არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 10

რატომ ვინათლებით?

რატომ ვინათლებით?

„მოინათლეთ“ (ᲡᲐᲥ. 2:38).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 34 ვიაროთ უმწიკვლოდ

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1, 2. რა ხდება ხოლმე ნათლობის დროს და რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

 ᲐᲚᲑᲐᲗ ყველანი დავსწრებივართ ნათლობას. მოგვისმენია, რა ომახიანად პასუხობენ ნათლობის მსურველები მათთვის დასმულ ორ კითხვას. გვინახავს მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების ბედნიერი სახეები და ისიც, როგორ უკრავს აუდიტორია ტაშს გახარებულ ახალმონათლულებს. თითქმის ყოველ კვირა ათასობით ადამიანი დგამს ამ ნაბიჯს და იეჰოვას მიძღვნილი, მონათლული მოწმე ხდება.

2 თუ ჯერ არ გადაგიდგამთ ეს ნაბიჯი, მაგრამ სერიოზულად ფიქრობთ ამაზე, გახსოვდეთ, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში თქვენ იმ ერთეულებს მიეკუთვნებით, რომლებიც ეძებენ იეჰოვას (ფსალმ. 14:1, 2). ნათლობის მსურველებო, ახალგაზრდებო თუ ხანდაზმულებო, ეს სტატია თქვენთვისაა განკუთვნილი. თუმცა მონათლულებმაც უნდა გავიძლიეროთ იმის სურვილი, რომ მარადიულად ვემსახუროთ იეჰოვას. იეჰოვას მსახურებისკენ არაერთი რამ გვიბიძგებს. ამ სტატიაში სამ მათგანს შევეხებით.

ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ

სატანა უკვე საუკუნეებია, რაც ღვთის სახელს ბღალავს (იხილეთ აბზაცები 3, 4).

3. რატომ უყვართ იეჰოვას მსახურებს სიმართლე და ჭეშმარიტება? (ფსალმუნი 119:128, 163).

3 იეჰოვა თავის ხალხს მოუწოდებდა, რომ ჰყვარებოდათ სიმართლე (ზაქ. 8:19). იესომაც ბედნიერი უწოდა მას, ვინც სიმართლეს ესწრაფვის (მათ. 5:6). სიმართლისკენ სწრაფვა იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ძლიერი სურვილი, აკეთოს ის, რაც ღვთის თვალში სწორი და მართებულია. ეჭვიც არ გვეპარება, რომ გიყვართ სიმართლე და ჭეშმარიტება, სიცრუე და ყოველგვარი უმსგავსობა კი გძულთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:128, 163). სიცრუის მოყვარე ადამიანი ამ ქვეყნიერების მმართველს, სატანას, ემსგავსება (იოან. 8:44; 12:31). სატანის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ შებღალოს ღვთის წმინდა სახელი. ედემის ბაღიდან მოყოლებული ის სიცრუეს ავრცელებს ღვთის შესახებ. ის ამტკიცებს, რომ იეჰოვა ეგოისტი და არაკეთილსინდისიერი მმართველია და ადამიანებს არ აძლევს იმას, რაც სრული ბედნიერებისთვის სჭირდებათ (დაბ. 3:1, 4, 5). სატანა თავისი ტყუილებით დღემდე უწამლავს ხალხს გონებას. თუ ადამიანს არ უყვარს სიმართლე, სატანა მას ყველანაირ უხამსობასა და ბოროტებას ჩაადენინებს (რომ. 1:25—31).

4. როგორ ამტკიცებს იეჰოვა, რომ „ჭეშმარიტების ღმერთია“? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 იეჰოვა „ჭეშმარიტების ღმერთია“ და ამიტომ თავის მოყვარულთაც აზიარებს ჭეშმარიტებას (ფსალმ. 31:5). ის ეხმარება მათ, თავი დააღწიონ სატანის სიცრუეს. იეჰოვა თავის მსახურებს პატიოსნებასა და სამართლიანი ნორმებით ცხოვრებასაც ასწავლის, რაც მათ ღირსებას უმაღლებს და შინაგან სიმშვიდეს ჰგვრის (იგავ. 13:5, 6). ალბათ ბიბლიის შესწავლის პროცესში თქვენც საკუთარ თავზე გამოსცადეთ ეს და დარწმუნდით, რომ იეჰოვას ადამიანებისთვის ყოველთვის საუკეთესო სურს (ეს. 48:17). ამან კი ალბათ იმის სურვილი გაგიჩინათ, რომ სიმართლის მხარე დაგეკავებინათ (მათ. 6:33). თქვენ გსურთ, რომ ხმა აიმაღლოთ სიმართლის დასაცავად და გააბათილოთ იეჰოვაზე გავრცელებული სიცრუე. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

5. როგორ შეგიძლიათ დადგეთ სიმართლისა და ჭეშმარიტების მხარეს?

