არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 25

არ დააბრკოლოთ „არცერთი ამ მცირეთაგანი“

არ დააბრკოლოთ „არცერთი ამ მცირეთაგანი“

„არ დაამციროთ არცერთი ამ მცირეთაგანი“ (მათ. 18:10).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 113 ჩვენი მშვიდობა

მოკლე შინაარსი *

1. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას თითოეული ჩვენგანი უყვარს?

იეჰოვამ თითოეული ჩვენგანი თავისკენ მიიზიდა (იოან. 6:44). იცით, ეს რას ნიშნავს? მილიარდობით ადამიანს შორის იეჰოვამ თქვენ ამოგირჩიათ, რადგან სწორედ თქვენ აღმოგაჩნდათ ისეთი გული, რომელსაც მისი შეყვარება შეეძლო (1 მატ. 28:9). იეჰოვა კარგად გიცნობთ, ესმის თქვენი და უყვარხართ. განა გულს სიხარულით არ გივსებთ ამის ცოდნა?!

2. როგორ დაგვანახვა იესომ თვალსაჩინოდ, რომ იეჰოვას თითოეული თავისი ცხვარი აღელვებს?

2 იეჰოვასთვის თითოეული თავისი მსახური ძვირფასია. ეს კარგად ჩანს იესოს იგავიდან, რომელშიც იეჰოვა მწყემსთან არის შედარებული. როგორ მოიქცევა მწყემსი, თუ მისი 100 ცხვრიდან ერთს გზა აებნევა? ის „დატოვებს მთაში 99-ს და . . . წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად“. როცა მწყემსი დაკარგულ ცხვარს იპოვის, კი არ გაუჯავრდება, არამედ გაიხარებს. რისი თქმა უნდოდა ამით იესოს? იეჰოვასთვის თითოეული თავისი ცხვარი ძვირფასია. იესომ თქვა: „ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას, რომ ამ მცირეთაგან თუნდაც ერთი დაიღუპოს“ (მათ. 18:12—14).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 რა თქმა უნდა, არავის გვინდა, რომ ვინმეს გულისტკივილის მიზეზი გავხდეთ. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არავინ დავაბრკოლოთ ან მაშინ, როცა ვინმე გულს გვტკენს? ეს სტატია ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს. მაგრამ ჯერ გავიგოთ, ვინ იგულისხმებიან მათეს მე-18 თავში მოხსენიებულ „ამ მცირეთაგანში“.

ვინ იგულისხმებიან „ამ მცირეთაგანში“?

4. ვინ იგულისხმებიან „ამ მცირეთაგანში“?

4 „ამ მცირეთაგანში“ იესოს ყველა მოწაფე იგულისხმება. „მცირეთაგანად“ ნათარგმნი სიტყვა შეიძლება „ბავშვებადაც“ ითარგმნოს. ბავშვების მსგავსად, რომლებიც მოწადინებული არიან, მეტი გაიგონ, იესოს მოწაფეებიც, განურჩევლად ასაკისა, მოწადინებული არიან, იესოსგან მეტი ისწავლონ (მათ. 18:3). მართალია, მათ განსხვავებული წარმომავლობა, შეხედულებები და ხასიათი აქვთ, მაგრამ იესო ქრისტესადმი რწმენა აერთიანებთ. თავის მხრივ, იესოც დიდ სიყვარულს ავლენს მათ მიმართ (მათ. 18:6; იოან. 1:12).

5. რა გრძნობა ეუფლება იეჰოვას, როცა ვინმე აბრკოლებს ან გულს სტკენს თავის რომელიმე მსახურს?

5 ყველა ეს „მცირეთაგანი“ იეჰოვას თვალში ძვირფასია. ამის უკეთ წარმოსადგენად დავფიქრდეთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ბავშვების მიმართ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ბავშვები და ვინაიდან მათ ძალა, გამოცდილება და სიბრძნე აკლიათ, ბუნებრივად გვიჩნდება მათი დაცვის სურვილი. ფაქტია, არავის გვსიამოვნებს, როცა ვინმეს ცუდად ეპყრობიან, მაგრამ განსაკუთრებით მწვავედ მაშინ ვრეაგირებთ, თუ ბავშვს ეპყრობიან ცუდად. იეჰოვასაც სურს, რომ დაგვიცვას. ამიტომ ის მწვავედ რეაგირებს, როცა ვინმე აბრკოლებს ან გულს სტკენს რომელიმე ღვთის მსახურს (ეს. 63:9; მარ. 9:42).

6. პირველი კორინთელების 1:26—29-ის თანახმად, როგორ უყურებს ქვეყნიერება იესოს მოწაფეებს?

