არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, მზად ხართ მოსანათლად?

ახალგაზრდებო, მზად ხართ მოსანათლად?

„რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკ. 14:28).

სიმღერები: 120, 64

ეს და მომდევნო სტატიები განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც მონათვლა სურთ.

1, 2. ა) რა ახარებს დღეს ღვთის ხალხს? ბ) როგორ უნდა დაანახვონ ქრისტიანმა მშობლებმა და უხუცესებმა ახალგაზრდებს ნათლობის მნიშვნელობა?

«პატარაობიდან გიცნობ, — უთხრა ერთმა უხუცესმა 12 წლის კრისტოფერს. — მიხარია, რომ მონათვლის სურვილი გამოთქვი. ერთ რამეს გკითხავ: „რატომ გინდა მონათვლა?“». უხუცესმა მას მართებული კითხვა დაუსვა. რასაკვირველია, ყველას უზომოდ გვიხარია, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა რომ ინათლება (ეკლ. 12:1). თუმცა, როცა ახალგაზრდები მონათვლის სურვილს გამოთქვამენ, ქრისტიანი მშობლები და კრების უხუცესები უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი მონათვლის გადაწყვეტილებას საკუთარი სურვილით იღებენ, და თანაც გააზრებულად.

2 ღვთის სიტყვიდან ჩანს, რომ მიძღვნისა და ნათლობის შემდეგ ქრისტიანები იეჰოვასგან კურთხევებს იღებენ, ხოლო სატანისგან წინააღმდეგობას ხვდებიან (იგავ. 10:22; 1 პეტ. 5:8). ამიტომ ქრისტიანი მშობლები დროს უთმობენ თავიანთ შვილებს და ასწავლიან, თუ რას გულისხმობს ქრისტეს მოწაფეობა. იმ ახალგაზრდებს კი, ვისაც ქრისტიანი მშობლები არ ჰყავთ, კრების უხუცესები ასწავლიან, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მოწაფედ ყოფნა (წაიკითხეთ ლუკას 14:27—30). მაგალითად, მშენებლობა რომ წარმატებით დასრულდეს, კარგი დაგეგმვაა საჭირო. მსგავსად ამისა, იეჰოვას რომ ბოლომდე ერთგულად ემსახურო, წინასწარ მომზადებაა საჭირო (მათ. 24:13). მაგრამ რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება იეჰოვას ემსახურონ? ამაზე ქვემოთ ვიმსჯელებთ.

3. ა) როგორ გვანახვებს ნათლობის მნიშვნელობას იესოსა და პეტრეს სიტყვები? (მათ. 28:19, 20; 1 პეტ. 3:21) ბ) რომელი კითხვების ირგვლივ ვიმსჯელებთ და რატომ?

3 ახალგაზრდებო, ვისაც მონათვლა გსურთ, ქებას იმსახურებთ. მართლაც, მონათვლა უდიდესი პატივია. ნათლობის შემდეგ იეჰოვას მოწმეები ხდებით. ამასთანავე, ქრისტეს მოწაფეებისთვის მონათვლა სავალდებულო ნაბიჯია და აუცილებელია ხსნისთვის (მათ. 28:19, 20; 1 პეტ. 3:21). თუმცა ნათლობისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინასწარ მომზადებაა საჭირო; წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ იმ პირობის შესრულება, რომელსაც იეჰოვას მისცემთ. იმის განსაზღვრაში, მზად ხართ თუ არა მონათვლისთვის, ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ: 1) ვარ იმდენად მოწიფული, რომ მოვინათლო? 2) მონათვლა ჩემი სურვილია? 3) მესმის ღვთისადმი თავის მიძღვნის მნიშვნელობა? მოდი, ამ კითხვების ირგვლივ ქვემოთ ვიმსჯელოთ.

რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საკმარისად მოწიფული ხარ

4, 5. ა) რატომ არ უნდა მოინათლონ მხოლოდ ისინი, ვინც სრულწლოვანებას მიაღწია? ბ) რას ნიშნავს მოწიფულობა?

4 ბიბლია არ გვეუბნება, რომ მხოლოდ ისინი უნდა მოინათლონ, ვინც სრულწლოვანებას მიაღწია. იგავების 20:11-ში ვკითხულობთ: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“. აქედან გამომდინარე, მოზარდსაც შეუძლია, განსაზღვროს, რა არის სწორი და თავი მიუძღვნას შემოქმედს. ამიტომ მნიშვნელოვანია და, იმავდროულად, მართებულიც, რომ ვინც გარკვეულ მოწიფულობას მიაღწია და თავი მიუძღვნა იეჰოვას, მოინათლოს (იგავ. 20:7).

