ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
მოულოდნელობებით სავსე მდიდარი ცხოვრება
ᲞᲐᲢᲐᲠᲐᲝᲑᲐᲨᲘ თვითმფრინავის დანახვაზე სულ მოგზაურობა მინდებოდა. თუმცა ეს ჩემთვის აუხდენელი ოცნება იყო.
ჩემი მშობლები მეორე მსოფლიო ომის დროს ესტონეთიდან გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მეც იქ დავიბადე. მალე კანადაში გადაწყვიტეს გადასვლა. ჩვენ ოტავის მახლობლად ერთ პატარა შენობაში დავსახლდით, სადაც ქათმების სადგომიც იყო. ძალიან გვიჭირდა, თუმცა საუზმეზე კვერცხი ყოველთვის გვქონდა.
ერთ დღეს იეჰოვას მოწმეებმა დედაჩემს გამოცხადების 21:3, 4 წაუკითხეს. მოსმენილმა მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ცრემლები ვერ შეიკავა. დედამ და მამამ შესწავლა დაიწყეს და მალევე ორივენი მოინათლნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა მშობლებმა ინგლისური კარგად არ იცოდნენ, მსახურებაში აქტიურად ჩაებნენ. მამა ქალაქ სადბერიში ნიკელის ქარხანაში მუშაობდა, თუმცა თითქმის ყოველ შაბათს, მთელ ღამე ნამუშევარს, მე და ჩემი უმცროსი და სილვია მსახურებაში მივყავდით. ყოველ კვირა მთელი ოჯახი „საგუშაგო კოშკს“ ერთად განვიხილავდით. ღმერთი სწორედ მშობლებმა შემაყვარეს. 10 წლის ასაკში, 1956 წელს, გადავწყვიტე, იეჰოვასთვის თავი მიმეძღვნა და მოვნათლულიყავი. მშობლების მაგალითი დღემდე მეხმარება, არ შევწყვიტო იეჰოვას მსახურება.
სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურებამ ჩემს ცხოვრებაში უკანა პლანზე გადაიწია. ვფიქრობდი, თუ პიონერობას დავიწყებდი, იმდენ ფულს ვერასდროს მოვაგროვებდი, რომ ოცნება ამეხდინა და მსოფლიო მენახა. იმ პერიოდში ერთ რადიოსადგურში დიჯეიდ მუშაობა შემომთავაზეს, რაზეც დავთანხმდი. ეს საქმე ძალიან შემიყვარდა. მთელი საღამოები ვმუშაობდი, ამიტომ კრებები მიცდებოდა. თანაც ისეთ წრეში აღმოვჩნდი, სადაც იეჰოვა არავის უყვარდა. თუმცა სინდისი მოსვენებას არ მაძლევდა და საბოლოოდ ცვლილებებიც მოვახდინე.
საცხოვრებლად ქალაქ ოშავაში გადავედი. იქ რამდენიმე პიონერი გავიცანი, მათ შორის რეი ნორმანი და მისი და ლესლი. მათ ძალიან თბილად მიმიღეს. იმის შემხედვარე, თუ რამხელა ბედნიერებას ანიჭებდათ იეჰოვას მსახურება, მეც დავფიქრდი ჩემს მიზნებზე. ისინი მახალისებდნენ, მეც დამეწყო პიონერად მსახურება, და 1966 წელს ასეც მოვიქეცი. ცხოვრებით ბედნიერი ვიყავი. თუმცა წინ დიდი თავგადასავალი მელოდა.
„ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲐᲡ ᲒᲕᲐᲫᲚᲔᲕᲡ ᲓᲐ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲪᲐᲓᲝᲗ?!“
ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა ბეთელში მსახურებისთვის ბლანკი შევავსე. მოწვევა მოგვიანებით მივიღე. მაშინ უკვე პიონერად ვმსახურობდი. რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი. ლესლი ძალიან მომწონდა, ბეთელი კი სხვა ქალაქში იყო, კერძოდ ტორონტოში, თანაც ოთხი წლით მიწვევდნენ. ვფიქრობდი, რომ თუ ბეთელში წავიდოდი, მას ვეღარასდროს ვნახავდი. ბევრს ვლოცულობდი და საბოლოოდ გადავწყვიტე, დავთანხმებოდი
მოწვევას და დავმშვიდობებოდი ლესლის, რაც ჩემთვის ადვილი არ იყო.ბეთელში ჯერ სამრეცხაოში ვმუშაობდი, შემდეგ კი მდივნად. იმ პერიოდში ლესლი სპეციალურ პიონერად დანიშნეს ქალაქ გატინოში. ხშირად მეფიქრებოდა, როგორ იყო, რას აკეთებდა. იმაზეც ვფიქრობდი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მალე ჩემს ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი მოხდა: ბეთელში ლესლის ძმა რეი მოიწვიეს. ჩვენ თანაოთახელები გავხდით. ამის შემდეგ ლესლისთანაც განვაახლე მეგობრობა და ბეთელში ოთხწლიანი მსახურების ბოლო დღეს, 1971 წლის 27 თებერვალს, დავქორწინდით.
