ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 20
რას მოასწავებს „გამოცხადება“ ღვთის მტრებისთვის?
«შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად „არმაგედონი“ ჰქვია» (ᲒᲐᲛᲝᲪᲮ. 16:16).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *
1. „გამოცხადებიდან“ გამომდინარე, რა დრო დაუდგა ღვთის ხალხს?
ᲠᲝᲒᲝᲠᲪ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა და სატანა ზეციდან იქნა გადმოგდებული (გამოცხ. 12:1—9). ზეცამ დაისვენა სატანისგან, სამაგიეროდ დედამიწაზე ღვთის ხალხს დაუდგა მძიმე დრო, რადგან სატანამ მთელი თავისი რისხვა ღვთის მსახურებისკენ მიმართა (გამოცხ. 12:12, 15, 17).
2. რა დაგვეხმარება სიმტკიცის შენარჩუნებაში?
2 რა დაგვეხმარება, მტკიცედ შევხვდეთ სატანის თავდასხმებს? (გამოცხ. 13:10). იმის ცოდნა, თუ რა სასიხარულო მოვლენები გველის მომავალში, რომლებზეც „გამოცხადებიდან“ შევიტყობთ. ამ მოვლენებს შორისაა ღვთის მტრების განადგურებაც. ახლა განვიხილოთ, როგორ აღგვიწერს „გამოცხადება“ ღვთის მტრებს და მათ აღსასრულს.
ᲡᲘᲛᲑᲝᲚᲣᲠᲘ ᲔᲜᲘᲗ ᲐᲦᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲛᲢᲠᲔᲑᲘ
3. რა სიმბოლოებს ვხვდებით „გამოცხადებაში“?
3 „გამოცხადების“ პირველივე მუხლიდან ვიგებთ, რომ მასში მოცემული ინფორმაცია „ნიშნებით“ ანუ სიმბოლური ენით არის გადმოცემული (გამოცხ. 1:1). მასში მოხსენიებული ღვთის მტრებიც სიმბოლური ენით არიან აღწერილი, კერძოდ, სხვადასხვა მხეცის სახით. მაგალითად, მასში ვხვდებით „ზღვიდან ამომავალ ათრქიან და შვიდთავიან მხეცს“ (გამოცხ. 13:1). მას სხვა მხეცი მოჰყვება, რომელიც „მიწიდან“ ამოდის. ის დრაკონივით ლაპარაკობს და „ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე“ (გამოცხ. 13:11—13). შემდეგ ვხედავთ კიდევ ერთ, „ალისფერ მხეცს“, რომელზეც მეძავი ზის. სამივე მხეცი დიდი ხანია, ემტერება იეჰოვასა და მის სამეფოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ მათი ვინაობა (გამოცხ. 17:1, 3).
4, 5. როგორ გვეხმარება დანიელის 7:15—17 „გამოცხადებაში“ მოხსენიებული სიმბოლოების მნიშვნელობის გაგებაში?
4 ღვთის მტრების ვინაობას დავადგენთ, თუ გავიგებთ, რას განასახიერებენ „გამოცხადებაში“ აღწერილი მხეცები და მეძავი. ამის გარკვევაში თავად ბიბლია გვეხმარება. „გამოცხადებაში“ აღწერილი სიმბოლოები ბიბლიის სხვა წიგნებშია ახსნილი. მაგალითად, დანიელმა ღამის ხილვაში იხილა ზღვიდან ამომავალი „ოთხი უზარმაზარი მხეცი“ (დან. 7:1—3). დანიელი იმასაც გვიხსნის, რომ ეს ოთხი მხეცი ოთხ „მეფეს“ ანუ ოთხ პოლიტიკურ ძალას განასახიერებს (წაიკითხეთ დანიელის 7:15—17). აქედან გამომდინარე, „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მხეცებიც პოლიტიკურ ძალებს უნდა განასახიერებდნენ.
