არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 22

ისწავლეთ ბიბლიის საფუძვლიანი კვლევა

ისწავლეთ ბიბლიის საფუძვლიანი კვლევა

„რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:10).

სიმღერა 35 „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“

მოკლე შინაარსი *

1. რატომ შეიძლება არ ჰქონდეს ზოგს შესწავლის თავი?

ადამიანებს დღეს თავის სარჩენად მძიმედ შრომა უწევთ. ბევრი ჩვენი ძმა დილიდან საღამომდე მუშაობს, რათა ოჯახის ელემენტარულ მოთხოვნილებებზე იზრუნოს. უამრავ და-ძმას სამსახურში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად არაერთი საათი სჭირდება. ბევრიც თავის სარჩენად მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ეწევა; ამიტომ სამუშაო დღის ბოლოს შინ ისეთი დაღლილები და ძალაგამოცლილები ბრუნდებიან, რომ შესწავლის თავი არა აქვთ.

2. როდის გამოყოფთ დროს შესწავლისთვის?

2 თუმცა ფაქტია, დრო უნდა გამოვნახოთ ღვთის სიტყვისა და ჩვენი პუბლიკაციების არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი შესწავლისთვის. იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და ჩვენი მარადიული მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული (1 ტიმ. 4:15). ზოგი სულიერი საზრდოს მისაღებად და მასზე დასაფიქრებლად ყოველდღე დილით ადრე დგება, როცა სახლში სიწყნარეა და გონებაც დასვენებული აქვს. ზოგიც ამისთვის დღის ბოლოს ირჩევს, რადგან ამ დროს შედარებით მშვიდი გარემო აქვს და ხელსაც არაფერი უშლის.

3, 4. რა ცვლილებები მოხდა სულიერი საზრდოს მოცულობასთან დაკავშირებით და რატომ?

3 ეჭვგარეშეა, თქვენც ეთანხმებით იმ აზრს, რომ შესწავლისთვის დრო აუცილებლად უნდა გამოვნახოთ. მაგრამ რა უნდა შევისწავლოთ? შეიძლება თქვათ: „წასაკითხი იმდენი გვაქვს, რომ შეუძლებელია ყველაფრის წაკითხვა მოასწრო“. ზოგი ახერხებს, რომ ორგანიზაციის მიერ მოწვდილ ყველა ვიდეოს უყუროს და ყველა სტატია თუ პუბლიკაცია წაიკითხოს, მაგრამ ბევრს უჭირს საამისოდ დროის გამონახვა. ხელმძღვანელ საბჭოს კარგად ესმის მათი მდგომარეობა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ შემცირებულიყო სულიერი საზრდოს მოცულობა, რომელიც ბეჭდური თუ ელექტრონული სახით მოგვეწოდება.

4 მაგალითად, ჩვენ აღარ გამოვცემთ „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულს“, რადგან გამამხნევებელი შემთხვევების წაკითხვა თუ მოსმენა შეგვიძლია ვებგვერდზე jw.org® ან JW მაუწყებლობის® ყოველთვიური პროგრამიდან. გარდა ამისა, „საგუშაგო კოშკი“ ფართო მკითხველისთვის და „გამოიღვიძეთ!“ წელიწადში მხოლოდ სამჯერ გამოიცემა. ცხადია, ამ ცვლილებების მიზანი ის კი არ იყო, რომ პირადი საქმეებისთვის უფრო მეტი დრო დაგვრჩენოდა, არამედ ის, რომ განსაკუთრებული ყურადღება „უფრო მნიშვნელოვანისთვის“ მიგვექცია (ფილ. 1:10). ახლა ვიმსჯელოთ, როგორ უნდა განსაზღვროთ, რა არის „უფრო მნიშვნელოვანი“ და როგორ შეგიძლიათ, უფრო საფუძვლიანად შეისწავლოთ ბიბლია.

განსაზღვრეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია

5, 6. რომელი პუბლიკაციები უნდა შევისწავლოთ გულდასმით?

5 რით უნდა დავიწყოთ? რა თქმა უნდა, ყოველდღე უნდა გამოვყოთ დრო ღვთის სიტყვის შესასწავლად. მაგალითად, შუა კვირის შეხვედრის პროგრამით გათვალისწინებული წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთის მოცულობა იმიტომ შემცირდა, რომ უფრო მეტი დრო გამოვყოთ წაკითხულზე ფიქრისთვის და დამატებითი კვლევისთვის. ჩვენი მიზანი უბრალოდ გეგმით გათვალისწინებული ბიბლიური მონაკვეთების კითხვა კი არ არის, არამედ წაკითხული ინფორმაციის გულამდე მიტანა და იეჰოვასთან დაახლოება (ფსალმ. 19:14).

