არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ გამოგვაქვს „ბევრი ნაყოფი“

რატომ გამოგვაქვს „ბევრი ნაყოფი“

„მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოან. 15:8).

სიმღერები: 53, 60

1, 2. ა) რაზე ესაუბრა იესო თავის მოწაფეებს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ უნდა გვახსოვდეს ის, თუ რატომ ვქადაგებთ? გ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

სიკვდილის წინა საღამოს იესომ დიდხანს ისაუბრა მოციქულებთან და დაარწმუნა, რომ ძლიერ უყვარდა ისინი. როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, იესომ მათ მაგალითი მოუყვანა ვაზზე. ამით მან წაახალისა მოწაფეები, რომ კვლავაც „ბევრი ნაყოფი“ გამოეღოთ, ანუ მოთმინებით განეგრძოთ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება (იოან. 15:8).

2 თუმცა მოწაფეებისთვის იესოს მხოლოდ ის არ უთქვამს, რა უნდა ეკეთებინათ, არამედ ისიც აუხსნა, თუ რატომ უნდა ეკეთებინათ ეს საქმე. მან ქადაგების გაგრძელების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. რატომ არის ამ მიზეზებზე დაფიქრება მნიშვნელოვანი? როცა გვახსოვს, რატომ უნდა განვაგრძოთ ქადაგება, იმის სურვილიც გვიჩნდება, რომ მოთმინებით ვიქადაგოთ „ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:13, 14). ამ სტატიაში განვიხილავთ ქადაგების ოთხ ბიბლიურ მიზეზს. გარდა ამისა, ვისაუბრებთ იეჰოვასგან ბოძებულ ოთხ ძღვენზე, რომლებიც გვეხმარება, მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი.

განვადიდებთ იეჰოვას

3. ა) იოანეს 15:8-ის თანახმად, რა არის ქადაგების უმთავრესი მიზეზი? ბ) რას განასახიერებს იესოს მოყვანილ მაგალითში ყურძენი და რატომ არის ეს შედარება შესაფერისი?

3 სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ადამიანების წინაშე განვადიდებთ იეჰოვას და განვწმენდთ მის სახელს (წაიკითხეთ იოანეს 15:1, 8). იესომ იეჰოვა მევენახეს შეადარა, თავისი თავი — ვაზს, მოწაფეები კი — ლერწებს (იოან. 15:5). შესაბამისად, ნაყოფი, ანუ ყურძენი, ზუსტად მიესადაგება სამეფოს ნაყოფს, რომელიც ქრისტეს მიმდევრებს გამოაქვთ. იესომ უთხრა მოციქულებს: „მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ“. ვაზი, რომელიც კარგ ყურძენს ისხამს, სახელს უთქვამს მევენახეს. მსგავსად, როცა საუკეთესოდ ვიყენებთ ჩვენს უნარსა და შესაძლებლობებს, რომ სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ, ჩვენც დიდება მოგვაქვს იეჰოვასთვის (მათ. 25:20—23).

4. ა) რა გაგებით ვწმენდთ ღვთის სახელს? ბ) რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ გაქვთ ღვთის სახელის განწმენდის პატივი?

4 რა გაგებით ვწმენდთ ქადაგებით ღვთის სახელს? რა თქმა უნდა, ღვთის სახელი ისედაც წმინდაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, და ჩვენ იმაზე მეტად ვერ განვწმენდთ მას, ვიდრე არის. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა წინასწარმეტყველმა ესაიამ: „ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას უნდა მიიჩნევდეთ წმინდად“ (ეს. 8:13). ჩვენ ვწმენდთ ღვთის სახელს, როცა მას ყველა სახელზე აღმატებულად მივიჩნევთ და სხვებსაც ვეხმარებით, ის წმინდად მიიჩნიონ (მათ. 6:9). მაგალითად, როცა იეჰოვას შესანიშნავი თვისებების შესახებ ჭეშმარიტებას ვაცხადებთ და სხვებს კაცობრიობასთან დაკავშირებულ უცვლელ განზრახვას ვამცნობთ, ღვთის სახელს სატანის სიცრუისა და ცილისწამებისგან ვიცავთ (დაბ. 3:1—5). ღვთის სახელს მაშინაც ვწმენდთ, როცა ჩვენს სამქადაგებლო უბნებზე ხალხს ვანახვებთ, რომ იეჰოვა ღირსია, მიიღოს „დიდება, პატივი და ძლიერება“ (გამოცხ. 4:11). რუნე, რომელიც 16 წელია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „მიხარია, რომ სხვებს სამყაროს შემოქმედის შესახებ ვესაუბრები. ამიტომ მინდა, კვლავაც განვაგრძო ქადაგება“.

