ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 26
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 8 იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი
იეჰოვა ჩვენი კლდეა!
„მხოლოდ შენა ხარ კლდესავით მტკიცე“ (1 ᲡᲐᲛ. 2:2).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომ არის იეჰოვა შედარებული კლდეს და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.
1. რას შეადარა დავითმა იეჰოვა? (ფსალმუნი 18:46).
ᲓᲦᲔᲡ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ყველაფერი შეიძლება თვალის დახამხამებაში თავდაყირა დადგეს. რამხელა ბედნიერებაა, რომ ასეთ დროს შეგვიძლია იეჰოვას იმედი გვქონდეს! როცა საკუთარ თავზე გამოვცდით ხოლმე მის მზრუნველობას, დავითის მსგავსად ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია (წაიკითხეთ ფსალმუნის 18:46). თუმცა საინტერესოა, რომ იმავე მუხლში, სადაც დავითმა იეჰოვას „ცოცხალი ღმერთი“ უწოდა, ის „კლდედაც“ მოიხსენია. რატომ შეადარა მან ცოცხალი ღმერთი უსიცოცხლო კლდეს?
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომ არის იეჰოვა შედარებული კლდეს და რა შემთხვევაში იქნება ის კლდე პირადად ჩვენთვის. ბოლოს იმასაც შევეხებით, თუ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲔᲬᲝᲓᲔᲑᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ „ᲙᲚᲓᲔ“
3. ძირითადად, რა კონტექსტებში ვხვდებით სიტყვას „კლდე“? (იხილეთ სურათი).
3 ბიბლიაში იეჰოვა ხშირად თავისი თვისებების გამო კლდესთან არის შედარებული, განსაკუთრებით კი ისეთ კონტექსტებში, სადაც ხაზი ესმება იმას, რომ მას თანასწორი არ ჰყავს. პირველად იეჰოვაზე კანონის 32:4-შია ნათქვამი, რომ „კლდეა იგი“. ის კლდესთან ხანას ლოცვაშიც არის შედარებული: „ჩვენო ღმერთო, მხოლოდ შენა ხარ კლდესავით მტკიცე“ (1 სამ. 2:2). თავის კლდედ იეჰოვა აბაკუმმაც მოიხსენია (აბაკ. 1:12). ესაიას 44:8-ში კი თავად იეჰოვამ უწოდა საკუთარ თავს „კლდე“. ქვემოთ განვიხილავთ სამ მიზეზს, რის გამოც იეჰოვა კლდეს არის შედარებული და იმაზეც ვიმსჯელებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის პირადად ჩვენთვისაც იყოს კლდე (კან. 32:31).
4. რა გაგებით არის იეჰოვა ჩვენი თავშესაფარი? (ფსალმუნი 94:22).
4 იეჰოვა თავშესაფარია. როგორც გამოქვაბულში მყოფ ადამიანს ვერ დააკლებს ვერაფერს ქარიშხალი, ისე ცხოვრებისეული ქარტეხილები ვერ გატეხს მათ, ვინც იეჰოვას აფარებს თავს (წაიკითხეთ ფსალმუნის 94:22). იეჰოვასთან დაცულად ვგრძნობთ თავს და, რაც არ უნდა შეგვემთხვას ამ ქვეყნიერებაში, ვიცით, რომ ის ყველაფერს გამოასწორებს. ის გვპირდება, რომ მომავალში უსაფრთხოდ გვაცხოვრებს და აღარაფერი დაგვირღვევს სიმშვიდეს (ეზეკ. 34:25, 26).
5. როგორ ვაფარებთ თავს იეჰოვას?
5 თუ გვინდა, იეჰოვას თავი შევაფაროთ, აუცილებელია ლოცვა. სწორედ ლოცვის პასუხად გვეუფლება „ღვთის მშვიდობა“, რომელიც ჩვენს გულსა და გონებას იცავს (ფილ. 4:6, 7). ერთი ძმა, არტიომი, რომელიც რწმენის გამო დააპატიმრეს, გამომძიებლისგან დიდ ზეწოლასა და დამცირებას შეხვდა. ის იხსენებს: „გამომძიებელი . . . თავისთან რომ მიბარებდა, შინაგანად ძალიან განვიცდიდი. თუმცა ყოველთვის იეჰოვას მივმართავდი ლოცვით და ვთხოვდი, რომ ჩემთვის სიბრძნე და შინაგანი სიმშვიდე მოეცა. მიხარია, რომ გამომძიებლის ტაქტიკამ ვერ გაამართლა. იმ პერიოდში განსაკუთრებულად ვიგრძენი, რომ იეჰოვა ჩემი ციხესიმაგრეა“.
