არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 13

როგორ გვმფარველობს იეჰოვა?

როგორ გვმფარველობს იეჰოვა?

„ერთგულია უფალი, ის განგამტკიცებთ და დაგიფარავთ ბოროტისგან“ (2 თეს. 3:3).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124 მუდამ ერთგულები

მოკლე შინაარსი *

1. რატომ სთხოვა იესომ იეჰოვას თავისი მოწაფეების მფარველობა?

იესოს სიკვდილის წინა ღამე იდგა. მან კარგად იცოდა, რა სირთულეებს შეხვდებოდნენ მისი მოწაფეები, ამიტომ თავისი მეგობრების სიყვარულით აღძრულმა მამას სთხოვა, ბოროტისგან დაეცვა ისინი (იოან. 17:14, 15). მან ისიც იცოდა, რომ მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდებოდა, სატანა ეშმაკი დაუპირისპირდებოდა ყველას, ვინც იეჰოვას მსახურებას მოისურვებდა. ასე რომ, იეჰოვას ხალხს ნამდვილად დასჭირდებოდა მფარველობა.

2. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა შეისმენს ჩვენს ლოცვებს?

2 იეჰოვამ უპასუხა იესოს ლოცვას, რადგან უყვარს თავისი ძე. ის ჩვენც შეგვიყვარებს, შეისმენს ჩვენს ლოცვებს და დაგვიფარავს, თუ ვეცდებით, ყოველთვის მის მოსაწონად მოვიქცეთ. იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს თავის შვილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი, როგორც მზრუნველი ოჯახისთავის, სახელი და რეპუტაცია შეილახება.

3. რატომ გვჭირდება იეჰოვას მფარველობა?

3 დღეს იეჰოვას მფარველობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. იმ დღიდან, რაც ზეციდან გადმოაგდეს, სატანა დიდად არის განრისხებული (გამოცხ. 12:12). ამიტომ ცდილობს, ზოგი იმაში დაარწმუნოს, რომ ჩვენი დევნა მათ ღვთის მსახურებაში ჩაეთვლებათ (იოან. 16:2). ზოგს ღმერთი საერთოდ არ სწამს, მაგრამ იმიტომ გვდევნის, რომ მათ სტანდარტებში არ ვჯდებით. რა მიზეზითაც არ უნდა გვდევნიდნენ, შიშის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ერთგულია უფალი, ის განგამტკიცებთ და დაგიფარავთ ბოროტისგან“ (2 თეს. 3:3). როგორ გვმფარველობს იეჰოვა? მოდი ორ მხარეზე ვისაუბროთ.

იეჰოვა გვაძლევს საჭურველს

4. ეფესოელების 6:13—17-ის თანახმად, როგორ გვიცავს იეჰოვა?

4 სატანის თავდასხმებისგან რომ დაგვიცვას, იეჰოვა „სრული საჭურვლით“ გვმოსავს (წაიკითხეთ ეფესოელების 6:13—17). ეს სულიერი საჭურველი საიმედო თავდაცვის საშუალებაა. თუმცა ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვიცავს, თუ ყოველთვის სრული აღჭურვილობით ვიქნებით შემოსილნი და არ მოვიშორებთ მას. რას განასახიერებს საჭურვლის თითოეული ნაწილი? მოდი ვრცლად ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.

5. რა არის ჭეშმარიტების სარტყელი და რატომ უნდა ვატაროთ ის?

5ჭეშმარიტების სარტყელი ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას განასახიერებს. რატომ უნდა ვატაროთ ეს სარტყელი? ეს იმიტომ არის აუცილებელი, რომ დაცული ვიყოთ სატანისგან, ტყუილების დიდოსტატისგან, რომელსაც ათასობით წელია „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (იოან. 8:44; გამოცხ. 12:9). რას ნიშნავს სიმბოლური სარტყლის ტარება? ეს ნიშნავს ვიცოდეთ ჭეშმარიტება იეჰოვას შესახებ, თაყვანი ვცეთ მას „სულითა და ჭეშმარიტებით“ და ყოველმხრივ პატიოსნად მოვიქცეთ (იოან. 4:24; ეფეს. 4:25; ებრ. 13:18).

სარტყელი: ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება

6. რა არის სიმართლის ჯავშანი და რატომ უნდა ვატაროთ ის?

6სიმართლის ჯავშანი იეჰოვას სამართლიან ნორმებს განასახიერებს. რატომ უნდა ვატაროთ ის? როგორც ჯავშანი იცავს ჯარისკაცის გულს, ისე სიმართლის ჯავშანი იცავს ჩვენს სიმბოლურ გულს ანუ შინაგან პიროვნებას, ქვეყნიერების გამხრწნელი გავლენისგან (იგავ. 4:23). იეჰოვა მოელის, რომ მთელი გულით გვეყვარება და ვემსახურებით მას (მათ. 22:36, 37). სატანა კი ცდილობს, ის შეგვაყვაროს, რაც ქვეყნიერებაშია, ანუ რაც იეჰოვას სძულს, და ასე გაუჩინოს ბზარი ჩვენს გულს (იაკ. 4:4; 1 იოან. 2:15, 16). თუ ეს ტაქტიკა არ გაამართლებს, მაშინ ჩვენი დაშინებით შეეცდება, რომ იეჰოვას ნორმები დაგვარღვევინოს.

ჯავშანი: იეჰოვას სამართლიანი ნორმები

7. რას ნიშნავს სიმართლის ჯავშნის ტარება?

7 სიმართლის ჯავშანს მაშინ ვატარებთ, როცა სწორისა და არასწორის შესახებ იეჰოვას დადგენილ ნორმებს ვიცავთ (ფსალმ. 97:10). ზოგი ამ ნორმებს მეტისმეტად შემზღუდველად მიიჩნევს. თუ ბიბლიურ პრინციპებს არაფრად ჩავაგდებთ, ეს იმის მსგავსი იქნება, რომ ჯარისკაცმა შუა ბრძოლაში ჯავშანი იმ მიზეზით გაიხადოს, რომ ძალიან მძიმეა. ეს ჯარისკაცის მხრიდან დიდი უგუნურება იქნებოდა. მისთვის, ვისაც იეჰოვა უყვარს, ღვთის მცნებები დამამძიმებელი კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელია (1 იოან. 5:3).

8. რას ნიშნავს ფეხშემოსილნი ვიყოთ სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად?

8 პავლე იმისკენაც მოგვიწოდებს, რომ მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად ფეხშემოსილნი ვიყოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. როცა სხვებს ბიბლიურ ცნობას ვუზიარებთ, ჩვენვე ვიმტკიცებთ რწმენას. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხალხი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, სასიხარულო ცნობა გაუცხადოს სხვებს. მაგალითად, ისინი ქადაგებენ სამსახურში, სკოლაში, საქმიან უბანზე, კარდაკარ, საყიდლებზე, ნათესავებთან და ნაცნობებთან. ისინი მაშინაც კი ესაუბრებიან სხვებს ბიბლიურ თემებზე, როცა სახლიდან ვერ ახერხებენ გასვლას. თუ შიშის გამო უარს ვიტყვით ქადაგებაზე, იმ ჯარისკაცს დავემსგავსებით, რომელიც შუა ბრძოლაში ფეხსაცმელს იხდის. ასე შეიძლება ადვილად დაიზიანოს ფეხი. შედეგად მას თავდაცვაც გაუჭირდება და მეთაურის მითითებების მიყოლაც.

ფეხსაცმელი: სასიხარულო ცნობის ქადაგება

9. რატომ უნდა ვატაროთ რწმენის დიდი ფარი?

9დიდი ფარი ჩვენს რწმენას განასახიერებს. ჩვენ გვწამს, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ყველა დაპირებას. რწმენა გვეხმარება, მოვიგერიოთ „ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრები“. რატომ უნდა ვატაროთ დიდი ფარი? ის დაგვიცავს განდგომილთა ცრუ სწავლებებისგან და იმისგან, რომ ჩვენზე უარყოფითად არ იმოქმედოს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დამცინავმა რეპლიკებმა. რწმენის გარეშე ძალა არ გვეყოფა, წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც იეჰოვას ნორმების დარღვევისკენ გვიბიძგებს. მეორე მხრივ, როცა სხვებს არ ვყვებით ღვთისთვის მიუღებელ საქმეებში სკოლასა თუ სამსახურში, ვაჩვენებთ, რომ ხელიდან არ ვუშვებთ რწმენის ფარს (1 პეტ. 3:15). ეს ფარი მაშინაც ხელში გვიჭირავს, როცა უარს ვამბობთ მაღალანაზღაურებად სამსახურზე, რომელიც ხელს შეგვიშლიდა იეჰოვას თაყვანისცემაში (ებრ. 13:5, 6). ამ ფარით მაშინაც ვიცავთ თავს, თუ წინააღმდეგობის მიუხედავად ვაგრძელებთ იეჰოვას მსახურებას (1 თეს. 2:2).

