არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 27

განივითარეთ ღვთის შიში

განივითარეთ ღვთის შიში

„იეჰოვას მეგობრები მისი მოშიშები არიან, მათ უმხელს ის თავის შეთანხმებას“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 25:14).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 8 იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1, 2. ფსალმუნის 25:14-ის თანახმად, ვის ირჩევს იეჰოვა მეგობრად?

 ᲗᲥᲕᲔᲜᲘ აზრით, რა არის საჭირო, რომ კარგი მეგობარი იყოთ? ალბათ სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოყოფდით. დიდი ალბათობით, შიში ნამდვილად არ გაგახსენდებოდათ. თუმცა როგორც სტატიის წამყვანი მუხლიდან ვიგებთ, ვისაც იეჰოვასთან მეგობრობა სურს, მისი მოშიში უნდა იყოს (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:14).

2 მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წელია იეჰოვას ვემსახურებით, თითოეული უნდა ვეცადოთ, რომ ყოველთვის გვქონდეს მისადმი შიში. ამიტომ მოდი ვიმსჯელოთ, რას ნიშნავს ღვთისმოშიშება, როგორ გავხდეთ ღვთისმოშიშები და რას ვსწავლობთ მეფის სასახლის გამგებელ ობადიას, მღვდელმთავარ იეჰოიადას და მეფე იეჰოაშის მაგალითზე.

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲦᲕᲗᲘᲡᲛᲝᲨᲘᲨᲔᲑᲐ?

3. რა იწვევს ჩვენში შიშს და როგორ გვიცავს?

3 შიშს შეიძლება ჩვენში საფრთხის განცდა იწვევდეს, რაც კარგიცაა, რადგან შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ის. მაგალითად იმის შიშით, რომ არ გადავვარდეთ, კლდის კიდეს არ მივუახლოვდებით ან გავერიდებით სახიფათო სიტუაციას, რომ ზიანი არ მოგვადგეს. ხოლო მეგობრის დაკარგვის შიში გვიბიძგებს, არ ვთქვათ და არ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც მას გულს ატკენდა.

4. რას ცდილობს სატანა?

4 სატანა ცდილობს, ხალხს ღვთისადმი ავადმყოფური შიში ჩაუნერგოს. ამიტომ ავრცელებს აზრს, რომ ღმერთი შურისმგებელი და მრისხანეა და მას ვერაფრით აამებ (იობ. 4:18, 19). სატანის მიზანია, შიშმა ხელი აგვაღებინოს ღვთის მსახურებაზე. ეს რომ არ დაგვემართოს, აუცილებელია, ღვთისადმი ჯანსაღი შიში განვივითაროთ.

5. რას ნიშნავს ღვთისმოშიშება?

5 ღვთისმოშიშ ადამიანს უყვარს ღმერთი და ყველანაირად ცდილობს, რომ მასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. სწორედ ასეთი ადამიანი იყო იესო (ებრ. 5:7). მას ავადმყოფური შიში კი არ ჰქონდა, არამედ ძალიან უყვარდა იეჰოვა და სურდა ყველაფერში დამორჩილებოდა (ეს. 11:2, 3; იოან. 14:21, 31). ჩვენც ღრმა პატივისცემასა და მოწიწებას ვგრძნობთ იეჰოვას მიმართ, რადგან ის მოსიყვარულე, ბრძენი, სამართლიანი და ძლევამოსილი ღმერთია. რაკი იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ, მისთვის სულერთი არაა, როგორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. შესაბამისად, ჩვენი არჩევანით მას ან გულს ვტკენთ, ან ვუხარებთ (ფსალმ. 78:41; იგავ. 27:11).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲮᲓᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡᲛᲝᲨᲘᲨᲔᲑᲘ?

6. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ ღვთისმოშიშება? (ფსალმუნი 34:11).

