არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 23

მარტო არ ხარ, რადგან იეჰოვაა შენთან

მარტო არ ხარ, რადგან იეჰოვაა შენთან

„იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს“ (ფსალმ. 145:18).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 28 იეჰოვასთან დამეგობრება

მოკლე შინაარსი *

1. რატომ შეიძლება დაეუფლოთ იეჰოვას მსახურებს მარტოობის გრძნობა?

დროდადრო ყველას გვეუფლება მარტოობის განცდა. ზოგი მარტივად ერევა ამ გრძნობას, ზოგი კი — ვერა. ადამიანმა თავი მარტო შეიძლება ხალხის გარემოცვაშიც იგრძნოს. ზოგი ახალ კრებაში უცხოდ გრძნობს თავს და უჭირს მეგობრების პოვნა. მას, ვინც თბილ და მოსიყვარულე ოჯახში აღიზარდა, შეიძლება ეს გრძნობა მაშინ გაუჩნდეს, თუ ოჯახისგან შორს აღმოჩნდება. ზოგი სიმარტოვეს დაღუპული ახლობლის გამო განიცდის, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. ზოგი, განსაკუთრებით ახალბედა ქრისტიანი, შეიძლება თავს გარიყულად გრძნობდეს, რადგან ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმა რწმენის გამო ზურგი აქციეს ან მათი მხრიდან დევნასა და წინააღმდეგობას ხვდება.

2. რა კითხვებს გაეცემა პასუხი?

2 იეჰოვა კარგად გვიცნობს და მან ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ. იცის, როდის ვგრძნობთ თავს მარტო და სურს, რომ ამ გრძნობის დაძლევაში დაგვეხმაროს. როგორ გვეხმარება იეჰოვა? ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? როგორ დავეხმაროთ კრებაში მათ, ვინც მარტოობას განიცდის? ეს სტატია ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს.

იეჰოვასთვის სულერთი არ არის, რას განვიცდით

იეჰოვა ანგელოზის მეშვეობით არწმუნებს ელიას, რომ მარტო არ არის (იხილეთ აბზაცი 3).

3. საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა ზრუნავდა ელიაზე?

3 იეჰოვას გულწრფელად აღელვებს თავისი თაყვანისმცემლების კეთილდღეობა. ის ახლოს არის ჩვენთან და იცის, როდის რა გვიჭირს (ფსალმ. 145:18, 19). გავიხსენოთ, რამხელა ყურადღება გამოიჩინა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, ელიას მიმართ. ამ ერთგულ წინასწარმეტყველს ისრაელის ისტორიის რთულ პერიოდში მოუწია მსახურება. ღვთის მტრები, რომლებიც დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ, სასტიკად დევნიდნენ ღვთის თაყვანისმცემლებს; მათი მთავარი სამიზნე ელია წინასწარმეტყველი გახდა (1 მეფ. 19:1, 2). ელიას, ალბათ, ისიც უმძიმებდა გულს, რომ ეგონა, ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ღვთის მსახური იყო (1 მეფ. 19:10). მაგრამ იეჰოვას ელია უყურადღებოდ არ დაუტოვებია და დაუყოვნებლივ მიიღო ზომები. მან ანგელოზის მეშვეობით დაარწმუნა წინასწარმეტყველი, რომ მარტო არ იყო და ისრაელში კვლავაც მრავლად იყვნენ ღვთის ერთგული ადამიანები (1 მეფ. 19:5, 18).

4. როგორ ჩანს მარკოზის 10:29, 30-დან, რომ იეჰოვა ზრუნავს თავის მსახურებზე, რომლებსაც ახლობლებმა ზურგი აქციეს?