6. რატომ შეგვიძლია ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას? (ესაია 26:3, 4).
6 იეჰოვა სანდოა. როცა კლდეს ვუყურებთ, ისეთი აზრი არ გვიჩნდება, რომ დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვაზეც. არასდროს გვეპარება ეჭვი, რომ ის ჩვენ გვერდით იქნება. რა გვაძლევს მისი ნდობის საფუძველს? პირველი, ის მარადიულია (წაიკითხეთ ესაიას 26:3, 4). შესაბამისად, მას არაფერი შეუშლის ხელს, შეასრულოს თავისი დაპირებები, მოგვისმინოს, როცა ვლოცულობთ და საჭირო დროს დაგვეხმაროს. მეორე, ის თავისი მსახურების ერთგულია (2 სამ. 22:26). ეს იმას ნიშნავს, რომ ის არასდროს დაივიწყებს, რასაც მისთვის ვაკეთებთ და აუცილებლად დაგვაჯილდოებს (ებრ. 6:10; 11:6).
7. რატომაა მნიშვნელოვანი იეჰოვაზე მინდობა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
7 იეჰოვა ჩვენი კლდე რომ იყოს, ბოლომდე უნდა მივენდოთ მას. ნდობა კი მისადმი მორჩილებაში ჩანს. თუ ნებისმიერ სიტუაციაში დავემორჩილებით იეჰოვას, მის ხელსაც ვიგრძნობთ და ნდობაც უფრო განგვიმტკიცდება (ეს. 48:17, 18). ამ შემთხვევაში ეჭვი არ შეგვეპარება, რომ იეჰოვას დახმარებით ნებისმიერი სირთულის გადალახვას შევძლებთ. ურთულესი განსაცდელების პირისპირ ბევრი ქრისტიანი დარწმუნდა, როგორი სანდოა იეჰოვა. ერთი ძმა ვლადიმერი, რომელიც რწმენის გამო დევნას შეხვდა, გვიყვება: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს მქონია იეჰოვასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის დროს მქონდა. როცა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდები, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, უფრო მეტად სწავლობ იეჰოვაზე მინდობას“.
8. ა) კიდევ რით ჰგავს იეჰოვა კლდეს? ახსენით. ბ) რაში გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ იეჰოვა არ არის მერყევი? (ფსალმუნი 62:6, 7).
8 იეჰოვა არ არის მერყევი. კლდე სიმტკიცის სიმბოლოა. იეჰოვაც მტკიცეა, მას არ აქვს მერყევი ბუნება და მისი განზრახვები და ნორმებიც უცვლელია (მალ. 3:6). როგორც პავლე მოციქულმა თქვა, „ის საკუთარი თავის წინააღმდეგ ვერ წავა“ (2 ტიმ. 2:13). ეს კარგად გამოჩნდა იქიდანაც, რომ ადამისა და ევას ურჩობის შემდეგ იეჰოვამ არ შეცვალა თავისი განზრახვა. რაკი ასეთ ღმერთთან გვაქვს საქმე, ეჭვი არ გვეპარება, რომ განსაცდელების დროს ის იქნება ჩვენი შემწე და თავის ყველა განზრახვას შეასრულებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 62:6, 7).
9. რა ისწავლეთ ტატიანას შემთხვევიდან?
9 იეჰოვა ჩვენი კლდე რომ იყოს, მის განზრახვებზე და პიროვნებაზეც უნდა ვიფიქროთ. ეს დაგვეხმარება, ნებისმიერი სირთულის დროს ემოციური წონასწორობა შევინარჩუნოთ (ფსალმ. 16:8). ასე მოხდა ერთი დის, ტატიანას, შემთხვევაშიც, რომელსაც რწმენის გამო შინაპატიმრობა შეუფარდეს. ის იხსენებს: „სრულიად მარტო დავრჩი . . . თავიდან ძალიან გამიჭირდა. ზოგჯერ გულიც მიტყდებოდა“. თუმცა მას შემდეგ, რაც ყურადღება იეჰოვას პიროვნებასა და განზრახვებზე გადაიტანა, ტატიანამ თავი უფრო მშვიდად იგრძნო და შეძლო ემოციური წონასწორობის აღდგენა. აი რას ამბობს ის: „გადავწყვიტე, ნაკლებად მეფიქრა ჩემს მდგომარეობაზე. მამშვიდებდა იმის კარგად გააზრება, რომ ამ ყოველივეს იეჰოვას გულისთვის ვიტანდი“.
