არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 19

ჩრდილოეთის მეფე უკანასკნელ პერიოდში

ჩრდილოეთის მეფე უკანასკნელ პერიოდში

„უკანასკნელ დროს სამხრეთის მეფე შეუტევს [ჩრდილოეთის მეფეს]“ (დან. 11:40)

სიმღერა 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით

მოკლე შინაარსი *

1. რას ვიგებთ ბიბლიიდან ჩვენს მომავალზე?

რა ელის იეჰოვას ხალხს ახლო მომავალში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სირთულეს არ წარმოადგენს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მალე მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდება, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს შეგვეხება. ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში საუბარია, რას მოიმოქმედებენ ყველაზე ძლევამოსილი და გავლენიანი მთავრობები. დანიელის მე-11 თავში აღწერილია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების დაპირისპირება. ვინაიდან ამ წინასწარმეტყველების დიდი ნაწილი უკვე შესრულდა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დარჩენილი ნაწილიც აუცილებლად შესრულდება.

2. როგორც დაბადების 3:15-დან და გამოცხადების 11:7; 12:17-დან ჩანს, რა უნდა გავითვალისწინოთ დანიელის წინასწარმეტყველების გამოკვლევისას?

2 დანიელის მე-11 თავში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას სწორად რომ ჩავწვდეთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ამ წინასწარმეტყველებაში საუბარია მხოლოდ იმ მმართველებსა თუ მთავრობებზე, რომლებიც ღვთის ხალხს დევნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მსახურები დედამიწის მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილს წარმოადგენენ, ისინი ხშირად ხდებიან დევნის ობიექტი. რით შეიძლება აიხსნას ეს? სატანისა და მისი ქვეყნიერების მთავარი მიზანია, ბოლო მოუღოს ყველას, ვინც იეჰოვასა და იესოს ემსახურება (წაიკითხეთ დაბადების 3:15 და გამოცხადების 11:7; 12:17). გასათვალისწინებელია ისიც, რომ დანიელის წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველების ახსნა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს. ამიტომ მისი მნიშვნელობა სწორად რომ გავიგოთ, ის წმინდა წერილების სხვა მონაკვეთებს უნდა შევადაროთ.

3. რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?

3 ზემოთქმულის გათვალისწინებით ამ სტატიაში განვიხილავთ დანიელის 11:25—39-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას. გავიგებთ, ვინ იყვნენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები 1870—1991 წლებში და დავინახავთ, რატომ უნდა აიხსნას ახლებურად ამ წინასწარმეტყველების გარკვეული ნაწილი. მომდევნო სტატიაში კი განვიხილავთ დანიელის 11:40—12:1-ში ჩაწერილ სიტყვებს და გავიგებთ, რა ცვლილებები შევიდა წინასწარმეტყველების იმ ნაწილის ახსნაში, რომელიც 1990-იანი წლებიდან არმაგედონამდე პერიოდს ეხება. ამ ორი სტატიის განხილვისას დიდ დახმარებას გაგიწევთ დიაგრამა „მეფეთა ორთაბრძოლა უკანასკნელ დროს“. თუმცა მოდი თავდაპირველად გავიგოთ, ვინ არის ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ორი მეფე.

საიდან ვიცით, ვინ არიან ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები

4. რომელი სამი ფაქტორის გათვალისწინება გვეხმარება, გავიგოთ, ვინ არიან ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები?

