არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 21

აფასებთ ღვთისგან ბოძებულ ძღვენს?

აფასებთ ღვთისგან ბოძებულ ძღვენს?

„მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული“ (ფსალმ. 40:5).

სიმღერა 5 ღვთის საოცარი საქმეები

მოკლე შინაარსი *

1, 2. ფსალმუნის 40:5-ის თანახმად, რა გვიბოძა იეჰოვამ და რატომ უნდა დავფიქრდეთ ამაზე?

იეჰოვა ხელგაშლილი ღმერთია. დავფიქრდეთ ზოგიერთ ძღვენზე, რომელიც მან გვიბოძა. მაგალითად, ღმერთმა შექმნა ულამაზესი პლანეტა, დედამიწა, სადაც სიცოცხლისთვის ყველა აუცილებელი პირობაა; მან აგრეთვე მოგვცა საოცარი შესაძლებლობების მქონე ტვინი; და გვიბოძა თავისი სიტყვა, ბიბლია. ამგვარად, იეჰოვას წყალობით გვაქვს საცხოვრებელი ადგილი, აზროვნებისა და მეტყველების უნარი და პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 40:5).

2 წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ სამ ძღვენზე ვისაუბრებთ. რაც მეტს ვიფიქრებთ თითოეულ მათგანზე, მით მეტად გაგვიღრმავდება მადლიერების გრძნობა და გაგვიძლიერდება სურვილი, ჩვენი შემოქმედის, იეჰოვას მოსაწონად ვიცხოვროთ (გამოცხ. 4:11). გარდა ამისა, ამ სტატიაში განხილული აზრები დიდ დახმარებას გაგვიწევს მათთან მსჯელობისას, ვისაც ევოლუციის მცდარი მოძღვრება სწამთ.

უნიკალური პლანეტა

3. რა სძენს დედამიწას უნიკალურობას?

3 როდესაც ვფიქრობთ, რა საოცრად არის შექმნილი ჩვენი პლანეტა, დედამიწა, აშკარად ვხედავთ, რაოდენ ბრძენი ღმერთია იეჰოვა (რომ. 1:20; ებრ. 3:4). მართალია, მზის ირგვლივ სხვა პლანეტებიც მოძრაობენ, მაგრამ დედამიწა იმით არის უნიკალური, რომ მასზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი.

4. როგორ მოწმობს ღვთის სიბრძნეზე დედამიწის უნიკალურობა? მოიყვანეთ მაგალითი.

4 დედამიწა შეიძლება თვალუწვდენელ ოკეანეში მოტივტივე ნავს შევადაროთ. თუმცა ადამიანის მიერ შექმნილ ნავსა და დედამიწას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მაგალითად, დაფიქრდით, რამდენ ხანს იცოცხლებდნენ ნავზე მყოფი ადამიანები, თუ მათ თავად მოუწევდათ ჟანგბადის, საკვებისა და წყლის მომარაგება და ნავიდან ნარჩენების გადაყრის საშუალებაც არ ექნებოდათ? ცხადია, ისინი დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ. ამის საპირისპიროდ, დედამიწა სიცოცხლეს უნარჩუნებს მილიარდობით ცოცხალ ორგანიზმს. ის წარმოქმნის ჟანგბადს, საკვებსა და სასმელად ვარგის წყალს, რომელთა მარაგიც არასდროს იწურება. მიუხედავად იმისა, რომ უსარგებლო ნარჩენები დედამიწაზე რჩება, ის კვლავაც ლამაზი და საცხოვრებლად ვარგისი პლანეტაა. ეს იმით არის განპირობებული, რომ იეჰოვამ დედამიწა ნარჩენების გადამუშავების უნარით შექმნა. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ მეტყველებს იეჰოვას სიბრძნეზე ჟანგბადისა და წყლის წრებრუნვა.

5. რა არის ჟანგბადის წრებრუნვა და რას ადასტურებს ის?

5 ჟანგბადი სიცოცხლისთვის აუცილებელი აირია, რომელიც ყველა ცოცხალ ქმნილებას სჭირდება. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ცოცხალი ორგანიზმები ყოველწლიურად ას მილიარდ ტონა ჟანგბადს შთანთქავენ და ნახშირორჟანგს გამოყოფენ. მიუხედავად ამისა, ცოცხალი ორგანიზმები ჟანგბადის მარაგს ვერ ამოწურავენ და არც ატმოსფერო გაივსება „დაბინძურებული“ აირით, ნახშირორჟანგით. როგორ არის ეს შესაძლებელი? იეჰოვას მიერ შექმნილი ორგანიზმები, იქნება ეს პატარა წყალმცენარეები თუ დიდი ხეები, ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ. სწორედ ჟანგბადის წრებრუნვას შეგვიძლია დავუკავშიროთ საქმეების 17:24, 25-ში ჩაწერილი სიტყვები: „ღმერთი . . . აძლევს ყველას სიცოცხლეს [და] სუნთქვას“.

