არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 19

სიყვარული და სამართლიანობა ბოროტების წინააღმდეგ

სიყვარული და სამართლიანობა ბოროტების წინააღმდეგ

„შენ არა ხარ სიბოროტის მოყვარული ღმერთი; ვერასოდეს დამკვიდრდება შენთან ბოროტი“ (ფსალმ. 5:4).

სიმღერა 142 მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჩვენს იმედს

მოკლე შინაარსი *

1—3. ა) ფსალმუნის 5:4—6-დან გამომდინარე, როგორ უყურებს იეჰოვა ბოროტებას? ბ) რატომ ეწინააღმდეგება ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ქრისტეს კანონს?

იეჰოვას სძულს ყველანაირი ბოროტება (წაიკითხეთ ფსალმუნის 5:4—6). მას განსაკუთრებით ეზიზღება ბავშვებზე ძალადობა, რაც შემზარავი დანაშაულია. იეჰოვას მსგავსად ღვთის მსახურებსაც სძულთ ბავშვებზე ძალადობა, ამიტომ ქრისტიანული კრება არასოდეს შეიწყნარებს ასეთ საქციელს (რომ. 12:9; ებრ. 12:15, 16).

2 ბავშვზე ნებისმიერი სახის სექსუალური ძალადობა სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტეს კანონს (გალ. 6:2). რატომ ვამბობთ ამას? როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, ქრისტეს კანონი, ანუ ყველაფერი, რასაც იესო სიტყვითა და საქმით ასწავლიდა, სიყვარულზეა დაფუძნებული და ხელს უწყობს სამართლიანობას. ვინაიდან ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ კანონით ხელმძღვანელობენ, ბავშვებს სიყვარულით ეპყრობიან და თავს დაცულად აგრძნობინებენ. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა კი ეგოისტური და ბოროტი საქციელია, რაც მათ დაუცველობის განცდას უტოვებს და თავს ისე აგრძნობინებს, რომ ისინი არავის უყვარს.

3 სამწუხაროდ, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა გლობალური პრობლემაა. ამისგან არც ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან დაზღვეული, რადგან „ბოროტები და თვითმარქვიები“ საგრძნობლად მომრავლდნენ და ზოგიერთმა შეიძლება კრებაში შეღწევაც კი სცადოს (2 ტიმ. 3:13). გარდა ამისა, ზოგი, ვისაც ღვთის მსახურად მოჰქონდა თავი, გაუკუღმართებულ ხორციელ სურვილებს აჰყვა და ბავშვზე სექსუალურად იძალადა. თავდაპირველად განვიხილოთ, რატომ არის ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ამაზრზენი დანაშაული. შემდეგ ვისაუბროთ, რა ზომებს მიმართავენ უხუცესები, როდესაც კრებაში ვინმე მძიმე ცოდვას სჩადის, მაგალითად ბავშვზე სექსუალურად ძალადობს, და როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების დაცვა. *

შემზარავი დანაშაული

4, 5. რატომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა მის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა?

4 ბავშვზე სექსუალური ძალადობა ღრმა და მტკივნეულ კვალს ტოვებს ყველაზე — როგორც თავად ძალადობის მსხვერპლზე, ისე მისი ოჯახის წევრებსა თუ თანაქრისტიანებზე, რომელთაც აღელვებთ მისი კეთილდღეობა. ბავშვზე სექსუალური ძალადობა შემზარავი დანაშაულია.

5 ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა. ეს არის დანაშაული, რომელიც დიდ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს ადამიანებს. როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, სექსუალური მოძალადე მთელ ცხოვრებას უმახინჯებს ბავშვს. ის ბოროტად სარგებლობს ბავშვის ნდობით და უსაფრთხოების განცდას უკარგავს. ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვები ასეთი ბოროტებისგან და ვანუგეშოთ და დავეხმაროთ მათ, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი * გახდა (1 თეს. 5:14).

6, 7. რატომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა კრებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული?