გვიყვარს იეჰოვა და მისი ძე

5. ა) ქადაგების რა მიზეზია მოყვანილი იოანეს 15:9, 10-ში? ბ) როგორ გაუსვა ხაზი იესომ მოთმინების საჭიროებას?

5 წაიკითხეთ იოანეს 15:9, 10. იეჰოვასა და იესოს მიმართ გულწრფელი სიყვარული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც სამეფოს შესახებ ვქადაგებთ (მარ. 12:30; იოან. 14:15). იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ მათ უბრალოდ კი არ უნდა ჰყვარებოდათ ის, არამედ უნდა დარჩენილიყვნენ მის სიყვარულში. მოთმინებაა საჭირო, რომ ადამიანმა ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს. სწორედ მოთმინების აუცილებლობაზე გაამახვილა იესომ ყურადღება იოანეს 15:4—10-ში, როცა სიტყვა „დარჩენა“ ბიბლიის ამ პატარა მონაკვეთში არაერთხელ გამოიყენა სხვადასხვა ფორმით.

6. რით ცხადვყოფთ, რომ გვსურს დავრჩეთ ქრისტეს სიყვარულში?

6 რით ცხადვყოფთ, რომ გვსურს დავრჩეთ ქრისტეს სიყვარულში და მისი მოწონება არ დავკარგოთ? იმით, რომ ვიცავთ მის მცნებებს. მარტივად რომ ვთქვათ, იესო ჩვენგან მორჩილებას მოითხოვს. ის იმის გაკეთებას ითხოვს, რასაც თავად აკეთებდა. მან თქვა: „მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოან. 15:10). იესომ ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვა (იოან. 13:15).

7. რა კავშირია მორჩილებასა და სიყვარულს შორის?

7 მორჩილებასა და სიყვარულს შორის კავშირი რომ დაენახვებინა, იესომ მოციქულებს უთხრა: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ“ (იოან. 14:21). როცა იესოს მითითებას ვიცავთ და ვქადაგებთ, ჩვენც ვავლენთ ღვთის მიმართ სიყვარულს, რადგან გვესმის, რომ იესოს მითითებები იეჰოვას აზროვნებას ირეკლავს (მათ. 17:5; იოან. 8:28). როდესაც იეჰოვა და იესო ხედავენ ჩვენს სიყვარულს, თვითონაც გვეხმარებიან, რომ დავრჩეთ მათ სიყვარულში.

ვაფრთხილებთ ხალხს

8, 9. ა) ქადაგების კიდევ რა მიზეზი გვაქვს? ბ) რატომ აღგვძრავს ქადაგების გაგრძელებისკენ ეზეკიელის 3:18, 19-სა და 18:23-ში ჩაწერილი სიტყვები?

8 ქადაგების გაგრძელების კიდევ ერთი მიზეზი ხალხის გაფრთხილებაა. ბიბლიაში ნოეს მქადაგებელი ეწოდება (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:5). ის წარღვნის წინ ქადაგებდა და, როგორც ჩანს, მისი ცნობა მოახლოებული განადგურების შესახებ გაფრთხილებასაც შეიცავდა. რატომ ვამბობთ ამას? ნახეთ, რა თქვა იესომ: „როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათ. 24:38, 39). ხალხის გულგრილობის მიუხედავად, ნოე ერთგულად აცხადებდა ღვთისგან დავალებულ გამაფრთხილებელ ცნობას.