5 მოწიფულობა მხოლოდ სრულწლოვანებას არ ნიშნავს. ბიბლია მოწიფულ ადამიანს უწოდებს მას, ვისაც გაწაფული აქვს აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად (ებრ. 5:14). მაშასადამე, მოწიფულმა იცის, რა არის სწორი იეჰოვას თვალში და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმის კეთება, რაც სწორია. ამიტომ მას ცუდს ადვილად ვერ გააკეთებინებ; ასეთ ადამიანს სწორის საკეთებლად არც მუდმივად სხვისი კარნახი სჭირდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ მოზარდი, რომელიც ინათლება, ღვთის ნორმებს იმ შემთხვევაშიც კი დაიცავს, როცა მის გვერდით არც მშობლები და არც უფროსები არ იქნებიან (შეადარეთ ფილიპელების 2:12).

6, 7. ა) რა პრობლემების წინაშე დადგა დანიელი ბაბილონში? ბ) რით დაამტკიცა დანიელმა, რომ მოწიფული იყო?

6 მართლა შესაძლებელია, რომ მოზარდები მოწიფულები იყვნენ? გავიხსენოთ ბიბლიური პერსონაჟის, დანიელის მაგალითი. დანიელი, სავარაუდოდ, მოზარდი იყო, როცა მშობლებს მოსწყვიტეს და ბაბილონში წაიყვანეს. იგი ისეთ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც სწორისა და არასწორის შესახებ სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. დანიელი სხვა პრობლემის წინაშეც დადგა; მას, როგორც ახალგაზრდას, რომელიც მეფის წინაშე უნდა წარედგინათ, განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ (დან. 1:3—5, 13). დანიელს ბაბილონში ისეთი მომავალი ელოდა, როგორიც ისრაელში შეიძლება არასოდეს ჰქონოდა.

7 ხომ არ მოხიბლავდა მას ბაბილონის სამეფო კარის ფუფუნება? ან ხომ არ შეცვლიდა მას ახალი გარემო? ანდა რწმენას ხომ არ შეუსუსტებდა? არამც და არამც. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ბაბილონში მყოფმა დანიელმა „გულში გადაწყვიტა, თავი არ გაეუწმინდურებინა“ იმით, რაც ცრუთაყვანისმცემლობასთან იყო დაკავშირებული (დან. 1:8). მან ამგვარად შესაშური მოწიფულობა გამოიჩინა.

მოწიფული ახალგაზრდა ისე როდი იქცევა, რომ სამეფო დარბაზში ღვთის მეგობარი იყოს, ხოლო სკოლაში — ქვეყნიერების (იხილეთ მე-8 აბზაცი)

8. რის სწავლა შეგიძლია დანიელისგან?

8 რის სწავლა შეგიძლია დანიელისგან? როგორც მისი შემთხვევიდან გამოჩნდა, მოწიფულ ახალგაზრდას შეუძლია მყარი პოზიცია დაიკავოს. ის არ ჰგავს ქამელეონს, რომელიც გარემო პირობების მიხედვით იცვლის ფერს. იგი ისე როდი იქცევა, რომ სამეფო დარბაზში ღვთის მეგობარი იყოს, ხოლო სკოლაში — ქვეყნიერების. როდესაც ის რწმენის გამოცდებს ხვდება, კი არ მერყეობს, სიმტკიცეს ინარჩუნებს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:14, 15).

9, 10. ა) რა მხრივ შეიძლება დაეხმაროს ახალგაზრდას იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეხვდა ბოლო დროს რწმენის გამოცდებს? ბ) რას ნიშნავს ნათლობა?

9 რასაკვირველია, სრულყოფილი არავინაა. შეცდომებს ყველა უშვებს — დიდიც და პატარაც (ეკლ. 7:20). მთავარია, მონათვლამდე კარგად გააანალიზო, რამდენად მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი იეჰოვას პრინციპებით ცხოვრება. როგორ უნდა განსაზღვრო ეს? ჰკითხე საკუთარ თავს: რას აჩვენებს ჩემი ქრისტიანული ცხოვრება, ვიცავ ღვთის მოთხოვნებს? დაფიქრდი, როგორ მოიქეცი ბოლო დროს, როცა რწმენის გამოცდებს შეხვდი. აჩვენა შენმა საქციელმა, რომ გამჭრიახი ხარ და შეგიძლია სწორის არასწორისგან გარჩევა? მაგრამ როგორ მოიქცევი იმ შემთხვევაში, თუ სატანის ქვეყნიერებაში იმისკენ გიბიძგებენ, რომ შენი ნიჭი კარიერის შესაქმნელად გამოიყენო? შეგიძლია მაშინაც კი მიჰყვე იეჰოვას ნებას, როცა იმის ცდუნება გაქვს, რაც მის ნებას ეწინააღმდეგება? (ეფეს. 5:17).

