ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 22
სიბრძნე, რომელიც ცხოვრების სწორად წარმართვაში დაგვეხმარება
„სიბრძნეს იეჰოვა იძლევა“ (ᲘᲒᲐᲕ. 2:6).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 89 უსმინეთ, იყავით მორჩილნი და მიიღეთ კურთხევები
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *
1. რატომ გვჭირდება სიბრძნე? (იგავები 4:7).
ᲧᲕᲔᲚᲐ ჩვენგანი დამდგარა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე და თუ ამ დროს სიბრძნისთვის გვილოცია, სწორად მოვქცეულვართ (იაკ. 1:5). სოლომონი წერდა: „სიბრძნე უმთავრესია“ (წაიკითხეთ იგავების 4:7). ამ სიტყვებში ის ღვთიურ სიბრძნეს გულისხმობდა და არა ზოგადად სიბრძნეს (იგავ. 2:6). დღეს თუ გვადგება ღვთიური სიბრძნე ყოველდღიურ სირთულეებთან გასამკლავებლად? ამ კითხვაზე ეს სტატია გაგვცემს პასუხს.
2. რა დაგვეხმარება დაბრძენებაში?
2 სიბრძნით გამორჩეული ორი ადამიანის რჩევების გათვალისწინება ერთ-ერთი საშუალებაა, რაც დაბრძენებაში დაგვეხმარება. თავიდან ვისაუბრებთ სოლომონზე, რომელზეც ბიბლია ამბობს: „უხვად მისცა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე და გამჭრიახობა“ (1 მეფ. 4:29). შემდეგ ვისაუბრებთ იესოზე, რომელიც უბადლო სიბრძნეს ფლობდა (მათ. 12:42). მის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული, სიბრძნისა და გონიერების სული“ (ეს. 11:2).
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 სოლომონისა და იესოს მიერ ღვთიური სიბრძნით წარმოთქმული რჩევები დღესაც აქტუალურია ჩვენთვის. ამ სტატიაში განვიხილავთ მათ რჩევებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სამ სფეროს ეხება, კერძოდ, როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს ფულზე, სამუშაოსა და საკუთარ თავზე.
ᲒᲐᲬᲝᲜᲐᲡᲬᲝᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲐ ᲤᲣᲚᲖᲔ
4. რით განსხვავდებოდა იესოს მდგომარეობა სოლომონის მდგომარეობისგან?
4 სოლომონი ზღაპრულ სიმდიდრეს ფლობდა და დიდ ფუფუნებაში ცხოვრობდა (1 მეფ. 10:7, 14, 15). იესოს კი, პირიქით, ბევრი არაფერი ებადა და მუდმივი საცხოვრებელიც კი არ ჰქონდა (მათ. 8:20). მიუხედავად ამისა, ორივეს გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა ქონებაზე, რადგან მათი სიბრძნე ერთი წყაროდან, იეჰოვასგან, მომდინარეობდა.
5. როგორი თვალსაზრისი ჰქონდა სოლომონს ფულზე?
5 სოლომონს ესმოდა, რომ გარკვეულწილად ფული იცავს ადამიანს (ეკლ. 7:12). ფულით შეგვიძლია შევიძინოთ აუცილებელი ნივთები და სურვილებიც მეტ-ნაკლებად დავიკმაყოფილოთ. თუმცა სოლომონს ისიც კარგად ესმოდა, რომ ფული ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ცხოვრებაში. ის წერდა: „კარგი სახელი დიდძალ სიმდიდრეს სჯობია“ (იგავ. 22:1). სოლომონი იმასაც ხედავდა, რომ ფულის მოყვარულ ადამიანებს ქონება ვერ აბედნიერებდა (ეკლ. 5:10, 12). ამიტომაც მოგვცა ბრძნული რჩევა, რომ იმედი ფულზე არ დავამყაროთ, რადგან ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება დავკარგოთ (იგავ. 23:4, 5).
6. როგორი შეხედულება ჰქონდა იესოს ნივთებსა თუ ქონებაზე? (მათე 6:31—33).
6 იესოსაც გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა ამ საკითხზე. მაგალითად, როცა საშუალება ეძლეოდა, კარგ საჭმელ-სასმელს მიირთმევდა (ლუკ. 19:2, 6, 7). მისი პირველი სასწაულიც ის იყო, რომ წყალი საუკეთესო ღვინოდ აქცია (იოან. 2:10, 11). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ მას მდიდრული სამოსელი ეცვა (იოან. 19:23, 24). მაგრამ იესოსთვის ნივთები და ქონება არასდროს გამხდარა უმთავრესი. მან თავის მიმდევრებს ასეთი სიტყვები უთხრა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა . . . ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24). იესომ დაგვარწმუნა, რომ თუ სამეფოს პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე (წაიკითხეთ მათეს 6:31—33).
