არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რბილი ხასიათი — რატომ არის კარგი ამ თვისების გამოვლენა?

რბილი ხასიათი — რატომ არის კარგი ამ თვისების გამოვლენა?

„ბუნებით მორცხვი ვარ და თვითრწმენა მაკლია. ამიტომ ზედმეტად თავდაჯერებულ და ჯიუტ ხალხთან თავს კარგად ვერ ვგრძნობ. თავმდაბალ და რბილი ხასიათის მქონე ადამიანებთან კი პირიქით, თავისუფლად ვარ და არ მიჭირს ჩემს პრობლემებსა თუ გრძნობებზე საუბარი. ჩემი საუკეთესო მეგობრები სწორედ ასეთები არიან,“ — ამბობს ერთი და, სახელად სარა. *

სარას სიტყვებიდან კარგად გამოჩნდა, რომ, თუ რბილი ხასიათი გვექნება, სხვებს ჩვენთან დამეგობრების სურვილი გაუჩნდებათ. ამ თვისებას იეჰოვა ძალიან აფასებს. ბიბლია მოგვიწოდებს: „შეიმოსეთ . . . რბილი ხასიათით“ (კოლ. 3:12). რა არის რბილი ხასიათი? როგორ ავლენდა იესო ამ თვისებას? და როგორ უწყობს ხელს რბილი ხასიათი ჩვენს ბედნიერებას?

რა არის რბილი ხასიათი?

როგორც წესი, რბილი ხასიათით მშვიდობისმყოფელი ადამიანები გამოირჩევიან. მას, ვისაც რბილი ხასიათი აქვს, სხვებს თავაზიანად და კეთილად ეპყრობა და სირთულეების დროს სიმშვიდეს ინარჩუნებს.

რბილი ხასიათი შინაგანი სიძლიერის მაჩვენებელია. ბერძნული სიტყვა, რომელიც რბილ ხასიათად ითარგმნება, გამოიყენება მოთვინიერებული გარეული ცხენის აღსაწერად. როგორც მოთვინიერებული ცხენი არ კარგავს ძალას და არ სუსტდება, ისე რბილი ხასიათის მქონე ადამიანი არ კარგავს შინაგან სიძლიერეს. როცა რბილ ხასიათს ვავლენთ, ცოდვილ მიდრეკილებებს „ვათვინიერებთ“ და სხვებთან მშვიდობას ვინარჩუნებთ.

შეიძლება იფიქროთ, რომ რბილი ხასიათი თქვენი ბუნების ნაწილი არ არის. დღეს ბევრი ადამიანი მოუთმენლობასა და აგრესიას იჩენს, ამიტომ ადვილი არ არის რბილი ხასიათის გამოვლენა (რომ. 7:19). აშკარაა, რომ ამ თვისების განვითარება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით ეს შეუძლებელი არ არის (გალ. 5:22, 23). რატომ უნდა მოვახმაროთ ძალისხმევა რბილი ხასიათის განვითარებას?

რბილი ხასიათი ყველას იზიდავს. ზემოთ მოხსენიებული სარას მსგავსად, რბილი ხასიათის მქონე ადამიანების გარემოცვაში თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობთ. იესომ რბილი ხასიათისა და სიკეთის გამოვლენის უბადლო მაგალითი დაგვიტოვა (2 კორ. 10:1). იესოსკენ იმ ბავშვებსაც კი მიუწევდათ გული, რომლებიც არ იცნობდნენ მას (მარ. 10:13—16).

რბილი ხასიათი ჩვენთვისაც სასიკეთოა და სხვებისთვისაც. თუ რბილი ხასიათი გვექნება, ადვილად არ გავნაწყენდებით და არ განვრისხდებით (იგავ. 16:32). ამგვარად თავიდან ავირიდებთ დანაშაულის გრძნობას, რომელიც მაშინ გვეუფლება ხოლმე, როცა ვინმეს გულს ვტკენთ, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანს. რბილი ხასიათი ჩვენ გარშემომყოფებზეც სასიკეთოდ იმოქმედებს, რადგან არ ვიტყვით ან არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რითაც მათ ტკივილს მივაყენებდით.

სრულყოფილი მაგალითი

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა და ძალიან დაკავებული იყო, იესო ყველას რბილად ექცეოდა. იმ დროს მცხოვრები ხალხი სხვადასხვა საწუხარით იყო გულდამძიმებული და გამოცოცხლებას საჭიროებდა. როგორი მანუგეშებელი იქნებოდა მათთვის იესოს სიტყვების მოსმენა: „მოდით ჩემთან . . . რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“ (მათ. 11:28, 29).

როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და განვივითაროთ რბილი ხასიათი? ღვთის სიტყვის შესწავლა დაგვანახვებს, როგორ ეპყრობოდა იესო ხალხს და როგორ იქცეოდა რთულ სიტუაციებში. შემდეგ კი უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ მას და რბილი ხასიათი მაშინაც გამოვავლინოთ, როცა ეს არც ისე ადვილია (1 პეტ. 2:21). განვიხილოთ სამი რამ, რაც იესოს რბილი ხასიათის გამოვლენაში ეხმარებოდა.

იესო თავმდაბალი იყო. მან თავად თქვა, რომ „რბილი და გულით თავმდაბალი“ იყო (მათ. 11:29). ბიბლია ამ ორ თვისებას ერთად მოიხსენიებს, რადგან რბილ ხასიათსა და თავმდაბლობას შორის მჭიდრო კავშირია (ეფეს. 4:1—3). რატომ ვამბობთ ამას?

თავმდაბლობა გვეხმარება, ზედმეტად მგრძნობიარეები არ ვიყოთ და ყველაფერი გულთან ახლოს არ მივიტანოთ. როგორ რეაგირებდა იესო მათ სიტყვებზე, ვინც უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა და „გაუმაძღარსა“ და „სმას გადაყოლილს“ უწოდებდა? ის საკუთარი მაგალითით ცდილობდა, გაებათილებინა მათი სიცრუე. წაყენებულ ბრალდებას იესომ მშვიდად უპასუხა: „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათ. 11:19).

როგორ მოიქცევით, თუ ვინმესგან გამაღიზიანებელ რეპლიკას მოისმენთ თქვენი ეროვნების, სქესისა თუ წარსულის შესახებ? კარგი იქნება, თუ რბილ ხასიათს გამოავლენთ და მძაფრი რეაქცია არ გექნებათ. სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ერთი უხუცესი, სახელად პიტერი, ამბობს: „როცა სხვისი ნათქვამი მაღიზიანებს, საკუთარ თავს ვეკითხები, ჩემს ადგილას იესოს როგორი რეაქცია ექნებოდა? საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაფერი გულთან ახლოს არ უნდა მივიტანო“.

იესო მხედველობაში იღებდა სხვების სისუსტეებს. მართალია, იესოს მოწაფეებს კარგი მოტივები ჰქონდათ, მაგრამ არასრულყოფილი ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის იმას ვერ აკეთებდნენ, რაც გულით ეწადათ. მაგალითად, სიკვდილის წინა ღამეს იესომ პეტრეს, იაკობსა და იოანეს სთხოვა, მასთან ერთად ეფხიზლათ, რადგან ემოციური მხარდაჭერა სჭირდებოდა. თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. იესოს კარგად ესმოდა, რომ „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მათ. 26:40, 41). წვდომის უნარი დაეხმარა მას, მოციქულების საქციელზე არ გაღიზიანებულიყო.

ერთი და, სახელად მანდი, ძალიან კრიტიკული იყო სხვების მიმართ, თუმცა მან შეიცვალა დამოკიდებულება. ახლა ის ცდილობს, მიჰბაძოს იესოს და რბილი ხასიათი გამოავლინოს. მანდი ამბობს: „ვცდილობ, ყოველთვის მახსოვდეს, რომ უნაკლო არავინაა და ადამიანებში ის დადებითი თვისებები შევნიშნო, რომლებსაც იეჰოვა ამჩნევს“. თუ იესოს მსგავსად გაითვალისწინებთ სხვების სისუსტეებს, ეს დაგეხმარებათ, მათ რბილად მოექცეთ.

იესო ენდობოდა იეჰოვას. დედამიწაზე ყოფნის დროს ის არაერთხელ გამხდარა უსამართლობის მსხვერპლი. ადამიანებს მისი არ ესმოდათ, სიძულვილს ავლენდნენ, ბოლოს კი წამებით მოკლეს. ყველაფრის მიუხედავად იესო სხვებს რბილად ეპყრობოდა, რადგან მას „ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტ. 2:23). იესოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ზეციერი მამა ზრუნავდა მასზე და თავის დროზე აღადგენდა სამართალს.

თუ უსამართლო მოპყრობაზე მძაფრი რეაქცია გვექნება და განვრისხდებით, სიტუაცია შეიძლება უფრო გავამწვავოთ. სწორედ ამიტომ შეგვახსენებს ღვთის სიტყვა: „კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს“ (იაკ. 1:20). მაშინაც კი, თუ გაბრაზების მიზეზი გვაქვს, არასრულყოფილებამ შეიძლება შეცდომა დაგვაშვებინოს.