4 წოდებები „ჩრდილოეთის მეფე“ და „სამხრეთის მეფე“ თავდაპირველად იმ მმართველებზე მიუთითებდა, რომლებიც ძველი ისრაელის ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე მმართველობდნენ. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა ანგელოზმა დანიელს: „ახლა მოვედი, რომ გაგაგებინო, რა დაემართება შენს ხალხს [ღვთის ხალხს]“ (დან. 10:14). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე ღვთის ხალხი ისრაელი ერი იყო. თუმცა მას შემდეგ იეჰოვამ აშკარად ცხადყო, რომ თავის ხალხად იესოს ერთგული მოწაფეები აირჩია. აქედან გამომდინარე, დანიელის მე-11 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების დიდი ნაწილი არა ისრაელ ერს, არამედ ქრისტეს მიმდევრებს ეხებათ (საქ. 2:1—4; რომ. 9:6—8; გალ. 6:15, 16). დროის სხვადასხვა მონაკვეთში ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების როლს სხვადასხვა სახელმწიფო თუ მმართველი ასრულებდა. თუმცა ყველა მათგანს რამდენიმე საერთო დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა. პირველი, ისინი იმ ქვეყნებზე მმართველობდნენ, სადაც ღვთის ხალხი ცხოვრობდა ან დევნიდნენ მათ. მეორე, ღვთის ხალხისადმი მათი დამოკიდებულებიდან ჩანდა, რომ სძულდათ ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა. და მესამე, ეს ორი მეფე ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს უპირისპირდებოდა.

5. არსებობდნენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები მეორე საუკუნიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე? ახსენით.

5 მეორე საუკუნეში ბევრი ცრუ მასწავლებელი გამოჩნდა, რომლებმაც ქრისტიანულ კრებაში წარმართული სწავლებები დაამკვიდრეს და ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება მიჩქმალეს. იმ დროიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის ბოლომდე ღვთის ხალხი, როგორც ორგანიზებული ჯგუფი, დედამიწაზე აღარ არსებობდა. ცრუ ქრისტიანები სარეველასავით გამრავლდნენ, რის გამოც რთული გახდა იმის გაგება, თუ ვინ იყვნენ ნამდვილი ქრისტიანები (მათე 13:36—43). აქედან გამომდინარე, მეორე საუკუნიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე არსებული მთავრობები თუ მმართველები ვერ იქნებოდნენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები, რადგან იმ პერიოდში არ არსებობდა ღვთის მსახურთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელზეც ისინი იერიშს მიიტანდნენ. * თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები კვლავ ასპარეზზე გამოჩნდნენ. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

6. როდის გახდა ცხადი ღვთის ხალხის ვინაობა?

6 ღვთის ხალხი 1870 წლიდან მოყოლებული ორგანიზებულ ჯგუფად იქცა. სწორედ მაშინ ჩამოაყალიბეს ჩარლზ ტეიზ რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი. მათ ნაწინასწარმეტყველები „მაცნის“ როლი შეასრულეს და ღვთის სამეფოს დამყარებამდე გზა მოამზადეს (მალ. 3:1). იმ პერიოდში კვლავ ცხადი გახდა ღვთის ხალხის ვინაობა. მაგრამ იყვნენ იმ დროისათვის მსოფლიო ასპარეზზე ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ღვთის ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ? მოდი გავიგოთ.

ვინ არის სამხრეთის მეფე?

7. ვინ ასრულებდა სამხრეთის მეფის როლს პირველი მსოფლიო ომის დროს?

7 ბრიტანეთი 1870 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი იმპერია იყო, რომელსაც უძლიერესი სამხედრო ძალა ჰყავდა. ეს იმპერია წარმოდგენილია პატარა რქით, რომელმაც სძლია სამ რქას — საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდს (დან. 7:7, 8). პირველი მსოფლიო ომის დროს სამხრეთის მეფის როლს ბრიტანეთი ასრულებდა. იმავე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები წამყვან ეკონომიკურ ძალად იქცა და ბრიტანეთის მჭიდრო მოკავშირე გახდა.

8. ვინ იქნებოდა სამხრეთის მეფე ბოლო დღეებში?

8 პირველი მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ძლიერი სამხედრო ალიანსი შექმნეს. ბრიტანეთი და მისი ყოფილი კოლონია ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიად იქცა. როგორც დანიელმა იწინასწარმეტყველა, ამ მეფეს „უდიდესი და უძლიერესი ჯარი“ ეყოლებოდა (დან. 11:25). ბოლო დღეებში ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია სამხრეთის მეფის როლს ასრულებს. * იბადება კითხვა: ვინ შეასრულებდა ჩრდილოეთის მეფის როლს?

