ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 28
რატომ უნდა განვივითაროთ ღვთის შიში?
„სიმართლით მავალი იეჰოვას მოშიშია“ (ᲘᲒᲐᲕ. 14:2).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1, 2. ლოტის მსგავსად, რა სირთულეს ვაწყდებით ქრისტიანები?
ᲩᲕᲔᲜ ზნედაცემულ ხალხში გვიწევს ცხოვრება. ღვთისმოშიში ლოტისა არ იყოს, ჩვენც გაწამებული ვართ „უღვთოთა თავაშვებულობით“ (2 პეტ. 2:7, 8). ღვთის შიშით და სიყვარულით აღძრული ლოტი ყველანაირად ცდილობდა, არ მოქცეულიყო თანამედროვეთა გავლენაში. დღესაც ბევრი არად აგდებს იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს. თუმცა, თუ გვეყვარება ღმერთი და მისადმი ჯანსაღ შიშს განვივითარებთ, ზნეობრივ სიწმინდეს შევინარჩუნებთ (იგავ. 14:2).
2 ჩვენ დასახმარებლად იეჰოვამ წიგნ „იგავებში“ ბრძნული რჩევები ჩააწერინა, რომლებიც ყველა ქრისტიანისთვის საყურადღებოა ასაკისდა მიუხედავად.
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲨᲘᲨᲘ ᲒᲕᲘᲪᲐᲕᲡ
3. იგავების 17:3-ის თანახმად, რატომ უნდა დავიცვათ სიმბოლური გული? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
3 იეჰოვა გულების შემმოწმებელია და იმას ხედავს, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. ამიტომაც გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი სიმბოლური გული (წაიკითხეთ იგავების 17:3). იეჰოვას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მისი ბრძნული რჩევები, რომლებიც ჩვენს მარადიულ ბედნიერებას მოემსახურება (იოან. 4:14). ამ შემთხვევაში სატანა და მისი ქვეყნიერება ვერ მოახერხებს სულიერად და ზნეობრივად ჩვენს გარყვნას (1 იოან. 5:18, 19). რაც უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას, მით უფრო გაგვიღრმავდება მისადმი სიყვარული და პატივისცემა. ჩვენ არ გვინდა, გული ვატკინოთ ჩვენს ზეციერ მამას, ამიტომ არც კი ვუშვებთ იმ აზრს, რომ შეიძლება შევცოდოთ. პირიქით, როცა ცდუნების წინაშე ვართ, ვფიქრობთ: როგორ ვატკინო გული მას, ვინც ამხელა სიყვარულს ავლენს ჩემ მიმართ?! (1 იოან. 4:9, 10).
4. როგორ დაიცვა ღვთის შიშმა ერთი და უზნეობისგან?
4 ერთი ხორვატი და მართა, b რომელიც ცდუნების წინაშე იდგა, გვიყვება: „გონება დაბინდული მქონდა და ძალიან მიჭირდა, არ ავყოლოდი უზნეობის ჩადენის სურვილს. რომ არა იეჰოვას შიში, თავს ვერ მოვერეოდი“. ღვთის შიშმა აღძრა მართა, დაფიქრებულიყო, სადამდე მიიყვანდა არასწორი საქციელი. ჩვენც ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ცოდვას ჩავიდენთ, იეჰოვას ხომ გულს ვატკენთ და შეიძლება მისი მარადიულად მსახურების პატივიც დავკარგოთ (დაბ. 6:5, 6).
5. რა ისწავლეთ ლიოსგან?
5 ღვთისმოშიშ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ზერელე დამოკიდებულება უზნეობისადმი. ამაში კონგოში მცხოვრები ერთი ძმა ლიო საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა. ნათლობიდან 4 წლის შემდეგ ის ცუდ წრეში მოხვდა. თავიდან ლიო არ ჰყვებოდა მეგობრებს ცუდ საქციელში, ამიტომ ეგონა, რომ იეჰოვას თვალში არაფერს აშავებდა. თუმცა მალევე მანაც დაიწყო უზომოდ სმა და უზნეობის ჭაობში ჩაეფლო. რაღაც ეტაპზე ლიოს გაახსენდა, რას ასწავლიდნენ ღვთისმოშიში მშობლები და როგორი ბედნიერი იყო, როცა იეჰოვას ემსახურებოდა. ის მიხვდა, რომ არასწორ გზას ადგა და უხუცესების დახმარებით იეჰოვას დაუბრუნდა. დღეს ის ბედნიერია და კრებაში უხუცესად და სპეციალურ პიონერად მსახურობს.
6. რომელ ორ სიმბოლურ ქალზე ვისაუბრებთ?
