ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 10
თქვენ შეგიძლიათ მოიშოროთ „ძველი პიროვნება“!
„მოიშორეთ ძველი პიროვნება და მისი საქმეები“ (ᲙᲝᲚ. 3:9).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 29 გვსურს, გავამართლოთ ჩვენი წოდება
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *
1. როგორი იყო თქვენი ცხოვრება ბიბლიის შესწავლამდე?
ᲠᲝᲒᲝᲠᲘ იყო თქვენი ცხოვრება, ვიდრე ბიბლიის შესწავლას დაიწყებდით იეჰოვას მოწმეებთან? შეიძლება დღეს ამის გახსენებაც კი არ გინდათ. ჩვენი შეხედულებები და პიროვნული თვისებები ქვეყნიერებაში არსებული ნორმებით იყო ჩამოყალიბებული. ამიტომ „უიმედოდ და უღმერთოდ . . . [ვიყავით] ქვეყნიერებაში“ (ეფეს. 2:12). მაგრამ ბიბლიამ ჩვენი ცხოვრება შეცვალა.
2. რა გაიგეთ ბიბლიის შესწავლის დროს?
2 ბიბლიის შესწავლის დროს გაიგეთ, რომ გყავთ ზეციერი მამა, რომელსაც ძალიან უყვარხართ. ისიც გაიგეთ, რომ ვერ ასიამოვნებთ იეჰოვას და მისი დიდი ოჯახის წევრი ვერ გახდებით, თუ ძირეულ ცვლილებებს არ მოახდენთ ცხოვრების სტილსა თუ აზროვნებაში. თქვენ გააცნობიერეთ, რომ მისი მაღალზნეობრივი ნორმებით უნდა იცხოვროთ (ეფეს. 5:3—5).
3. კოლოსელების 3:9, 10-ის თანახმად, რას მოითხოვს ჩვენგან იეჰოვა და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ჩვენს შემოქმედსა და ზეციერ მამას, იეჰოვას, უფლება აქვს, ქცევის ნორმები დაუდგინოს მათ, ვისაც სურს, მის დიდ ოჯახს შეუერთდეს. ამიტომ ის მოელის, რომ ნათლობამდე მოვიშორებთ „ძველ პიროვნებასა და მის საქმეებს“ * (წაიკითხეთ კოლოსელების 3:9, 10). ეს სტატია ნათლობის მსურველებს სამ კითხვაზე გასცემს პასუხს: 1) რა არის „ძველი პიროვნება“? 2) რატომ გვთხოვს იეჰოვა, რომ მოვიშოროთ ის? 3) როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? თუ უკვე მონათლული ხართ, ამ სტატიიდან გაიგებთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ „ძველი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი თვისებები არ დაგიბრუნდეთ.
ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ „ᲫᲕᲔᲚᲘ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐ“?
4. რა ახასიათებს მას, ვისაც არ მოუშორებია „ძველი პიროვნება“?
4 მას, ვისაც მოშორებული არა აქვს „ძველი პიროვნება“, ხორციელი აზროვნება და საქციელი ახასიათებს. ის შეიძლება ეგოისტი, ბრაზიანი, უმადური და ამაყი იყოს. მას შეიძლება იტაცებდეს პორნოგრაფიული მასალა და უზნეობისა თუ ძალადობის ამსახველი ფილმები. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს კარგი თვისებებიც აქვს და დროდადრო სინდისიც ქენჯნის, მაგრამ ის საკუთარ თავში იმის ძალას ვერ პოულობს, რომ შეიცვალოს აზროვნება ან საქციელი (გალ. 5:19—21; 2 ტიმ. 3:2—5).
5. რა უნდა გვახსოვდეს, როცა „ძველი პიროვნების“ მოშორებას ვცდილობთ? (საქმეები 3:19).