7. რა სიკეთე მოუტანა ერთ ძმას გაწონასწორებულმა შეხედულებამ ფულზე?
7 ბევრმა და-ძმამ გამოსცადა, რამდენად ბრძნულია ფულთან დაკავშირებით ბიბლიური რჩევის გათვალისწინება. მოვიყვანოთ ერთი დაუქორწინებელი ძმის, დანიელის, მაგალითი. აი, რას ამბობს ის: „მოზარდობაში გადავწყვიტე, რომ სულიერი მიზნები პირველ ადგილზე დამეყენებინა“. დანიელი უბრალოდ ცხოვრობდა, რამაც საშუალება მისცა, თავისი ნიჭი და უნარი სხვადასხვა თეოკრატიულ საქმეში გამოეყენებინა. ის ამბობს: „გულწრფელად გითხრათ, არასდროს მინანია ჩემი არჩევანი. ფაქტია, რომ მომენდომებინა, დიდ ფულსაც ვიშოვიდი, მაგრამ ფულით როგორ შევიძენდი იმ მეგობრებს, რომლებიც დღეს მყავს?! ფული ვერ მომანიჭებდა იმ კმაყოფილებას, რომელიც სამეფოს პირველ ადგილზე დაყენებას მოაქვს. ვერანაირი ფულით ვერ ვიყიდდი იმ სიხარულს, რომელიც იეჰოვამ მომანიჭა“. როცა მთელი ყურადღება სულიერ საქმეებზე გადაგვაქვს და არა ფულზე, თავად ვხედავთ დადებით შედეგებს.
ᲒᲐᲬᲝᲜᲐᲡᲬᲝᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲐ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲖᲔ
8. საიდან ჩანს, რომ სოლომონს გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა სამუშაოზე? (ეკლესიასტე 5:18, 19).
8 სოლომონმა „ღვთისგან ნაბოძები ძღვენი“ უწოდა იმ სიხარულს, რომელსაც ადამიანს გარჯა ანიჭებს (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 5:18, 19). ის წერდა: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავ. 14:23). სოლომონმა ეს საკუთარი გამოცდილებიდან თქვა, რადგან თავადაც ბევრს ირჯებოდა. მან ააშენა ქალაქები და სახლები, გააშენა ვენახები და ბაღები და გააკეთა წყალსატევები (1 მეფ. 9:19; ეკლ. 2:4—6). ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, რასაც მისთვის გარკვეული კმაყოფილება მოჰქონდა. მაგრამ მას ესმოდა, რომ მხოლოდ შრომა ვერ მოუტანდა ბედნიერებას. სოლომონი ღვთის საქმეშიც იყო ჩაბმული. ის სათავეში ჩაუდგა იეჰოვას დიდებული ტაძრის მშენებლობას, რასაც შვიდი წელი დასჭირდა (1 მეფ. 6:38; 9:1). მას შემდეგ, რაც ყველაფერში მოსინჯა ძალები, სოლომონმა გააცნობიერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისთვის გაწეული შრომაა. მან შემდეგი სიტყვებით შეაჯამა ყველაფერი: „ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ღვთისა გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი“ (ეკლ. 12:13).
9. საიდან ვიცით, რომ იესოს გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა სამუშაოზე?
9 იესოც შრომისმოყვარე იყო. თავიდან ის სადურგლო საქმეს მისდევდა (მარ. 6:3). ეჭვგარეშეა, ის მხარში ედგა მშობლებს და ეხმარებოდა მათ დიდი ოჯახის რჩენაში. ის სრულყოფილი იყო და, შესაბამისად, მისი ნაკეთობები დიდი მოწონებით სარგებლობდა. იესო, ალბათ, სიამოვნებით მუშაობდა. მართალია, დაკავებული იყო, მაგრამ მაინც ყოველთვის პოულობდა დროს სულიერი საქმეებისთვის (იოან. 7:15). მოგვიანებით, როცა მთლიანად ქადაგებაზე გადაერთო, თავის მსმენელებს ასეთი რამ ურჩია: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის იშრომეთ, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ“ (იოან. 6:27). მთაზე ქადაგების დროს მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მოაგროვეთ განძი ზეცაში“ (მათ. 6:20).
10. რა შეიძლება მოხდეს, თუ ფრთხილად არ ვიქნებით?