6 კიდევ რა უნდა შევისწავლოთ გულდასმით? ცხადია, გვსურს, რომ კარგად მოვემზადოთ შუა კვირის შეხვედრისთვის და „საგუშაგო კოშკისა“ და კრების ბიბლიის შესწავლისთვის. ამასთანავე არ გვინდა, რომ წაუკითხავი დაგვრჩეს ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი „საგუშაგო კოშკის“ ან „გამოიღვიძეთ!“-ის რომელიმე ნომერი.

7. უნდა გავიტეხოთ გული, თუ ყველაფრის ყურებას და წაკითხვას ვერ ვასწრებთ, რაც ჩვენს ვებგვერდზე ან JW მაუწყებლობაზეა განთავსებული?

7 ახლა შეიძლება იკითხოთ: „ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა უნდა მოვუხერხოთ ვებგვერდზე jw.org და JW მაუწყებლობაზე განთავსებულ უამრავ მასალას?“. დაფიქრდით ასეთ მაგალითზე: ხშირად რესტორნის მენიუ მომხმარებლებს უამრავი სახის კერძს სთავაზობს. ცხადია, ადამიანი ყველაფერს ვერ დააგემოვნებს, ამიტომ რამდენიმე კერძს ირჩევს. მსგავსად, თუ ყველაფრის ყურებას ან წაკითხვას ვერ ახერხებთ, გულს ნუ გაიტეხთ. თქვენი მხრივ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ. მოდი ვიმსჯელოთ, რა შედის შესწავლაში და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი ჩვენს სულიერ ზრდას მოემსახუროს.

სწავლა შრომას მოითხოვს!

8. რა უნდა გავაკეთოთ, როცა „საგუშაგო კოშკის“ სტატიას ვამზადებთ და რატომ არის ამის გაკეთება კარგი?

8 შესწავლა ნიშნავს, მიზანმიმართულად და მთელი ყურადღებით იკითხო მასალა, რათა მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისწავლო. შესწავლა არ არის მასალის უბრალოდ გადაკითხვა და პასუხების მონიშვნა. „საგუშაგო კოშკის“ მომზადების დროს თავდაპირველად გაეცანით სტატიის დასაწყისში მოცემულ მოკლე შინაარსს. ამის მერე დაფიქრდით სტატიის სათაურზე, ქვესათაურებსა და გასამეორებელ კითხვებზე. შემდეგ მასალა ნელა და დაკვირვებით წაიკითხეთ. ყურადღება მიაქციეთ თითქმის ყოველი აბზაცის დასაწყისში მოცემულ საკვანძო აზრს, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის, რაზე იქნება საუბარი წინამდებარე აბზაცში. სტატიის კითხვის დროს დაფიქრდით, როგორ უკავშირდება თითოეული აბზაცი ქვესათაურს და სტატიის მთავარ თემას. ჩაინიშნეთ ის უცხო ტერმინები და აზრები, რომელთა შესახებაც მეტი ინფორმაციის მოძიება გინდათ.

9. ა) რატომ და როგორ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ბიბლიურ მუხლებს, როცა „საგუშაგო კოშკის“ სტატიას ვამზადებთ? ბ) იესო ნავეს ძის 1:8-ის თანახმად, ბიბლიური მუხლების წაკითხვის გარდა კიდევ რა უნდა გავაკეთოთ?

9 „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა ბიბლიის გაგებაში გვეხმარება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც კრების შეხვედრაზე იქნება ამოკითხული. კარგად დააკვირდით, როგორ უკავშირდება ბიბლიური მუხლის საკვანძო სიტყვები ან ფრაზები აბზაცის მთავარ აზრს. გარდა ამისა, გამოყავით დრო, რომ იფიქროთ წაკითხულ მუხლებზე და მათ პრაქტიკულ ღირებულებაზე (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 1:8).

მშობლებო, ასწავლეთ შვილებს ბიბლიის კვლევა! (იხილეთ აბზაცი 10) *

10. ებრაელების 5:14-დან გამომდინარე, რატომ უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს ოჯახური თაყვანისცემის დროს ბიბლიური საკითხების კვლევა?