10 ამ კითხვებზე ფიქრი დაგანახვებს, თუ რა პასუხისმგებლობა სდევს ნათლობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნათლობით საჯაროდ ადასტურებ იეჰოვასთვის მიცემულ პირობას, რომ მთელი გულით გეყვარება იგი და მარადიულად ემსახურები მას (მარ. 12:30). ვინც ინათლება, ამ პირობის შესრულება მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 5:4, 5).

მონათვლა შენი სურვილია?

11, 12. ა) რაში უნდა დარწმუნდეს ის, ვისაც მონათვლა სურს? ბ) რა დაგეხმარება, სწორი წარმოდგენა გქონდეს ნათლობაზე?

11 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას ხალხი, მათ შორის ახალგაზრდები, „მზადყოფნით გამოვა“, რათა მას ემსახუროს (ფსალმ. 110:3). ამიტომ, თუ მონათვლა გსურს, უნდა დარწმუნდე, რომ ეს უშუალოდ შენი სურვილია. ამისათვის კი თვითშემოწმება გჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქრისტიანულ ოჯახში იზრდები.

12 წლების განმავლობაში შენ თვალწინ ალბათ არაერთი ადამიანი მონათლულა, მათ შორის შენი თანატოლები, შესაძლოა დედმამიშვილებიც კი. აქედან გამომდინარე, შეიძლება იფიქრო, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ყველა ახალგაზრდა უნდა მოინათლოს. რა დაგეხმარება, რომ სწორი წარმოდგენა გქონდეს ნათლობაზე, იეჰოვას ამ ღონისძიებაზე? ხშირად იფიქრე იმაზე, თუ რატომ არის ნათლობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ამის ზოგიერთი მიზეზი ამ და მომდევნო სტატიებშია მოყვანილი.

13. როგორ უნდა გაიგო, მონათვლა უშუალოდ შენი სურვილია თუ არა?

13 როგორ უნდა გაიგო, მონათვლა უშუალოდ შენი სურვილია თუ არა? ეს შენი ლოცვებიდან გამოჩნდება. ის, თუ რამდენად ხშირად და კონკრეტულად ლოცულობ, ცხადყოფს, რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს იეჰოვასთან (ფსალმ. 25:4). ღმერთი ლოცვებზე თავისი სიტყვის მეშვეობით გვპასუხობს. ამიტომ თუ ბიბლიას გულმოდგინედ იკვლევ, აქედანაც ჩანს, ნამდვილად გსურს თუ არა იეჰოვასთან დაახლოება და მისადმი მთელი გულით მსახურება (იეს. 1:8). ჰკითხე საკუთარ თავს: ვლოცულობ თუ არა კონკრეტულ საკითხებზე? მაქვს თუ არა რეგულარული პირადი შესწავლა? თუ თქვენს ოჯახში თაყვანისცემის საღამო ტარდება, დაუსვი საკუთარ თავს ასეთი შეკითხვა: სიამოვნებით ვმონაწილეობ ამ ღონისძიებაში? შენი პასუხებიდან დაინახავ, არის თუ არა მონათვლა უშუალოდ შენი სურვილი.

ღვთისადმი თავის მიძღვნის მნიშვნელობა

14. რა სხვაობაა მიძღვნასა და ნათლობას შორის?

14 ზოგი ახალგაზრდა მიძღვნასა და ნათლობას შორის სხვაობას ვერ ხედავს. ისინი ამბობენ, რომ მონათვლისთვის ჯერ მზად არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე მიუძღვნეს თავი იეჰოვას. რამდენად ლოგიკურია ეს? როცა ადამიანი ღმერთს თავს უძღვნის, ეუბნება, რომ მარადიულად მისი მსახური იქნება, ხოლო, როცა ინათლება, სხვები ხედავენ, რომ მან ღმერთს უკვე მიუძღვნა თავი. ამგვარად, ნათლობა ლოცვაში იეჰოვასთვის თავის მიძღვნის საჯარო დადასტურებაა. მონათვლამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდე, რომ მიძღვნის მნიშვნელობა სწორად გესმის.

