არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 20

ნუ დაკარგავთ მსახურების ხალისს!

ნუ დაკარგავთ მსახურების ხალისს!

„თესე თესლი და . . . ნუ დაასვენებ ხელს“ (ეკლ. 11:6).

სიმღერა 70 ეძებეთ ღირსეულები

მოკლე შინაარსი *

იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ მისი მოწაფეები გულმოდგინედ ქადაგებენ იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში (იხილეთ აბზაცი 1).

1. რა მაგალითი მისცა იესომ მოწაფეებს და როგორ იმოქმედა მათზე მისმა მაგალითმა? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

დედამიწაზე მსახურების დროს იესოს ხალისი და შემართება არ დაუკარგავს. მას სურდა, რომ თავის მოწაფეებსაც ასეთივე განწყობა ჰქონდათ (იოან. 4:35, 36). როცა იესო მათ გვერდით იყო, მოწაფეები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ სამქადაგებლო საქმეში (ლუკ. 10:1, 5—11, 17). თუმცა მისი დაპატიმრებისა და სიკვდილის შემდეგ მათ მცირე ხნით დაკარგეს ქადაგების ხალისი (იოან. 16:32). აღდგომის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ ძირითადი ყურადღება ქადაგებაზე გადაეტანათ. მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოწაფეები ისეთი შემართებით ასრულებდნენ დავალებულ საქმეს, რომ მათი მოწინააღმდეგეები ასე გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას: „თქვენ კი თქვენი სწავლებით აავსეთ იერუსალიმი“ (საქ. 5:28).

2. როგორ აკურთხებს იეჰოვა დღემდე სამქადაგებლო საქმეს?

2 პირველ საუკუნეში სამქადაგებლო საქმეს იესო ხელმძღვანელობდა და იეჰოვამაც აკურთხა ეს საქმე. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 3 000 მოწაფე მოინათლა (საქ. 2:41). იმ დღიდან მოყოლებული მოწაფეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა (საქ. 6:7). თუმცა იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში სამქადაგებლო საქმე კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევდა (იოან. 14:12; საქ. 1:8).

3, 4. რა სირთულეებს ხვდებიან ზოგან მაუწყებლები და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ მსახურებაში ხალისი არ დავკარგოთ. ზოგ ქვეყანაში ამას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან ბიბლიის შესწავლის სურვილს იმდენი ადამიანი გამოთქვამს, რომ ზოგს მოცდა უწევს, სანამ რომელიმე მაუწყებელი დროს გამონახავს მასთან შესწავლის ჩასატარებლად. თუმცა არის ქვეყნები, სადაც მაუწყებლებისთვის მსახურება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ხალხი იშვიათად ხვდებათ სახლში ან თუ ხვდებათ, დიდად არ აინტერესებთ ბიბლიური საკითხები.

4 თუ თქვენთვისაც ნაცნობია ეს სიტუაციები, ამ სტატიაში განხილული რჩევები შეიძლება თქვენც გამოგადგეთ. ვისაუბრებთ, რა გზები გამონახა ზოგმა მაუწყებელმა იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანთან ჰქონოდა ქადაგების შესაძლებლობა. ვიმსჯელებთ იმაზეც, როგორ შევინარჩუნოთ მსახურების ხალისი ხალხის გულგრილი დამოკიდებულების მიუხედავად.

როცა სახლში არ გვხვდებიან

5. რა სახის სირთულეებს ხვდება ბევრი მაუწყებელი?

5 ბევრი მაუწყებლისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება ხალხის სახლში პოვნა. ზოგ მაუწყებელს ისეთი სამქადაგებლო ტერიტორია აქვს, სადაც ბევრი დაცული შენობაა. ზოგ შენობაში კარისკაცი ან დაცვის თანამშრომელი მობინადრის ნებართვის გარეშე უცხო პირებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. ზოგი მაუწყებელი შენობაში დაუბრკოლებლად შედის, თუმცა ცოტა თუ ხვდება სახლში. ზოგან მაუწყებლები ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებენ, სადაც ხალხი კანტიკუნტად ცხოვრობს. მათ დიდი მანძილის გავლა უწევთ, თუნდაც ერთი მოსახლე რომ ნახონ და ისიც შეიძლება სახლში არ დახვდეს. თუ ასეთ სირთულეებს ხვდებით, გულს ნუ გაიტეხთ. როგორ გადავლახოთ მსგავსი დაბრკოლებები, რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა მსახურებაში?

6. რით ჰგავს მქადაგებელი მებადურს?