6. რა არის წყლის წრებრუნვა და რაზე მეტყველებს ის? (იხილეთ ჩარჩო  „წყლის წრებრუნვა — ღვთისგან ბოძებული საჩუქარი“).

6 წყალი დედამიწაზე თხევად მდგომარეობაში იმიტომ არსებობს, რომ ჩვენი პლანეტა მზიდან სათანადო მანძილითაა დაშორებული. დედამიწა მზესთან სულ ოდნავ ახლოსაც რომ ყოფილიყო, წყალი აორთქლდებოდა, ტემპერატურა საგრძნობლად აიწევდა და ჩვენი პლანეტა ხრიოკ ადგილს დაემსგავსებოდა. ხოლო თუ ის მზისგან ცოტათი შორს იქნებოდა, წყალი გაიყინებოდა და ჩვენი პლანეტა დიდ ყინულის „ბურთად“ იქცეოდა. ვინაიდან იეჰოვამ დედამიწას იდეალური ადგილი შეურჩია, წყლის წრებრუნვა სიცოცხლის არსებობას უზრუნველყოფს. მზე მიწის ზედაპირს აცხუნებს და დედამიწაზე არსებულ წყლებს აორთქლებს, აორთქლებული წყალი კი ღრუბლებად გარდაიქმნება. ყოველ წელს მზე იმ რაოდენობის წყალს აორთქლებს, რაც დაახლოებით 80 კილომეტრის სიგრძის, სიგანისა და სიღრმის რეზერვუარში დაეტეოდა. წყალი ატმოსფეროში დაახლოებით ათი დღის განმავლობაში ჩერდება, შემდეგ კი წვიმის ან თოვლის სახით გვიბრუნდება. საბოლოოდ წყალი კვლავ ოკეანეებსა და ზღვებში ჩაედინება და ეს წრებრუნვა არასდროს წყდება. ეს მეტად საჭირო და სიცოცხლისთვის აუცილებელი კანონზომიერება იეჰოვას სიბრძნესა და ძალაზე მეტყველებს (იობ. 36:27, 28; ეკლ. 1:7).

7. როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იმ ძღვნისთვის, რომელზეც ფსალმუნის 115:16-შია საუბარი?

7 როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ულამაზესი პლანეტისთვის და ყველაფრისთვის, რითაც იეჰოვამ უზრუნველგვყო? (წაიკითხეთ ფსალმუნის 115:16). ამის ერთ-ერთი საშუალებაა, ვიფიქროთ იმ ყოველივეზე, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა. ეს აღგვძრავს, ყოველდღე გადავუხადოთ მას მადლობა გამოვლენილი სიკეთისთვის. მადლიერებას იმითაც გამოვხატავთ, თუ მაქსიმალურად ვეცდებით, გავუფრთხილდეთ გარემოს და დავიცვათ სისუფთავე.

ადამიანის ტვინის უნიკალური შესაძლებლობები

8. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ტვინი საოცრად არის შექმნილი?

8 ადამიანის ტვინი საოცრადაა შექმნილი. ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში ყოფნის დროს არშობილი ბავშვის ტვინი წინასწარ გაწერილი „გეგმის“ მიხედვით ვითარდება და ყოველ წუთს ათასობით ახალი ტვინის უჯრედი წარმოიქმნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ზრდასრული ადამიანის ტვინი დაახლოებით 100 მილიარდი ნერვული უჯრედისგან ანუ ნეირონისგან შედგება. ამ უჯრედების ერთობლიობა ქმნის ადამიანის ტვინს, რომელიც დაახლოებით 1.5 კგ-ს იწონის. განვიხილოთ, რა უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია ადამიანის ტვინს.

9. რა გარწმუნებთ, რომ მეტყველების უნარი იეჰოვასგან ბოძებული ძღვენია?

