არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 22

კვლავაც იარეთ „სიწმინდის გზაზე“

კვლავაც იარეთ „სიწმინდის გზაზე“

«გაიკვალება იქ გზა და მას „სიწმინდის გზა“ დაერქმევა» (ᲔᲡ. 35:8).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 31 იარე ღმერთთან ერთად

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1, 2. რა არჩევანის წინაშე დადგნენ ბაბილონში მცხოვრები ებრაელები? (ეზრა 1:2—4).

 ᲐᲮᲐᲚᲘ ამბავი მთელ ბაბილონს მოედო! მეფის ბრძანებულებით, 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ ებრაელებს უკვე შეეძლოთ სამშობლოში დაბრუნება (წაიკითხეთ ეზრას 1:2—4). აშკარა იყო, რომ ამის მიღმა იეჰოვა იდგა, რადგან, როგორც წესი, ბაბილონელები ტყვეებს არ ათავისუფლებდნენ (ეს. 14:4, 17). თუმცა იმ დროისთვის ბაბილონის იმპერია დამხობილი იყო, ახალმა მმართველმა კი ებრაელებს თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნების უფლება მისცა. ასე რომ, ყველანი, განსაკუთრებით კი ოჯახის თავები, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგნენ: წასულიყვნენ თუ დარჩენილიყვნენ. ეს ადვილი გადასაწყვეტი არ იქნებოდა.

2 ზოგი ებრაელი იმდენად მოხუცებული იყო, რომ გაუჭირდებოდა ამხელა გზაზე წასვლა. უმეტესობა კი ბაბილონში იყო დაბადებულ-გაზრდილი და მათთვის ისრაელი უბრალოდ წინაპრების სამშობლო იყო. თანაც საკმაოდ შეძლებულად და კარგად ცხოვრობდნენ და საქმეც აწყობილი ჰქონდათ. ასე რომ, ამ ყველაფრის დატოვება და უცხო მიწაზე წასვლა მათთვის არ იქნებოდა ადვილი.

3. რა სიხარული ელოდათ იმ ებრაელებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებოდნენ?

3 ღვთისმოშიში ებრაელები თვლიდნენ, რომ ისრაელში დაბრუნება ნებისმიერ მსხვერპლად ღირდა, რადგან ესმოდათ, რომ იქ თავისუფლად შეძლებდნენ ღვთის თაყვანისცემას. ბაბილონში 50-ზე მეტი ტაძარი იყო, თუმცა იეჰოვასთვის მიძღვნილი — არცერთი. ისრაელებს არც სამსხვერპლო ჰქონდათ, სადაც მოსეს კანონით გათვალისწინებულ მსხვერპლს შესწირავდნენ და არც მღვდელმსახურებას ეწეოდა ორგანიზება. თანაც ამდენ კერპთაყვანისმცემელს შორის, რომლებიც არად აგდებდნენ იეჰოვასა და მის ნორმებს, ღვთის ხალხი უმცირესობაში იყო. ასე რომ, ათიათასობით ღვთისმოშიშ ებრაელს ერთი სული ექნებოდა, როდის დაბრუნდებოდა სამშობლოში და აღადგენდა წმინდა თაყვანისმცემლობას.

4. რა აღუთქვა იეჰოვამ ებრაელებს?

4 ისრაელებს წინ საკმაოდ რთული ოთხთვიანი მგზავრობა ელოდათ. თუმცა იეჰოვამ აღუთქვა მათ, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას მოაშორებდა. ესაიამ დაწერა: „მოამზადეთ იეჰოვას გზა! მოასწორეთ ჩვენი ღვთისთვის სავალი, ხრიოკზე რომ გადის . . . უსწორმასწორო მიწა გავაკდეს და ოღროჩოღრო ადგილები მოსწორდეს“ (ეს. 40:3, 4). წარმოიდგინეთ მოსწორებული გზა, რომელიც ხრიოკზე გადის. ასეთ გზაზე სიარული უსწორმასწორო მიწაზე და ოღროჩოღრო ადგილებში სიარულთან შედარებით მგზავრისთვის გაცილებით მარტივი და სასიამოვნო იქნებოდა. ის უფრო სწრაფადაც ჩავიდოდა დანიშნულების ადგილას.

5. რა სახელით მოიხსენიება ბაბილონიდან ისრაელისკენ მიმავალი გზა?

5 დღეს ზოგიერთ გზას სახელი აქვს მინიჭებული, ზოგსაც — ნომერი. ამ განსაკუთრებულ გზასაც ჰქონდა სახელი. ესაიას 35:8-ში ვკითხულობთ: «გაიკვალება იქ გზა და მას „სიწმინდის გზა“ დაერქმევა; ვერ გაივლის მასზე უწმინდური». რას ნიშნავდა ეს სიტყვები ისრაელებისთვის და ჩვენ როგორ გვეხება?