5 ცოდვილი ბუნების გამო ბოლომდე ვერ ამოვიგდებთ გულიდან და გონებიდან არასწორ აზრებსა და სურვილებს. ამიტომ ზოგჯერ სანანებელი გაგვიხდება ჩვენი საქციელი თუ ნათქვამი (იერ. 17:9; იაკ. 3:2). მაგრამ, თუ ვცდილობთ „ძველი პიროვნების“ მოშორებას, ხორციელი მიდრეკილებები ვეღარ გვმართავს. ჩვენ, ასე ვთქვათ, სულ სხვა ადამიანები ვხვდებით (ეს. 55:7; წაიკითხეთ საქმეების 3:19).
6. რატომ მოგვიწოდებს იეჰოვა, რომ „ძველი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი აზროვნება და ჩვევები მოვიშოროთ?
6 იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და სურს, რომ გავიხაროთ ცხოვრებით. ამიტომაც მოგვიწოდებს, მოვიშოროთ არასწორი აზროვნება და სურვილები (ეს. 48:17, 18). მან კარგად იცის, რომ არასწორ სურვილებს აყოლილი ადამიანი საკუთარ თავსაც აყენებს ზიანს და გარშემომყოფებსაც. ამის დანახვა იეჰოვას გულს სტკენს.
7. რომაელების 12:1, 2-ის თანახმად, რა არჩევანის წინაშე ვდგავართ?
7 მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა შეიძლება თავიდან დაგვცინონ იმის გამო, რომ „ძველი პიროვნების“ მოშორებას ვცდილობთ (1 პეტ. 4:3, 4). მათ შეიძლება გვითხრან, რომ ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც თავად სურს, და არავის არ აქვს უფლება, უკარნახოს სხვას, როგორ მოიქცეს. მაგრამ, განა შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ვინც იეჰოვას ნორმებს უგულებელყოფს, სრული თავისუფლებით სარგებლობენ?! ისინი ხომ სატანისა და მისი ქვეყნიერების ნაკარნახევი ნორმებით ცხოვრობენ! (წაიკითხეთ რომაელების 12:1, 2). ყველანი არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან შევინარჩუნებთ „ძველი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელ თვისებებს, რომლებიც ცოდვამ და სატანის ქვეყნიერებამ ჩამოაყალიბეს ჩვენში, ან იეჰოვას მივცემთ ჩვენი შეცვლისა და გარდაქმნის საშუალებას (ეს. 64:8).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲛᲝᲘᲨᲝᲠᲝᲗ „ᲫᲕᲔᲚᲘ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐ“?
8. რა დაგვეხმარება არასწორი აზროვნებისა და თვისებების მოშორებაში?
8 იეჰოვამ იცის, რომ არასწორი აზროვნებისა და თვისებების მოსაშორებლად დრო და ძალისხმევა გვჭირდება (ფსალმ. 103:13, 14). იეჰოვა თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს სიბრძნეს და ძალას, რაც ასეთი ცვლილებების მოსახდენად გვჭირდება. ფაქტია, აქამდეც არაერთხელ იგრძნობდით იეჰოვას დახმარებას. ახლა ვიმსჯელოთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ კვლავაც განაგრძოთ „ძველი პიროვნების“ მოშორება და მოემზადოთ ნათლობისთვის.
9. რაში დაგეხმარებათ ღვთის სიტყვა?
9 ბიბლიის მეშვეობით გამოიკვლიეთ საკუთარი თავი. ღვთის სიტყვა სარკესავითაა, რომელიც გვეხმარება, დავუკვირდეთ ჩვენს ფიქრებს, საუბარსა და საქციელს (იაკ. 1:22—25). ბიბლიის მასწავლებელმა და სხვა მოწიფულმა ქრისტიანებმა შეიძლება პრაქტიკული რჩევა მოგცენ, როგორ ჩაიხედოთ ამ „სარკეში“. მაგალითად, დაგეხმარონ, რომ ბიბლიის მეშვეობით დაინახოთ, რაში გაუმჯობესდით ან ჯერ კიდევ რაში გჭირდებათ გაუმჯობესება. მათ შეიძლება ისიც აგიხსნან, როგორ მოიძიოთ რჩევები, რომლებიც ამა თუ იმ ჩვევის მოშორებაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, იეჰოვა ყოველთვის მზად არის თქვენ დასახმარებლად. მან კარგად იცის, რა გაქვთ გულში, ამიტომ საუკეთესოდ შეუძლია თქვენი დახმარება (იგავ. 14:10; 15:11). ასე რომ, კარგს იზამთ, თუ ლოცვასა და ბიბლიის კითხვას ყოველდღიურ ჩვევად გაიხდით.
10. რას ვსწავლობთ ილის ისტორიიდან?
10 დარწმუნდით, რომ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია. ყველაფერი, რასაც იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან, ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრება ადამიანს ღირსების გრძნობასა და ცხოვრების აზრს სძენს და ბედნიერს ხდის (ფსალმ. 19:7—11). იეჰოვას ნორმების უგულებელმყოფელნი კი ხორცის საქმეების მწარე შედეგებს იმკიან. ამას ადასტურებს ერთი მამაკაცის, ილის, მაგალითი. ის იეჰოვას მოწმეთა ოჯახში გაიზარდა, მაგრამ მოზარდობაში ცუდ წრეში მოხვდა. ამან იქამდე მიიყვანა, რომ ნარკოტიკების მოხმარება, უზნეო ცხოვრება და ქურდობა დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ის ფიცხი და დაუნდობელი გახდა. „ყველაფერს იმის საპირისპიროდ ვაკეთებდი, რასაც ქრისტიანი მშობლები მასწავლიდნენ“, — აღიარებს ილი. მიუხედავად ამისა, მას არ დავიწყებია ის, რაც თავის დროზე მშობლებმა ჩაუნერგეს. მან განაახლა ბიბლიის შესწავლა, დიდი ძალისხმევის შედეგად მოიშორა ცუდი ჩვევები და 2000 წელს მოინათლა. როგორ შეცვალა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ იეჰოვას ნორმებმა? „ახლა შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობ და სუფთა სინდისი მაქვს“, — ამბობს ილი *. ამ ისტორიიდანაც გამოჩნდა, რომ იეჰოვას ნორმების უგულებელმყოფელები საკუთარ თავს აყენებენ ზიანს. თუმცა იეჰოვა მზად არის, ასეთებსაც კი დაეხმაროს ცვლილებების მოხდენაში.
11. რა სძულს იეჰოვას?
11 შეიძულეთ ის, რაც იეჰოვას სძულს (ფსალმ. 97:10). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვას სძულს „ამაყად მომზირალი თვალები, მატყუარა ენა [და] უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ (იგავ. 6:16, 17). გარდა ამისა, მას სძულს მოძალადე და მზაკვარი ადამიანები (ფსალმ. 5:6). იეჰოვასთვის იმდენად მიუღებელია ეს ყველაფერი, რომ ნოეს დროს მთელი ბოროტი მოდგმა მოსპო, რომელმაც ძალადობით აავსო დედამიწა (დაბ. 6:13). ამასთანავე იეჰოვამ წინასწარმეტყველ მალაქიას პირით თქვა, რომ სძულს ისინი, ვინც ვერაგულად გეგმავს მეუღლესთან გაყრას. იეჰოვასთვის მიუღებელია ასეთი ადამიანების თაყვანისცემა და პასუხს აგებინებს მათ თავიანთი საქციელისთვის (მალ. 2:13—16; ებრ. 13:4).
12. რას ნიშნავს, შევიზიზღოთ ბოროტება?
12 იეჰოვას სურს, რომ შევიზიზღოთ ბოროტება (რომ. 12:9). ზიზღი ძლიერი უარყოფითი გრძნობაა, რომელიც რაღაც საძულველის მიმართ გვიჩნდება. მაგალითად, რას იგრძნობდით, ვინმეს თქვენთვის დამპალი საჭმელი რომ შემოეთავაზებინა? ალბათ, ამის წარმოდგენაც კი გულის ამრევია. მსგავსი გრძნობა უნდა გვეუფლებოდეს იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლება იეჰოვასთვის საძულველი რამ ჩავიდინოთ.
13. რატომ უნდა ვაკონტროლოთ ფიქრები?
13 გააკონტროლეთ ფიქრები. ჩვეულებრივ, რაზეც ვფიქრობთ, იმას ვაკეთებთ კიდეც. ამიტომაც მოგვიწოდა იესომ, გასაქანი არ მივცეთ ისეთ ფიქრებს, რომლებმაც შეიძლება ცოდვა ჩაგვადენინოს (მათ. 5:21, 22, 28, 29). თუ გვინდა, გული გავუხაროთ ჩვენს ზეციერ მამას, მაშინვე უნდა ამოვიგდოთ თავიდან ცუდი ფიქრები.
14. რაზე მეტყველებს ჩვენი საუბარი და რა კითხვებზე ღირს დაფიქრება?
14 გააკონტროლეთ საუბარი. იესომ თქვა: „პირიდან ის გამოდის, რაც გულშია“ (მათ. 15:18). ხშირ შემთხვევაში ჩვენი საუბრიდან ჩანს, როგორები ვართ. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, თუნდაც ამის გამო პრობლემები შემექმნას? თუ დაქორწინებული ვარ, ვუკვირდები ჩემს სიტყვებს, რომ სხვასთან არშიყი არ გამომივიდეს? ყველანაირად ვერიდები უხამს საუბარს? მშვიდად ვპასუხობ მას, ვინც ჩემ გაღიზიანებას ცდილობს? ამ კითხვებზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. როგორც ღილების შეხსნა გვიადვილებს ტანსაცმლის გახდას, ისე „ძველი პიროვნების“ მოშორება გაგვიადვილდება, თუ მოვიშლით ტყუილების თქმას და გადავეჩვევით უხამსი და სალანძღავი სიტყვების გამოყენებას.
15. როგორ უნდა „მივალურსმოთ ძველი პიროვნება ძელზე“?
15 გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგით „ძველი პიროვნების“ მოსაშორებლად. პავლე მოციქულმა ფიგურალური ენით თქვა, რომ „ძველი პიროვნება“ ძელზე უნდა გავაკრათ, რითაც დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა (რომ. 6:6). იესო მზად იყო, ძელზე მომკვდარიყო, რომ იეჰოვას ნება შეესრულებინა. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, „ძელზე მივალურსმოთ“ იეჰოვასთვის საძულველი მიდრეკილებები და ჩვევები. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება სუფთა სინდისი და მარადიული სიცოცხლის იმედი (იოან. 17:3; 1 პეტ. 3:21). გვახსოვდეს, რომ იეჰოვა თავის ნორმებს ჩვენ არ მოგვარგებს, ჩვენ უნდა შევიცვალოთ და მის ნორმებს მოვერგოთ (ეს. 1:16—18; 55:9).
16. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ხორციელ სისუსტეებთან ბრძოლა?
16 კვლავაც შეუპოვრად ებრძოლეთ ხორციელ სისუსტეებს. ხორციელ სურვილებთან ბრძოლა ნათლობის შემდეგაც მოგიწევთ. ამას ადასტურებს მაურისიოს მაგალითიც, რომელიც მოზარდობიდან ჰომოსექსუალი იყო. მოგვიანებით ის შეხვდა იეჰოვას მოწმეებს და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მაურისიომ ცხოვრების წესი შეიცვალა და 2002 წელს მოინათლა. მართალია, ის უკვე წლებია, ემსახურება იეჰოვას, მაგრამ გულწრფელად აღიარებს: „დღემდე მიწევს დროდადრო არასწორ სურვილებთან ბრძოლა“. ამის მიუხედავად, ის გულს არ იტეხს. „სტიმულს მაძლევს იმის ცოდნა, რომ, თუ ამ სურვილებს არ ავყვები, იეჰოვას ვასიამოვნებ“, — ამბობს მაურისიო. *
17. რით არის თქვენთვის საინტერესო ნაბიჰას შემთხვევა?
17 სთხოვეთ იეჰოვას, რომ წმინდა სულით დაგეხმაროთ და საკუთარ თავზე ნუ იქნებით დაიმედებული (გალ. 5:22; ფილ. 4:6). ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ „ძველი პიროვნების“ მოსაშორებლად და არ უნდა დავუშვათ, რომ კვლავ წამოყოს თავი ძველმა ჩვევებმა. მოვიყვანოთ ერთი ქალის, ნაბიჰას, მაგალითი. ის სულ რაღაც ექვსი წლისა იყო, როცა მამამ მიატოვა. „საშინელი ემოციური დარტყმა მივიღე“, — ამბობს ნაბიჰა. ზრდასთან ერთად მას ფიცხი ხასიათი ჩამოუყალიბდა. მან ნარკოტიკებით ვაჭრობასაც მიჰყო ხელი, რის გამოც რამდენიმეწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში მასთან იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ნაბიჰამ გადაწყვიტა, ცხოვრების წესი შეეცვალა. „ზოგი მანკიერი მხარე ადვილად მოვიშორე“, — ამბობს ის. თუმცა მოწევისთვის თავის დანებება ძალიან გაუჭირდა. ის წელიწადზე მეტი ცდილობდა სიგარეტის გადაგდებას და ბოლოს შეძლო კიდეც. ყველაზე მეტად, როგორც თავად ამბობს, ამაში დაჟინებული ლოცვა დაეხმარა. აი, რა დასკვნამდე მივიდა ნაბიჰა: „დარწმუნებული ვარ, რომ თუ მე შევძელი ცვლილების მოხდენა, და იეჰოვას გული გავუხარე, სხვა ნებისმიერიც შეძლებს!“. *
ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲘᲖᲐᲜᲘᲐ
18. 1 კორინთელების 6:9—11-ის თანახმად, რა შეძლო ბევრმა?
18 პირველ საუკუნეში ზოგი, ვინც იეჰოვამ ქრისტეს თანამმართველად აირჩია, ერთ დროს ხორცის საქმეებს იყო დამონებული. მათგან ზოგიერთი მრუში, ჰომოსექსუალი და ქურდი იყო, მაგრამ იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით შეიცვალა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11). ჩვენს დროშიც ბიბლია მილიონობით ადამიანს დაეხმარა, შეცვლილიყო. * მათ შეძლეს ძვალ-რბილში გამჯდარი ჩვევების მოშორება. მათი მაგალითი ცხადყოფს, რომ თქვენც შეგიძლიათ შეიცვალოთ, ცუდი ჩვევები მიატოვოთ და მოემზადოთ ნათლობისთვის.
19. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 ნათლობის მსურველებმა არა მხოლოდ „ძველი პიროვნება“ უნდა მოიშორონ, არამედ ახლითაც შეიმოსონ. მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, როგორ გავაკეთოთ ეს და სხვებს როგორ შეუძლიათ ჩვენი დახმარება.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 41 გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა
^ ნათლობამდე ადამიანმა ცვლილებები უნდა მოახდინოს საკუთარ თავში. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორი თვისებები ახასიათებს „ძველ პიროვნებას“, რატომ უნდა მოვიშოროთ ისინი და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გავაგრძელოთ „ახალი პიროვნებით“ შემოსვა ნათლობის შემდეგაც კი.
^ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: „ძველი პიროვნების“ მოშორება ღვთისთვის მიუღებელი აზროვნებისა და მიდრეკილებებისგან გათავისუფლებას ნიშნავს. ეს პროცესი ნათლობამდე უნდა დაიწყოს (ეფეს. 4:22).
^ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2012 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“, „მივხვდი, რომ იეჰოვასთან უნდა დავბრუნებულიყავი“.
^ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2012 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“, „მათ დიდი სითბო გამოავლინეს ჩემ მიმართ“.
^ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“, „ერთი კაპასი და ანჩხლი გოგო ვიყავი“.
^ იხილეთ ჩარჩო „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“.
^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: არასწორი მიდრეკილებებისა და ჩვევების მოშორება ძველი ტანსაცმლის გახდას ჰგავს.