9 დღეს ჩვენც ვქადაგებთ სამეფოს შესახებ და ხალხს საშუალებას ვაძლევთ, გაიგონ, რა განიზრახა ღმერთმა კაცობრიობისთვის. იეჰოვას მსგავსად, ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ადამიანებმა გულთან ახლოს მიიტანონ ეს ცნობა და იცოცხლონ (ეზეკ. 18:23). როცა კარდაკარ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვქადაგებთ, შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს ვაფრთხილებთ, რომ ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს უღვთო ქვეყნიერებას (ეზეკ. 3:18, 19; დან. 2:44; გამოცხ. 14:6, 7).

გვიყვარს მოყვასი

10. ა) ქადაგების რა მიზეზია მოხსენიებული მათეს 22:39-ში? ბ) როგორ დაეხმარნენ პავლე და სილა საპყრობილის ზედამხედველს ფილიპეში?

10 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ ვწყვეტთ ქადაგებას. ჩვენ ქადაგებისკენ მოყვასის სიყვარული აღგვძრავს (მათ. 22:39). ასეთი სიყვარული გვეხმარება, რომ მოთმინებით ვიქადაგოთ, რადგან გვესმის, რომ მდგომარეობის შეცვლასთან ერთად ადამიანის გულის მდგომარეობაც იცვლება. განვიხილოთ, რა შეემთხვა მოციქულ პავლესა და მის თანამსახურ სილას. ქალაქ ფილიპეში მოწინააღმდეგეებმა ისინი საპყრობილეში ჩაყარეს. შუაღამისას უეცრად მიწისძვრა მოხდა და საპატიმროს ყველა კარი გაიღო. საპყრობილის ზედამხედველს ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ და თავის მოკვლას აპირებდა. მაგრამ პავლემ ხმამაღლა დაუძახა: „თავს არაფერი დამართო“! შიშისგან აკანკალებულმა საპყრობილის ზედამხედველმა ჰკითხა მათ: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“. მათ მიუგეს: „ირწმუნე უფალი იესო და გადარჩები“ (საქ. 16:25—34).

ქადაგებისკენ იეჰოვას, იესოსა და მოყვასის სიყვარული გვიბიძგებს (იხილეთ აბზაცები 5, 10)

11, 12. ა) რას ვსწავლობთ საპყრობილის ზედამხედველის შემთხვევიდან სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით? ბ) რის საშუალებას ვაძლევთ სხვებს, როცა ერთგულად განვაგრძობთ ქადაგებას?

11 რას ვსწავლობთ საპყრობილის ზედამხედველის შემთხვევიდან სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით? საპყრობილის ზედამხედველს მხოლოდ მიწისძვრის შემდეგ შეეცვალა გულის მდგომარეობა და დახმარება ითხოვა. მსგავსად, დღეს ზოგი ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ეხმაურება ბიბლიის ცნობას, იცვლის გულის მდგომარეობას და ითხოვს დახმარებას. მაგალითად, ჩვენს სამქადაგებლო ტერიტორიაზე ზოგმა შეიძლება უეცრად დაკარგა სამსახური, სადაც არაერთი წელი მუშაობდა, და ძალიან განიცდის ამას. ზოგი შეიძლება განადგურებულია იმის გამო, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ოჯახი დაენგრა. ზოგს შეიძლება მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს ან საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა. ასეთ დროს ადამიანი შეიძლება იმ კითხვებზე დაფიქრდეს, რომლებზეც მანამდე არასდროს უფიქრია, და საპყრობილის ზედამხედველის მსგავსად იკითხოს: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“. მათ შეიძლება პირველად გაუჩნდეთ იმის სურვილი, რომ ჩვენგან იმედის მომცემი ცნობა მოისმინონ.

12 აქედან გამომდინარე, როცა ერთგულად განვაგრძობთ ქადაგებას, ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, მაშინ მოისმინონ მანუგეშებელი ცნობა, როცა ამისთვის თავად იქნებიან მზად (ეს. 61:1). შარლოტი, რომელიც 38 წელი სრული დროით მსახურობს, აღნიშნავს: „ადამიანები გზააბნეულები არიან. მათ უნდა მივცეთ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა“. ეივორი 34 წელია, პიონერია. ის ამბობს: „დღეს, როგორც არასდროს, ხალხი ემოციურად გამოფიტულია. მთელი გულით მინდა მათი დახმარება. სწორედ ეს აღმძრავს ქადაგებისკენ“. მოყვასის სიყვარული ნამდვილად ღირსეული მიზეზია, რომ არ შევწყვიტოთ ქადაგება.

