არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 23

ნუ ჩააქრობთ „იაჰის ალს“

ნუ ჩააქრობთ „იაჰის ალს“

„[სიყვარულის] ალი აბრიალებული ცეცხლია, იაჰის ალია“ (ᲥᲔᲑ. 8:6).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 131 ვინც ღმერთმა შეაუღლა

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. როგორ აღწერს ბიბლია ნამდვილ სიყვარულს?

 ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲡ „ალი აბრიალებული ცეცხლია, იაჰის ალია. სიყვარულს წყლის დიდი ნაკადიც კი ვერ ჩააქრობს, მას ვერც მდინარეები წალეკავენ“ b (ქებ. 8:6, 7). როგორ ხატოვნად აღწერს ბიბლია ნამდვილ სიყვარულს! ეს სიტყვები დაქორწინებულებს იმაში არწმუნებს, რომ მათმა სიყვარულმა შეიძლება მარადიულად გასტანოს.

2. რისი გაკეთება მართებს ცოლ-ქმარს, რომ მათ შორის სიყვარული არ განელდეს?

2 თავად ცოლ-ქმარზეა დამოკიდებული, რამდენად ურყევი იქნება მათი სიყვარული. ცეცხლი გამუდმებით იგიზგიზებს, თუ მას შეშას შეუკეთებენ. მსგავსადვე, ცოლ-ქმარს შორის სიყვარული ურყევი იქნება, თუ ისინი გაუფრთხილდებიან თავიანთ ურთიერთობას. თუმცა ყოფითმა საზრუნავმა, მაგალითად, ფინანსურმა თუ ჯანმრთელობის პრობლემებმა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა, შეიძლება გაახუნოს ეს გრძნობა. მაშ როგორ უნდა ააგიზგიზოთ „იაჰის ალი“? ამ სტატიაში განვიხილავთ სამ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, ბედნიერი და მტკიცე ქორწინება გქონდეთ. c

ᲒᲐნᲘᲛᲢᲙᲘᲪᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲗᲐᲜ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ

იოსებისა და მარიამის მსგავსად, ცოლ-ქმარს ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს იეჰოვასთან (იხილეთ აბზაცი 3).

3. რაში შეუწყობს ცოლ-ქმარს ხელს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა? (ეკლესიასტე 4:12; იხილეთ აგრეთვე სურათი).

3 „იაჰის ალმა“ გამუდმებით რომ იგიზგიზოს, ცოლმაც და ქმარმაც უნდა განიმტკიცონ იეჰოვასთან ურთიერთობა. რატომ ვამბობთ ამას? როცა ორივესთვის იეჰოვა ახლო მეგობარია, ისინი ცდილობენ, ყოველთვის გაითვალისწინონ მისი რჩევები. თავის მხრივ, მათ ეს ეხმარება, თავიდან აირიდონ ან გადალახონ ის პრობლემები, რომლებიც მათ შორის სიყვარულს გაანელებდა (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:12). სულიერი ადამიანები ცდილობენ, მიჰბაძონ იეჰოვას და ისეთი თვისებები გამოავლინონ, როგორებიცაა სიკეთე, მოთმინება და მიმტევებლობა (ეფეს. 4:32—5:1). ოჯახში ასეთი თვისებების გამოვლენა კარგ ნიადაგს ქმნის, რომ „სიყვარულის ალი“ უფრო და უფრო აგიზგიზდეს. ერთი და ლენა, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, დაქორწინებულია, აღნიშნავს: „როცა გვერდით სულიერად მოწიფული ადამიანი გყავს, არ გიჭირს მას სიყვარულით და პატივისცემით მოექცე“.

4. რატომ შეაჩერა იეჰოვამ არჩევანი იოსებსა და მარიამზე?

