ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 25
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 7 იეჰოვა, ჩვენო ძალავ!
გახსოვდეთ, იეჰოვა ცოცხალი ღმერთია!
„ცოცხალი ღმერთია იეჰოვა!“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 18:46).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან დავინახავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია.
1. რა დაგვეხმარება, არ შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება სირთულეების მიუხედავად?
ᲓᲦᲔᲡ არავის აქვს დალხენილი ცხოვრება, რადგან „მძიმე და ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1). თუმცა იეჰოვას ხალხს მდგომარეობას ისიც ურთულებს, რომ წინააღმდეგობასა და დევნას ხვდებიან. რა გვეხმარება, ამ ყველაფრის ფონზე არ შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება? ერთ-ერთი, რაც ძალას გვმატებს, იმის ცოდნაა, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია (იერ. 10:10; 2 ტიმ. 1:12).
2. რატომ ვამბობთ, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია?
2 იეჰოვა რეალური პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის ამჩნევს, რა ხდება ჩვენს თავს, და მზადაა, დაგვეხმაროს (2 მატ. 16:9; ფსალმ. 23:4). ამის ცოდნა ნებისმიერი სირთულის ატანის ძალას გვაძლევს. ეს კარგად ჩანს დავითის მაგალითიდანაც.
3. რატომ თქვა დავითმა, რომ იეჰოვა „ცოცხალი ღმერთია“?
3 დავითი ყოველთვის ენდობოდა იეჰოვას და ხედავდა კიდეც მის ხელს თავის ცხოვრებაში. როცა მოსაკლავად დასდევდნენ, იეჰოვას მიმართავდა ლოცვით და ისიც იხსნიდა მას (ფსალმ. 18:6). ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილების ფონზე დავითმა თამამად თქვა: „ცოცხალი ღმერთია იეჰოვა!“ (ფსალმ. 18:46). ფაქტია, ამ სიტყვებით დავითს იმის თქმა არ სურდა, რომ ღვთის არსებობის სწამდა. როგორც ერთ ნაშრომშია ნათქვამი, დავითმა იმას გაუსვა ხაზი, რომ „იეჰოვა ყოველთვის მხარში უდგას თავის ხალხს“. ამის ცოდნა დავითს იეჰოვას განდიდების სურვილს აღუძრავდა და იმის ძალას აძლევდა, რომ არ შეეწყვიტა მისი მსახურება (ფსალმ. 18:28, 29, 49).
4. რატომ არის მნიშვნელოვანი, გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია?
4 რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია? იმიტომ რომ ეს სირთულეების ატანის ძალას მოგვცემს და ძლიერ სურვილს აღგვიძრავს, ბოლომდე დავიხარჯოთ იეჰოვასთვის. თანაც არაფერს მივცემთ იმის უფლებას, რომ მასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს.
„ᲪᲝᲪᲮᲐᲚᲘ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ“ ᲒᲐᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲗ!
5. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული? (ფილიპელები 4:13).
5 თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია და მზად არის, დაგვეხმაროს, ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებას შევძლებთ. ის ხომ ყოვლისშემძლეა და მისთვის გადაულახავი პრობლემები არ არსებობს. ამიტომ სირთულეების პირისპირ არაფერმა უნდა შეგვაშინოს (წაიკითხეთ ფილიპელების 4:13). იეჰოვასადმი ნდობას ისიც განგვიმტკიცებს, თუ პატარ-პატარა სირთულეების დროს გამოვცდით, როგორ გვეხმარება ის.
6. რამ განუმტკიცა დავითს იეჰოვასადმი ნდობა?
6 განვიხილოთ, რამ განუმტკიცა ახალგაზრდობაში დავითს იეჰოვასადმი ნდობა. როცა ის მამის ფარას მწყემსავდა, ერთხელ დათვმა გაიტაცა ცხვარი, მეორეჯერ კი — ლომმა. მან ორივეჯერ დაიხსნა ცხვარი, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე დამოუკიდებლად შეძლო ეს (1 სამ. 17:34—37). დავითი ამ შემთხვევებზე ხშირად ფიქრობდა. სწორედ ამან შემატა იმის რწმენა, რომ იეჰოვა სხვა დროსაც მის გვერდით იქნებოდა.
