იცოდით თუ არა?
რა სახის გადასახადებს იხდიდა ხალხი იესოს დროს?
ისრაელები ოდითგანვე იღებდნენ ფულად შესაწირავს წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად. მაგრამ იესოს დროს საგადასახადო სისტემა ძალიან გართულდა და მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას.
კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის ხარჯებისთვის ყოველ ზრდასრულ მამაკაცს მოეთხოვებოდა ნახევარი შეკელის (ორი დრაქმა) გადახდა. პირველ საუკუნეში ეს შესაწირავი ჰეროდეს მიერ აგებული ტაძრის მოვლა-პატრონობასა და მსხვერპლშეწირვას ხმარდებოდა. როცა ზოგმა ებრაელმა პეტრეს ჰკითხა, მისი მოძღვარი თუ გადაიხდიდა ამ გადასახადს, იესოს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ის კი არა, თავად მისცა პეტრეს მითითება, როგორ ეშოვა გადასახადისთვის საჭირო თანხა (მათ. 17:24—27).
ძველად ღვთის ხალხს თავისი მოსავლის ან, ზოგადად, შემოსავლის მეათედის გადახდაც უწევდა (ლევ. 27:30—32; რიცხ. 18:26—28). მაგრამ რელიგიური წინამძღოლები ამას არ დასჯერდნენ და ხალხს მწვანილეულის, მაგალითად „პიტნის, კამისა და ძირის მეათედსაც“ კი ახდევინებდნენ. იესო მეათედების გადახდის წინააღმდეგი არ ყოფილა, მან უბრალოდ ფარისევლებისა და მწიგნობრების თვალთმაქცობა დაგმო (მათ. 23:23).
ვინაიდან იმ დროს იუდეაში რომაელები ბატონობდნენ, ისინი სხვადასხვა გადასახადს უწესებდნენ მოსახლეობას. ერთ-ერთი გადასახადი მიწათმფლობელებს ეხებოდა. გადახდა შესაძლებელი იყო ფულით ან ნატურით, რაც შემოსავლის 20—25 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა, ყოველ ებრაელს სულადობრივი გადასახადიც ეკისრებოდა. სწორედ ამ გადასახადის თაობაზე ედავებოდნენ ფარისევლები იესოს. ამ საკითხზე იესოს პოზიცია მისი შემდეგი სიტყვებიდან გამოჩნდა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს!“ (მათ. 22:15—22).
გარდა ამისა, იბეგრებოდა ექსპორტირებული ან იმპორტირებული საქონელი. გადასახადების აკრეფა ხდებოდა ნავსადგურებში, ხიდებთან, გზაჯვარედინებთან, ქალაქებისა თუ ბაზრების შესასვლელებში.
რომაელების მიერ დაკისრებული გადასახადები ხალხს მძიმე ტვირთად აწვა. როგორც რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი გვამცნობს, იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობის დროს, რომელიც იესოს დედამიწაზე მსახურების პერიოდს ემთხვევა, „გადასახადებით დამძიმებული სირიისა და იუდეის მოსახლეობა ცოტაოდენ შეღავათს ითხოვდა“.
მდგომარეობას გადასახადების აკრეფის მეთოდიც ართულებდა. გადასახადების აკრეფის უფლება საჯარო აუქციონზე იყიდებოდა. ეს უფლება მათ ენიჭებოდა, ვინც უმაღლეს ფასს დაასახელებდა. აუქციონზე გამარჯვებულები გადასახადების აკრეფის საქმეს სხვებს ავალებდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, სარგებელს ნახულობდნენ ამ საქმეში. ამრიგად, დამსაქმებელიცა და დასაქმებულიც კარგად ითბობდნენ ხელს. როგორც ჩანს, ზაქესაც ასე ჰყავდა დასაქმებული სხვა მებაჟეები (ლუკ. 19:1, 2). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რატომ ჩიოდა ხალხი და სძულდა ისინი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ გადასახადების აკრეფის საქმეში.