4 იეჰოვას კარგად ესმის, რომ მისი მსახურებისთვის ბევრი რამის დათმობა გვიწევს. მაგალითად, ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმა შეიძლება ზურგი გვაქციონ. შესაძლოა სწორედ ამაზე წუხდა პეტრე მოციქულიც, როცა იესოს ჰკითხა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. რას მივიღებთ ამისთვის?“ (მათ. 19:27). იესომ თბილად აუხსნა თავის მოწაფეებს, რომ ისინი დიდ სულიერ ოჯახს შეიძენდნენ (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30). იეჰოვა კი, ამ დიდი სულიერი ოჯახისთავი, გვპირდება, რომ მისი მსახურების მსურველთ მხარში ამოგვიდგება (ფსალმ. 9:10). მოდი ვიმსჯელოთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ იეჰოვა მარტოობის გრძნობის დაძლევაში დაგვეხმაროს.

როცა თავს მარტო გრძნობთ

5. რატომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გვიდგას იეჰოვა მხარში?

5 შეეცადეთ, დაინახოთ, როგორ გიდგათ იეჰოვა მხარში (ფსალმ. 55:22). თუ ასე მოიქცევით, მიხვდებით, რომ მარტო არ ხართ. დაუქორწინებელი და კეროლი *, რომლის ოჯახის წევრებიც მის რწმენას არ იზიარებენ, ამბობს: „როცა ვფიქრობ, განსაცდელების დროს როგორ დამიდგა იეჰოვა მხარში, ვხვდები, რომ ის მარტო არასდროს მტოვებს. ეს კი მარწმუნებს, რომ იეჰოვა არც მომავალში მიმატოვებს“.

6. როგორ ამხნევებს 1 პეტრეს 5:9, 10-ში ჩაწერილი სიტყვები მათ, ვინც თავს მარტო გრძნობს?

6 დაფიქრდით, როგორ ეხმარება იეჰოვა თავის მსახურებს პრობლემების დროს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:9, 10). ერთი ძმა, ჰიროში, რომელიც წლებია ერთადერთი იეჰოვას მოწმეა თავის ოჯახში, ამბობს: „ფაქტია, კრებაში არავის აქვს დალხენილი ცხოვრება. იმის ცოდნა, რომ და-ძმები სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად მაქსიმალურად იხარჯებიან იეჰოვასთვის, ჩემნაირებისთვის, ვისაც ოჯახის წევრები არ ჰყავს იეჰოვას მოწმეები, ძალიან გამამხნევებელია“.

7. თქვენ როგორ გეხმარებათ ლოცვა?

7 შეინარჩუნეთ კარგი სულიერი განრიგი. ამაში ისიც შედის, რომ თქვენი გრძნობების შესახებ გულახდილად ესაუბროთ იეჰოვას (1 პეტ. 5:7). „ყველაზე მეტად მხურვალე ლოცვა დამეხმარა მარტოობისგან თავის დაღწევაში“, — ამბობს მასიელი, ახალგაზრდა და, რომელიც თავისი მრწამსის გამო ოჯახისგან თავს გარიყულად გრძნობდა. ის დასძენს: „იმ პერიოდში იეჰოვა მშობელი მამასავით იყო ჩემთვის, რომელსაც ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე, ვესაუბრებოდი და ვეუბნებოდი, როგორ ვგრძნობდი თავს“.

ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების აუდიოჩანაწერების მოსმენამ შეიძლება მარტოობის გრძნობა შეგიმსუბუქოთ (იხილეთ აბზაცი 8). *

8. როგორ გეხმარებათ ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი?

8 რეგულარულად იკითხეთ ღვთის სიტყვა და დაფიქრდით იმ მონაკვეთებზე, საიდანაც თქვენდამი იეჰოვას სიყვარული ჩანს. ბიანკა, რომელსაც ოჯახის წევრები თავიანთი სიტყვებით გულს სტკენენ, ამბობს: „ბიბლიური მონაკვეთების კითხვა და მათზე ფიქრი, აგრეთვე იმ ღვთის მსახურების ისტორიების კითხვა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ, დიდ დახმარებას მიწევს“. ზოგი ქრისტიანი ცდილობს, დაიმახსოვროს ისეთი მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები, როგორებიცაა ფსალმუნის 27:10 და ესაიას 41:10. ზოგ ქრისტიანს მარტოობის გრძნობის დაძლევაში კრებაზე განსახილველი პუბლიკაციებისა და ბიბლიის აუდიოჩანაწერების მოსმენა ეხმარება.

