არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 18

თქვენც ნახავთ იესოში რაიმე დამაბრკოლებელს?

თქვენც ნახავთ იესოში რაიმე დამაბრკოლებელს?

„ბედნიერია ის, ვინც დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში“ (მათ. 11:6).

სიმღერა 54 „ეს არის გზა“

მოკლე შინაარსი *

1. რატომ შეიძლება თქვენთვის მოულოდნელი ყოფილიყო სხვების რეაქცია ბიბლიურ ცნობაზე?

გახსოვთ, როდის გააცნობიერეთ პირველად, რომ ჭეშმარიტება იპოვეთ? ის, რასაც ბიბლიიდან სწავლობდით, თქვენთვის ნათელი და გასაგები იყო. ალბათ გეგონათ, რომ სხვებიც სიხარულით გამოეხმაურებოდნენ ბიბლიურ ცნობას. დარწმუნებული იყავით, რომ ბიბლია მათ ცხოვრებასაც აზრს შესძენდა და მომავლის არაჩვეულებრივ იმედს ჩაუსახავდა (ფსალმ. 119:105). ამიტომ შეიძლება მთელი მონდომებით უზიარებდით ჭეშმარიტებას მეგობრებსა და ნათესავებს, მაგრამ, თქვენდა გასაკვირად, ამან ბევრში საპირისპირო რეაქცია გამოიწვია.

2, 3. როგორ შეხვდა ხალხის უმრავლესობა იესოს?

2 სასიხარულო ცნობაზე ხალხის უარყოფითი რეაქცია არ უნდა გვაკვირვებდეს. პირველ საუკუნეში ბევრმა უარყო იესო მიუხედავად იმისა, რომ ის სასწაულებს ახდენდა, რაც ღვთის მხარდაჭერის აშკარა მტკიცებულება იყო. მაგალითად, იესომ აღადგინა ლაზარე. ეს ისეთი სასწაული იყო, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც კი ვერ უარყოფდნენ. მიუხედავად ამისა, იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესო მესიად არ აღიარეს. არათუ არ აღიარეს, მას და ლაზარეს მოკვლაც კი დაუპირეს (იოან. 11:47, 48, 53; 12:9—11).

3 იესომ იცოდა, რომ ხალხის უმეტესობა მას მესიად არ აღიარებდა (იოან. 5:39—44). იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს იესომ ასეთი რამ უთხრა: „ბედნიერია ის, ვინც დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში“ (მათ. 11:2, 3, 6). რატომ უარყო ბევრმა იესო?

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ იმ მიზეზებს, თუ რატომ არ ირწმუნა ბევრმა იესო პირველ საუკუნეში. იმაზეც ვისაუბრებთ, რატომ არის ბევრი უარყოფითად განწყობილი ბიბლიური ცნობის მიმართ. რაც მთავარია, გავიგებთ, როგორ დაგვეხმარება იესოს მიმართ ძლიერი რწმენა, რომ არ დავბრკოლდეთ.

იესოს წარმოშობა

ბევრი დაბრკოლდა იესოს წარმოშობის გამო. დღეს რა მსგავსი ფაქტორი აბრკოლებს ხალხს? (იხილეთ აბზაცი 5) *

5. სავარაუდოდ, რატომ ეპარებოდა ზოგს ეჭვი, რომ იესო ნაწინასწარმეტყველები მესია იყო?

5 ბევრისთვის დამაბრკოლებელი იესოს წარმოშობა აღმოჩნდა. მართალია, ისინი არ უარყოფდნენ, რომ იესო არაჩვეულებრივი მასწავლებელი და სასწაულმოქმედი იყო, მაგრამ მასში მაინც ერთ უბრალო დურგლის შვილს ხედავდნენ. გარდა ამისა, იესო ნაზარეთიდან, ერთი უმნიშვნელო ქალაქიდან იყო. ნათანაელსაც კი, რომელიც მოგვიანებით იესოს მოწაფე გახდა, თავდაპირველად ასეთი რეაქცია ჰქონდა: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?!“ (იოან. 1:46). ის, როგორც ჩანს, დიდად ვერ აღაფრთოვანა იმ ფაქტმა, რომ იესო ამ ქალაქში გაიზარდა. ან შესაძლოა მას გაახსენდა მიქას 5:2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მესიის შესახებ, რომ ის ბეთლემში დაიბადებოდა და არა ნაზარეთში.

6. როგორ უნდა მიმხვდარიყო ხალხი პირველ საუკუნეში, რომ იესო მესია იყო?