6 იეჰოვას შიში დაბადებიდან არავის დაგვყოლია, მას განვითარება სჭირდება (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:11). ამაში ღვთის ქმნილებებზე დაკვირვება დაგვეხმარება. როცა ვხედავთ, როგორ მოწმობს ქმნილებები შემოქმედის სიბრძნეზე, ძალასა და უსაზღვრო სიყვარულზე, მისადმი სიყვარული და პატივისცემა უფრო გვიღრმავდება (რომ. 1:20). ერთი და ედრიენი აღნიშნავს: „როცა იეჰოვას ქმნილებებში მის სიბრძნეს ვხედავ, გაოცებას ვერ ვმალავ და ვრწმუნდები, რომ მან უკეთ იცის, როგორ უნდა წარვმართო ცხოვრება“. ის დასძენს: „ნამდვილად არ მინდა, ისეთი რამ გავაკეთო, რომ ჩემსა და იეჰოვას შორის კედელი აღიმართოს. სიცოცხლეს ხომ სწორედ მას უნდა ვუმადლოდე“. კარგი იქნება, თუ ამ კვირაში ღვთის შემოქმედებაზე, მაგალითად, ერთ რომელიმე ქმნილებაზე დაფიქრდებით. ეს იეჰოვასადმი პატივისცემასა და სიყვარულს გაგიღრმავებთ (ფსალმ. 111:2, 3).

7. რისი შესაძლებლობა გვეძლევა ლოცვის დროს და რა მოჰყვება ამას შედეგად?

7 ღვთის შიშის განვითარებაში რეგულარული ლოცვაც დაგვეხმარება. რაც უფრო ხშირად გვაქვს იეჰოვასთან ლოცვით ურთიერთობა, მით უფრო რეალური პიროვნება ხდება ის ჩვენთვის. ლოცვის დროს მის თვისებებზე დაფიქრების შესაძლებლობა გვეძლევა, მაგალითად, მის ძლევამოსილებაზე, როდესაც განსაცდელის ასატანად ძალას ვთხოვთ, მის სიყვარულზე, როცა იესოს მსხვერპლისთვის მადლობას ვუხდით, და მის სიბრძნეზე, როდესაც პრობლემის დროს ხელმძღვანელობას ვთხოვთ. ეს კი იეჰოვასადმი მეტი პატივისცემით განგვაწყობს და გვიძლიერებს იმის სურვილს, რომ გავუფრთხილდეთ მასთან მეგობრობას.

8. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავკარგოთ ღვთის შიში?

8 ბიბლიაში ჩაწერილი როგორც კარგი, ისე ცუდი მაგალითების გამოკვლევა დაგვეხმარება, არ დავკარგოთ ღვთის შიში. ქვემოთ განვიხილავთ იეჰოვას ორი ერთგული მსახურის, მეფე ახაბის სასახლის გამგებელ ობადიას და მღვდელმთავარ იეჰოიადას, მაგალითებს. შემდეგ კი ვიმსჯელებთ, რისი სწავლა შეგვიძლია იუდას მეფე იეჰოაშისგან, რომელმაც კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა.

ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡᲛᲝᲨᲘᲨᲘ ᲝᲑᲐᲓᲘᲐᲡᲐᲕᲘᲗ ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲘ

9. რა თვისებები შეიძინა ობადიამ ღვთისმოშიშების წყალობით? (1 მეფეები 18:3, 12).

9 ბიბლია ობადიას იეჰოვას მოშიშ ადამიანად გვიხასიათებს (წაიკითხეთ 1 მეფეების 18:3, 12). სწორედ ღვთისმოშიშების წყალობით მას სანდო და პატიოსან ადამიანად იცნობდნენ. ეს არც მეფე ახაბს გამორჩა მხედველობიდან და ობადია სასახლის გამგებლად დააყენა (შეადარეთ ნეემიას 7:2). ღვთისმოშიშება მას გაბედულებასაც სძენდა. გაბედულება კი ნამდვილად დასჭირდებოდა, რადგან ისეთი მეფის კარზე მსახურობდა, რომელზეც ნათქვამია, ყველა თავის წინამორბედზე უარესად იქცეოდაო იეჰოვას თვალში (1 მეფ. 16:30). ამას ისიც ემატებოდა, რომ ახაბის ცოლი იზებელი, რომელიც ბაალის თაყვანისმცემელი იყო, ცდილობდა, ჩრდილოეთი სამეფოდან იეჰოვას თაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი გაექრო. მან ბევრი ღვთის წინასწარმეტყველიც დახოცა (1 მეფ. 18:4). ეჭვგარეშეა, ობადიასთვის ადვილი არ იქნებოდა, ერთგულად განეგრძო იეჰოვას მსახურება.

10. განსაკუთრებით როდის დასჭირდა ობადიას გაბედულების გამოვლენა?

