ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 23
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 28 იეჰოვასთან დამეგობრება
იეჰოვა თავის კარავში გვიწვევს
„ჩემს კარავს მათთან დავდგამ, მე მათი ღმერთი ვიქნები“ (ᲔᲖᲔᲙ. 37:27).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ეს სტატია უკეთ დაგვანახვებს, რას ნიშნავს იეჰოვას სიმბოლურ კარავში სტუმრობა და როგორი მასპინძელია ის.
1, 2. სად გვიწვევს იეჰოვა? ახსენით.
ᲕᲘᲜ არის თქვენთვის იეჰოვა? ალბათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ. შეიძლება ასეთი სიტყვებიც თქვათ: „იეჰოვა ჩემი მამა, ჩემი ღმერთი და ჩემი მეგობარია“. თუმცა თქვენს მასპინძლად თუ მიიჩნევთ მას?
2 საინტერესოა, რომ მეფე დავითმა იეჰოვა სწორედ მასპინძელს შეადარა, მისი თაყვანისმცემლები კი — სტუმრებს. აი რა თქვა მან: „იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?“ (ფსალმ. 15:1). მართლაც, რამხელა პატივია, რომ იეჰოვა სტუმრად გვიწვევს ანუ მეგობრობას გვთავაზობს!
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲙᲐᲠᲐᲕᲨᲘ ᲒᲕᲘᲬᲕᲔᲕᲡ
3. ვინ მიიწვია იეჰოვამ პირველად თავის კარავში და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ერთმანეთის მიმართ?
3 სანამ შემოქმედებას დაიწყებდა, იეჰოვა მარტო იყო. მაგრამ შემდეგ მან თავისი პირმშო, იესო, შექმნა და, ასე ვთქვათ, თავის კარავში მიიწვია. ერთმანეთთან ურთიერთობა „სტუმარსაც“ და „მასპინძელსაც“ დიდ სიხარულს ანიჭებდა (იგავ. 8:30).
4. კიდევ ვინ მიიწვია იეჰოვამ თავის კარავში?
4 მოგვიანებით იეჰოვამ სხვა ანგელოზებიც შექმნა და თავის კარავში მიიწვია. ის მათ თავის ძეებად მიიჩნევდა და ისინიც ხარობდნენ მასთან ურთიერთობით (იობ. 38:7; დან. 7:10). წლების მანძილზე იეჰოვას სტუმრები მხოლოდ ზეცის მკვიდრნი იყვნენ. თუმცა მოგვიანებით მან ადამიანებიც შექმნა და ისინიც მიიწვია თავის კარავში. მიწვეულთა შორის იყვნენ ენოქი, ნოე, აბრაამი და იობიც. ისინი „ჭეშმარიტი ღვთის გზით“ დადიოდნენ, ამიტომ იეჰოვა მათ თავის მეგობრებად მიიჩნევდა (დაბ. 5:24; 6:9; იობ. 29:4; ეს. 41:8).
5. რას ვიგებთ ეზეკიელის 37:26, 27-დან?
5 კარავში ადამიანების მიწვევა იეჰოვას დღესაც არ შეუწყვეტია. სწორედ ამ აზრს უსვამს ხაზს ეზეკიელის წინასწარმეტყველებაც (წაიკითხეთ ეზეკიელის 37:26, 27). ამ წინასწარმეტყველებაში იეჰოვა დაჰპირდა თავის თაყვანისმცემლებს, რომ მშვიდობის შეთანხმებას დაუდებდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მათთან მეგობრობა სურდა. ეს წინასწარმეტყველება ჩვენს თვალწინ სრულდება — დღეს როგორც ზეციერი, ისე მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები „ერთ სამწყსოს“ წარმოვადგენთ და ერთად ვართ მიწვეული იეჰოვას კარავში (იოან. 10:16).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲛᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲘ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲔᲚᲘᲐ
6. როდის შევდივართ იეჰოვას კარავში და სად მდებარეობს ის?
6 ბიბლიურ დროში ადამიანი კარავში ისვენებდა და მას უამინდობისა და სიცხის დროს თავს აფარებდა. კარავში სტუმარსაც ეპატიჟებოდნენ და, როგორც წესი, გულუხვად უმასპინძლდებოდნენ. იეᲰოვაც ასე ზრუნავს მათზე, ვისაც თავის კარავში იწვევს. მათ იქ სასიამოვნო ატმოსფერო ხვდებათ — უხვი სულიერი საზრდო და იეჰოვას სხვა სტუმრები. როდის შედის ადამიანი მის კარავში? ეს მაშინ ხდება, როცა თავს უძღვნის იეჰოვას (ფსალმ. 61:4). აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კარავი ყველგანაა, სადაც იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან (გამოცხ. 21:3). ამის მოწმენი განსაკუთრებით მაშინ ვხდებით, როცა საერთაშორისო თუ სპეციალურ კონგრესს ვესწრებით და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანაქრისტიანებს ვეცნობით.
