ავტობიოგრაფია
ნაბიჯები, რომლებიც იეჰოვას სიყვარულმა გადამადგმევინა
1984 წლის ერთ მზიან დილით ჩემი კეთილმოწყობილი სახლიდან გამოვედი და სამსახურისკენ გავეშურე. იმ დროს კარაკასში (ვენესუელა) ვცხოვრობდი. გზაში ვფიქრობდი „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომერში წაკითხულზე, კერძოდ, რას უნდა ხედავდნენ ჩვენში გარშემომყოფები. ირგვლივ სამეზობლოში სახლებს ვაკვირდებოდი და ჩემთვის ვფიქრობდი: ნეტა, ვინ ვარ ამ ხალხისთვის — ერთი წარმატებული ბანკის თანამშრომელი თუ ღვთის მსახური, რომელიც უბრალოდ ბანკში მუშაობით არჩენს ოჯახს? პასუხი იმდენად აშკარა იყო, რომ მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა.
დავიბადე 1940 წლის 19 მაისს ლიბანის ქალაქ ამიუნში. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად ტრიპოლიში გადავიდა. გავიზარდე თბილ და მოსიყვარულე ოჯახში. ჩვენი ოჯახი იეჰოვა ღმერთს სცემდა თაყვანს. სამ დასა და ორ ძმას შორის უმცროსი მე ვიყავი. ჩემი მშობლებისთვის ფული არასდროს ყოფილა მთავარი. მათთვის ყველაზე პრიორიტეტული ბიბლიის კვლევა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და სხვებისთვის ღვთის გაცნობა იყო.
კრებაში რამდენიმე ცხებული ქრისტიანი გვყავდა. მათგან ერთ-ერთი, მიშელ აბუდი, წიგნის შესწავლის ზედამხედველი იყო. მან ჭეშმარიტება ნიუ-იორკში გაიგო; ის იყო პირველი, ვინც ლიბანში 1920-იანი წლების დასაწყისში ჭეშმარიტება იქადაგა. დღემდე მახსოვს, როგორი სითბოთი და მზრუნველობით ეპყრობოდა „გალაადის“ კურსდამთავრებულ ორ ახალგაზრდა დას — ენ და გვენ ბივერებს. ისინი ჩვენს ოჯახს ძალიან დაუახლოვდნენ. გამიხარდა, როცა ენს მრავალი წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში შევხვდი. რაღაც პერიოდის შემდეგ გვენიც ვნახე. ის იმ დროს უკვე გათხოვილი იყო და მეუღლესთან, უილფრედ გუჩთან, ერთად ლონდონის ბეთელში მსახურობდა.
ლიბანში ქადაგება
ჩემს ბავშვობაში ლიბანში თითო-ოროლა იეჰოვას მოწმე იყო. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით
ვუზიარებდით სხვებს ბიბლიურ ცნობას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი სასულიერო პირი წინააღმდეგობას გვიწევდა. მინდა, გავიხსენო რამდენიმე შემთხვევა.ერთხელ მე და ჩემი და სანა მრავალსართულიან შენობაში ვქადაგებდით. როცა ერთ-ერთ მობინადრესთან ვსაუბრობდით, თავზე მღვდელი წამოგვადგა. როგორც ჩანს, მას ვიღაცამ დაუძახა. მღვდელმა ჩემს დას შეურაცხყოფა მიაყენა. ბოლოს ისე გაცეცხლდა, რომ ხელი ჰკრა, კიბეზე დააგორა და დააზიანა. ამასობაში ვიღაცამ პოლიციაში დარეკა. პოლიციელებმა ჩემი დის მიმართ ყურადღება გამოიჩინეს, მღვდელი კი განყოფილებაში წაიყვანეს, რომელსაც ჩხრეკის დროს იარაღი უპოვეს. ამის დანახვაზე პოლიციის უფროსმა ჰკითხა: „კი მაგრამ ვინა ხარ, სასულიერო პირი თუ ბანდის მეთაური?!“
კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც დღემდე გონებიდან არ ამომდის. ერთხელ ჩვენმა კრებამ ავტობუსი დაიქირავა, რომ დაშორებულ ტერიტორიაზე გვექადაგა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ერთმა ადგილობრივმა მღვდელმა არ გაიგო ჩვენი იქ ყოფნის ამბავი და ბრბო არ შეყარა. მათ შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ქვების სროლაც კი დაგვიწყეს. მამაჩემს ქვა თავში მოხვდა და მთელი სახე დაუსისხლიანდა. ის დედაჩემთან ერთად ავტობუსში დაბრუნდა; ჩვენც ყველანი აღელვებული უკან გავყევით. არასდროს დამავიწყდება ის სიტყვები, რომლებიც დედამ მაშინ თქვა, როცა მამას გასისხლიანებულ სახეს უწმენდდა: „იეჰოვა, აპატიე მათ. ვერ ხვდებიან, რას სჩადიან“.