10 როცა იზებელმა ღვთის წინასწარმეტყველების გაწყვეტა გადაწყვიტა, ობადიას განსაკუთრებით დასჭირდა გაბედულების გამოვლენა. მან 100 წინასწარმეტყველი გამოქვაბულებში გადამალა და პურითა და წყლით ამარაგებდა (1 მეფ. 18:13, 14). ეს რომ გახმაურებულიყო, ობადიას არ აცოცხლებდნენ. ფაქტია, ობადიაც ჩვენნაირი ადამიანი იყო და შიში დაეუფლებოდა. თუმცა მას იეჰოვა და მისი თაყვანისმცემლები საკუთარ თავზე მეტად უყვარდა.

აკრძალვის მიუხედავად ძმა გაბედულებას ავლენს და თანაქრისტიანებს სულიერ საზრდოს აწვდის (იხილეთ აბზაცი 11). c

11. საიდან ჩანს, რომ დღეს ღვთის მსახურები ობადიასავით გაბედულებას ავლენენ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 დღეს ბევრი ღვთის მსახური ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია. მართალია, ისინი პატივს სცემენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ, ობადიას მსგავსად, განსაკუთრებულ ერთგულებას იეჰოვას უმტკიცებენ (მათ. 22:21). ის ფაქტი, რომ ადამიანებზე წინ ღმერთს აყენებენ, მათ ღვთისმოშიშებაზე მეტყველებს (საქ. 5:29). მაგალითად, ისინი მიჰყვებიან ღვთის მითითებას და აგრძელებენ ქადაგებასა და ერთად შეკრებას (მათ. 10:16, 28). ისინი იმაზეც ზრუნავენ, რომ თანაქრისტიანებს არ მოაკლდეთ სულიერი საზრდო. სწორედ ასე იქცეოდა ერთი აფრიკელი ძმა ანრიც, რომლის ქვეყანაშიც ერთ დროს აკრძალული იყო ჩვენი საქმიანობა. იმ პერიოდში ანრი თანაქრისტიანებს სულიერი საზრდოთი ამარაგებდა. აი რას ამბობს ის: „ვერ ვიტყვი, რომ ბუნებით გაბედული ვარ. იეჰოვას შიში რომ არა, გაბედულად მოქცევას ვერ შევძლებდი“. თუკი ღვთისადმი ჯანსაღ შიშს განივითარებთ, თქვენც შეძლებთ ანრივით გაბედულების მოკრებას.

ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡᲛᲝᲨᲘᲨᲘ ᲘᲔᲰᲝᲘᲐᲓᲐᲡᲐᲕᲘᲗ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲘ

12. როგორ დაუმტკიცეს იეჰოიადამ და იეჰოშაბათმა იეჰოვას ერთგულება?

12 მღვდელმთავარი იეჰოიადა ღვთისმოშიში იყო, რაც აღძრავდა, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩენილიყო და წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დაეჭირა მხარი. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა იზებელის ქალიშვილმა ათალიამ ხელთ იგდო იუდას სამეფო ტახტი და სამეფო შთამომავლობა გაწყვიტა. ამ უმოწყალო და ძალაუფლებას დახარბებულმა ქალმა ხომ საკუთარი შვილიშვილებიც კი არ დაინდო (2 მატ. 22:10, 11). რა გასაკვირია, რომ ის ხალხს შიშის ზარს სცემდა. საბედნიეროდ, იეჰოიადას მეუღლემ იეჰოშაბათმა, გამოარიდა იეჰოაში დასაღუპავად განწირულ უფლისწულებს. დავითის სამეფო ხაზი რომ არ გამწყდარიყო, იეჰოიადა და იეჰოშაბათი წლების განმავლობაში მალავდნენ ბავშვს და ზრუნავდნენ მასზე. ღრმად მოხუცებულ იეჰოიადას არ შეშინებია ათალიასი და უერთგულა იეჰოვას (იგავ. 29:25).

13. კიდევ როდის დაუმტკიცა იეჰოიადამ იეჰოვას ერთგულება?

