არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 25

„მე მოვძებნი ჩემს ცხვარს“

„მე მოვძებნი ჩემს ცხვარს“

„მე მოვძებნი ჩემს ცხვარს და ვიზრუნებ მათზე“ (ეზეკ. 34:11).

სიმღერა 105 „ღმერთი სიყვარულია“

მოკლე შინაარსი *

1. რატომ ადარებს იეჰოვა საკუთარ თავს მეძუძურ დედას?

„განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს?!“. ეს კითხვა დაუსვა იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას დროს მცხოვრებ ხალხს. შემდეგ კი დაარწმუნა ისინი: „მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ“ (ეს. 49:15). ბიბლიაში იშვიათად შეხვდებით ისეთ მონაკვეთს, სადაც იეჰოვა საკუთარ თავს დედას ადარებს. თუმცა ამ შემთხვევაში იეჰოვამ ჩვილის მიმართ დედის განსაკუთრებული სიყვარული იმის საჩვენებლად მოიყვანა, თუ რა ძლიერ უყვარს თავისი მსახურები. ალბათ, ბევრი დედა დაეთანხმება ერთი დის, ჟასმინის სიტყვებს: „როცა დედა საკუთარ ჩვილს ძუძუს აწოვებს, მათ შორის განსაკუთრებული სიახლოვე ჩნდება, რომელიც არასოდეს ქრება“.

2. რას გრძნობს იეჰოვა, როცა ვინმე კრებას ტოვებს?

2 იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება, როცა ვინმე კრების შეხვედრებზე დასწრებასა და ქადაგებას წყვეტს. დაფიქრდით, რამხელა ტკივილს აყენებს იეჰოვას იმის დანახვა, რომ ყოველ წელს ათასობით თავისი მსახური არააქტიური * ხდება.

3. რა სურს იეჰოვას?

3 ძალიან გვიხარია, რომ ბევრი არააქტიური და-ძმა კრებას უბრუნდება. იეჰოვას სურს, რომ ისინი კვლავ ჩაებან მის მსახურებაში; იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც (1 პეტ. 2:25). როგორ დავეხმაროთ მათ ამ ნაბიჯის გადადგმაში? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, გავიგოთ, რატომ შეიძლება შეწყვიტოს ადამიანმა კრების შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება.

რატომ წყვეტს ზოგი იეჰოვას მსახურებას

4. როგორ იმოქმედა ზოგ ქრისტიანზე სამსახურმა?

4 ზოგი ქრისტიანი სამუშაოს გარდა ვეღარაფრისთვის იცლის. აზიაში მცხოვრები ერთი ძმა, სახელად ჰუნგი, * გულწრფელად ამბობს: „მთელ დროსა და ენერგიას სამსახურს ვუთმობდი. მეგონა, რომ, თუ ფინანსურად წელში გავიმართებოდი, უკეთ შევძლებდი იეჰოვასადმი მსახურებას. ასე ვიტყუებდი თავს. რაც უფრო მეტს ვმუშაობდი, მით უფრო ხშირად მიცდებოდა კრების შეხვედრები. ბოლოს საერთოდ შევწყვიტე კრებაზე სიარული. ამ ქვეყნიერებაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ნელ-ნელა ჩამოგვაშოროს ღმერთს“.

5. როგორ იმოქმედა ერთ დაზე თავს დატეხილმა პრობლემებმა?

5 ზოგიერთი და-ძმა პრობლემებმა დათრგუნა. ბრიტანეთში მცხოვრები ხუთი შვილის დედა, ანა, ამბობს: „ჩემი უმცროსი ვაჟი უნარშეზღუდული დაიბადა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი ქალიშვილი გაირიცხა, უფროს ვაჟს კი ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. ამ ყველაფრის გამო დეპრესიაში ჩავვარდი და კრების შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება შევწყვიტე. საბოლოოდ არააქტიური მაუწყებელი გავხდი“. ჩვენ გული შეგვტკივა როგორც ანასა და მის ოჯახზე, ისე მსგავს პრობლემებში მყოფ სხვა და-ძმებზე!

6. რა შეიძლება მოხდეს, თუ ქრისტიანი არ გაითვალისწინებს კოლოსელების 3:13-ში ჩაწერილ პრინციპს?