6 იესომ ქადაგების საქმე მებადურობას შეადარა (მარ. 1:17). ზოგჯერ მეთევზემ შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაშიც ვერაფერი დაიჭიროს, მაგრამ ამის გამო საქმეს თავს არ ანებებს. ის ცდილობს, გამოსავალი იპოვოს, მაგალითად შეცვალოს დრო, ადგილი და მეთოდი. ეს პრინციპი შეიძლება მსახურებასაც მივუსადაგოთ. ამასთან დაკავშირებით განვიხილოთ რამდენიმე რჩევა.

თუ ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებთ, სადაც ხალხი სახლში იშვიათად გხვდებათ, მოსინჯეთ სხვადასხვა დრო, ადგილი და მეთოდი (იხილეთ აბზაცები 7—10). *

7. რა შედეგებს მივაღწევთ, თუ სხვადასხვა დროს მოვსინჯავთ ქადაგებას?

7 მოსინჯეთ სხვადასხვა დროს ქადაგება. თუ ისეთ დროს შევარჩევთ ქადაგებისთვის, როცა, სავარაუდოდ, ხალხი სახლშია, შედარებით მეტ ადამიანთან მოგვეცემა ქადაგების საშუალება. ადრე თუ გვიან, ხომ ყველა მაინც სახლში ბრუნდება?! ბევრი და-ძმისთვის უფრო მოსახერხებელია ნაშუადღევს ან საღამოობით ქადაგება, რადგან ამ დროს მეტი ადამიანი ხვდებათ სახლში. თანაც ამ პერიოდში მობინადრეებს შეიძლება არსად ეჩქარებოდეთ და საუბრის განწყობაც უფრო მეტად ჰქონდეთ. შესაძლოა თქვენთვისაც პრაქტიკული აღმოჩნდეს რჩევა, რომელსაც ერთი უხუცესი, დეივიდი, გვაძლევს. მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათი უბანზე იქადაგებს, პარტნიორთან ერთად კვლავ ბრუნდება იმ კართან, სადაც პირველ ჯერზე არავინ დახვდა. დეივიდი ამბობს: „ხშირად გაოცებული ვრჩები, რამდენი ადამიანი მხვდება მეორედ მიკითხვის დროს“. *

თუ ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებთ, სადაც ხალხი სახლში იშვიათად გხვდებათ, მოსინჯეთ სხვადასხვა დროს ქადაგება (იხილეთ აბზაცები 7, 8).

8. როგორ ვიხელმძღვანელოთ ეკლესიასტეს 11:6-ში მოცემული პრინციპით მსახურებაში?

8 სტატიის წამყვან მუხლში მოცემული რჩევა დაგვეხმარება, ადვილად არ ჩავიქნიოთ ხელი (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:6). ზემოხსენებული დეივიდი გულს არ იტეხს. მაგალითად, ერთხელ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ის, ბოლოს და ბოლოს, ერთ კართან შეხვდა მობინადრეს. ეს მამაკაცი დეივიდს აჰყვა ბიბლიურ თემებზე საუბარში. მან თქვა: „რვა წელია აქ ვცხოვრობ, მაგრამ აქამდე ჩემს კარზე არცერთ იეჰოვას მოწმეს არ დაუკაკუნებია“. დეივიდი აღნიშნავს: „გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე სახლში არ მხვდებიან, ხშირ შემთხვევაში კარგად ეხმაურებიან ბიბლიურ ცნობას“.

თუ ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებთ, სადაც ხალხი სახლში იშვიათად გხვდებათ, მოსინჯეთ სხვადასხვა ადგილას ქადაგება (იხილეთ აბზაცი 9)

9. როგორ ახერხებს ზოგიერთი მაუწყებელი იმ ადამიანებთან გასაუბრებას, რომელთა სახლში პოვნაც რთულია?

9 მოსინჯეთ სხვადასხვა ადგილას ქადაგება. იმ ადამიანებისთვის რომ მიეწვდინათ ხმა, რომლებთან მისვლა და პირისპირ საუბარი კარდაკარ ჭირს, მაუწყებლებმა სხვადასხვა ადგილას მოსინჯეს ქადაგება. მაგალითად, ქუჩაში ან სტენდებით მსახურება ეფექტური საშუალებაა მათთან სასაუბროდ, ვისთანაც კარდაკარ მისვლას ვერ ვახერხებთ ან ვინც დაცულ შენობებში ცხოვრობს. ბევრი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ ხალხი უფრო მეტად ისმენს და იღებს ლიტერატურას პარკებში ან საქმიან უბნებზე. ფლორენი, რომელიც ბოლივიაში სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, ამბობს: „ბაზრებსა თუ სხვა სავაჭრო დაწესებულებებში, ძირითადად, პირველიდან სამ საათამდე ვქადაგებთ, რადგან ამ დროს გამყიდველებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ. ჩვეულებრივ, მათთან კარგი საუბრები გვაქვს ხოლმე; ყოფილა შემთხვევები, როცა ბიბლიის შესწავლაც კი დაგვიწყია“.