6 კიდევ რა გაგებით არიან იესოს მოწაფეები „მცირეთაგანი“? დღეს ქვეყნიერება მდიდარ, წარმატებულ და ძალაუფლების მქონე ადამიანებს აფასებს. იესოს მოწაფეები კი ქვეყნიერების თვალში არაფრით გამორჩეულნი და უმნიშვნელონი არიან, მაგრამ იეჰოვა მათზე ასე ნამდვილად არ ფიქრობს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 1:26—29).

7. როგორ დამოკიდებულებას მოელის იეჰოვა ჩვენგან?

7 იეჰოვას ყველა თავისი მსახური უყვარს იმისდა მიუხედავად, დიდი ხანია ემსახურებიან მას თუ — არა. რაკი ჩვენი და-ძმები იეჰოვასთვის ძვირფასნი არიან, ისინი ჩვენთვისაც ძვირფასნი უნდა იყვნენ. ჩვენ „მთელი საძმო“ უნდა გვიყვარდეს და არა მხოლოდ ზოგიერთები (1 პეტ. 2:17). გვინდა, რომ სიყვარულით მოვეპყროთ და გავუფრთხილდეთ მათ გრძნობებს. თუ ვინმეს ვაწყენინებთ, არ გავაუბრალოოთ ჩვენი საქციელი და არ ჩავთვალოთ, რომ ის ზედმეტად მგრძნობიარეა და თავად უნდა მოერიოს წყენას. რა შეიძლება გახდეს ზოგჯერ წყენის მიზეზი? ზოგი ისეთ გარემოში გაიზარდა, რომ ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვს. ზოგიც კრებაში ახალბედაა და ვერ ხვდება, როგორ უნდა რეაგირებდეს სხვების სისუსტეებზე. ასეა თუ ისე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდობას შევუწყოთ ხელი. მეორე მხრივ, თუ ქრისტიანი ერთთავად ვინმეზეა განაწყენებული, უნდა ეცადოს, რომ ზედმეტად მგრძნობიარე არ იყოს ყველაფერზე. ასე თავადაც შეინარჩუნებს სიმშვიდეს და სხვებთანაც კარგ ურთიერთობას შეუწყობს ხელს.

სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ

8. რა შეხედულება ახდენდა გავლენას იესოს მოწაფეებზე?

8 რატომ ჩამოაგდო იესომ სიტყვა „ამ მცირეთაგანზე“? ამის მიზეზი ის კითხვა იყო, რომელიც მოწაფეებს დაებადათ: „ვინ იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში?“ (მათ. 18:1). იმ დროს იუდეველთა შორის მდგომარეობასა და სტატუსს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ერთმა მეცნიერმა სწორად აღნიშნა: „ხალხი მხოლოდ იმისთვის ცხოვრობდა, რომ საზოგადოებაში სახელი, დიდება, აღიარება და პატივისცემა მოეპოვებინა“.

9. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იესოს მოწაფეები?

9 იესოს კარგად ესმოდა, რომ თავისი მოწაფეებისთვის ადვილი არ იქნებოდა, პირველობისკენ სწრაფვის ტენდენცია აღმოეფხვრათ საკუთარ თავში, რადგან ასეთი აზროვნება მყარად იყო ფესვგადგმული იმდროინდელ საზოგადოებაში. იესომ უთხრა მათ: „თქვენ შორის უდიდესი უმცირესი იყოს, და ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია, მსახური იყოს“ (ლუკ. 22:26). თუ სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად ჩავთვლით, მაშინ „უმცირესივით“ მოვიქცევით (ფილ. 2:3). რაც უფრო მეტად გავითავისებთ ამ აზროვნებას, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ სხვებს დავაბრკოლებთ.

10. პავლეს რომელი რჩევა უნდა მივიტანოთ გულთან?

10 ყველა დას ან ძმას აქვს თავისი ძლიერი მხარე, რითაც შეიძლება გვჯობდეს. ეს ადვილი შესამჩნევია, როცა მათ დადებით თვისებებზე ვამახვილებთ ყურადღებას. გვინდა, გულთან ახლოს მივიტანოთ პავლე მოციქულის რჩევა, რომელიც მან კორინთელებს მისცა: „ვისი დამსახურებაა, სხვისგან რომ განსხვავდები?! რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია?! და, თუ მიიღე, მაშ, რატომ იკვეხნი, თითქოსდა შენით გქონდეს?!“ (1 კორ. 4:7). აქედან გამომდინარე, არ უნდა ავყვეთ იმის ცდუნებას, რომ ზედმეტი ყურადღება მივიქციოთ ან თავი სხვებზე აღმატებულად ჩავთვალოთ. მაგალითად, თუ ძმა კარგ მოხსენებებს კითხულობს ან დას კარგად გამოსდის ბიბლიის შესწავლების დაწყება, ამისთვის მათ მთელი დიდება იეჰოვას უნდა მიაგონ.

მთელი გულით აპატიეთ

11. რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან?