6 წაიკითხეთ კოლოსელების 3:13. ზოგიერთ ქრისტიანს თანამორწმუნემ ატკინა გული. მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ დროდადრო ერთმანეთის მიმართ შეიძლება სამართლიანად გაგვიჩნდეს „ჩივილის მიზეზი“. არ არის გამორიცხული, რომ კრებაში ვინმე უსამართლოდაც კი მოგვექცეს. თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება წყენა გულში ჩავიდოთ და ამან საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანოს, რომ იეჰოვას ხალხს ჩამოვშორდეთ. განვიხილოთ ერთი სამხრეთამერიკელი ძმის, პაბლოს მაგალითი. თანამორწმუნემ მის შესახებ იცრუა და ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენაში დაადანაშაულა, რის გამოც პაბლომ კრებაში პასუხისმგებლობები დაკარგა. როგორ იმოქმედა ამან მასზე? ის ამბობს: „ამან ისე გამამწარა, რომ დროთა განმავლობაში კრებას ზურგი ვაქციე“.

7. როგორ შეიძლება იმოქმედოს სინდისის ქენჯნამ ადამიანზე?

7 წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო სინდისის ქენჯნამ შეიძლება მოსვენება დაუკარგოს ადამიანს და თავი ღვთის სიყვარულის ღირსად აღარ მიიჩნიოს. მონანიებისა და მის მიმართ გამოვლენილი წყალობის შემდეგაც კი შეიძლება იფიქროს, რომ ღვთის ხალხს შორის ყოფნას არ იმსახურებს. ერთი ძმა, სახელად ფრანსისკო, სწორედ ასე გრძნობდა თავს. ის ამბობს: „სექსუალური უზნეობის გამო სამართლებრივი შეგონება მივიღე. თავიდან კრების შეხვედრებზე დავდიოდი, მაგრამ იმდენად დავითრგუნე, ჩავთვალე, რომ იეჰოვას ხალხს შორის ყოფნას აღარ ვიმსახურებდი. სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ მაძლევდა. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ იეჰოვას არ უპატიებია ჩემთვის. დროთა განმავლობაში კრებას ჩამოვშორდი“. თანაუგრძნობთ იმ და-ძმებს, რომლებიც ზემოთ მოხსენიებული თანაქრისტიანების მსგავსად ცხოვრებაში სერიოზულ პრობლემებს ხვდებიან? თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, იეჰოვა რას გრძნობს მათ მიმართ.

იეჰოვას უყვარს თავისი ცხვარი

ებრაელი მწყემსი სათუთად ზრუნავდა დაკარგულ ცხვარზე (იხილეთ აბზაცები 8, 9). *

8. ივიწყებს იეჰოვა თავის მსახურებს, რომლებიც ერთ დროს ერთგულად ემსახურებოდნენ? ახსენით.

8 იეჰოვა არ ივიწყებს თავის მსახურებს, რომლებიც ერთ დროს ერთგულად ემსახურებოდნენ მას, შემდეგ კი კრებას ჩამოშორდნენ. ის არც მათ კარგ საქმეებს ივიწყებს (ებრ. 6:10). წინასწარმეტყველმა ესაიამ თვალსაჩინო მაგალითის მეშვეობით დაგვანახვა, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე. მან თქვა: „მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას. თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ. მაწოვარ ცხვრებს მზრუნველობით გაუძღვება“ (ეს. 40:11). რას გრძნობს „დიდებული მწყემსი“, იეჰოვა, როცა მისი ერთ-ერთი ცხვარი ფარას შორდება? იეჰოვას გრძნობები კარგად გამოჩნდა მოწაფეებისთვის ნათქვამ იესოს სიტყვებში: „როგორ ფიქრობთ, კაცს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად? და თუ იპოვა, ჭეშმარიტებას გეუბნებით, მას უფრო მეტად შეხარის, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებსაც გზა არ აბნევიათ“ (მათ. 18:12, 13).

9. როგორ ზრუნავდა მწყემსი თავის ცხვარზე ბიბლიურ დროში? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

9 რატომ იქნება მართებული იეჰოვას შედარება მწყემსთან? ბიბლიურ დროში მწყემსები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ ცხვრის მიმართ. მაგალითად, დავითი ლომსა და დათვსაც კი შეებრძოლა, რათა თავისი ფარა დაეცვა (1 სამ. 17:34, 35). კარგ მწყემსს ერთი ცხვრის დაკარგვაც კი არ დარჩება შეუმჩნეველი (იოან. 10:3, 14). ასეთი მწყემსი 99 ცხვარს ფარეხში დატოვებს ან მათ სხვა მწყემსებს ჩააბარებს, თავად კი დაკარგულის მოსაძებნად წავა. ამ მაგალითის მეშვეობით იესომ მნიშვნელოვანი გაკვეთილი გვასწავლა: „ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათ. 18:14).

ებრაელი მწყემსი დაკარგულ ცხვარზე ზრუნავს (იხილეთ აბზაცი 9)

იეჰოვა ეძებს თავის ცხვარს

10. ეზეკიელის 34:11—16-ის თანახმად, რა პირობა დადო იეჰოვამ?

