხვა დაუსვა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ევამ მას ღვთისგან მიღებული მითითება გაუმეორა. შემდეგ ისიც დასძინა, რომ არც კი უნდა შეხებოდნენ იმ ხეს. ევამ იცოდა ღვთის გაფრთხილება, რომ დაუმორჩილებლობა სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. მაგრამ სატანა შეეცადა, რომ ის საპირისპიროში დაერწმუნებინა, როცა უთხრა: „არა, არ მოკვდებით“ (დაბ. 3:2—4). ამჯერად სატანამ თავისი ნამდვილი სახე წარმოაჩინა. მან ცილი დასწამა იეჰოვას და მატყუარა გამოიყვანა, რითაც შეურაცხყო მისი სახელი. ამგვარად იგი ეშმაკი ანუ ცილისმწამებელი გახდა. ევა მწარედ მოტყუვდა, როცა მას დაუჯერა (1 ტიმ. 2:14). ის სატანას უფრო ენდო, ვიდრე იეჰოვას, რამაც ყველაზე უგუნურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ევა ეურჩა იეჰოვას, როცა აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამა. მოგვიანებით ნაყოფი თავის ქმარსაც მისცა და მანაც შეჭამა (დაბ. 3:6).

11. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ადამი და ევა, როცა სატანამ ღმერთს ცილი დასწამა?

11 დაფიქრდით, რისი თქმა შეეძლო ევას სატანისთვის. მას შეეძლო ეთქვა: „არ ვიცი, შენ ვინ ხარ. მე კარგად ვიცნობ ჩემს ზეციერ მამას, იეჰოვას, მიყვარს და ვენდობი მას. ყველაფერი, რაც მე და ჩემს ქმარს გაგვაჩნია, მან მოგვცა. როგორ ბედავ მასზე ასე ლაპარაკს? მოშორდი აქედან!“. როგორ ესიამოვნებოდა იეჰოვას საყვარელი შვილისგან ამ სიტყვების გაგონება! (იგავ. 27:11). მაგრამ იეჰოვასადმი ევას სიყვარული ძლიერი არ აღმოჩნდა. იმავეს თქმა შეიძლება ადამზეც. ამიტომაც არ დაიცვეს ღვთის რეპუტაცია, როცა სატანამ ცილი დასწამა იეჰოვას და შეურაცხყო მისი სახელი.

12. როგორ ჩათესა სატანამ ევას გულში ეჭვები, და რა არ გააკეთეს ადამმა და ევამ?

12 როგორც დავინახეთ, სატანამ ევას გულში ეჭვები ჩათესა. მან ისეთი რამ უთხრა ევას, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, იყო თუ არა იეჰოვა კარგი მამა. ადამსა და ევას არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ღვთის სახელი და რეპუტაცია არ შებღალულიყო. მათ დაუჯერეს სატანას და ზეციერ მამას დაუპირისპირდნენ. სატანა დღესაც იმავე მეთოდებს მიმართავს. ის ცილს სწამებს იეჰოვას და ჩირქს სცხებს მის სახელს. ვინც სატანის ტყუილს იჯერებს, ადვილად უგულებელყოფს იეჰოვას ნორმებს.

იეჰოვა წმენდს თავის სახელს

13. როგორ უსვამს ხაზს ეზეკიელის 36:23 ბიბლიის მთავარ თემას?

13 უპასუხოდ დატოვა იეჰოვამ სატანის ცილისწამება? სრულებითაც არა. მთელი ბიბლია ყურადღებას ამახვილებს, რას აკეთებს იეჰოვა თავისი სახელის განსაწმენდად მას შემდეგ, რაც ედემის ბაღში ჩირქი მოსცხეს მის სახელს (დაბ. 3:15). ბიბლიას ერთი მთავარი თემა გასდევს: იეჰოვა განწმენდს თავის სახელს სამეფოს მეშვეობით, რომლის მეფეც იესო ქრისტეა, და აღადგენს მშვიდობასა და სამართლიანობას დედამიწაზე. სწორედ ბიბლია გვიმჟღავნებს, რას გააკეთებს იეჰოვა თავისი სახელის განსაწმენდად (წაიკითხეთ ეზეკიელის 36:23).

14. როგორ იმოქმედა იეჰოვამ, როცა მისი სახელი შეურაცხყვეს?