ჩრდილოეთის მეფე კვლავ ჩნდება ასპარეზზე

9. როდის გამოჩნდა ასპარეზზე ჩრდილოეთის მეფე და როგორ შესრულდა დანიელის 11:25-ში ჩაწერილი სიტყვები?

9 ერთი წლის შემდეგ, რაც რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ჩამოაყალიბეს, 1871 წელს ახალი ჩრდილოეთის მეფის გამოჩენამაც არ დააყოვნა. გერმანიის იმპერიად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ოტო ფონ ბისმარკმა. პრუსიის მეფე ვილჰელმ I გერმანიის პირველი იმპერატორი გახდა და ბისმარკი კანცლერად დანიშნა. * მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გერმანია იმპერიალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მის დაქვემდებარებაში იყო აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები. გერმანია ყველანაირად ცდილობდა, ბრიტანეთზე ძლევამოსილი იმპერია შეექმნა (წაიკითხეთ დანიელის 11:25). მან ძლიერი სახმელეთო ჯარი და მსოფლიოში სიდიდით მეორე სამხედრო-საზღვაო ფლოტი შექმნა. I მსოფლიო ომში მან მთელი თავისი სამხედრო არსენალი მტრების წინააღმდეგ გამოიყენა.

10. როგორ შესრულდა დანიელის 11:25ბ, 26-ში ჩაწერილი სიტყვები?

10 დანიელმა ისიც იწინასწარმეტყველა, რა დაემართებოდა გერმანიის იმპერიასა და მის უძლიერეს სამხედრო ძალას. წინასწარმეტყველების თანახმად, ჩრდილოეთის მეფე „ვერ გაძლებდა“. რა იქნებოდა ამის მიზეზი? ბიბლიაში ვკითხულობთ: „რადგან ისინი მის წინააღმდეგ განიზრახავენ ბოროტებას. მისი ნუგბარის მჭამელები დააქცევენ მას“ (დან. 11:25ბ, 26ა). დანიელის დროს ისინი, ვინც „მეფის ნუგბარიდან“ ჭამდნენ, სამეფო კარის უმაღლესი მოხელეები იყვნენ (დან. 1:5). ვინ იქნებოდნენ მეფის „ნუგბარის მჭამელები“ თანამედროვე დროში? ისინი გერმანიის იმპერიის მაღალჩინოსნები აღმოჩნდნენ, მაგალითად, გენერლები და სამხედრო მრჩევლები, რომლებიც იმპერატორის დაქვემდებარებაში იყვნენ. საბოლოოდ სწორედ მათ დაუსვეს წერტილი მონარქიულ მმართველობას. * დანიელი არა მხოლოდ იმპერიის დაცემას წინასწარმეტყველებდა, არამედ იმასაც, რა შედეგი მოჰყვებოდა სამხრეთის მეფესთან ომს. წინასწარმეტყველი ჩრდილოეთის მეფეზე ამბობს: „მისი ჯარი წაილეკება და მრავალი დაეცემა მოკლული“ (დან. 11:26ბ). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, I მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარი დამარცხდა და „მრავალი [დაეცა] მოკლული“. კაცობრიობის ისტორიაში ამხელა მსხვერპლი მანამდე სხვა არცერთ ომს არ მოჰყოლია.

11. როგორ მოიქცეოდნენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები?