ფარი: იეჰოვასა და მისი დაპირებებისადმი რწმენა

10. რა არის ხსნის მუზარადი და რატომ უნდა ვატაროთ ის?

10ხსნის მუზარადი იეჰოვასგან ბოძებულ იმედს განასახიერებს. იმედს, რომ ის დააჯილდოებს თავისი ნების შემსრულებლებს და სიკვდილისგანაც კი იხსნის (1 თეს. 5:8; 1 ტიმ. 4:10; ტიტ. 1:1, 2). როგორც მუზარადი იცავს ჯარისკაცის თავს, ისე იმედი იცავს ჩვენს გონებას. როგორ? იმედი გვეხმარება, რომ ყურადღება ღვთის დანაპირებზე გადავიტანოთ და პრობლემებს სწორი კუთხით შევხედოთ. როდის ვატარებთ ამ მუზარადს? მაშინ, როცა ვცდილობთ, ჩვენი აზროვნება ღვთის აზროვნებას შევუსაბამოთ. მაგალითად, იმედი წარმავალ სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დავამყაროთ (ფსალმ. 26:2; 104:34; 1 ტიმ. 6:17).

მუზარადი: მარადიული სიცოცხლის იმედი

11. რა არის სულის მახვილი და რატომ გვჭირდება ის?

11სულის მახვილი ღვთის სიტყვა ბიბლიაა. მას შეუძლია გამოააშკარაოს ყოველგვარი სიცრუე და ხალხი ცრუ სწავლებებისა და მავნე ჩვევების ტყვეობიდან გაათავისუფლოს (2 კორ. 10:4, 5; 2 ტიმ. 3:16, 17; ებრ. 4:12). ამ მახვილის სწორად გამოყენებას მაშინ ვსწავლობთ, როცა პირად შესწავლას ვიტარებთ და ღვთის ორგანიზაციისგან დასწავლებას ვიღებთ (2 ტიმ. 2:15). საჭურვლის გარდა, იეჰოვა სხვა რამითაც ზრუნავს ჩვენს სულიერ უსაფრთხოებაზე. რას ვგულისხმობთ?

მახვილი: ღვთის სიტყვა, ბიბლია

ბრძოლაში მარტონი არ ვართ

12. კიდევ რა გვჭირდება და რატომ?

12 გამოცდილ ჯარისკაცს კარგად ესმის, რომ დიდძალ ჯარს მარტო ვერ გაუმკლავდება. მას თანამებრძოლების დახმარება სჭირდება. და-ძმების მხარდაჭერის გარეშე ვერც ჩვენ გავუმკლავდებით სატანასა და მის მომხრეებს. იეჰოვას წყალობით გვყავს საერთაშორისო საძმო, რომელიც ამ ბრძოლაში მხარს გვიჭერს (1 პეტ. 2:17).

13. ებრაელების 10:24, 25-ის თანახმად, რაში გვეხმარება შეხვედრები?

13 და-ძმების მხარდაჭერას კრების შეხვედრებზეც ვგრძნობთ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25). როცა გულგატეხილები ვართ, კრების შეხვედრები განწყობას გვიმაღლებს. გარდა იმისა, რომ გვამხნევებს და-ძმების გულიანი კომენტარები, ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებები და ინსცენირებები იეჰოვას მსახურების სურვილს გვიძლიერებს. შეხვედრამდე თუ შეხვედრის შემდეგ თანაქრისტიანებთან გამამხნევებელი საუბრები ძალებს გვმატებს (1 თეს. 5:14). გარდა ამისა, კრების შეხვედრები სხვების დახმარების საშუალებას გვაძლევს, რაც ჩვენვე გვანიჭებს სიხარულს (საქ. 20:35; რომ. 1:11, 12). შეხვედრები სხვა მხრივაც გვეხმარება. კრებაზე დასწრება, ასე ვთქვათ, საბრძოლო უნარებს გვიუმჯობესებს და მსახურებისთვის აღგვჭურავს. მაგალითად, ვსწავლობთ, უფრო ეფექტიანად როგორ გამოვიყენოთ „სწავლებაში დამხმარე საშუალებები“. ამიტომ კარგად მოემზადეთ კრების შეხვედრებისთვის, ყურადღებით მოუსმინეთ პროგრამას და გამოიყენეთ ნასწავლი. ასე შეძლებთ, გახდეთ „ქრისტე იესოს ღირსეული მეომარი“ (2 ტიმ. 2:3).

