ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 26
მზად იყავით იეჰოვას დღისთვის!
„იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ქურდი მოდის ღამით“ (1 ᲗᲔᲡ. 5:2).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 143 იფხიზლეთ, იშრომეთ და დაელოდეთ
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გადავურჩეთ იეჰოვას დღეს?
ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ „იეჰოვას დღე“ ეწოდება დროის იმ მონაკვეთს, როცა ღმერთი განაჩენს აღასრულებს თავის მტრებზე, თავის ხალხს კი იხსნის. იეჰოვას ძველ დროშიც არაერთხელ აღუსრულებია თავისი განაჩენი და ამას ჩვენს დროშიც გააკეთებს (ეს. 13:1, 6; ეზეკ. 13:5; სოფ. 1:8). იეჰოვას დღე „დიდ ბაბილონზე“ პოლიტიკური ძალების თავდასხმით დაიწყება და კულმინაციას არმაგედონის ომში მიაღწევს. ამ დღეს რომ გადავურჩეთ, აუცილებელია, დღესვე დავიწყოთ მზადება და, როგორც იესომ თქვა, მუდამ მზადყოფნაში ვიყოთ (მათ. 24:21; ლუკ. 12:40).
2. რა მხრივ არის ჩვენთვის საყურადღებო თესალონიკელებისთვის მიწერილი პირველი წერილი?
2 თესალონიკელებისთვის მიწერილ პირველ წერილში პავლემ რამდენიმე შედარება მოიყვანა, რათა ქრისტიანებს დახმარებოდა, მზად ყოფილიყვნენ იეჰოვას სასამართლო დღისთვის. რა თქმა უნდა, პავლემ კარგად უწყოდა, რომ ეს დღე მალევე არ დადგებოდა, თუმცა მაინც მოუწოდებდა თანაქრისტიანებს, მზად ყოფილიყვნენ და ისეთი განწყობა ჰქონოდათ, თითქოს ის კარს იყო მომდგარი (2 თეს. 2:1—3). მისი რჩევები ჩვენთვისაც საყურადღებოა. ამიტომ მოდი განვიხილოთ, რას ამბობდა პავლე იმაზე, თუ 1) როგორ მოვიდოდა იეჰოვას დღე, 2) ვინ ვერ გადაურჩებოდა ამ დღეს და 3) ჩვენ როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲦᲔ?
3. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვას დღე ისე მოვა, როგორც ღამით ქურდი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
3 „როგორც ქურდი მოდის ღამით“ (1 თეს. 5:2). ეს არის პირველი შედარება, რომელსაც პავლე იყენებს იმის აღსაწერად, თუ როგორ მოვა იეჰოვას დღე. როგორც წესი, ქურდი ღამით მოულოდნელად მოდის საქურდავად და არასდროს აჯანჯლებს საქმეს. იეჰოვას დღეც მოულოდნელად მოვა და მოვლენები ისე სწრაფად განვითარდება, რომ ამან შეიძლება ღვთის ხალხიც კი გააოგნოს. თუმცა ბოროტი ხალხისგან განსხვავებით, ისინი გადარჩებიან.
4. რა გაგებით ჰგავს იეჰოვას დღე მშობიარობის ტკივილებს?
4 „როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები“ (1 თეს. 5:3). ორსულმა ზუსტად არ იცის, როდის დაეწყება მშობიარობა. თუმცა ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მომენტი აუცილებლად დადგება. მშობიარობა მოულოდნელად იწყება და ტკივილები ახლავს თან, თანაც მისი შეჩერება შეუძლებელია. არც ჩვენ ვიცით, ზუსტად როდის მოვა იეჰოვას დღე. თუმცა იმაში ეჭვი არ გვეპარება, რომ ის აუცილებლად მოვა. იეჰოვა მოულოდნელად აღასრულებს განაჩენს ბოროტებზე, რასაც ისინი თავს ვერ დააღწევენ.
