არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ არ დაბრუნდნენ იოსები და მარიამი ბეთლემიდან ნაზარეთში იესოს დაბადების შემდეგ?

ამის მიზეზი ბიბლიაში არ არის ახსნილი. თუმცა ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რას შეიძლება მოეხდინა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა.

იმ დროისთვის, როცა ანგელოზმა მარიამს ამცნო, რომ დაორსულდებოდა და ვაჟს გააჩენდა, ისიც და იოსებიც გალილეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ (ლუკ. 1:26—31; 2:4). ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგაც ისინი ნაზარეთში დასახლდნენ. იესოც იქ გაიზარდა და ამიტომაც მოიხსენიება ნაზარეთელად (მათ. 2:19—23). ასე რომ, სავსებით ბუნებრივია, თუ სამივეს — იესოს, იოსებსა და მარიამს — ნაზარეთელებად მივიჩნევთ.

მარიამს იუდეაში ჰყავდა ერთი ნათესავი სახელად ელისაბედი. ელისაბედი, რომელიც მღვდელ ზაქარიას ცოლი იყო, იოანე ნათლისმცემლის დედა გახდა (ლუკ. 1:5, 9, 13, 36). ერთხელ, როცა მარიამი ელისაბედს ესტუმრა, მასთან სამი თვე დარჩა, შემდეგ კი უკან, ნაზარეთში დაბრუნდა (ლუკ. 1:39, 40, 56). აქედან გამომდინარე, მარიამისთვის იუდეის მხარე მთლად უცხო არ იქნებოდა.

როცა ბრძანებულება გამოვიდა, რომ „ყველანი თავ-თავიანთ ქალაქებში“ დაბრუნებულიყვნენ აღსაწერად, იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემში, დავითის ქალაქში, წავიდნენ, სადაც წინასწარმეტყველების თანახმად, მესია უნდა დაბადებულიყო (ლუკ. 2:3, 4; 1 სამ. 17:15; 20:6; მიქ. 5:2). იესოს დაბადების შემდეგ ისინი ბეთლემში დარჩნენ, რომელიც იერუსალიმიდან, სულ რაღაც, 9 კმ-ში მდებარეობდა. როგორც ჩანს, იოსებს არ უნდოდა, რომ ახალნამშობიარები მარიამი ნაზარეთში წაეყვანა, რისთვისაც დიდი გზის გავლა მოუწევდათ. თანაც ბეთლემიდან უფრო ადვილი იქნებოდა ტაძარში ბავშვის მიყვანა და კანონით გათვალისწინებული შესაწირავის გაღება (ლევ. 12:2, 6—8; ლუკ. 2:22—24).

ანგელოზს მარიამისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი ვაჟი დავითის ტახტზე დაჯდებოდა, რის გამოც შესაძლოა მისთვის და იოსებისთვის საგულისხმო ფაქტი გახდა ის, რომ იესო სწორედ დავითის ქალაქში დაიბადა (ლუკ. 1:32, 33; 2:11, 17). ვინ იცის, იქნებ ამიტომ გადაწყვიტეს, რაღაც დროის მანძილზე იქ დარჩენილიყვნენ და დალოდებოდნენ ღვთისგან შემდგომ ხელმძღვანელობას.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენი ხანი იყო გასული მათი ბეთლემში ჩასვლიდან, როცა მათთან ასტროლოგები მივიდნენ. თუმცა ის კი ვიცით, რომ ისინი უკვე სახლში ცხოვრობდნენ და იესოც ჩვილი აღარ იყო (მათ. 2:11). როგორც ჩანს, ამ ხნის მანძილზე ისინი არ დაბრუნებულან ნაზარეთში და ბეთლემში მოეწყვნენ.

ჰეროდემ ბრძანება გამოსცა, რომ ბეთლემში „ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი“ დაეხოცათ (მათ. 2:16). ღვთის მითითებით იოსები ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა, სადაც ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ, შემდეგ კი ნაზარეთში დაბრუნდნენ და არა ბეთლემში. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმ დროს იუდეაში ჰეროდეს ვაჟი არქელაე მეფობდა, რომელიც სისასტიკით იყო ცნობილი. თანაც ღმერთმა მითითება მისცა იოსებს, რომ ნაზარეთში წაეყვანა ოჯახი, სადაც მშვიდ გარემოში შეძლებდნენ იესოს ღვთის მოსაწონად აღზრდას (მათ. 2:19—22; 13:55; ლუკ. 2:39, 52).

როგორც ჩანს, იოსები მანამ გარდაიცვალა, სანამ იესო ზეციერი ცხოვრებისკენ გზას გახსნიდა. ასე რომ, იოსები დედამიწაზე აღდგება მკვდრეთით. რა სასიამოვნო იქნება იოსებთან პირადად შეხვედრა და ზემოხსენებულ კითხვაზეც მისი პასუხის გაგება.