5 ახლა სათითაოდ გავარჩიოთ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული სიმბოლოები. თავიდან ვისაუბრებთ „მხეცებზე“. გავარკვევთ მათ ვინაობას და გავიგებთ, რა მომავალი ელით. ბოლოს კი ვიმსჯელებთ, რას მოასწავებს ეს ჩვენთვის.
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲛᲢᲠᲔᲑᲘᲡ ᲕᲘᲜᲐᲝᲑᲐ ᲒᲐᲛᲟᲦᲐᲕᲜᲔᲑᲣᲚᲘᲐ
6. რას განასახიერებს გამოცხადების 13:1—4-ში მოხსენიებული „შვიდთავიანი მხეცი“?
6 რას განასახიერებს „შვიდთავიანი მხეცი“? (წაიკითხეთ გამოცხადების 13:1—4). ეს მხეცი გარეგნულად ჯიქს ჰგავს, ფეხები დათვისას მიუგავს, პირი კი — ლომისას და თავზე ათი რქა აქვს. ის გარეგნობით მოგვაგონებს დანიელის მე-7 თავში აღწერილ მხეცებს. განსხვავებაა ისაა, რომ ეს მხეცი აერთიანებს დანიელის ხილვაში ნანახი მხეცების გარეგნულ თავისებურებებს. როგორც იოანე ამბობს, მას მიეცა „ძალაუფლება ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე“ (გამოცხ. 13:7). აქედან გამომდინარე, ეს მხეცი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას კი არა, დღემდე არსებულ ყველა პოლიტიკურ სისტემას განასახიერებს * (ეკლ. 8:9).
7. რას განასახიერებს შვიდთავიანი მხეცის თითოეული თავი?
7 რას განასახიერებს შვიდთავიანი მხეცის თითოეული თავი? ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში გამოცხადების მე-17 თავი გვეხმარება, რომელიც დამატებით ინფორმაციას გვაწვდის მე-13 თავში მოხსენიებულ მხეცის ქანდაკებაზე. გამოცხადების 17:10-დან ვიგებთ, რომ შვიდი თავი განასახიერებს „შვიდ მეფეს“, რომელთაგან „ხუთი დაეცა, ერთი არის, ბოლო ჯერ არ მოსულა, მაგრამ, როცა მოვა, ცოტა ხანს დარჩება“. სატანის მიერ მართულ პოლიტიკურ სისტემაში შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ ანუ იმპერიამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, რადგან დიდი გავლენა მოახდინა ღვთის ხალხზე. იოანეს დროს აქედან ხუთი იმპერია უკვე აღარ არსებობდა, კერძოდ, ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი. მეექვსე პოლიტიკური ძალა კი, რომის იმპერია, იმ დროს იყო გაბატონებული, როცა იოანემ გამოცხადება იხილა. ვინ იქნებოდა მეშვიდე „თავი“ ანუ ბოლო პოლიტიკური ძალა?
8. ვის განასახიერებს მხეცის მეშვიდე „თავი“?
8 დანიელის წინასწარმეტყველება დაგვეხმარება იმის გაგებაში, რას განასახიერებს მხეცის ბოლო, მეშვიდე „თავი“. რომელია წამყვანი მმართველი ძალა „უფლის დღეს“, ამ ბოლო დღეებში? (გამოცხ. 1:10). ეს არის დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პოლიტიკური ძალა, სხვაგვარად, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია. შესაბამისად, ვასკვნით, რომ სწორედ ის წარმოადგენს გამოცხადების 13:1—4-ში მოხსენიებული მხეცის მეშვიდე „თავს“.
9. რას განასახიერებს მხეცი, რომელსაც „ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა“ აქვს?
