არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 24

„მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“

„მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“

„მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის. მთელი გულით ხოტბას გასხამ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო“ (ფსალმ. 86:11, 12).

სიმღერა 7 იეჰოვა, ჩვენო ძალავ!

მოკლე შინაარსი *

1. რას ნიშნავს ღვთისადმი შიში და რატომ უნდა ჰქონდეთ იეჰოვას მოყვარულებს ამგვარი შიში?

ჩვენ გვიყვარს ღმერთი და ამავე დროს შიშიც გვაქვს მის მიმართ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი აზრია. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ თავზარდამცემ შიშს არ ვგულისხმობთ. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ შიშზე, რომელიც ღვთის მიმართ მოწიწებითა და ღრმა პატივისცემით განგვაწყობს. ამგვარი შიში გვეხმარება, ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რითაც ჩვენს ზეციერ მამას გულს ვატკენდით და მასთან მეგობრობას ბზარს გავუჩენდით (ფსალმ. 111:10; იგავ. 8:13).

2. ფსალმუნის 86:11-დან გამომდინარე, რომელ ორ საკითხს განვიხილავთ?

2 ფსალმუნის 86:11-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ვხედავთ, რომ მეფე დავითს კარგად ესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ღვთისადმი შიში (წაიკითხეთ). მოდი დავფიქრდეთ, ჩვენ როგორ გვეხება დავითის ღვთივშთაგონებული სიტყვები. თავდაპირველად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ უნდა განვიმსჭვალოთ მოწიწებით ღვთის სახელის მიმართ. აგრეთვე ვიმსჯელებთ, როგორ ვაჩვენოთ ჩვენი ცხოვრებით, რომ ღვთისმოშიშები ვართ.

რატომ უნდა განვიმსჭვალოთ მოწიწებით ღვთის სახელის მიმართ?

3. სავარაუდოდ, რა დაეხმარა მოსეს, ღვთის სახელისადმი მოწიწება ჰქონოდა?

3 დავფიქრდეთ, რას გრძნობდა მოსე, როცა გამოქვაბულში მყოფმა ღვთის დიდება იხილა. „საკვლევ ცნობარში“ აღნიშნულია, რომ „ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა, რომლის მსგავსიც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლამდე არავის ეხილა“. როგორც ჩანს, მოსემ შემდეგი სიტყვები ანგელოზისგან მოისმინა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას“ (გამ. 33:17—23; 34:5—7). როცა მოსე ღვთის სახელს, იეჰოვას ახსენებდა, ალბათ, ეს შემთხვევა ამოუტივტივდებოდა გონებაში. შესაძლოა ამიტომაც მოუწოდა მან ისრაელებს, ღვთის სახელისადმი მოწიწება ჰქონოდათ (კან. 28:58).

4. რა გვიღრმავებს იეჰოვასადმი მოწიწებას?

4 როცა ღვთის სახელს, იეჰოვას ვახსენებთ, კარგი იქნება დავფიქრდეთ, როგორი პიროვნება დგას ამ სახელის მიღმა. ის ხომ ძლიერი, ბრძენი, სამართლიანი და მოსიყვარულეა. ამ და სხვა თვისებებზე ფიქრი ღვთისადმი მოწიწებითა და ღრმა პატივისცემით განგვაწყობს (ფსალმ. 77:11—15).

5, 6. ა) რას ნიშნავს ღვთის სახელი? ბ) გამოსვლის 3:13, 14-ისა და ესაიას 64:8-ის თანახმად, როგორ ასრულებს იეჰოვა თავის ნებას?

5 რა ვიცით ღვთის სახელის მნიშვნელობის შესახებ? ბევრი სწავლული ეთანხმება იმ აზრს, რომ სახელი იეჰოვა ნიშნავს „აქცევინებს“. ამ სახელის მნიშვნელობა შეგვახსენებს, რომ იეჰოვას ნების განხორციელებას ვერაფერი შეაჩერებს. მას შეუძლია ყველაფერი თავისი ნებისამებრ წარმართოს. როგორ აკეთებს ის ამას?

