ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 25
უხუცესებო, მიჰბაძეთ გედეონს!
„დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე გედეონზე“ (ᲔᲑᲠ. 11:32).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124 მუდამ ერთგულები
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რა მიანდო იეჰოვამ უხუცესებს? (1 პეტრე 5:2).
ᲗᲐᲕᲘᲡ სამწყსოზე ზრუნვა იეჰოვამ კრებაში უხუცესებს მიანდო. ამ ერთგული ძმებისთვის დიდი პატივია, თანაქრისტიანებისთვის დაიხარჯონ. ამიტომ თავს არ ზოგავენ, რომ იეჰოვას ნდობა გაამართლონ (იერ. 23:4; წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:2). ნამდვილად დიდი ბედნიერებაა, რომ კრებებში ასეთი ძმები გვყავს.
2. რა და რა სირთულეს შეიძლება შეხვდნენ უხუცესები?
2 უხუცესები შეიძლება სხვადასხვა სირთულეს შეხვდნენ. ფაქტია, კრებაზე ზრუნვა თავისთავად შრომატევადი საქმეა, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ძმები ძალიან ბევრ საქმეს შეეჭიდებიან ხოლმე. მაგალითად, ერთი უხუცესი შეერთებული შტატებიდან, სახელად ტონი, მიხვდა, რომ მოკრძალება აკლდა. ის გვიყვება: „როცა კოვიდპანდემიამ იფეთქა, კრებაში სულ უფრო და უფრო მეტი რამ ავიღე საკუთარ თავზე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბიბლიის კითხვას, პირად შესწავლასა და ლოცვას სათანადო დროს ვეღარ ვუთმობდი“. ილირი კი, რომელიც კოსოვოში მსახურობს უხუცესად, სხვა სახის სირთულის წინაშე აღმოჩნდა. როცა მის ქვეყანაში ომმა იფეთქა, მას გაუჭირდა თეოკრატიული მითითებების მიყოლა. ის ამბობს: „ფილიალმა მთხოვა, რომ საომარი მოქმედებების ეპიცენტრში მცხოვრებ და-ძმებს დავხმარებოდი. ძალიან გამიჭირდა გაბედულების მოკრება. შეშინებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ მიღებული მითითება არაგონივრული იყო“. კიდევ ერთი უხუცესისთვის, ტიმისთვის, რომელიც აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში მისიონერად მსახურობს, ძალიან რთული აღმოჩნდა, თავი გაერთმია ყოველდღიური საქმეებისთვის. ის ამბობს: „ზოგჯერ ისე ვიღლებოდი გონებრივად და ისე ვიფიტებოდი ემოციურად, რომ აღარაფრის თავი აღარ მქონდა“. რა დაეხმარება უხუცესებს, რომლებიც მსგავს სირთულეებს ხვდებიან?
3. რატომ იქნება კარგი თითოეული ჩვენგანისთვის მსაჯული გედეონის მაგალითის განხილვა?
3 მსაჯულმა გედეონმა უხუცესებს კარგი მაგალითი დაუტოვა (ებრ. 6:12; 11:32). ის მწყემსავდა და იცავდა ღვთის ხალხს (მსაჯ. 2:16; 1 მატ. 17:6). გედეონის მსგავსად, უხუცესებსაც მძიმე დროში უწევთ ღვთის ხალხზე ზრუნვა (საქ. 20:28; 2 ტიმ. 3:1). თუმცა მისი მოკრძალება, თავმდაბლობა, მორჩილება და ამტანობა ყველა ქრისტიანისთვის სამაგალითოა. მისი მაგალითის განხილვა დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ჩვენი მუხლჩაუხრელი უხუცესები და მხარი დავუჭიროთ (ებრ. 13:17).
ᲠᲝᲪᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲙᲠᲫᲐᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲗᲐᲕᲛᲓᲐᲑᲚᲝᲑᲐ ᲘᲪᲓᲔᲑᲐ
4. რაში გამოჩნდა გედეონის მოკრძალება და თავმდაბლობა?
4 გედეონი მოკრძალებულიც იყო და თავმდაბალიც. b როცა იეჰოვამ გედეონს დაავალა, რომ ისრაელები მიდიანელთა ხელიდან ეხსნა, მან თავმდაბლურად აღიარა: „ჩემი შტო უმნიშვნელოა მენაშეს ტომში, მე კი უმცირესი ვარ მამაჩემის სახლში“ (მსაჯ. 6:15). ის ამ დავალებისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევდა, მაგრამ იეჰოვა არ შემცდარა თავის არჩევანში. მისი დახმარებით გედეონმა ამ საქმეს პირნათლად გაართვა თავი.