თუ ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებთ, სადაც ხალხი სახლში იშვიათად გხვდებათ, მოსინჯეთ ქადაგების სხვადასხვა მეთოდი (იხილეთ აბზაცები 10).

10. რა გზებით შეიძლება მივაწვდინოთ ხალხს ხმა?

10 მოსინჯეთ ქადაგების სხვადასხვა მეთოდი. შესაძლოა რომელიმე კონკრეტულ მისამართზე არაერთხელ მიხვედით, სხვადასხვა დროს მისვლაც სცადეთ, მაგრამ სახლში მაინც არავინ დაგხვდათ. როგორ მივაწვდინოთ ამ ადამიანებს ხმა? კატარინა თავის გამოცდილებას გვიზიარებს: „წერილებს ვწერ მათ, ვისაც სახლში ვერ ვპოულობ და ვუხსნი, რის თქმას ვაპირებდი მათთვის“. კარგი იქნება, თქვენც მოსინჯოთ სხვადასხვა გზა თქვენს უბნებზე ხალხთან დასაკავშირებლად.

როცა გულგრილობას ხვდებით

11. რატომ არის ზოგი გულგრილი ბიბლიური ცნობის მიმართ?

11 ზოგი სრულიად გულგრილად ხვდება იმ ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ. მათ არც ღმერთი აინტერესებთ და არც ბიბლია. მსოფლიოში არსებული ტანჯვის შემყურე ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი არ არსებობს. ზოგს ბიბლიისადმი რწმენა იმ რელიგიური წინამძღოლების თვალთმაქცობამ დაუკარგა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობენ. ზოგი ისეა მოცული თავისი სამსახურით, ოჯახითა თუ პირადი პრობლემებით, თავს აღარ იწუხებს იმაზე ფიქრით, რომ ბიბლია რამეში დაეხმარება. მაშ, როგორ შევინარჩუნოთ სიხარული მათთან ქადაგებისას, ვინც არაფრად აგდებს ბიბლიურ ცნობას?

12. როგორ შეგვიძლია მსახურებაში გამოვიყენოთ ფილიპელების 2:4-ში ჩაწერილი პრინციპი?

12 დაანახვეთ, რომ გაღელვებთ მათი მდგომარეობა. ბევრმა, ვინც თავიდან გულგრილად იყო განწყობილი სასიხარულო ცნობის მიმართ, მას შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულება, რაც მოწმეებისგან გულწრფელი ინტერესი იგრძნო (წაიკითხეთ ფილიპელების 2:4). მაგალითად, ზემოხსენებული დეივიდი ამბობს: «თუ ვინმე მეუბნება, არ მაინტერესებსო, ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურას მაშინვე ჩანთაში ვდებ და ვეუბნები: „შეიძლება გკითხოთ, ყოველთვის ასეთი განწყობა გქონდათ?“». ხალხი გრძნობს, როცა მათ მიმართ გულწრფელი ინტერესი გვამოძრავებს. დიდი ალბათობით, მათ ეს უფრო დაამახსოვრდებათ, ვიდრე ჩვენი ნათქვამი. თუნდაც მობინადრემ საუბრის საშუალება არ მოგვცეს, ჩვენი საქციელი და სახის გამომეტყველება უნდა მოწმობდეს, რომ ნამდვილად გვაღელვებს ეს ადამიანი.

13. როგორ გადავცეთ ბიბლიური ცნობა ადამიანებს მათთვის საინტერესო სახით?

13 თუ ადამიანების მდგომარეობა ნამდვილად გვაღელვებს, შევეცდებით, ბიბლიური ცნობა მათ საინტერესო და პრაქტიკული სახით გადავცეთ. მაგალითად, თუ ხედავთ, რომ ოჯახში შეიძლება ბავშვები ჰყავდეთ, კარგი იქნება, მშობლებთან შვილების აღზრდასა და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე წამოიწყოთ საუბარი. თუ ხედავთ, რომ კარს რამდენიმე საკეტი აქვს, შეიძლება დამნაშავეობაზე ჩამოაგდოთ საუბარი, რადგან, როგორც წესი, ადამიანებს აღელვებთ ეს საკითხი. ამან შეიძლება მობინადრე დააფიქროს, არსებობს თუ არა გამოსავალი ამ სიტუაციაში. რა თემაზეც არ უნდა წამოიწყოთ საუბარი, შეეცადეთ, დაანახვოთ ადამიანებს, რამდენად პრაქტიკულია ბიბლიური რჩევები. ზემოხსენებული კატარინა ამბობს: „ხშირად ვფიქრობ, როგორ შეცვალა ჭეშმარიტებამ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ“. ეს ეხმარება კატარინას, მეტი დამაჯერებლობით ილაპარაკოს და მსმენელიც ხვდება, რომ მას ეჭვი არ ეპარება თავის სიტყვებში.