7. სხვებისგან განსხვავებით როგორ შეაფასა დავითმა სიტუაცია და რაში დაეხმარა ეს?
7 ვნახოთ, როგორ დაეხმარა მოგვიანებით დავითს მიღებული გამოცდილება. როცა ფილისტიმელთა ჯარი ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდა, ისინი ძალიან შეაშინა მათმა ერთმა მებრძოლმა, გოლიათმა, რომელიც „ისრაელის ლაშქარს“ დასცინოდა (1 სამ. 17:10, 11, 24, 25). თუმცა იქ მისულ დავითს საერთოდ არ შეშინებია, რადგან მათგან განსხვავებით მიხვდა, რომ გოლიათი სინამდვილეში ცოცხალ ღმერთს დასცინოდა (1 სამ. 17:26). იეჰოვას მხარდაჭერაში დარწმუნებული ის გოლიათს შეებრძოლა და დაამარცხა კიდეც (1 სამ. 17:45—51). საიდან ჰქონდა ასეთი სიმამაცე? მას არასდროს ავიწყდებოდა, რაც იეჰოვას მისთვის ჰქონდა გაკეთებული.
8. როგორ განვიმტკიცოთ იმის რწმენა, რომ სირთულეების დროს იეჰოვა მხარში ამოგვიდგება? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
8 დავითის მსგავსად ჩვენც შევძლებთ ნებისმიერი სირთულის გადალახვას, თუ გვემახსოვრება, რომ ცოცხალი ღმერთი მზადაა ჩვენ დასახმარებლად (ფსალმ. 118:6). ამაში იმაზე ფიქრიც დაგვეხმარება, რაც იეჰოვას წარსულში ჩვენთვის თუ სხვებისთვის გაუკეთებია. შესაძლოა დავითივით დათვი და ლომი არ დაგიმარცხებიათ, მაგრამ ფაქტია, იეჰოვას ხელი არაერთხელ გიგრძნიათ. რომ არა იეჰოვა მას ვერ დაუახლოვდებოდით და ვერც აქამდე მოხვიდოდით (იოან. 6:44). ამიტომ სთხოვეთ, გაგახსენოთ კონკრეტული შემთხვევები, როცა ლოცვაზე გიპასუხათ და ზუსტად მაშინ ამოგიდგათ მხარში, როცა ეს განსაკუთრებულად გჭირდებოდათ. დაფიქრდით სხვების შემთხვევებზეც. შეიხსენეთ ბიბლიიდან, როგორ იხსნიდა იეჰოვა თავის მსახურებს (ეს. 37:17, 33—37). გაეცანით ჩვენს ვებსაიტზე განთავსებულ ვიდეოებსა თუ სტატიებსაც, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ უჭერს იეჰოვა მხარს თავის მსახურებს თანამედროვე დროს. თუ ხშირად იფიქრებთ იმაზე, რაც იეჰოვას თქვენთვის თუ სხვებისთვის გაუკეთებია, ეს განგიმტკიცებთ რწმენას, რომ ის მომავალშიც თქვენ გვერდით იქნება.
9. რა უნდა გვახსოვდეს, როცა სირთულეების პირისპირ ვართ? (იგავები 27:11).
9 შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობას ხვდებით, ეკონომიკური პრობლემები გაქვთ, ქადაგებისას ხალხი გულგრილად გექცევათ ან სხვა სირთულეების პირისპირ დგახართ. მაგრამ, თუ გეხსომებათ, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია, შეძლებთ სიტუაციის სწორად შეფასებას. რატომ ვამბობთ ამას? ჩვენ არ გვავიწყდება, რომ საკამათო საკითხში ვართ ჩართული. სატანა ხომ ბრალს სდებს ადამიანებს, რომ სირთულეების პირისპირ ზურგს აქცევენ იეჰოვას (იობ. 1:10, 11; წაიკითხეთ იგავების 27:11). მაგრამ, თუ სწორი ხედვა გვექნება და იეჰოვასადმი ერთგულებას შევინარჩუნებთ, ამით ვაჩვენებთ, რომ სატანა ცრუა. მეტიც, იეჰოვას სიყვარულს დავუმტკიცებთ და გულს გავუხარებთ. ისიც არ დაგვავიწყდება, რომ იეჰოვა არ დაუშვებს იმაზე მეტს, რისი ატანაც შეგვიძლია და მოთმინების ძალასაც მოგვცემს (1 კორ. 10:13).