„ᲡᲘᲬᲛᲘᲜᲓᲘᲡ ᲒᲖᲐ“ ᲣᲬᲘᲜ ᲓᲐ ᲓᲦᲔᲡ

6. რატომ ეწოდა ბაბილონიდან ისრაელისკენ მიმავალ გზას „სიწმინდის გზა“?

6 იეჰოვამ ნამდვილად მშვენიერი სახელი შეურჩია ამ გზას. რატომ იყო ეს სახელი შესაფერისი? ვინც არ მოიშლიდა უზნეობას, კერპთაყვანისმცემლობას ან სხვა სერიოზული ცოდვის ჩადენას, ვერ დაადგებოდა „სიწმინდის გზას“. სამშობლოში დაბრუნებული ებრაელები ხომ ღვთისთვის „წმინდა ხალხი“ უნდა გამხდარიყვნენ (კან. 7:6). თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათ, ვინც ბაბილონი დატოვეს, გამოსწორება აღარ სჭირდებოდათ.

7. რა ცვლილებები უნდა მოეხდინა ზოგ ებრაელს?

7 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ებრაელების უმეტესობა ბაბილონში იყო დაბადებული. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ისინი იქაურ ყაიდაზე იყვნენ გადასული, რაც შემდეგ თაობებზეც აისახა. პირველი ნაკადის სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ეზრამ გაიგო, რომ ზოგიერთმა ებრაელმა წარმართ ქალზე იქორწინა (გამ. 34:15, 16; ეზრ. 9:1, 2). ეს კი არადა, ნეემიას გამგებლობის დროს გაირკვა, რომ მათმა შვილებმა საერთოდ არ იცოდნენ ებრაული (კან. 6:6, 7; ნეემ. 13:23, 24). როგორ უნდა შეეყვარებინათ მათ იეჰოვა და როგორ უნდა ეცათ მისთვის თაყვანი, თუ არ ეცოდინებოდათ ის ენა, რომელზეც ღვთის სიტყვა დაიწერა?! (ეზრ. 10:3, 44). ასე რომ, ებრაელებს დიდი ცვლილებები უნდა მოეხდინათ. თუმცა ამის გაკეთება ისრაელის მიწა-წყალზე არც ისე რთული იქნებოდა, რადგან იქ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა მიმდინარეობდა (ნეემ. 8:8, 9).

1919 წლიდან მოყოლებული მილიონობით ადამიანი — კაცი, ქალი თუ ბავშვი — გამოვიდა „დიდი ბაბილონიდან“ და „სიწმინდის გზას“ დაადგა (იხილეთ აბზაცი 8).

8. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ბიბლიაში „სიწმინდის გზის“ შესახებ ჩაწერილი? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

8 ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ საკითხით? იმიტომ, რომ ჩვენც „სიწმინდის გზას“ ვადგავართ. ცხებული ვართ თუ „სხვა ცხვარი“, აუცილებელია, კვლავაც ვიაროთ „სიწმინდის გზაზე“. ამ გზამ უკვე შეგვიყვანა სულიერ სამოთხეში და, თუ მას ბოლომდე მივყვებით, ღვთის სამეფოს კურთხევებსაც დავიმკვიდრებთ b (იოან. 10:16). 1919 წლიდან მოყოლებული მილიონობით კაცმა, ქალმა და ბავშვმა დატოვა „დიდი ბაბილონი“ ანუ ცრურელიგიური სამყარო და დაადგა ამ სიმბოლურ გზას. მათ შორის ალბათ თქვენც ხართ. მართალია, ეს გზა დაახლოებით 100 წლის წინ გაიხსნა, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები საუკუნეებით ადრე დაიწყო.

ᲛᲝᲡᲐᲛᲖᲐᲓᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲔᲑᲘ

9. როგორ შესრულდა თანამედროვე დროს ესაიას 57:14?

9 როცა ებრაელებმა ბაბილონი დატოვეს, იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ გზაში არანაირი დაბრკოლება არ შეხვედროდათ (წაიკითხეთ ესაიას 57:14). რისი თქმა შეიძლება თანამედროვე დროზე? 1919 წლამდე საუკუნეებით ადრე ღვთისმოშიშმა მამაკაცებმა ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს, რისკენაც ისინი იეჰოვამ აღძრა (შეადარეთ ესაიას 40:3). მათ გაკვალეს გზა, რომლითაც მოგვიანებით გულმართალი ადამიანები „დიდი ბაბილონიდან“ გამოვიდნენ და სულიერ სამოთხეში შევიდნენ, სადაც იეჰოვას მის მოსაწონად სცემენ თაყვანს. მოდი გავიგოთ, რა შედიოდა მოსამზადებელ სამუშაოებში.