6 კრების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა. როცა ქრისტიანი ბავშვზე სექსუალურად ძალადობს, კრების რეპუტაციას ლახავს (მათ. 5:16; 1 პეტ. 2:12). უსამართლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ქრისტიანული კრება იწყნარებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, მაშინ როცა მილიონობით ღვთის მსახური ყველაფერს აკეთებს, რომ იეჰოვას განსადიდებლად მოიქცეს (იუდ. 3). ქრისტიანულ კრებაში არასდროს მოიძებნება ადგილი მათთვის, ვინც მოუნანიებლად სჩადის ბოროტებას და ღვთის ორგანიზაციის რეპუტაციას ლახავს.

7 ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ქრისტიანები უნდა დაემორჩილონ უმაღლეს ხელისუფლებას (რომ. 13:1). ხელისუფლებისადმი მორჩილებას მათდამი პატივისცემითა და კანონმორჩილებით გამოვხატავთ. თუ კრებაში ვინმე დაარღვევს სისხლის სამართლის კანონს, მაგალითად ბავშვზე სექსუალურად იძალადებს, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იქნება (შეადარეთ საქმეების 25:8). მართალია, უხუცესებს არ ევალებათ კანონის აღსრულება, მაგრამ ისინი ხელს არ აფარებენ ბავშვზე სექსუალურად მოძალადეს და არ არიდებენ მას ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელს (რომ. 13:4). შემცოდველი მოიმკის იმას, რაც დათესა (გალ. 6:7).

8. როგორ უყურებს იეჰოვა ადამიანის წინაშე ჩადენილ ცოდვას?

8 ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა (ფსალმ. 51:4). ყველაზე უარესი ისაა, რომ, როცა ერთი ადამიანი მეორის წინაშე სჩადის დანაშაულს, ის იეჰოვასაც სცოდავს. დავფიქრდეთ კანონზე, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა. ამ კანონში ეწერა, რომ ვინც მოჰპარავდა ან გამოსტყუებდა მოძმეს რამეს, „ორგულად [მოექცეოდა] იეჰოვას“ (ლევ. 6:2—4). რა თქმა უნდა, როცა კრებაში ვინმე სექსუალურად ძალადობს ბავშვზე, ის ასე ვთქვათ, „ჰპარავს“ მას უსაფრთხოების განცდას, რაც იეჰოვას წინაშე ორგული საქციელია. მოძალადე უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს იეჰოვას სახელს. სწორედ ამიტომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე ცოდვა, რაც სისაძაგლედ უნდა მივიჩნიოთ.

9. ბიბლიაზე დაფუძნებულ რა ინფორმაციას გვაწვდის იეჰოვას ორგანიზაცია წლების მანძილზე და რატომ?

9 ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით იეჰოვას ორგანიზაციამ წლების მანძილზე ბიბლიაზე დაფუძნებული უამრავი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მაგალითად, „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიებში იბეჭდებოდა რჩევები, თუ როგორ შეუძლიათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ გაუმკლავდნენ ემოციურ ტრავმას, რა უნდა გააკეთონ სხვებმა მათ დასახმარებლად და რის გაკეთება მართებთ მშობლებს შვილების დასაცავად. უხუცესებმა ორგანიზაციისგან მიიღეს ბიბლიაზე დაფუძნებული დეტალური მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა საქმე ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ეხება. ორგანიზაციაში პერიოდულად ხდება იმ მითითებების გადახედვა, რომლებითაც უხუცესები ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ხელმძღვანელობენ. ამის მიზანი ის არის, რომ ამ პრობლემის მოგვარების დროს უხუცესებმა ქრისტეს კანონით იხელმძღვანელონ.

როგორ იქცევიან უხუცესები მძიმე ცოდვის დროს

10—12. ა) რა ახსოვთ უხუცესებს და რა არის მათი მთავარი მიზანი, როცა საქმე მძიმე ცოდვებს ეხება? ბ) იაკობის 5:14, 15-ის თანახმად, რის გაკეთებას ცდილობენ უხუცესები?

10 მძიმე ცოდვებთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრის დროს უხუცესებს ახსოვთ, რომ ქრისტეს კანონის თანახმად, სიყვარულით უნდა მოეპყრონ სამწყსოს და ღვთის თვალში სწორად და სამართლიანად მოიქცნენ. შედეგად, მათ ბევრ რამეზე უწევთ ფიქრი, როცა სერიოზული ცოდვის შესახებ იგებენ. უხუცესების უმთავრესი საფიქრალი ღვთის სახელის წმინდად დაცვაა (ლევ. 22:31, 32; მათ. 6:9). გარდა ამისა, ისინი ზრუნავენ და-ძმების სულიერ კეთილდღეობაზე და მხარში უდგანან მათ, ვინც ჩადენილი ცოდვის მსხვერპლი გახდა.