11 მას შემდეგ, რაც იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები, რომ არ დაებრკოლებინათ სხვები, ერთი იგავიც მოუყვანა მეფისა და მონის შესახებ. მეფემ მონას დიდი ვალი აპატია, რომლის გადახდასაც ვერასდროს შეძლებდა. მოგვიანებით ამ მონამ სხვა მონას გაცილებით მცირე ვალი არ აპატია. მაშინ მეფემ ეს უმოწყალო მონა საპყრობილეში ჩააგდო. რა ვსწავლობთ აქედან? პასუხს თავად იესო გვცემს: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (მათ. 18:21—35).

12. როგორ იმოქმედებს სხვებზე, თუ არ ვიქნებით მიმტევებლები?

12 უმოწყალო მონამ არა მხოლოდ საკუთარ თავს ავნო, არამედ მისმა საქციელმა სხვებზეც უარყოფითად იმოქმედა. ჯერ ერთი, ის უგულოდ და უმოწყალოდ მოექცა სხვა მონას და „საპყრობილეში ჩააგდებინა, რომ იქ ყოფილიყო, სანამ ვალს არ გადაუხდიდა“. მეორეც, ეს ფაქტი არც სხვა მონებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. როცა მათ „დაინახეს, რაც მოხდა, ძალიან შეწუხდნენ“. რეალურ ცხოვრებაშიც ასეა — ჩვენი საქციელი გავლენას ახდენს სხვებზე. რა შეიძლება მოხდეს, თუ ვინმე გვაწყენინებს და არ ვაპატიებთ? გარდა იმისა, რომ ეს ჩვენი მხრიდან უმოწყალო საქციელი იქნება, შეიძლება მწყენინებელს თავი ავარიდოთ და გულგრილად მოვეპყროთ. ამასთანავე, კრებაში სხვებსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებთ, რადგან ისინიც შეამჩნევენ ჩვენ შორის დაძაბულ ურთიერთობას.

გულში ჩაიტოვებთ წყენას თუ აპატიებთ? (იხილეთ აბზაცი 13, 14). *

13. რას გვასწავლის ერთი პიონერი დის შემთხვევა?

13 და-ძმების პატიებას ჩვენთვისაც სიკეთე მოაქვს და სხვებისთვისაც. ამას ადასტურებს ერთი პიონერი დის, კრისტალის, მაგალითი. მას კრებაში ერთმა დამ აწყენინა. კრისტალი * იხსენებს: „მისი უკმეხი სიტყვები ხანდახან დანასავით მესობოდა გულში. მასთან ერთად მსახურებაში გასვლაც კი არ მინდოდა. ვატყობდი, რომ ღვთის საქმეში გულმოდგინებასა და სიხარულს ვკარგავდი“. კრისტალი ფიქრობდა, რომ სამართლიანად ჰქონდა განაწყენების მიზეზი, თუმცა ის მოერია საკუთარ თავს და არ დარჩა მსხვერპლის პოზიციაში. მას ეყო თავმდაბლობა, რომ გაეთვალისწინებინა ბიბლიური რჩევა, რომელიც განიხილებოდა 1999 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „მთელი გულით მიუტევეთ“. საბოლოოდ მან შეძლო დის პატიება. კრისტალი ამბობს: „მივხვდი, რომ ყველანი ვცდილობთ ახალი პიროვნებით შემოსვას და იეჰოვაც მზად არის, ყოველდღე მთელი გულით გვაპატიოს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამომხსნეს მხრებიდან. როგორც იქნა, დავიბრუნე სიხარული“.

14. მათეს 18:21, 22-ის თანახმად, სავარაუდოდ, რა უჭირდა მოციქულ პეტრეს და რა ვსწავლობთ იესოს პასუხიდან?

14 გვესმის, რომ მიმტევებლები უნდა ვიყოთ; ეს ყველაზე სწორი პოზიციაა ჩვენი მხრიდან. მაგრამ ასე მოქცევა ყოველთვის ადვილი არ არის. როგორც ჩანს, ზოგჯერ მოციქული პეტრესთვისაც არ იყო ეს ადვილი (წაიკითხეთ მათეს 18:21, 22). რა გაგვიადვილებს პატიებას? პირველ რიგში, იმაზე ფიქრი, თუ რამდენი რამ გვაპატია იეჰოვამ (მათ. 18:32, 33). მართალია, არცერთი ჩვენგანი არ ვიმსახურებთ ამას, მაგრამ იეჰოვა მაინც მთელი გულით გვპატიობს (ფსალმ. 103:8—10). გარდა ამისა, როგორც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი“. ასე რომ, პატიება არჩევანის საკითხი არ არის, ეს ჩვენი ქრისტიანული ვალდებულებაა (1 იოან. 4:11). დაფიქრდით იმაზეც, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პატიებას. ამით მწყენინებელსაც დავეხმარებით, კრების ერთიანობასაც შევუწყობთ ხელს, იეჰოვასთან ურთიერთობასაც გავუფრთხილდებით და წყენის მძიმე ტვირთსაც მოვიშორებთ (2 კორ. 2:7; კოლ. 3:14). სთხოვეთ დახმარება იეჰოვას, მას, ვინც ჩვენგან მიმტევებლობას მოელის. არ მისცეთ სატანას უფლება, უთანხმოება ჩამოაგდოს თქვენ შორის და მშვიდობა დაგირღვიოთ თანაქრისტიანებთან (ეფეს. 4:26, 27). სატანის მახეს რომ ავარიდოთ თავი, იეჰოვას დახმარება გვჭირდება.