5. როდის შეიძლება გამოიცადოს უხუცესის მოკრძალება და თავმდაბლობა?
5 უხუცესები ცდილობენ, ყოველთვის მოკრძალებულები და თავმდაბლები იყვნენ (მიქ. 6:8; საქ. 20:18, 19). ისინი არ ამაყობენ თავიანთი ნიჭითა თუ უნარით და გაკეთებული საქმეებით. მეორე მხრივ, არც დაშვებული შეცდომების გამო თვლიან საკუთარ თავს უღირსად. ფაქტია, ყოველთვის ადვილი არ არის, რომ უხუცესი მოკრძალებული და თავმდაბალი იყოს. მაგალითად, მან შეიძლება ბევრი საქმის გაკეთება აიღოს საკუთარ თავზე და მოგვიანებით გააცნობიეროს, რომ ყველას სათანადოდ ვერ გაართმევს თავს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შესრულებული დავალების გამო შეაქონ ან პირიქით — გააკრიტიკონ. როგორ დაეხმარება უხუცესებს გედეონის მაგალითი ასეთ დროს?
6. რა მხრივ არის უხუცესებისთვის გედეონის მოკრძალება სამაგალითო? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
6 ითხოვეთ დახმარება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოკრძალებულმა ადამიანმა იცის საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი. გედეონი მოკრძალებულად მოიქცა და ითხოვა დახმარება (მსაჯ. 6:27, 35; 7:24). გონივრული იქნება, თუ უხუცესებიც მსგავსად მოიქცევიან. ზემოთ მოხსენიებული ტომი აღნიშნავს: «ჩემმა აღზრდამ განაპირობა, რომ უარს არასდროს ვამბობდი დავალებებზე და ზედმეტად ბევრ რამეს ვეჭიდებოდი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ოჯახური თაყვანისცემის დროს მოკრძალებაზე გვესაუბრა და მეუღლესაც ვკითხე, რაში მჭირდებოდა გაუმჯობესება. ამას გარდა, jw.org-ზე ვუყურე ვიდეორგოლს „იესოს მსგავსად ასწავლეთ, ენდეთ და ძალაუფლებით აღჭურვეთ“». ამის შემდეგ ტონიმ სხვებსაც სთხოვა დახმარება. ის ამბობს: „ახლა უკვე კრებაში საქმე სათანადოდ კეთდება და მეც მეტი დრო მაქვს იეჰოვასთან დასაახლოებლად“.
7. კიდევ რისი სწავლა შეუძლიათ უხუცესებს გედეონისგან? (იაკობი 3:13).
7 მძაფრი რეაქცია ნუ გექნებათ კრიტიკაზე. უხუცესების მოკრძალება და თავმდაბლობა მაშინაც იცდება, როცა მათ აკრიტიკებენ. მათ ამ დროსაც შეუძლიათ გაიხსენონ გედეონის მაგალითი. როცა ეფრემელებმა გედეონს დავა დაუწყეს, იგი წყობილებიდან არ გამოსულა, რადგან კარგად ესმოდა, რომ თავადაც არ იყო შეუცდომელი (მსაჯ. 8:1—3). მან ბოლომდე ათქმევინა ეფრემელებს სათქმელი და ეცადა, მშვიდი პასუხით განემუხტა სიტუაცია. უხუცესებიც გონივრულად მოიქცევიან, თუ ბოლომდე აცდიან სხვებს სათქმელს და კრიტიკაზე მძაფრი რეაქცია არ ექნებათ (წაიკითხეთ იაკობის 3:13). ამგვარად ისინი კრებაში მშვიდობასაც შეუწყობენ ხელს.
8. რა უნდა ახსოვდეთ უხუცესებს, როცა აქებენ? მოიყვანეთ მაგალითი.