14. იგავების 27:17-დან გამომდინარე, როგორ შეუძლიათ მაუწყებლებს ერთმანეთის დახმარება მსახურებაში?

14 სთხოვეთ დახმარება გამოცდილ მაუწყებლებს. პირველ საუკუნეში პავლე ტიმოთეს ასწავლიდა, როგორ ექადაგა და ესწავლებინა. ამასთანავე, მოუწოდებდა, რომ ნასწავლი სხვებისთვისაც გაეზიარებინა (1 კორ. 4:17). ტიმოთეს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია კრებაში გამოცდილი მაუწყებლებისგან ბევრი რამ ვისწავლოთ (წაიკითხეთ იგავების 27:17). განვიხილოთ ერთი ძმის, შონის, მაგალითი. რაღაც პერიოდი ის ისეთ სოფელში მსახურობდა პიონერად, სადაც ხალხს სრულიად აკმაყოფილებდა თავისი რელიგია. რა დაეხმარა მას, არ დაეკარგა მსახურების ხალისი? „შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, მსახურებაში მარტო არ გავსულიყავი. ვიდრე ერთი სახლიდან მეორეში მივიდოდით, გზად ვსაუბრობდით, თუ რა შეგვეძლო გაგვეუმჯობესებინა ქადაგების კუთხით. ვმსჯელობდით იმაზეც, თუ რამდენად კარგად გავართვით თავი მობინადრესთან წინა ჯერზე საუბარს და რა შეგვეძლო უკეთესად გაგვეკეთებინა, თუ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით“.

15. რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი?

15 სთხოვეთ დახმარება იეჰოვას. სთხოვეთ იეჰოვას, წმინდა სულით გიხელმძღვანელოთ მსახურებაში. მისი დახმარების გარეშე ვერცერთი ჩვენგანი ვერ შევძლებთ ღვთის საქმის შესრულებას (ფსალმ. 127:1; ლუკ. 11:13). ლოცვაში კონკრეტულად უთხარით ღმერთს, რაში გჭირდებათ დახმარება. მაგალითად, სთხოვეთ მას, ისეთი ადამიანი შეგახვედროთ მსახურებაში, რომელიც მოსასმენად იქნება განწყობილი. შემდეგ ლოცვის თანახმად იმოქმედეთ და განურჩევლად ყველას უქადაგეთ.

16. რატომ არის პირადი შესწავლა მნიშვნელოვანი?

16 დრო გამოყავით პირადი შესწავლისთვის. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“ (რომ. 12:2). რაც უფრო მეტად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ჭეშმარიტება ვიცით ღვთის შესახებ, მით უფრო დამაჯერებლად ვისაუბრებთ ადამიანებთან მსახურების დროს. ზემოხსენებული კატარინა ამბობს: „ამას წინათ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ზოგიერთი ძირითადი ბიბლიური სწავლება გულდასმით უნდა გამომეკვლია. ამიტომ ისეთი საკითხების კვლევა დავიწყე, როგორიცაა: არსებობს თუ არა შემოქმედი, რა გვარწმუნებს, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და რა მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთს აქვს ორგანიზაცია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს“. კატარინა ამბობს, რომ პირადმა შესწავლამ რწმენა გაუძლიერა და მსახურებაში სიხარული შემატა.

რატომ ვინარჩუნებთ დადებით განწყობას მსახურებაში?

17. რატომ ინარჩუნებდა იესო დადებით განწყობას მსახურებაში?

17 იესო დადებით განწყობას ინარჩუნებდა და ქადაგებას აგრძელებდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგი გულგრილად იყო განწყობილი მისი ცნობის მიმართ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რამდენად სჭირდებოდა ხალხს ჭეშმარიტება. ამიტომ სურდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეცა სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენის საშუალება. მან ისიც იცოდა, რომ ზოგი, ვინც თავიდან გულგრილობას იჩენდა, საბოლოოდ შეიცვლიდა დამოკიდებულებას. ასე მოხდა მისი ოჯახის წევრების შემთხვევაშიც. ის სამწელიწად-ნახევარი მსახურობდა, მაგრამ მისი არცერთი ძმა არ გამხდარა ქრისტიანი (იოან. 7:5). ისინი მხოლოდ იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გაქრისტიანდნენ (საქ. 1:14).