11 ამასთანავე, თუ შემცოდველი ქრისტიანულ კრებას მიეკუთვნება, უხუცესები ცდილობენ, დაადგინონ, ინანიებს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს, რათა იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარონ (წაიკითხეთ იაკობის 5:14, 15). ის ქრისტიანი, რომელიც ჰყვება არასწორ სურვილებს და სერიოზულ ცოდვას სჩადის, სულიერად არის ავად. ეს ნიშნავს, რომ მას აღარ აქვს იეჰოვასთან ჯანსაღი ურთიერთობა. * უხუცესები შეიძლება ექიმებს შევადაროთ, რომლებიც ცდილობენ, გამოაჯანმრთელონ დასუსტებულები ანუ შემცოდველები. ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები შემცოდველს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ის გულწრფელად ინანიებს თავის საქციელს (საქ. 3:19; 2 კორ. 2:5—10).

12 აშკარაა, რომ უხუცესებს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ისინი სიყვარულით ზრუნავენ ღვთისგან მიბარებულ სამწყსოზე (1 პეტ. 5:1—3). მათ სურთ, რომ და-ძმებმა კრებაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ამიტომ დაუყოვნებლივ მოქმედებენ, როცა საქმე მძიმე ცოდვებს ეხება, მაგალითად ბავშვზე სექსუალურ ძალადობას. რა ზომებს მიმართავენ ისინი? დავფიქრდეთ  მე-13,  მე-15 და  მე-17 აბზაცების დასაწყისში დასმულ კითხვებზე.

13, 14. ემორჩილებიან უხუცესები ფაქტის გაცხადებასთან დაკავშირებულ კანონს, როცა საქმე ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება? ახსენით.

 13 ემორჩილებიან უხუცესები ფაქტის გაცხადებასთან დაკავშირებულ კანონს, როცა საქმე ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება? დიახ. იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონი არსებობს, უხუცესები ცდილობენ, დაიცვან ის (რომ. 13:1). ასეთი კანონები არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონს (საქ. 5:28, 29). ამიტომ, როცა ისინი იგებენ სავარაუდო ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ უკავშირდებიან ფილიალს, რათა ამ კანონის გათვალისწინებასთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები მიიღონ.

14 როცა ესაუბრებიან მსხვერპლსა და მის მშობლებს, ან მას, ვინც იცის, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ბავშვზე ძალადობას, უხუცესები შეახსენებენ მათ უფლებას, რომ შეუძლიათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ. რის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაზე, როცა კრებაში ვინმეს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ და ეს ამბავი გახმაურდა? უნდა დაიდანაშაულოს თავი ღვთის სახელის შეურაცხყოფაში იმ ქრისტიანმა, რომელმაც ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს შეატყობინა? არა. ამ შემთხვევაში ერთადერთი, ვინც ღვთის სახელს შეურაცხყოფს, მოძალადეა.

15, 16. ა) 1 ტიმოთეს 5:19-ის თანახმად, რატომ არის საჭირო სულ მცირე ორი მოწმე სამართლებრივი კომიტეტის შესაქმნელად? ბ) როგორ იქცევიან უხუცესები, როცა კრებაში ვინმეს ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი?

 15 რატომ არის სულ მცირე ორი მოწმე საჭირო, რომ სამართლებრივი კომიტეტი შედგეს? ეს არის სამართლიანობის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ბიბლია ადგენს. თუ შემცოდველი არ აღიარებს დანაშაულს, ბრალის დასადებად და სამართლებრივი კომიტეტის შესაქმნელად ორი მოწმეა საჭირო (კან. 19:15; მათ. 18:16; წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:19). ნიშნავს ეს იმას, რომ მაშინაც ორი მოწმეა საჭირო, როცა სავარაუდო ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ატყობინებენ? არა. ორი მოწმე არ არის საჭირო, როცა უხუცესი ან სხვა ვინმე სავარაუდო დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს ატყობინებს.