10 ბუნებრივია, ყველა მშობელს სურს, რომ ოჯახური თაყვანისცემა შვილებისთვის სასიამოვნო პროცესი იყოს. მართალია, მშობლებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ დაგეგმილი, თუ რაზე იმსჯელებენ ოჯახური თაყვანისცემის დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყოველკვირა განსაკუთრებული და სახალისო რამ უნდა მოიფიქრონ. თაყვანისცემის პერიოდი შეიძლება ოჯახმა JW მაუწყებლობის ყოველთვიური პროგრამის ყურებას დაუთმოს. დროდადრო მათ შეუძლიათ განსაკუთრებული რამ მოიფიქრონ, მაგალითად ნოეს კიდობნის მაკეტი გააკეთონ. გარდა ამისა, ოჯახური თაყვანისცემის დროს მშობლებმა შვილებს ამა თუ იმ საკითხის გამოკვლევა უნდა ასწავლონ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოემზადონ კრების შეხვედრებისთვის ან როგორ მოიძიონ პასუხები სკოლაში წამოჭრილ კითხვებთან დაკავშირებით (წაიკითხეთ ებრაელების 5:14). თუ ბავშვები სახლში კარგად შეისწავლიან ბიბლიურ საკითხებს, კრებასა და კონგრესებზე გაუადვილდებათ ისეთი თემების ყურადღებით მოსმენაც კი, რომლებშიც ვიდეოები არ არის გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, თითოეული შესწავლის ხანგრძლივობას მშობლები ბავშვის ასაკისა და ხასიათის მიხედვით საზღვრავენ.

11. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შემსწავლელებს ბიბლიის დამოუკიდებლად კვლევა ვასწავლოთ?

11 სულიერი საკითხების კვლევა ბიბლიის შემსწავლელებმაც უნდა იცოდენენ. როცა შესწავლა ახალი დაწყებული აქვთ, გვიხარია იმის დანახვა, რომ ისინი შესწავლაზე თუ კრებაზე განსახილველ პუბლიკაციაში უბრალოდ ხაზს უსვამენ პასუხებს. თუმცა ბიბლიის შემსწავლელებს უნდა ვასწავლოთ, დამოუკიდებლად როგორ მოიძიონ და გამოიკვლიონ ესა თუ ის საკითხი. ეს დაეხმარება მათ, რომ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით კრებაში სხვებს კი არ მიმართონ, არამედ თავად მოიძიონ რჩევები ჩვენს პუბლიკაციებში.

მიზანმიმართული შესწავლა

12. რა მიზნები შეიძლება გვქონდეს შესწავლის დროს?

12 თუ ბეჯითი მკვლევარი არა ხართ, არ იფიქროთ, რომ შესწავლისგან სიამოვნებას ვერასდროს მიიღებთ. თავიდან შესწავლისთვის მცირე დრო გამოყავით; შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდეთ ეს დრო. გახსოვდეთ შესწავლის მიზანი. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი იეჰოვასთან დაახლოება უნდა იყოს, თუმცა შეიძლება ზოგჯერ შესწავლისთვის განკუთვნილი დრო იმისთვის გამოვიყენოთ, რომ პირად პრობლემასთან დაკავშირებული რჩევები ან ვინმეს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი მოვიძიოთ.

13. ა) რის გაკეთება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს თავიანთი მრწამსის დასაცავად? ბ) როგორ შეგიძლიათ კოლოსელების 4:6-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება?

13 თუ სკოლის მოსწავლე ხარ, ალბათ, ხედავ, რომ შენი კლასელები დაბადების დღეებს აღნიშნავენ. შეიძლება გინდა, რომ ბიბლიის საფუძველზე აუხსნა მათ შენი პოზიცია, მაგრამ ფიქრობ, რომ საკმარისი ცოდნა არა გაქვს. სწორედ ამ დროს არის საჭირო კარგი შესწავლა. შესწავლის დროს შეგიძლია ორი მიზანი დაისახო: 1) თავად დარწმუნდე, რომ დაბადების დღის აღნიშვნა ღვთისთვის მიუღებელია და 2) უკეთ შეძლო შენი რწმენის შესახებ საუბარი (მათ. 14:6—11; 1 პეტ. 3:15). თავდაპირველად ჰკითხე საკუთარ თავს: „რა მიზეზით ხსნიან ჩემი კლასელები დაბადების დღის აღნიშვნას?“. შემდეგ ჩვენი პუბლიკაციების დახმარებით ეს საკითხი გულდასმით გამოიკვლიე. შეიძლება აღმოაჩინო, რომ საკუთარი მრწამსის დაცვა არც ისე რთული ყოფილა. უმეტესობა დაბადების დღეს იმიტომ აღნიშნავს, რომ ყველა ასე იქცევა. ერთი-ორი აზრის მოძიების შემდეგ შეგიძლია დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცე გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანს (წაიკითხეთ კოლოსელების 4:6).