13 როდესაც იეჰოაში შვიდი წლის გახდა, იეჰოიადამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა იეჰოვას, რომ მისი ერთგული იყო. მან გეგმა შეიმუშავა, როგორ გაემეფებინა იეჰოაში, დავითის კანონიერი მემკვიდრე. თუ ეს გეგმა არ გაამართლებდა, იეჰოიადას, დიდი ალბათობით, სიკვდილი არ ასცდებოდა. თუმცა იეჰოვამ მოუმართა მას ხელი და საგვარეულოს თავკაცებისა და ლევიანების დახმარებით იეჰოაში გაამეფა, ხოლო ათალია სიცოცხლეს გამოასალმა (2 მატ. 23:1—5, 11, 12, 15; 24:1). „ამის შემდეგ იეჰოიადამ მეფესა და ხალხს იეჰოვას წინაშე პირობა დაადებინა, რომ ისინი კვლავაც იეჰოვას ხალხი იქნებოდნენ“ და „იეჰოვას ტაძრის კარიბჭეებთან მცველები დააყენა, რათა ვერცერთი გაუწმინდურებული ვერ შესულიყო იქ“ (2 მეფ. 11:17; 2 მატ. 23:19).

14. როგორ მიაგო იეჰოვამ პატივი იეჰოიადას?

14 ბიბლიაში იეჰოვას შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: „ვინც მე მომაგებს პატივს, მეც იმას მივაგებ პატივს“ (1 სამ. 2:30). ეს სიტყვები იეჰოიადას შემთხვევაშიც გამართლდა. მაგალითად, იეჰოვამ ამ მღვდელმთავრის ისტორია ბიბლიის ფურცლებზე შემოგვინახა ჩვენ სასწავლებლად (რომ. 15:4). ისიც აღსანიშნავია, რომ სიკვდილის შემდეგ იეჰოიადას წილად ხვდა პატივი, „დავითის ქალაქში მეფეების გვერდით . . . [დამარხულიყო], რადგან კარგს აკეთებდა ისრაელში ღვთისა და მისი ტაძრისთვის“ (2 მატ. 24:15, 16).

მღვდელმთავარი იეჰოიადას მსგავსად, ღვთისმოშიშებამ ჩვენც უნდა აღგვძრას, რომ მხარი დავუჭიროთ და-ძმებს (იხილეთ აბზაცი 15). d

15. რას ვსწავლობთ იეჰოიადას შესახებ მონათხრობიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

15 იეჰოიადას შესახებ მონათხრობიდან ყველას შეგვიძლია რაღაცის სწავლა. მაგალითად, ქრისტიან ზედამხედველებს შეუძლიათ მიჰბაძონ იეჰოიადას და ყოველთვის მზად იყვნენ, დაიცვან ღვთის ფარა და იზრუნონ მასზე (საქ. 20:28). ხანდაზმულებს კი იმის სწავლა შეუძლიათ, რომ თუ ღვთისმოშიშებას გამოავლენენ და უერთგულებენ იეჰოვას, მისთვის კვლავაც გამოსადეგნი იქნებიან. ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა იეჰოიადას მიმართ იეჰოვას დამოკიდებულება. მათაც შეუძლიათ სათანადო პატივი მიაგონ ხანდაზმულ და-ძმებს, განსაკუთრებით მათ, ვინც წლებია ერთგულად ემსახურება იეჰოვას (იგავ. 16:31). ხოლო თითოეული ჩვენგანი საგვარეულოს თავკაცებისა და ლევიანებისგან იმას ვსწავლობთ, რომ დავემორჩილოთ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:17).

ᲜᲣ ᲓᲐᲔᲛᲡᲒᲐᲕᲡᲔᲑᲘᲗ ᲛᲔᲤᲔ ᲘᲔᲰᲝᲐᲨᲡ!

16. საიდან გამოჩნდა, რომ მეფე იეჰოაშს არ ჰქონდა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა?

16 მღვდელმთავარი იეჰოიადა კარგ გავლენას ახდენდა მეფე იეჰოაშზე და ისიც სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში (2 მეფ. 12:2). თუმცა იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ იეჰოაში მთავრების ცუდ მაგალითს აჰყვა და საბოლოოდ, სათაყვანო ბოძებისა და კერპების თაყვანისცემას მიჰყო ხელი და ხალხიც გახვია ამაში (2 მატ. 24:4, 17, 18). ამან ძალიან ატკინა გული იეჰოვას. და მაინც, ის უგზავნიდა „მათ წინასწარმეტყველებს, რომ დაბრუნებოდნენ მას . . . მაგრამ ყურს არავინ უგდებდა“. მათ არც იეჰოიადას ვაჟს, წინასწარმეტყველ და მღვდელ ზაქარიას, მოუსმინეს. მეფემ არ დააფასა იეჰოიადას ოჯახის ამაგი და საკუთარი მამიდაშვილი სიცოცხლეს გამოასალმა (2 მატ. 22:11; 24:19—22).