6 რა იყო ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში? როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, იესოს მტრები არ დაინტერესდებოდნენ მესიის წარმოშობით (ეს. 53:8). არადა მასზე ბევრი რამ იყო ნაწინასწარმეტყველები. თუ ისინი ყველა ფაქტს გამოიკვლევდნენ, გაიგებდნენ, რომ იესო ბეთლემში დაიბადა და ის მეფე დავითის შთამომავალი იყო (ლუკ. 2:4—7). ასე რომ, იესოს დაბადების ადგილი ზუსტად დაემთხვა მიქას 5:2-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას. მაშ, რამ დააბრკოლა ისინი? მათ ფაქტები კი არ გადაამოწმეს, ნაჩქარევად გააკეთეს დასკვნები.

7. რატომ აქვს ბევრს უარყოფითი შეხედულება იეჰოვას მოწმეებზე?

7 რა აბრკოლებს დღეს ხალხს? მთლიანობაში იეჰოვას ხალხი მაღალ სოციალურ ფენას არ განეკუთვნება. ამიტომ ბევრი მათ „უსწავლელ და უბრალო ადამიანებად“ მიიჩნევს (საქ. 4:13). მათი აზრით, იეჰოვას მოწმეებს ბიბლიის სწავლების უფლება არა აქვთ, რადგან არ მიუღიათ თეოლოგიური განათლება რომელიმე სასულიერო სასწავლებელში. ზოგი ჩვენს მრწამსს „ამერიკულ რელიგიას“ უწოდებს, არადა იეჰოვას მოწმეების, სულ რაღაც, 14 პროცენტი ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. ზოგიერთებს ისიც კი ჰგონიათ, რომ მოწმეებს იესო არ სწამთ. წლების განმავლობაში, რას აღარ ეძახდნენ იეჰოვას ხალხს: ზოგან „კომუნისტებს“, ზოგან „ამერიკის ჯაშუშებს“ და ზოგან „ექსტრემისტებს“. ვინც ბრმად იჯერებს ამ დეზინფორმაციას, შესაბამისად ბრკოლდება კიდეც.

8. საქმეების 17:11-დან გამომდინარე, როგორ უნდა მიხვდეს ხალხი, ვინ არიან დღეს ღვთის მსახურები?

8 რა უნდა გააკეთოთ, რომ არ დაბრკოლდეთ? გადაამოწმეთ ფაქტები. სწორედ ასეთი პოზიცია ჰქონდა სახარების დამწერ ლუკასაც. მან „ყველაფერი თავიდან ბოლომდე“ გამოიკვლია. მას სურდა, თავისი მკითხველი იმის უტყუარობაში დაერწმუნებინა, რაც იესოს შესახებ ჰქონდათ გაგონილი (ლუკ. 1:1—4). ძველ ბერეაში მცხოვრები ებრაელებიც ლუკას მსგავსად მოიქცნენ. როცა იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა მოისმინეს, მოსმენილის უტყუარობა ებრაულ წერილებში გადაამოწმეს (წაიკითხეთ საქმეების 17:11). თქვენც უნდა გამოიკვლიოთ ფაქტები. მაგალითად, ბიბლიაში გადაამოწმეთ ის, რასაც იეჰოვას მოწმეებისგან სწავლობთ. გარდა ამისა, მათ თანამედროვე ისტორიასაც გაეცანით. თუ იეჰოვას მოწმეებზე მოსმენილ ინფორმაციას გადაამოწმებთ, არც მათზე გავრცელებულ ჭორებს აჰყვებით და არც წინასწარ შექმნილი აზრის გავლენაში მოექცევით.

იესო ზეციური ნიშნებით არ ცდილობდა ხალხის გულის მოგებას

ბევრი დაბრკოლდა იმის გამო, რომ იესომ უარი თქვა ნიშნების მოხდენაზე. დღეს რა მსგავსი ფაქტორი აბრკოლებს ხალხს? (იხილეთ აბზაცები 9, 10) *

9. რა მოხდა, როცა იესომ ნიშნის ჩვენებაზე უარი განაცხადა?

9 მართალია, რასაც იესო ასწავლიდა, გასაოცარი იყო, მაგრამ ზოგს ეს არ აკმაყოფილებდა. ისინი ითხოვდნენ, იესოს ციური ნიშნებით დაემტკიცებინა, რომ მესია იყო (მათ. 16:1). როგორც ჩანს, ამას იმიტომ ითხოვდნენ, რომ არასწორად ესმოდათ დანიელის 7:13, 14-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. არადა ამ წინასწარმეტყველების შესრულების დრო ჯერ არ იყო დამდგარი. იესოს სწავლებები სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო საიმისოდ, რომ ის მესიად ეღიარებინათ. მაგრამ ისინი დაბრკოლდნენ, როცა იესომ ნიშნის ჩვენებაზე უარი თქვა (მათ. 16:4).