5 თქვენი ცხოვრების კურსმა უნდა ცხადყოს, რომ ყურს არ უგდებთ სატანის სიცრუეს, ჭეშმარიტების მხარეს დგახართ, იეჰოვას თქვენს უზენაეს მმართველად აღიარებთ და იმის კეთება გსურთ, რასაც ის სწორად მიიჩნევს. როგორ ირჩევს ადამიანი ცხოვრების ასეთ კურსს? ის ლოცვაში თავს უძღვნის ღმერთს და მიძღვნის ნიშნად საჯაროდ ინათლება, რისკენაც სიმართლისა და ჭეშმარიტების სიყვარული უბიძგებს.

ᲘᲔᲡᲝ ᲥᲠᲘᲡᲢᲔᲡᲐᲓᲛᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ

6. ფსალმუნის 45:4-დან გამომდინარე, რა მიზეზები გვაქვს, რომ გვიყვარდეს ქრისტე?

6 რატომ უნდა გვიყვარდეს იესო ქრისტე? ამის რამდენიმე მიზეზს ფსალმუნის 45:4 გვისახელებს (წაიკითხეთ). იესო ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის მხარეს დგას. როგორც იოანეს 18:37-დან ჩანს, დედამიწაზე ყოფნის დროს ის ჭეშმარიტების გაბედული ქომაგი იყო. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჭეშმარიტებისა და სიმართლის ყველა მოყვარულს უყვარს იესო ქრისტე. მაგრამ რაში გამოჩნდა მისი თავმდაბლობა?

7. რით არის თქვენთვის განსაკუთრებული იესოს თავმდაბლობა?

7 იესომ თავისი მაგალითით გვიჩვენა ნამდვილი თავმდაბლობა. მას თავის განდიდება არასდროს უცდია და ყოველთვის მამაზე გადაჰქონდა ყურადღება (მარ. 10:17, 18; იოან. 5:19). თქვენზე როგორ მოქმედებს მისი თავმდაბლობის მაგალითი? ალბათ იესოს თავმდაბლობა უფრო მეტად გაყვარებთ მას და სურვილს გიჩენთ, რომ მიჰბაძოთ. თავად იესო რატომ არის თავმდაბალი? იმიტომ, რომ უყვარს და ჰბაძავს თავმდაბალ მამას (ფსალმ. 18:35; ებრ. 1:3). როგორ შეიძლება არ გვიყვარდეს იესო, რომელიც მამის სრულყოფილი განსახიერებაა?!

8. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესოზე უკეთეს მეფეს ვერც კი ვინატრებდით?

8 ძალიან გაგვიმართლა, რომ იესო ჩვენი მეფეა, რადგან მასზე უკეთეს მეფეს ვერც ვინატრებდით. თავად იეჰოვამ მოამზადა და გაამეფა ის (ეს. 50:4, 5). ამასთანავე იესო თავგანწირულიცაა (იოან. 13:1). ამიტომ ის იმსახურებს ჩვენს სიყვარულს. ისინი, ვისაც ნამდვილად უყვართ იესო, თავიანთ სიყვარულს მისი მცნებების დაცვით ამტკიცებენ, იესო კი მათ მეგობრებად მიიჩნევს (იოან. 14:15; 15:14, 15). რამხელა პატივი გვხვდა წილად, რომ ღვთის ძის მეგობრებად ვიწოდებოდეთ!

9. რით ჰგავს ჩვენი ნათლობა ქრისტეს ნათლობას?

9 ერთ-ერთი მცნება, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს მისცა, ნათლობის აუცილებლობას ეხებოდა (მათ. 28:19, 20). მან თავად დაგვიტოვა ამის მაგალითი. მართალია, ჩვენი ნათლობა განსხვავდება მისი ნათლობისგან, მაგრამ რაღაც საერთოც აქვს (იხილეთ ჩარჩო  „რა სხვაობაა იესოსა და მის მიმდევართა ნათლობას შორის“). იესოს ნათლობა იმის ნიშანი იყო, რომ ის მზადყოფნით შეუდგა ღვთის ნების შესრულებას (ებრ. 10:7). ჩვენ კი იმის ნიშნად ვინათლებით, რომ თავი მივუძღვენით იეჰოვას და, იესოს მსგავსად, ცხოვრებაში საკუთარ ინტერესებზე წინ ღვთის ნებას ვაყენებთ.

10. რა მიზეზები გვაქვს, რომ გვიყვარდეს იესო და რისკენ უნდა აღგვძრას ამან?