18. რატომ ვაგრძელებთ ქადაგებას?

18 ჩვენ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, საბოლოო ჯამში, ვინ გამოეხმაურება ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ზოგს უფრო მეტი დრო სჭირდება, ბიბლიური თემებით რომ დაინტერესდეს. მათაც კი, ვინც არ გვისმენს, მაგრამ ჩვენს კარგ საქმეებსა და დადებით განწყობას ხედავს, შეიძლება, ადრე თუ გვიან, განადიდონ ღმერთი (1 პეტ. 2:12).

19. პირველი კორინთელების 3:6, 7-ის თანახმად, რა უნდა გვქონდეს გაცნობიერებული?

19 მართალია, ჩვენ ვქადაგებთ და ვასწავლით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი საქმის წარმატება ღვთის ხელშია (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6, 7). ერთი ძმა, გეთაჰუნი, რომელიც ეთიოპიაში მსახურობს, ამბობს: „ისეთ ტერიტორიაზე ვცხოვრობ, სადაც ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთადერთი იეჰოვას მოწმე ვიყავი. შესაბამისად ეს ტერიტორია იშვიათად მუშავდებოდა, მაგრამ დღესდღეობით უკვე 14 მაუწყებელია. მათგან 13 მონათლულია, მათ შორის ჩემი მეუღლე და სამი შვილი. კრების შეხვედრებს საშუალოდ 32 ადამიანი ესწრება“. გეთაჰუნს უხარია, რომ მისი, როგორც მქადაგებლის, მოთმინება დაჯილდოვდა და იეჰოვამ თავისი ორგანიზაციისკენ მიიზიდა წრფელი გულის ადამიანები (იოან. 6:44).

20. რა გაგებით ვგავართ მაშველებს?

20 იეჰოვასთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. ის საშუალებას გვაძლევს, რომ მის ძესთან ვითანამშრომლოთ და ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე ყველა ერის ხალხის შეკრებაში მივიღოთ მონაწილეობა (ანგ. 2:7). სამქადაგებლო საქმე შეგვიძლია სამაშველო საქმეს შევადაროთ. ჩვენ იმ სამაშველო გუნდის წევრებს ვგავართ, რომლებიც მაღაროში გამომწყვდეული ხალხის გათავისუფლებას ცდილობენ. შეიძლება მაშველმა გუნდმა ყველა მაღაროელი ვერ გადაარჩინოს, მაგრამ თითოეული მაშველის როლი ფასდაუდებელია. იმავეს თქმა შეიძლება მსახურებაზეც. ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენ ადამიანს დავეხმარებით, რომ თავი დააღწიოს სატანის ქვეყნიერებას, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იეჰოვამ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გამოიყენოს მათ დასახმარებლად. ბოლივიაში მცხოვრები ანდრესი ამბობს: „თუ ვინმე ბიბლიის შესწავლას იწყებს და ინათლება, ეს გუნდური მუშაობის შედეგია“. დაე, ჩვენც შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა მსახურებაში. ამ შემთხვევაში იეჰოვა გვაკურთხებს და მსახურება დიდ სიხარულს მოგვანიჭებს.

სიმღერა 66 ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა

^ აბზ. 5 როგორ შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა, როცა მობინადრეები სახლში არ გვხვდებიან ან გულგრილად არიან განწყობილი ბიბლიური ცნობის მიმართ? ამ სტატიაში განხილული რჩევები დაგვეხმარება, არ დავკარგოთ მსახურების ხალისი.

^ აბზ. 7 მსახურების სხვადასხვა ფორმაში მონაწილეობისას მაუწყებლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

^ აბზ. 60 სურათის აღწერა (ზემოდან ქვემოთ): ცოლ-ქმარი ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებს, სადაც ხალხი იშვიათად არის სახლში. პირველი მობინადრე სამსახურშია, მეორე — ექიმთან, მესამე კი — საყიდლებზე. ცოლ-ქმარი პირველ მობინადრეს იმავე დღეს მოგვიანებით აკითხავს სახლში, მეორე მობინადრეს საავადმყოფოსთან განთავსებულ სტენდთან ხვდებიან, მესამე მობინადრეს კი ტელეფონით უკავშირდებიან.