არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიიტანთ გულთან ახლოს იმას, რაც წინათ დაიწერა?

მიიტანთ გულთან ახლოს იმას, რაც წინათ დაიწერა?

„რაც მათ დაემართათ . . . ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (1 კორ. 10:11).

სიმღერები: 11, 61

1, 2. რატომ განვიხილავთ იუდას ოთხი მეფის მაგალითს?

თუ დაინახავ, რომ გზაზე ვიღაცას ფეხი დაუცდა და დაეცა, განა არ გამოიჩენ სიფრთხილეს იმავე გზაზე გავლისას?! სხვების შეცდომების გაანალიზება შეიძლება დაგვეხმაროს, იგივე შეცდომები არ დავუშვათ. იმავეს თქმა შეიძლება სულიერ საკითხებთან დაკავშირებითაც. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ სხვების შეცდომებიდან, მათ შორის იმ ცუდი მაგალითებიდან, რომლებიც ბიბლიაში ჩაიწერა.

2 იუდას ოთხი მეფე, რომლებზეც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, მთელი გულით ემსახურებოდა იეჰოვას. მიუხედავად ამისა, მათ სერიოზული შეცდომებიც დაუშვეს. რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათი მაგალითებიდან და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მსგავსი შეცდომები არ გავიმეოროთ? მათ მაგალითებზე ფიქრი დაგვეხმარება, ვისწავლოთ იქიდან, რაც წინათ ჩვენ სასწავლებლად დაიწერა (წაიკითხეთ რომაელების 15:4).

ადამიანურ სიბრძნეზე მინდობა დამღუპველია

35. ა) თუმცა ასა მთელი გულით იყო იეჰოვასთან, რა შეცდომა დაუშვა მან? ბ) სავარაუდოდ, რატომ მიენდო ასა ადამიანებს, როცა ბააშა იუდას წინააღმდეგ გამოვიდა?

3 თავიდან განვიხილოთ ასას მაგალითი და ვნახოთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ღვთის სიტყვამ ჩვენს ცხოვრებაზე. როცა ეთიოპების მილიონიანი ჯარი იუდას წინააღმდეგ გამოვიდა, ასა მიენდო იეჰოვას, თუმცა ასე არ მოქცეულა, როცა ისრაელის მეფე ბააშამ ქალაქ რამის გამაგრება დაიწყო, რომელიც ასას სამფლობელოს ესაზღვრებოდა (2 მატ. 16:1—3). საკუთარ სიბრძნეს დანდობილმა ასამ სირიის მეფე ბენ-ჰადადი მოისყიდა, რომ ბააშას დასხმოდა თავს. გაამართლა ასას სტრატეგიამ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „როგორც კი ბააშამ ეს ამბავი შეიტყო, მაშინვე შეწყვიტა მშენებლობა რამაში და შეაჩერა თავისი საქმე“ (2 მატ. 16:5). ასე რომ, ერთი შეხედვით, ასას ჩანაფიქრი წარმატებული ჩანდა!

4 მაგრამ როგორ შეაფასა იეჰოვამ ასას მოქმედება? მან თავისი წარმომადგენლის, ხანანის მეშვეობით გაკიცხა ასა იმის გამო, რომ მას არ მიენდო (წაიკითხეთ 2 მატიანის 16:7—9). მან უთხრა ასას: „ომები გექნება ამიერიდან“. მიუხედავად იმისა, რომ ბააშა საშიშროებას აღარ წარმოადგენდა, ასას მმართველობის ბოლომდე ომები ჰქონდა.

5 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ასას შეფასებისას ღმერთმა დაასკვნა, რომ ის მთელი გულით იყო მასთან (1 მეფ. 15:14). ღვთის თვალში ასა მთლიანობაში ერთგული იყო და შეესაბამებოდა მის მოთხოვნებს. თუმცა ასას მაინც უწევდა თავისი არაგონივრული გადაწყვეტილების შედეგებთან გამკლავება. რამ მიიყვანა ასა იქამდე, რომ იეჰოვას ნაცვლად საკუთარ თავსა და ბენ-ჰადადს მიენდო? ხომ არ იფიქრა, რომ დიპლომატიითა და სამხედრო სტრატეგიით უფრო სასურველ შედეგს მიაღწევდა, ვიდრე ღვთის დახმარებით? ან ცუდმა რჩევამ ხომ არ მიიყვანა ასეთ დასკვნამდე?