10. როგორ შეასრულა იესომ ესაიას წინასწარმეტყველება მესიაზე?

10 რა იყო ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში? ესაიამ მესიაზე იწინასწარმეტყველა: „არ იყვირებს და ხმას არ აუწევს, ქუჩაში ვერ გაიგონებენ მის ხმას“ (ეს. 42:1, 2). იესო ისე მსახურობდა, რომ საკუთარ თავზე დიდ ყურადღებას არ იქცევდა. მას არც შთამბეჭდავი ტაძრები აუშენებია, არც გამორჩეული რელიგიური სამოსელი უტარებია და არც თავისი მიმდევრებისგან მოუთხოვია, რომ აღმატებული რელიგიური ტიტულებით მიემართათ მისთვის. როცა ასამართლებდნენ, შთაბეჭდილების მოსახდენად არც მეფე ჰეროდესთვის უჩვენებია რაიმე სასწაული (ლუკ. 23:8—11). იესო სასწაულებს კი ახდენდა, მაგრამ მისი მთავარი მიზანი სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო. თავის მოწაფეებს მან უთხრა: „ამისთვის ვარ მოსული“ (მარ. 1:38).

11. რა არასწორი მოლოდინი აქვს ზოგს?

11 რა აბრკოლებს დღეს ხალხს? დღეს ბევრზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მდიდრულად გაფორმებული საკათედრო ტაძრები, სასულიერო პირების აღმატებული რელიგიური ტიტულები და რიტუალები, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ ქრისტიანობასთან. მაგრამ საკითხავია, იგებს კი რამეს ხალხი ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ, როცა რომელიმე რელიგიურ მსახურებას ესწრება?! რაც შეეხება იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს, იქ დამსწრენი სწავლობენ, რას მოითხოვს ღმერთი მათგან და როგორ იცხოვრონ მისი ნების თანახმად. იეჰოვას მოწმეთა დარბაზი სისადავითა და სისუფთავით გამოირჩევა. მათ, ვისაც ქრისტიანულ კრებაში რაიმე პასუხისმგებლობა აკისრია, არც განსაკუთრებული სამოსი აცვიათ და არც რაიმე აღმატებული ტიტული აქვთ მინიჭებული. ჩვენს მრწამსსა და სწავლებებს ღვთის სიტყვა უდევს საფუძვლად. თუმცა ზოგს სწორედ ის აბრკოლებს, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობა შთამბეჭდავი რიტუალებით არ გამოირჩევა; შესაბამისად ის, რასაც ჩვენ ვქადაგებთ, მათ მოლოდინს არ ამართლებს.

12. როგორც ებრაელების 11:1, 6-დან ვხედავთ, რაზე უნდა იყოს ჩვენი რწმენა დაფუძნებული?

12 რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? მოციქულმა პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა: „რწმენა მოსმენის შედეგია, მოსმენა კი — ქრისტეს შესახებ ქადაგებისა“ (რომ. 10:17). ასე რომ, რწმენას წმინდა წერილების კვლევა გვიძლიერებს და არა არაბიბლიურ რიტუალებში მონაწილეობა, რაოდენ მიმზიდველიც არ უნდა იყოს ის თვალისთვის. ძლიერ რწმენას ცოდნა უნდა ედოს საფუძვლად, რადგან „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:1, 6). იმის დასაჯერებლად, რომ ჭეშმარიტება ვიპოვეთ, სულაც არ გვჭირდება შთამბეჭდავი ნიშნები ციდან. ბიბლიური სწავლებების საფუძვლიანად გამოკვლევა ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნებს და ყოველგვარ ეჭვს გაგვიქარწყლებს.

იესო არ იცავდა ყველა იუდაურ ტრადიციას

ბევრი დაბრკოლდა იმის გამო, რომ იესო ზოგ ტრადიციას უგულებელყოფდა. დღეს რა მსგავსი ფაქტორი აბრკოლებს ხალხს? (იხილეთ აბზაცი 13) *

13. რატომ უარყო ბევრმა იესო?