4 იმის დასანახვებლად, თუ რამდენად აუცილებელია, ცოლ-ქმარს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, განვიხილოთ ერთი ბიბლიური მაგალითი. როცა იეჰოვას მესიისთვის მშობლები უნდა შეერჩია, მან დავითის უამრავი შთამომავლიდან არჩევანი იოსებსა და მარიამზე შეაჩერა. რატომ მოიქცა ასე? ერთსაც და მეორესაც მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომ მან იცოდა, რომ მათი ქორწინების ქვაკუთხედი მისი სიყვარული იქნებოდა. რისი სწავლა შეუძლიათ დაქორწინებულებს იოსებისა და მარიამისგან?

5. რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს იოსებისგან?

5 იოსები ყოველთვის მიჰყვებოდა იეჰოვას ხელმძღვანელობას, რაც დაეხმარა, კარგი მეუღლე ყოფილიყო. ბიბლიაში სამი შემთხვევაა ჩაწერილი, როცა ღვთისგან მან კონკრეტული მითითებები მიიღო. სამივე შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ დაჰყვა იეჰოვას ნებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ადვილი (მათ. 1:20, 24; 2:13—15, 19—21). სწორედ მორჩილების წყალობით შეძლო იოსებმა, რომ სათანადოდ ეზრუნა მარიამზე და დაეცვა ის. ამის შემხედვარე მარიამს კიდევ უფრო შეუყვარდებოდა იოსები და გაუღრმავდებოდა მისადმი პატივისცემა. ქმრებო, თქვენ რისი სწავლა შეგიძლიათ იოსებისგან? ოჯახს კარგად რომ გაუძღვეთ, ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მიმართეთ. d თუ მაშინაც გაითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევებს, როცა ეს მთლად ადვილი არ არის, ცხადყოფთ, რომ გიყვართ მეუღლე და მასთან ურთიერთობასაც განიმტკიცებთ. ვანუატუში მცხოვრები ერთი და, რომელიც 20 წელზე მეტია, დაქორწინებულია, ამბობს: „როცა ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე იეჰოვას რჩევებით ხელმძღვანელობს, ეს მის მიმართ მეტი პატივისცემით განმაწყობს. მის გადაწყვეტილებებში ეჭვი არ მეპარება და თავს დაცულად ვგრძნობ“.

6. რისი სწავლა შეუძლიათ ცოლებს მარიამისგან?

6 მარიამს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან და საკუთარ რწმენაზე თავად ზრუნავდა. ის კარგად იყო ჩახედული წმინდა წერილებში (ლუკ. 1:46). e ამასთანავე, ის დროს გამოყოფდა ფიქრისთვის (ლუკ. 2:19, 51). ეჭვგარეშეა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა დაეხმარებოდა, კარგი ცოლი ყოფილიყო. დღესაც ბევრი დაქორწინებული და ცდილობს, მარიამის კვალს მიჰყვეს. ერთი და აღნიშნავს: „დაქორწინებამდე კარგი სულიერი განრიგი მქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ყველაფერი ჩემმა ქმარმა ითავა, მივხვდი, რომ იეჰოვასთან უწინდელივით ახლოს აღარ ვიყავი და უნდა განმემტკიცებინა მასთან პირადი ურთიერთობა. ამიტომ ახლა უკვე პირადადაც გამოვუყოფ დროს ლოცვას, ბიბლიის კითხვას და ფიქრს“ (გალ. 6:5). ცოლებო, თუ ყველანაირად ეცდებით, უფრო დაუახლოვდეთ იეჰოვას, თქვენი მეუღლეებისგან ქებას დაიმსახურებთ და თავსაც მეტად შეაყვარებთ (იგავ. 31:30).

7. რისი სწავლა შეუძლიათ დაქორწინებულებს იოსებისა და მარიამისგან?