9. თქვენ როგორ გეხმარებათ კრების შეხვედრები?

9 ეცადეთ, არ გაგიცდეთ კრების შეხვედრები. კრებაზე მოსმენილი გაგამხნევებთ; გარდა ამისა, და-ძმებსაც უკეთ გაიცნობთ (ებრ. 10:24, 25). ზემოხსენებული მასიელი ამბობს: „მართალია, ძალიან მორცხვი ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, არცერთი კრების შეხვედრა არ გამეცდინა და კომენტარიც გამეკეთებინა. ეს დამეხმარა, კრებაში თავი შინაურულად მეგრძნო“.

10. რატომ არის მნიშვნელოვანი თანაქრისტიანებთან დამეგობრება?

10 დაუმეგობრდით თანაქრისტიანებს. დაუმეგობრდით კრებაში მათ, ვისგანაც ბევრს ისწავლით, თუნდაც თქვენზე უფროს ან განსხვავებული წარმომავლობის და-ძმებს. ბიბლიაში წერია, რომ „სიბრძნე მოხუცებს აქვთ“ (იობ. 12:12). თუმცა უფროსი ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ ისწავლონ ახალგაზრდებისგან. მაგალითად, დავითი იონათანზე ბევრად ახალგაზრდა იყო, მაგრამ ასაკობრივი სხვაობა მათ მეგობრობას ხელს არ უშლიდა (1 სამ. 18:1). დავითი და იონათანი ერთმანეთს მხარში ედგნენ იეჰოვას მსახურებაში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სირთულის გადალახვა მოუწიათ (1 სამ. 23:16—18). „და-ძმები შეიძლება ჩვენთვის სულიერი მშობლები და დედმამიშვილები გახდნენ. იეჰოვას შეუძლია მათი მეშვეობით მხარში დაგვიდგეს გასაჭირში“, — ამბობს ირინა, რომლის ოჯახის წევრებიც მის რწმენას არ იზიარებენ.

11. რა უნდა გავაკეთოთ მეგობრობის განსავითარებლად?

11 მეგობრების შეძენა ადვილი არ არის, მით უმეტეს, თუ ბუნებით მორცხვი ხართ. ერთი მორცხვი და, სახელად რეტნა, რომელიც რწმენის გამო წინააღმდეგობას შეხვდა, ამბობს: „მივხვდი, რომ სულიერი ოჯახის მხარდაჭერა მჭირდებოდა“. მართალია, სხვებისთვის გულის გადაშლა ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილი მეგობრობა გულახდილი საუბრების გარეშე წარმოუდგენელია. მეგობრები სიამოვნებით ამოგიდგებიან მხარში და გაგამხნევებენ, მთავარია უთხრათ, რაში დაგეხმარონ.

12. როგორ გვეხმარება მსახურება მეგობრების შეძენაში?

12 თანაქრისტიანთან დამეგობრების ერთ-ერთი კარგი საშუალება მასთან ერთად მსახურებაა. ზემოხსენებული კეროლი ამბობს: „მსახურებაში თუ სხვა თეოკრატიულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს ბევრ დას დავუმეგობრდი. სწორედ მათი მეშვეობით მეხმარებოდა იეჰოვა წლების მანძილზე“. ერთგულ ქრისტიანებთან დამეგობრება ნამდვილად ღირს ძალისხმევად. იეჰოვა სწორედ ასეთი მეგობრების მეშვეობით გვეხმარება, დავძლიოთ უარყოფითი გრძნობები, მათ შორის მარტოობის გრძნობა (იგავ. 17:17).

დაეხმარეთ სხვებს, თავი სულიერი ოჯახის წევრებად იგრძნონ

13. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულს კრებაში?

