არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 19

რაზე უნდა დაგვაფიქროს „გამოცხადებამ“?

რაზე უნდა დაგვაფიქროს „გამოცხადებამ“?

„ბედნიერია ის, ვინც ხმამაღლა კითხულობს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს“ (ᲒᲐᲛᲝᲪᲮ. 1:3).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 15 აქეთ იეჰოვას პირმშო!

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1, 2. რა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა დავინტერესდეთ „გამოცხადების“ წიგნით?

 ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ, რომ შემოგთავაზეს ფოტოალბომის დათვალიერება. ბევრ სურათზე ალბათ თქვენთვის უცნობი ადამიანების სახეებს ხედავთ. მაგრამ ერთი ფოტო თქვენს ყურადღებას იქცევს, რადგან მასზე თქვენ ხართ აღბეჭდილი. აკვირდებით და ცდილობთ, ფოტოზე სხვებიც ამოიცნოთ და გაიხსენოთ, როდის და სად გადაიღეთ ეს სურათი. ახლა ის თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

2 „გამოცხადების“ წიგნიც რაღაცით ამ ფოტოსურათს ჰგავს, სულ მცირე, ორი მიზეზის გამო. პირველ მიზეზს ამ წიგნის პირველივე მუხლიდან ვიგებთ: „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მან ღვთისგან მიიღო, რათა თავისი მონებისთვის გაემჟღავნებინა ის, რაც მალე უნდა მოხდეს“ (გამოცხ. 1:1). როგორც ვხედავთ, ამ წიგნში ჩაწერილი ღვთის მსახურებს ეხებათ. ვინაიდან ღვთის მსახურები ვართ, გამოდის, რომ ამ შესანიშნავ წიგნში მოცემული წინასწარმეტყველებების შესრულებაში ჩვენც ვმონაწილეობთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ფოტოზე ჩვენც ვართ გამოსახული.

3, 4. „გამოცხადების“ თანახმად, როდის უნდა შესრულებულიყო მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები და რა გავლენა უნდა მოახდინოს ამან ჩვენზე?

3 მეორე მიზეზი, თუ რატომ უნდა დავინტერესდეთ „გამოცხადების“ წიგნით დაკავშირებულია იმ დროსთან, როცა ეს წინასწარმეტყველებები უნდა შესრულებულიყო. ამ დროის შესახებ თავად ხანდაზმული მოციქული იოანე გვამცნობს: „შთაგონებით უფლის დღეში აღმოვჩნდი“ (გამოცხ. 1:10). იოანემ ეს სიტყვები დაახლოებით ახ. წ. 96 წელს დაწერა, როცა „უფლის დღე“ ჯერ კიდევ შორს იყო (მათ. 25:14, 19; ლუკ. 19:12). ბიბლიური წინასწარმეტყველებებიდან ვიგებთ, რომ ეს დღე 1914 წელს დაიწყო, როცა იესო ზეცაში გამეფდა. ამ წლიდან მოყოლებული სრულდება „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც ღვთის ხალხს ეხება. „უფლის დღე“ დღემდე გრძელდება და ჩვენ სწორედ ამ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ.

4 აქედან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებით გვმართებს, ყურად ვიღოთ გამოცხადების 1:3-ში ჩაწერილი შემდეგი რჩევა: „ბედნიერია ის, ვინც ხმამაღლა კითხულობს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ისინიც, ვინც ისმენენ და იცავენ ამ სიტყვებს, რადგან დანიშნული დრო მოახლოებულია“. როგორც ვხედავთ, ჩვენც, ასე ვთქვათ, ხმამაღლა უნდა წავიკითხოთ, მოვისმინოთ და დავიცვათ ამ წინასწარმეტყველების სიტყვები. რომელი სიტყვების დაცვა მოგვეთხოვება?

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲡ ᲛᲝᲡᲐᲬᲝᲜᲐᲓ ᲔᲪᲘᲗ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘ

5. როგორ ამახვილებს „გამოცხადება“ ყურადღებას იმაზე, რომ იეჰოვას მის მოსაწონად უნდა ვცეთ თაყვანი?