7 იოსებსა და მარიამს ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ერთადაც ეცათ იეჰოვასთვის თაყვანი და განემტკიცებინათ მასთან ურთიერთობა (ლუკ. 2:22—24, 41; 4:16). თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იქნებოდა, რადგან საკმაოდ დიდი ოჯახი ჰყავდათ. და მაინც, ისინი ახერხებდნენ ამას. დაქორწინებულებს მათ მაგალითზე მართლაც ბევრის სწავლა შეუძლიათ. თუ თქვენც გყავთ შვილები, შეიძლება ადვილი არ იყოს, დაესწროთ კრების შეხვედრებს და რეგულარულად ჩაატაროთ ოჯახური შესწავლა. განსაკუთრებით რთული კი წყვილისთვის შეიძლება ის აღმოჩნდეს, რომ ერთად გამოიკვლიონ ბიბლია და ილოცონ. მაგრამ თქვენი ძალისხმევა დაჯილდოვდება, რადგან იეჰოვასაც მეტად დაუახლოვდებით და ერთმანეთსაც. ასე რომ, სათანადო ადგილი დაუთმეთ იეჰოვას თაყვანისცემას.

8. რისი გაკეთება შეუძლია ცოლ-ქმარს, თუ ურთიერთობა დაძაბული აქვთ?

8 რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის ურთიერთობა დაძაბულია? ასეთ დროს ოჯახური თაყვანისცემის ჩატარება შეიძლება სულაც არ გეხალისებოდეთ. ამიტომ ეცადეთ, თავიდან განხილვას ცოტ-ცოტა დრო დაუთმოთ, თანაც ისეთ საკითხებზე იმსჯელოთ, რომლებიც ორივეს გაინტერესებთ. ასე ერთმანეთსაც დაუახლოვდებით და იეჰოვას ერთად თაყვანისცემის სურვილიც გაგიძლიერდებათ.

ᲒᲐᲐᲢᲐᲠᲔᲗ ᲓᲠᲝ ᲔᲠᲗᲐᲓ

9. რატომ უნდა გაატაროს ცოლ-ქმარმა დრო ერთად?

9 თქვენი „სიყვარულის ალი“ ყოველთვის რომ გიზგიზებდეს, ერთად უნდა გაატაროთ დრო. ამ შემთხვევაში ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ ერთმანეთისგან გაუცხოვდებით (დაბ. 2:24). საინტერესოა, რა დასკვნამდე მივიდა დაქორწინებიდან მალევე ერთი წყვილი, ლილია და რუსლანი. ლილია ამბობს: „გვეგონა, დაქორწინების შემდეგ ერთად უფრო მეტ დროს გავატარებდით. თუმცა სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. სამუშაო, სახლის საქმეები, მოგვიანებით კი ბავშვები — ეს ყველაფერი დიდ დროს გვართმევდა. მივხვდით, რომ თუ ერთმანეთისთვის დროს არ გამოვყოფდით, ურთიერთობა გაგვიცივდებოდა“.

10. როგორ შეუძლიათ დაქორწინებულებს ეფესოელების 5:15, 16-ში ჩაწერილი პრინციპის გამოყენება?

10 კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია ცოლ-ქმარს, რომ ერთად დროის გატარება შეძლონ? ზოგ შემთხვევაში შეიძლება გეგმის შედგენაც გახდეს საჭირო (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16). აი რას ამბობს ნიგერიელი ძმა, უზონდუ: „როცა ჩემს საქმეებს ვგეგმავ, მეუღლესთან ურთიერთობისთვისაც გამოვყოფ დროს და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს დრო სხვა საქმეებმა არ შეიწიროს“ (ფილ. 1:10). ერთი და ანასტასია, რომელიც მოლდოვეთში მიმოსვლით მსახურებაშია, გონივრულად იყენებს დროს. ის აღნიშნავს: „ვცდილობ, ჩემი საქმეები მანამ მოვითავო, სანამ ჩემი მეუღლეც დაკავებულია. ასე უფრო მეტი დრო გვრჩება ერთმანეთისთვის“. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, თუ იმდენად დაკავებულები ხართ, რომ გიჭირთ ერთმანეთისთვის დროის დათმობა?

რისი გაკეთება შეგიძლიათ ერთად? (იხილეთ აბზაცები 11, 12).