14 სატანამ რა არ გააკეთა, რომ იეჰოვას განზრახვა არ შესრულებულიყო. მაგრამ მისი მცდელობა ყოველ ჯერზე კრახით სრულდებოდა. ბიბლიიდან ვხედავთ, როგორ მოქმედებდა იეჰოვა წამოჭრილი საკამათო საკითხის გადასაჭრელად, რაც ამტკიცებს, რომ ის მოსიყვარულე მამა და საუკეთესო მმართველია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სატანამ და მისმა მხარდამჭერებმა დიდი ტკივილი მიაყენეს ღმერთს (ფსალმ. 78:40). მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყვეს ღვთის სახელი, მან სიბრძნე, მოთმინება და სამართლიანობა გამოავლინა. იეჰოვამ არაერთგზის დაამტკიცა, რომ ყოვლისშემძლეა. თუმცა მის ყველა მოქმედებას საფუძვლად სიყვარული უდევს (1 იოან. 4:8). იეჰოვა დღესაც ყველაფერს აკეთებს, რომ განწმინდოს თავისი სახელი.

სატანამ ევას იეჰოვას შესახებ სიცრუე უთხრა; საუკუნეებია, რაც ეშმაკი ცილს სწამებს ღმერთს (იხილეთ აბზაცები 9, 10, 15). *

15. როგორ სწამებს ცილს სატანა იეჰოვას და როგორ მოქმედებს ეს ადამიანებზე?

15 სატანა დღემდე ცილს სწამებს ღმერთს და შეურაცხყოფს მის სახელს. მისი მიზანია, დაუმალოს ადამიანებს, რომ იეჰოვა ძლევამოსილი, სამართლიანი, ბრძენი და მოსიყვარულე ღმერთია. მაგალითად, ცდილობს, დაარწმუნოს ადამიანები, რომ შემოქმედი არ არსებობს. ხოლო ვისაც მისი არსებობის სწამს, სატანა არწმუნებს, რომ ღვთის ნორმები უსამართლო და შემზღუდველია. ის იეჰოვას უმოწყალო და სასტიკ ღმერთადაც კი წარმოაჩენს, რომელიც ადამიანებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში აწამებს. ვინც ამ სიცრუეს იჯერებს, აღარ აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს იეჰოვას სამართლიან მმართველობას. სანამ სატანა საბოლოოდ განადგურდება, ის ყველანაირად ეცდება, ცილი დასწამოს ღმერთს. სატანის მიზანია, თქვენც ჩამოგაშოროთ იეჰოვას. მიაღწევს ის წარმატებას?

თქვენი როლი საკამათო საკითხში

16. რისი გაკეთება შეგიძლიათ პირველი წყვილისგან განსხვავებით?

16 იეჰოვა ნებას რთავს არასრულყოფილ ადამიანებს, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ მისი სახელის განწმენდაში. ადამისა და ევასგან განსხვავებით თქვენ შეგიძლიათ იეჰოვას მხარეს დადგეთ. ნაცვლად იმისა, რომ იმ უამრავ ადამიანს შეუერთდეთ, ვინც ცილს სწამებს ღმერთს და შეურაცხყოფს მის სახელს, შეგიძლიათ იეჰოვას დაუჭიროთ მხარი და სხვებსაც გააგებინოთ, რომ ის წმინდა, სამართლიანი, კარგი და მოსიყვარულე ღმერთია (ეს. 29:23). თქვენი ცხოვრებით აჩვენეთ, რომ იეჰოვას უზენაეს მმართველად მიიჩნევთ. სხვებსაც დაეხმარეთ იმის გაგებაში, რომ იეჰოვას მმართველობა სამართლიანია და მხოლოდ მას შესწევს ძალა, ყველა თავის ქმნილებას მშვიდობა და ბედნიერება მოუტანოს (ფსალმ. 37:9, 37; 146:5, 6, 10).

17. როგორ ამცნო იესომ ღვთის სახელი ხალხს?

17 როცა ღვთის სახელის განწმენდაში შეგვაქვს წვლილი, იესოს მაგალითს მივყვებით (იოან. 17:26). იესო არა მხოლოდ მამის სახელს უცხადებდა ადამიანებს, არამედ იმასაც ასწავლიდა, თუ როგორი ღმერთია იეჰოვა. მაგალითად, ფარისევლები იეჰოვას მკაცრ, მომთხოვნ, ცივ და უმოწყალო ღმერთად წარმოაჩენდნენ. მათგან განსხვავებით იესო ცდილობდა, ხალხისთვის დაენახვებინა, რომ ზეციერი მამა გულისხმიერი, მომთმენი, მოსიყვარულე და მიმტევებელია. გარდა ამისა, იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს და ამითაც აჩვენებდა, სინამდვილეში როგორი ღმერთია იეჰოვა (იოან. 14:9).