ᲪᲝᲪᲮᲐᲚᲘ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲓᲐᲒᲐᲯᲘᲚᲓᲝᲔᲑᲗ
10. რით დააჯილდოებს ცოცხალი ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს?
10 იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს დღეს შინაგან სიმშვიდეს და კმაყოფილებას ჰგვრის, მომავალში კი მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (ებრ. 11:6). თუ ეჭვი არ შეგვეპარება, რომ იეჰოვას ამის სურვილიც აქვს და ძალაც, ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად ჩვენც ბოლომდე დავიხარჯებით მისთვის. ამის კარგი მაგალითია ტიმოთე (ებრ. 6:10—12).
11. რატომ ირჯებოდა ტიმოთე კრებისთვის? (1 ტიმოთე 4:10).
11 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:10. ტიმოთეს ცოცხალი ღვთის იმედი ჰქონდა, ამიტომ თავს არ ზოგავდა და ბევრს ირჯებოდა მსახურებაში. ის ითვალისწინებდა პავლეს რჩევას და ცდილობდა, უკეთესი მქადაგებელი და თანაქრისტიანებისთვის კარგი მასწავლებელი გამხდარიყო. ამასთანავე, ის ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც კარგ მაგალითს აძლევდა და არც რთული დავალებების შესრულებაზე ამბობდა უარს. მაგალითად, როცა საჭირო იყო, შეაგონებდა და-ძმებს, ოღონდ ამას სიყვარულით აკეთებდა (1 ტიმ. 4:11—16; 2 ტიმ. 4:1—5). მაშინაც კი, თუ მის შრომას ვერ ამჩნევდნენ ან არ აფასებდნენ, ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დაუფასებდა შრომას (რომ. 2:6, 7).
12. რა ეხმარება უხუცესებს, გაისარჯონ კრებისთვის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
12 დღესაც უხუცესები ბევრს ირჯებიან კრებისთვის, მაგალითად, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ, ასწავლიან თანაქრისტიანებს და მათთან ერთად ქადაგებენ. ამას გარდა, ზოგი სამშენებლო პროექტებში იღებს მონაწილეობას და მსახურობს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტში, პაციენტთა მონახულების ჯგუფში ან საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტში. უხუცესებს ესმით, რომ კრება მათ კი არა, ღმერთს ეკუთვნის. ამიტომ ეჭვი არ ეპარებათ, რომ იეჰოვა ხედავს და აფასებს მათ შრომას. ეს კი, თავის მხრივ, მათ მოტივაციას აძლევს, მთელი გულით შეასრულონ თავიანთი დავალებები იმაში დარწმუნებულებმა, რომ იეჰოვა დააჯილდოებს მათ შრომისთვის (კოლ. 3:23, 24).
13. რაში უნდა ვიყოთ ყველანი დარწმუნებულები?
13 ფაქტია, უხუცესად ყველა ვერ ვიმსახურებთ, მაგრამ იეჰოვასთვის რაღაცის გაკეთება ყველას შეგვიძლია. მას შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედი შესაწირავი. მას ისიც ახარებს, რომ სიმორცხვის მიუხედავად გაბედულებას ვიკრებთ და კრების შეხვედრაზე კომენტარს ვაკეთებთ. აგრეთვე, აბედნიერებს, როცა ხედავს, რომ თვალს ვხუჭავთ სხვების შეცდომებზე. რომც ფიქრობდეთ, რომ ბევრს ვერაფერს აკეთებთ, გახსოვდეთ, იეჰოვა ხედავს, რომ ეს თქვენი მაქსიმუმია და ძალიან აფასებს. გჯეროდეთ, ის აუცილებლად დაგაჯილდოვებთ (ლუკ. 21:1—4).
ᲨᲔᲘᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲗ ᲐᲮᲚᲝ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲪᲝᲪᲮᲐᲚ ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ!
