არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 20

ანუგეშეთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი

ანუგეშეთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი

„ყოველგვარი ნუგეშის მამა . . . ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4).

სიმღერა 134 შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) საიდან ჩანს, რომ ნუგეში ყველას გვჭირდება და ადამიანებს გვაქვს სხვების გამხნევების უნარი? ბ) რა ტკივილს აყენებენ ზოგ ბავშვს?

არ არსებობს ადამიანი, ნუგეში რომ არ სჭირდებოდეს, რადგან ეს ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ჩვენ სხვების ნუგეშისცემის საოცარი უნარითაც ვართ დაჯილდოებული. მაგალითად, როცა ბავშვი წაიქცევა და მუხლს გადაიყვლეფს, მაშინვე ტირილით დედიკოსთან ან მამიკოსთან გარბის. მართალია, მშობლები ჭრილობას ვერ მოუშუშებენ, მაგრამ აუცილებლად დაამშვიდებენ თავიანთ პატარას. ისინი დაინტერესდებიან, რა შეემთხვა, ცრემლს შეუმშრალებენ, მოეფერებიან, მალამოს წაუსვამენ და ჭრილობას შეუხვევენ. ბავშვი მალევე დამშვიდდება და შეიძლება თამაშიც კი გააგრძელოს. დროთა განმავლობაში მას ჭრილობაც მოუშუშდება.

2 თუმცა ზოგი ბავშვი ამაზე გაცილებით დიდ ტკივილს განიცდის, რადგან მათზე სექსუალურად ძალადობენ. ასეთი რამ შეიძლება მათ ცხოვრებაში ერთხელ მოხდეს ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. როგორც უნდა იყოს, სექსუალური ძალადობა მათზე ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს. ზოგჯერ მოძალადეები ისჯებიან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ისინი თავს აღწევენ სასჯელს. თუმცა მაშინაც კი, როცა მოძალადე მალევე ისჯება, იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, შეიძლება ემოციური ტკივილი ზრდასრულ ასაკშიც კი არ მოუშუშდეთ.

3. ა) 2 კორინთელების 1:3, 4-ის თანახმად, რა სურს იეჰოვას? ბ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ?

3 როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ იმ თანაქრისტიანს, რომელზეც ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს და დღემდე ვერ იშუშებს ემოციურ ჭრილობას? (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4). იეჰოვას სურს, რომ მის ძვირფას მსახურებს სიყვარულით ეპყრობოდნენ და ანუგეშებდნენ. ამიტომ ვიმსჯელოთ შემდეგ კითხვებზე: 1) რატომ შეიძლება დასჭირდეთ ნუგეშისცემა მათ, ვინც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა? 2) ვის შეუძლია მათი ნუგეშისცემა? და 3) როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ ისინი?

რატომ არის საჭირო ნუგეში?

4, 5. ა) რატომ უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრულებისგან? ბ) როგორ შეიძლება სექსუალურმა ძალადობამ ბავშვს სხვებისადმი უნდობლობა გაუჩინოს?

4 ისინი, ვისზეც ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს, შეიძლება წლების შემდეგაც საჭიროებდნენ ნუგეშს. ამის მიზეზს რომ ჩავწვდეთ, უპირველესად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ზრდასრულებისგან. სექსუალურ ძალადობაზე ბავშვები ხშირ შემთხვევაში უფროსებისგან სრულიად განსხვავებულად რეაგირებენ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

5 ბავშვები სიახლოვეს უნდა გრძნობდნენ იმ ადამიანთან, ვინც მათ აღზრდაზე ზრუნავს, და ენდობოდნენ მას. ასეთი ურთიერთობა ბავშვს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს და ნდობით განაწყობს მათ მიმართ, ვინც მისადმი სიყვარულს ავლენს (ფსალმ. 22:9). სამწუხაროდ, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ადგილი ხშირად მისივე სახლია და მოძალადეები, ძირითადად, ახლო ნათესავები ან ოჯახის ახლო მეგობრები არიან. როცა ბავშვზე ის ადამიანი ძალადობს, ვისაც ენდობოდა, მას ზრდასრულ ასაკშიც კი უჭირს სხვების ნდობა.

6. რატომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა სისასტიკე და უდიდესი ზიანის მომტანი დანაშაული?