11. რა საქმეებს აკეთებდნენ აკვილა და პრისკილა ერთად?

11 დაქორწინებულებს კარგ მაგალითს პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთი წყვილიც აძლევს, რომელთაც და-ძმები დიდ პატივს სცემდნენ (რომ. 16:3, 4). ბიბლიაში აკვილასა და პრისკილას ოჯახური ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი წერია, თუმცა რაღაც-რაღაცებს მაინც ვიგებთ. მაგალითად, ისინი ერთად მუშაობდნენ, ერთად ქადაგებდნენ და სხვებსაც ერთად ეხმარებოდნენ (საქ. 18:2, 3, 24—26). ისიც აღსანიშნავია, რომ ბიბლია მათ ცალ-ცალკე არასდროს მოიხსენიებს.

12. რისი გაკეთება შეუძლია ცოლ-ქმარს, რომ მეტი დრო დაუთმონ ერთმანეთს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 როგორ შეუძლიათ დაქორწინებულებს, მიჰბაძონ აკვილასა და პრისკილას? დაფიქრდით, ხომ არ შეგიძლიათ ზოგიერთი საქმე, რომელსაც ცალ-ცალკე აკეთებთ ხოლმე, ერთად გააკეთოთ? აკვილა და პრისკილა ერთად ქადაგებდნენ. თქვენც რეგულარულად დაგეგმეთ ერთად ქადაგება. ისინი ერთადაც მუშაობდნენ. შესაძლოა თქვენ ეს არ გამოგივიდეთ, მაგრამ სახლის საქმეები ხომ არ შეგიძლიათ ერთად გააკეთოთ? (ეკლ. 4:9). საქმის ერთად კეთება საუბრის შესაძლებლობასაც მოგცემთ და უფრო მეტადაც იგრძნობთ, რომ ერთი გუნდი ხართ. აი რას ამბობს ერთი ძმა რობერტი, რომელიც 50 წელზე მეტია, დაქორწინებულია: „გულწრფელად რომ გითხრათ, ერთად დასვენებისთვის ბევრი დრო არ გვრჩება. თუმცა ვცდილობთ, სხვადასხვა საქმე ერთად ვაკეთოთ ხოლმე. მაგალითად, როცა ჭურჭელს ვრეცხავ, ჩემი მეუღლე ამშრალებს, როცა ბაღში ვფუსფუსებ, ისიც შემომიერთდება ხოლმე. ეს ძალიან მაბედნიერებს. სხვადასხვა რამის ერთად კეთება გვაახლოებს და ერთმანეთს უფრო მეტად გვაყვარებს“.

13. დააახლოებს ცოლ-ქმარს უბრალოდ ერთად ყოფნა? ახსენით.

13 ფაქტია, უბრალოდ ერთად ყოფნა ერთმანეთთან ვერ დაგაახლოებთ. ბრაზილიაში მცხოვრები ერთი დაქორწინებული და აღნიშნავს: „ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ შეიძლება ბევრმა რამემ მოგვაცდინოს. ადვილია, თავი მოვიტყუოთ და ვიფიქროთ, რომ რახან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, ესე იგი, დროსაც ერთად ვატარებთ. მივხვდი, რომ მხოლოდ ერთად ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს. აუცილებელია, მეუღლეს სათანადო ყურადღება დავუთმო“. სწორედ ასე იქცევა ერთი ცოლ-ქმარი, ბრუნო და ტაისი. ბრუნო ამბობს: „როცა ერთად ვისვენებთ, ტელეფონებს გვერდზე ვდებთ და მთელ ყურადღებას ერთმანეთს ვუთმობთ“.

14. რისი გაკეთება შეუძლია ცოლ-ქმარს, თუ ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ სიამოვნებს?