15. რას ნიშნავს მიძღვნა?

15 როდესაც თავს უძღვნი იეჰოვას, საკუთარი თავი შენ აღარ გეკუთვნის. მიძღვნით მას აღუთქვამ, რომ ცხოვრებაში ყველაფერზე წინ მის ნებას დააყენებ (წაიკითხეთ მათეს 16:24). ნებისმიერ პირობას სერიოზულად უნდა მოეკიდო, მით უმეტეს იეჰოვასთვის მიცემულ პირობას! (მათ. 5:33). მაგრამ რით უნდა აჩვენო, რომ საკუთარი თავი უარყავი და ახლა იეჰოვას ეკუთვნი? (რომ. 14:8).

16, 17. ა) რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) ფაქტობრივად, რას ეუბნება ღმერთს ის, ვინც მას თავს უძღვნის?

16 დავუშვათ, მეგობარი მანქანას გჩუქნის. გაძლევს კუთვნილების დამადასტურებელ მოწმობას და გეუბნება: „მანქანა შენია, ოღონდ გასაღები მე მექნება; მანქანის მძღოლიც მე ვიქნები“. მოგეწონებოდა ასეთი „საჩუქარი“? რას იფიქრებდი შენს მეგობარზე?

17 მოდი, ახლა დაფიქრდი, რას მოელის იეჰოვა იმ ადამიანისგან, ვინც თავს უძღვნის მას და ეუბნება: „ჩემი სიცოცხლე შენია, შენ გეკუთვნის“. დავუშვათ, მერე ეს ადამიანი ორმაგი სტანდარტებით იწყებს ცხოვრებას, მაგალითად, ურთიერთობას საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე; ან თანხმდება ისეთ სამსახურს, რომელიც ხელს უშლის მთელი გულით მსახურებასა თუ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაში. განა ეს იგივე არ იქნება, რომ მანქანის გასაღები მან თავისთვის დაიტოვოს? ის, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას, მას, ფაქტობრივად, ეუბნება: „ჩემი სიცოცხლე, პირველ რიგში, შენ გეკუთვნის. თუ ოდესმე ჩვენი სურვილები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ყოველთვის იმას გავაკეთებ, რაც შენ გსურს“. ასე ფიქრობდა იესოც, რომელმაც თქვა: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოან. 6:38).

18, 19. ა) როგორ აჩვენებს როუზისა და კრისტოფერის სიტყვები, რომ მონათვლა უდიდესი პატივია და ამ ნაბიჯს კურთხევები მოჰყვება? ბ) შენ როგორ უყურებ მონათვლას?

18 ნათლობა სერიოზული ნაბიჯია, რასაც ზერელედ არც შენ და არც სხვები არ უნდა მოეკიდონ. მეორე მხრივ, მიძღვნა და მონათვლა უდიდესი პატივია. ახალგაზრდები, რომელთაც უყვართ იეჰოვა და ესმით მიძღვნის მნიშვნელობა, არც თავს იკავებენ მონათვლისგან და არც ნანობენ მიღებულ გადაწყვეტილებას. ერთი მოზარდი, სახელად როუზი, რომელიც მონათლულია, ამბობს: „მიყვარს იეჰოვა. არაფერი მანიჭებს ისეთ ბედნიერებას, როგორსაც მისადმი მსახურება. ცხოვრებაში ჩემი ყველაზე გააზრებული გადაწყვეტილება მონათვლა იყო“.

19 სტატიის დასაწყისში მოხსენიებული 12 წლის კრისტოფერიც მოინათლა. მისი გადაწყვეტილებაც გააზრებული იყო. იგი ძალიან ბედნიერია იმით, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. 17 წლის ასაკში კრისტოფერმა პიონერად დაიწყო მსახურება, ხოლო 18 წლის ასაკში მომსახურედ დაინიშნა. დღეს კი იგი ბეთელში მსახურობს. კრისტოფერი ამბობს: „სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ მოვინათლე. მიხარია, რომ იეჰოვას ვემსახურები; ის საქმე, რასაც მის ორგანიზაციაში ვაკეთებ, კმაყოფილებას მანიჭებს“. თუ მონათვლა გინდა, როგორ უნდა მოემზადო ამისთვის? ამ კითხვას პასუხი მომდევნო სტატიაში გაეცემა.