8 ეცადეთ, ყოველთვის იეჰოვა განადიდოთ. როცა მიდიანელებზე გამარჯვების გამო პატივი გედეონს მიაგეს, მას არ შეუფერებია ეს და ყურადღება იეჰოვაზე გადაიტანა (მსაჯ. 8:22, 23). რისი სწავლა შეუძლიათ პასუხისმგებელ ძმებს გედეონისგან? როცა რამე კარგად გამოგდით და ამის გამო და-ძმები გაქებენ, ნუ დაგავიწყდებათ, ვისი დამსახურებაა ეს და დიდება იეჰოვას მიაგეთ (1 კორ. 4:6, 7). მაგალითად, თუ იმის გამო გაქებენ, რომ კარგი მასწავლებელი ხართ, და-ძმებს დაანახვეთ, რომ ღვთის სიტყვისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გარეშე ვერაფერს შეძლებდით. დროდადრო კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, უნებურად ზედმეტ ყურადღებას ხომ არ იქცევთ. განვიხილოთ ერთი ძმის, ტიმოთის, მაგალითი. თავიდან, როცა უხუცესად დაინიშნა, განსაკუთრებით საჯარო მოხსენებებით გამოსვლა მოსწონდა. ის ამბობს: „ისეთ შესავალს ვაკეთებდი და ისეთი მაგალითები მომყავდა ხოლმე, რომ უნებურად ყურადღება საკუთარ თავზე გადამქონდა და არა ბიბლიასა და იეჰოვაზე“. დროთა განმავლობაში ტიმოთი მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა, და ასეც მოიქცა (იგავ. 27:21). აი რას ამბობს ის ახლა: „და-ძმები მეუბნებიან ხოლმე, როგორ ეხმარებათ ჩემს თემაში მოსმენილი აზრები პრობლემებთან გამკლავებაში, განსაცდელების ატანაში და ღმერთთან დაახლოებაში. ქებაზე მეტ სიხარულს ასეთი სიტყვების მოსმენა მანიჭებს“.
რᲝᲪᲐ ᲛᲝᲠᲩᲘᲚᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲕᲚᲔᲜᲐ ᲠᲗᲣᲚᲘᲐ
9. როდის დასჭირდა გედეონს მორჩილებისა და გაბედულების გამოვლენა? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
9 მას შემდეგ, რაც იეჰოვამ გედეონი მსაჯულად დააყენა, მას მორჩილებისა და გაბედულების გამოვლენა დასჭირდა. გედეონს დაევალა, რომ დაენგრია ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამამისს ედგა. ეს საკმაოდ სახიფათო დავალება იყო (მსაჯ. 6:25, 26). მოგვიანებით კი, როცა მიდიანელებთან საბრძოლველად ჯარი შეკრიბა, იეჰოვამ ჯერ ორჯერ შეამცირებინა მებრძოლთა რაოდენობა, შემდეგ კი უთხრა, რომ მტერს შუაღამეს დასხმოდა თავს (მსაჯ. 7:2—7, 9—11).
10. რა და რა შემთხვევაში შეიძლება გამოიცადოს უხუცესის მორჩილება?
10 მორჩილების გამოვლენა უხუცესებსაც მართებთ (იაკ. 3:17). ისინი მზადყოფნით უნდა მიჰყვნენ წმინდა წერილებიდან და ღვთის ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს, რითაც სხვებსაც კარგ მაგალითს მისცემენ. მაგრამ ზოგჯერ მორჩილების გამოვლენა შეიძლება არც ისე ადვილი იყოს. მაგალითად მაშინ, როცა მითითებები ხშირად იცვლება და, ერთი შეხედვით, არაპრაქტიკული და არაგონივრული ჩანს. ზოგჯერ უხუცესებს ისეთ რამესაც სთხოვენ, რაც მათ შეიძლება თავისუფლების ფასად დაუჯდეთ. რა დაეხმარება უხუცესებს ასეთ დროს, რომ მორჩილება გამოავლინონ?
11. რისი გაკეთება მართებთ უხუცესებს?
11 კარგად გაეცანით მითითებებს და გაითვალისწინეთ. გედეონმა კონკრეტული მითითებები მიიღო, თუ როგორ უნდა დაენგრია ბაალის სამსხვერპლო, სად უნდა აეგო იეჰოვასთვის ახალი და რომელი ცხოველი შეეწირა მსხვერპლად. ის უყოყმანოდ მიჰყვა იეჰოვას მითითებებს. ღვთის სამწყსო სულიერად და ფიზიკურად დაცული რომ იყოს, უხუცესები ღვთის ორგანიზაციისგან სხვადასხვა სახით იღებენ მითითებებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ეს ძმები განუხრელად მიჰყვებიან თეოკრატიულ ხელმძღვანელობას, რაც მთელი კრებისთვის კურთხევაა (ფსალმ. 119:112).