ღვთისგან ბოძებული სხვადასხვა ძღვენი მოთმინებაში გვეხმარება

13, 14. ა) რომელ ძღვენზეა საუბარი იოანეს 15:11-ში? ბ) რა შემთხვევაში იქნება იესოს სიხარული ჩვენში? გ) როგორ გვეხმარება სიხარული მსახურების დროს?

13 სიკვდილის წინა საღამოს იესომ მოწაფეებთან ღვთისგან ბოძებული სხვადასხვა ძღვენიც მოიხსენია, რაც მათ დაეხმარებოდა, მოთმინებით გამოეღოთ ნაყოფი. რა ძღვენზეა საუბარი და ჩვენ როგორ გვეხმარება ის?

14 სიხარული. ტვირთია ჩვენთვის დავალებულ სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა? სრულებითაც არა! ვაზის შესახებ მაგალითის მოყოლის შემდეგ იესომ თქვა, რომ სამეფოს მაუწყებლებს ქადაგება სიხარულს მოუტანდა (წაიკითხეთ იოანეს 15:11). ფაქტობრივად, იესო გვარწმუნებს, რომ მისი სიხარული ჩვენში იქნება. როგორ მოხდება ეს? სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ იესომ თავისი თავი ვაზს შეადარა, მოწაფეები კი — ლერწებს. ლერწები ვაზისგან საზრდოობენ, ამიტომ სანამ ლერწი ვაზზეა, წყალსა და საჭირო საკვებ ნივთიერებებს მისგან იღებს. მსგავსად, სანამ ქრისტესთან ერთობაში ვრჩებით, ანუ ერთგულად მივყვებით მის ნაკვალევს, ისეთივე სიხარულს განვიცდით, როგორსაც იესო გრძნობს მამის ნების შესრულებისას (იოან. 4:34; 17:13; 1 პეტ. 2:21). ჰენი, რომელიც 40 წელზე მეტია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „ქადაგების შემდეგ განცდილი სიხარული მეხმარება, რომ განვაგრძო იეჰოვასადმი მსახურება“. ნამდვილად, სიხარული ძალას გვმატებს, რომ მაშინაც არ შევწყვიტოთ ქადაგება, როცა უმეტესობა არ ეხმაურება ჩვენს ცნობას (მათ. 5:10—12).

15. ა) რომელი ძღვენია მოხსენიებული იოანეს 14:27-ში? ბ) როგორ გვეხმარება მშვიდობა ნაყოფის გამოღებაში?

15 მშვიდობა (წაიკითხეთ იოანეს 14:27). სიკვდილის წინა საღამოს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემს მშვიდობას გაძლევთ“. როგორ გვეხმარება ნაყოფის გამოღებაში ეს ძღვენი — მშვიდობა? როცა მოთმინებით განვაგრძობთ ქადაგებას, შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება, რადგან გვესმის, რომ იეჰოვა და იესო იწონებენ ჩვენს საქმეს (ფსალმ. 149:4; რომ. 5:3, 4; კოლ. 3:15). ულფი 45 წელია, სრული დროით მსახურობს. ის ამბობს: „მსახურებაში ვიღლები ხოლმე, თუმცა ეს საქმე უდიდეს კმაყოფილებას მანიჭებს და ჩემს ცხოვრებას აზრს სძენს“. რაოდენ მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა შინაგან სიმშვიდეს გვაძლევს!

16. ა) რომელ ძღვენზეა საუბარი იოანეს 15:15-ში? ბ) როგორ შეძლებდნენ მოციქულები იესოსთან მეგობრობის შენარჩუნებას?