მე და ლესლი კვებეკში ფრანგულენოვან კრებაში დაგვნიშნეს. რამდენიმე წელში, ჩემდა გასაკვირად, სარაიონოდ მსახურება შემომთავაზეს. მაშინ 28 წლის ვიყავი, ამიტომ ამ დავალებისთვის თავს შეუფერებლად მივიჩნევდი. თუმცა იერემიას 1:7, 8-ში ჩაწერილმა სიტყვებმა მხნეობა შემმატა. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო. ლესლი რამდენიმე ავტოავარიაში იყო მოყოლილი და ძილის პრობლემებიც ჰქონდა. ამიტომ გვეფიქრებოდა, როგორ შევძლებდით ასეთი დავალების შესრულებას. თუმცა ლესლიმ ასეთი სიტყვები მითხრა: „იეჰოვა დავალებას გვაძლევს და როგორ არ უნდა ვცადოთ?!“. ჩვენც დავთანხმდით და შემდეგი 17 წელი სარაიონო მსახურებაში გავატარეთ.
ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა. ამიტომ სიმართლე გითხრათ, ლესლის ყოველთვის სათანადო დროს ვერ ვუთმობდი. აშკარა იყო, რაღაც უნდა შემეცვალა. ერთ ორშაბათს, დილით, კარზე ზარი გაისმა. კარი რომ გავაღეთ, იქ მხოლოდ კალათა დაგვხვდა. კალათაში ხილი, ყველი, ბაგეტები, ბოთლით ღვინო, ბოკლები, გადასაფარებელი და ანონიმური ბარათი იდო, რომელზეც ეწერა: „წაიყვანე მეუღლე პიკნიკზე“. გარეთ მზიანი დარი იყო, თუმცა მოხსენებები მქონდა მოსამზადებელი. ამიტომ ლესლის ვუთხარი, რომ წასვლას ვერ მოვახერხებდით. მანაც გამიგო, თუმცა შევატყვე, რომ გული დასწყდა. ისევ მოხსენებებს მივუჯექი, მაგრამ შინაგანად რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა. ეფესოელების 5:28, 29 გამახსენდა. ამ მუხლებით იეჰოვა, თითქოს, მე მელაპარაკებოდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი მეუღლის ემოციურ მოთხოვნილებებზე მეზრუნა. ვილოცე და ლესლის ვუთხარი, მოდი წავიდეთ-მეთქი. ამან ლესლი ძალიან გაახარა. მდინარის პირას ერთი მყუდრო ადგილი მოვნახეთ და დრო ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ. ეს ერთ-ერთი ულამაზესი დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში. თანაც თქვენ წარმოიდგინეთ, მოხსენებების მომზადებაც მშვენივრად მოვასწარი.
სარაიონო მსახურების დროს სად აღარ ვიმოგზაურეთ — ბრიტანეთის კოლუმბიით დაწყებული ნიუფანდლენდით დამთავრებული. ეს ძალიან სასიამოვნო წლები იყო. თანაც მოგზაურობის ოცნებაც ავიხდინე. დროდადრო გალაადში სწავლაზეც მეფიქრებოდა, მაგრამ სხვა ქვეყანაში მისიონერად მსახურების სურვილი საერთოდ არ მქონდა. მისიონერები განსაკუთრებულ ხალხად მიმაჩნდა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ მე მათნაირი ვერასდროს გავხდებოდი. იმისიც მეშინოდა, ვაითუ აფრიკაში გაგვგზავნონ-მეთქი. არ მინდოდა, რაიმე დაავადება აგვეკიდებინა ან ომის ეპიცენტრში აღმოვჩენილიყავით. რაღა დაგიმალოთ და, კანადაში მსახურება ძალიან მომწონდა.