6 ბავშვები დაუცველები არიან ისეთი სასტიკი და ზიანის მომტანი დანაშაულისგან, როგორიც სექსუალური ძალადობაა. სექსუალური ძალადობა ბავშვს წარმოუდგენელ ზიანს აყენებს, რადგან ის არც ფიზიკურად, არც ემოციურად და არც გონებრივად არ არის მზად ქორწინებისთვის და სქესობრივი ცხოვრებისთვის. ძალადობის მსხვერპლს შეიძლება წარმოდგენა დაუმახინჯდეს სექსზე, უღირსობის გრძნობა გაუჩნდეს და ყველას ეჭვის თვალით დაუწყოს ყურება, ვინც მასთან დაახლოებას შეეცდება.

7. ა) რატომ ატყუებენ ადვილად მოძალადეები ბავშვებს და როგორ აკეთებენ ისინი ამას? ბ) რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ტყუილებს?

7 ბავშვებს არ შეუძლიათ ბოლომდე შეაფასონ მდგომარეობა, ამოიცნონ საფრთხე და მოერიდონ მას (1 კორ. 13:11). ამიტომ მოძალადეები ძალიან მარტივად ატყუებენ ბავშვებს, რათა მათზე სექსუალურად იძალადონ. ისინი საშინელ ტყუილს ეუბნებიან ბავშვს და აჯერებენ, რომ თითქოს ის არის დამნაშავე მომხდარში. ეუბნებიან, რომ საიდუმლოდ შეინახოს ეს ამბავი, რადგან არავინ დაუჯერებს და ვერავინ დაეხმარება. მოძალადეები იმასაც აჯერებენ მათ, რომ ბავშვსა და ზრდასრულს შორის სქესობრივი კავშირი გულწრფელი სიყვარულის გამოხატულებაა. ასეთი ტყუილები აზროვნებას უმახინჯებს ბავშვს და წლების მანძილზე სჯერა ამ სიცრუის. როცა ხვდება, რომ საშინლად მოექცნენ, თავს უღირსად და დამნაშავედ გრძნობს და ფიქრობს, რომ სხვებისგან სიყვარულსა და ნუგეშს არ იმსახურებს.

8. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვას შეუძლია ძალადობის მსხვერპლთა ნუგეშისცემა?

8 აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ სექსუალურ ძალადობას ხანგრძლივი ზიანი მოაქვს. ეს უდიდესი ბოროტებაა! ამ სისასტიკის ასეთი მასშტაბურობა იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები „თბილ გრძნობებს მოკლებულები“ არიან და ბოროტები და თვითმარქვიები უარესად იქცევიან (2 ტიმ. 3:1—5, 13). სატანას ბოროტი ზრახვები აქვს ჩვენ მიმართ და სამწუხაროა, რომ ზოგი ადამიანის საქციელი მის წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა იეჰოვა სატანასა და მის თანამოაზრეებზე გაცილებით ძლიერია. სატანა მას ვერაფერს გამოაპარებს. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვას ბოლომდე ესმის ჩვენი ტკივილი და შეუძლია ჩვენი ნუგეშისცემა. რა ბედნიერებაა, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4). ვის იყენებს იეჰოვა ჩვენ სანუგეშებლად?

ვის შეუძლია ძალადობის მსხვერპლთა ნუგეშისცემა?

9. ფსალმუნის 27:10-ის თანახმად, რას გააკეთებს იეჰოვა მათთვის, ვისზეც ოჯახმა სათანადოდ არ იზრუნა?

9 ნუგეშისცემა განსაკუთრებით მათ სჭირდებათ, ვისზეც ახლობელმა იძალადა ან მშობლების უყურადღებობის გამო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ფსალმუნმომღერალმა დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და გვანუგეშებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 27:10). დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვინც ოჯახის წევრებმა უარყვეს. როგორ აკეთებს ის ამას? იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს იყენებს. თანაქრისტიანები ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან. მაგალითად, მათ, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემლობაში შეუერთდა, იესომ და, ძმა და დედა უწოდა (მათ. 12:48—50).

10. რას აკეთებდა პავლე მოციქული როგორც უხუცესი?

10 განვიხილოთ, რა გაგებით არიან თანაქრისტიანები სულიერი ოჯახის წევრები. მოციქული პავლე მძიმედ მშრომელი და ერთგული უხუცესი იყო, რომელმაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მან ღვთივშთაგონებით მოგვიწოდა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორ. 11:1). ყურადღება მიაქციეთ, რას აკეთებდა პავლე როგორც უხუცესი: „გეალერსებოდით, როგორც მეძუძური დედა ევლება თავს შვილებს“ (1 თეს. 2:7). ერთგული უხუცესები პავლე მოციქულის მსგავსად თბილი და გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავენ მათ, ვისაც ბიბლიის მეშვეობით ანუგეშებენ.

