მკითხველთა შეკითხვები
რატომ იზარალებდა კაცი, „რომლის სახელი ხსენების ღირსიც არაა“, თუ რუთს მოიყვანდა ცოლად? (რუთ. 4:1, 6).
ბიბლიურ დროში უშვილო მამაკაცის სიკვდილის შემთხვევაში შემდეგი კითხვები წამოიჭრებოდა: ვის ხელში გადავიდოდა მისი მიწა? ხომ არ მოისპობოდა მისი სახსენებელი ისრაელში? ამ საკითხებს მოსეს კანონი აგვარებდა.
რა მოუვიდოდა მიწას იმ შემთხვევაში, თუ მისი პატრონი გარდაიცვლებოდა ან სიღარიბის გამო მოუწევდა მისი გაყიდვა? მის ძმას ან ახლო ნათესავს შეეძლო მიწის გამოსყიდვა. ამგვარად მიწა ისევ პატრონის საგვარეულოს კუთვნილებაში დარჩებოდა (ლევ. 25:23—28; რიცხ. 27:8—11).
დაღუპული მამაკაცის სახელი დავიწყებას რომ არ მისცემოდა, ისრაელში მოქმედებდა ლევირატი ანუ საქორწინო ჩვეულება, რომლის თანახმადაც ქვრივი ქალი თავის მაზლს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. ასე მოხდა რუთის შემთხვევაშიც. გარდაცვლილი მამაკაცის ძმა მის ქვრივზე უნდა დაქორწინებულიყო. ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვი გარდაცვლილი მამაკაცის შვილად და მემკვიდრედ ითვლებოდა. ეს ჩვეულება, გარკვეულწილად, იმასაც ემსახურებოდა, რომ ქვრივი ქალი უპატრონოდ არ დარჩენილიყო (კან. 25:5—7; მათ. 22:23—28).
ამის მაგალითია ნაომი, რომელსაც ქმარი და ორი ვაჟი დაეღუპა და მარჩენლის გარეშე დარჩა (რუთ. 1:1—5). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნაომიმ თავისი რძალი რუთი თავისი ქმრის, ელიმელექის ახლო ნათესავთან, ბოაზთან გაგზავნა, რომ მისთვის მიწის გამოსყიდვა ეთხოვა (რუთ. 2:1, 19, 20; 3:1—4). როგორც აღმოჩნდა, ბოაზზე ახლო ნათესავიც არსებობდა. ამ კაცზე ბიბლია ამბობს, რომ მისი „სახელი ხსენების ღირსიც არ არის“. მიწის გამოსყიდვის უფლება პირველ რიგში მას ეკუთვნოდა (რუთ. 3:9, 12, 13).
თავიდან ამ ახლო ნათესავმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მიწა გამოესყიდა (რუთ. 4:1—4). მართალია, მას გარკვეული საზღაური უნდა გაეღო მიწისთვის, მაგრამ ის მიხვდა, რომ ნაომი ასაკის გამო შვილს ვეღარ გააჩენდა. შესაბამისად, ელიმელექის მიწაზე ვერც ვერავინ განაცხადებდა პრეტენზიას და ის გამომსყიდველის საკუთრებაში დარჩებოდა.
ამ კაცმა აზრი მაშინ შეიცვალა, როცა გაიგო, რომ მას რუთზე მოუწევდა დაქორწინება. თავი კი ასე იმართლა: „ვერ გამოვისყიდი, რადგან შეიძლება ვიზარალო“ (რუთ. 4:5, 6). რამ შეაცვლევინა აზრი?
თუ ეს კაცი რუთზე დაქორწინდებოდა და მათ ვაჟი შეეძინებოდათ, ელიმელექის ქონების მემკვიდრე ის გახდებოდა. როგორ დააზარალებდა ეს გამომსყიდველს? ბიბლია ამას არ აკონკრეტებს, თუმცა შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე ვარაუდი.
პირველი, ფული, რომელსაც ელიმელექის მიწაში გადაიხდიდა, ფაქტობრივად, მისთვის დაკარგული იქნებოდა, რადგან საბოლოოდ მიწა რუთის ვაჟს დარჩებოდა.
მეორე, გამომსყიდველს მოუწევდა როგორც რუთზე, ისე ნაომიზე ზრუნვა.
მესამე, თუ რუთს რამდენიმე შვილი შეეძინებოდა, ისინი მემკვიდრეობაში შეეზიარებოდნენ გამომსყიდველის სხვა შვილებს.
მეოთხე, თუ გამომსყიდველს არ ჰყავდა საკუთარი შვილები, მაშინ თუ რუთს ვაჟი გაუჩნდებოდა, როგორც ელიმელექის, ისე გამომსყიდველის მემკვიდრე ის გახდებოდა. ამგვარად მისი მიწა გადავიდოდა იმ შვილის ხელში, რომელიც მისი კი არა, ელიმელექის გვარის გამგრძელებელი იქნებოდა. ასე რომ, გამომსყიდველს არ უნდოდა ნაომის დასახმარებლად რისკზე წასვლა. მას ერჩივნა, ეს მის ნაცვლად ბოაზს გაეკეთებინა, რომელსაც მის შემდეგ ეკუთვნოდა გამოსყიდვა. ბოაზს ამ პასუხისმგებლობის აღებაზე უარი არ უთქვამს, რადგან სურდა, გარდაცვლილის მემკვიდრეობა კვლავ მისი სახელით წოდებულიყო (რუთ. 4:10).
აშკარაა, გამომსყიდველს საკუთარი სახელი და ქონება ანაღვლებდა. ამიტომ მისი სახელი ხსენების ღირსიც არ გახდა. გარდა ამისა, მან განსაკუთრებული შესაძლებლობაც გაუშვა ხელიდან, რომელიც მის ნაცვლად ბოაზს ერგო. სწორედ ბოაზი გახდა მესიის, იესო ქრისტეს წინაპარი. მართლაც რამდენი დაკარგა გამომსყიდველმა იმის გამო, რომ ეგოიზმი გამოიჩინა და უარი თქვა სხვების დახმარებაზე (მათ. 1:5; ლუკ. 3:23, 32).