9 გამოცხადების მე-13 თავი მხეცის მეშვიდე „თავს“ ანუ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას აღგვიწერს, როგორც მხეცს, რომელსაც „ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა“ აქვს, მაგრამ დრაკონივით ლაპარაკობს. ეს მხეცი „დიდ სასწაულებს ახდენს და ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე ადამიანთა თვალწინ“ (გამოცხ. 13:11—15). გამოცხადების მე-16 და მე-19 თავებში ამ მხეცს „ცრუწინასწარმეტყველიც“ ეწოდება (გამოცხ. 16:13; 19:20). დანიელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ეს იმპერია „არნახულ უბედურებას“ მოიტანდა (დან. 8:19, 23, 24). სწორედ ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების მიერ შექმნილი ორი ატომური ბომბის იაპონიაში ჩამოგდებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ომის დასრულებაში. ამგვარად ინგლის-ამერიკამ, ასე ვთქვათ, ციდან დედამიწაზე ცეცხლი ჩამოიტანა.
10. რას განასახიერებს „მხეცის ქანდაკება“? (გამოცხადება 13:14, 15; 17:3, 8, 11).
10 „გამოცხადება“ კიდევ ერთ მხეცს აღგვიწერს. ის ძალიან ჰგავს შვიდთავიან მხეცს, თუმცა მისგან განსხვავებით ალისფერია. მას „მხეცის ქანდაკება“ და „მერვე მეფე“ ეწოდება * (წაიკითხეთ გამოცხადების 13:14, 15; 17:3, 8, 11). მასზე ნათქვამია, რომ ის უნდა გამოჩენილიყო, შემდეგ გაუჩინარებულიყო და კვლავ გამოჩენილიყო. ეს აღწერილობა ზუსტად მიესადაგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიო პოლიტიკური სისტემის ინტერესების გამტარებელია. თავიდან ის ერთა ლიგის სახით გამოჩნდა, მეორე მსოფლიო ომის დროს შეწყვიტა არსებობა, მოგვიანებით კი კვლავ გამოჩნდა იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს.
11. რას გააკეთებენ მხეცებად წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები და რატომ არ უნდა შეგვეშინდეს?
11 პროპაგანდის მეშვეობით მხეცებად წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები იეჰოვასა და მისი ხალხის წინააღმდეგ განაწყობენ საზოგადოებას. „გამოცხადების“ ენით თუ ვიტყვით, ისინი „მთელი მსოფლიოს მეფეებს“ საომრად შეკრებენ არმაგედონისთვის, „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღისთვის“ (გამოცხ. 16:13, 14, 16). მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენი დიდებული ღმერთი იეჰოვა არ დააყოვნებს და დაიცავს თავისი მმართველობის მხარდამჭერთ (ეზეკ. 38:21—23).
12. რა ელით „მხეცებს“?
12 რა ელით „მხეცებს“? ამ კითხვაზე პასუხს გამოცხადების 19:20 გვცემს: „შეიპყრეს მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რითაც შეცდომაში შეჰყავდა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი. ორივენი ცოცხლად ჩაყარეს ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“. გამოდის, რომ ამ მხეცებს ჯერაც ექნებათ პოლიტიკური ძალაუფლება, როცა ღმერთი მათ საბოლოოდ გაანადგურებს.
13. რა სირთულეებს ხვდებიან ქრისტიანები მთავრობების მხრიდან?
13 რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ქრისტიანებმა ღმერთსა და მის სამეფოს უნდა ვუერთგულოთ (იოან. 18:36). უნდა შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა მივემხროთ. ზოგჯერ ამის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან მთავრობები მოითხოვენ, რომ სიტყვითა და საქმით მხარი დავუჭიროთ მათ. ვინც დაჰყვება მათ ნებას, მხეცის ნიშანს მიიღებს (გამოცხ. 13:16, 17). ასეთები კი ღვთის გულისწყრომას დაიმსახურებენ და დაკარგავენ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას (გამოცხ. 14:9, 10; 20:4). ეს კი შეგვახსენებს, რომ რა წნეხსაც არ უნდა შევხვდეთ, მნიშვნელოვანია, არ დავთმოთ ჩვენი ნეიტრალური პოზიცია.