6 იეჰოვას შეუძლია იქცეს იმად, რადაც საჭიროა თავისი ნების შესასრულებლად (წაიკითხეთ გამოსვლის 3:13, 14). პუბლიკაციების მეშვეობით ხშირად შეგვახსენებენ, დავფიქრდეთ ღვთის პიროვნების ამ საოცარ მხარეზე. იეჰოვას თავისი არასრულყოფილი მსახურებიც შეუძლია აქციოს იმად, რადაც საჭიროა თავისი განზრახვის შესასრულებლად (წაიკითხეთ ესაიას 64:8). ამგვარად ასრულებს იეჰოვა თავის ნებას. მას ვერაფერი შეუშლის ხელს თავისი განზრახვის შესრულებაში (ეს. 46:10, 11).

7. როგორ გავიღრმაოთ მადლიერება ზეციერი მამისადმი?

7 როცა ვფიქრობთ, რას აკეთებს იეჰოვა და ჩვენ რისი გაკეთების ძალას გვაძლევს, მადლიერება გვიღრმავდება მის მიმართ. მაგალითად, როდესაც ღვთის საოცარ შემოქმედებაზე ვფიქრობთ, მოწიწების გრძნობა გვეუფლება (ფსალმ. 8:3, 4). იმაზე ფიქრი, თუ რად გვაქცია იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად, მისადმი პატივისცემას ერთიორად გვიღრმავებს. ღვთის სახელი იეჰოვა ნამდვილად მოწიწების მომგვრელია. ის სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორია ჩვენი ზეციერი მამა, რა გაუკეთებია წარსულში და რას გააკეთებს მომავალში (ფსალმ. 89:7, 8).

„გავაცხადებ იეჰოვას სახელს“

ის, რასაც მოსე ასწავლიდა, გამომაცოცხლებელი იყო, რადგან ღვთის სახელზე და მის თვისებებზე ამახვილებდა ყურადღებას (იხილეთ აბზაცი 8). *

8. მეორე კანონის 32:2, 3-დან გამომდინარე, რა სურს იეჰოვას?

8 სანამ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, იეჰოვამ მოსეს სიმღერა დააწერინა (კან. 31:19). მოსეს კი, თავის მხრივ, ეს სიმღერა ხალხისთვის უნდა ესწავლებინა. მეორე კანონის 32:2, 3-დან ჩანს, რომ იეჰოვას არ სურს, მისი სახელი დაფარული იყოს და ადამიანებმა იმდენად წმინდად მიიჩნიონ, რომ არც კი წარმოთქვან (წაიკითხეთ). ღმერთს სურს, რომ მისი სახელი ყველა მოაზროვნე ქმნილებამ იცოდეს. რა დიდი პატივი იქნებოდა ისრაელებისთვის, მოსესგან ესწავლათ იეჰოვასა და მისი დიდებული სახელის შესახებ! ნასწავლი მათთვის ისეთივე გამომაცოცხლებელი და გამამხნევებელი იქნებოდა, როგორიც შხაპუნა წვიმაა მცენარეებისთვის. დაფიქრდით: როგორ გადასცემთ ხალხს ღვთის სიტყვას? არის ის სხვებისთვის გამომაცოცხლებელი?

9. როგორ შეგვაქვს ჩვენი წვლილი ღვთის სახელის განწმენდაში?

9 როცა კარდაკარ ან სახალხოდ ვქადაგებთ, შეგვიძლია ხალხს ბიბლიიდან ვაჩვენოთ, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია. აგრეთვე შეგვიძლია მსახურებაში გამოვიყენოთ ის ბიბლიური ლიტერატურა, ვიდეოები თუ ვებგვერდზე განთავსებული მასალა, რომლებიც პატივს მიაგებს იეჰოვას. სამსახურში, სკოლაში ან მოგზაურობისას შეიძლება სხვებთან ჩვენს მოსიყვარულე ღმერთზე და მის თვისებებზე საუბრის საშუალება მოგვეცეს. როცა ხალხს ვესაუბრებით, რა განზრახვა აქვს მოსიყვარულე ღმერთს დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით, შეიძლება ისინი ცხოვრებაში პირველად დაფიქრდნენ, რამდენად უყვარს იეჰოვა ღმერთს ადამიანები. ზეციერი მამის შესახებ ჭეშმარიტების გაცხადებით ჩვენი წვლილი შეგვაქვს მისი სახელის განწმენდაში. ვცდილობთ, ადამიანებს დავანახვოთ, რომ სინამდვილეში ბევრი რამ, რასაც იეჰოვას შესახებ ამბობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ხალხს ბიბლიურ ცნობას გადავცემთ, რაც დიდად გამომაცოცხლებელია (ეს. 65:13, 14).