14 ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ცოლ-ქმარს ერთად დროის გატარება არ სიამოვნებს. შეიძლება მათ სხვადასხვა საქმის კეთება მოსწონთ ან, თუ ერთად არიან, მათი საუბარი კამათით მთავრდება. არსებობს გამოსავალი? როცა კოცონის დანთება გვინდა, ჯერ პატარა ცეცხლს ვანთებთ, შემდეგ კი ნელ-ნელა შეშის დიდ ნაჭრებს შევუკეთებთ ხოლმე, რომ ცეცხლი უფრო აბრიალდეს. თქვენც შეგიძლიათ მსგავსად მოიქცეთ, „იაჰის ალი“ ისევ რომ ააბრიალოთ. მაგალითად, თავიდან დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა დრო გაატარეთ ერთად და ისეთი რამ გააკეთეთ, რაც ორივეს მოგწონთ და არა ისეთი, რაც უთანხმოების მიზეზი გახდება (იაკ. 3:18).

ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲘᲗ ᲛᲝᲔᲥᲔᲪᲘᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲡ

15. რატომაა პატივისცემა მნიშვნელოვანი?

15 პატივისცემა ოჯახში უაღრესად მნიშვნელოვანია. ის რაღაცით ჟანგბადს ჰგავს, რომლის გარეშეც ცეცხლი ვერ აბრიალდება და მალევე ჩაქრება. მსგავსად, პატივისცემის გარეშე დაქორწინებულებს სიყვარული გაუნელდებათ. მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან, პატივისცემით მოექცნენ ერთმანეთს, მათი „სიყვარულის ალიც“ მუდამ იგიზგიზებს. აი რას ამბობს ერთი და პენი, რომელიც 25 წელზე მეტია, დაქორწინებულია: „ჩვენს ოჯახში სიყვარული სუფევს, რადგან ერთმანეთს პატივს ვცემთ. ასეთ გარემოში არ გვიჭირს, თავისუფლად გამოვხატოთ აზრები“. ერთიც გასათვალისწინებელია: შეიძლება გვეგონოს, რომ პატივისცემით ვექცევით მეუღლეს, მაგრამ საკითხავი ისაა, თავად თუ გრძნობს თავს დაფასებულად?! როგორ შეგიძლიათ მეუღლეს თავი დაფასებულად აგრძნობინოთ? ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია აბრაამისა და სარასგან.

ქმარმა ყურადღებით უნდა მოუსმინოს მეუღლეს, რითაც აჩვენებს, რომ პატივს სცემს მას (იხილეთ აბზაცი 16).

16. რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს აბრაამისგან? (1 პეტრე 3:7; იხილეთ აგრეთვე სურათი).

16 აბრაამი პატივისცემით ექცეოდა სარას. ის ითვალისწინებდა მის აზრებსა და გრძნობებს. ერთხელ სარა იმდენად შეწუხებული იყო ოჯახში მომხდარი პრობლემის გამო, რომ ჯავრი აბრაამზე იყარა. გამოვიდა ამ დროს აბრაამი წყობილებიდან და უხეშად უპასუხა სარას? არა. მან მოთმინებით მოუსმინა და შეეცადა, გამოსავალი მოეძებნა. აბრაამს ამის გაკეთება არ გაუჭირდებოდა, რადგან სარა მორჩილი მეუღლე იყო და ყოველთვის მხარს უჭერდა მას (დაბ. 16:5, 6). რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს აბრაამისგან? ქმრებო, მართალია, ოჯახში გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობა თქვენ გაკისრიათ, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაითვალისწინეთ მეუღლის აზრი, მით უმეტეს, თუ ეს გადაწყვეტილება მასაც ეხება. სწორედ ასე იქცევა მოსიყვარულე ქმარი (1 კორ. 11:3; 13:4, 5). ზოგჯერ თქვენი მეუღლე შეიძლება სტრესს განიცდიდეს და თქვენთან დაცლა სჭირდებოდეს. თუ მას ამ დროს ყურადღებით მოუსმენთ, პატივისცემას გამოავლენთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:7). ანჟელა და დიმიტრი, თითქმის 30 წლის დაქორწინებული არიან. ანჟელა გვიყვება, როგორ გრძნობს დიმიტრის მხრიდან პატივისცემას: „ის ყოველთვის მზადაა, მომისმინოს, როცა რაღაც მაწუხებს ან უბრალოდ საუბარი მინდა. დიმიტრი მაშინაც კი არ კარგავს მოთმინებას, როცა მიჭირს ემოციების მოთოკვა“.