6. რის სწავლა შეგვიძლია ასას შემთხვევიდან? ახსენით.

6 აღგვძრავს ასას შემთხვევა, დავუკვირდეთ ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს? როცა ისეთი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლებიც ჩვენს ძალას აღემატება, შეიძლება ადვილად მივხვდეთ, რომ საჭიროა იეჰოვაზე მინდობა. მაგრამ როგორ მოვიქცევით, როცა საქმე ნაკლებად სერიოზულ, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს ეხება? დავენდობით საკუთარ გონებას და შევეცდებით დამოუკიდებლად მათ გადაჭრას თუ ბიბლიურ პრინციპებს მოვძებნით, გავითვალისწინებთ მათ და ამგვარად იეჰოვასადმი ნდობას გამოვავლენთ? მაგალითად, ოჯახის წევრები შეიძლება დროდადრო შეეცადონ, ხელი შეგიშალონ კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე დასწრებაში. ალბათ, იეჰოვას სთხოვთ ხელმძღვანელობას, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. ან შეიძლება სამსახური დაკარგეთ და ახლის შოვნა გიჭირთ. პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრების დროს ეტყვით მას, რომ ყოველკვირეულად უნდა დაესწროთ კრების შეხვედრებს? რა პრობლემის წინაშეც არ უნდა ვიყოთ, უნდა გავითვალისწინოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „იეჰოვას მიანდე შენი გზა, მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“ (ფსალმ. 37:5).

რა გავლენას ახდენს ცუდი საზოგადოება

7, 8. რა შეცდომები დაუშვა იეჰოშაფატმა და რა იყო შედეგი? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)

7 რის თქმა შეიძლება ასას შვილზე, იეჰოშაფატზე? მას ბევრი სასურველი თვისება ჰქონდა. ღმერთზე მინდობილმა იეჰოშაფატმა ბევრი კარგი საქმე გააკეთა, თუმცა არაგონივრული გადაწყვეტილებებიც მიიღო. მაგალითად, ის დაუმოყვრდა ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს ბოროტ მეფეს, ახაბს. მიქაია წინასწარმეტყველის გაფრთხილების მიუხედავად, იეჰოშაფატი ახაბს სირიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში შეუერთდა. ის ძლივს გადაურჩა სიკვდილს და იერუსალიმში დაბრუნდა (2 მატ. 18:1—32). მასთან მისულმა წინასწარმეტყველმა იეჰუმ უთხრა მას: „განა ბოროტს უნდა ეხმარებოდე და იეჰოვას მოძულეები უნდა გიყვარდეს?!“ (წაიკითხეთ 2 მატიანის 19:1—3).

8 ისწავლა ჭკუა იეჰოშაფატმა ამ შემთხვევიდან? მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავაც გულმოდგინედ ცდილობდა, ღვთის მოსაწონად მოქცეულიყო, როგორც ჩანს, ვერც ამ შემთხვევიდან ისწავლა ვერაფერი და ვერც იეჰუს გამაფრთხილებელი სიტყვებიდან. ამის შემდეგ იეჰოშაფატმა კიდევ ერთი არასახარბიელო კავშირი შეკრა, ამჯერად ახაბის ვაჟთან, ბოროტ მეფე ახაზიასთან, რომელიც ღვთის მტერი იყო. მათ ერთად წამოიწყეს ხომალდების აგება, თუმცა მათი ჩანაფიქრი კრახით დასრულდა (2 მატ. 20:35—37).

9. რა გავლენის მოხდენა შეუძლია ცუდ საზოგადოებას ჩვენზე?