12. როგორ დაეხმარება ებრაელების 13:17 უხუცესებს, როცა მითითებები იცვლება?
12 მზად იყავით, მოახდინოთ ცვლილებები. იეჰოვას მითითებით გედეონმა ისე შეამცირა მებრძოლთა რაოდენობა, რომ ერთი პროცენტიც კი არ დარჩა (მსაჯ. 7:8). ვინ იცის, შეიძლება გედეონს აფიქრებდა კიდეც, გაამართლებდა თუ არა ღვთის ეს მითითება. თუმცა ფაქტია, მან მორჩილება გამოავლინა. გედეონისა არ იყოს, უხუცესებიც მზად არიან, მიჰყვნენ ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს, როცა რაღაც ცვლილება ხდება (წაიკითხეთ ებრაელების 13:17). მაგალითად, 2014 წლიდან ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით, კრებებს აღარ მოუწევდათ ორგანიზაციისგან სესხის აღება დარბაზების ასაშენებლად (2 კორ. 8:12—14). ახლა ისეთ კრებებსაც შეუძლიათ დარბაზების აშენება სხვა კრებების გაღებული შესაწირავებით, რომლებსაც მანამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ერთი ძმა, ხოსე, ძალიან შეაფიქრიანა ამ ცვლილებამ. ის აღნიშნავს: „ვფიქრობდი, ერთ დარბაზსაც ვერ ავაშენებდით და ეს მიდგომა ჩვენთან ვერ გაამართლებდა“. რა დაეხმარა ხოსეს, რომ მაინც მხარი დაეჭირა ამ ცვლილებისთვის? ის ამბობს: „დავფიქრდი იგავების 3:5, 6-ში ჩაწერილ სიტყვებზე და მივხვდი, რომ იეჰოვას უნდა მივნდობოდი. იეჰოვამაც გვაკურთხა. ახლა იმაზე მეტ დარბაზს ვაშენებთ, ვიდრე უწინ და ამ ახალი მიდგომის წყალობით, ერთის ნამეტი ავსებს მეორის ნაკლულობას“.
13. ა) რაში იყო გედეონი დარწმუნებული? ბ) როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ გედეონს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 გაბედულად შეასრულეთ იეჰოვას ნება. გედეონმა საკმაოდ სახიფათო დავალება მიიღო და შიში დაეუფლა, თუმცა მაინც დაემორჩილა იეჰოვას (მსაჯ. 9:17). მას შემდეგ, რაც იეჰოვამ გედეონს მხარდაჭერა აღუთქვა, ის დარწმუნდა, რომ მისი დახმარებით შეძლებდა ღვთის ხალხის დაცვას. უხუცესები, რომლებიც ისეთ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია, გედეონს ჰბაძავენ. ისინი გაბედულებას იჩენენ და ორგანიზებას უწევენ კრების შეხვედრებსა და მსახურებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დააპატიმრონ, დაკითხონ, სამსახურიდან გაათავისუფლონ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. c უხუცესებს „დიდ გასაჭირშიც“ დასჭირდებათ გაბედულება, რომ საფრთხეების მიუხედავად, მიჰყვნენ მითითებებს, მაგალითად იმის შესახებ, როგორ გააცხადონ სეტყვისმაგვარი ცნობა და როგორ მოიქცნენ „გოგის“ თავდასხმისას (ეზეკ. 38:18; გამოცხ. 16:21).
ᲠᲝᲪᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲐᲛᲢᲐᲜᲝᲑᲐ ᲘᲪᲓᲔᲑᲐ
14. როგორ გამოიცადა გედეონის ამტანობა?
14 მსაჯულ გედეონს თავისი დავალების შესასრულებლად დიდი ამტანობა სჭირდებოდა. როცა მიდიანელები ღამით უკუიქცნენ, გედეონმა იზრეელის ველიდან მდინარე იორდანემდე სდია მათ, რომლის ნაპირიც, სავარაუდოდ, ბუჩქნარიანი იყო (მსაჯ. 7:22). შეაჩერა ამ დაბრკოლებამ გედეონი? დაღლილობის მიუხედავად, მან და მასთან მყოფმა 300-მა მებრძოლმა გადალახეს მდინარე და განაგრძეს დევნა. საბოლოოდ ისინი დაეწივნენ მიდიანელებს და გაჟლიტეს (მსაჯ. 8:4—12).