ნუ დაბრკოლდებით

15. კოლოსელების 3:13-ის თანახმად, რა უნდა გააკეთოთ, თუ ძალიან გაწუხებთ თანაქრისტიანის საქციელი?

15 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თანაქრისტიანის თქვენდამი დამოკიდებულება ძალიან გაწუხებთ? ყველანაირად ეცადეთ, რომ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ლოცვაში გული გადაუშალეთ იეჰოვას. სთხოვეთ, დაეხმაროს მწყენინებელს, და თქვენც დაგანახვოთ მასში კარგი თვისებები, რომელთა გამოც ის იეჰოვამ შეიყვარა (ლუკ. 6:28). მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ მომხდარს ვერ ივიწყებთ, წინასწარ დაფიქრდით, როგორ დაელაპარაკოთ მას ამ თემაზე. მაინცდამაინც იმას ნუ იფიქრებთ, რომ თანაქრისტიანმა შეგნებულად გატკინათ გული (მათ. 5:23, 24; 1 კორ. 13:7). მასთან საუბრის დროს მის გულწრფელობაში ნუ დაეჭვდებით. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მას არ სურს მშვიდობის აღდგენა? ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ბიბლიური პრინციპის თანახმად მოუთმენთ მას. ნუ გადაუსვამთ ხაზს თანაქრისტიანს! (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13). რაც მთავარია, წყენას გულში ნუ ჩაიდებთ და ნუ გაიფუჭებთ იეჰოვასთან ურთიერთობას. ნურაფერს მისცემთ საშუალებას, რომ დაგაბრკოლოთ. ასე დაამტკიცებთ, რომ იეჰოვას სიყვარული თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (ფსალმ. 119:165).

16. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულს?

16 ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ვემსახურებით იეჰოვას, როგორც „ერთი სამწყსო“, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს (იოან. 10:16). წიგნში „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“, 165-ე გვერდზე ნათქვამია: „ამ საძმოს ერთობაში ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი, მათ შორის შენც“. ასე რომ, უნდა ვეცადოთ, „და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ“. იეჰოვა თითოეულ თავის მსახურს აფასებს. თქვენც ასეთი თვალსაზრისი გაქვთ თანაქრისტიანებზე? იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩება, რასაც „ერთი ამ მცირეთაგანისთვის“ აკეთებთ (მათ. 10:42).

17. რა გაქვთ გადაწყვეტილი?

17 ჩვენ გვიყვარს თანაქრისტიანები, ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ლოდი ან ფეხწამოსაკრავი“ (რომ. 14:13). და-ძმებს ჩვენზე აღმატებულად ვთვლით და მზად ვართ, მთელი გულით ვაპატიოთ მათ. ყველანაირად ვეცადოთ, რომ არავის გამო არ დავბრკოლდეთ და „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომ. 14:19).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 130 იყავი მიმტევებელი

^ აბზ. 5 რაკი არასრულყოფილები ვართ, ზოგჯერ ჩვენი სიტყვითა თუ საქმით ერთმანეთს გულს ვტკენთ. როგორ ვრეაგირებთ ამ დროს? მზად ვართ, აღვადგინოთ მშვიდობიანი ურთიერთობა? ვცდილობთ, მალევე მოვიბოდიშოთ თუ ვთვლით, რომ ვისაც ეწყინა, ეს მისი პრობლემაა და არა ჩვენი? როგორ მოვიქცეთ, თუ სხვების სიტყვებსა თუ საქციელზე ადვილად ვნაწყენდებით? თავს ხომ არ ვიმართლებთ იმით, რომ ასეთი ხასიათი გვაქვს და ვერ შევიცვლებით თუ ვთვლით, რომ ეს ჩვენი სისუსტეა, რომელიც უნდა დავძლიოთ?

^ აბზ. 13 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 54 სურათის აღწერა: ერთი და მეორეზეა განაწყენებული. მას შემდეგ, რაც ერთი ერთზე ისაუბრეს, წყენა დაივიწყეს და სიხარულით გააგრძელეს ერთად მსახურება.