მახსოვს, ერთხელ ნათესავებს ვეწვიეთ ჩვენს მშობლიურ ქალაქში. ბაბუაჩემთან სტუმრად იყო ერთი გავლენიანი ეპისკოპოსი, რომელმაც იცოდა, რომ ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მაშინ, სულ რაღაც, 6 წლის ვიყავი, მაგრამ მღვდელმა მაინცდამაინც მე დამიწყო გამოკითხვა. „რატომ არა ხარ მონათლული?“ — მკითხა მან. ვუთხარი, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ვიდრე მოვინათლებოდი, ბიბლია უნდა შემესწავლა და რწმენა გამეძლიერებინა. ჩემი პასუხით გაღიზიანებულმა, ბაბუაჩემთან უზრდელობაში დამდო ბრალი.
თუმცა მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხშირი არ ყოფილა. ლიბანელები სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხია. ამიტომ ხშირად ვახერხებდით მათთან ბიბლიურ თემებზე საუბარს და ბევრთან ბიბლიის შესწავლასაც ვატარებდით.
საცხოვრებლის შეცვლა
ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა ვენესუელიდან ერთი ახალგაზრდა ძმა ჩამოვიდა ჩვენთან ლიბანში. მან ჩვენს კრებაში დაიწყო სიარული, სადაც ჩემი და ვაფა გაიცნო. ისინი დაქორწინდნენ და საცხოვრებლად ვენესუელაში გადავიდნენ. წერილებში ვაფა მამაჩემს არწმუნებდა, რომ მთელი ოჯახით ვენესუელაში გადავსულიყავით საცხოვრებლად. მას ძალიან ვენატრებოდით და ამიტომაც ცდილობდა მამაჩემის დაყოლიებას. იმდენი ქნა, რომ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა.
კარაკასში 1953 წელს ჩავედით და პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს დავსახლდით. ჩემზე, როგორც მოზარდზე, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა პრეზიდენტის დანახვა, რომელსაც თავისი მანქანით ჩაატარებდნენ ხოლმე. ჩემგან განსხვავებით, ჩემი
მშობლებისთვის ადვილი არ იყო ახალ ქვეყანასთან, ენასთან, კულტურასთან, საკვებთან და კლიმატთან შეგუება. ის-ის იყო, ფეხს ვიკიდებდით ახალ ქვეყანაში, როცა ჩვენს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.ტრაგედია
მამაჩემი შიგადაშიგ თავს ცუდად გრძნობდა. ეს ცოტა გვეუცნაურებოდა, რადგან ის ყოველთვის ძლიერი და ჯანმრთელი იყო. ოჯახში მისი ავადმყოფობა არავის ახსოვდა. მას პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სამწუხაროდ, მამაჩემი ოპერაციიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამხელა დარტყმა იყო ეს ჩვენი ოჯახისთვის. იმ დროს 13 წლის ვიყავი. ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავს განადგურებულად ვგრძნობდით. დედაჩემი კარგა ხანს ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მამაჩემი ცოცხალი აღარ იყო. მაგრამ იეჰოვას დახმარებით მოვერიეთ ჩვენს მწუხარებას, რადგან მივხვდით, რომ ცხოვრება უნდა გაგვეგრძელებინა. 16 წლისამ სკოლა დავამთავრე. ახლა უკვე შემეძლო ოჯახს მხარში ამოვდგომოდი, რაც ჩემი დიდი სურვილიც იყო.