9 ბიბლიაში იეჰოშაფატის შესახებ ჩაწერილმა შემთხვევებმა უნდა აღგვძრას, დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე. მთლიანობაში ის კარგი მეფე იყო, სწორად იქცეოდა და „მთელი გულით ეძებდა იეჰოვას“ (2 მატ. 22:9). მიუხედავად ამისა, იეჰოშაფატი არ იყო დაცული ცუდი საზოგადოების გავლენისგან. გაიხსენეთ ღვთივშთაგონებული იგავი: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავ. 13:20). ჩვენ გვინდა დაინტერესებულებს ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმაროთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იეჰოშაფატის მაგალითი, რომელსაც ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა ახაბთან ახლო ურთიერთობა. ჩვენს შემთხვევაშიც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს მათთან ახლო ურთიერთობა, ვინც არ ემსახურება იეჰოვას.

10. ა) რის სწავლა შეგვიძლია იეჰოშაფატის მაგალითიდან, როცა საქმე ქორწინებას ეხება? ბ) რა უნდა გვახსოვდეს, როცა საქმე ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობას ეხება?

10 რის სწავლა შეგვიძლია იეჰოშაფატის შემთხვევიდან? ქრისტიანს შეიძლება რომანტიკული გრძნობები გაუჩნდეს ისეთი ადამიანის მიმართ, რომელსაც არ უყვარს იეჰოვა. ის შესაძლოა ფიქრობს, რომ ქრისტიანულ კრებაში მისი შესაფერისი არავინ არის. შეიძლება ნათესავები, რომლებიც მის რწმენას არ იზიარებენ, აიძულებენ, დაქორწინდეს, „სანამ დროა“. ზოგი შეიძლება ეთანხმება ერთი დის აზრს, რომ „სიყვარულისა და მეგობრობის მოთხოვნილება ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილია“. მაშ, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი? მას შეიძლება დაეხმაროს იეჰოშაფატის მაგალითზე დაფიქრება. ძირითადად, ის ღმერთს მიმართავდა ხელმძღვანელობისთვის (2 მატ. 18:4—6). მაგრამ რა მოხდა იეჰოვას მოძულე ახაბთან საქმის დაჭერის შემდეგ? იეჰოშაფატს არ უნდა დავიწყებოდა, რომ იეჰოვა დაინტერესებულია მათით, ვინც მთელი გულით არის მასთან. ღვთის თვალები ჩვენს დროშიც „აკვირდება მთელ დედამიწას“, რათა თავისი ძალით დაგვეხმაროს (2 მატ. 16:9). მას ესმის ჩვენი და ვუყვარვართ. ღმერთმა იცის, რომ მის მსახურთაგან ზოგს დაქორწინება სურს და მზად არის მათ დასახმარებლად. დარწმუნებული იყავით, ადრე თუ გვიან ის ამას გააკეთებს!

გაფრთხილდით, რომ არ შეებათ უთანასწორო უღელში! (იხილეთ აბზაცი 10)

ნუ გადიდგულდებით!

11, 12. ა) როგორ გამოამჟღავნა ხიზკიამ, რა ჰქონდა გულში? ბ) რატომ გადაურჩა ხიზკია ღვთის რისხვას?

11 ხიზკიას შემთხვევა გულთან დაკავშირებით მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. ერთხელ გულთამხილავმა ღმერთმა გამოააშკარავა, რა იყო ხიზკიას გულში (წაიკითხეთ 2 მატიანის 32:31). როცა ხიზკია მძიმედ დაავადდა, ღმერთმა ნიშანი მისცა, რომ გამოკეთდებოდა. ეს ნიშანი ჩრდილის უკან დაბრუნება იყო. ბაბილონელმა მთავრებმა მაცნეები გაუგზავნეს ხიზკიას, რათა ამ ნიშნის შესახებ გამოეკითხათ (2 მეფ. 20:8—13; 2 მატ. 32:24). ხიზკიამ, რომელიც ღმერთმა „მარტო დატოვა“, ბაბილონელებს „უჩვენა თავისი საგანძური“. ამ უგუნურმა საქციელმა ხიზკიას გულისნადები გამოააშკარავა.