„ᲓᲘᲓᲘ ᲛᲔᲫᲐᲕᲘᲡ“ ᲡᲐᲛᲐᲠᲪᲮᲕᲘᲜᲝ ᲐᲦᲡᲐᲡᲠᲣᲚᲘ
14. როგორც გამოცხადების 17:3—5-დან ვიგებთ, რა გამაოგნებელ ხილვას ხედავს იოანე?
14 მოციქული იოანე კიდევ ერთ ხილვას ხედავს, რაც მის გაოგნებას იწვევს. ის ხედავს ქალს, რომელიც ერთ-ერთ მძვინვარე მხეცზე ზის (გამოცხ. 17:1, 2, 6). ეს არის „დიდი მეძავი“, რომელსაც „დიდი ბაბილონიც“ ეწოდება. ის გარყვნილებას სჩადის „დედამიწის მეფეებთან“ (წაიკითხეთ გამოცხადების 17:3—5).
15, 16. რისი სიმბოლოა „დიდი ბაბილონი“ და საიდან ვიცით ეს?
15 რას განასახიერებს „დიდი ბაბილონი“? ეს „ქალი“ ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის სიმბოლო, რადგან მასზე ნათქვამია, რომ გარყვნილებას სჩადის პოლიტიკურ ლიდერებთან (გამოცხ. 18:9). არათუ გარყვნილებას სჩადის, არამედ მათ გაკონტროლებასაც ცდილობს, რაც იქიდან ჩანს, რომ მხეცს ზურგზე აზის. ის ვერც სატანის ქვეყნიერების კომერციული სისტემის სიმბოლო იქნება. „გამოცხადებაში“ ეს სისტემა „დედამიწის დიდვაჭრებად“ არის მოხსენიებული (გამოცხ. 18:11, 15, 16).
16 ბიბლიაში „მეძავი“ გადატანითი მნიშვნელობით ეწოდება მას, ვისაც თავი ღვთის მსახური ჰგონია, მაგრამ კერპთაყვანისმცემლობას ეწევა ან მას, ვინც სხვა სახით მეგობრობს ქვეყნიერებასთან (ეზეკ. 16:2, 35, 36; იაკ. 4:4). მეორე მხრივ კი მას, ვინც სიწმინდეს ინარჩუნებს და ღვთის ერთგული რჩება, ბიბლია „უბიწოს“ და „ქალწულს“ უწოდებს (2 კორ. 11:2; გამოცხ. 14:4). ძველი ბაბილონი ცრუ რელიგიური რწმენა-წარმოდგენების კერა იყო. აქედან გამომდინარე, „დიდი ბაბილონი“ ყველა ცრუ რელიგიას უნდა აერთიანებდეს. ფაქტობრივად, ის ცრურელიგიური სამყაროს სიმბოლოა (გამოცხ. 17:5, 18; ვებგვერდზე jw.org იხილეთ სტატია «რა არის „დიდი ბაბილონი?“»).
17. რა დაემართება „დიდ ბაბილონს“?
17 რა დაემართება „დიდ ბაბილონს“? ამ კითხვას პასუხს სცემს გამოცხადების 17:16, 17: „ათი რქა და მხეცი, შენ რომ იხილე, შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, რადგან ღმერთი გულში ჩაუდებს მათ, რომ განახორციელონ მისი განზრახვა“. იეჰოვა აღძრავს ერებს, რომ „ალისფერი მხეცის“ ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეშვეობით თავს დაესხან ცრურელიგიურ სამყაროს და სამუდამოდ გაანადგურონ (გამოცხ. 18:21—24).
18. რისი გაკეთება გვმართებს, რომ არაფერი გვაკავშირებდეს „დიდ ბაბილონთან“?
18 რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩვენი თაყვანისცემა ღვთის თვალში „წმინდა და წაუბილწველი“ უნდა იყოს (იაკ. 1:27). ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენზე გავლენა არ მოახდინოს „დიდი ბაბილონის“ ცრუ სწავლებებმა, წარმართულმა დღესასწაულებმა, დაცემულმა ზნეობამ და სპირიტულმა წეს-ჩვეულებებმა. ამასთანავე, კვლავაც უნდა მოვუწოდოთ ხალხს, რომ გამოვიდნენ „დიდი ბაბილონიდან“, რათა მისი ცოდვების თანამონაწილენი არ გახდნენ (გამოცხ. 18:4).