10 იეჰოვას თითოეული თავისი ცხვარი უყვარს, მათ შორის გზააბნეული ბატკნებიც. წინასწარმეტყველი ეზეკიელის მეშვეობით იეჰოვამ პირობა დადო, რომ მოძებნიდა დაკარგულ ცხვარს და სულიერად გამოაჯანმრთელებდა; აგრეთვე აღნიშნა, რა ნაბიჯებს გადადგამდა თავისი ცხვრის სახსნელად. იეჰოვა იმავეს გააკეთებდა, რასაც ებრაელი მწყემსი (წაიკითხეთ ეზეკიელის 34:11—16). თავდაპირველად მწყემსი მოძებნიდა ცხვარს, რაც მისი მხრიდან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. ხოლო როცა იპოვიდა მას, ფარაში დააბრუნებდა. ის სიყვარულით იზრუნებდა შიმშილისგან დასუსტებულ ცხვარზე და გამოკვებავდა მას, ხოლო თუ ჭრილობა ექნებოდა, შეუხვევდა და ხელში აყვანილს ატარებდა. უხუცესებმა, როგორც „ღვთის სამწყსოს“ მწყემსებმა, მსგავსი დახმარება უნდა აღმოუჩინონ მათ, ვინც კრებას ჩამოშორდა (1 პეტ. 5:2, 3). ისინი ეძებენ დაკარგულ ცხვარს, ეხმარებიან, რომ ფარას დაუბრუნდნენ და სიყვარულით უწევენ საჭირო სულიერ დახმარებას. *

11. რა იცოდა კარგმა მწყემსმა?

11 კარგმა მწყემსმა იცოდა, რომ ცხვარი შეიძლება ნებისმიერ დროს დაკარგულიყო. თუ ცხვარი ფარას ჩამოშორდებოდა, მწყემსი მას უხეშად არ მოექცეოდა. ახლა ვისაუბროთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა წარსულში თავის გზააბნეულ მსახურებს.

12. როგორ მოეპყრო იეჰოვა იონას?

12 წინასწარმეტყველმა იონამ თავი აარიდა იეჰოვასგან მიცემული დავალების შესრულებას, თუმცა იეჰოვას ხელი არ ჩაუქნევია მასზე. კარგი მწყემსის მსგავსად ღმერთმა გადაარჩინა ის და დავალების შესასრულებლად ძალაც შემატა (იონ. 2:7; 3:1, 2). მოგვიანებით, ღმერთმა მას აყიროს მაგალითით დაანახვა, რამდენად ღირებულია თითოეული ადამიანის სიცოცხლე (იონ. 4:10, 11). რას ვსწავლობთ აქედან? უხუცესებმა ხელი არ უნდა ჩაიქნიონ მასზე, ვინც არააქტიური გახდა. მათ უნდა გაარკვიონ, რის გამო ჩამოშორდა ის ფარას. ხოლო, როცა არააქტიური კრებას დაუბრუნდება, უხუცესებმა მის მიმართ კვლავაც სიყვარული და მზრუნველობა უნდა გამოავლინონ.

13. როგორი რეაქცია ჰქონდა იეჰოვას 73-ე ფსალმუნის დამწერის სიტყვებზე და რას ვსწავლობთ აქედან?

13 სამოცდამეცამეტე ფსალმუნის დამწერს გული გაუტყდა, რადგან ისე ჩანდა, რომ ბოროტ ადამიანებს ყველაფერში ხელი ემართებოდათ. ის იმაზეც კი დაფიქრდა, რამდენად ღირდა იეჰოვას ნების თანახმად ცხოვრება (ფსალმ. 73:12, 13, 16). როგორი რეაქცია ჰქონდა იეჰოვას ამაზე? მას არ გაუკიცხავს ფსალმუნმომღერალი. უფრო მეტიც, ღმერთმა ამ მამაკაცს თავისი სიტყვები ბიბლიაში ჩააწერინა. საბოლოოდ ფსალმუნმომღერალი მიხვდა, რომ ცხოვრებას ნამდვილ აზრს მხოლოდ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა სძენს, რასაც ვერაფერი შეედრება (ფსალმ. 73:23, 24, 26, 28). რას ვსწავლობთ აქედან? უხუცესებმა არ უნდა განსაჯონ ისინი, ვისაც კითხვები უჩნდება, ღირს თუ არა იეჰოვასადმი მსახურება. გაკიცხვის ნაცვლად ისინი უნდა შეეცადონ იმის დანახვას, რა შეიძლება იდგეს მათი სიტყვებისა თუ საქციელის მიღმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ უხუცესები ბიბლიის მეშვეობით მათთვის საჭირო სულიერი დახმარების აღმოჩენას.

14. რატომ სჭირდებოდა ელიას დახმარება და რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის?