ხშირად ყველაზე უკეთ შეიძლება მოწიფულმა დამ ანუგეშოს ქრისტიანი და (იხილეთ აბზაცი 11) *

11. რა ცხადყოფს, რომ უხუცესების გარდა სხვებსაც შეუძლიათ ნუგეშისცემა?

11 მხოლოდ უხუცესებს შეუძლიათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ნუგეშისცემა? არა. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ვანუგეშოთ ერთმანეთი (1 თეს. 4:18). სულიერად მოწიფულ დებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ იმ დების გამხნევება, რომელთაც ნუგეში სჭირდებათ. სწორედ ამიტომ შეადარა იეჰოვამ საკუთარი თავი დედას, რომელიც ანუგეშებს თავის შვილს (ეს. 66:13). ბიბლიაში ვკითხულობთ იმ ქალების შესახებ, რომლებიც ანუგეშებდნენ გასაჭირში მყოფთ (იობ. 42:11). იეჰოვას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ქრისტიანი დები ანუგეშებენ თანამორწმუნე დებს, რომლებსაც ემოციური ტკივილის ატანა უწევთ! ერთი ან ორი უხუცესი შეიძლება მოწიფულ დას კონფიდენციალურად გაესაუბროს და ჰკითხოს, შეძლებს თუ არა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქრისტიანი დის დახმარებას. *

როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ სხვები?

12. რას უნდა მოვერიდოთ, როცა თანაქრისტიანის დახმარებას ვცდილობთ?

12 როცა თანაქრისტიანის დახმარებას ვცდილობთ, ისეთი რამ არ უნდა ვკითხოთ, რაზეც არ სურს ლაპარაკი (1 თეს. 4:11). მაშ, რის გაკეთება შეგვიძლია მათთვის, ვისაც დახმარება და ნუგეშისცემა სჭირდება? განვიხილოთ ბიბლიაში მოხსენიებული ხუთი დამხმარე საშუალება.

13. პირველი მეფეების 19:5—8-ის მიხედვით, რა გააკეთა იეჰოვას ანგელოზმა ელიასთვის და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

13 შესთავაზეთ პრაქტიკული დახმარება. როცა თავის გადასარჩენად მტრებს გაურბოდა, წინასწარმეტყველი ელია იმდენად დათრგუნული იყო, რომ სიკვდილი ინატრა. იეჰოვამ ძლევამოსილი ანგელოზი გაუგზავნა თავის გულგატეხილ მსახურს, რომელმაც პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინა მას და ცხელი საჭმელი შესთავაზა (წაიკითხეთ 1 მეფეების 19:5—8). ამ ბიბლიური მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ თუნდაც უბრალო, მაგრამ პრაქტიკულ დახმარებას ხშირად კარგი შედეგი მოჰყვება. საკვების მომზადებამ, უბრალო საჩუქარმა ან თბილი სიტყვებით დაწერილმა ღია ბარათმა შეიძლება ანუგეშოს ასეთი და-ძმები და ჩვენს სიყვარულსა და მზრუნველობაში დაარწმუნოს. თუ გვიჭირს მათ პირად და მტკივნეულ საკითხებზე საუბარი, მათდამი მზრუნველობა შეგვიძლია ასეთი სახით გამოვხატოთ.

14. რას ვსწავლობთ ელიას შემთხვევიდან?

14 მყუდროდ და უსაფრთხოდ აგრძნობინეთ თავი. ელიას შესახებ მონათხრობიდან სხვა რამის სწავლაც შეგვიძლია. იეჰოვამ სასწაულებრივად აღმოუჩინა წინასწარმეტყველს საჭირო დახმარება, რათა ხორების მთამდე მიეღწია. შესაძლოა ამ დაშორებულ ადგილას, სადაც იეჰოვამ საუკუნეებით ადრე თავის ხალხს შეთანხმება დაუდო, ელია თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. შეიძლება ის ფიქრობდა, რომ სხვა თუ არაფერი, შორს მაინც იყო მათგან, ვინც მის მოკვლას ცდილობდა. რის სწავლა შეგვიძლია აქედან? თუ გვინდა, რომ ვანუგეშოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, უპირველესად უსაფრთხოდ უნდა ვაგრძნობინოთ თავი. მაგალითად, უხუცესებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გულგატეხილმა დამ შეიძლება მათთან საუბრის დროს საკუთარ სახლში უფრო მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ვიდრე სამეფო დარბაზში. სხვისთვის კი შეიძლება პირიქით იყოს.