5. რა გაგებით ჰგავს „დიდი გასაჭირი“ დილას?
5 როგორც დილა. პავლეს კიდევ ერთი შედარება მოჰყავს ქურდებზე, ოღონდ ამჯერად იეჰოვას დღეს დილას ადარებს, რომელიც საქმეში გართულ ქურდებს მოუსწრებს და ამხელს (1 თეს. 5:4). „დიდი გასაჭირის“ დროსაც გამოაშკარავდება, ვინ არის სიბნელეში და ვინ სჩადის ღვთისთვის მიუღებელ საქმეებს. ჩვენ კი იმ შემთხვევაში ვიქნებით ამ დღისთვის მზად, თუ ზურგს შევაქცევთ ბოროტებას და იმას გავაკეთებთ, „რაც კარგი, მართალი და ჭეშმარიტია“ (ეფეს. 5:8—12). ახლა განვიხილოთ კიდევ ორი შედარება, რომლებიც პავლეს მათ აღსაწერად მოჰყავს, ვინც ვერ გადაურჩება იეჰოვას დღეს.
ᲕᲘᲜ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲓᲐᲣᲠᲩᲔᲑᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲦᲔᲡ?
6. რა გაგებით სძინავს დღეს ხალხის უმეტესობას? (1 თესალონიკელები 5:6, 7).
6 მძინარეები (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:6, 7). პავლემ მძინარეს შეადარა ისინი, ვინც ვერ გადაურჩება იეჰოვას დღეს. მძინარე ადამიანი ვერ ხვდება, როგორ გადის დრო და რა ხდება მის გარშემო. რამე მნიშვნელოვანიც რომ მოხდეს, ის სათანადო რეაგირებას ვერ მოახდენს. დღეს ხალხის უმეტესობა სულიერი გაგებით სწორედ ასეთ მდგომარეობაშია (რომ. 11:8). ისინი თვალს არ უსწორებენ იმ რეალობას, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ და რომ „დიდი გასაჭირი“ კარსაა მომდგარი. როცა ისინი მსოფლიოში განვითარებული სერიოზული მოვლენების მოწმენი ხდებიან, შეიძლება ცოტათი გამოფხიზლდნენ და სამეფოს ცნობით დაინტერესდნენ, თუმცა მალევე მიეცემიან ხოლმე ისევ ძილს. ხშირ შემთხვევაში მათაც კი, ვისაც განკითხვის დღის სწამს, ჰგონიათ, რომ ეს დღე კარგა ხანი არ დადგება (2 პეტ. 3:3, 4). თუმცა მათგან განსხვავებით ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღითი დღე უფრო აუცილებელი ხდება პავლეს რჩევის მიყოლა და ფხიზლად ყოფნა.
7. რა გაგებით ჰგვანან ლოთებს ის ადამიანები, რომლებიც ღვთის რისხვას დაიტეხენ თავს?
7 ვინც სვამს. პავლე მოციქულმა ის ხალხი, რომელიც ღვთის რისხვას იტეხს თავს, ლოთებს შეადარა. მთვრალს უქვეითდება რეაქციის სისწრაფე და, შესაბამისად, სწორ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს. მსგავსად, ბოროტები არ რეაგირებენ ღვთის გაფრთხილებებზე და ისეთი ცხოვრების კურსს ირჩევენ, რომლის ბოლოც განადგურებაა. ამიტომაც მოუწოდებს პავლე ქრისტიანებს, რომ იფხიზლონ (1 თეს. 5:6). ერთი ბიბლეისტის განმარტებით, ფხიზელი ადამიანი საღად აზროვნებს, რაც ეხმარება, აწონ-დაწონოს და სათანადოდ შეაფასოს არსებული გარემოება და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენც საღად ვიაზროვნოთ? რაც უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას დღეს, მით უფრო რთული ხდება პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება. და მაინც, ჩვენ შიშის მიზეზი არ გვაქვს, რადგან წმინდა სული დაგვეხმარება, საღად ვიაზროვნოთ და გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ (ლუკ. 12:11, 12).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲔᲛᲖᲐᲓᲝᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲦᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
8. რასთანაა შედარებული 1 თესალონიკელების 5:8-ში ის თვისებები, რომლებიც სიფხიზლის შენარჩუნებაში გვეხმარება? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
8 შეიმოსეთ ჯავშნით და მუზარადით. პავლე მოციქული გვადარებს ჯარისკაცებს, რომლებიც მუდამ ფხიზლობენ და აღჭურვილი არიან საბრძოლველად (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:8). ჯარისკაცისგან მოითხოვება, რომ ყოველთვის მზად იყოს ბრძოლისთვის. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც. იეჰოვას დღისთვის მზად რომ ვიყოთ, უნდა „შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით, მუზარადად კი ხსნის იმედი გვქონდეს“.