14. კიდევ როგორ გვეხმარება იეჰოვა?

14 ჩვენ უთვალავი ძლევამოსილი ანგელოზიც გვიჭერს მხარს. კარგად ვიცით, რამხელა ძალა აქვს თუნდაც ერთ ანგელოზს, ამიტომ ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა ძალა ექნება ანგელოზთა დასს (ეს. 37:36). იეჰოვას ლაშქარს ვერცერთი ადამიანი თუ დემონი ვერ გაუმკლავდება. თუ იეჰოვა ჩვენ გვერდითაა, მტრების სიმრავლეს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს; გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩება (მსაჯ. 6:16). ყოველთვის გახსოვდეთ ეს, როცა თქვენი თანამშრომლების, თანაკლასელების ან ნათესავების სიტყვები თუ საქციელი გულს გიტეხთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ მარტო არ გიწევთ ბრძოლა. რაკი იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებით, ის მხარს გიჭერთ.

იეჰოვა კვლავაც ჩვენი მფარველი იქნება

15. ესაიას 54:15, 17-ის თანახმად, რატომ ვერ შეძლებს ვერავინ ღვთის ხალხის დადუმებას?

15 სატანის ქვეყნიერებას მრავალი მიზეზის გამო ვძულვართ. მაგალითად, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ და იარაღს ხელში არ ვიღებთ. ჩვენ ღვთის სახელს ვაცხადებთ, მის სამეფოს კაცობრიობის ერთადერთ იმედად მივიჩნევთ და ღვთის სამართლიან ნორმებს ვიცავთ. ჩვენ ვამხელთ ქვეყნიერების მმართველს, რომელიც საზიზღარი მატყუარა და მკვლელია (იოან. 8:44). გარდა ამისა, ვაცხადებთ, რომ სატანის ქვეყნიერებას გარდაუვალი განადგურება ელის. ჩვენ ვერასდროს დაგვადუმებენ სატანა და მისი დამქაშები. პირიქით, კვლავაც განვადიდებთ იეჰოვას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ სატანა დიდ ძალას ფლობს, მან ხელი ვერ შეუშალა მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას. იეჰოვას მფარველობის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა (წაიკითხეთ ესაიას 54:15, 17).

16. რას გააკეთებს იეჰოვა თავისი ხალხისთვის „დიდ გასაჭირში“?

16 რა გველის მომავალში? „დიდი გასაჭირის“ დროს იეჰოვა საოცარი სახით გვიხსნის. ის მხსნელად მოგვევლინება, როცა „დედამიწის მეფეები“ გაანადგურებენ „დიდ ბაბილონს“, ცრუ რელიგიურ სამყაროს (გამოცხ. 17:16—18; 18:2, 4). იეჰოვა მაშინაც დაგვიხსნის, როცა სატანის ქვეყნიერებას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს არმაგედონის ომში (გამოცხ. 7:9, 10; 16:14, 16).

17. როგორ დაგვეხმარება იეჰოვასთან სიახლოვე?

17 თუ იეჰოვასთან ახლოს ვიქნებით, სატანა გამოუსწორებელ ზიანს ვერ მოგვაყენებს. ის თავად არის განწირული სამუდამო განადგურებისთვის (რომ. 16:20). ასე რომ, შეიმოსეთ „სრული საჭურვლით“ და ნურასდროს მოიშორებთ მას! მარტო ნუ ჩაებმებით ბრძოლაში. მხარი დაუჭირეთ და-ძმებს და მიჰყევით იეჰოვას ხელმძღვანელობას. თუ ასე მოიქცევით, გჯეროდეთ, რომ თქვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა განგამტკიცებთ და დაგიფარავთ (ეს. 41:10).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 149 გამარჯვების სიმღერა

^ აბზ. 5 იეჰოვა გვპირდება, რომ განგვამტკიცებს და დაგვიფარავს. ამ სტატიაში შემდეგ კითხვებზე ვიმსჯელებთ: რატომ გვჭირდება მფარველობა, როგორ გვიცავს იეჰოვა და ჩვენგან რა მოითხოვება, რომ მან დაგვიცვას?