არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 23

მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!

მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!

„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (ᲛᲐᲗ. 22:37).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 134 შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1, 2. როდის შეიძლება შეიძინოს კარგად ნაცნობმა ბიბლიურმა პრინციპებმა ახალი მნიშვნელობა ჩვენთვის?

 ᲥᲝᲠᲬᲘᲚᲘᲡ დღეს სიძე-პატარძალი გულისყურით ისმენს ბიბლიურ მოხსენებას, რომელიც ქორწინების თემას ეხება. მოხსენებაში განხილული პრინციპები მათთვის უცხო ნამდვილად არ არის, მაგრამ ახლა ეს პრინციპები ახალდაქორწინებულებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მათ უკვე, როგორც ცოლ-ქმარს, მოუწევთ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობა.

2 მსგავსი რამ ხდება, როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება. წლების განმავლობაში ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება არაერთი მოხსენება მოუსმენია ბავშვების აღზრდაზე. მაგრამ მათში განხილული პრინციპები ახლა სხვა მნიშვნელობას იძენს მათთვის; ისინი ხომ თავად გახდნენ მშობლები, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. როცა გარემოებები გვეცვლება, შეიძლება კარგად ნაცნობ პრინციპებში სულ სხვა მხარეები დავინახოთ. სწორედ ამიტომ კითხულობენ იეჰოვას მსახურები ღვთის სიტყვას „მთელი სიცოცხლე“, როგორც ისრაელის მეფეებს ჰქონდათ ნაბრძანები, და ფიქრობენ მასზე (კან. 17:19).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 მშობლებო, თქვენი უმთავრესი ქრისტიანული პასუხისმგებლობა ისაა, რომ შვილებს იეჰოვა გააცნოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილებს მხოლოდ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ღვთის შესახებ. მათ უნდა შეაყვაროთ კიდეც ღმერთი. რა დაგეხმარებათ ამაში? ამ სტატიაში ოთხ დამხმარე ბიბლიურ პრინციპს მიმოვიხილავთ (2 ტიმ. 3:16). იმასაც დავინახავთ, როგორ დაეხმარა ზოგიერთ ქრისტიან მშობელს ამ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება.

ᲝᲗᲮᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ

როგორ იმოქმედებს თქვენს შვილებზე იმის დანახვა, რომ ყოველთვის იეჰოვას სთხოვთ ხელმძღვანელობას და კარგ მაგალითს აძლევთ? (იხილეთ აბზაცები 4, 8)

4. რომელია პირველი პრინციპი, რომელიც მშობლებს დაეხმარება, შვილებს იეჰოვა შეაყვარონ? (იაკობი 1:5).

4 პირველი პრინციპი: სთხოვეთ იეჰოვას, რომ გიხელმძღვანელოთ. სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე, რომ შვილებს მის შეყვარებაში დაეხმაროთ (წაიკითხეთ იაკობის 1:5). იეჰოვაზე უკეთეს რჩევას ვერავინ მოგცემთ, სულ მცირე, ორი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ იეჰოვა ყველაზე გამოცდილი მშობელია (ფსალმ. 36:9); მეორეც, მისი ბრძნული რჩევები ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ეს. 48:17).

5. ა) როგორ ეხმარება იეჰოვას ორგანიზაცია მშობლებს? ბ) რა პრაქტიკული რჩევები იყო მოცემული ვიდეოში ამორინების ოჯახზე?

5 თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით იეჰოვა უხვად გვაწვდის სულიერ საზრდოს, რაც დაეხმარება მშობლებს, შვილებს იეჰოვა შეაყვარონ (მათ. 24:45). მაგალითად, წლების მანძილზე ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ იბეჭდებოდა სტატიათა სერიები „რჩევები ოჯახებს“. ეს სტატიები ამჟამად ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. ჩვენს ვებგვერდზე აგრეთვე განთავსებულია მრავალი ვიდეოინტერვიუ თუ სხვა ვიდეოები, რომლებიც მშობლებს შვილების აღზრდაში დაეხმარება * (იგავ. 2:4—6).

6. რას ამბობს ერთი მამა იმ დახმარებაზე, რომელსაც იეჰოვას ორგანიზაცია სთავაზობს მშობლებს?