6 დღეს სატანის ქვეყნიერება უზნეობის მორევშია ჩაძირული და ხალხისთვის ჩვეულ რამედ იქცა პორნოგრაფიის ყურება (ეფეს. 4:19). ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განვივითაროთ ღვთისადმი შიში და ზურგი ვაქციოთ ბოროტებას (იგავ. 16:6). ამაში თითოეულ ჩვენგანს, კაცსა თუ ქალს, დაგვეხმარება ის, რაც იგავების მე-9 თავშია ჩაწერილი ორი სიმბოლური ქალის შესახებ, რომლებიც სიბრძნესა და უგუნურებას განასახიერებენ (შეადარეთ რომაელების 5:14 და გალატელების 4:24). ერთიც და მეორეც გამოუცდელებს ანუ უგუნურებს ეპატიჟება, მოდით და ჭამეთ ჩემი პურიო (იგავ. 9:1, 5, 6, 13, 16, 17). თუმცა მათთან სტუმრობა ერთნაირად არ დასრულდება.
ᲐᲠ ᲒᲐᲘᲖᲘᲐᲠᲝᲗ ᲡᲣᲚᲔᲚᲗᲐ ᲮᲕᲔᲓᲠᲘ
7. რა ბედი ეწევათ სულელი ქალის სტუმრებს? (იგავები 9:13—18; იხილეთ აგრეთვე სურათი).
7 მოდი ჯერ სულელ ქალზე ვისაუბროთ (წაიკითხეთ იგავების 9:13—18). ის ურცხვად ეძახის გამოუცდელებს და თავისთან ეპატიჟება სუფრაზე. მაგრამ საინტერესოა, რა იქნება მათი ბოლო, ვინც მის მოწვევას მიიღებს. როგორც მე-18 მუხლიდან ვიგებთ, მისი სტუმრები „სამარის სიღრმეში განისვენებენ“. ამ სიტყვებმა შეიძლება იგავების მე-2 და მე-5 თავებში ჩაწერილი გაგახსენოთ. მე-2 თავი გვაფრთხილებს გახრწნილი და უზნეო ქალის შესახებ, რომლის სახლიც „სიკვდილში იძირება“, ხოლო მე-5 თავი გვაფრთხილებს კიდევ ერთი ქალის შესახებ, რომლის „ფეხიც სიკვდილისკენ მიემართება“ (იგავ. 2:11—19; 5:3—10).
8. რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ?
8 ის, რომ სულელი ქალისგან მოწვევას ვიღებთ, სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა ვეწვიოთ მას. ჩვენზეა დამოკიდებული, რა არჩევანს გავაკეთებთ, როცა ინტერნეტში, ჟურნალ-გაზეთებსა და ტელევიზიაში პორნოგრაფიულ თუ სხვა სახის უზნეო მასალას წავაწყდებით.
9, 10. რატომ უნდა ავარიდოთ თავი სექსუალურ უზნეობას?
9 არაერთი მიზეზი გვაქვს, მოვერიდოთ სექსუალურ უზნეობას. სულელი ქალი ცდილობს, დაარწმუნოს გამოუცდელები, რომ „მოპარული წყალი ტკბილია“. ბიბლიაში ცოლ-ქმარს შორის ინტიმური ურთიერთობა გამომაცოცხლებელ წყალსაა შედარებული (იგავ. 5:15—18). სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთმა ურთიერთობამ ცოლ-ქმარს სიამოვნება მიანიჭოს. მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით „მოპარულ წყალზე“, რაშიც, სავარაუდოდ, უზნეო საქციელი იგულისხმება. როგორც ქურდი ცდილობს, სხვებისგან მალულად მოიპაროს ნივთი, ისე უზნეობის ჩამდენი ცდილობს, დაუმალოს სხვებს ასეთი საქციელი. „მოპარული წყალი“ ადამიანს იმ შემთხვევაში შეიძლება მოეჩვენოს „ტკბილი“, თუ ის ფიქრობს, რომ უზნეო საქციელის შესახებ ვერავინ გაიგებს. მაგრამ ის ძალიან მწარედ ცდება, რადგან იეჰოვა ყველაფერს ხედავს. მართლაც, რა სიტკბოზეა საუბარი, როცა ადამიანი ყველაზე ძვირფას რამეს, იეჰოვასთან ურთიერთობას კარგავს! (1 კორ. 6:9, 10).
10 თუმცა უზნეობას სხვა შედეგებიც სდევს თან. მაგალითად, სირცხვილისა და უღირსობის გრძნობა, არასასურველი ორსულობა და დანგრეული ოჯახი. გონივრულად მოვიქცევით, თუ გვერდს ავუვლით სულელი ქალის სახლს და არ მივუსხდებით მის სუფრას. სულიერ ზიანს რომ თავი დავანებოთ, უზნეო ცხოვრების წესის გამო ადამიანს შეიძლება სასიკვდილო დაავადებაც დაემართოს (იგავ. 7:23, 26). როგორც ზემოთაც ვთქვით, სულელი ქალის სტუმრები „სამარის სიღრმეში განისვენებენ“. თუ ბოლო ასეთი საშინელია, მაშ რატომ იღებს ბევრი ამ ქალის მოწვევას? (იგავ. 9:13—18).