10. რა შემთხვევაში იქნება იეჰოვა დღესვე ჩვენი კლდე?
10 ძალიან მალე მსოფლიოში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და იეჰოვაზე მინდობა ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს. ამიტომ ახლავე უნდა განვიმტკიცოთ იმის რწმენა, რომ იეჰოვა ყოველთვის დაგვეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ამაში როგორც ძველ, ისე თანამედროვე დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მაგალითები და იმაზე ფიქრი დაგვეხმარება, თუ როგორ უდგას იეჰოვა მხარში თავის მსახურებს. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვა დღესვე გახდება ჩვენთვის კლდე.
ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
11. რატომ უნდა მივბაძოთ იეჰოვას? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ახალგაზრდა ძმებო, მიჰბაძეთ იეჰოვას!“).
11 როგორც დავინახეთ, იეჰოვას მართებულად ეწოდება „კლდე“. ახლა იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ როგორ მივბაძოთ მას, რათა გავამხნეოთ თანაქრისტიანები და მათთვის საყრდენი ვიყოთ. და-ძმების ნუგეში და გაძლიერება რომ მნიშვნელოვანია, იქიდანაც გამოჩნდა, რომ იესომ სიმონს „კეფა“ (იგივე პეტრე) დაარქვა, რაც „კლდის ნატეხს“ ნიშნავს (იოან. 1:42). ამგვარად მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სიმონი კრებისთვის საყრდენი უნდა ყოფილიყო. პეტრეს მსგავსად დღეს უხუცესებიც იცავენ და-ძმებს და, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, მათთვის „დიდი კლდის ჩრდილი“ არიან (ეს. 32:2). თუმცა კრება მტკიცე და ძლიერი რომ იყოს, მხოლოდ უხუცესებმა კი არა, ყველამ უნდა მივბაძოთ იეჰოვას (ეფეს. 5:1).
12. რა შემთხვევაში ვიქნებით და-ძმებისთვის თავშესაფარი?
12 იყავით და-ძმებისთვის თავშესაფარი. „ბოლო დღეებში“ მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება (2 ტიმ. 3:1). ჩვენ უსიყვარულო და სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. თან, როგორც არასდროს, ისეა გახშირებული სტიქიური უბედურებები, სამოქალაქო არეულობები თუ ომები. ამის ფონზე პირდაპირი გაგებითაც შეგვიძლია ვიქცეთ და-ძმებისთვის თავშესაფრად და მათ, საჭიროების შემთხვევაში, სახლის კარი გავუღოთ. შეგვიძლია მათ სულიერად და ემოციურადაც ამოვუდგეთ მხარში, რისი კარგი შესაძლებლობაც კრების შეხვედრაზე გვეძლევა. უნდა ვეცადოთ, თბილად შევხვდეთ და-ძმებს, ვანუგეშოთ და სიყვარული ვაგრძნობინოთ. ამგვარად ხელს შევუწყობთ იმას, რომ კრება ყველასთვის იყოს თავშესაფარი.
13. რა შემთხვევაში იქნებიან უხუცესები თავშესაფარი თანაქრისტიანებისთვის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 უხუცესებს შეუძლიათ თავშესაფრად იქცნენ სხვადასხვა განსაცდელში მყოფი თანაქრისტიანებისთვის და თავიანთ სიყვარულში დაარწმუნონ ისინი. მაგალითად, როდესაც სტიქიური უბედურება ხდება ან ვინმეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, ისინი მაშინვე იღებენ ზომებს მათ დასახმარებლად. უხუცესები ღვთის სიტყვითაც ანუგეშებენ თანაქრისტიანებს და რჩევა-დარიგებასაც აძლევენ. თუმცა ერთიცაა: და-ძმებს რომ გაუადვილდეთ დახმარების თხოვნა და რჩევის გათვალისწინება, უხუცესი რბილი, თანამგრძნობი და ყურადღებიანი მსმენელი უნდა იყოს (1 თეს. 2:7, 8, 11).
14. საიდან გამოჩნდება, რომ სანდონი ვართ?