6 ბევრი მშობელი ძალიან აფასებს იმ დახმარებას, რასაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით უწევს. ერთი მამა, ჯო, ამბობს: „სამი შვილისთვის ჭეშმარიტების სწავლა ადვილი საქმე არ არის. მე და ჩემი ცოლი ყოველთვის იეჰოვას ვთხოვთ დახმარებას. ხშირად გაგვჩენია ისეთი შეგრძნება, რომ რომელიმე ახალი სტატია ან ვიდეო ზუსტად ჩვენს სიტუაციაზე იყო მორგებული. ჩვენს პასუხისმგებლობას თავს ვერ გავართმევდით, რომ არა იეჰოვას ბრძნული რჩევა-დარიგება“. ჯო და მისი მეუღლე ხედავენ, როგორ ეხმარება მათ შვილებს იეჰოვასთან დაახლოებაში ეს სტატიები და ვიდეოები.

7. რატომ უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება იმას, როგორ მაგალითს აძლევენ შვილებს? (რომაელები 2:21).

7 მეორე პრინციპი: მიეცით კარგი მაგალითი. ბავშვები აკვირდებიან მშობლებს და ჰბაძავენ მათ. ფაქტია, ყველა მშობელს რაღაც ეშლება (რომ. 3:23). მაგრამ გონიერი მშობლები ყველანაირად ცდილობენ, რომ კარგი მაგალითი მისცენ შვილებს (წაიკითხეთ რომაელების 2:21). ერთი მამა თავის შვილებზე ამბობს: „ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს. მაშინვე გვეუბნებიან, თუ ჩვენი საქციელი განსხვავდება იმისგან, რასაც ვასწავლით“. ასე რომ, თუ გვინდა, ჩვენს შვილებს შევაყვაროთ იეჰოვა, პირველ რიგში, ისინი ჩვენში უნდა ხედავდნენ ღვთის სიყვარულს.

8, 9. რას ვიგებთ ენდრუსა და ემას სიტყვებიდან?

8 მშობლებს აქვთ ბევრი საშუალება, რომ შვილებს იეჰოვა შეაყვარონ. აი, რას ამბობს 17 წლის ენდრუ: „ჩემი მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა. ჩემითაც რომ მელოცა, ყოველ საღამოს მამა მაინც ლოცულობდა ჩემთან ერთად. მშობლები სულ იმას ჩაგვაგონებდნენ, რომ შეგვეძლო იეჰოვასთან გვესაუბრა ყოველთვის, როცა მოგვინდებოდა. მათი ნასწავლი ისე ჩამებეჭდა გონებაში, რომ ახლა სიამოვნებით ვლოცულობ და იეჰოვაც ჩემთვის მოსიყვარულე მამასავითაა“. მშობლებო, გახსოვდეთ, თქვენი მაგალითით შეგიძლიათ შვილებს იეჰოვა შეაყვაროთ!

9 ამ მხრივ საინტერესოა, რას ამბობს ემა, რომლის მამაც ოჯახიდან წავიდა და დედამისს დიდი ვალი დაუტოვა: „ხშირად ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, მაგრამ დედაჩემი ყოველთვის მესაუბრებოდა იმაზე, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის მსახურებზე. დედაჩემი თავისი ცხოვრებით ამტკიცებდა, რომ ამის სჯეროდა. მისი სიტყვები და საქმეები ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს“. რას ასწავლის ეს შემთხვევა მშობლებს? რთულ სიტუაციებშიც კი მათ შეუძლიათ კარგი მაგალითი მისცენ შვილებს (გალ. 6:9).

10. როდის შეეძლოთ ისრაელ მშობლებს შვილებთან იეჰოვას შესახებ საუბარი? (კანონი 6:6, 7).

10 მესამე პრინციპი: რეგულარულად ესაუბრეთ შვილებს ღვთის შესახებ. იეჰოვამ მითითება მისცა ისრაელებს, რომ მის შესახებ მუდამ ესწავლებინათ შვილებისთვის (წაიკითხეთ კანონის 6:6, 7). იმ დროს მშობლებს ხშირად ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ დღის განმავლობაში ესაუბრათ შვილებთან და იეჰოვა შეეყვარებინათ. მაგალითად, ბიჭები მამებთან დიდ დროს ატარებდნენ ყანაში ხვნა-თესვის ან მოსავლის აღების დროს. გოგონები კი მთელი დღე დედასთან იყვნენ და მას კერვაში, ქსოვაში თუ სხვა საოჯახო საქმეებში ეხმარებოდნენ. დღის განმავლობაში მშობლებსა და შვილებს შეეძლოთ მრავალ მნიშვნელოვან თემაზე ესაუბრათ. მაგალითად, იეჰოვას სიკეთეზე და იმაზე, როგორ ზრუნავდა ის მათ ოჯახზე.

11. რომელია ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა შვილებთან სასაუბროდ?