11. რატომ არის პორნოგრაფიის ყურება განსაკუთრებით საზიანო?
11 ერთ-ერთი, რისგანაც თავი შორს უნდა დავიჭიროთ, პორნოგრაფიაა. ზოგი მას უწყინარ გართობად მიიჩნევს, თუმცა პორნოგრაფია ადამიანისთვის ძალიან საზიანოა და ზნეობრივ დეგრადაციასა და დამოკიდებულებას იწვევს. უზნეო სცენები ღრმად იბეჭდება გონებაში და მათი ამოშლა ძალიან რთულია. მეტიც, პორნოგრაფია კი არ კლავს ჩვენში უზნეო სურვილებს, არამედ უფრო აღვივებს (კოლ. 3:5; იაკ. 1:14, 15). ფაქტია, ბევრი, ვინც პორნოგრაფიას უყურებს, სჩადის კიდეც უზნეობას.
12. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ისეთ სურათებს ვაწყდებით, რომლებიც პორნოგრაფიულ მასალად არ ითვლება?
12 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ უეცრად ჩვენი ელექტრონული მოწყობილობის ეკრანზე პორნოგრაფიული სურათი გამოჩნდება? ჩვენ მაშინვე უნდა დავხუროთ ის. ასე მოქცევა არ გაგვიჭირდება, თუ ვაფასებთ იეჰოვასთან მეგობრობას. მაგრამ რისი თქმა შეიძლება ისეთ სურათებზე, რომლებიც მთლად პორნოგრაფიული ხასიათის არაა, მაგრამ ვნებას აღძრავს? რაკი არ გვინდა, რომ უზნეო ფიქრებს გასაქანი მივცეთ, ასეთ მასალასაც უნდა მოვარიდოთ თვალი (მათ. 5:28, 29). ერთი ტაილანდელი უხუცესი დავიდი ამბობს: „როცა ისეთ სურათებს ვაწყდები, რომლებიც მაინცდამაინც პორნოგრაფიულ მასალად არ ითვლება, ვფიქრობ, რას იგრძნობს იეჰოვა, თუ მათ თვალიერებას მოვყვები. ამაზე დაფიქრება სწორად მოქცევაში მეხმარება“.
13. რა დაგვეხმარება სწორად მოქცევაში?
13 ღვთისმოშიშება გვიბიძგებს, სწორად მოვიქცეთ და გული არ ვატკინოთ იეჰოვას. როგორც იგავების 9:10-დან ვიგებთ, „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა“. სწორედ ამაზე მიდის საუბარი იგავების მე-9 თავის პირველ მუხლებში, სადაც სიბრძნესაც სიმბოლური ქალი განასახიერებს. c
ᲔᲖᲘᲐᲠᲔᲗ ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲔᲡ
14. რა განსხვავებულ მოწვევაზე მიდის საუბარი იგავების 9:1—6-ში?
14 წაიკითხეთ იგავების 9:1—6. ამ მუხლებში ვკითხულობთ კიდევ ერთი მოწვევის შესახებ, რომელიც ყოვლადბრძენი შემოქმედისგან და სიბრძნის წყაროსგან მოდის (იგავ. 2:6; რომ. 16:27). აქ ნახსენები სახლი, რომელსაც შვიდი სვეტი აქვს, საკმაოდ დიდია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვა გულუხვი მასპინძელია და გულთბილად იღებს ყველას, ვისაც სურს, მის სიბრძნეს ეზიაროს.
15. რისკენ მოგვიწოდებს იეჰოვა?
15 იეჰოვა გულუხვი მამაა და სწორედ ამიტომ ამ თვისებით გამოირჩევა ის სიმბოლური ქალიც, რომელიც სიბრძნეს განასახიერებს. იგავების 9:2-ში ამ ქალზე ნათქვამია, რომ „ხორცი მოამზადა, ღვინო შეაზავა და სუფრაც გაშალა“. ხოლო მე-4 და მე-5 მუხლებში ვკითხულობთ, რომ ის გამოუცდელებს ეძახის, მოდით და ჭამეთ ჩემი პურიო. რატომ უნდა მივიღოთ მისი მოწვევა და მის სუფრას მივუსხდეთ? იეჰოვას არ სურს, რომ მისმა შვილებმა მწარე გამოცდილებით ისწავლონ ჭკუა ან ისეთი შეცდომები დაუშვან, რომლებიც სანანებელი გაუხდებათ. პირიქით, მისი სურვილია, ისინი დაბრძენდნენ და ხიფათში არ ჩაცვივდნენ. ამიტომაც „სიბრძნეს უნახავს მართლებს“ (იგავ. 2:7). თუ ღვთის მოშიშები ვიქნებით, იმის სურვილიც გვექნება, რომ ვასიამოვნოთ მას, მოვუსმინოთ მის ბრძნულ რჩევა-დარიგებას და გავითვალისწინოთ (იაკ. 1:25).