17. რას ვსწავლობთ იეჰოაშის შესახებ მონათხრობიდან?

17 მას შემდეგ, რაც იეჰოაშმა დაკარგა ღვთის შიში, საქმეც ცუდად წაუვიდა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას სიტყვების ჭეშმარიტება: „ვინც არაფრად მაგდებს, მოძულებული იქნება“ (1 სამ. 2:30). მოვლენები ისე განვითარდა, რომ სირიის მცირერიცხოვანმა ჯარმა იეჰოაშის დიდძალ ლაშქარს სძლია. თავად იეჰოაში კი მძიმედ დაჭრეს. სირიელების წასვლის შემდეგ კი ზაქარიას b სისხლის ასაღებად მეფე თავისივე მსახურებმა მოკლეს. ეს ბოროტი მეფე მეფეთა სამარხში დაკრძალვის ღირსიც კი არ გახდა (2 მატ. 24:23—25).

18. იერემიას 17:7, 8-დან გამომდინარე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოაშის ბედი არ გავიზიაროთ?

18 იეჰოაში შეიძლება შევადაროთ ხეს, რომელსაც ღრმად არ აქვს ფესვები გადგმული და რომელიც სიმყარისთვის სარზეა მიბმული. მას შემდეგ, რაც იეჰოიადა მოკვდა და განდგომილების ქარმა დაჰბერა, იეჰოაშის რწმენაც დაემხო, ხესავით დაეცა. მისი მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ ღვთისმოშიშებას მხოლოდ იმიტომ არ უნდა ვავლენდეთ, რომ ასე ჩვენი ოჯახის წევრები და თანაქრისტიანები იქცევიან. იმისთვის, რომ სულიერად ფეხზე მყარად ვიდგეთ, თავად უნდა განვიმსჭვალოთ ღვთის ერთგულებითა და შიშით, რაშიც ბიბლიის რეგულარული შესწავლა, ლოცვა და ფიქრი დაგვეხმარება (წაიკითხეთ იერემიას 17:7, 8; კოლ. 2:6, 7).

19. რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან?

19 იეჰოვა ჩვენგან ბევრს ნამდვილად არ ითხოვს. მისი მოთხოვნა ეკლესიასტეს 12:13-ში სულ რამდენიმე სიტყვითაა შეჯამებული: „ღვთისა გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება!“. თუ ღვთისმოშიშები ვიქნებით, ობადიასა და იეჰოიადას მსგავსად, ნებისმიერ განსაცდელს მედგრად დავუდგებით და იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობასაც ვერაფერი გამოუთხრის ძირს.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

a ბიბლიაში სიტყვა „შიში“ სხვადასხვა მნიშვნელობითაა გამოყენებული. კონტექსტიდან გამომდინარე, შესაძლოა საუბარი მიდიოდეს ძრწოლაზე, მოწიწებაზე და პატივისცემაზე. ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ განვივითაროთ ისეთი შიში, რომელიც გაბედულებს გაგვხდის და დაგვეხმარება, ერთგულად ვემსახუროთ ჩვენს ზეციერ მამას.

b მათეს 23:35-ში ზაქარია ბარაქიას ძედ მოიხსენიება. ბიბლია ზოგჯერ ერთსა და იმავე ადამიანს ორი სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს და არსებობს მოსაზრება, რომ იეჰოიადასაც ორი სახელი ჰქონდა. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ბარაქია ზაქარიას პაპა ან უფრო შორეული წინაპარი ყოფილიყო.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: აკრძალვების მიუხედავად ძმას სულიერი საზრდო მიაქვს თანაქრისტიანებთან (დადგმული სცენა).

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ერთი ახალგაზრდა და ხანდაზმულ დაზე დაკვირვებით ტელეფონით ქადაგებას სწავლობს; ერთი ასაკოვანი ძმა გაბედულად ქადაგებს სტენდთან, რითაც კარგ მაგალითს აძლევს სხვებს; გამოცდილი ძმა თანაქრისტიანებს ასწავლის, როგორ მოუარონ თავიანთ დარბაზს.