13 პირველ საუკუნეში იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ იესოს მოწაფეები არ მარხულობდნენ. იესომ აუხსნა მათ, რომ სანამ ის ცოცხალი იყო, მის მოწაფეებს მარხვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ (მათ. 9:14—17). მიუხედავად ამისა, ფარისევლები და სხვა მოწინააღმდეგეები იესოს ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ისინი გაცეცხლდნენ, როცა იესომ შაბათ დღეს ავადმყოფები განკურნა (მარ. 3:1—6; იოან. 9:16). თან ირწმუნებოდნენ, რომ შაბათის ერთგული დამცველები იყვნენ და თან ტაძარში ვაჭრობა ჰქონდათ გაჩაღებული. ისინი აღშფოთდნენ, როდესაც იესომ ამის გამო გაკიცხა (მათ. 21:12, 13, 15). ნაზარეთის სინაგოგაში ქადაგების დროს იესოს მსმენელები განრისხდნენ, როცა მან ისტორიული პარალელი გაავლო და ასე ამხილა მათი ეგოიზმი და ურწმუნოება (ლუკ. 4:16, 25—30). ბევრი იმიტომ დაბრკოლდა, რომ იესო არ ამართლებდა მათ მოლოდინს (მათ. 11:16—19).

14. რატომ გმობდა იესო ადამიანურ ტრადიციებს?

14 რა იყო ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში? იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით თქვა: „ეს ხალხი მიახლოვდება თავისი პირით, მხოლოდ ბაგით მადიდებენ, გულით კი შორს არიან ჩემგან; ადამიანთა მოგონილი წესების დაცვა ჩემდამი მოშიშება ჰგონიათ“ (ეს. 29:13). იესო სამართლიანად გმობდა ადამიანთა მოგონილ წესებს, რომლებიც არ ეთანხმებოდა წმინდა წერილებს. ისინი, ვისთვისაც ეს წესები და ტრადიციები წმინდა წერილებზე მნიშვნელოვანი იყო, ფაქტობრივად, იეჰოვასაც უარყოფდნენ და მის გამოგზავნილ მესიასაც.

15. რა აღიზიანებს ბევრს იეჰოვას მოწმეებში?

15 რა აბრკოლებს დღეს ხალხს? ბევრს არ მოსწონს, რომ იეჰოვას მოწმეები მათთან ერთად არ აღნიშნავენ არაბიბლიურ დღესასწაულებს, მაგალითად, დაბადების დღეებსა თუ შობა-ახალ წელს. ზოგს ის აღიზიანებს, რომ იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ ეროვნულ დღესასწაულებს და არ მონაწილეობენ დაკრძალვის არაბიბლიურ ტრადიციებში. მათ, ვინც ამის გამო ბრკოლდება, გულწრფელად სჯერათ, რომ ღმერთს მის მოსაწონად სცემენ თაყვანს. თუმცა მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ ღმერთს ვერ ასიამოვნებენ, თუ ქვეყნიურ ტრადიციებს ბიბლიურ სწავლებებზე წინ დააყენებენ (მარ. 7:7—9).

16. რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა მოვერიდოთ? (ფსალმ. 119:97, 113, 163—165).

16 რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? მთელი გულით უნდა შევიყვაროთ იეჰოვას კანონები და პრინციპები (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:97, 113, 163—165). თუ გვიყვარს იეჰოვა, უარს ვიტყვით მისთვის მიუღებელ ტრადიციებზე და არ დავუშვებთ, რომ ჩვენსა და იეჰოვას შორის რაიმე ჩადგეს.

იესოს პოლიტიკური ცვლილებების მოხდენა არ უცდია

ბევრი დაბრკოლდა იმის გამო, რომ იესო პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. დღეს რა მსგავსი ფაქტორი აბრკოლებს ხალხს? (იხილეთ აბზაცი 17) *

17. რა მოლოდინი ჰქონდა ბევრს პირველ საუკუნეში მესიისგან?

17 იესოს დროს ბევრს უნდოდა, რომ პოლიტიკური ვითარება შეცვლილიყო. მათ იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ მესია რომაელთა მჩაგვრელი უღლისგან გაათავისუფლებდა. მაგრამ, როცა იესოს გამეფება დაუპირეს, მან უარი განაცხადა (იოან. 6:14, 15). ზოგს, მათ შორის სამღვდელოებას, ის ადარდებდა, რომ იესო პოლიტიკურ ვითარებას შეცვლიდა, რაც რომაელების უკმაყოფილებას გამოიწვევდა; არადა მათ გარკვეული ძალაუფლება რომაელებისგან ჰქონდათ მინიჭებული. ასეთი პოლიტიკური შეხედულებების გამო მრავალი იუდეველი დაბრკოლდა.