10 ჩვენ გვჯერა, რომ იესო იეჰოვას მხოლოდშობილი ძე და მის მიერ დანიშნული მეფეა. ის თავმდაბალია და მამას სრულყოფილად ჰბაძავს. იესო დედამიწაზე მსახურებისას აპურებდა მშივრებს, ანუგეშებდა გულგატეხილებს და კურნავდა ავადმყოფებს (მათ. 14:14—21). დღეს ის წინამძღოლობს ქრისტიანულ კრებას (მათ. 23:10). მომავალში კი, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, უფრო გრანდიოზულ გეგმებს განახორციელებს. ამ ყველაფერზე ფიქრი გვაყვარებს მას და მისი მიბაძვის სურვილს აღგვიძრავს (იოან. 14:21). ერთ-ერთი კი, რითაც შეგვიძლია იესოს მივბაძოთ, იეჰოვასთვის თავის მიძღვნა და ნათლობაა.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ

11. რა უმთავრესი მიზეზის გამო ვინათლებით?

11 და მაინც, რა არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ვინათლებით? ეს არის ის, რასაც იესომ უდიდესი მცნება უწოდა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30). თქვენც ასე გიყვართ ღმერთი?

ყველაფერი, რაც ჩვენს ბედნიერებას ემსახურება, იეჰოვასგანაა და ეს ყოველთვის ასე იქნება (იხილეთ აბზაცები 12, 13).

12. რატომ გიყვართ იეჰოვა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 ყველა მიზეზს ალბათ ვერც ჩამოვთვლით, რის გამოც გვიყვარს იეჰოვა. ის სიცოცხლის წყაროა და „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ მისგანაა (ფსალმ. 36:9; იაკ. 1:17). თუ რამ გვახარებს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი მოსიყვარულე და გულუხვი ღმერთისგან გვაქვს.

13. რატომ არის გამოსასყიდი უძვირფასესი საჩუქარი?

13 გამოსასყიდი იეჰოვასგან ბოძებული უძვირფასესი საჩუქარია. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვასა და იესოს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ, რასაც იესომაც არაერთხელ გაუსვა ხაზი (იოან. 10:17; 14:31). ერთად გატარებულმა მილიარდობით წელმა ისინი ძალიან დააახლოვა (იგავ. 8:22, 23, 30). წარმოიდგინეთ, რა განცდა დაეუფლებოდა თავისი ძის ტანჯვისა და სიკვდილის შემყურე მამას. მაგრამ ადამიანების სიყვარულის გამო ის მზად იყო, მსხვერპლად გაეღო თავისი საყვარელი ძე და ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოეცა (იოან. 3:16; გალ. 2:20). ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა იეჰოვას, რომ შეგვყვარებოდა ის!

14. რა არის ყველაზე ღირებული მიზანი?

14 რაც უფრო კარგად გაიცანით იეჰოვა, მით უფრო მეტად შეგიყვარდათ. თქვენ თანდათანობით დაუახლოვდით მას და ეს პროცესი შესაძლებელია, მარადიულად გაგრძელდეს. ღმერთი მოგიწოდებთ, რომ გული გაუხაროთ მას (იგავ. 23:15, 16). ამას როგორც თქვენი სიტყვებით, ისე საქმეებით შეძლებთ. თქვენი ცხოვრებით შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ გულწრფელად გიყვართ ღმერთი (1 იოან. 5:3). ამაზე ღირებულ მიზანს ვერაფერს დაისახავთ ცხოვრებაში.

15. როგორ უნდა გამოხატოთ იეჰოვასადმი სიყვარული?

15 როგორ უნდა გამოხატოთ სიყვარული ღვთისადმი? პირველ რიგში, ილოცეთ და უთხარით ღმერთს, რომ გსურთ, მას მიუძღვნათ თავი (ფსალმ. 40:8). შემდეგ თქვენი სურვილი საჯაროდ დაადასტურეთ ნათლობით. ეს იქნება თქვენი ცხოვრების უბედნიერესი დღე და გარდამტეხი მომენტი. ნათლობით თქვენ დაიწყებთ ახალ ცხოვრებას, რომელსაც საკუთარ თავს კი არა, იეჰოვას მიუძღვნით (რომ. 14:8; 1 პეტ. 4:1, 2). ფაქტია, ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯია, მაგრამ სწორედ ეს ნაბიჯი გიხსნით გზას ბედნიერი მომავლისკენ. რატომ ვამბობთ ამას?

16. ფსალმუნის 41:12-დან გამომდინარე, რით დააჯილდოებს იეჰოვა თავის მიძღვნილ მსახურებს?