5 „გამოცხადების“ პირველივე თავიდან ვიგებთ, რომ იესომ კარგად იცის, რა ხდება ქრისტიანულ კრებებში (გამოცხ. 1:12—16, 20; 2:1). ეს იქიდანაც ჩანს, რაც მან მცირე აზიის შვიდ კრებას გადასცა. ეს ცნობები შეიცავდა კონკრეტულ მითითებებს, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს დაეხმარებოდათ, ღვთისთვის მის მოსაწონად ეცათ თაყვანი. აღსანიშნავია, რომ ეს მითითებები დღეს მცხოვრებ ღვთის მსახურებსაც ეხებათ. ჩვენმა მეთაურმა იესო ქრისტემ კარგად იცის, როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა. ის ყურადღებით გვაკვირდება, რომ დაგვიცვას. მის თვალს არაფერი გამოეპარება. მან კარგად იცის, რა გვჭირდება, რომ იეჰოვას კეთილგანწყობა არ დავკარგოთ. იესოს რომელი მითითებები უნდა ვიღოთ ყურად?

6. ა) როგორც გამოცხადების 2:3, 4-დან ჩანს, რა სერიოზული პრობლემა გამოვლინდა ეფესოს კრებაში? ბ) ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?

6 წაიკითხეთ გამოცხადების 2:3, 4. არ უნდა დავკარგოთ იეჰოვასადმი თავდაპირველი სიყვარული. ეფესოს კრებისთვის გადაცემული ცნობიდან ჩანს, რომ ეფესოელი ქრისტიანები მოთმინებას იჩენდნენ და განსაცდელების მიუხედავად ემსახურებოდნენ იეჰოვას. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მათ თავდაპირველი სიყვარული დაკარგეს. თუ ისინი თავდაპირველ სიყვარულს არ გააღვივებდნენ, იეჰოვა მათ თაყვანისცემას არ მოიწონებდა. მსგავსადვე, დღეს ჩვენგან მხოლოდ მოთმინება არ მოითხოვება. ჩვენს მოთმინებას სწორი მოტივი უნდა ედოს საფუძვლად. იეჰოვასთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ ისიც, თუ რატომ ვაკეთებთ. მას სურს, იმიტომ ვცემდეთ თაყვანს, რომ ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ (იგავ. 16:2; მარ. 12:29, 30).

7. ა) როგორც გამოცხადების მე-3 თავიდან ჩანს, რა პრობლემაზე მიუთითა იესომ სარდისის კრებას? ბ) ჩვენ რისი გაკეთება გვმართებს?

7 წაიკითხეთ გამოცხადების 3:1—3. უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. სარდისის კრებას სხვა პრობლემა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ამ კრებაში ქრისტიანები მონდომებით ემსახურებოდნენ იეჰოვას, თანდათან მოდუნდნენ. ამიტომ იესომ მოუწოდა, გამოფხიზლებულიყვნენ. რაზე უნდა დაგვაფიქროს ამან? ვიცით, რომ იეჰოვა არ ივიწყებს ჩვენს შრომას (ებრ. 6:10). მაგრამ მხოლოდ იმის იმედად ვერ ვიქნებით, რაც იეჰოვასთვის წარსულში გაგვიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება უფრო შეზღუდულები ვართ, ვიდრე წარსულში, კვლავაც ბევრი უნდა ვიშრომოთ უფლისთვის და აღსასრულამდე სიფხიზლე შევინარჩუნოთ (1 კორ. 15:58; მათ. 24:13; მარ. 13:33).

8. რას ვსწავლობთ ლაოდიკეელებისთვის მიცემული მითითებიდან? (გამოცხადება 3:15—17).

8 წაიკითხეთ გამოცხადების 3:15—17. არ უნდა დავკარგოთ გულმოდგინება მსახურებაში. ლაოდიკეის კრებას იესომ სულ სხვა პრობლემაზე გაუმახვილა ყურადღება. ამ კრებაში ქრისტიანები, ასე ვთქვათ, ნელთბილად, ენთუზიაზმის გარეშე ემსახურებოდნენ ღმერთს. ამიტომაც უწოდა იესომ ამ კრებას „საწყალი“ და „საცოდავი“. მათ მოშურნეობა უნდა გამოეჩინათ მსახურებაში (გამოცხ. 3:19). რას ვსწავლობთ აქედან? თუ ვხედავთ, რომ ენთუზიაზმი გაგვინელდა, მადლიერება უნდა გავიღვივოთ სულიერი საგანძურის მიმართ (გამოცხ. 3:18). კომფორტული ცხოვრების მოწყობის სურვილმა სულიერი საკითხები მეორე პლანზე არ უნდა გადაგვაწევინოს.