13 კრებაში ყველას ვალია, ხელი შეუწყოს თბილ და მშვიდობიან გარემოს, რათა არავინ იგრძნოს თავი მარტოსულად (იოან. 13:35). ჩვენს სიტყვებსა თუ საქმეებს დიდი ძალა აქვს. ნახეთ, რას ამბობს ერთი და: „როცა ჭეშმარიტება გავიგე, კრება ჩემთვის ოჯახივით გახდა. მათი მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე იეჰოვას მოწმე ვერ გავხდებოდი“. როგორ შეგიძლიათ სიყვარული აგრძნობინოთ მათ, ვისი ოჯახის წევრებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან?

14. როგორ დავუმეგობრდეთ ახლებს კრებაში?

14 მეგობრობისკენ თქვენ გადადგით პირველი ნაბიჯი. გულთბილად შეხვდით მათ, ვინც კრებაში ახალია (რომ. 15:7). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლოთ. გვინდა, რომ დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდეთ კიდეც. ასე რომ, იყავით თავაზიანები და გულწრფელად დაინტერესდით მათით, ვინც კრებაში ახალია. მოერიდეთ უხერხული კითხვების დასმას, თუმცა შეეცადეთ, გაიგოთ, რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება. ზოგს უჭირს სხვებისთვის გულის გადაშლა, ამიტომ ძალას ნუ დაატანთ, რომ თქვენს კითხვებს უპასუხოს. შეეცადეთ, ისეთი კითხვები დაუსვათ, რომლებზედაც პასუხის გაცემა არ გაუჭირდება და შემდეგ გულისყურით მოუსმინეთ. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ, როგორ გაიგო ჭეშმარიტება.

15. როგორ შეუძლიათ მოწიფულ ქრისტიანებს კრებაში სხვების დახმარება?

15 კრება სულიერად იზრდება, როცა ყველა მოწიფული ქრისტიანი, მით უმეტეს უხუცესები, სხვების მიმართ ყურადღებას იჩენენ. მელისა, რომელიც იეჰოვას მოწმე დედამ აღზარდა, ამბობს: „სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ იმ ძმების, რომლებმაც წლების მანძილზე სულიერი მამობა გამიწიეს. როცა საუბარი მინდოდა, ისინი ყოველთვის იცლიდნენ ჩემთვის“. ერთმა ახალგაზრდა ძმამ, მაურისიომ, თავი მარტო იგრძნო, როცა მისი ბიბლიის მასწავლებელი კრებას ჩამოშორდა. ის ამბობს: „უხუცესებმა დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩემ მიმართ და მხარში დამიდგნენ. ისინი ხშირად მესაუბრებოდნენ, მსახურებას მიგეგმავდნენ, ბიბლიაში აღმოჩენილ საინტერესო აზრებს მიზიარებდნენ და გასართობადაც მეპატიჟებოდნენ“. დღეს მელისაც და მაურისიოც სრული დროით მსახურებაში არიან ჩაბმული.

გყავთ კრებაში ისეთი და ან ძმა, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდება თქვენი სიკეთე და ყურადღება? (იხილეთ აბზაცები 16—19). *

16, 17. რა სახის დახმარება შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებს?

16 დახმარების ხელი გაუწოდეთ (გალ. 6:10). „ხშირ შემთხვევაში საჭირო დროს გაკეთებული პატარა სიკეთეც კი ბევრ რამეს ნიშნავს“, — ამბობს ლიო, რომელიც თავისი ოჯახისგან შორს მისიონერად მსახურობს. „ერთხელ ავარიაში მოვყევი. იმ დღეს სახლში ძალიან დასტრესილი დავბრუნდი. იმ დღეებში ერთმა ცოლ-ქმარმა სადილზე დამპატიჟა. არც კი მახსოვს, რა მივირთვით, მაგრამ ის კი მახსოვს, როგორი ყურადღებით მისმენდნენ. იქიდან რომ წამოვედი, თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობდი“.