11 წინასწარმეტყველი დანიელი აღწერს მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა I მსოფლიო ომს. დანიელის 11:27, 28-ში ვკითხულობთ, რომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები „ერთ მაგიდასთან სიცრუეს [ილაპარაკებდნენ]“. აქ აგრეთვე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთის მეფე „დიდძალი ქონებით“ დაბრუნდებოდა. წინასწარმეტყველების ეს ნაწილიც ზუსტად შესრულდა. გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ მშვიდობა სურდათ. თუმცა 1914 წელს, როცა პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა, ცხადი გახდა, რომ მათი სიტყვები მტკნარი სიცრუე იყო. ომის დაწყებამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე გერმანია ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა. როგორც დანიელის 11:29, 30ა-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, გერმანია სამხრეთის მეფესთან ბრძოლაში დამარცხდა.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები ღვთის ხალხზე ილაშქრებენ

12. როგორ მოიქცნენ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მეფეები I მსოფლიო ომის დროს?

12 ორი მეფის კონფლიქტი 1914 წლის შემდეგ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდა და ღვთის ხალხის დევნაც უფრო გამწვავდა. მაგალითად, I მსოფლიო ომის დროს გერმანიისა და ბრიტანეთის მთავრობები დევნიდნენ ღვთის მსახურებს, რადგან ისინი უარს ამბობდნენ ომში მონაწილეობაზე. მათ არც შეერთებული შტატები ჩამორჩა და დააპატიმრა ის ძმები, რომლებიც სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდნენ. ამით შესრულდა გამოცხადების 11:7—10-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ ღვთის ხალხი დევნის ობიექტი გახდებოდა.

13. როგორ მოქმედებდა ჩრდილოეთის მეფე 1933 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის პერიოდში?

13 შემდგომშიც, 1933 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთის მეფე დაუნდობლად ექცეოდა იეჰოვას ხალხს. გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ჰიტლერმა და მისმა მომხრეებმა ღვთის ხალხის საქმიანობა აკრძალეს. მათ ასობით იეჰოვას მოწმე სიცოცხლეს გამოასალმეს და ათასობით მათგანი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. დანიელის წინასწარმეტყველება ამ შემთხვევაშიც ზედმიწევნით შესრულდა. ჩრდილოეთის მეფემ აკრძალა სამქადაგებლო საქმე, რითაც შებღალა „საწმინდარი“ და შეწყვიტა „მუდმივი მსხვერპლი“ (დან. 11:30ბ, 31ა). ჰიტლერმა დაიფიცა კიდეც, რომ გერმანიაში ღვთის ხალხის სახსენებელს მოსპობდა.

ახალი ჩრდილოეთის მეფე

14. ვინ გახდა ჩრდილოეთის მეფე II მსოფლიო ომის შემდეგ? ახსენით.

14 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა მთავრობამ ხელში ჩაიგდო გერმანიის ტერიტორიის დიდი ნაწილი და ჩრდილოეთის მეფე გახდა. როგორც საბჭოთა კავშირის, ისე ნაცისტური რეჟიმის დროს სასტიკად იდევნებოდა ყველა, ვინც სახელმწიფოზე წინ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობას აყენებდა.

15. რა მოიმოქმედა ჩრდილოეთის მეფემ II მსოფლიო ომის შემდეგ?

15 მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე ახალმა ჩრდილოეთის მეფემ, საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა ღვთის ხალხზე იერიში მიიტანეს. გამოცხადების 12:15—17-ის თანახმად, ჩრდილოეთის მეფემ აკრძალა სამქადაგებლო საქმიანობა და ათასობით იეჰოვას მოწმე ციმბირში გადაასახლა. ფაქტია, ბოლო დღეებში ეს მეფე დაუნდობლად დევნიდა ღვთის ხალხს, თუმცა მისი მცდელობა, შეეჩერებინა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა, წარუმატებელი აღმოჩნდა. *

16. როგორ შეასრულა საბჭოთა კავშირმა დანიელის 11:37—39-ში ჩაწერილი სიტყვები?