9. როგორც პერგამონისა და თიატირის კრებებისთვის გადაცემული ცნობიდან ჩანს, რა საფრთხეებს უნდა ვერიდოთ?

9 ზურგი უნდა ვაქციოთ განდგომილთა მოძღვრებებს. იესომ პერგამონელი ქრისტიანები იმისთვის გაკიცხა, რომ სექტანტურ სწავლებებს იზიარებდნენ, ხოლო თიატირის კრებაში შეაქო ისინი, ვინც არ ეცნობოდა „სატანის სიღრმეებს“ და ჭეშმარიტებას იყო ჩაჭიდებული (გამოცხ. 2:14—16, 24—26). იმ ქრისტიანებს, რომლებიც აჰყვნენ ცრუ სწავლებებს, უნდა მოენანიებინათ. რა მხრივ არის ეს ჩვენთვის საყურადღებო? ჩვენ ზურგი უნდა ვაქციოთ იმ სწავლებებს, რომლებიც ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება. განდგომილებს შეიძლება ღვთისმოშიშებად მოჰქონდეთ თავი, მაგრამ მათი „საქმეები ღვთისმოშიშებაზე არ მეტყველებს“ (2 ტიმ. 3:5). თუ ღვთის სიტყვას გულმოდგინედ ვიკვლევთ, უფრო ადვილად ამოვიცნობთ და უგულებელვყოფთ ცრუ სწავლებებს (2 ტიმ. 3:14—17; იუდ. 3, 4).

10. კიდევ რას ვსწავლობთ იმ სიტყვებიდან, რომლებიც იესომ პერგამონისა და თიატირის კრებებს შეუთვალა?

10 ყოველგვარი უზნეობისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ და არც შევიწყნაროთ. პერგამონისა და თიატირის კრებებში კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა არსებობდა. იესომ გაკიცხა კრებაში ისინი, ვინც იწყნარებდა სექსუალურ უზნეობას (გამოცხ. 2:14, 20). რატომ არის ეს ჩვენთვის საყურადღებო? არ უნდა გვეგონოს, რომ იეჰოვა თვალს დახუჭავს ჩვენს უზნეობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდით და ახლაც მრავალ საპასუხისმგებლო დავალებას ვასრულებთ (1 სამ. 15:22; 1 პეტ. 2:16). ის მოელის, რომ ვუერთგულებთ მის ზნეობრივ პრინციპებს იმისდა მიუხედავად, როგორ ეცემა ნორმები ქვეყნიერებაში (ეფეს. 6:11—13).

11. რა შეგვიძლია დავასკვნათ განხილულიდან? (იხილეთ ჩარჩო  „გაკვეთილი ჩვენთვის“).

11 რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია განხილულიდან? როგორც დავინახეთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას მისთვის მოსაწონი სახით ვცემთ თაყვანს. თუ ვხედავთ, რომ ღვთისადმი ჩვენს თაყვანისმცემლობას რაღაცით ვბღალავთ, მაშინვე უნდა მივიღოთ სათანადო ზომები (გამოცხ. 2:5, 16; 3:3, 16). კრებებისთვის გადაცემულ ცნობებში იესომ სხვა საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. მოდი ვნახოთ, რაზე.

ᲛᲖᲐᲓ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲒᲐᲜᲡᲐᲪᲓᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

როგორ ესხმის სატანა ღვთის ხალხს თავს ზეციდან გადმოგდების შემდეგ? (იხილეთ აბზაცები 12—16)

12. რატომ არის ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი ის, რაც იესომ სმირნისა და ფილადელფიის კრებებს შეუთვალა? (გამოცხადება 2:10).