10 ღვთიური სიბრძნე ჩვენც გვეხმარება, რომ გაწონასწორებული შეხედულება შევინარჩუნოთ სამუშაოზე. ქრისტიანებს მოგვეთხოვება, რომ მუყაითად და პატიოსნად ვიშრომოთ (ეფეს. 4:28). დამსაქმებლები ხშირად ამჩნევენ ჩვენს პატიოსნებასა და შრომისმოყვარეობას და შეიძლება ამისთვის შეგვაქონ კიდეც. ამან შეიძლება გვიბიძგოს, უფრო მეტი ვიმუშაოთ იმ იმედით, რომ დამსაქმებელს უკეთეს წარმოდგენას შევუქმნით იეჰოვას მოწმეებზე. თუმცა შეიძლება მალევე აღმოვაჩინოთ, რომ დრო აღარ გვყოფნის ოჯახური თუ თეოკრატიული პასუხისმგებლობებისთვის. სწორედ ასეთ დროს უნდა მოვახდინოთ ცვლილება, რომ ოქროს შუალედი ვიპოვოთ.
11. რა დასკვნამდე მივიდა ერთი ძმა ერთ უხუცესზე დაკვირვებით?
11 ახალგაზრდა ძმა უილიამი ერთ უხუცესთან მუშაობის დროს დარწმუნდა, რამდენად გონივრულია სამუშაოსა და სულიერ საქმეებს შორის ზღვარის გავლება. აი, რას ამბობს ის ამ უხუცესზე: „[ეს ძმა] ჩემთვის ნამდვილად სანიმუშოა. ბევრსაც შრომობს და კლიენტებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან ხარისხიანად ასრულებს თავის საქმეს. მაგრამ ამთავრებს თუ არა მუშაობას, მთელი ყურადღება ოჯახსა და იეჰოვასთან ურთიერთობაზე გადააქვს. არ დაგიმალავთ და ასეთი ბედნიერი ადამიანი არ შემხვედრია“. *
ᲒᲐᲬᲝᲜᲐᲡᲬᲝᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲐ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲖᲔ
12. საიდან ვიცით, რომ სოლომონს თავიდან გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე, მაგრამ რა მოხდა შემდეგ?
12 სანამ იეჰოვას ერთგული იყო, სოლომონს გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე. ახალგაზრდობაში მოკრძალებული იყო და ხვდებოდა, რომ ბევრი რამ არ იცოდა, ამიტომ იეჰოვას სთხოვა ხელმძღვანელობა (1 მეფ. 3:7—9). ახალგამეფებულ სოლომონს კარგად ესმოდა, რამდენად საშიში იყო სიამაყე. ის წერდა: „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობა — წაბორძიკებას“ (იგავ. 16:18). სამწუხაროდ, მოგვიანებით სოლომონმა თვითონვე არ გაითვალისწინა ეს რჩევა. ის გაამაყდა და უგულებელყო ღვთის კანონები. მაგალითად, ერთ-ერთი კანონი ებრაელ მეფეებს უკრძალავდა ბევრი ცოლის მოყვანას, რომ სწორი გზიდან არ გადაეხვიათ (კან. 17:17). სოლომონი კი ადგა და 700 ცოლი და 300 ხარჭა მოიყვანა, რომელთაგან ბევრი უცხოტომელი იყო (1 მეფ. 11:1—3). შესაძლოა ფიქრობდა, რომ ეს მასზე არ იმოქმედებდა. არ ვიცით, რატომ მოიქცა სოლომონი ასე, მაგრამ ფაქტია, ის დაშორდა იეჰოვას და საკუთარ თავზე იწვნია ურჩობის შედეგები (1 მეფ. 11:9—13).
13. რით არის ჩვენთვის იესოს თავმდაბლობა სამაგალითო?
13 იესო თავმდაბალი იყო და არ დაუკარგავს საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება. განკაცებამდე ის ზეცაში იეჰოვასთან ერთად ბევრ საოცარ საქმეს ასრულებდა. მაგალითად, „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე“ (კოლ. 1:16). როგორც ჩანს, ნათლობის დროს იესოს გაახსენდა ყველაფერი, რასაც მამის გვერდით აკეთებდა ზეცაში (მათ. 3:16; იოან. 17:5). მაგრამ ამის გამო ის არ გაამაყებულა. მას არასდროს არავისთვის გადაუმეტებია თავი. როგორც თავის მოწაფეებს აუხსნა, ის არ „მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და სიცოცხლე გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28). მან მოკრძალებულად აღიარა, რომ თავისით არაფერს აკეთებდა (იოან. 5:19). იესო ნამდვილად თავმდაბლობის უბადლო მაგალითია!
14. როგორც იესომ დაგვანახვა, როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე?