ჩემი და სანა დაქორწინდა რუბენ არაუხოზე, რომელიც „გალაადის“ სკოლის დამთავრების შემდეგ კვლავ ვენესუელაში აგრძელებდა მსახურებას. დაქორწინების შემდეგ ისინი ნიუ-იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად. ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მესწავლა და ჩემს დასთან და სიძესთან ერთად მეცხოვრა. მათთან ცხოვრებამ და იმ სულიერად მოწიფულმა ძმებმა, რომლებიც ბრუკლინის ესპანურენოვან კრებაში გავიცანი, დიდი როლი ითამაშეს ჩემს სულიერ წინსვლაში. მიხარია, რომ საშუალება მომეცა, ისეთი ძმები გამეცნო, როგორებიც იყვნენ მილტონ ჰენშელი და ფრედერიკ ფრენცი. ისინი ბრუკლინის ბეთელში მსახურობდნენ.
პირველ კურსს ვამთავრებდი, როცა იმაზე დავიწყე ფიქრი, რა გზა უნდა ამერჩია ცხოვრებაში. ბევრს ვკითხულობდი და ვფიქრობდი „საგუშაგო კოშკის“ იმ სტატიებზე, რომლებიც ღირებული მიზნების დასახვას ეხებოდა. ვხედავდი, რომ ჩვენი კრების პიონერები და ბეთელელები ბედნიერები იყვნენ; მინდოდა, მეც მათსავით ვყოფილიყავი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მონათლული. მალევე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება იეჰოვასთვის უნდა მიმეძღვნა. ასე რომ, 1957 წლის 30 მარტს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი და მოვინათლე.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ნათლობასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაზე ვფიქრობდი, კერძოდ, სრული დროით მსახურების დაწყებაზე. მართალია, პიონერობა ძალიან მინდოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა ჩემთვის. როგორ უნდა შემეთავსებინა სრული დროით მსახურება და უნივერსიტეტში სწავლა? ამიტომ მიწერ-მოწერა გავაჩაღე ჩემს ოჯახთან ვენესუელაში; მათ ვწერდი, რომ სწავლისთვის თავის დანებება, ვენესუელაში დაბრუნება და პიონერად მსახურების დაწყება მსურდა.
კარაკასში 1957 წლის ივნისში დავბრუნდი. ჩვენს ოჯახს ფინანსურად უჭირდა და მარჩენალი სჭირდებოდა. სხვა გზა არ მქონდა, ბანკიდან მიღებულ შემოთავაზებას უნდა დავთანხმებოდი
და მუშაობა დამეწყო. არადა პიონერობაც ძალიან მინდოდა. ვენესუელაში ხომ სწორედ ამისთვის დავბრუნდი. გადავწყვიტე, პიონერადაც მემსახურა და სამუშაოზეც არ მეთქვა უარი. რამდენიმე წელი ბანკში სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი და პიონერობასაც ვახერხებდი. მართალია, ძალიან დაკავებული ვიყავი, მაგრამ თავს უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდი.ჩემს ბედნიერებას ისიც დაემატა, რომ გავიცანი და დავქორწინდი მშვენიერ გერმანელ გოგონაზე, სილვიაზე, რომელსაც ძალიან უყვარდა იეჰოვა. ის ოჯახთან ერთად იყო ვენესუელაში ემიგრირებული. მე და სილვიას შეგვეძინა ქალ-ვაჟი — მიშელი (მაიკი) და სამირა. დედაზე ზრუნვაც ჩემ თავზე ავიღე, რომელიც ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. მართალია, ოჯახური პასუხისმგებლობების გამო პიონერობის შეწყვეტა მომიწია, მაგრამ პიონერულ სულს არ ვკარგავდი. მე და სილვია ვცდილობდით, შვებულების დრო დამხმარე პიონერობისთვის გამოგვეყენებინა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი
ჩვენი შვილები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ, როცა საკუთარ თავს ის კითხვა დავუსვი, რომლის შესახებაც დასაწყისში მოგითხრეთ. უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ კომფორტულად ვცხოვრობდი და საბანკო წრეშიც დიდი პატივისცემით ვსარგებლობდი. თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც ის იყო, რომ სხვების თვალში ღვთის მსახურის რეპუტაცია მქონოდა. ეს აზრი ვერა და ვერ ამოვიგდე გონებიდან. ამიტომ მე და ჩემი მეუღლე დავსხედით და ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ავწონ-დავწონეთ. თუ ბანკიდან წამოვიდოდი, საკმაოდ დიდ თანხას მივიღებდი კომპენსაციის სახით. რადგან ფინანსური ვალდებულებები არ გვქონდა, თუ ცხოვრებას გავიმარტივებდით, ამ თანხით კარგა ხანს გავიტანდით თავს.
ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა, თუმცა მეუღლემ და დედამ მხარი დამიჭირეს. ასე რომ, მზად ვიყავი, პიონერთა რიგებს კვლავაც შევერთებოდი. ამან ძალიან გამახარა. უკვე პიონერობის დასაწყებად ვემზადებოდი, როცა ცხოვრებამ მოულოდნელი სიურპრიზი მოგვიწყო.
სასიამოვნო სიურპრიზი
ერთ დღესაც ექიმმა გვახარა, რომ მალე ბავშვი შეგვეძინებოდა. ეს ამბავი ორივესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მართალია, ძალიან გამიხარდა, მაგრამ იმაზეც ვფიქრობდი, როგორ იმოქმედებდა ეს ჩემს გადაწყვეტილებაზე, პიონერად მემსახურა. ამ სიახლეს მალევე შევაგუეთ თავი და მოუთმენლად ველოდით ოჯახში მატებას. მაგრამ რა ეშველებოდა ჩემს სამომავლო გეგმებს?
მას შემდეგ, რაც ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონეთ, გადავწყვიტეთ, გეგმა არ შეგვეცვალა. ჩვენი ვაჟი გაბრიელი 1985 წლის აპრილში დაიბადა. ბანკში მუშაობას თავი დავანებე და იმავე წლის ივნისში პიონერობა დავიწყე. მოგვიანებით წილად მხვდა პატივი ფილიალის კომიტეტში მემსახურა. ვინაიდან ფილიალი კარაკასში არ მდებარეობდა, კვირაში ორი-სამი დღე დაახლოებით 80 კმ-ის გავლა მიწევდა ბეთელში მისასვლელად.
კიდევ ერთხელ ვიცვლით საცხოვრებელს
ფილიალი ლა-ვიქტორიაში მდებარეობდა. ბეთელთან ახლოს რომ ვყოფილიყავით, გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად ლა-ვიქტორიაში გადავსულიყავით. ეს სერიოზული ცვლილება იყო ჩვენთვის. უზომოდ ვემადლიერები ჩემს ოჯახს. მათი სწორი განწყობა დიდად დამეხმარა. დედაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩემმა დამ ბაჰამ იკისრა. მაიკი დაქორწინებული იყო, სამირა და გაბრიელი კი ჯერ კიდევ ჩვენთან ცხოვრობდნენ. ლა-ვიქტორიაში გადასვლა მათთვის იმას ნიშნავდა, რომ თავიანთ კარაკასელ მეგობრებს უნდა გამომშვიდობებოდნენ. ჩემი მეუღლე სილვია კი დედაქალაქში ცხოვრების შემდეგ დაბაში ცხოვრებას უნდა შეგუებოდა. თანაც ახლა უკვე შედარებით პატარა სახლში მოგვიწევდა ცხოვრება. ფაქტია, ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრ სიახლესთან იყო დაკავშირებული.
ჩვენს ცხოვრებაში სხვა ცვლილებებიც მოხდა. გაბრიელი დაოჯახდა, სამირა კი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. მე და სილვია 2007 წელს ბეთელში მიგვიწვიეს, სადაც დღემდე ვმსახურობთ. მაიკი, ჩვენი უფროსი ვაჟი, უხუცესია და მეუღლესთან, მონიკასთან ერთად პიონერად მსახურობს. გაბრიელიც უხუცესია და მეუღლესთან, ამბრასთან ერთად იტალიაში მსახურობს, სამირა კი პიონერი და ბეთელის დისტანციური მოხალისეა.
მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ვნანობ
ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მომიწია, მაგრამ სანანებელი არაფერი მაქვს. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ისევ ამ გზას გავივლიდი. ძალიან ვაფასებ იმ თეოკრატიულ დავალებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც იეჰოვას მსახურებაში მივიღე. წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რამდენად აუცილებელია იეჰოვასთან ახლო მეგობრობის შენარჩუნება. რა ნაბიჯებიც არ უნდა გადავდგათ ცხოვრებაში, დიდი თუ პატარა, იეჰოვას შეუძლია მოგვცეს „მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილ. 4:6, 7). მე და სილვიას ძალიან გვიყვარს ბეთელში მსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვამ აკურთხა ის ნაბიჯები, რომლებიც მისმა სიყვარულმა გადამადგმევინა.