9. როგორ გვიცავს რწმენა?
9 როგორც ჯავშანი იცავს ჯარისკაცის გულს, ისე რწმენა და სიყვარული იცავს ჩვენს სიმბოლურ გულს. ეს თვისებები გვეხმარება, ვემსახუროთ იეჰოვას და მივყვეთ იესოს ნაკვალევს. თუ მტკიცე რწმენა გვექნება, ეჭვი არ შეგვეპარება, რომ იეჰოვა დაგვაჯილდოებს ყველას, ვინც მთელი გულით ვემსახურებით მას (ებრ. 11:6). რწმენა იმაშიც დაგვეხმარება, რომ განსაცდელების დროსაც ვუერთგულოთ ჩვენს წინამძღოლს, იესოს. ასეთი რწმენის განსავითარებლად კი იმ და-ძმების მაგალითებზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომლებიც დევნისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად ბოლომდე იეჰოვას ერთგულები დარჩნენ. ხოლო მათ მაგალითებზე დაფიქრება, ვინც მსახურების გასაფართოებლად ცხოვრება გაიმარტივა, დაგვეხმარება, მატერიალიზმის მახეში არ გავებათ. b
10. რისკენ აღგვძრავს ღვთისა და მოყვასის სიყვარული?
10 სიფხიზლის შესანარჩუნებლად სიყვარულიც აუცილებელია (მათ. 22:37—39). თუ ჩვენს გულში იეჰოვას სიყვარული გიზგიზებს, მაშინაც არ შევწყვეტთ ქადაგებას, როცა ამის გამო წინააღმდეგობას შევხვდებით (2 ტიმ. 1:7, 8). ხოლო მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, საფუძვლიანად ვუქადაგოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს და ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდს მივმართოთ, მაგალითად, ტელეფონით ან წერილებით ვიმსახუროთ. არ ვკარგავთ იმედს, რომ ისინი, ვინც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას, ერთ დღესაც სწორ გზას დაადგებიან (ეზეკ. 18:27, 28).
11. რისკენ აღგვძრავს თანაქრისტიანების სიყვარული? (1 თესალონიკელები 5:11).