12 ბიბლია არ აკონკრეტებს ხიზკიას გადიდგულების მიზეზს. ხომ არ განაპირობა ის ასურელებზე გამარჯვებამ ან სასწაულებრივმა განკურნებამ?! ან იმის გამო ხომ არ გადიდგულდა, რომ „ძლიერ გამდიდრდა და განდიდდა“? როგორც არ უნდა ყოფილიყო, სიამაყის გამო „ხიზკიას არაფერი გაუკეთებია გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ“. რა სამწუხაროა! მართალია, მას შეეძლო ეთქვა, რომ ღმერთს მთელი გულით ემსახურებოდა, მაგრამ იყო დრო, როცა ღვთის მოწონებას არ იმსახურებდა. მოგვიანებით ხიზკიამ „თავი დაიმდაბლა“, რის გამოც ის და მისი ხალხი გადაურჩნენ ღვთის რისხვას (2 მატ. 32:25—27; ფსალმ. 138:6).

13, 14. ა) როდის შეიძლება დაგვტოვოს მარტო იეჰოვამ? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გვაქებენ?

13 რას ვსწავლობთ ხიზკიას შესახებ მონათხრობიდან? გაიხსენეთ, რომ ხიზკიას გადიდგულება მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც იეჰოვამ სინახერიბი დაამარცხა და ხიზკია სასიკვდილო სენისგან განკურნა. რაიმე ღირებულის გაკეთების შემდეგ იეჰოვამ შეიძლება „მარტო დაგვტოვოს“ ჩვენი გულისნადების გამოსააშკარავებლად. მაგალითად, შესაძლოა ძმამ ბევრი იშრომა მოხსენების მოსამზადებლად და ის დიდი აუდიტორიის წინაშე წარმოთქვა, რისთვისაც ბევრისგან ქება დაიმსახურა. რა რეაქცია ექნება მას შექებაზე?

14 შექების დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ იესოს სიტყვები: «ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „უსარგებლო მონები ვართ. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“» (ლუკ. 17:10). ამ დროსაც გამოსადეგია ხიზკიას მაგალითი. მისი სიამაყე იმაში გამოვლინდა, რომ არაფერი გააკეთა „გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ“. იმაზე ფიქრი, თუ რამდენ რამეს აკეთებს იეჰოვა ჩვენთვის, გვეხმარება, მოვერიდოთ მისთვის საძულველ თვისებებს. ჩვენ მადლიერი გულით უნდა ვილაპარაკოთ იეჰოვაზე, რომელიც თავის ხალხს თავისი სიტყვისა და წმინდა სულის მეშვეობით ეხმარება.

გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით

15, 16. რატომ დაკარგა იოშიამ ღვთის მფარველობაც და სიცოცხლეც?

15 დაბოლოს, რის სწავლა შეგვიძლია მეფე იოშიას შემთხვევიდან? დაფიქრდით, რა გახდა მისი დამარცხებისა და სიკვდილის მიზეზი (წაიკითხეთ 2 მატიანის 35:20—22). ის გავიდა ეგვიპტის მეფე ნექოს წინააღმდეგ, თუმცა ნექოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მასთან საბრძოლველად არ იყო გამოსული. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნექო „ღვთის ბაგიდან გამოსულ“ სიტყვებს ამბობდა. მაშ, რატომ გავიდა იოშია მასთან შესაბრძოლებლად? ბიბლია არ გვიმხელს მიზეზს.

