არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ამინ“ — სიტყვა, რომელსაც იეჰოვა ძალიან აფასებს

„ამინ“ — სიტყვა, რომელსაც იეჰოვა ძალიან აფასებს

იეჰოვასთვის ძვირფასია ჩვენი თაყვანისცემა. ღმერთი ყურს უგდებს და უსმენს თავის მსახურებს. მას მცირედიც კი არ რჩება მხედველობიდან, რასაც მისი თაყვანისმცემლობისთვის ვაკეთებთ (მალ. 3:16). დაფიქრდით სიტყვაზე „ამინ“, რომელიც, ვინ მოთვლის, რამდენჯერ წარმოგვითქვამს. აფასებს იეჰოვა თუნდაც ამ ერთი შეხედვით უბრალო სიტყვას? რასაკვირველია! იმის გასაგებად, თუ რატომ ანიჭებს იეჰოვა ამ სიტყვას დიდ მნიშვნელობას, შევიხსენოთ, რას ნიშნავს ის და რა გაგებით გამოიყენება ბიბლიაში.

«მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“»

სიტყვა „ამინ“ ნიშნავს „დაე, იყოს ასე“ ან „ჭეშმარიტად“. ეს ებრაული სიტყვა მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც ნიშნავს „იყო ერთგული“, „იყო სანდო“. ამ სიტყვას ზოგჯერ სასამართლო პროცესების დროსაც იყენებდნენ. „ამინს“ ფიცის დადების შემდეგ წარმოთქვამდნენ იმის დასადასტურებლად, რომ მათი ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდა და პასუხისმგებლები იყვნენ თავიანთ სიტყვებზე (რიცხ. 5:22). როცა ვინმე სახალხოდ წარმოთქვამდა სიტყვას „ამინ“, უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა, არ გადასულიყო ნათქვამს და შეესრულებინა დადებული პირობა (ნეემ. 5:13).

კანონის 27-ე თავიდან კარგად ჩანს, როდის ამბობდნენ სიტყვას „ამინ“. აღთქმული მიწის დამკვიდრების შემდეგ ისრაელი ერი კანონის მოსასმენად ებალისა და გერიზიმის მთებს შორის შეიკრიბა. ისინი იქ არა მხოლოდ მოსასმენად, არამედ იმის დასადასტურებლადაც მივიდნენ, რომ ეთანხმებოდნენ კანონის სიტყვებს. როცა იქ შეკრებილები ისმენდნენ, რა მოჰყვებოდა ურჩობას, თანხმობის ნიშნად ამბობდნენ სიტყვას „ამინ“ (კან. 27:15—26). წარმოიდგინეთ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ათასობით ადამიანის — კაცის, ქალისა თუ ბავშვის ხმა, რომლებიც ხმამაღლა ამბობდნენ: „ამინ“ (იეს. 8:30—35). ცხადია, მათ არასდროს დაავიწყდებოდათ სიტყვები, რომლებიც იმ დღეს წარმოთქვეს. ისრაელებმა მართლაც შეასრულეს თავიანთი ნათქვამი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ემსახურებოდა ისრაელი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და უხუცესების დროსაც იესო ნავეს ძის შემდეგ, რომლებმაც იცოდნენ, რა საქმეებიც მოიმოქმედა იეჰოვამ ისრაელისთვის“ (იეს. 24:31).

იესოც იყენებდა სიტყვას „ამინ“ იმის დასადასტურებლად, რომ, რასაც ამბობდა, სიმართლე იყო. თუმცა ამას განსხვავებული სახით აკეთებდა. იესო სიტყვას „ამინ“ (ქართულად ნათარგმნია როგორც „ჭეშმარიტად“) სხვისი ნათქვამის შემდეგ კი არ წარმოთქვამდა, არამედ მანამდე, სანამ თვითონ იტყოდა რამეს; ამით ხაზს უსვამდა იმას, რომ, რის თქმასაც აპირებდა, სიმართლე იყო. ზოგჯერ ის ორჯერ იმეორებდა ამ სიტყვას (მათ. 5:18; იოან. 1:51). ამგვარად იესო არწმუნებდა თავის მსმენელებს, რომ მისი სიტყვები აბსოლუტური სიმართლე იყო. ასე დარწმუნებით იმიტომ ლაპარაკობდა, რომ ის იყო ერთადერთი, ვისაც მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, ღვთის ყველა დანაპირები რეალობად ექცია (2 კორ. 1:20; გამოცხ. 3:14).

