მკითხველთა შეკითხვები
ფსალმუნის 12:7-ში მოხსენიებული ნაცვალსახელი „მათ“ მიანიშნებს „საწყლებზე“ (მე-5 მუხლი) თუ „იეჰოვას სიტყვებზე“ (მე-6 მუხლი)?
კონტექსტიდან იკვეთება, რომ ნაცვალსახელში „მათ“ ადამიანები იგულისხმებიან.
ფსალმუნის 12:1—4-ში დავითი ჯერ იმას აღნიშნავს, რომ „აღარ დარჩა ერთგული“ და შემდეგ წარმოთქვამს მე-5-დან მე-7 მუხლებში ჩაწერილ სიტყვებს:
«„საწყალთა ჩაგვრისა
და საბრალოთა ოხვრის გამო
მათ საშველად წამოვიმართები, — ამბობს იეჰოვა. —
ვიხსნი მათ მოძულეთაგან“.
წმინდაა იეჰოვას სიტყვები,
თიხის ქურაში შვიდჯერ გაწმენდილი ხალასი ვერცხლივითაა.
შენ დაიცავ მათ, იეჰოვა,
სამარადისოდ დაიფარავ თითოეულს ამ მოდგმისგან».
მე-5 მუხლში ვკითხულობთ ღვთის სიტყვებს, რომ საწყლებს იხსნის.
მე-6 მუხლში ნათქვამია, რომ „წმინდაა იეჰოვას სიტყვები“, „განწმენდილი ხალასი ვერცხლივითაა“, რასაც ჩვენც მთელი გულით ვეთანხმებით (ფსალმ. 18:30; 119:140).
შემდეგ მე-7 მუხლში ვკითხულობთ: „შენ დაიცავ მათ, იეჰოვა, სამარადისოდ დაიფარავ თითოეულს ამ მოდგმისგან“. თუმცა ისმის კითხვა, ვინ ან რა იგულისხმება ნაცვალსახელში „მათ“?
ვინაიდან წინა მუხლში „იეჰოვას სიტყვებია“ მოხსენიებული, ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ იეჰოვა სწორედ თავის სიტყვებს დაიცავდა. მართლაც, იეჰოვა ოდითგან იცავდა თავის სიტყვას მოძულეთაგან, რომლებიც მის განადგურებას ცდილობდნენ და უკრძალავდნენ ხალხს მის წაკითხვასა და თარგმნას (ეს. 40:8; 1 პეტ. 1:25).
თუმცა ისიც ფაქტია, რომ მე-5 მუხლში მოხსენიებულ „საწყლებსა“ და „ჩაგრულებს“ იეჰოვა ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს (იობ. 36:15; ფსალმ. 6:4; 31:1, 2; 54:7; 145:20).
მაშ, რატომ ვამბობთ გადაჭრით, რომ მე-7 მუხლში ნაცვალსახელში „მათ“ მხოლოდ ადამიანები იგულისხმებიან?
ამის თქმის საფუძველს თავად ეს ფსალმუნი გვაძლევს.
მე-12 ფსალმუნის პირველი მუხლიდან ჩანს, რომ ხალხის ორგულობისა და უპატიოსნობის გამო ბევრი იჩაგრებოდა. მესამე მუხლში კი აღნიშნულია, რომ იეჰოვა დასჯის ყველას, ვინც ცუდის თქმისგან უკან არ იხევს. ეს ფსალმუნი იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვა აუცილებლად გამოექომაგება თავის ხალხს, რადგან მისი სიტყვები წმინდაა.
აქედან გამომდინარე, მე-7 მუხლში იეჰოვა დაცვასა და მფარველობას ბოროტების მიერ დაჩაგრულ ხალხს ჰპირდება.
ამ მუხლში ნაცვალსახელი „მათ“ ებრაული წერილების მასორეტული ტექსტის საფუძველზეა გადმოტანილი. ბერძნულ სეპტუაგინტაში ამ მუხლში ორგან არის ნახსენები ნაცვალსახელი „ჩვენ“ და, ცალსახაა, რომ საუბარი მიდის საწყალ და დაჩაგრულ ღვთის ერთგულ მსახურებზე. აღსანიშნავია ისიც, რასაც მუხლის მეორე ნაწილში ვკითხულობთ. დავითი აღნიშნავს, რომ იეჰოვა დაიფარავს თითოეულ ერთგულს „ამ მოდგმისგან“ ანუ მათგან, ვინც უზნეობას განადიდებს (ფსალმ. 12:7, 8). არამეული თარგუმიც მხარს უჭერს იმ აზრს, რომ მე-7 მუხლში ნაცვალსახელში „მათ“ ღვთის სიტყვები კი არა, ადამიანები იგულისხმებიან. აქ ვკითხულობთ: „უფალო, შენ დაიფარავ მართალს, სამარადისოდ დაიცავ მათ ამ ბოროტი მოდგმისგან“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, ამ მუხლის მიზანი ერთგული ადამიანების იმაში დარწმუნება იყო, რომ იეჰოვა არ დატოვებდა მათ გასაჭირში.