16 იესოსთან მეგობრობა. მას შემდეგ, რაც იესომ გამოთქვა სურვილი, რომ მისი მოწაფეების სიხარული სრული ყოფილიყო, მან თავგანწირული სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება (იოან. 15:11—13). შემდეგ კი უთხრა მოწაფეებს: „მეგობრები გიწოდეთ“. იესოსთან მეგობრობა მართლაც რომ შეუდარებელი ძღვენია! რა უნდა გაეკეთებინათ მოწაფეებს, რომ ბოლომდე მის მეგობრებად დარჩენილიყვნენ? ისინი არ უნდა შეჩერებულიყვნენ და კვლავაც უნდა გამოეღოთ ნაყოფი (წაიკითხეთ იოანეს 15:14—16). დაახლოებით ორი წლით ადრე იესომ მოწაფეებს დაავალა: «იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:7). ამიტომ თავისი სიკვდილის წინა საღამოს მოუწოდა მათ, რომ მოთმინება გამოევლინათ და ბოლომდე მიეყვანათ დაწყებული საქმე (მათ. 24:13; მარ. 3:14). იესოს დავალების შესრულება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ მის მოწაფეებს შეეძლოთ ამის გაკეთება და იესოსთან მეგობრობის შენარჩუნება. რა დაეხმარებოდა მათ ამაში? მოდი კიდევ ერთ ძღვენზე ვისაუბროთ.

17, 18. ა) რომელი ძღვენია მოხსენიებული იოანეს 15:16-ში? ბ) როგორ დაეხმარებოდა ეს ძღვენი იესოს მოწაფეებს? გ) რა და რა ძღვენი გვაძლიერებს დღეს?

17 ლოცვებზე პასუხი. იესომ თქვა: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, [მოგცემთ]“ (იოან. 15:16). ეს დაპირება ნამდვილად შემატებდა ძალას მოციქულებს. * მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რომ მათი მოძღვარი მალე დედამიწაზე ცხოვრებას დაასრულებდა. ამიტომ, როცა ეს მოხდა, ისინი შეიძლება მიტოვებულად გრძნობდნენ თავს. თუმცა ისინი მარტონი არ იყვნენ, რადგან იეჰოვა ყოველთვის მზად იყო, პასუხი გაეცა მათ ლოცვებზე და დახმარებოდა სამქადაგებლო საქმის შესრულებაში. მოციქულებმა ძალიან მალე იგრძნეს, რომ იეჰოვამ უპასუხა მათ ლოცვებს და დაეხმარა (საქ. 4:29, 31).

დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა პასუხობს ჩვენს ლოცვებს, როცა დახმარებას ვთხოვთ (იხილეთ აბზაცი 18)

18 ეს დღესაც ასეა. როცა მოთმინებით გამოგვაქვს ნაყოფი, იესოს მეგობრებად ვრჩებით. უფრო მეტიც, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვიპასუხებს ლოცვებზე და დაგვეხმარება იმ სირთულეების გადალახვაში, რომელთაც სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს ვხვდებით (ფილ. 4:13). რა ბედნიერებაა, რომ ღმერთი გვპასუხობს ლოცვებზე და გვაქვს იესოსთან მეგობრობის შესაძლებლობა! იეჰოვასგან ბოძებული სხვადასხვა ძღვენი ძალას გვაძლევს, რომ ნაყოფი გამოვიღოთ (იაკ. 1:17).

19. ა) რატომ არ ვწყვეტთ ქადაგებას? ბ) რა გვეხმარება, რომ დავასრულოთ ღვთის საქმე?

19 როგორც ამ სტატიიდან გამოჩნდა, ჩვენ იმიტომ განვაგრძობთ ქადაგებას, რომ განვადიდოთ იეჰოვა და განვწმინდოთ მისი სახელი, სიყვარული დავუმტკიცოთ იეჰოვასა და იესოს, გავაფრთხილოთ ხალხი და სიყვარული გამოვავლინოთ მოყვასის მიმართ. გარდა ამისა, ღვთისგან მომდინარე სხვადასხვა ძღვენი — სიხარული, მშვიდობა, იესოსთან მეგობრობა და ლოცვებზე პასუხი, ძალას გვმატებს, რომ დავასრულოთ ღვთის საქმე. იეჰოვას ძალიან სიამოვნებს იმის დანახვა, რომ მთელი გულით ვცდილობთ ბევრი ნაყოფის გამოღებას.

^ აბზ. 17 მოციქულებთან საუბრის დროს იესომ არაერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ მათი ლოცვები შესმენილი იქნებოდა (იოან. 14:13; 15:7, 16; 16:23).