გერმანიაში მცხოვრებ ერთ დას, კატის მიაჩნდა, რომ, თუ ადამიანმა თვითონ არ დაიცვა საკუთარი თავი, სხვა ამას არ გააკეთებს. მაგრამ, როცა იეჰოვაზე მინდობა ისწავლა, დამოკიდებულება შეიცვალა. ის ამბობს: „ადრინდელისგან განსხვავებით სულ თავდაცვაზე აღარ ვფიქრობ და ვცდილობ, რბილი ხასიათი გამოვავლინო. მჯერა, რომ ყველაფერს იეჰოვა მოაგვარებს“. თუ ოდესმე უსამართლობის მსხვერპლი გამხდარხართ, იესოს მაგალითი დაგეხმარებათ, მიენდოთ ღმერთს და ყოველთვის რბილად მოექცეთ სხვებს.

„ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი“

როგორ გვეხმარება რბილი ხასიათი რთულ სიტუაციებში?

იესოს სიტყვების თანახმად, ბედნიერებისთვის რბილი ხასიათის ქონა აუცილებელია. მან თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი“ (მათ. 5:5). განვიხილოთ, როგორ გვეხმარება ეს თვისება სხვადასხვა სიტუაციაში.

რბილი ხასიათი ცოლ-ქმარს დაძაბულობის განმუხტვაში ეხმარება. „ერთხელ ჩემს ცოლს გაუაზრებლად ბევრი გულსატკენი რამ ვუთხარი, — აღიარებს ავსტრალიაში მცხოვრები ძმა, სახელად რობერტი. — მაგრამ ნაჩქარევად ნათქვამ სიტყვებს უკან ვეღარ წაიღებ. როცა მივხვდი, რამხელა ტკივილი მივაყენე მას ჩემი მწარე სიტყვებით, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი“.

„ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“, ამიტომ დაუფიქრებელი სიტყვებით შესაძლოა ოჯახში მშვიდობა დავარღვიოთ (იაკ. 3:2). ასეთ სიტუაციებში რბილი ხასიათი გვეხმარება, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ენა გავაკონტროლოთ (იგავ. 17:27).

რობერტმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ უფრო მშვიდი და თავშეკავებული გამხდარიყო. რა მოჰყვა ამას შედეგად? „დღეს, როცა ოჯახში უთანხმოება იჩენს ხოლმე თავს, ვცდილობ, ყურადღებით მოვუსმინო მეუღლეს, რბილად დაველაპარაკო და არ გავბრაზდე. ახლა მასთან გაცილებით უკეთესი ურთიერთობა მაქვს“, — ამბობს რობერტი.

რბილი ხასიათი გვეხმარება, უკეთ გავუგოთ სხვებს. ვისაც ყველაფერი სწყინს, ბევრი მეგობარი არ ჰყავს. რბილი ხასიათი კი გვეხმარება, შევინარჩუნოთ „ერთიანობა მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:2, 3). ზემოთ მოხსენიებული კატი ამბობს: „როცა რბილ ხასიათს ვავლენ, სხვებთან ურთიერთობა უფრო მსიამოვნებს, რთული ხასიათის ადამიანებთანაც კი“.

რბილი ხასიათი შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში გვეხმარება. ბიბლია „ზემოდან მომავალ სიბრძნეს“ რბილ ხასიათთან და მშვიდობასთან აკავშირებს (იაკ. 3:13, 17). რბილი ხასიათის მქონე ადამიანს „მშვიდი გული“ აქვს (იგავ. 14:30). მარტინი, რომელმაც დიდი ძალისხმევა მოახმარა რბილი ხასიათის განვითარებას, აღნიშნავს: „ახლა უფრო დამთმობი ვარ და აღარ ვცდილობ, სულ ჩემი გავიტანო. ეს შინაგან სიმშვიდესა და ბედნიერებას მანიჭებს“.

უნდა ვაღიაროთ, რომ რბილი ხასიათის განვითარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ერთი ძმა ამბობს: „გულწრფელად გითხრათ, ზოგიერთ სიტუაციაში დღემდე მიჭირს ბრაზის გადმონთხევისგან თავის შეკავება“. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა, რომელიც რბილი ხასიათის გამოვლენისკენ მოგვიწოდებს, ასეთ დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ (ეს. 41:10; 1 ტიმ. 6:11). ღმერთს შეუძლია დაასრულოს „თქვენი მომზადება“ და გაგაძლიეროთ (1 პეტ. 5:10). დროთა განმავლობაში კი შეძლებთ, მიჰბაძოთ პავლე მოციქულს და „ქრისტეს რბილი ხასიათი და სიკეთე“ აირეკლოთ (2 კორ. 10:1).

^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.