14 იყავით სანდო. გვინდა, რომ და-ძმებს ყოველთვის ჰქონდეთ ჩვენი იმედი, განსაკუთრებით კი რთულ სიტუაციებში (იგავ. 17:17). მაგრამ როგორ მოვიპოვოთ სანდო ადამიანის რეპუტაცია? ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეცდებით, მივბაძოთ იეჰოვას, მაგალითად, არ გადავალთ სიტყვას და პუნქტუალურები ვიქნებით (მათ. 5:37). ამასთანავე, ინიციატივას გამოვიჩენთ, როცა დავინახავთ, რომ ვინმეს დახმარება სჭირდება. სანდოობა იმაშიც ჩანს, თუ მონდობილ დავალებებს პირნათლად ვასრულებთ.
15. რატომ უნდა იყვნენ უხუცესები სანდოები?
15 რატომ უნდა იყვნენ უხუცესები სანდოები? მაუწყებლები იმედიანად იქნებიან, თუ ეცოდინებათ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კრების უხუცესებს, მაგალითად, თავიანთი სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველებს. ისინი ამ ძმების სიყვარულშიც დარწმუნდებიან, თუ დაინახავენ, რომ ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად. ამასთანავე, არც მათი ნდობა გაუჭირდებათ, თუ ისინი თავიანთ აზრებს კი არ მოახვევენ თავს, არამედ რჩევებს ბიბლიაზე და ჩვენს პუბლიკაციებზე დააფუძნებენ, არასდროს გაასაჯაროებენ სხვების პირად ინფორმაციას და არც თავიანთ სიტყვას გადავლენ.
16. რატომ არ უნდა ვიყოთ მერყევები?
16 ნუ იქნებით მერყევები. თუ გადაწყვეტილების მიღებისას ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ და ყველა საკითხში ვეცდებით იეჰოვას დავემორჩილოთ, სხვებს კარგ მაგალითს მივცემთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავიღრმავებთ ცოდნას და განვიმტკიცებთ რწმენას. ამასთანავე, ადვილად არ მოვექცევით ქვეყნიური აზროვნების ზეგავლენაში და ვერც ცრუსწავლებები შეგვირყევს რწმენას (ეფეს. 4:14; იაკ. 1:6—8). ჩვენ ვერც ცუდი ამბები დაგვიკარგავს მოსვენებას, თუ იეჰოვასა და მისი დაპირებებისადმი მტკიცე რწმენა გვექნება (ფსალმ. 112:7, 8). თანაც მათ დახმარებასაც შევძლებთ, ვინც სხვადასხვა განსაცდელს ხვდება (1 თეს. 3:2, 3).
17. რა შემთხვევაში შეძლებენ უხუცესები და-ძმების განმტკიცებას?
17 ზომიერი, საღად მოაზროვნე, წესრიგიანი და კეთილგონიერი უხუცესი, რომელიც „სარწმუნო სიტყვას ეყრდნობა“, კრებაში სტაბილურ და მშვიდ გარემოს უწყობს ხელს და თანაქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებს (ტიტ. 1:9; 1 ტიმ. 3:1—3). როცა და-ძმები სერიოზულ პრობლემებს ხვდებიან, უხუცესები ცდილობენ, იეჰოვას პიროვნებაზე და მის განზრახვებზე დააფიქრონ ისინი და ამგვარად გაამხნეონ. თუ მაუწყებლები ხედავენ, რომ ისინი რეგულარულად ესწრებიან კრების შეხვედრებს, აქტიურად ქადაგებენ და კარგი პირადი შესწავლა აქვთ, დიდი ალბათობით, მიჰბაძავენ მათ.
18. რატომ გვსურს, უფრო და უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას და დიდება მივაგოთ მას? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „გაეცანით იეჰოვას წოდებებს“).
18 ამ სტატიაში განხილული აზრები ჩვენც აღგვძრავს, მეფე დავითივით ვთქვათ: „დიდება იეჰოვას, ჩემს კლდეს“ (ფსალმ. 144:1). ნამდვილად შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ იეჰოვა არასდროს გაგვიმტყუნებს იმედს. ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკურადაც რომ დავუძლურდეთ, სულიერად ძლიერი ვიქნებით და თამამად ვიტყვით: „ის არის ჩემი კლდე“ (ფსალმ. 92:14, 15).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით
a ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: დარბაზში და ორ უხუცესს თავისუფლად ესაუბრება.