15. რამ შეიძლება გამოსცადოს უხუცესის ამტანობა?
15 ზოგჯერ შეიძლება კრებაზე და ოჯახზე ზრუნვამ უხუცესს ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ძალა გამოაცალოს. როგორ დაეხმარება მათ ასეთ დროს გედეონის მაგალითი?
16, 17. ა) რა დაეხმარა გედეონს, შეესრულებინა თავისი დავალება? ბ) რაში არ უნდა ეპარებოდეთ უხუცესებს ეჭვი? (ესაია 40:28—31; იხილეთ აგრეთვე სურათი).
16 გჯეროდეთ, იეჰოვა გაგაძლიერებთ. გედეონს სჯეროდა, რომ იეჰოვა გააძლიერებდა. მანაც არ გაუმტყუნა იმედი (მსაჯ. 6:14, 34). ერთხელ გედეონი თავის მებრძოლებთან ერთად ორ მიდიანელ მეფეს დაედევნა. ისინი ფეხით იყვნენ, მეფეები კი — როგორც ჩანს, აქლემებზე ამხედრებულნი (მსაჯ. 8:12, 21). თუმცა გედეონისა და მისი ხალხის შეუპოვრობა დაჯილდოვდა — ღვთის დახმარებით მათ დაამარცხეს მტრები. უხუცესებიც უნდა მიენდონ იეჰოვას, რომელიც „არასოდეს იღლება და იქანცება“. ისიც საჭირო დროს გააძლიერებს მათ (წაიკითხეთ ესაიას 40:28—31).
17 განვიხილოთ ერთი უხუცესი ძმის, მეთიუს, მაგალითი, რომელიც საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტში მსახურობს. მეთიუ გვიყვება, რა აძლევს ამ დავალების შესრულების ძალას: „საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი ფილიპელების 4:13-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში. ხშირად, როცა ისეთი დაღლილი ვარ, რომ აღარაფრის თავი აღარ მაქვს, გულმხურვალედ ვლოცულობ და ვევედრები იეჰოვას, რომ და-ძმების დასახმარებლად საჭირო ფიზიკური და გონებრივი რესურსი მქონდეს. ლოცვის შემდეგ ვგრძნობ, როგორ მავსებს იეჰოვა ძალით და მეხმარება, შევასრულო ჩემი დავალება“. გედეონის მსგავსად, უხუცესებიც ბევრს ირჯებიან და არაერთ სირთულესაც ხვდებიან ღვთის სამწყსოზე ზრუნვისას. ამიტომ მათ უნდა ესმოდეთ, სად გადის მათი შესაძლებლობების ზღვარი და იმაშიც უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ იეჰოვა შეისმენს მათ ლოცვას და გააძლიერებს (ფსალმ. 116:1; ფილ. 2:13).
18. რაში შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ გედეონს?
18 როგორც დავინახეთ, გედეონის მაგალითი უხუცესებისთვის დღესაც აქტუალურია. მათ მოკრძალება და თავმდაბლობა მართებთ, რომ იმაზე მეტი საქმის გაკეთება არ აიღონ საკუთარ თავზე, ვიდრე შეუძლიათ. ამ თვისებების გამოვლენა მათ მაშინაც სჭირდებათ, როცა აკრიტიკებენ ან აქებენ. გარდა ამისა, მათ მორჩილება და გაბედულება უნდა გამოავლინონ, მით უმეტეს, რომ ახლოვდება ამ ქვეყნიერების აღსასრული. დაბოლოს, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ რა სირთულესაც არ უნდა შეხვდნენ, ღმერთი გააძლიერებს. ნამდვილად, ასეთი გამრჯე მწყემსები ჩვენი მხრიდან დაფასებას იმსახურებენ (ფილ. 2:29).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 120 მიჰბაძეთ ქრისტეს და გქონდეთ რბილი ხასიათი
a მაშინ, როცა ისრაელს საკმაოდ რთული დრო ედგა, იეჰოვამ გედეონი დანიშნა თავისი ხალხის დასამწყემსად და დასაცავად. ის ამ დავალებას დაახლოებით 40 წლის მანძილზე პირნათლად ასრულებდა. თუმცა ამ ხნის განმავლობაში არაერთ სირთულეს შეხვდა. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ დაეხმარება გედეონის მაგალითი უხუცესებს, რომლებიც მის მსგავსად არაერთ სირთულეს ხვდებიან.