10. რატომ არ არის საკმარისი, ბიბლიის შემსწავლელებს მხოლოდ ღვთის კანონები ვასწავლოთ?

10 ბიბლიის შესწავლის ჩატარების დროს ვცდილობთ, დავეხმაროთ შემსწავლელებს, ჩასწვდნენ ღვთის სახელის, იეჰოვას მნიშვნელობას და გამოიყენონ ის. აგრეთვე გვინდა, დავანახვოთ მათ, როგორი ღმერთია იეჰოვა. თქვენი აზრით, მივაღწევთ ამ მიზანს, თუ შემსწავლელს მხოლოდ ღვთის ნორმებს, მითითებებსა და წესებს ვასწავლით? შემსწავლელმა შეიძლება ისწავლოს ღვთის კანონები და დააფასოს კიდეც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მას მორჩილებისკენ იეჰოვას სიყვარულმა უბიძგოს. ევამ კარგად იცოდა ღვთის კანონი, მაგრამ მას მთელი გულით არ უყვარდა კანონმდებელი. იმავეს თქმა შეიძლება ადამზეც (დაბ. 3:1—6). აქედან გამომდინარე, როგორც მასწავლებლებს, უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ის, რომ ხალხს ღვთის მოთხოვნები და ნორმები ვასწავლოთ.

11. როგორ შევაყვაროთ შემსწავლელებს არა მარტო ღვთის კანონები და ნორმები, არამედ თავად კანონმდებელიც?

11 იეჰოვას მოთხოვნები და ნორმები ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ფსალმ. 119:97, 111, 112). მაგრამ, თუ შემსწავლელი ამ კანონების მიღმა იეჰოვას სიყვარულს ვერ დაინახავს, შეიძლება ისინი შემზღუდველად მოეჩვენოს. ამიტომ კარგი იქნება, ვკითხოთ შემსწავლელს: შენი აზრით, რატომ მოითხოვს ღმერთი თავის მსახურებისგან ასე მოქცევას ან ამა თუ იმ საქციელისგან თავის შეკავებას? რას ვიგებთ აქედან იეჰოვას პიროვნების შესახებ? თუ შემსწავლელს დავეხმარებით, დაფიქრდეს იეჰოვას თვისებებზე და შეიყვაროს მისი დიდებული სახელი, უკეთ შევძლებთ, რომ ჭეშმარიტება მის გულამდე მივიტანოთ. ასეთ შემთხვევაში ის არა მხოლოდ ღვთის კანონებს შეიყვარებს, არამედ თავად კანონმდებელსაც (ფსალმ. 119:68). ამგვარად შემსწავლელი რწმენასაც გაიძლიერებს და ურთულეს განსაცდელებსაც მზადყოფნით შეხვდება (1 კორ. 3:12—15).

„იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით“

დავითმა დაუშვა, რომ მის გულს ბზარი გასჩენოდა (იხილეთ აბზაცი 12).

12. რატომ ვერ შეძლო დავითმა „მთლიანი გულის“ შენარჩუნება და რა იყო შედეგი?

12 ფსალმუნის 86:11-ში მნიშვნელოვან სიტყვებს ვკითხულობთ: „მთლიანი გული მომეცი“. მეფე დავითმა ეს აზრი ღვთივშთაგონებით დაწერა. ის საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, როგორი რთულია „მთლიანი გულის“ შენარჩუნება. ერთხელ ბანზე მყოფმა დავითმა მობანავე ქალი შენიშნა, რომელიც სხვა კაცის ცოლი იყო. შეძლო დავითმა იმ მომენტში მთლიანი ანუ გაუყოფელი გულის შენარჩუნება? მან კარგად იცოდა იეჰოვას კანონი: „არ ისურვო შენი მოძმის ცოლი“ (გამ. 20:17). მაგრამ, როგორც ჩანს, მან თვალი არ მოაშორა მობანავე ქალს. შეიძლება ითქვას, რომ დავითის გული ორად გაიყო, მას ვნება აღეძრა ბათ-შებას მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, არ სურდა, რომ იეჰოვასთვის გული ეტკენინებინა. მართალია, დავითს უყვარდა იეჰოვა და ღვთისმოშიში ადამიანი იყო, მაგრამ ხორციელ სურვილებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და არაერთი სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. დავითმა შეურაცხყო ღვთის სახელი და უდიდესი ზიანი მიაყენა უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებს (2 სამ. 11:1—5, 14—17; 12:7—12).