7. სიკვდილით მთავრდება იეჰოვას კარავში სტუმრობა? ახსენით (იხილეთ აგრეთვე სურათი).
7 სიკვდილით მთავრდება იეჰოვას კარავში სტუმრობა? არა, რადგან ღვთის ერთგული მსახურები მის მეხსიერებაში კვლავაც ცოცხლები არიან. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდანაც: «მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა, როცა ეკლიანი ბუჩქის შესახებ დაწერა — მან იეჰოვას „აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“ უწოდა. ის მკვდრების კი არა, ცოცხლების ღმერთია, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან» (ლუკ. 20:37, 38).
ᲙᲐᲠᲐᲕᲨᲘ ᲧᲝᲤᲜᲐ ᲒᲕᲘᲪᲐᲕᲡ ᲓᲐ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡᲐᲪ ᲒᲕᲐᲙᲘᲡᲠᲔᲑᲡ
8. რისგან გვიცავს იეჰოვას კარავში ყოფნა?
8 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარავი თავშესაფარიც იყო და მოსასვენებელი ადგილიც. მსგავსად, იეჰოვას კარავიც გვიცავს იმ ყველაფრისგან, რაც საფრთხეს უქმნის მასთან ჩვენს ურთიერთობას. ამასთანავე, ამ კარვის სტუმრებს არც უიმედობა გვიპყრობს, რადგან ჩვენმა მასპინძელმა მომავლის უტყუარი იმედი გვიბოძა. ახალ ქვეყნიერებაში კი იეჰოვა სხვა მხრივაც დაგვიცავს — ის ბოლოს მოუღებს სიკვდილს (გამოცხ. 21:4). ასე რომ, თუ იეჰოვასთან ახლოს ვიქნებით, სატანა ვერ შეძლებს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანის მოყენებას (ფსალმ. 31:23; 1 იოან. 3:8).
9. რას მოელის იეჰოვა თავისი სტუმრებისგან?
9 როცა ვინმე თავისთან სტუმრად გვეპატიჟება, ვცდილობთ, ისე მოვიქცეთ, როგორც მას ესიამოვნება. მაგალითად, არასდროს შევალთ ვინმესთან ფეხსაცმლით, თუ ეს მას არ სიამოვნებს. მსგავსი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იეჰოვას კარავში სტუმრობაზეც. ის ხომ მხოლოდ ჩვენი მეგობარი კი არა, მამა და ღმერთიცაა. ამიტომ მისადმი სიყვარულით და მოშიშებით აღძრულები უდიდეს პატივად მივიჩნევთ მასთან სტუმრობას (ფსალმ. 25:14). ჩვენ გვინდა, მოკრძალებით ვიაროთ მის წინაშე და არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რითაც გულს ვატკენდით (მიქ. 6:8). პირიქით, ყველანაირად ვეცდებით, ვასიამოვნოთ მას (კოლ. 1:10).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲛᲘᲣᲙᲔᲠᲫᲝᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲔᲚᲘᲐ
10, 11. რა მაგალითს განვიხილავთ იმის უკეთ დასანახვებლად, რომ იეჰოვა მიუკერძოებელი მასპინძელია?
10 იეჰოვა მიწვეულ სტუმრებს ერთმანეთისგან არ არჩევს (რომ. 2:11). ამის უკეთ დასანახვებლად განვიხილოთ, როგორ ეპყრობოდა ის ისრაელებს სინაის უდაბნოში.
11 მას შემდეგ, რაც თავისი ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა, იეჰოვამ მღვდლები კარავში მსახურებისთვის დანიშნა, სხვა ლევიანები კი მათ დამხმარეებად დააყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი ებრაელი კარვის სიახლოვეს იყო დაბანაკებული. მაგრამ ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვა სხვებზე მეტად აქცევდა მათ ყურადღებას? რა თქმა უნდა, არა. ის ხომ მიუკერძოებელი ღმერთია!
12. საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა მიუკერძოებელი მასპინძელია? (გამოსვლა 40:38; იხილეთ აგრეთვე სურათი).