12 მოდი ახლა განვიხილოთ, რა შეუთვალა იესომ სმირნისა და ფილადელფიის კრებებს. მან მოუწოდა იქაურ ქრისტიანებს, არ შეშინებოდათ დევნის, რადგან მათი ერთგულება დაჯილდოვდებოდა (წაიკითხეთ გამოცხადების 2:10; 3:10). რას გვასწავლის ეს ჩვენ? ჩვენც მზად უნდა ვიყოთ განსაცდელებთან შესახვედრად და მათ ასატანად (მათ. 24:9, 13; 2 კორ. 12:10). რატომ არის ეს მნიშვნელოვანი შეხსენება?

13, 14. როგორ იმოქმედა „გამოცხადებაში“ აღწერილმა მოვლენებმა ღვთის ხალხზე?

13 როგორც „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, ღვთის ხალხი ჩვენს დროში ანუ „უფლის დღეს“ დევნას შეხვდებოდა. გამოცხადების მე-12 თავიდან ვიგებთ, რომ ზეციერ სამეფოში იესოს გამეფებისთანავე ომი ატყდა. მიქაელი ანუ განდიდებული იესო ქრისტე და მისი ლაშქარი შეებრძოლნენ სატანასა და მის დემონებს (გამოცხ. 12:7, 8). ამ ბრძოლაში ღვთის მტრები დამარცხდნენ და ისინი დედამიწაზე იქნენ გადმოყრილი, რამაც კაცობრიობას ენით აუწერელი ტკივილი მოუტანა (გამოცხ. 12:9, 12). როგორ იმოქმედა ამ მოვლენამ ღვთის ხალხზე?

14 „გამოცხადება“ იმასაც გვიმხელს, რა მოიმოქმედა ამის შემდეგ სატანამ. ვინაიდან მას ზეცისკენ გზა მოჭრილი აქვს, ის მთელ თავის რისხვას ღვთის სამეფოს წარმომადგენლებზე, დედამიწაზე დარჩენილ ცხებულებზე, ანთხევს, „რომელთაც იესოს შესახებ ქადაგების საქმე აკისრიათ“ (გამოცხ. 12:17; 2 კორ. 5:20; ეფეს. 6:19, 20). როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება ღვთის ხალხზე?

15. ვის განასახიერებს გამოცხადების მე-11 თავში აღწერილი „ორი მოწმე“ და რა დაემართა მათ?

15 სატანამ იერიში მიიტანა ცხებულ ძმებზე, რომლებიც სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდნენ. „გამოცხადება“ ამ ძმებს „ორ მოწმეს“ უწოდებს, რომლებიც უნდა დაეხოცათ * (გამოცხ. 11:3, 7—11). 1918 წელს რვა ძმა ცრუ ბრალდებების საფუძველზე დააკავეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ადამიანური გადმოსახედიდან ისე ჩანდა, რომ ისინი, ასე ვთქვათ, დახოცეს, ანუ მათი საქმიანობა შეაჩერეს.

16. რა მოულოდნელი რამ მოხდა 1919 წელს, მაგრამ რას აკეთებს სატანა დღემდე?

16 გამოცხადების მე-11 თავში ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ „ორი მოწმე“ მალევე გაცოცხლდებოდა. ასეც მოხდა; მათი დაპატიმრებიდან წელიწადიც არ იყო გასული, როცა სრულიად მოულოდნელად 1919 წლის დასაწყისში ცხებული ძმები ციხიდან გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ბრალდებები მოუხსნეს. ისინი მაშინვე შეუდგნენ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეს. თუმცა სატანას არ შეუწყვეტია ღვთის ხალხზე თავდასხმა და დევნის „მდინარე“ მიუშვა მათზე (გამოცხ. 12:15). ამ ყველაფრის ატანას კი ნამდვილად მოთმინება და რწმენა სჭირდება ჩვენი მხრიდან (გამოცხ. 13:10).

ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲩᲐᲔᲑᲘᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲒᲐᲜ ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲣᲚ ᲡᲐᲥᲛᲔᲨᲘ

17. სატანის თავდასხმების მიუხედავად, როგორ მიიღო ღვთის ხალხმა შვება?