ᲛᲝᲣᲚᲝᲓᲜᲔᲚᲘ ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘ
1992 Წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იეჰოვას მოწმეებმა განაახლეს ზოგ ქვეყანაში მსახურება. ჩვენ გვკითხეს, შეგვეძლო თუ არა ესტონეთში გადავსულიყავით და მისიონერებად გვემსახურა. ეს მოულოდნელი შემოთავაზება იყო, ამიტომ იეჰოვას ლოცვაში ვთხოვეთ ხელმძღვანელობა და კვლავაც ვთქვით: „იეჰოვა დავალებას გვაძლევს და როგორ არ უნდა ვცადოთ?!“. ჰოდა, ამჯერადაც არ გვითქვამს უარი ახალ დავალებაზე. ჩემთვის ვფიქრობდი, კარგია, რომ აფრიკაში მაინც არ მივდივართ-მეთქი.
მაშინვე შევუდექით ესტონურის სწავლას. ქვეყანაში რამდენიმე თვის ჩასულები ვიყავით, როცა გვთხოვეს, სარაიონო მსახურებას შევდგომოდით. ჩვენი რაიონი მოიცავდა 46 კრებასა და რამდენიმე ჯგუფს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასა და ქალაქ კალინინგრადში, რომელიც რუსეთს ეკუთვნის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ცოტ-ცოტა ლატვიური, ლიტვური და რუსულიც უნდა გვესწავლა. ეს ნამდვილად არ იყო ადვილი. თუმცა და-ძმები აფასებდნენ ჩვენს მცდელობას და გვეხმარებოდნენ კიდეც. 1999 წელს ესტონეთში ფილიალი დაარსდა და მე ტომას ედურთან, ლემბით რეილესთან და ტომი კაუკოსთან ერთად ფილიალის კომიტეტში დამნიშნეს.
ბევრი ისეთი და-ძმა გავიცანით, რომლებიც თავის დროზე ციმბირში იყვნენ გადასახლებული. მათ იქ არაადამიანურ პირობებში უწევდათ ცხოვრება, თანაც ოჯახებს იყვნენ მოწყვეტილი, მაგრამ ისინი ამას არ გაუბოროტებია. ამ და-ძმებს არ დაუკარგავთ იეჰოვას მსახურებაში სიხარული და შემართება. მათმა მაგალითმა დაგვანახვა, რომ ჩვენც შევძლებდით ნებისმიერი სირთულის ატანას და სიხარულის შენარჩუნებას.
წლების მანძილზე იმდენი საქმე გვქონდა, რომ დასვენებისთვის დიდად ვერ ვიცლიდით. ეს, სამწუხაროდ, ლესლის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახა. მას გამუდმებით დაღლილობის შეგრძნება ჰქონდა. თავიდან ვერ მივხვდით, რით იყო გამოწვეული მისი ასეთი მდგომარეობა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ფიბრომიალგია სჭირდა. სერიოზულად დავიწყეთ ფიქრი კანადაში დაბრუნებაზე. სწორედ იმ პერიოდში მიგვიწვიეს პატერსონში, რომ გაგვევლო სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის. ვფიქრობდი, რომ ამ სკოლაში სწავლას ვერ შევძლებდით. თუმცა გამუდმებით ვლოცულობდით ამ საკითხზე და, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, წავსულიყავით. იეჰოვამაც ხელი მოგვიმართა. სწორედ იქ ყოფნის დროს მიიღო ლესლიმ საჭირო სამედიცინო დახმარება. ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით.
ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ ᲐᲠ ᲬᲧᲓᲔᲑᲐ
2008 წელი იდგა. ჩვენ ისევ ესტონეთში ვიყავით. ერთ საღამოს ტელეფონზე ზარი გაისმა. მსოფლიო მთავარი სამმართველოდან მირეკავდნენ. აინტერესებდათ, შევძლებდით თუ არა კონგოში მსახურების გაგრძელებას. სახტად დავრჩი. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პასუხი მეორე დღესვე სჭირდებოდათ. ლესლის იმ მომენტში არაფერი ვუთხარი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ამბავი მთელი ღამე არ დააძინებდა. მე კი ის ღამე ლოცვაში გავატარე და იეჰოვას მთელი ჩემი საფიქრალი გავანდე.