11 დღეს ცხოვრება შეიცვალა. ზოგან მშობლები და შვილები ერთმანეთს მთელი დღე ვერც კი ხედავენ. მშობლები შეიძლება სამუშაოზე იყვნენ, შვილები კი — სკოლაში. ამიტომ მშობლები ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ შვილებთან სასაუბროდ დრო გამონახონ (ეფეს. 5:15, 16; ფილ. 1:10). ოჯახთან ერთად თაყვანისცემა ამის კარგი შესაძლებლობაა. ერთი ახალგაზრდა ძმა, ალეგზანდერი, ამბობს: „მამაჩემი ყოველთვის გეგმავს ოჯახურ თაყვანისცემას. სხვა საქმეების გამო ის გეგმას არასდროს ჩაშლის. თაყვანისცემის შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ ხოლმე“.

12. რა უნდა გაითვალისწინოს ოჯახისთავმა ოჯახური თაყვანისცემის დროს?

12 ოჯახისთავებო, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ ოჯახური თაყვანისცემა საინტერესო იყოს ბავშვებისთვის? მაგალითად, შეგიძლიათ შვილებთან ერთად განიხილოთ ახალი წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ეს პუბლიკაცია გაგიადვილებთ შესწავლის დროს შვილებთან მსჯელობას. თქვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ შვილმა გული გადაგიშალოთ და თავის გრძნობებზე გესაუბროთ. ამიტომ ოჯახური თაყვანისცემის დროს ნუ დაიწყებთ შვილებისთვის ჭკუის სწავლებას და საყვედურების მიცემას. ეცადეთ, მძაფრი რეაგირება არ მოახდინოთ, თუ შვილები ისეთ რამეს გეტყვიან, რაც ბიბლიური თვალსაზრისით გაუმართლებელია. გიხაროდეთ, რომ ისინი გულწრფელები არიან თქვენთან და კვლავაც წაახალისეთ, რომ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი. ყველაზე კარგად შვილებს იმ შემთხვევაში დაეხმარებით, თუ გეცოდინებათ, სინამდვილეში რას ფიქრობენ ისინი.

როგორ შეუძლიათ მშობლებს, შემოქმედებაზე დაკვირვებით დაანახვონ შვილებს იეჰოვას თვისებები? (იხილეთ აბზაცი 13)

13. კიდევ როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილებს იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარონ?

13 მშობლებო, დღის განმავლობაში ეძებეთ შესაძლებლობები, რომ შვილები იეჰოვასთან დააახლოვოთ. ამისთვის მაინცდამაინც შესწავლის დღეს ნუ დაელოდებით. აი, რას ამბობს ერთი დედა, ლიზა: „ვცდილობდით ყველაფერში, რაც ჩვენ გარშემო იყო, შვილებისთვის იეჰოვას ხელი დაგვენახვებინა. მაგალითად, როცა ბავშვები ჩვენი ძაღლის ცელქობაზე იცინოდნენ, ვუხსნიდით, როგორ აჩვენებს ეს, რომ იეჰოვას იუმორის გრძნობა აქვს და სურს, სიცოცხლით გავიხაროთ“.

მშობლებო, იცნობთ თქვენი შვილების მეგობრებს? (იხილეთ აბზაცი 14) *

14. რატომ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს მეგობრების გონივრულად შერჩევაში? (იგავები 13:20).

14 მეოთხე პრინციპი: დაეხმარეთ შვილებს კარგი მეგობრების შერჩევაში. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ მეგობრებს კარგი ან ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენზე (წაიკითხეთ იგავების 13:20). მშობლებო, იცნობთ თქვენი შვილების მეგობრებს? შეხვედრიხართ და გქონიათ მათთან ურთიერთობა? როგორ უნდა დაეხმაროთ შვილებს, რომ ღვთის მოყვარულებს შორის შეიძინონ მეგობრები? (1 კორ. 15:33). თუ ოჯახში სულიერად მოაზროვნე და-ძმებს დაპატიჟებთ ხოლმე, შვილებს კარგი მეგობრების პოვნაში დაეხმარებით (ფსალმ. 119:63).

15. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს კარგი მეგობრების შეძენაში?

15 კიდევ ერთი მამა, ტონი, გვიყვება, რას აკეთებდნენ ის და მისი მეუღლე, რომ მათ შვილებს კარგი მეგობრები ჰყოლოდათ: „წლების განმავლობაში სახლში ვეპატიჟებოდით სხვადასხვა ასაკის და-ძმებს. ისინი ჩვენთან ერთად სადილობდნენ და ოჯახურ თაყვანისცემაშიც გვიერთდებოდნენ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიცნო და დაუახლოვდე მათ, ვინც იეჰოვას სიხარულით ემსახურება. ზოგჯერ სარაიონო ზედამხედველები, მისიონერები თუ სხვები დაგვიტოვებია სახლში. მათმა გამოცდილებამ, შემართებამ და თავდადებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს შვილებზე და იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარა“. მშობლებო, ყველანაირად შეუწყვეთ შვილებს ხელი, რომ კარგ წრეში იტრიალონ.