9 ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარი ნამდვილი სასწაულია. უბრალოდ დაფიქრდით, რა პროცესები მიმდინარეობს, როცა ლაპარაკობთ. თითოეული სიტყვის წარმოთქმის დროს ტვინი პასუხისმგებელია ასამდე კუნთის მოძრაობაზე, რომლებიც განლაგებულია ენის, ხორხის, ტუჩების, ყბისა და გულმკერდის არეში. სიტყვები გარკვევით რომ წარმოთქვათ, კუნთებმა განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა იმოძრაონ. 2019 წელს გამოქვეყნებულ ერთ ნაშრომში, რომელიც ენების ათვისებას ეხებოდა, ნათქვამი იყო, რომ ახალშობილებს თანდაყოლილი უნარი აქვთ, გაარჩიონ და რეაგირება მოახდინონ თითოეულ სიტყვაზე. ეს ნაშრომი მხარს უჭერს მეცნიერების მოსაზრებას, რომ ადამიანს დაბადებიდან შეუძლია ენების გარჩევა და ათვისება. მეტყველების უნარი ნამდვილად იეჰოვასგან ბოძებული ძღვენია (გამ. 4:11).

10. რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ღვთისგან ბოძებულ მეტყველების უნარს?

10 როცა ევოლუციის თეორიის მომხრეებთან იმაზე ვსაუბრობთ, თუ რა გვარწმუნებს შემოქმედის არსებობაში, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ღვთისგან ბოძებულ მეტყველების ძღვენს (ფსალმ. 9:1; 1 პეტ. 3:15). ევოლუციის მოძღვრების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ დედამიწა და მასზე არსებული ცოცხალი ორგანიზმები შემთხვევითობის წყალობით გაჩნდა. ბიბლიისა და ამ სტატიაში განხილული ზოგიერთი არგუმენტის გამოყენება დაგვეხმარება, ჩვენი ზეციერი მამის მხარე დავიკავოთ და დაინტერესებულ ადამიანებს ავუხსნათ, რა გვარწმუნებს ცისა და დედამიწის შემოქმედის არსებობაში (ფსალმ. 102:25; ეს. 40:25, 26).

11. რით არის ადამიანის ტვინი გასაოცარი?

11 ჩვენ გასაოცარი მახსოვრობის უნარი გვაქვს. წლების წინ ერთმა მწერალმა თქვა, რომ ადამიანის ტვინი იმდენ ინფორმაციას იტევს, რამდენსაც ოცი მილიონი წიგნი დაიტევდა. თუმცა დღეს ვარაუდობენ, რომ ჩვენს ტვინს გაცილებით მეტი ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლია. რის შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს მახსოვრობის უნარი?

12. რით განსხვავდება ადამიანი ყველა სხვა ქმნილებისგან?

12 სხვა ყველა ქმნილებისგან განსხვავებით მხოლოდ ადამიანებს აქვთ უნარი, გააანალიზონ წარსული და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ჩამოიყალიბონ ზნეობრივი ფასეულობები. სწორედ ამის წყალობით შეგვიძლია შევიცვალოთ აზროვნება თუ ცხოვრების წესი და უკეთესი ადამიანები გავხდეთ (1 კორ. 6:9—11; კოლ. 3:9, 10). ჩვენ გვაქვს უნარი, გავწაფოთ სინდისი, რათა კარგისა და ცუდის გარჩევა შევძლოთ (ებრ. 5:14). აგრეთვე შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გამოვავლინოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა და გულმოწყალება და სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისი ავირეკლოთ.

13. ფსალმუნის 77:11, 12-დან გამომდინარე, როგორ ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასგან ბოძებულ მახსოვრობის უნარს?

13 რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასგან ბოძებულ მახსოვრობის უნარს? კარგი იქნება, თუ ყოველთვის გვემახსოვრება, როგორ გვეხმარებოდა და გვანუგეშებდა იეჰოვა. ეს ნდობას გაგვიღრმავებს ზეციერი მამის მიმართ და ეჭვი არ შეგვეპარება, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 77:11, 12; 78:4, 7). მახსოვრობის უნარს იმითაც დავაფასებთ, თუ არ დავივიწყებთ სხვების სიკეთეს და მადლიერი ვიქნებით ამისთვის. მეცნიერების თქმით, მადლიერი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან. კარგი იქნება, თუ მივბაძავთ იეჰოვას და ზოგიერთ რაღაცას დავივიწყებთ. მართალია, იეჰოვას სრულყოფილი მეხსიერება აქვს, მაგრამ, როცა ჩადენილ საქციელს ვნანობთ, გვპატიობს და ივიწყებს ჩვენს შეცდომებს (ფსალმ. 25:7; 130:3, 4). მას სურს, რომ ჩვენც ანალოგიურად მოვიქცეთ და ვაპატიოთ მათ, ვინც გული გვატკინა (მათ. 6:14; ლუკ. 17:3, 4).