14 იესო თავის მიმდევრებს უხსნიდა, როგორი შეხედულება უნდა ჰქონოდათ საკუთარ თავზე. ერთხელ მან ასეთი რამ უთხრა მათ: „თქვენს თავზე თმაც დათვლილია“ (მათ. 10:30). ეს სიტყვები გამამხნევებელია ყველასთვის, მით უმეტეს მათთვის, ვინც უარყოფითად აფასებს საკუთარ თავს. იესომ დაგვარწმუნა, რომ ზეციერი მამისთვის ჩვენ სულერთი არ ვართ და ძალიან გვაფასებს. თუ იეჰოვამ უფლება მოგვცა, თაყვანი ვცეთ მას და ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვროთ, ჩვენ რატომ უნდა დავაყენოთ მისი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ?
15. ა) რა გონივრული რჩევა იყო მოცემული წლების წინ „საგუშაგო კოშკში“? ბ) რა შეიძლება გავუშვათ ხელიდან, თუ ზედმეტად ვიქნებით ორიენტირებული საკუთარ თავზე? (იხილეთ სურათები 24-ე გვერდზე).
15 დაახლოებით 15 წლის წინ ერთ „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რჩევა იყო მოცემული: «რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს იმდენად დიდი წარმოდგენა გვქონდეს საკუთარ თავზე, რომ სხვებს ზემოდან ვუყუროთ; არც ის გვინდა, მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ და არარაობად მივიჩნიოთ თავი. ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ საკუთარ თავზე გაწონასწორებული თვალსაზრისი განვივითაროთ — მხედველობაში მივიღოთ ჩვენი შეზღუდვები და შესაძლებლობები. ერთმა ქრისტიანმა ქალმა თქვა: „მე არც ბოროტების განსახიერება ვარ და არც ღვთისგან საჩუქარი სხვებისთვის. კარგი მხარეებიც მაქვს და ცუდიც, როგორც ნებისმიერ სხვას“». * საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულების ქონა ნამდვილად გონივრულია.
16. რატომ გვაძლევს იეჰოვა ბრძნულ რჩევებს?
16 თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა ბრძნულ რჩევებს გვაძლევს, რადგან ვუყვარვართ და ჩვენი ბედნიერება სურს (ეს. 48:17, 18). იეჰოვას საქმის პირველ ადგილზე დაყენება გონივრულია და უდიდესი სიხარულის მომტანიც. ასეთ შემთხვევაში ბევრ ისეთ პრობლემას ავირიდებთ თავიდან, რომლებსაც ფულზე და სამსახურზე გადაყოლილი და საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები ხვდებიან. მოდი ყველანაირად ვეცადოთ, რომ დავბრძენდეთ და გული გავუხაროთ იეჰოვას! (იგავ. 23:15).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 94 მადლიერნი ღვთის სიტყვისთვის
^ აბზ. 5 სოლომონი და იესო იეჰოვასგან ნაბოძებ უდიდეს სიბრძნეს ფლობდნენ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ მათ მიერ ღვთიური სიბრძნით წარმოთქმულ რჩევებზე, რომელთა მიყოლაც დაგვეხმარება, გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს ფულზე, სამუშაოსა და საკუთარ თავზე. იმასაც გავიგებთ, როგორ დაეხმარა ზოგ ქრისტიანს ამ სფეროებში ბიბლიური რჩევების გამოყენება.
^ აბზ. 11 იხილეთ 2015 წლის 1-ლი თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, „განიჭებთ სამუშაო სიამოვნებას?“.
^ აბზ. 15 იხილეთ 2005 წლის 1-ლი აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, „ბიბლია სიხარულის პოვნაში დაგეხმარებათ“.
^ აბზ. 52 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ორი ახალგაზრდა ძმა, ჯონი და ტომი, ერთ კრებაში მსახურობენ. ჯონი თან ჰყვება თავის მანქანას, ტომს კი თავისი მანქანით და-ძმები მსახურებაში და კრებაზე დაჰყავს.
^ აბზ. 54 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ჯონი უფროსს რომ ასიამოვნოს, გვიანობამდე მუშაობს. უფროსმა როცა არ უნდა სთხოვოს დამატებით მუშაობა, ჯონი ყოველთვის თანხმდება. იმავე საღამოს ტომი, რომელიც კრებაში მომსახურედ მსახურობს, ერთ უხუცესთან ერთად ერთ დას ინახულებს. მას თავისი უფროსისთვის ნათქვამი აქვს, რომ კვირაში რამდენიმე საღამო ღვთის მსახურებისთვის აქვს გამოყოფილი.
^ აბზ. 56 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ჯონი საკუთარ თავზეა შეყვარებული, ტომი კი საკუთარ ინტერესებზე წინ ღვთის საქმეს აყენებს და დარბაზის შეკეთების დროს ახალ მეგობრებს იძენს.