12 სინამდვილეში იეჰოვას სიმბოლურ კარავში სტუმრობა ანუ მასთან ახლო ურთიერთობა ყველა ებრაელს ერთნაირად შეეძლო, მიუხედავად იმისა, სად იყო დაბანაკებული ან რა დავალებას ასრულებდა. იეჰოვა განურჩევლად ყველას უწევდა მფარველობას და ხელმძღვანელობას. მაგალითად, მთელ ერს შეეძლო კარვის თავზე დღისით ღრუბლის სვეტის დანახვა, ხოლო ღამით — ცეცხლის სვეტის (წაიკითხეთ გამოსვლის 40:38). როცა ღრუბლის სვეტი დაიძვრებოდა, კარვიდან ყველაზე შორს დაბანაკებულებიც დაინახავდნენ ამას და შეძლებდნენ დროულად აბარგებულიყვნენ და სხვებთან ერთად გასდგომოდნენ გზას (რიცხ. 9:15—23). ამასთანავე, მთელ ერს ესმოდა ორი ვერცხლის საყვირის ხმა, რომელიც მიანიშნებდა, რომ უნდა დაძრულიყვნენ (რიცხ. 10:2). აქედან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა იმაზე არ იყო დამოკიდებული, ვინ სად იყო დაბანაკებული. ეს ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, იეჰოვა სიყვარულს, მზრუნველობასა და ყურადღებას არ მოგვაკლებს.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲣᲙᲔᲠᲫᲝᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲔᲑᲘ
13. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა დღესაც მიუკერძოებელი მასპინძელია?
13 დღეს ზოგი იეჰოვას მოწმე ბეთელში მსახურობს, ზოგიც მთავარ სამმართველოსთან ან რომელიმე ფილიალთან ახლოს ცხოვრობს. შესაბამისად, ასეთ და-ძმებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ბეთელის საქმიანობაში და პირადად ჰქონდეთ მათთან ურთიერთობა, ვინც ხელმძღვანელობას გვიწევს. ზოგიც სარაიონო თუ სხვა სახის სპეციალურ სრული დროით მსახურებაშია ჩართული. თუმცა, ცხადია, იეჰოვას მოწმეთა უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომელიმე ასეთი სახის მსახურებაში ჩაებას. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იეჰოვას ძალიან უყვარხართ და პირადად ზრუნავს თქვენზე (1 პეტ. 5:7). ის არცერთ თავის სტუმარს არ მოაკლებს სულიერ საზრდოს და გაუწევს მფარველობასა და ხელმძღვანელობას.
14, 15. კიდევ რა მოწმობს იეჰოვას მიუკერძოებლობაზე? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
14 იეჰოვას მიუკერძოებლობა იქიდანაც ჩანს, რომ მისი სიტყვა მთელ მსოფლიოში ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. მართალია, ბიბლია თავდაპირველად ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ, ვინც ეს ენები იციან, იეჰოვასთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ (მათ. 11:25).
15 იეჰოვამ იზრუნა, რომ მისი სიტყვა ათასობით ენაზე ყოფილიყო ნათარგმნი და ყველას შეძლებოდა მისი გაგება. შესაბამისად, რა ენაზეც არ უნდა საუბრობდეს ადამიანი და რა განათლებაც არ უნდა ჰქონდეს მიღებული, მას შეუძლია ეზიაროს ღვთის სიბრძნეს და დაუმეგობრდეს მას (2 ტიმ. 3:16, 17).
ᲓᲐᲠᲩᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲙᲐᲠᲐᲕᲨᲘ
16. რა შემთხვევაში შევძლებთ იეჰოვას კარავში დარჩენას? (საქმეები 10:34, 35).
16 მართლაც, უდიდესი პატივია იეჰოვას სიმბოლურ კარავში სტუმრობა. ის ხომ ყველაზე კეთილი, მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე მასპინძელია. თანაც თავისთან განურჩევლად ყველას ეპატიჟება. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარმომავლობას, რასას, სქესსა თუ ასაკს და არც იმას, სად ცხოვრობს ის. ერთადერთი, რასაც ის თავისი სტუმრებისგან მოელის, მორჩილებაა (წაიკითხეთ საქმეების 10:34, 35).
17. საიდან ვიგებთ, რა მოთხოვნებს უყენებს იეჰოვა თავის სტუმრებს?
17 ფსალმუნმომღერალმა დავითმა ასეთი კითხვა წამოჭრა: „იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?“ (ფსალმ. 15:1). შემდეგ კი ღვთის შთაგონებით თავადვე უპასუხა ამ კითხვას. მისი პასუხიდან ვიგებთ, კონკრეტულად რას მოითხოვს იეჰოვა მათგან, ვისაც მის კარავში დარჩენა სურს. მომდევნო სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 32 დადექით იეჰოვას მხარეს!