თუ გონებრივ შესაძლებლობებს იეჰოვას განსადიდებლად გამოვიყენებთ, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ მას (იხილეთ აბზაცი 14) *

14. როგორ გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი გონებრივი შესაძლებლობებისთვის?

14 მადლიერებას გამოვავლენთ იეჰოვას მიმართ, თუ ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს მის განსადიდებლად გამოვიყენებთ. ზოგიერთი თავის ჭკუასა და გონებას ეგოისტური მიზნებისთვის იყენებს და თავად უდგენს საკუთარ თავს, რა არის სწორი და რა — არასწორი. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ იეჰოვა შემოქმედია და მას ჩვენზე გაცილებით უკეთ შეუძლია განსაზღვროს, როგორი ფასეულობებით უნდა ვიცხოვროთ (რომ. 12:1, 2). როცა იეჰოვას ნორმებს არ უგულებელვყოფთ, უფრო მშვიდად ვცხოვრობთ (ეს. 48:17, 18). დღეს უკვე სრულად ვაცნობიერებთ, რომ შემოქმედისთვის პატივის მიგება და მის მოსაწონად მოქცევა ყველაზე მნიშვნელოვანია (იგავ. 27:11). სწორედ ეს არის სიცოცხლის აზრი.

ბიბლია უძვირფასესი საჩუქარია

15. როგორ მეტყველებს ბიბლია ღვთის სიყვარულზე?

15 ბიბლია უძვირფასესი საჩუქარია ღვთისგან. ჩვენმა ზეციერმა მამამ თავისი სიტყვა მოგვცა, რადგან მას ძალიან ვუყვარვართ. ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა უმნიშვნელოვანეს კითხვებზე გვპასუხობს, მაგალითად, როგორ გავჩნდით ამქვეყნად? რა არის სიცოცხლის აზრი? და რა გველის მომავალში? იეჰოვას სურს, ყველა ამ კითხვაზე გვქონდეს პასუხი, ამიტომ ის საუკუნეების განმავლობაში აღძრავდა ადამიანებს, ბიბლია სხვადასხვა ენაზე ეთარგმნათ. დღეს ღვთის სიტყვა მთლიანად თუ ნაწილობრივ 3 000-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი! ბიბლია ყველაზე გავრცელებული და ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი წიგნია. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია, მშობლიურ ენაზე წაიკითხოს ღვთის სიტყვა (იხილეთ ჩარჩო —  ბიბლია აფრიკულ ენებზეც ხელმისაწვდომია).

16. მათეს 28:19, 20-დან გამომდინარე, როგორ ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ბიბლიას?

16 თუ ყოველდღე ვკითხულობთ ბიბლიას, ვფიქრობთ მის პრაქტიკულ ღირებულებაზე და ყველანაირად ვცდილობთ ნასწავლის გამოყენებას, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ მას. გარდა ამისა, ღვთის სიტყვისადმი მადლიერებას გამოვხატავთ, თუ მაქსიმალურად ვცდილობთ, ბიბლიური ცნობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადავცეთ (ფსალმ. 1:1—3; მათ. 24:14; წაიკითხეთ მათეს 28:19, 20).

17. რა და რა ძღვენზე ვისაუბრეთ და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 ამ სტატიაში ვისაუბრეთ ღვთისგან ბოძებულ სხვადასხვა ძღვენზე — ჩვენს პლანეტა დედამიწაზე, საოცარი შესაძლებლობების მქონე გონებასა და ღვთისგან შთაგონებულ სიტყვაზე. თუმცა იეჰოვამ თვალისთვის უხილავი სხვა არაერთი ძღვენიც გვიბოძა. ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

სიმღერა 12 დიდებული ღმერთი, იეჰოვა

^ აბზ. 5 ეს სტატია მადლიერების გრძნობას გაგვიღრმავებს იეჰოვას მიმართ, რომელმაც არაერთი ძღვენი გვიბოძა. აქ განხილული აზრები იმ ადამიანებთან მსჯელობაშიც დაგვეხმარება, რომლებსაც ღმერთი არ სწამთ.

^ აბზ. 64 სურათის აღწერა: და უცხო ენას სწავლობს, რათა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება იმიგრანტებს გაუზიაროს.