ᲘᲛᲔᲓᲡ ᲜᲣ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲐᲕᲗ!

16. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ შვილი უარს ამბობს იეჰოვას მსახურებაზე?

16 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენმა შვილმა თქვენი მცდელობის მიუხედავად უარი თქვა იეჰოვას მსახურებაზე? ნუ იფიქრებთ, რომ კარგი მშობელი ვერ გამოდექით. იეჰოვამ ყველას, მათ შორის თქვენს შვილს, ნების თავისუფლება უბოძა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა თავად წყვეტს, ემსახურება თუ არა ღმერთს. თუ თქვენმა შვილმა მიატოვა იეჰოვა, ნუ დაკარგავთ მისი დაბრუნების იმედს. გახსოვდეთ იგავი გზასაცდენილ შვილზე (ლუკ. 15:11—19, 22—24). ამ იგავის მთავარი გმირი ძალიან დაშორდა სიმართლის გზას, მაგრამ ბოლოს გონს მოეგო და სწორ გზას დაუბრუნდა. ზოგი შეიძლება შეგვედავოს და თქვას, რომ ეს იგავია და ცხოვრებაში ასე არ ხდება. მაგრამ ერთი ახალგაზრდის, ილის, მაგალითი საპირისპიროზე მოწმობს.

17. რით არის ილის მაგალითი თქვენთვის გამამხნევებელი?

17 აი, რას გვიყვება ილი თავის მშობლებზე: „ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ იეჰოვასა და მისი სიტყვის, ბიბლიის, სიყვარული ჩემთვის ჩაენერგათ“. მაგრამ მოზარდობის წლებში ის მშობლებს გაუჯიუტდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ მის დახმარებას, მან გაორებული ცხოვრების წესი აირჩია. სახლიდან წასვლის შემდეგ ბევრ ცუდ საქმეს მიჰყო ხელი. მიუხედავად ამისა, შიგადაშიგ თავის ერთ-ერთ მეგობართან საუბრობდა ბიბლიაზე. ილი ამბობს: „რაც უფრო მეტს ვსაუბრობდი ჩემს მეგობართან იეჰოვაზე, მით უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე. ბიბლიური ჭეშმარიტების თესლი, რომელიც მშობლებმა ჩათესეს ჩემს გულში, ნელ-ნელა გაღივდა და აღმოცენება დაიწყო“. გავიდა დრო და ილი სწორ გზას დაუბრუნდა *. წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდნენ მისი მშობლები, რომ თავის დროზე ილის იეჰოვას სიყვარული ჩაუნერგეს (2 ტიმ. 3:14, 15).

18. როგორ შეაფასებდით მშობლებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, შვილებს იეჰოვა შეაყვარონ?

18 მშობლებო, თქვენ უდიდესი პატივი გხვდათ წილად, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლების ახალი თაობა აღზარდოთ (ფსალმ. 78:4—6). ეს ნამდვილად არ არის იოლი საქმე; ამიტომ გვინდა, მთელი გულით შეგაქოთ თქვენი დაუღალავი შრომისთვის! თუ ყველანაირად ეცდებით, რომ შვილებს იეჰოვა შეაყვაროთ, მის მოსაწონად აღზარდოთ და დაარიგოთ, დარწმუნებული იყავით, რომ ზეციერი მამა გაიხარებს თქვენით! (ეფეს. 6:4).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 135 იეჰოვას თბილი თხოვნა: „შვილო, იყავი ბრძენი“

^ აბზ. 5 ქრისტიან მშობლებს ძალიან უყვართ თავიანთი შვილები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ ფიზიკურ და ემოციურ მოთხოვნილებებზე იზრუნონ. რაც ყველაზე მთავარია, მშობლები ყველანაირად ცდილობენ, რომ შვილებს იეჰოვა შეაყვარონ. ამ სტატიაში განვიხილავთ ოთხ ბიბლიურ პრინციპს, რომლებიც მშობლებს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

^ აბზ. 17 იხილეთ 2012 წლის 1-ლი აპრილის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“.

^ აბზ. 57 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მამა შვილთან და მის მეგობართან კალათბურთს თამაშობს, რომ უკეთ გაიცნოს შვილის მეგობარი.