18. მესიასთან დაკავშირებულ რომელ წინასწარმეტყველებებს უგულებელყოფდა ბევრი?

18 რა იყო ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში? მართალია, არაერთი წინასწარმეტყველება უსვამდა ხაზს იმას, რომ მესია საბოლოოდ, როგორც გამოცდილი მეომარი, გამარჯვებას მოიპოვებდა, მაგრამ სხვა წინასწარმეტყველებები იმაზეც მიუთითებდა, რომ ჯერ ის კაცობრიობის ცოდვებისთვის უნდა მომკვდარიყო (ეს. 53:9, 12). მაშ, რატომ ჰქონდა ხალხს არასწორი მოლოდინი მესიისგან? იესოს დროს ბევრი უგულებელყოფდა იმ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათი პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრას არ ეხებოდა (იოან. 6:26, 27).

19. რა არასწორი მოლოდინი აქვს ხალხს ჩვენ მიმართ?

19 რა აბრკოლებს დღეს ხალხს? ბევრს პოლიტიკის მიმართ ჩვენი ნეიტრალური პოზიცია აბრკოლებს. მათი აზრით, ჩვენ არჩევნებში უნდა ვმონაწილეობდეთ. მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, იეჰოვა როგორ უყურებს ამ საკითხს. ღვთის თვალში ის, ვინც ადამიანურ ხელისუფლებას უჭერს მხარს, ავტომატურად მისი უარმყოფელი ხდება (1 სამ. 8:4—7). ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ქველმოქმედებით უნდა ვიყოთ დაკავებული და ვაშენებდეთ სკოლებსა და საავადმყოფოებს. ბევრს ის აბრკოლებს, რომ სამქადაგებლო საქმეზე ვართ ორიენტირებული და არა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.

20. მათეს 7:21—23-ის თანახმად, რაზე უნდა გვქონდეს ძირითადი ყურადღება გადატანილი?

20 რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? (წაიკითხეთ მათეს 7:21—23). ჩვენ ძირითადი ყურადღება იესოს დავალებულ საქმეზე უნდა გადავიტანოთ (მათ. 28:19, 20). პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება ჩვენი საქმე არ არის. მართალია, გვიყვარს ხალხი და გვაღელვებს მათი მდგომარეობა, მაგრამ გვესმის, რომ, თუ გვინდა, მოყვასს სიკეთე გავუკეთოთ, ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ უნდა ვუქადაგოთ და იეჰოვასთან დამეგობრებაში დავეხმაროთ.

21. რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი?

21 ამ სტატიაში ვისაუბრეთ იმ ოთხ ფაქტორზე, რომლებმაც დააბრკოლა პირველ საუკუნეში ებრაელები და გავიგეთ, დღეს რას ხედავს ხალხი იესოს მიმდევრებში დამაბრკოლებელს. მაგრამ მხოლოდ ამ მიზეზების გამო ბრკოლდება ხალხი? მომდევნო სტატიაში კიდევ ოთხ დამაბრკოლებელ ფაქტორზე ვისაუბრებთ. მოდი ყველანაირად ვეცადოთ, რომ არაფერმა დაგვაბრკოლოს და ძლიერი რწმენა შევინარჩუნოთ!

სიმღერა 56 გაითავისეთ ჭეშმარიტება

^ აბზ. 5 მიუხედავად იმისა, რომ იესო ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული მასწავლებელი იყო, მის დროს მცხოვრები ხალხის უმეტესობამ არ მიიღო ის. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ამის ოთხ მიზეზს. ვიმსჯელებთ იმაზეც, თუ რატომ ბრკოლდება დღეს ბევრი იმის გამო, რასაც იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ამბობენ და აკეთებენ. რაც მთავარია, გავიგებთ, როგორ დაგვეხმარება იესოსადმი ძლიერი რწმენა, რომ არ დავბრკოლდეთ.

^ აბზ. 60 სურათის აღწერა: ფილიპე ცდილობს, ნათანაელს იესო გააცნოს.

^ აბზ. 62 სურათის აღწერა: იესო ქადაგებს სასიხარულო ცნობას.

^ აბზ. 64 სურათის აღწერა: იესო მოწინააღმდეგეთა თვალწინ კურნავს ხელგამხმარ კაცს.

^ აბზ. 66 სურათის აღწერა: იესო მთაზე ადის, რომ განმარტოვდეს.