16 როცა კრებაში ვინმეს ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი, ფაქტის გაცხადებასთან დაკავშირებით უხუცესები ემორჩილებიან ქვეყნის კანონმდებლობას, შემდეგ კი ცდილობენ, ბიბლიის საფუძველზე დაადგინონ, საჭიროა თუ არა სამართლებრივი კომიტეტის შექმნა. თუ ადამიანი უარყოფს ბრალდებას, უხუცესები მოწმეების ჩვენებას განიხილავენ. უხუცესებს საკმარისი საფუძველი ექნებათ სამართლებრივი კომიტეტის შესაქმნელად, თუ სულ მცირე ორი ადამიანი დაამოწმებს ამ ფაქტს — ერთი, ვინც ბრალდება წაუყენა, და მეორე, ვინც დაადასტურებს ამ ბრალდებას, ან ამ პირის მიერ ბავშვზე სექსუალური ძალადობის სხვა შემთხვევას. * თუ მეორე მოწმე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ ბრალმდებელი ცრუობს. მაშინაც კი, თუ ორი მოწმის მეშვეობით არ დასტურდება ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, უხუცესები აცნობიერებენ, რომ შეიძლება სერიოზული ცოდვა იყო ჩადენილი, რამაც დიდი ტკივილი მიაყენა სხვებს. ისინი კვლავაც აგრძელებენ დაზარალებულების მხარდაჭერას. ამასთან ერთად, უხუცესები აკვირდებიან სავარაუდო მოძალადეს, რათა კრება შესაძლო საფრთხისგან დაიცვან (საქ. 20:28).

17, 18. რა როლს ასრულებს სამართლებრივი კომიტეტი? ახსენით.

 17 რა როლს ასრულებს სამართლებრივი კომიტეტი? სიტყვა „სამართლებრივი“ არ ნიშნავს, რომ უხუცესები ასამართლებენ ანუ წყვეტენ, უნდა დასაჯონ თუ არა სამართალდამცავებმა კანონის დამრღვევი. უხუცესები არ ერევიან კანონის აღსრულებაში და სისხლის სამართლის საკითხებს სამართალდამცავებს ანდობენ (რომ. 13:2—4; ტიტ. 3:1). ნაცვლად ამისა, ისინი „ასამართლებენ“ ანუ წყვეტენ, უნდა დარჩეს თუ არა ასეთი ადამიანი კრებაში.

18 უხუცესები, რომლებიც სამართლებრივ კომიტეტში ინიშნებიან, მხოლოდ რელიგიური კუთხით განსჯიან საკითხს. ისინი წმინდა წერილების საფუძველზე განსაზღვრავენ, სინამდვილეში ინანიებს თუ არა შემცოდველი. თუ არ ინანიებს, ის კრებიდან ირიცხება და ამის შესახებ კრებაში განცხადება კეთდება (1 კორ. 5:11—13). თუ შემცოდველი ინანიებს, შეიძლება კრებაში დარჩეს. თუმცა უხუცესები ატყობინებენ მას, რომ შეიძლება ვერასდროს მიიღოს პასუხისმგებლობები და დავალებები. ბავშვების დაცვის მიზნით უხუცესებმა შეიძლება პირადად გააფრთხილონ მშობლები, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ბავშვს, როცა ამ ადამიანთან ურთიერთობს. ასეთი ზომების მიღების დროს უხუცესები იცავენ კონფიდენციალურობას და არ ამჟღავნებენ ძალადობის მსხვერპლთა ვინაობას.

როგორ უნდა დაიცვათ შვილები

მშობლები ასაკისთვის შესაფერის ინფორმაციას აწვდიან შვილებს სექსზე, რითაც იცავენ სექსუალური ძალადობისგან. ისინი ამისთვის ღვთის ორგანიზაციისგან მოწოდებულ პუბლიკაციას იყენებენ (იხილეთ აბზაცები 19—22)

19—22. რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს შვილების დასაცავად? (იხილეთ სურათი გარეკანზე)

19 შვილების ზიანისგან დაცვა, ძირითადად, მშობლებს * ევალებათ, რადგან შვილები ჯილდოა ღვთისგან, „მემკვიდრეობა იეჰოვასგან“ (ფსალმ. 127:3). მშობლებო, შვილების დაცვის პასუხისმგებლობა იეჰოვამ თქვენ მოგანდოთ! რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ისინი სექსუალური ძალადობისგან დაიცვათ?