ჭრილობების მოშუშებაში დავეხმარებით გულდამძიმებულებს, თუ მოთმინებით მოვუსმენთ, გულმხურვალედ ვილოცებთ და მანუგეშებელ სიტყვებს შევარჩევთ (იხილეთ აბზაცები 15—20) *

15, 16. რას ნიშნავს, იყო კარგი მომსმენი?

15 იყავით კარგი მომსმენი. ბიბლია პირდაპირ ამბობს: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკ. 1:19). დავფიქრდეთ, ვართ თუ არა კარგი მომსმენი? შეიძლება ვფიქრობთ, რომ მოსმენა პასიური მდგომარეობაა, როცა უბრალოდ უყურებ ადამიანს და არაფერს ეუბნები. მაგრამ კარგ მოსმენაში ამაზე მეტი იგულისხმება. მაგალითად, როცა გულგატეხილმა ელიამ ბოლოს და ბოლოს გული გადაუშალა იეჰოვას, ის ყურადღებით უსმენდა მას. ღმერთს ესმოდა, რომ ელია შეშინებული იყო, თავს მარტოდ გრძნობდა და ფიქრობდა, რომ მის გაკეთებულ საქმეებს ფასი არ ჰქონდა. იეჰოვა სიყვარულით დაეხმარა მას, რომ უარყოფით გრძნობებს მორეოდა. მან ცხადყო, რომ ნამდვილად უსმენდა ელიას (1 მეფ. 19:9—11, 15—18).

16 როგორ შეგვიძლია მოსმენის დროს თანავუგრძნოთ თანაქრისტიანს და ამით სიყვარული გამოვავლინოთ მის მიმართ? დროდადრო ჩვენი გრძნობები რამდენიმე ტაქტიანი და თბილი სიტყვით შეგვიძლია გამოვხატოთ. შეგიძლიათ უთხრათ: „რა ცუდია, რომ ასეთი რამ შეგემთხვა! არცერთი ბავშვი არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას“. დაუსვით ერთი-ორი კითხვა იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორად გაიგეთ მისი ნათქვამი. მაგალითად, ჰკითხეთ: „შეგიძლია უკეთ ამიხსნა, რას გულისხმობ?“ ან „როგორც მივხვდი, შენ იმის თქმა გინდოდა, რომ . . . სწორად გაგიგე?“. ასეთი თბილი სიტყვები დაარწმუნებს მას, რომ ნამდვილად უსმენთ და ცდილობთ, გაუგოთ მას (1 კორ. 13:4, 7).

17. რატომ უნდა ვიყოთ მომთმენი და „სიტყვაში ნელი“?

17 თუმცა ამ დროს სიფრთხილე გმართებთ, რომ ნელი იყოთ სიტყვაში. ნუ გააწყვეტინებთ საუბარს იმის გამო, რომ რჩევა მისცეთ ან აზროვნება შეუსწოროთ. იყავით მომთმენი! როცა ელიამ გული გადაუშალა იეჰოვას, მძაფრი სიტყვებით გამოხატა თავისი ტკივილი. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ რწმენა განუმტკიცა, ელიამ იმავე სიტყვებით გამოხატა თავისი გრძნობები (1 მეფ. 19:9, 10, 13, 14). რას ვსწავლობთ აქედან? ზოგჯერ ემოციურად გატანჯულ ადამიანებს არაერთხელ სჭირდებათ გულის გადმოღვრა. იეჰოვას მსგავსად, ჩვენც მოთმინებით უნდა მოვუსმინოთ. ნაცვლად იმისა, რომ გამოსავალი შევთავაზოთ, მათდამი თანაგრძნობა უნდა გამოვიჩინოთ (1 პეტ. 3:8).

18. რატომ იქნება მანუგეშებელი გულდამძიმებული ადამიანისთვის, თუ მასთან ერთად ვილოცებთ?