18. როგორ შეგვიძლია გავაბათილოთ ღვთის შესახებ შექმნილი არასწორი შეხედულებები?

18 იესოს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია დავანახვოთ ადამიანებს, როგორი მოსიყვარულე და კეთილი ღმერთია იეჰოვა. როცა ასე ვიქცევით, იეჰოვას შესახებ ნათქვამ ცრუ ბრალდებებს ვაბათილებთ. ვცდილობთ, დავეხმაროთ ხალხს, იეჰოვა წმინდა ღმერთად მიიჩნიონ და ამგვარად ჩვენი წვლილი შეგვაქვს მისი სახელის განწმენდაში. არასრულყოფილების მიუხედავად ჩვენც შეგვიძლია ავირეკლოთ ზეციერი მამის თვისებები (ეფეს. 5:1, 2). როცა სიტყვითა და საქმით ვანახვებთ სხვებს, სინამდვილეში როგორი ღმერთია იეჰოვა, მისი სახელის განწმენდაში ვმონაწილეობთ. ამ მიზანს მაშინაც ვაღწევთ, როცა ადამიანებს მასზე შექმნილი არასწორი შეხედულებებისგან გათავისუფლებაში ვეხმარებით. აგრეთვე ვამტკიცებთ, რომ არასრულყოფილ ადამიანებსაც შეუძლიათ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება (იობ. 27:5).

ბიბლიის შემსწავლელებს უნდა დავეხმაროთ, გაიგონ, როგორი მოსიყვარულე და კეთილი ღმერთია იეჰოვა (იხილეთ აბზაცები 18, 19). *

19. ესაიას 63:7-დან გამომდინარე, რა უნდა იყოს სწავლებისას ჩვენი მთავარი მიზანი?

19 ჩვენ სხვა მხრივაც შეგვიძლია ღვთის სახელის განწმენდა. როცა სხვებს ჭეშმარიტებას ვასწავლით, ხშირად ყურადღებას ღვთის უზენაესობაზე ვუმახვილებთ, რომ იეჰოვას სამართლიანი უფლება აქვს, მართოს მთელი სამყარო. მართალია, სხვებს ღვთის კანონებს ვასწავლით, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მათ ზეციერი მამა შევაყვაროთ, რათა მას უერთგულონ. ამიტომ კარგი იქნება, თუ ხშირად გავამახვილებთ ყურადღებას იეჰოვას მიმზიდველ თვისებებზე და დავანახვებთ სხვებს, როგორი პიროვნება დგას ამ სახელის მიღმა (წაიკითხეთ ესაიას 63:7). ამგვარად დავეხმარებით ადამიანებს, სიყვარულიდან გამომდინარე დაემორჩილონ იეჰოვას და ბოლომდე უერთგულონ მას.

20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 ზემოთ ვისაუბრეთ, როგორ შეგვაქვს წვლილი ღვთის სახელის განწმენდაში. თუმცა წამოიჭრება კითხვა: როგორ შეგვიძლია ქადაგებითა თუ ჩვენი საქმეებით სხვებს კარგი წარმოდგენა შევუქმნათ იეჰოვაზე, რათა მასთან დაახლოების სურვილი გაუჩნდეთ? ამ კითხვას მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.

სიმღერა 2 იეჰოვაა შენი სახელი

^ აბზ. 5 რა მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე დგას ყველა მოაზროვნე ქმნილება? რატომ არის ეს საკითხი განსაკუთრებული და რა როლი გვაკისრია ჩვენ მის გადაჭრაში? ამ კითხვებზე პასუხის მიღება იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაგვეხმარება.

^ აბზ. 61 სურათის აღწერა: ეშმაკმა ცილი დასწამა ღმერთს, როცა ევას უთხრა, რომ იეჰოვა მატყუარა იყო. უკვე საუკუნეებია, რაც სატანა არაერთ სიცრუეს ავრცელებს ღვთის შესახებ. მაგალითად, ზოგს აჯერებს, რომ ღმერთი სასტიკია, ზოგს კი არწმუნებს, რომ შემოქმედი არ არსებობს.

^ აბზ. 63 სურათის აღწერა: ძმა ბიბლიის შესწავლის დროს ყურადღებას ღვთის მიმზიდველ თვისებებზე ამახვილებს.