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲣᲓᲘᲓᲔᲡᲘ ᲛᲢᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ
19. ვინ არის „დიდი ალისფერი დრაკონი“?
19 „გამოცხადება“ აგრეთვე მოიხსენებს „დიდ ალისფერ დრაკონს“ (გამოცხ. 12:3). ეს დრაკონი ებრძვის იესოსა და მის ანგელოზებს (გამოცხ. 12:7—9). ის თავს ესხმის ღვთის ხალხს და ძალაუფლებას აძლევს პოლიტიკურ მხეცებს (გამოცხ. 12:17; 13:4). ვინ არის ეს დრაკონი? „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გამოცხ. 12:9; 20:2). სწორედ ის არის ღვთის ყველა მტრის სულისჩამდგმელი.
20. რა ელის „დრაკონს“?
20 რა ელის „დრაკონს“? გამოცხადების 20:1—3-დან ვიგებთ, რომ ანგელოზი სატანას უფსკრულში ჩააგდებს, რაც მისთვის ერთგვარი საპყრობილე იქნება. უფსკრულში ყოფნისას ის შეცდომაში ვეღარ შეიყვანს ხალხებს, „სანამ 1 000 წელი არ გავა“. ბოლოს სატანასა და მის დემონებს „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“ ჩაყრიან, რაც მათ საბოლოო განადგურებაზე მიუთითებს (გამოცხ. 20:10). წარმოიდგინეთ, რა შესანიშნავი დრო დაუდგება კაცობრიობას, როცა აღარ იარსებებენ სატანა და მისი დემონები!
21. რატომ გვაბედნიერებს ის, რასაც „გამოცხადებიდან“ ვიგებთ?
21 ძალიან გვახარებს, რომ შეგვიძლია ჩავწვდეთ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი სიმბოლოების მნიშვნელობას. ჩვენ გავიგეთ, ვინ არიან იეჰოვას მტრები და როგორი ბოლო ელით მათ. ჩვენზეც მართლდება შემდეგი სიტყვები: „ბედნიერია ის, ვინც ხმამაღლა კითხულობს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ისინიც, ვინც ისმენენ“ (გამოცხ. 1:3). რას უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც ღვთის მტრებს ბოლო მოეღებათ? ამ საკითხზე მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 23 იეჰოვა იწყებს მმართველობას
^ აბზ. 5 „გამოცხადება“ ღვთის მტრებს სიმბოლური ენით აღგვიწერს. ამ სიმბოლური ენის მნიშვნელობას დანიელის წინასწარმეტყველების მეშვეობით ვიგებთ. ამ სტატიაში პარალელს გავავლებთ დანიელის წინასწარმეტყველებასა და „გამოცხადებაში“ ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს შორის, რაც დაგვეხმარება ღვთის მტრების ვინაობის გარკვევაში. ბოლოს გავიგებთ, რა ელით მათ.
^ აბზ. 6 ეს შვიდთავიანი მხეცი პოლიტიკურ სისტემას რომ განასახიერებს, ისიც მიუთითებს, რომ მას „ათი რქა“ აქვს. რიცხვი „ათი“ კი ბიბლიაში ხშირ შემთხვევაში სისრულეს აღნიშნავს.
^ აბზ. 10 პირველი მხეცისგან განსხვავებით მხეცის ქანდაკებას რქებზე გვირგვინები არ ადგას (გამოცხ. 13:1). ეს იმიტომ, რომ ის „შვიდი მეფისგან“ წარმოიშობა და ძალაუფლებაც მათგან აქვს მიღებული (ვებგვერდზე jw.org იხილეთ სტატია „ვინ არის გამოცხადების მე-17 თავში მოხსენიებული ალისფერი მხეცი?“).