«მთელმა ხალხმა თქვა: „ამინ!“ და განადიდა იეჰოვა»

ისრაელები სიტყვას „ამინ“ მაშინაც წარმოთქვამდნენ, როცა იეჰოვას მიმართავდნენ ლოცვით ან განადიდებდნენ მას (ნეემ. 8:6; ფსალმ. 41:13). ლოცვის შემდეგ ამ სიტყვის წარმოთქმით ადასტურებდნენ, რომ ეთანხმებოდნენ ლოცვას. ამგვარად ყველას ეძლეოდა თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა მათთვის ამ შეკრებას. სწორედ ასე მოხდა, როცა მეფე დავითმა იეჰოვას კიდობანი იერუსალიმში გადაიტანა. ზეიმის დროს სიმღერის სახით დავითმა გულში ჩამწვდომი ლოცვა წარმოთქვა, რომელიც 1 მატიანის 16:8—36-შია ჩაწერილი. იქ შეკრებილებზე იმდენად იმოქმედა მისმა სიტყვებმა, რომ «მთელმა ხალხმა თქვა: „ამინ!“ და განადიდა იეჰოვა». მათმა ერთსულოვანმა პასუხმა უფრო მეტი სიხარული შესძინა ამ დღეს.

იეჰოვას განდიდების დროს სიტყვას „ამინ“ პირველი საუკუნის ქრისტიანებიც წარმოთქვამდნენ. ბიბლიის დამწერები ამ სიტყვას თავიანთ წერილებში იყენებდნენ (რომ. 1:25; 16:27; 1 პეტ. 4:11). წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ ზეცაში სულიერი ქმნილებებიც განადიდებენ იეჰოვას სიტყვებით: „ამინ! ადიდეთ იაჰი!“ (გამოცხ. 19:1, 4). პირველი ქრისტიანები კრების შეხვედრებზე ლოცვის დროსაც ამბობდნენ სიტყვას „ამინ“ (1 კორ. 14:16). თუმცა ისინი მას მექანიკურად არ იმეორებდნენ.

რატომ აფასებს იეჰოვა, როცა წარმოვთქვამთ სიტყვას „ამინ“?

იმის გაგებამ, თუ როგორ იყენებდნენ წარსულში ღვთის მსახურები სიტყვას „ამინ“, დაგვანახვა, რატომ არის მნიშვნელოვანი ლოცვის დასასრულს ამ სიტყვის წარმოთქმა. როცა ლოცვას ვასრულებთ სიტყვით „ამინ“, ცხადვყოფთ, რომ შეგნებულად და გააზრებულად ვილოცეთ. როცა საჯარო ლოცვის დროს ამ სიტყვას თუნდაც გულში წარმოვთქვამთ, იმას ნიშნავს, რომ ვეთანხმებით ლოცვას. განვიხილოთ, კიდევ რატომ არის ეს სიტყვა ასე მნიშვნელოვანი.

მონაწილეობას ვიღებთ თაყვანისმცემლობაში. ლოცვის დროს იეჰოვას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ჩვენი საქციელითაც განვადიდებთ. როცა გვინდა, რომ ლოცვის შემდეგ გააზრებულად ვთქვათ „ამინ“, ამ დროს სწორი განწყობა გვაქვს და მთელი ყურადღება ლოცვაზე გადაგვაქვს.

ვერთიანდებით, როგორც ღვთის მსახურები. საჯარო ლოცვის დროს მთელი კრება იმ გაგებით არის გაერთიანებული, რომ ერთსა და იმავეს ისმენს (საქ. 1:14; 12:5). როცა ერთსულოვნად წარმოვთქვამთ სიტყვას „ამინ“, ეს უფრო მეტად გვაერთიანებს. არა აქვს მნიშვნელობა, გულში ვამბობთ ამ სიტყვას თუ ხმამაღლა, იეჰოვას კიდევ ერთ მიზეზს ვაძლევთ, რომ უპასუხოდ არ დატოვოს ჩვენი ლოცვა.

როცა ვამბობთ სიტყვას „ამინ“, განვადიდებთ იეჰოვას

განვადიდებთ იეჰოვას. იეჰოვას მცირედიც კი არ რჩება მხედველობიდან, რასაც მისი თაყვანისმცემლობისთვის ვაკეთებთ (ლუკ. 21:2, 3). მან იცის ჩვენი მოტივები და გულის ზრახვები. ტელეფონითაც რომ ვისმენდეთ კრების შეხვედრას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას უყურადღებოდ არ დარჩება ჩვენ მიერ თავმდაბლურად წარმოთქმული სიტყვა „ამინ“. ამ სიტყვის წარმოთქმით იმ და-ძმებს ვუერთდებით, რომლებიც კრების შეხვედრებზე განადიდებენ იეჰოვას.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ღირებულია. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ ღვთის მსახურს ამ ერთი უბრალო სიტყვით შეუძლია გამოხატოს რწმენა, თანხმობა და იმედი, რომელსაც გულით ატარებს. დაე ყოველთვის სასიამოვნო იყოს იეჰოვასთვის ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვა „ამინ“! (ფსალმ. 19:14).