16 როგორ უნდა მიმხვდარიყო იოშია, რომ ნექოს იეჰოვა ალაპარაკებდა? მას შეეძლო ეკითხა იერემიასთვის, ღვთის ერთგული წინასწარმეტყველისთვის (2 მატ. 35:23, 25). მაგრამ არსად წერია, რომ ის ასე მოიქცა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნექოს ქარხემიშისკენ ჰქონდა გეზი აღებული, ანუ ის „სხვა სახლს“ ებრძოდა და არა იერუსალიმს. უფრო მეტიც, ის არც ღვთის სახელს დასცინოდა და არც ღვთის ხალხს. ამიტომ ნექოს წინააღმდეგ გასვლა უგუნური გადაწყვეტილება იყო. შეგვიძლია რამე ვისწავლოთ ამ შემთხვევიდან? პრობლემის წინაშე დგომისას უნდა დავფიქრდეთ, როგორი საქციელი მოეწონება იეჰოვას.

17. რა უნდა გავაკეთოთ, რომ პრობლემის დროს იოშიას შეცდომა არ გავიმეოროთ?

17 როცა პრობლემა იჩენს თავს, უნდა დავფიქრდეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ ბიბლიურ პრინციპებზე და მათი გათვალისწინებისას გაწონასწორებულობა გამოვავლინოთ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება კარგი იყოს უხუცესებთან დალაპარაკება. შესაძლოა, ნაფიქრიც გვაქვს ამ საკითხზე და ჩვენს პუბლიკაციებში გარკვეული ინფორმაციაც მოვიძიეთ. თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ბიბლიური პრინციპებიც, რომლებზეც უხუცესმა შეიძლება მიგვითითოს. მაგალითად, დამ იცის, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება ევალება (საქ. 4:20). მაგრამ დავუშვათ, იმ დღეს, როცა მას დაგეგმილი აქვს მსახურება, მეუღლე, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, სთხოვს, რომ სახლში დარჩეს. ის ეუბნება, რომ ბოლო დროს ერთმანეთს თითქმის ვერ ხედავენ და სურს, დრო ერთად გაატარონ. ქრისტიანი ცოლი შეიძლება დაფიქრდეს ისეთ ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც ღვთისადმი მორჩილებასა და მოწაფეების მომზადებას ეხება (მათ. 28:19, 20; საქ. 5:29). მაგრამ ის აგრეთვე უნდა დაფიქრდეს, თუ რას ამბობს ბიბლია ქმრისადმი მორჩილებასა და კეთილგონიერებაზე (ეფეს. 5:22—24; ფილ. 4:5). კატეგორიულად უკრძალავს ქმარი მსახურებაში გასვლას თუ ამ ერთხელ სთხოვს, არ წავიდეს? გაწონასწორებულობაა საჭირო, რომ ღვთის ნებაც შევასრულოთ და სუფთა სინდისიც შევინარჩუნოთ.

მთელი გულით ემსახურეთ ღმერთს

18. რის სწავლა შეგიძლიათ ამ სტატიაში განხილული ოთხი მეფის მაგალითიდან?

18 არასრულყოფილების გამო შეიძლება ჩვენც მიდრეკილი ვიყოთ, ზემოხსენებული ოთხი მეფის შეცდომები გავიმეოროთ. შეიძლება 1) გაუცნობიერებლად დავენდოთ ადამიანურ აზროვნებას, 2) ცუდ საზოგადოებასთან დავიჭიროთ საქმე, 3) გავდიდგულდეთ ან 4) გადაწყვეტილებები ისე მივიღოთ, რომ არც კი დავფიქრდეთ, რა არის ღვთის ნება. მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა კარგს ხედავს ჩვენში, ისევე როგორც იუდას ოთხ მეფეში დაინახა! ის იმასაც ხედავს, რომ ძალიან გვიყვარს და გვსურს, გავუმჯობესდეთ მისადმი მსახურებაში. ამიტომ იეჰოვამ გამაფრთხილებელი მაგალითები ჩააწერინა ბიბლიაში სერიოზული შეცდომებისგან ჩვენ დასაცავად. მოდი ხშირად ვიფიქროთ ამ ბიბლიურ მაგალითებზე და მადლობა გადავუხადოთ იეჰოვას!