13. საიდან ვიცით, რომ დავითი კვლავ „მთლიანი გულით“ ემსახურებოდა იეჰოვას?

13 იეჰოვამ დასაჯა დავითი. თუმცა დროთა განმავლობაში დავითმა აღადგინა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა (2 სამ. 12:13; ფსალმ. 51:2—4, 17). მას კარგად ახსოვდა, რამხელა ტკივილი და უბედურება მოუტანა მისმა საქციელმა სხვებს, როცა ვერ შეძლო გაუყოფელი გულის შენარჩუნება. ფსალმუნის 86:11-ში ჩაწერილი სიტყვები შეიძლება ასეც ითარგმნოს: „გაუყოფელი გული მომეცი“. შეუსრულა იეჰოვამ დავითს სათხოვარი? დიახ, რადგან მოგვიანებით ღვთის სიტყვაში დავითზე ვკითხულობთ, რომ ის „მთელი გულით . . . იყო იეჰოვასთან, თავის ღმერთთან“ (1 მეფ. 11:4; 15:3).

14. რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს და რატომ?

14 დავითის მაგალითი გვამხნევებს და იმავდროულად გვაფრთხილებს კიდეც. მის მიერ ჩადენილი სერიოზული ცოდვები დღეს ღვთის მსახურებს სიფხიზლის აუცილებლობას გვანახვებს. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელია, ვემსახურებით იეჰოვას, თითოეული უნდა დავფიქრდეთ: ვუწევ წინააღმდეგობას სატანის ცდუნებებს, რათა გაუყოფელი გული შევინარჩუნო?

სატანა ყველანაირად ეცდება, თქვენს გულს ბზარი გაუჩინოს. არ მისცეთ მას ამის საშუალება! (იხილეთ აბზაცები 15, 16). *

15. როგორ გვიცავს ღვთისმოშიშება, რომ თვალი ავარიდოთ უზნეო კადრებს?

15 მაგალითად, როგორ მოიქცევით, თუ ტელევიზორში ან ინტერნეტში ისეთ კადრებს წააწყდებით, რომლებიც უზნეო სურვილებს აღძრავს? ამ დროს შეიძლება დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ეს ფილმი ან გამოსახულება პორნოგრაფია არ არის. მაგრამ დაფიქრდით, ხომ არ ცდილობს სატანა, ასეთი სახით ბზარი გაუჩინოს იეჰოვასთან თქვენს ურთიერთობას? (2 კორ. 2:11). უზნეო გამოსახულება შეიძლება პატარა რკინის სოლს შევადაროთ, რომელსაც დიდი მორების გასაპობად იყენებენ. თავიდან სოლი პატარა ბზარს უჩენს მორს, შემდეგ კი, როცა ღრმად ჩაასობენ, მორი შუაზე იხლიჩება. უზნეობის ამსახველი კადრები შეიძლება სოლის ბასრ პირს შევადაროთ. იმან, რაც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, შეიძლება ჩვენს გულზე იმოქმედოს, სერიოზული ცოდვა ჩაგვადენინოს და ერთგულება დაგვაკარგვინოს. ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ღვთისთვის მიუღებელმა ფიქრებმა თუ სურვილებმა თქვენს გულში არ შეაღწიოს! შეინარჩუნეთ „მთლიანი გული“ და არ დაკარგოთ ღვთისადმი შიში!

16. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, როცა ცდუნების წინაშე ვართ?