1919 წლამდე საუკუნეებით ადრე ღვთისმოშიშმა მამაკაცებმა ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს, რაც ხალხს გაუადვილებდა „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლას (იხილეთ აბზაცები 10, 11).

10, 11. რამ შეუწყო ხელი იმას, რომ ხალხი უკეთ გასცნობოდა ბიბლიას? ახსენით (იხილეთ აგრეთვე სურათი).

10 ბიბლიის ბეჭდვა. მე-15 საუკუნის შუა ხანებამდე ბიბლიის ასლებს ხელით აკეთებდნენ. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო, რის გამოც ბიბლიის ასლები ცოტა იყო და ძალიან ძვირი ღირდა. მაგრამ საბეჭდი დაზგის გამოგონებამ ხელი შეუწყო ბიბლიის დიდი ტირაჟით გამოცემას და ფართოდ გავრცელებას.

11 ბიბლიის თარგმნა. საუკუნეების მანძილზე ბიბლია, ძირითადად, ლათინურ ენაზე იყო ხელმისაწვდომი, რომელიც მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბეჭდვითმა საქმემ უფრო ფართო სახე მიიღო, ღვთისმოშიში ადამიანები დიდი მონდომებით შეუდგნენ ხალხისთვის გასაგებ ენაზე ბიბლიის თარგმნას. ახლა მკითხველს თავისუფლად შეეძლო შეედარებინა ბიბლიაში ჩაწერილი იმასთან, რასაც სამღვდელოება ასწავლიდა.

ღვთისმოშიშმა მამაკაცებმა ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს, რაც ხალხს გაუადვილებდა „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლას (იხილეთ აბზაცები 12—14). c

12, 13. მოიყვანეთ იმის მაგალითები, თუ როგორ ამხელდნენ მე-19 საუკუნეში ბიბლიის გულმოდგინე მკვლევრები ცრურელიგიურ მოძღვრებებს?

12 ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციები. ბიბლიის გულმოდგინე მკვლევრები ბევრ რამეს იგებდნენ ღვთის სიტყვიდან და ნასწავლს სხვებსაც უზიარებდნენ, რაც სამღვდელოების უკმაყოფილებას იწვევდა. მე-19 საუკუნეში ჭეშმარიტებას მოწყურებულმა რამდენიმე მამაკაცმა გამოსცა ბუკლეტები, რომლებშიც ეკლესიების ცრუმოძღვრებებს ამხელდნენ.

13 1830-იანი წლების შუა ხანებში ჰენრი გრუმ გამოსცა ბუკლეტი, რომელშიც მკვდრების მდგომარეობის შესახებ მსჯელობდა. ის წმინდა წერილებიდან ამტკიცებდა, რომ ადამიანს დაბადებიდან უკვდავი სული არ აქვს, როგორც ამას ეკლესიათა უმეტესობა ასწავლიდა, და, რომ სინამდვილეში, უკვდავება ღვთისგან ბოძებული ძღვენია. 1837 წელს ჯორჯ სტორზს ხელში ჩაუვარდა ეს ბუკლეტი. მისი წაკითხვის შემდეგ დარწმუნდა, რომ, რაც ბუკლეტში ეწერა, სიმართლეს შეესაბამებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, სხვებისთვისაც გაეზიარებინა ის, რაც გაიგო. 1842 წელს მან წარმოთქვა ლექციები შემდეგ თემაზე: „აქვთ ბოროტებს უკვდავი სული?“. ჯორჯ სტორზის ნაშრომები, თავის მხრივ, ახალგაზრდა ჩარლზ ტეიზ რასელისთვის დიდი ბიძგი აღმოჩნდა.

14. რა მხრივ წაადგათ ჩარლზ რასელსა და მის თანამოაზრეებს წარსულში ჩატარებული „გზის მოსამზადებელი სამუშაოები“? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 როგორ წაადგათ ჩარლზ რასელსა და მის თანამოაზრეებს წარსულში ჩატარებული „გზის მოსამზადებელი სამუშაოები“? მათ უკვე ხელი მიუწვდებოდათ ლექსიკონებზე, ბიბლიურ სიტყვათა საძიებლებზე და ბიბლიის სხვადასხვა თარგმანზე, რამაც მათ საგრძნობლად გაუადვილა საქმე. მათ ჰენრი გრუს, ჯორჯ სტორზის და სხვების ნაშრომებმაც გაუწია დიდი დახმარება. სულიერი გზის მოსწორებაში თავიანთი წვლილი ძმა რასელმა და მისმა თანამოაზრეებმაც შეიტანეს და ბიბლიურ საკითხებზე უამრავი წიგნი და ბუკლეტი გამოსცეს.

15. რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა 1919 წელს?

15 1919 წელს ღვთის ხალხი „დიდი ბაბილონის“ ტყვეობიდან გათავისუფლდა. იმავე წელს იესომ დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“, რათა გულმართალ ადამიანებს ახლად გახსნილ „სიწმინდის გზაზე“ სვლაში დახმარებოდნენ (მათ. 24:45—47). „ერთგული და გონიერი მონისა“ და მათი შრომის წყალობით, ვინც გზა გაკვალეს, „სიწმინდის გზაზე“ მოსიარულეთ შეეძლოთ უფრო და უფრო მეტად ჩასწვდომოდნენ ღვთის განზრახვებს (იგავ. 4:18). ამასთანავე, მათ შეეძლოთ გარკვეული ცვლილებები მოეხდინათ, რათა ღვთის მოსაწონად ეცხოვრათ. თუმცა იეჰოვა არ მოელოდა, რომ თავისი ხალხი ერთბაშად მოახდენდა ყველა საჭირო ცვლილებას. ის თანდათან წმენდდა მათ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება (იხილეთ ჩარჩო  „იეჰოვა თანდათან წმენდს თავის ხალხს“). წარმოიდგინეთ, რა ბედნიერები ვიქნებით, როცა სრულყოფილად შევძლებთ ღვთის მოსაწონად ცხოვრებას! (კოლ. 1:10).

„ᲡᲘᲬᲛᲘᲜᲓᲘᲡ ᲒᲖᲐᲖᲔ“ ᲓᲐᲓᲒᲝᲛᲐ ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ

16. რა სამუშაოები ჩატარდა „სიწმინდის გზაზე“ 1919 წლიდან? (ესაია 48:17; 60:17).

16 პერიოდულად ყველა გზა საჭიროებს შეკეთებას. არც „სიწმინდის გზა“ ყოფილა გამონაკლისი. 1919 წელს ახლად დანიშნული „ერთგული და გონიერი მონა“ საქმეს შეუდგა, რათა ხალხს გაადვილებოდა „დიდი ბაბილონის“ დატოვება. 1921 წელს მათ უკვე გამოსცეს ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო „ღვთის ქნარი“. ეს წიგნი თითქმის 6-მილიონიანი ტირაჟით 36 ენაზე გამოიცა და ბევრს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. ახლახან კი გამოიცა შესანიშნავი სახელმძღვანელო „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ამ ქვეყნიერების აღსასრულის პერიოდში იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გამუდმებით გვაწვდის სულიერ საზრდოს, რომელიც გვეხმარება დავადგეთ „სიწმინდის გზას“ და დავრჩეთ მასზე (წაიკითხეთ ესაიას 48:17; 60:17).

17, 18. საით მივყავართ „სიწმინდის გზას“?

17 როცა ვინმე ბიბლიის შესწავლას იწყებს, „სიწმინდის გზას“ ადგება. ზოგი მალევე გადაუხვევს ხოლმე ამ გზიდან. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მიაღწიონ დანიშნულების ადგილს. და მაინც, საით მივყავართ „სიწმინდის გზას“?

18 მათ, ვისაც ზეციერი იმედი აქვს, ეს გზა „ღვთის სამოთხემდე“ მიიყვანს, რომელიც ზეცაშია (გამოცხ. 2:7). ხოლო დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეთ ეს გზა გასრულყოფილებამდე მიიყვანს, რასაც 1 000 წლის ბოლოს მიაღწევენ. ამიტომ უკან ნუ მიიხედავთ და კვლავაც განაგრძეთ ამ გზაზე სვლა, სანამ დანიშნულების ადგილამდე, ახალ ქვეყნიერებამდე, არ მიხვალთ. გზა მშვიდობისა!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 24 ავიდეთ იეჰოვას მთაზე

a ბაბილონიდან ისრაელისკენ მიმავალ გზას იეჰოვამ „სიწმინდის გზა“ უწოდა და ის, ასე ვთქვათ, მოასწორა კიდეც თავისი ხალხისთვის. მსგავსი რამ თანამედროვე დროშიც მოხდა. 1919 წლიდან მოყოლებული მილიონობით ადამიანი გამოვიდა „დიდი ბაბილონიდან“ და დაადგა „სიწმინდის გზას“. მაგრამ იეჰოვას ხალხს ჯერაც არ მიგვიღწევია დანიშნულების ადგილისთვის, ამიტომ არ უნდა გადავუხვიოთ ამ გზიდან.

b იხილეთ წიგნი „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II“, გვ. 56, 57.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა რასელი და მისი თანამოაზრეები ბიბლიის გამოსაკვლევად აქტიურად იყენებდნენ იმ ყველაფერს, რაც მათ დრომდე მომზადდა.