14. როგორ დაგვეხმარება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ერთგულების შენარჩუნებაში? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 იოსების შემთხვევიდან კარგად ჩანს, რა არის საჭირო, რომ ღმერთს ვუერთგულოთ. იეჰოვა მისთვის რეალური პიროვნება იყო და არ სურდა, ისეთი რამ გაეკეთებინა, რაც მას გულს ატკენდა (დაბ. 39:9). ამიტომ, როცა ცდუნების წინაშე დადგა, მტკიცე პოზიცია დაიკავა. თუ იეჰოვა ჩვენთვისაც რეალური პიროვნება იქნება და მასთან ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ, ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც მას გულს ატკენს (იაკ. 4:8). მაგრამ იეჰოვა ყოველთვის რეალური რომ იყოს ჩვენთვის, საჭიროა ლოცვა და მისი სიტყვის შესწავლა.
15. რა დაემართათ ისრაელებს და რას ვსწავლობთ მათი მაგალითიდან? (ებრაელები 3:12).
15 ის, რაც ისრაელებს უდაბნოში დაემართათ, გვიჩვენებს, რამდენად სახიფათოა, როცა ადამიანი აღარ აღიქვამს იეჰოვას ცოცხალ ღმერთად. მართალია, მათ ეჭვი არ შეუტანიათ იეჰოვას არსებობაში, მაგრამ იმაზე დაიწყეს ფიქრი, იზრუნებდა თუ არა ის მათზე. მათ ისიც კი იკითხეს, „არის თუ არა იეჰოვა ჩვენ შორისო“ (გამ. 17:2, 7). საბოლოოდ, იქამდეც კი მივიდნენ, რომ ეურჩნენ იეჰოვას. რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გამაფრთხილებელი მაგალითია (წაიკითხეთ ებრაელების 3:12).
16. რამ შეიძლება შეგვირყიოს რწმენა?
16 დღეს ბევრი, ვინც უარყოფს ღვთის არსებობას და არად აგდებს მის ნორმებს, ერთი შეხედვით, ბედნიერი ჩანს. ფაქტია, ამის გამო ეჭვი არ შეგვეპარება ღვთის არსებობაში, თუმცა შეიძლება რწმენა შეგვერყეს და იეჰოვას მხარდაჭერაში დავეჭვდეთ. სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა 73-ე ფსალმუნის დამწერი. ის ხედავდა, როგორ არხეინად ცხოვრობდნენ ისინი, ვინც ღვთის კანონს არღვევდა, და იმაზე დაიწყო ფიქრი, საერთოდ ღირდა თუ არა ღვთის მსახურება (ფსალმ. 73:11—13).
17. რა დაგვეხმარება, არ ჩამოვშორდეთ იეჰოვას?
17 საბედნიეროდ, ფსალმუნმომღერალი გონს მოეგო. რა დაეხმარა მას ამაში? ის დაფიქრდა, რა ბოლო ელოდა მათ, ვინც იეჰოვას ზურგს აქცევდა, და მათგან განსხვავებით, როგორ უფასდებოდათ ერთგულება ღვთის მსახურებს (ფსალმ. 73:18, 19, 24, 27). კარგი იქნება, ჩვენც დავფიქრდეთ, რამდენი რამ შესძინა ჩვენს ცხოვრებას იეჰოვას მსახურებამ და სად ვიქნებოდით მის გარეშე. ამ შემთხვევაში გაგვიადვილდება ერთგულების შენარჩუნება და ჩვენც ფსალმუნმომღერალივით ვიტყვით: „ჩემთვის კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ფსალმ. 73:28).
18. რატომ არ უნდა გვაშინებდეს მომავალი?
18 ჩვენ „ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს“ ვემსახურებით, ამიტომ ეჭვი არ გვეპარება, რომ რა სირთულესაც არ უნდა შევხვდეთ ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“, ის ჩვენზე აუცილებლად იზრუნებს (1 თეს. 1:9). იეჰოვა ხომ ოდითგან ედგა მხარში თავის მსახურებს, ამიტომ გჯეროდეთ, ის არც მოახლოებული „დიდი გასაჭირის“ დროს დაგტოვებთ მარტო (ეს. 41:10). ჩვენ გულდაჯერებულები ვამბობთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრ. 13:5, 6).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო