არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 12

სიყვარული სიძულვილს გვატანინებს

სიყვარული სიძულვილს გვატანინებს

„ამას იმიტომ გიდებთ მცნებად, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ. თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენამდე მე შემიძულა“ (იოან. 15:17, 18).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 129 ბოლომდე მოვითმენთ

მოკლე შინაარსი *

1. მათეს 24:9-ის თანახმად, რატომ არ გვიკვირს, რომ ქვეყნიერებას ვძულვართ?

იეჰოვამ ჩვენში ჩადო მოთხოვნილება — გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. ამიტომ, როცა ვინმეს ვძულვართ, უსიამოვნო გრძნობა გვიპყრობს და ზოგჯერ შიშიც კი გვეუფლება. მაგალითად, ჯორჯინა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, ასეთ რამეს ამბობს: „14 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა რწმენის გამო შემიძულა. თავს მარტოსულად და უღირსად ვგრძნობდი“. ერთი ძმა, დანილო კი ამბობს: „როცა ჩემი მრწამსის გამო ჯარისკაცებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და დამემუქრნენ, შემეშინდა და თავი დამცირებულად ვიგრძენი“. ამგვარი სიძულვილი გულს გვტკენს, მაგრამ არ გვაკვირვებს, რადგან იესომ იწინასწარმეტყველა, რომ შეგვიძულებდნენ (წაიკითხეთ მათეს 24:9).

2, 3. რატომ სძულს ქვეყნიერებას იესოს მიმდევრები?

2 ქვეყნიერებას სძულს იესოს მიმდევრები, რადგან იესოს მსგავსად არც ისინი არიან ქვეყნიერების ნაწილი (იოან. 15:17—19). მართალია, ჩვენ პატივისცემას ვავლენთ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ პოლიტიკურად ნეიტრალურები ვართ და ეროვნულ სიმბოლოებს არ ვეთაყვანებით. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას ვცემთ თაყვანს. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება, მართოს კაცობრიობა, რასაც არამც და არამც არ აღიარებენ სატანა და მისი „შთამომავლობა“ (დაბ. 3:1—5, 15). ჩვენ ვქადაგებთ, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ხსნის ერთადერთი იმედია და რომ ეს სამეფო ბოლოს მოუღებს ყველა მოწინააღმდეგეს (დან. 2:44; გამოცხ. 19:19—21). ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ, სასიხარულოა თვინიერთათვის, მაგრამ ავისმომასწავებელია ბოროტთათვის (ფსალმ. 37:10, 11).

3 ჩვენდამი სიძულვილს ისიც იწვევს, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმებით ვცხოვრობთ. ღვთის ნორმები რადიკალურად განსხვავდება ზნედაცემული ქვეყნიერების ნორმებისგან. მაგალითად, დღეს ბევრი იწონებს ისეთ ამაზრზენ უზნეობას, რომლის გამოც ღმერთმა სოდომი და გომორა გაანადგურა (იუდ. 7). ვინაიდან ამ საკითხში მტკიცე პოზიცია გვიკავია, ბევრი დაგვცინის და შეუწყნარებლად მიგვიჩნევს (1 პეტ. 4:3, 4).

4. რა აგვატანინებს სხვების სიძულვილს?

4 რა აგვატანინებს სხვების სიძულვილსა და შეურაცხყოფას? იმის მტკიცე რწმენა, რომ იეჰოვა დაგვეხმარება. ის ფარივით დაგვიცავს „ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრებისგან“ (ეფეს. 6:16). თუმცა რწმენასთან ერთად სიყვარულიც გვჭირდება, რადგან სიყვარული „არ ღიზიანდება“ და „ყველაფერს იტანს“ (1 კორ. 13:4—7, 13). ახლა ვიმსჯელოთ, როგორ დაგვეხმარება იეჰოვას, თანაქრისტიანებისა და მტრების სიყვარული სიძულვილის ატანაში.

იეჰოვას სიყვარული გვატანინებს სიძულვილს

5. რისი ძალა მისცა იესოს მამის სიყვარულმა?

5 წინა ღამეს, ვიდრე მტრები სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, იესომ თავის ერთგულ მიმდევრებს უთხრა: „მამა მიყვარს, [ამიტომ] იმას ვაკეთებ, რაც მამამ დამიდო მცნებად“ (იოან. 14:31). იესოს განსაცდელების ატანის ძალა იეჰოვას სიყვარულმა მისცა. იეჰოვას სიყვარული ჩვენც აგვატანინებს ყველაფერს.

6. რომაელების 5:3—5-ის თანახმად, როგორ რეაგირებენ იეჰოვას მსახურები ქვეყნიერების მხრიდან სიძულვილზე?

6 ღვთის სიყვარული ოდითგანვე აძლევდა იეჰოვას მსახურებს დევნის ატანის ძალას. მაგალითად, როცა ებრაელთა უზენაესმა სასამართლომ მოციქულებს ქადაგება აუკრძალა, სწორედ სიყვარულმა აღძრა ისინი ღმერთს დამორჩილებოდნენ, „როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქ. 5:29; 1 იოან. 5:3). დღესაც ეს ურყევი სიყვარული აძლიერებს ჩვენს საძმოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მათ ძლევამოსილი და სასტიკი მთავრობები ეწინააღმდეგებიან. ქვეყნიერების სიძულვილი გულს კი არ გვიტეხს, პირიქით, სიხარულის მიზეზს გვაძლევს (საქ. 5:41; წაიკითხეთ რომაელების 5:3—5).

7. როგორ უნდა შევხვდეთ ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას?

7 ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოცდა შეიძლება ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა იყოს. როცა ჭეშმარიტებისადმი ჩვენს ინტერესს ხედავენ, შეიძლება მათ ჩათვალონ, რომ შეცდომაში ვართ შეყვანილი. არ არის გამორიცხული, ზოგმა ახლობელმა ისიც იფიქროს, რომ ჭკუაზე შევიშალეთ (შეადარეთ მარკოზის 3:21). მათ შეიძლება სასტიკი წინააღმდეგობაც კი გაგვიწიონ. მათმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან იესომ გაგვაფრთხილა: „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:36). როგორც არ უნდა მოგვექცნენ ახლობლები, მათ არამც და არამც არ ჩავთვლით ჩვენს მტრებად. პირიქით, რაც უფრო მეტად გვიყვარდება იეჰოვა, მით უფრო მეტად გვიყვარდება ხალხიც (მათ. 22:37—39). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს გამო უარს ვიტყვით ბიბლიური კანონებისა და პრინციპების დაცვაზე.

ტანჯვაც რომ მოგვიწიოს, იეჰოვა ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება, რომ გვანუგეშოს და გაგვაძლიეროს (იხილეთ აბზაცები 8—10).

8, 9. რა დაეხმარა ერთ დას სასტიკი წინააღმდეგობის ატანაში?

8 ზემოხსენებულმა ჯორჯინამ დედამისის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება. ის მოგვითხრობს: „მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა მე და დედამ ერთად დავიწყეთ. მაგრამ ექვსი თვის შემდეგ, როცა კრების შეხვედრებზე დასწრება მოვინდომე, დედაჩემმა წინააღმდეგობა გამიწია. როგორც გაირკვა, მას განდგომილებთან დაუჭერია საქმე და მათი არგუმენტებით ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას. დედაჩემმა არაერთხელ მომაყენა შეურაცხყოფა, თმებით მითრია, ყელში მწვდა და ლიტერატურა გადამიყარა. 15 წლისა მოვინათლე. ჩემთვის იეჰოვას მსახურებაში ხელი რომ შეეშალა, დედაჩემმა არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მომათავსა, სადაც დამნაშავეებისა და ნარკომანების გვერდით მომიწია ყოფნა. ფაქტია, ყველაზე მეტად დევნის ატანა მაშინ არის რთული, როცა წინააღმდეგობას ის გიწევს, ვისაც წესით უნდა უყვარდე და ზრუნავდეს შენზე“.

9 რამ აატანინა ეს ყველაფერი ჯორჯინას? ის ამბობს: „როცა დედაჩემი დამიპირისპირდა, მთელი ბიბლია უკვე წაკითხული მქონდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჭეშმარიტებას მივაგენი და იეჰოვასთანაც განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდი. ხშირად ვლოცულობდი და იმასაც ვხედავდი, როგორ პასუხობდა ის ჩემს ლოცვებს. ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვცხოვრობდი, როცა ერთმა დამ თავისთან დამპატიჟა. ჩვენ ერთად ვიკვლევდით ხოლმე ბიბლიას. იმ პერიოდში კრების და-ძმებიც ძალიან მამხნევებდნენ. მათ ოჯახის წევრივით მიმიღეს. საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ იეჰოვა ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე ძლიერია“.

10. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

10 მოციქული პავლე წერდა, რომ ვერაფერი „ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (რომ. 8:38, 39). ტანჯვაც რომ მოგვიწიოს, იეჰოვა ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნება, რომ გვანუგეშოს და გაგვაძლიეროს. როგორც ჯორჯინას მაგალითიდან გამოჩნდა, იეჰოვა ჩვენი ძვირფასი სულიერი ოჯახის მეშვეობითაც გვეხმარება.

თანაქრისტიანების სიყვარული სიძულვილს აგვატანინებს

11. იოანეს 15:12, 13-ის თანახმად, როგორი სიყვარული დაეხმარებოდა მოწაფეებს? მოიყვანეთ მაგალითი.

11 სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის მოწაფეებს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდა (წაიკითხეთ იოანეს 15:12, 13). იესომ იცოდა, რომ სწორედ თავგანწირული სიყვარული შეანარჩუნებინებდა მათ ერთიანობას და აატანინებდა ქვეყნიერების სიძულვილს. ამას ადასტურებს თესალონიკეს კრების მაგალითიც. დაარსების დღიდან ეს კრება დიდ დევნას შეხვდა. მიუხედავად ამისა, ამ კრების და-ძმები ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითად იქცნენ (1 თეს. 1:3, 6, 7). პავლემ მოუწოდა მათ, რომ ერთმანეთის მიმართ კიდევ უფრო გაეღრმავებინათ სიყვარული (1 თეს. 4:9, 10). სიყვარულით ისინი შეძლებდნენ გულდამძიმებულთა ნუგეშისცემას და სუსტების მხარდაჭერას (1 თეს. 5:14). როგორც ჩანს, მათ გაითვალისწინეს პავლეს მითითება, რადგან ერთი წლის შემდეგ მიწერილ მეორე წერილში პავლემ უთხრა მათ: „უფრო და უფრო ძლიერდება თქვენი . . . სიყვარული ერთმანეთის მიმართ“ (2 თეს. 1:3—5). გასაჭირი და დევნა მათ სიყვარულმა აატანინა.

ქრისტიანული სიყვარული სიძულვილის ატანაში დაგვეხმარება (იხილეთ აბზაცი 12). *

12. როგორ გამოავლინეს და-ძმებმა სიყვარული ერთ ქვეყანაში ომის დროს?

12 განვიხილოთ ზემოთ მოხსენებული დანილოსა და მისი მეუღლის შემთხვევა. როცა მათ ქალაქში საომარი მოქმედებები გაჩაღდა, მათ არ შეუწყვეტიათ კრების შეხვედრებზე დასწრება და შეძლებისდაგვარად ქადაგება. გარდა ამისა, ისინი თავიანთ საკვებს და-ძმებსაც უნაწილებდნენ. ერთ დღესაც შეიარაღებული ჯარისკაცები დანილოს სახლში დაადგნენ. დანილო გვიყვება: „ისინი მეუბნებოდნენ, უარი მეთქვა ჩემს რწმენაზე. როცა მათ მოთხოვნას არ დავემორჩილე, მცემეს, იარაღი დამიმიზნეს და მემუქრებოდნენ, შუბლს გაგიხვრეტთო. წასვლამდე იმითაც დამემუქრნენ, დავბრუნდებით და ცოლს გაგიუპატიურებთო. ძმებმა მაშინვე მატარებელში ჩაგვსხეს და სხვა ქალაქში გაგვამგზავრეს. რა დამავიწყებს ამ ძმების სიყვარულს! როცა იმ ქალაქში ჩავედით, ადგილობრივმა და-ძმებმა საკვები მოგვიტანეს, დაგვაბინავეს და სამუშაოც გვიშოვეს. საომარი ზონიდან გამოქცეული და-ძმები მოგვიანებით ჩვენ შევიფარეთ“. სწორედ ასეთი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული აგვატანინებს სიძულვილს.

მტრების სიყვარული სიძულვილს გვატანინებს

13. როგორ გვეხმარება წმინდა სული, გავაგრძელოთ იეჰოვას მსახურება, მაშინაც კი, თუ სხვებს ვძულვართ?

13 იესომ თავის მიმდევრებს მტრების სიყვარულისკენ მოუწოდა (მათ. 5:44, 45). ვერ ვიტყვით, რომ ამ მითითების გათვალისწინება ადვილია, თუმცა ღვთის წმინდა სულის დახმარებით შესაძლებელია. წმინდა სულის ნაყოფი მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: სიყვარული, მოთმინება, სიკეთე, რბილი ხასიათი და თავშეკავება (გალ. 5:22, 23). თავის მხრივ ეს თვისებები სიძულვილის ატანის ძალას გვაძლევს. ბევრმა მოწინააღმდეგემ შეიცვალა უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან მათი მორწმუნე ქმრები, ცოლები, შვილები თუ სხვები ამ ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენდნენ. ბევრი მათგანი ჩვენი და-ძმაც კი გახდა. ასე რომ, თუ გიჭირთ მათი შეყვარება, ვისაც თქვენი მრწამსის გამო სძულხართ, ილოცეთ წმინდა სულისთვის (ლუკ. 11:13). ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ღვთის მორჩილება ყოველთვის საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ (იგავ. 3:5—7).

14, 15. როგორ დაეხმარა იასმინს რომაელების 12:17—21-ში ჩაწერილი პრინციპი, სიყვარული გამოევლინა აგრესიულად განწყობილი ქმრის მიმართ?

14 განვიხილოთ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები იასმინის მაგალითი. როცა იასმინი იეჰოვას მოწმე გახდა, მისმა ქმარმა ჩათვალა, რომ ის მოატყუეს, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, ღვთის მსახურებაში ხელი შეეშალა მისთვის. გარდა იმისა, რომ ცოლს შეურაცხყოფას აყენებდა, ნათესავების, სასულიერო პირისა და შამანის მეშვეობით აშინებდა და ოჯახის დანგრევის მცდელობაში ადანაშაულებდა. ესეც არ იკმარა და კრების შეხვედრაზე და-ძმებიც გამოლანძღა. ასეთი მოპყრობის გამო გულნატკენი იასმინი ხშირად ტიროდა.

15 იასმინს კრებაში თანაქრისტიანები ამხნევებდნენ და აძლიერებდნენ. უხუცესებმა ურჩიეს, გაეთვალისწინებინა რომაელების 12:17—21-ში ჩაწერილი პრინციპი (წაიკითხეთ). იასმინი ამბობს: „ჩემთვის ადვილი არ იყო ამ ბიბლიური რჩევის გათვალისწინება, მაგრამ იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას. ერთხელ ჩემი ქმარი ისე გამწარდა, რომ სამზარეულო ტალახით მოსვარა, მაგრამ მე ყველაფერი დავასუფთავე. როცა შეურაცხყოფა მომაყენა, მშვიდად ვუპასუხე. როცა ავად გახდა, მასზე ვზრუნავდი“.

ჩვენს მდევნელებს შეიძლება გული სიყვარულით მოვულბოთ (იხილეთ აბზაცები 16, 17). *

16, 17. რას ვსწავლობთ იასმინის მაგალითიდან?

16 იასმინს დაუფასდა ქმრისადმი გამოვლენილი სიყვარული. ის ამბობს: „ჩემი მეუღლის თვალში მეტი ნდობა მოვიპოვე, რადგან ყოველთვის სიმართლეს ვეუბნები. ის პატივისცემით მისმენს, როცა რელიგიურ საკითხებზე ვსაუბრობთ და ცდილობს, აღარ შექმნას კონფლიქტი ოჯახში. ახლა ის ხელს მიწყობს, რომ კრების შეხვედრებს დავესწრო. ჩვენს ოჯახში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დღეს ოჯახში სიმშვიდე გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ჩემი ქმარიც გამოეხმაურება ჭეშმარიტებას და შემომიერთდება იეჰოვას მსახურებაში“.

17 იასმინის მაგალითიდან ჩანს, რომ სიყვარული „ყველაფერს იტანს . . . ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორ. 13:4, 7). სიყვარული სიძულვილზე გაცილებით ძლიერია. მას ადამიანის გულის მოგებაც შეუძლია და იეჰოვას გახარებაც. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა დამოკიდებულება რომც არ შეიცვალონ, ჩვენ მაინც ბედნიერები ვიქნებით. როგორ არის ეს შესაძლებელი?

სიძულვილის მიუხედავად ბედნიერნი

18. რატომ ვართ ბედნიერები მაშინაც კი, როცა ვძულვართ?

18 იესომ თქვა: „ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ“ (ლუკ. 6:22). ფაქტია, არც სხვების მხრიდან სიძულვილი გვსიამოვნებს და არც იმას ვცდილობთ, თავი წამებულად წარმოვაჩინოთ. მაშ, რატომ ვართ ბედნიერები, როცა ვძულვართ? ამის სამი მიზეზი გვაქვს. პირველი, როცა სიძულვილს ვიტანთ ღვთის მოწონებას ვიმსახურებთ (1 პეტ. 4:13, 14). მეორე, ჩვენი რწმენა უფრო ძლიერდება და მტკიცდება (1 პეტ. 1:7). მესამე, ჩვენ ველით ფასდაუდებელ ჯილდოს — მარადიულ სიცოცხლეს (რომ. 2:6, 7).

19. რატომ იყვნენ მოციქულები ბედნიერები ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად?

19 იესოს აღდგომიდან მალევე მოციქულებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ის ბედნიერება, რაზეც იესო საუბრობდა. მართალია, სცემეს და ქადაგება აუკრძალეს, მაგრამ მათ მაინც უხაროდათ. რატომ? რადგან „[იესოს] სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქ. 5:40—42). უფლისადმი მათი სიყვარული უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მტრების შიში. თავიანთი სიყვარულის ნიშნად ისინი დაუღალავად ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას. დღესაც მრავალი და-ძმა სირთულეების მიუხედავად ერთგულად აგრძელებს მსახურებას. მათ იციან, რომ იეჰოვა არ დაუვიწყებს იმ შრომასა და სიყვარულს, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეს (ებრ. 6:10).

20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 სანამ ეს ქვეყნიერება იარსებებს, მისი მხრიდან ყოველთვის ვიგრძნობთ სიძულვილს (იოან. 15:19). მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. როგორც შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, იეჰოვა თავის ერთგულთ განამტკიცებს და დაიფარავს (2 თეს. 3:3). თუ გვეყვარება იეჰოვა, ჩვენი და-ძმები და მტრებიც კი, შევინარჩუნებთ ერთიანობას და სულიერ სიმტკიცეს. და რაც ყველაზე მთავარია, პატივს მივაგებთ იეჰოვას და დავამტკიცებთ, რომ სიყვარული სიძულვილზე გაცილებით ძლიერია.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 106 განვივითაროთ სიყვარული

^ აბზ. 5 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ გვეხმარება იეჰოვას, თანაქრისტიანებისა და მტრების სიყვარული სიძულვილის ატანაში. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რატომ თქვა იესომ, რომ სიძულვილის მიუხედავად შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ.

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები დანილოს დაემუქრნენ, ძმებმა ის და მისი მეუღლე სხვა ქალაქში გაამგზავრეს, სადაც მათ თბილად დახვდნენ.

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: იასმინმა, რომელსაც ქმარი ეწინააღმდეგებოდა, გაითვალისწინა უხუცესების რჩევა. ის ცდილობდა, კარგი ცოლი ყოფილიყო და ქმარზე ეზრუნა მისი ავადმყოფობის დროს.