17 გამოცხადების მე-12 თავიდან ჩანს, რომ ღვთის ხალხისთვის შვება უჩვეულო სახით მოვიდოდა. თითქოსდა მიწა პირს დააღებდა და დევნის მდინარეს შთანთქავდა (გამოცხ. 12:16). ყველაფერი სწორედ ასე ხდება. დროდადრო სატანის ქვეყნიერების შედარებით სტაბილურ სტრუქტურებს, მაგალითად ზოგ სასამართლო სისტემას, ღვთის ხალხისთვის შვება მოაქვს. იეჰოვას მსახურებმა მრავალჯერ მოიპოვეს გამარჯვება სასამართლოებში, რის შედეგადაც ისინი გარკვეული თავისუფლებით სარგებლობენ. როგორ იყენებენ ისინი ამ თავისუფლებას? ღვთის ხალხი სრულად სარგებლობს ამ სიტუაციით და აქტიურად არის ჩაბმული იეჰოვასგან მიღებული დავალების შესრულებაში (1 კორ. 16:9). რა შედის ამ დავალებაში?

ღვთის ხალხი ორგვარ ცნობას აცხადებს (იხილეთ აბზაცები 18, 19).

18. რა არის ჩვენი უმთავრესი საქმე ამ ბოლო დღეებში?

18 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი მიმდევრები აღსასრულის დადგომამდე „სასიხარულო ცნობას [ღვთის] სამეფოს შესახებ“ მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ (მათ. 24:14). ამ საქმეში მათ მხარს უჭერენ ანგელოზები, რომელთაც მინდობილი აქვთ სასიხარულო ცნობა, რათა ახარონ „დედამიწის მკვიდრთ, ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ (გამოცხ. 14:6).

19. კიდევ რა ცნობა უნდა გააცხადონ ღვთის მსახურებმა?

19 ღვთის ხალხმა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გარდა, სხვა ცნობაც უნდა გააცხადოს. მათ მხარი უნდა დაუჭირონ გამოცხადების მე-8—10 თავებში მოხსენიებულ ანგელოზებს. ეს ანგელოზები აცხადებენ, თუ რა დაატყდებათ თავს ღვთის სამეფოს უარმყოფელებს. შესაბამისად, იეჰოვას მოწმეები ღვთის განაჩენს უცხადებენ სატანის ქვეყნიერებას. ეს ცნობა სეტყვასთან და ცეცხლთან არის შედარებული (გამოცხ. 8:7, 13). ვინაიდან აღსასრული ახლოსაა, ხალხმა უნდა გაიგოს, რა ცვლილებები უნდა მოახდინონ ცხოვრებაში, რომ იეჰოვას რისხვის დღეს გადაურჩნენ (სოფ. 2:2, 3). ბევრი ამ ცნობას უარყოფითად ხვდება, ამიტომ მის გაცხადებას გაბედულება სჭირდება. „დიდი გასაჭირის“ დროს საბოლოო განაჩენის შესახებ ცნობა უფრო მძიმე მოსასმენი გახდება ხალხისთვის (გამოცხ. 16:21).

ᲓᲐᲘᲪᲐᲕᲘᲗ ᲐᲛ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ

20. რას განვიხილავთ მომდევნო ორ სტატიაში?

20 ვინაიდან „გამოცხადებაში“ აღწერილ მოვლენებში ჩვენც ვართ ჩართული, ამ წინასწარმეტყველური სიტყვების დაცვა გვმართებს (გამოცხ. 1:3). რა დაგვეხმარება გავუძლოთ დევნას და გაბედულად გავაგრძელოთ ქადაგება? ამაში ორი რამის ცოდნა დაგვეხმარება. ერთი ის, თუ რას მოასწავებს „გამოცხადება“ ღვთის მტრებისთვის და მეორე, რა ჯილდო გველის ერთგულებისთვის. ამ საკითხებზე მომდევნო ორ სტატიაში ვიმსჯელებთ.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 32 დადექით იეჰოვას მხარეს!

^ აბზ. 5 ჩვენ გასაოცარ დროში ვცხოვრობთ, რადგან წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ჩვენ თვალწინ სრულდება. რა გავლენას ახდენს ეს წინასწარმეტყველებები ჩვენზე? ეს და მომდევნო ორი სტატია ამ წიგნის მიმოხილვას დაეთმობა. ამ სტატიებიდან გავიგებთ, როგორ დავიცვათ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი სიტყვები და, ამგვარად, როგორ ვცეთ იეჰოვას მისთვის მოსაწონად თაყვანი.

^ აბზ. 15 იხილეთ 2014 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“, გვ. 30.