16. რისკენ უბიძგა ღვთისმოშიშებამ ალენს და რა მოჰყვა ამას შედეგად?
16 განვიხილოთ, როგორ დაეხმარა ღვთისმოშიშება ერთ უხუცესს, ალენს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სწორი გადაწყვეტილება მიეღო. ის ამბობს: „სკოლაში ბევრი ჩემი კოლეგა ფიქრობდა, რომ პორნოგრაფიული ფილმების ყურებით ერთგვარ სექსუალურ განათლებას იღებდნენ“. თუმცა ალენი მათ გავლენაში არ მოექცა. როგორც თავად გვიყვება, ღვთისმოშიშების გამო ცივი უარი უთხრა თანამშრომლებს ასეთი ფილმების ყურებაზე და მიზეზიც აუხსნა. ის ითვალისწინებდა იგავების 9:6-ში ჩაწერილ ბრძნულ რჩევას და მიჰყვებოდა „გონიერთა გზას“. მისმა სიმტკიცემ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამშრომლებზე, რომ ზოგიერთმა ბიბლიის შესწავლაც დაიწყო და კრების შეხვედრებსაც ესწრება.
17, 18. რით ხარობენ დღეს ისინი, ვინც სიბრძნის სუფრას უსხედან და როგორი მომავალი ელით? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
17 ორ სიმბოლურ ქალზე მონათხრობიდან ვიგებთ, თუ რა არის საჭირო, რომ ბედნიერები ვიყოთ ახლაც და მარადიულადაც. მათთვის, ვინც სულელი ქალის მოწვევას ეხმაურება, მთავარი წუთიერი სიამოვნებაა ანუ „მოპარული წყლის“ სიტკბო. ისინი დღევანდელი დღით ცხოვრობენ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათი ბოლო „სამარის სიღრმე“ იქნება (იგავ. 9:13, 17, 18).
18 ისინი კი, ვინც სიბრძნის მოწვევას იღებენ, დიდებულ სუფრას უსხედან და ნოყიერ სულიერ საზრდოს მიირთმევენ (ეს. 65:13). იეჰოვა ასეთი სიტყვებით გვიწვევს: „ყური დამიგდეთ და ჭამეთ კარგი საჭმელი, რომ ისიამოვნოთ ნოყიერი საზრდოთი!“ (ეს. 55:1, 2). იეჰოვასგან მიღებული სიბრძნე გვეხმარება, შევიყვაროთ ის, რაც მას უყვარს და შევიძულოთ ის, რაც მას სძულს (ფსალმ. 97:10). ამასთან, დიდ სიხარულს გვგვრის, რომ ამ სუფრაზე სხვებსაც ვეპატიჟებით. ჩვენც თითქოსდა ქალაქის შემაღლებული ადგილებიდან ვიძახით: „გამოუცდელებო, აქეთ გადმოუხვიეთ!“. ისინი, ვინც ამ მოწვევას იღებენ და მიჰყვებიან „გონიერთა გზას“, ჩვენთან ერთად მხოლოდ დღეს კი არა, მარადიულად გაიხარებენ ცხოვრებით (იგავ. 9:3, 4, 6).
19. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი? (ეკლესიასტე 12:13, 14; იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „რატომ უნდა განვივითაროთ ღვთის შიში?“).
19 წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:13, 14. მოდი ყოველთვის გვქონდეს ღვთისადმი ჯანსაღი შიში, რათა დავიცვათ ჩვენი სიმბოლური გული და დავრჩეთ ზნეობრივად და სულიერად წმინდები. გარდა ამისა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, რომ ისინიც ეზიარონ ღვთის სიბრძნეს.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 127 როგორი ადამიანი უნდა ვიყო
a ყველას გვმართებს ღვთისადმი ჯანსაღი შიშის განვითარება, რომელიც იცავს ჩვენს სიმბოლურ გულს და გვეხმარება, არ გავებათ უზნეობისა და პორნოგრაფიის მახეში. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იგავების მე-9 თავში მოხსენიებულ ორ სიმბოლურ ქალზე, რომელთაგან ერთი სიბრძნეს განასახიერებს, ხოლო მეორე — უგუნურებას. ამ თავში მოხსენიებული რჩევები ჩვენი მარადიული ბედნიერების საწინდარი იქნება.
b ზოგი სახელი შეცვლილია.
c დედანში სიტყვა „სიბრძნე“ მდედრობითი სქესისაა და გაპიროვნებულია.