18 გულმხურვალედ ილოცეთ მასთან ერთად. მას, ვინც დიდ ემოციურ ტკივილს განიცდის, შეიძლება ლოცვის თავიც არ ჰქონდეს. შესაძლოა ის უღირსად მიიჩნევს თავს, რომ იეჰოვას ლოცვით მიმართოს. ამიტომ, თუ გვინდა, ვანუგეშოთ ის, მასთან ერთად უნდა ვილოცოთ და ლოცვაში სახელით მოვიხსენიოთ. შეგვიძლია ლოცვის დროს ვუთხრათ იეჰოვას, რომ ეს ადამიანი ჩვენთვისაც ძალიან ძვირფასია და და-ძმებისთვისაც. კარგი იქნება, თუ ვთხოვთ იეჰოვას, დაამშვიდოს და ანუგეშოს თავისი საყვარელი მსახური. ასეთმა ლოცვამ შეიძლება დიდად ანუგეშოს გულდამძიმებული ადამიანი (იაკ. 5:16).

19. რა დაგვეხმარება, რომ უკეთ მოვემზადოთ სხვების სანუგეშებლად?

19 შეარჩიეთ მანუგეშებელი სიტყვები. დაფიქრდით, ვიდრე რამეს იტყოდეთ. დაუფიქრებელი სიტყვებით შეიძლება გული ვატკინოთ ადამიანს, კეთილი სიტყვით კი განვკურნოთ (იგავ. 12:18). ასე რომ, სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ კეთილი, მანუგეშებელი და დამამშვიდებელი სიტყვების მოძებნაში. გახსოვდეთ, რომ ჩვენს ვერცერთ სიტყვას ვერ ექნება ისეთი დიდი ძალა, როგორიც იეჰოვას წარმოთქმულ სიტყვებს (ებრ. 4:12).

20. რას შეიძლება ფიქრობდეს ძალადობის მსხვერპლი საკუთარ თავზე და რა უნდა შევახსენოთ მათ?

20 სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ფიქრობს, რომ უწმინდური და უღირსია; ის არავის უყვარს და არც არავინ შეიყვარებს. ეს მტკნარი სიცრუეა! ბიბლიური მუხლების მეშვეობით დაარწმუნეთ, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს ის (იხილეთ ჩარჩო „ ნუგეში ღვთის სიტყვიდან“). გაიხსენეთ, რა თბილი სიტყვებით გააძლიერა ანგელოზმა წინასწარმეტყველი დანიელი, როცა ის გულგატეხილი და ძალაგამოცლილი იყო. იეჰოვას სურდა, დანიელს სცოდნოდა, რამდენად ძვირფასი იყო მისთვის (დან. 10:2, 11, 19). ჩვენი გულდამძიმებული და-ძმებიც ასეთივე ძვირფასები არიან იეჰოვასთვის!

21. ა) რა მომავალი ელით მოუნანიებელ შემცოდველებს? ბ) რის გაკეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი მათ დასახმარებლად, ვინც უსამართლობის მსხვერპლი გახდა?

21 როცა სხვებს ვანუგეშებთ, მათ იეჰოვას სიყვარულში ვარწმუნებთ. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა სამართლიანი ღმერთია. მის თვალს არანაირი ძალადობა არ ეპარება. იეჰოვა ხედავს ყველაფერს და მოუნანიებელ შემცოდველს დაუსჯელს არ დატოვებს (რიცხ. 14:18). ვიდრე ეს დრო დადგება, მოდი ყველანაირად ვეცადოთ, ჩვენს სიყვარულში დავარწმუნოთ ძალადობის მსხვერპლნი. რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა სამუდამოდ მოუშუშებს ჭრილობებს მათ, ვინც სატანამ და მისმა ქვეყნიერებამ დაჩაგრა! მალე დადგება დრო, როცა აღარავის გაახსენდება განცდილი ტკივილი (ეს. 65:17).

სიმღერა 109 გულითადად გიყვარდეთ

^ აბზ. 5 მათ, ვინც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, შეიძლება წლების შემდეგაც კი ახსენებდეს თავს ემოციური ჭრილობები. წინამდებარე სტატიაში დავინახავთ ამის მიზეზებს და გავიგებთ, ვის შეუძლია ასეთი ადამიანების დახმარება. ბოლოს ვიმსჯელებთ, პრაქტიკულად როგორ შეგვიძლია მათი ნუგეშისცემა.

^ აბზ. 11 ძალადობის მსხვერპლი თავად წყვეტს, მიმართავს თუ არა ექიმს კვალიფიცირებული დახმარებისთვის.

^ აბზ. 76 სურათის აღწერა: მოწიფული ქრისტიანი და ანუგეშებს ემოციურად გატანჯულ თანაქრისტიანს.

^ აბზ. 78 სურათის აღწერა: ორი უხუცესი ინახულებს გულდამძიმებულ დას, რომელმაც მოწიფულ ქრისტიან დას სთხოვა, მის გვერდით ყოფილიყო.