16 წაიკითხეთ დანიელის 11:37—39. წინასწარმეტყველების თანახმად, ჩრდილოეთის მეფე არ მიაქცევდა „ყურადღებას თავისი მამების ღმერთს“. რას ნიშნავს ეს? რელიგიების განადგურების მიზნით საბჭოთა კავშირი შეეცადა, ტრადიციული რელიგიებისთვის ძირი გამოეთხარა. ამ მიზნის მისაღწევად საბჭოთა მთავრობამ 1918 წელს განკარგულება გასცა, რომლის საფუძველზეც სკოლებში ათეიზმის სწავლება დაიწყეს. მაგრამ როგორ განადიდებდა ჩრდილოეთის მეფე „სიმაგრის ღმერთს“? საბჭოთა კავშირმა ჯარის გასაძლიერებლად უზარმაზარი თანხები გაიღო და ძალაუფლების გასამყარებლად ათასობით ბირთვული იარაღი შექმნა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებმა იმდენად მძლავრი იარაღები შექმნეს, რომ შეუძლიათ მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირონ.

ერთი მიზნისთვის გაერთიანება

17. რა არის „გამაპარტახებელი სისაძაგლე“?

17 თუმცა ერთ საკითხში ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. მათ ფეხზე წამოაყენეს „გამაპარტახებელი სისაძაგლე“, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წარმოადგენს (დან. 11:31).

18. რატომ ეწოდება გაეროს „სისაძაგლე“?

18 გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მართებულად ეწოდება „სისაძაგლე“, რადგან აცხადებს, რომ მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს, რისი გაკეთების ძალაც მხოლოდ ღვთის სამეფოს შესწევს. წინასწარმეტყველების თანახმად, ეს „სისაძაგლე“ ანუ გაერო იმ გაგებით არის გამაპარტახებელი, რომ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ყველა ცრუ რელიგიის განადგურებაში (იხილეთ დიაგრამა „მეფეთა ორთაბრძოლა უკანასკნელ დროს“).

რა არის ამ ისტორიული მიმოხილვის მიზანი

19, 20. ა) რა არის ამ ისტორიული მიმოხილვის მიზანი? ბ) რომელ კითხვას გაეცემა პასუხი მომდევნო სტატიაში?

19 ზემოთ განხილულიდან გავიგეთ, რომ დანიელის წინასწარმეტყველება ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების შესახებ 1870—1991 წლებში შესრულდა. ეს გვარწმუნებს, რომ ამ წინასწარმეტყველების დარჩენილი ნაწილიც აუცილებლად შესრულდება.

20 საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა. მაშ, ვინ არის ჩრდილოეთის მეფე დღეს? ამ კითხვაზე პასუხს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.

სიმღერა 128 ბოლომდე მოვითმინოთ

^ აბზ. 5 აშკარად ვხედავთ, რომ ჩრდილოეთის მეფისა და სამხრეთის მეფის შესახებ დანიელის წინასწარმეტყველება ჩვენს დროშიც სრულდება. რა გვარწმუნებს ამაში? რატომ არის მნიშვნელოვანი, უკეთ ჩავწვდეთ ამ წინასწარმეტყველებას?

^ აბზ. 5 ზემოაღნიშნული მიზეზის გამო რომის იმპერატორ ავრელიანეს (ახ. წ. 270—275 წწ.) აღარ ვუწოდებთ „ჩრდილოეთის მეფეს“, ხოლო დედოფალ ზენობიას (ახ. წ. 267—272 წწ.) — „სამხრეთის მეფეს“. ეს ცვლილება ეხება წიგნში „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ მე-13 და მე-14 თავებში განხილული წინასწარმეტყველების ახსნას.

^ აბზ. 9 1890 წელს კაიზერმა ვილჰელმ II-მ ბისმარკი აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო.

^ აბზ. 10 მათ დააჩქარეს გერმანიის იმპერიის დაცემა. მაგალითად, უარი თქვეს კაიზერის მხარდაჭერაზე, გაამჟღავნეს ომის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია და აიძულეს კაიზერი, გადამდგარიყო.

^ აბზ. 15 დანიელის 11:34-ში ჩაწერილი სიტყვები მიგვანიშნებს, რომ ჩრდილოეთის მეფე მცირე ხნით შეწყვეტდა ღვთის ხალხის დევნას. ეს მოხდა 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.