17. რისი სწავლა შეუძლიათ ცოლებს სარასგან? (1 პეტრე 3:5, 6).

17 სარა მხარს უჭერდა აბრაამის გადაწყვეტილებებს და პატივს სცემდა მას (დაბ. 12:5). ერთხელ მოულოდნელად მათ სტუმრები მიუვიდნენ და აბრაამმა გადაწყვიტა, გულუხვად გამასპინძლებოდა. ამიტომ სარას სთხოვა, რომ სასწრაფოდ გამოეცხო პურები, თანაც დიდი რაოდენობით (დაბ. 18:6). სარაც მაშინვე შეუდგა საქმეს. ცოლებო, მიჰბაძეთ სარას და ყოველთვის მხარი დაუჭირეთ თქვენს მეუღლეებს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ. ამგვარად ურთიერთობას კიდევ უფრო განიმტკიცებთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:5, 6). წინა აბზაცში მოხსენიებული დიმიტრი გვიყვება, როგორ გრძნობს ცოლის პატივისცემას: „ძალიან ვაფასებ, რომ ანჟელა მაშინაც კი მხარს მიჭერს, როცა ჩვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს. ის არასდროს მაკრიტიკებს, არადა ზოგჯერ მთლად სახარბიელო გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ“. ფაქტია, ძალიან მარტივია, გიყვარდეს ის, ვინც პატივს გცემს.

18. რატომ უნდა შეეცადოს ცოლ-ქმარი სიყვარულის გაძლიერებას?

18 დღეს სატანა ყველანაირად ცდილობს, ქრისტიან ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ სიყვარული გაუნელოს. მან იცის, რომ თუ მათი სიყვარული განელდება, დიდია იმის ალბათობა, რომ იეჰოვასაც ჩამოშორდებიან. თუმცა ის ნამდვილ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს. დაე თქვენი სიყვარულიც ისეთივე ძლიერი იყოს, როგორსაც ქებათა ქება აღწერს! ყველაფერი გააკეთეთ იეჰოვასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად, დრო დაუთმეთ ერთმანეთს, პატივისცემა გამოავლინეთ და გაითვალისწინეთ ერთიმეორის გრძნობები და საჭიროებები. ამ შემთხვევაში თქვენი ქორწინება განადიდებს ნამდვილი სიყვარულის წყაროს, იეჰოვას, თქვენი სიყვარული კი მარადიულად იგიზგიზებს.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 132 ახლა ჩვენ ერთნი ვართ

a იეჰოვამ ადამიანებს შესანიშნავი ძღვენი უბოძა — ქორწინება, რაც ქალსა და მამაკაცს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოხატონ. თუმცა ეს გრძნობა შესაძლოა განელდეს. თუ დაქორწინებული ხართ, ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, თქვენმა „სიყვარულის ალმა“ მუდამ იგიზგიზოს და ბედნიერი ცოლქმრობა გქონდეთ.

b ნამდვილ სიყვარულს, რომელიც ურყევი და მარადიულია, „იაჰის ალი“ ეწოდება, რადგან მისი წყარო იეჰოვაა.

c ამ სტატიაში მოცემული რჩევები მათაც დაეხმარება, ვისი მეუღლეც არ ემსახურება იეჰოვას (1 კორ. 7:12—14; 1 პეტ. 3:1, 2).

d მაგალითად, პრაქტიკული რჩევები შეგიძლიათ მოიძიოთ სტატიათა სერიაში „რჩევები ოჯახებს“, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე jw.org და JW ბიბლიოთეკაში.