მეორე დღეს, როცა ლესლის ყველაფერი მოვუყევი, ასეთი რამ ვთქვით: „იეჰოვა აფრიკაში გვგზავნის და თუ არ ვცდით, რა ვიცით, რომ არ გამოგვივა ან არ მოგვეწონება?!“. ასე რომ, 16 წლის თავზე დავტოვეთ ესტონეთი და კინშასაში გავფრინდით. ადგილი, სადაც ჩვენი ფილიალია, ნამდვილი ოაზისია — მშვიდი, გამწვანებული. ჩვენს ოთახში
ლესლიმ კედელზე ბარათი დაკიდა, რომელსაც კანადიდან წამოსვლის შემდეგ ინახავდა. ბარათზე ასეთი სიტყვები ეწერა: „ბედნიერი იყავი იქ, სადაც ხარ“. მას შემდეგ, რაც იქაური და-ძმები გავიცანით და მათთან ერთად მსახურება და შესწავლების ჩატარება დავიწყეთ, აფრიკაში მსახურება ძალიან მოგვეწონა. რაღაც დროის შემდეგ წილად მხვდა პატივი, რომ აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 13 ფილიალი მომენახულებინა. ასეთმა მსახურებამ საშუალება მოგვცა ბევრ საინტერესო და განსხვავებული კულტურის ადამიანს გავცნობოდით. მართალია, მანამდე აფრიკის გაგონებაც კი მაშინებდა, მაგრამ ახლა უკვე მადლობას ვუხდიდი იეჰოვას, რომ აქ გამოგვგზავნა.კონგოში ბევრ ჩვენთვის უცნობ საკვებს გავუსინჯეთ გემო, მათ შორის მწერებს. არადა ვფიქრობდით, რომ ამას ვერასდროს გავაკეთებდით. თუმცა როცა ვხედავდით, როგორ მადიანად შეექცეოდნენ და-ძმები, ჩვენც გავსინჯეთ და ეს არც გვინანია.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში პარტიზანები სოფლებს არბევდნენ და ქალებსა და ბავშვებსაც არ ინდობდნენ. ჩვენ სწორედ იქ გავემგზავრეთ, რათა და-ძმებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაგვეტანა და სულიერად გაგვემხნევებინა. ბევრ და-ძმას უკიდურესად უჭირდა. თუმცა ძალიან გაგვამხნევა იმის დანახვამ, როგორ უყვარდათ მათ იეჰოვა, როგორ მტკიცედ სწამდათ მკვდრეთით აღდგომის და როგორ უჭერდნენ მხარს ღვთის ორგანიზაციას. მათმა მაგალითმა საკუთარ რწმენაზე დაგვაფიქრა. ზოგმა და-ძმამ ყველაფერი თვალის დახამხამებაში დაკარგა — სახლი, მოსავალი. თუმცა მათ ყველაზე ძვირფასი არ დაუკარგავთ — იეჰოვასთან ურთიერთობა. ამან მეც შემახსენა, რა არის ყველაზე ფასეული. ამდენი სირთულის მიუხედავად, და-ძმები იშვიათად თუ დაიჩივლებდნენ ხოლმე. მათი განწყობა ჩვენთვისაც სამაგალითო იყო, რომ გაბედულად შევხვედროდით სხვადასხვა სირთულეს, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემებს.