20 პირველი, მოიძიეთ ინფორმაცია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. გაიგეთ, როგორი ადამიანები ძალადობენ ბავშვებზე და რა მეთოდებს მიმართავენ მათ შესაცდენად. ყურადღებით იყავით, თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობთ (იგავ. 22:3; 24:3). არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მოძალადე ის ადამიანია, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს და ენდობა.

21 მეორე, კარგი კომუნიკაცია იქონიეთ შვილებთან (კან. 6:6, 7). ამაში ისიც იგულისხმება, რომ ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს შვილებს (იაკ. 1:19). გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს, რომლებზეც სექსუალურად იძალადეს, ხშირად აშინებთ ამაზე საუბარი. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ არავინ დაუჯერებს; ან შესაძლოა მოძალადე დაემუქრა, რომ, თუ სხვებს ეტყოდა ამის შესახებ, რამეს დაუშავებდა. თუ ატყობთ თქვენს შვილს, რომ რაღაც აწუხებს, რბილად დაუსვით კითხვები და მოთმინებით მოუსმინეთ, რათა გაიგოთ მისი გულისნადები.

22 მესამე, ასწავლეთ შვილებს. ბავშვებს ასაკისთვის შესაფერისი ინფორმაცია მიაწოდეთ სექსზე. ასწავლეთ, რა თქვან ან როგორ მოიქცნენ, თუ ვინმე მათ შეუფერებლად შეეხება. გამოიყენეთ ორგანიზაციის მიერ მოწვდილი ინფორმაცია ბავშვების დასაცავად (იხილეთ ჩარჩო „ თქვენც ისწავლეთ და შვილებსაც ასწავლეთ“).

23. როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

23 იეჰოვას მოწმეებისთვის ბავშვებზე სექსუალური ძალადობა მძიმე ცოდვა და დიდი ბოროტებაა. ისინი ხელმძღვანელობენ ქრისტეს კანონით და ხელს არ აფარებენ დამნაშავეს, ანუ არ არიდებენ მას ჩადენილი დანაშაულის შედეგებს. მაგრამ, როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა? ამ საკითხზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

სიმღერა 103 მწყემსები — ძღვენი ადამიანთა სახით

^ აბზ. 5 ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან. აგრეთვე გავიგებთ, რას აკეთებენ უხუცესები კრების დასაცავად და როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების დაცვა.

^ აბზ. 3 განმარტება: ბავშვზე სექსუალური ძალადობაა, როცა ზრდასრული მამაკაცი ან ქალი ბავშვს იყენებს თავისი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად. ამაში შეიძლება შედიოდეს სქესობრივი კავშირი, ორალური ან ანალური სექსი, სასქესო ორგანოებზე, მკერდზე და საჯდომზე მოფერება ან სხვა უზნეო საქციელი. მართალია, მსხვერპლთა უმეტესობა გოგონები არიან, მაგრამ ბევრი ბიჭიც გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებზე ძირითადად მამაკაცები ძალადობენ, მოძალადეები შეიძლება ქალებიც იყვნენ.

^ აბზ. 5 განმარტება: ამ და მომდევნო სტატიაში სიტყვა მსხვერპლი მიუთითებს იმ ადამიანზე, რომელზეც ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს. ამ სიტყვას იმის ხაზგასასმელად ვიყენებთ, რომ ბავშვს ტკივილი მიაყენეს, გამოიყენეს და მომხდარში მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის.

^ აბზ. 11 სულიერი სისუსტე არ ამართლებს მძიმე ცოდვას. შემცოდველი სრულად არის პასუხისმგებელი თავის არასწორ არჩევანსა თუ საქციელზე და იეჰოვას წინაშე აგებს პასუხს (რომ. 14:12).

^ აბზ. 16 ბავშვი არასდროს უნდა დააპირისპირონ სავარაუდო მოძალადესთან. შეიძლება მშობელმა ან ნდობით აღჭურვილმა პირმა შეატყობინოს უხუცესებს სავარაუდო ძალადობის შესახებ, რათა ბავშვს ემოციური ტრავმა არ გაუმწვავონ.

^ აბზ. 19 მშობლებთან დაკავშირებული რჩევები ეხება როგორც კანონიერ მეურვეებს, ისე მათ, ვინც ბავშვის აღზრდაზე ზრუნავს.