14 როცა წინასწარმეტყველი ელია დედოფალ იზებელს გაურბოდა, თავს იმდენად დათრგუნულად გრძნობდა, რომ სიკვდილიც კი ინატრა. ეგონა, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველთაგან მხოლოდ ისღა დარჩა ცოცხალი და მის მსახურებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა (1 მეფ. 19:1—4, 10). იეჰოვამ არ უსაყვედურა ელიას. პირიქით, დაარწმუნა, რომ მარტო არ იყო და შეეძლო მისი დახმარების იმედი ჰქონოდა. ღმერთმა ელია იმაშიც დაარწმუნა, რომ მომავალში კიდევ არაერთ დავალებას მისცემდა. იეჰოვამ ყურადღებით მოუსმინა ელიას, როცა მან თავისი საწუხარი გაანდო და ახალი დავალებებიც მისცა (1 მეფ. 19:11—16, 18). რას ვსწავლობთ? ყველას, განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ, რომ იეჰოვას მსახურებს კეთილად მოეპყრონ. უხუცესებმა ყურადღებით უნდა მოუსმინონ იმ თანაქრისტიანს, რომელიც მათ გულს უშლის — გულისწყრომას გამოხატავს ან ამბობს, რომ იეჰოვა ჩადენილ ცოდვას არასდროს აპატიებს. ისინი ყველანაირად უნდა ეცადონ, დაარწმუნონ თანაქრისტიანი, რომ იეჰოვასთვის ის კვლავაც ძვირფასია.

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს „დაკარგული ცხვრების“ მიმართ

15. იოანეს 6:39-ის თანახმად, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს ღვთის ფარის მიმართ?

15 იეჰოვას სურს, ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს დაკარგული ცხვრების მიმართ, როგორიც მის ძეს ჰქონდა. იესოს ესმოდა, რომ იეჰოვას თვალში თითოეული ცხვარი ძალიან ძვირფასია, ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა „ისრაელის სახლის დაკარგული ცხვრები“ იეჰოვასთან დაებრუნებინა (მათ. 15:24; ლუკ. 19:9, 10). როგორც კარგი მწყემსი, ის ყველაფერს აკეთებდა, რომ იეჰოვას ფარას არცერთი ცხვარი არ ჩამოშორებოდა (წაიკითხეთ იოანეს 6:39).

16, 17. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ უხუცესებს არააქტიური და-ძმების მიმართ? (იხილეთ ჩარჩო  „რას შეიძლება გრძნობდეს დაკარგული ცხვარი“)

16 პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს მოუწოდა, რომ იესოსთვის მიებაძათ. მოციქულმა მათ უთხრა: «ყველაფერში გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა დაეხმაროთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (საქ. 20:17, 35). როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, უხუცესებს იეჰოვას ხალხზე ზრუნვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ესპანეთში მცხოვრები ერთი უხუცესი, სახელად სალვადორი, ამბობს: „როცა ვფიქრობ, რამდენად ძვირფასია იეჰოვასთვის თითოეული მისი დაკარგული ცხვარი, სურვილი მიჩნდება, ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად. ჩემგან, როგორც სულიერი მწყემსისგან, იეჰოვა მოელის, რომ ვიზრუნებ მათზე“.

17 ზემოთ მოხსენიებული არააქტიური და-ძმები თანაქრისტიანების დახმარებით დაუბრუნდნენ იეჰოვას. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, ვისაც იეჰოვასთან დაბრუნება სურს. მომდევნო სტატიაში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ დასახმარებლად.

სიმღერა 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში

^ აბზ. 5 რატომ ჩამოშორდნენ კრებას ისინი, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას? რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ? წინამდებარე სტატიაში ამ კითხვებზე ვიმსჯელებთ. აგრეთვე გავიგებთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა ბიბლიურ დროში მცხოვრებ თავის ზოგ მსახურს და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან.

^ აბზ. 2 განმარტება: არააქტიური არის ის, ვისაც ბოლო ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში სამქადაგებლო მსახურების ანგარიში არ ჩაუბარებია. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ კვლავაც ჩვენს საყვარელ და-ძმებად მივიჩნევთ.

^ აბზ. 4 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 10 შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან უხუცესებმა არააქტიურების დასახმარებლად.

^ აბზ. 60 სურათის აღწერა: ძველად ისრაელში მწყემსები წუხდნენ დაკარგულ ცხვარზე, ეძებდნენ მას და ფარაში აბრუნებდნენ. დღეს სულიერი მწყემსებიც იმავეს აკეთებენ.

^ აბზ. 64 სურათის აღწერა: არააქტიური და ავტობუსიდან უყურებს ორ იეჰოვას მოწმეს, რომლებიც სიხარულით ქადაგებენ სტენდთან.