გაიძლიერეთ სწავლის სურვილი

14—16. ა) როგორ შეგიძლიათ უკეთ გამოიკვლიოთ ბიბლიის ის წიგნი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი იცით? ბ) როგორ გვეხმარება ამოსის წიგნის უკეთ გაგებაში მე-16 აბზაცის ბოლოში მოცემული ბიბლიური მუხლები? (აგრეთვე იხილეთ ჩარჩო „ გააცოცხლეთ ბიბლიური ისტორიები“)

14 წარმოიდგინეთ, რომ მომდევნო კრების შეხვედრაზე ეგრეთ წოდებული მცირე წინასწარმეტყველების ერთ-ერთი წიგნის განხილვაა დაგეგმილი, რომლის შესახებაც არც ისე ბევრი რამ იცით. თავდაპირველად დაინტერესდით, რას ეხება ეს წიგნი. რა დაგეხმარებათ ამაში?

15 ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა ვიცი მისი დამწერის შესახებ? ვინ იყო? სად ცხოვრობდა? რას საქმიანობდა?“. დამწერის შესახებ მეტის გაგება დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რატომ იყენებს ის ამა თუ იმ სიტყვასა და თვალსაჩინო მაგალითს. ბიბლიის კითხვის დროს მოძებნეთ ის ფრაზები, რომლებიც დამწერის პიროვნებას გვაცნობს.

16 შემდეგ გამოიკვლიეთ, როდის დაიწერა ეს წიგნი. ამაში დაგეხმარებათ „ბიბლიის — ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ბოლოში მოცემული ცხრილი, სათაურით „ბიბლიის წიგნები“. გარდა ამისა, ბროშურაში „ბიბლიის გზამკვლევი“ (გვერდები 14—17) შეგიძლიათ ნახოთ ცხრილი, საიდანაც გაიგებთ, რა პერიოდში და რამდენ ხანს მოღვაწეობდა ესა თუ ის წინასწარმეტყველი ან მეფე. თუ რომელიმე წინასწარმეტყველურ წიგნს იკვლევთ, კარგი იქნება, თუ გაიგებთ, რა ვითარებაში დაიწერა ეს წიგნი. რა მხრივ საჭიროებდა ხალხი გამოსწორებას და რა ინფორმაცია უნდა გადაეცა მათთვის წინასწარმეტყველს? ვინ იყვნენ მისი თანამედროვეები? სრული სურათის დასანახავად შეგიძლიათ ბიბლიის სხვა წიგნებსაც გადახედოთ. მაგალითად, იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ, რა ვითარება იყო წინასწარმეტყველი ამოსის პერიოდში, კარგი იქნება, თუ წაიკითხავთ 2 მეფეებისა და 2 მატიანის იმ მონაკვეთებს, რომლებიც ამოსის 1:1-ის მარგინალური მუხლებია. ამასთანავე, შეგიძლიათ ოსიას წინასწარმეტყველებას გაეცნოთ, რომელიც, სავარაუდოდ, ამოსის თანამედროვე იყო. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, ნათელი წარმოდგენა შეიქმნათ ამოსის მოღვაწეობის პერიოდზე (2 მეფ. 14:25—28; 2 მატ. 26:1—15; ოს. 1:1—11; ამოს. 1:1).

ყურადღება მიაქციეთ დეტალებს

17, 18. რატომ ხდის დეტალებზე დაკვირვება ბიბლიის კვლევას უფრო საინტერესოს? მოიყვანეთ აბზაცებში მოხსენიებული ან პირადი მაგალითი.