ᲒᲔᲖᲘ ᲐᲖᲘᲘᲡᲙᲔᲜ
რაღაც დროის შემდეგ კიდევ ერთი მოულოდნელი დავალება მივიღეთ — ჰონკონგის ფილიალში გვთხოვეს მსახურების გაგრძელება. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ აზიაში მოგვიწევდა ცხოვრება. თუმცა საკუთარი გამოცდილებით კარგად ვიცოდით, რომ ჩვენი მოსიყვარულე მამა არც ახლა მიგვატოვებდა. ამიტომ არც ამ დავალებაზე ვთქვით უარი. 2013 წელს აცრემლებულები გამოვემშვიდობეთ ჩვენს ძვირფას
მეგობრებს და უმშვენიერეს აფრიკას, თუმცა არ ვიცოდით, რა გველოდა წინ.ჰონკონგი ხმაურიანი ქალაქია, სადაც ათასნაირი ჯურის ხალხი ირევა. ასე რომ, სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. ენის სწავლაც ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა ყველაფერთან შეგუება იმან გაგვიადვილა, რომ და-ძმებმა გულთბილად მიგვიღეს. თანაც იქაური სამზარეულოთიც მოვიხიბლეთ. ფილიალში საქმე საქმეზე გვემატებოდა და აუცილებელი გახდა, გავფართოებულიყავით. თუმცა ადგილობრივად ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო, რადგან უძრავ ქონებას ცეცხლის ფასი ედო. ამიტომ ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, ზოგიერთი განყოფილება სხვაგან გადასულიყო და ფილიალის საკუთრების დიდი ნაწილი გაეყიდა. 2015 წელს ჩვენ სამხრეთ კორეაში გაგვგზავნეს, სადაც დღემდე ვმსახურობთ. არც კორეულის სწავლა აღმოჩნდა იოლი. ფაქტია, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი, თუმცა გვამხნევებს იმის გაგება, რომ და-ძმები ჩვენში პროგრესს ხედავენ.
ᲠᲐ ᲒᲕᲐᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲒᲐᲢᲐᲠᲔᲑᲣᲚᲛᲐ ᲬᲚᲔᲑᲛᲐ
მეგობრების შეძენა ყოველთვის ადვილი არ არის. თუმცა მივხვდით, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აგვეღო და სტუმართმოყვარეობა გამოგვევლინა. ასე უფრო სწრაფად ვახერხებდით და-ძმებთან დამეგობრებას. იმაშიც დავრწმუნდით, რომ თანაქრისტიანებთან საერთო იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე წარმოვიდგენდით და, რომ მათთვის ჩვენს გულში ყოველთვის მოიძებნება ადგილი (2 კორ. 6:11).
იმის აუცილებლობაც დავინახეთ, რომ და-ძმებისთვის იეჰოვას თვალით შეგვეხედა. ამასთანავე, მივხვდით, რომ ყოველთვის უნდა დავკვირვებოდით, როგორ ავლენდა იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს და როგორ გვხელმძღვანელობდა. როცა დათრგუნულები ვიყავით ან თავს უცხოდ ვგრძნობდით, მეგობრებისგან მიღებულ გამამხნევებელ წერილებსა და ბარათებს გადავიკითხავდით ხოლმე. ყოველთვის ვხედავდით, როგორ პასუხობდა იეჰოვა ჩვენს ლოცვებს, გვანუგეშებდა და ძალას გვმატებდა.
წლებმა ისიც გვასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ერთმანეთს სათანადო დრო დავუთმოთ. იმასაც მივხვდით, რომ იუმორით უნდა შეგვეხედა საკუთარი შეცდომებისთვის, განსაკუთრებით, როცა ახალ ენას ვსწავლობდით. ჩვევად გავიხადეთ, ყოველ საღამოს იმაზე ვიმსჯელოთ, რისთვის ვართ იეჰოვას მადლიერი.
სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მისიონერად მსახურებას შევძლებდი და უცხო ქვეყანაში ვიცხოვრებდი. თუმცა სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ იეჰოვას დახმარებით შეუძლებელი არაფერია. ხშირად მახსენდება წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვები: „შენ მომატყუე იეჰოვა“ (იერ. 20:7). იეჰოვას მსახურება ნამდვილად სიურპრიზებითაა სავსე. მან უხვად გვაკურთხა და ბავშვობის ოცნებაც ამიხდინა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენ ქვეყანაში ვიმოგზაურებდი და თითქმის ყველა კონტინენტზე დავდგამდი ფეხს. განვლილ წლებზე რომ ვფიქრობ, ვხვდები, ლესლის მხარდაჭერის გარეშე ამდენი დავალების შესრულებას ნამდვილად ვერ შევძლებდი. მისი უზომოდ მადლიერი ვარ.
ვცდილობთ, არასდროს დაგვავიწყდეს, ვისთვის და რატომ ვირჯებით. მართლაც საოცარია, ვემსახუროთ ისეთ მამას, რომელიც დღესვე ასე უხვად გვაკურთხებს, მომავალში კი გაშლის ხელს და დააკმაყოფილებს „ყოველი სულდგმულის სურვილს“ (ფსალმ. 145:16).