17 ყველას დიდ სიხარულს გვანიჭებს თეოკრატიული ღონისძიებები, მაგალითად კონგრესები. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გვსიამოვნებს და-ძმებთან ურთიერთობა და მათთან მოსმენილზე მსჯელობა. თუმცა ზემოხსენებული კეროლი ასეთ რამეს ამბობს: „ყველაზე მეტად დიდ შეკრებებზე დასწრება მიჭირს. მართალია, ასობით და ზოგჯერ ათასობით და-ძმის გარემოცვაში ვარ, მაგრამ მათი უმეტესობა ოჯახთან ერთად მოდის. მათი შემხედვარე კიდევ უფრო მიმძაფრდება მარტოობის განცდა“. ზოგს განსაკუთრებით უჭირს, როცა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პირველად ესწრება კონგრესს. გახსენდებათ ვინმე, ვინც მსგავს სიტუაციაშია? თუ ასეა, კარგი იქნება, შესთავაზოთ, რომელიმე თეოკრატიულ ღონისძიებას თქვენს ოჯახთან ერთად დაესწროს.

18. როგორ ვიხელმძღვანელოთ 2 კორინთელების 6:11—13-ში ჩაწერილი პრინციპით, როცა სტუმართმოყვარეობას ვავლენთ?

18 დრო გამოყავით სხვებთან ურთიერთობისთვის. შეეცადეთ, სხვადასხვა და-ძმასთან გაატაროთ დრო, განსაკუთრებით მათთან, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს. გვინდა, რომ ასეთებს გულისკარი ფართოდ გავუხსნათ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:11—13). „ძალიან გვსიამოვნებდა, როცა მეგობრები სახლში გვეპატიჟებოდნენ ან შვებულების ერთად გატარებას გვთავაზობდნენ“, — იხსენებს ზემოხსენებული მელისა. თქვენს კრებაშიც ხომ არ გეგულებათ ისეთი და ან ძმა, რომელსაც განსაკუთრებით ესიამოვნება თქვენი სტუმართმოყვარეობა?

19. განსაკუთრებით როდის შეიძლება დასჭირდეთ ჩვენს და-ძმებს ყურადღება?

19 არის მომენტები, როცა თანაქრისტიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. მაგალითად, მაშინ, როცა მათი ოჯახის წევრები ამა თუ იმ რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ ან როცა მათი ახლობლის გარდაცვალების წლისთავი ახლოვდება. როცა დროს ვუთმობთ ასეთ და-ძმებს, ვაჩვენებთ, რომ გულწრფელად ვზრუნავთ მათზე (ფილ. 2:20).

20. როგორ დაგვეხმარება მათეს 12:48—50-ში ჩაწერილი სიტყვები, როცა თავს მარტოსულად ვგრძნობთ?

20 ქრისტიანმა ბევრი რამის გამო შეიძლება იგრძნოს თავი მარტოსულად. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის, რასაც გრძნობთ. ის, ძირითადად, თანაქრისტიანების მეშვეობით ზრუნავს ჩვენზე (წაიკითხეთ მათეს 12:48—50). ჩვენი მხრიდან მადლიერებას გამოვხატავთ, თუ ყველაფერს გავაკეთებთ და-ძმების მხარდასაჭერად. შეიძლება ზოგჯერ მარტოობის გრძნობა დაგვეუფლოს, მაგრამ ნურასოდეს დაგვავიწყდება, რომ მარტო არა ვართ, რადგან იეჰოვაა ჩვენ გვერდით!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 46 გმადლობთ, იეჰოვა!

^ აბზ. 5 ზოგჯერ მარტოობის გრძნობა ხომ არ გეუფლებათ? თუ ასეა, გჯეროდეთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის, რას განიცდით და მზადაა, დაგეხმაროთ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ გავუმკლავდეთ მარტოობის გრძნობას. აგრეთვე გავიგებთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ თანაქრისტიანებისთვის, რომ თავი მარტო არ იგრძნონ.

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 60 სურათის აღწერა: ძმა, რომელსაც მეუღლე დაეღუპა, ბიბლიისა და შესასწავლი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერებს უსმენს.

^ აბზ. 62 სურათის აღწერა: ერთი ძმა თავის ქალიშვილთან ერთად ინახულებს თავისი კრების ასაკოვან ძმას.