17 კარგი იქნება, თუ ბიბლიის კითხვის დროს ცნობისმოყვარეობას გამოვიჩენთ. დავუშვათ, ზაქარიას წინასწარმეტყველების მე-12 თავს კითხულობთ, სადაც მესიის სიკვდილია ნაწინასწარმეტყველები (ზაქ. 12:10). მე-12 მუხლიდან იგებთ, რომ „ნათანის საგვარეულო“ მწარედ იგლოვებდა მესიის სიკვდილს. ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად გადაურბინოთ ამ დეტალს, შეჩერდით და დაფიქრდით: „რა კავშირია ნათანის საგვარეულოსა და მესიას შორის? სად შემიძლია ამის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება?“. ამ დროს პატარა „სამძებრო ოპერაცია“ უნდა ჩაატაროთ. მარგინალური მუხლები გადაგიყვანთ 2 სამუელის 5:14-სა და ლუკას 3:31-ზე, საიდანაც გაიგებთ, რომ ნათანი მეფე დავითის ერთ-ერთი ვაჟი იყო, მარიამის გენეალოგიური ნუსხიდან კი დაინახავთ, რომ ნათანი იესოს უშუალო წინაპარი იყო (იხილეთ 2017 წლის აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვ. 32, აბზ. 4). კითხვის დროს გაგახსენდათ, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, იესო დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო (მათ. 22:42). მაგრამ დავითს ხომ 20-ზე მეტი ვაჟი ჰყავდა! განა გასაოცარი არ არის, რომ ზაქარიამ სწორედ ნათანის სახლზე თქვა, რომ მესიის სიკვდილს იგლოვებდა?!

18 განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. ლუკას პირველ თავში ვკითხულობთ, რომ ანგელოზი გაბრიელი მარიამს გამოეცხადა და გასაოცარი ამბავი აუწყა ვაჟზე, რომელსაც ის გააჩენდა. მან უთხრა მარიამს: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე“ (ლუკ. 1:32, 33). ამ მონაკვეთის კითხვის დროს შეიძლება გაბრიელის იმ სიტყვებს ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, სადაც ის ამბობს, რომ იესოს „უზენაესის ძე დაერქმევა“. მაგრამ გაბრიელი იმასაც წინასწარმეტყველებს, რომ იესო იმეფებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: „რაზე შეიძლება ეფიქრა მარიამს, როცა ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა? ხომ არ დაასკვნიდა, რომ იესო მეფე ჰეროდეს ჩაანაცვლებდა ან მისი ერთ-ერთი მემკვიდრე იქნებოდა?“. თუ იესო გამეფდებოდა, გამოდის, რომ მარიამი დედოფალი გახდებოდა, მისი ოჯახი კი სასახლეში იცხოვრებდა. თუმცა ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მარიამმა მსგავსი რამ უთხრა გაბრიელს. ბიბლიაში არც ის არის ნათქვამი, რომ მარიამმა საპატიო ადგილი მოითხოვა სამეფოში, როგორც ეს იესოს ორმა მოწაფემ გააკეთა (მათ. 20:20—23). ამ დეტალებზე დაკვირვება გვანახვებს, რომ მარიამი საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო!

19, 20. იაკობის 1:22—25-სა და 4:8-ის თანახმად, რა უნდა იყოს შესწავლის დროს ჩვენი მიზანი?

19 ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების შესწავლის უმთავრესი მიზანი იეჰოვასთან დაახლოებაა. გარდა ამისა, გვინდა უკეთ დავინახოთ, როგორი ადამიანები ვართ და რა ცვლილებების მოხდენა გვჭირდება, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ (წაიკითხეთ იაკობის 1:22—25; 4:8). ამიტომ შესწავლის დაწყებამდე წმინდა სულისთვის უნდა ვილოცოთ. ლოცვაში უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ საკუთარი თავი მისი თვალით დაგვანახვოს და შესწავლა ჩვენს სულიერ ზრდას მოემსახუროს.

20 დაე თითოეული ვგავდეთ იმ ადამიანს, ვისზეც ფსალმუნმომღერალმა თქვა: „იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ . . . ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმ. 1:2, 3).

სიმღერა 88 მაუწყე შენი გზები

^ აბზ. 5 იეჰოვას წყალობით უხვად გვაქვს სულიერი საზრდო როგორც ვიდეოების, ისე წასაკითხი თუ შესასწავლი მასალის სახით. ეს სტატია შესასწავლი მასალის არჩევაში დაგეხმარებათ. აგრეთვე შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეგიძლიათ ამა თუ იმ საკითხის საფუძვლიანად გამოკვლევა.

^ აბზ. 61 სურათის აღწერა: მშობლები ასწავლიან შვილებს, როგორ მოემზადონ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის.

^ აბზ. 63 სურათის აღწერა: ძმა იკვლევს ამოსის ცხოვრებას. უკანა ფონზე ჩანს, როგორ აცოცხლებს ძმა ფიქრის დროს გონებაში ბიბლიურ ისტორიებს.