11 მოყვასის სიყვარულს, რა თქმა უნდა, მაშინაც ვავლენთ, როცა თანაქრისტიანებს ვამხნევებთ და აღვაშენებთ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:11). როგორც ჯარისკაცები ცდილობენ, რომ გვერდიდან არ მოშორდნენ თანამებრძოლებს, ისე ჩვენც ვცდილობთ, რომ მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს და გავამხნეოთ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გაცხარებულ ბრძოლაში ჯარისკაცმა თავისიანს ზიანი მიაყენოს, მაგრამ ცხადია, ამას შეგნებულად არასდროს გააკეთებს. მსგავსად, არც ჩვენ გვინდა, თანაქრისტიანს შეგნებულად ვატკინოთ გული ან სამაგიერო გადავუხადოთ (1 თეს. 5:13, 15). სიყვარულს იმითაც ვავლენთ, თუ პატივს ვცემთ ხელმძღვანელ ძმებს (1 თეს. 5:12). როცა პავლემ თესალონიკელებს პირველი წერილი მისწერა, კრების დაარსებიდან ერთი წელიც არ იყო გასული. ამის ფონზე დანიშნულ ძმებს დიდი გამოცდილება არ ექნებოდათ და, დიდი ალბათობით, შეცდომებსაც დაუშვებდნენ. ამის მიუხედავად, ისინი პატივისცემას იმსახურებდნენ. „დიდი გასაჭირის“ მოახლოებასთან ერთად შეიძლება უფრო მეტად დაგვჭირდეს ადგილობრივი უხუცესებისგან მიღებული მითითებებით ხელმძღვანელობა, რადგან შეიძლება მსოფლიო მთავარ სამმართველოსთან ან ადგილობრივ ფილიალთან კონტაქტი გაწყდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გვიყვარდეს უხუცესები და პატივს ვცემდეთ მათ. რაც არ უნდა მოხდეს, მოდი ყველამ სიფხიზლე შევინარჩუნოთ და ყურადღება ამ ძმების ნაკლოვანებებზე კი არ გავამახვილოთ, არამედ იმაზე, რომ იეჰოვა იესოს მეშვეობით ხელმძღვანელობს მათ.
12. როგორ იცავს იმედი ჩვენს გონებას?
12 როგორც მუზარადი იცავს ჯარისკაცის თავს, ისე ხსნის იმედი იცავს ჩვენს გონებას. თუ ჩვენი იმედი მტკიცე იქნება, იმას, რასაც ქვეყნიერება შემოგვთავაზებს, ჩვენთვის ფასი არ ექნება (ფილ. 3:8). იმედის წყალობით, სიმშვიდესაც ვინარჩუნებთ და საღად აზროვნების უნარსაც. ეს კარგად ჩანს უოლესისა და ლორინდას შემთხვევიდანაც, რომლებიც აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მსახურობენ. ძალიან მოკლე პერიოდში, სულ რაღაც სამ კვირაში, ორივეს მშობელი დაეღუპა. პანდემიის გამო მათ ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება და მძიმე წუთებში ოჯახის წევრების გვერდით ყოფნა. უოლესი ამბობს: „მკვდრეთით აღდგომის იმედი მეხმარება, იმაზე კი არ ვიფიქრო, რა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ჩვენი მშობლები სიკვდილის წინ, არამედ იმაზე, როგორი საღ-სალამათები დაგვიბრუნდებიან ახალ ქვეყნიერებაში. ეს იმედი ტკივილსა და მონატრებას მატანინებს და სიმშვიდეს მგვრის“.
13. რა უნდა გავაკეთოთ წმინდა სულის მისაღებად?
13 „ნუ ჩააქრობთ თქვენში ღვთის სულს!“ (1 თეს. 5:19). პავლემ წმინდა სული ჩვენს გულში მოგიზგიზე ცეცხლს შეადარა. ღვთის სულის წყალობით მტკიცედ ვდგავართ სიმართლის მხარეს და გულმოდგინედ ვემსახურებით იეჰოვას (რომ. 12:11). რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ თავისი სული მოგვცეს? ლოცვაში უნდა ვთხოვოთ, უნდა ვიკვლიოთ მისი სულით შთაგონებული სიტყვა და აქტიურად ჩავებათ იმ ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელსაც ღმერთი თავისი სულით ხელმძღვანელობს. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, სულის ნაყოფს წარმოშობს ჩვენში (გალ. 5:22, 23).
14. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა არ წაგვართვას წმინდა სული? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 იეჰოვა კი გვაძლევს თავის სულს, მაგრამ უნდა ვიფრთხილოთ, რომ არ „ჩავაქროთ“ ის ჩვენში. იეჰოვა წმინდა სულს მხოლოდ მათ აძლევს, ვინც ყველანაირად ერიდება უწმინდურ საქციელსა და აზროვნებას (1 თეს. 4:7, 8). ამასთანავე, უდიერად არ უნდა მოვეკიდოთ მისი სულით შთაგონებულ წინასწარმეტყველებებს, მაგალითად, იმ ცნობებს, რომლებიც იეჰოვას დღის სიახლოვეს უსვამს ხაზს (1 თეს. 5:20). არ უნდა ვიფიქროთ, რომ არმაგედონი ჩვენს სიცოცხლეში არ მოხდება. პირიქით, მოუთმენლად უნდა ველოდებოდეთ იეჰოვას დღის დადგომას, ყოველდღიურად ვიცავდეთ სიწმინდეს და ღვთისმოსაწონად ვიქცეოდეთ. თუ ასე მოვიქცევით, შეიძლება ითქვას, რომ დავაჩქარებთ ამ დღის მოსვლას (2 პეტ. 3:11, 12).
„ᲧᲝᲕᲔᲚᲘᲕᲔ ᲨᲔᲐᲛᲝᲬᲛᲔᲗ“
15. როგორ დავიცვათ თავი დემონური პროპაგანდისგან? (1 თესალონიკელები 5:21).
15 უახლოეს მომავალში ღვთის მოწინააღმდეგეები „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ გამოაცხადებენ (1 თეს. 5:3). დემონური პროპაგანდა მთელ დედამიწას მოედება და ბევრს შეიყვანს შეცდომაში (გამოცხ. 16:13, 14). ჩვენც რომ არ მოვტყუვდეთ, აუცილებელია, ყოველივე შევამოწმოთ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:21). „შემოწმებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ძვირფასი ლითონების შემოწმების კონტექსტში გამოიყენებოდა ხოლმე. ჩვენც უნდა შევამოწმოთ, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც ვისმენთ და ვკითხულობთ. თუ თესალონიკელები უნდა მოქცეულიყვნენ ასე, ჩვენ მით უმეტეს, რადგან „დიდი გასაჭირი“ დღითი დღე გვიახლოვდება. იმის ნაცვლად, რომ გულუბრყვილოდ დავიჯეროთ სხვისი ნათქვამი, უნდა მოვუხმოთ გამჭრიახობას და შევადაროთ მიღებული ინფორმაცია იმას, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ და რასაც ღვთის ორგანიზაციისგან ვიგებთ. თუ ასე მოვიქცევით, დემონური პროპაგანდა შეცდომაში ვერ შეგვიყვანს (იგავ. 14:15; 1 ტიმ. 4:1).
16. რაში ვართ დარწმუნებული და რისკენ აღგვძრავს ეს?
16 ჩვენ ვიცით, რომ მთლიანობაში ღვთის ხალხი გადარჩება „დიდი გასაჭირის“ დროს. თუმცა ის არ ვიცით, რას მოუტანს ხვალინდელი დღე ცალკეულ ქრისტიანებს (იაკ. 4:14). მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ყველანი მარადიული სიცოცხლით დავჯილდოვდებით, თუ ბოლომდე ვუერთგულებთ ღმერთს. ცხებულები ქრისტესთან ერთად ზეცაში იცხოვრებენ, „სხვა ცხვარი“ კი სამოთხედქცეულ დედამიწას დაიმკვიდრებს. მოდი მზერა მომავალს მივაპყროთ და მზად დავხვდეთ იეჰოვას დღეს!
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით
a პირველი თესალონიკელების მე-5 თავში მოყვანილი მაგალითები და შედარებები გვეხმარება, მეტი გავიგოთ იეჰოვას დღის შესახებ. რა იგულისხმება ამ დღეში და როგორ მოვა ის? ვინ გადარჩება და ვინ არა? როგორ მოვემზადოთ ამ დღისთვის? წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, როგორ პასუხობს პავლე მოციქული ამ კითხვებს.
b იხილეთ სტატიათა სერია „მათ მზადყოფნა გამოავლინეს“.