16 უზნეო კადრების გარდა, სატანა სხვა არაერთ მეთოდს იყენებს, რომ ცოდვა ჩაგვადენინოს. ასეთ დროს ადვილია, თავი მოიტყუოთ და იფიქროთ, რომ ეს საქციელი იმდენად სერიოზული ცოდვა არ არის, რომ ამის გამო კრებიდან გაირიცხოთ. თუმცა ასეთი აზროვნება არასწორია. უკეთესი იქნება, თუ დაფიქრდებით შემდეგ კითხვებზე: ხომ არ ცდილობს სატანა ამ საცდურით, იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობას ბზარი გაუჩინოს? ხომ არ შეურაცხვყოფ ღვთის სახელს, თუ არასწორ სურვილებს გასაქანს მივცემ? დამაახლოებს ეს საქციელი იეჰოვასთან თუ პირიქით, დამაშორებს მას? ლოცვაში სიბრძნე სთხოვეთ იეჰოვას, რათა გულწრფელად უპასუხოთ ამ კითხვებს (იაკ. 1:5). ასე მოქცევა სულიერად დაგიცავთ. ამასთანავე, დაგეხმარებათ, იესოს მსგავსად თქვენც შეეწინააღმდეგოთ ცდუნებას და თქვათ: „გამშორდი, სატანა!“ (მათ. 4:10).

17. რატომ უნდა შევინარჩუნოთ „მთლიანი გული“? მოიყვანეთ მაგალითი.

17 თუ „მთლიანი გული“ არ გვექნება, ღვთის მოწონებას ვერ დავიმსახურებთ. მაგალითად, წარმოიდგინეთ სპორტული გუნდი, რომლის მოთამაშეებიც ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ზოგიერთი საკუთარ დიდებას ეძებს, ზოგიც თამაშის წესებს არღვევს, ზოგი კი გუნდის მთავარ მწვრთნელს უპატივცემულოდ ეპყრობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ამის საპირისპიროდ, ერთ მუშტად შეკრულ გუნდს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ გამარჯვება მოიპოვოს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი გული წარმატებულ გუნდს დაემსგავსება, თუ ყველანაირად ეცდებით, თქვენი ფიქრები, სურვილები და გრძნობები ღვთის ნორმებს შეუსაბამოთ. გახსოვდეთ, სატანა ყოველთვის ეცდება, თქვენს გულს „ბზარი გაუჩინოს“ და იეჰოვასთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. მას სურს, ისეთი სურვილები გაგიჩინოთ, რომლებიც იეჰოვას ნორმებს ეწინააღმდეგება. მნიშვნელოვანია, მთლიანი გული გქონდეთ, რათა იეჰოვას ემსახუროთ (მათ. 22:36—38). შეინარჩუნეთ გაუყოფელი გული და არ მისცეთ სატანას მასზე მოქმედების საშუალება!

18. მიქას 4:5-ის თანახმად, რა გაქვთ გადაწყვეტილი?

18 დავითის მსგავსად სთხოვეთ იეჰოვას: „მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ლოცვის თანახმად მოიქცეთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი თუ პატარა გადაწყვეტილებებით ცხადყვეთ, რომ ღვთის სახელის მიმართ მოწიწებით ხართ გამსჭვალული. ამგვარად, როგორც იეჰოვას მოწმე, პატივს მიაგებთ ღვთის სახელს (იგავ. 27:11). ასე რომ, წინასწარმეტყველი მიქას მსგავსად თითოეული შევძლებთ თამამად ვთქვათ: „ჩვენ იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქ. 4:5).

სიმღერა 41 გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა

^ აბზ. 5 წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ფსალმუნის 86:11, 12-ში ჩაწერილ სიტყვებს, რომლებიც მეფე დავითმა ლოცვის დროს წარმოთქვა. გავიგებთ, რას ნიშნავს, გვეშინოდეს ღვთის სახელის; რატომ უნდა ვიყოთ მოწიწებით გამსჭვალული ღვთის დიდებული სახელის მიმართ და როგორ დაგვიცავს ღვთისმოშიშება არასწორი საქციელის ჩადენისგან.

^ აბზ. 53 სურათის აღწერა: მოსე ისრაელებს ღვთის განმადიდებელ სიმღერას ასწავლის.

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: ევა არ შეეწინააღმდეგა არასწორ სურვილებს. მისგან განსხვავებით ჩვენ თვალი უნდა ავარიდოთ ნებისმიერ რამეს, რაც ჩვენში ხორციელ სურვილებს აღძრავს და ღვთის სახელს შეურაცხყოფს.