16 იეჰოვას გულუხვობაში ვერავინ შეედრება. რაც არ უნდა გაიღოთ მისთვის, ის ყოველთვის აქეთ უფრო მეტს მოგცემთ (მარ. 10:29, 30). ამ ბოროტ ქვეყნიერებაშიც კი ის დაგეხმარებათ, რომ საინტერესო და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება გქონდეთ. ნათლობა მხოლოდ დასაწყისია. თქვენ საშუალება გაქვთ, მარადიულად ემსახუროთ მოსიყვარულე ზეციერ მამას. შესაბამისად, თქვენ შორის სიყვარული დღითი დღე გაიზრდება და საბოლოოდ, როგორც ღმერთია უსასრულო, თქვენც ასე იცოცხლებთ უსასრულოდ (წაიკითხეთ ფსალმუნის 41:12).

17. რისი მიცემა შეგიძლიათ იეჰოვასთვის?

17 მიძღვნითა და ნათლობით უძვირფასეს საჩუქარს ვუკეთებთ ზეციერ მამას. თუ რამ გვახარებს ცხოვრებაში, ყველაფერი მისგან გვაქვს ბოძებული. და მაინც, საშუალება გვაქვს, ზეცისა და მიწის მპყრობელს მივცეთ ის, რასაც მხოლოდ ჩვენ ვფლობთ — ჩვენი მზაობა და სურვილი, რომ ერთგულად ვემსახუროთ მას (იობ. 1:8; 41:11; იგავ. 27:11). ამაზე უკეთესს რას გააკეთებდით ცხოვრებაში?! ნამდვილად, ღვთის სიყვარული საუკეთესო მოტივაციაა ნათლობისთვის.

ᲜᲣ ᲓᲐᲐᲧᲝᲕᲜᲔᲑᲗ

18. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

18 ასე რომ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და დაფიქრდით: ღირს კი ნათლობის გადადება? (საქ. 8:36). გაიხსენეთ ზემოთ განხილული სამი ფაქტორი. პირველი, თქვენ გიყვართ სიმართლე და ჭეშმარიტება. გინდათ, მოესწროთ იმ დღეს, როცა ყველა სიმართლეს ილაპარაკებს და სწორად მოიქცევა? მეორე, თქვენ გიყვართ იესო ქრისტე. გსურთ, რომ იესო თქვენი მეფე იყოს და მას მიჰბაძოთ? და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, თქვენ გიყვართ იეჰოვა. გსურთ, იეჰოვას გული გაუხაროთ და მას ემსახუროთ? ამ კითხვებზე თქვენი დადებითი პასუხი იმაზე მეტყველებს, რომ ნათლობა არ უნდა გადადოთ (საქ. 16:33).

19. რატომ არ უნდა გადადოთ ნათლობა? ახსენით (იოანე 4:34).

19 თუ ფეხს ითრევთ და ვერ დგამთ ნათლობისკენ ნაბიჯს, გაიხსენეთ, რა შედარება მოიყვანა ერთხელ იესომ (წაიკითხეთ იოანეს 4:34). მან ღვთის ნების შესრულება საჭმელს შეადარა. როგორც ჯანსაღი საკვებია სასარგებლო ჩვენთვის, ისეა ღვთის ნების შესრულებაც. იესომ კარგად იცოდა, რომ იეჰოვა ჩვენდა საზიანოდ არაფერს მოგვთხოვს. ერთ-ერთი მოთხოვნა კი სწორედ ნათლობაა (საქ. 2:38). გჯეროდეთ, ღვთის ამ მითითების მორჩილება სანანებელი არასდროს გაგიხდებათ. თუ ჯანსაღ და გემრიელ საკვებზე არ იტყვით უარს, მით უმეტეს რატომ უნდა თქვათ უარი ღვთის ნების შესრულებაზე, რაშიც მონათვლაც შედის?!

20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 ზოგი თვლის, რომ ჯერ არ არის ნათლობისთვის მზად და ამიტომ თავს იკავებს ამ ნაბიჯის გადადგმისგან. ფაქტია, ღვთისთვის თავის მიძღვნა და ნათლობა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე დრო, დაფიქრება და საგულდაგულოდ მომზადებაა საჭირო. მაგრამ, თუ გულწრფელად გსურთ ნათლობა, როგორ უნდა მოემზადოთ ამ ნაბიჯისთვის? ამ კითხვაზე მომდევნო სტატიაში გავცემთ პასუხს.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 28 იეჰოვასთან დამეგობრება

a ბიბლიის ყველა შემსწავლელისთვის ნათლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მაგრამ რა უბიძგებს ადამიანს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ? ერთი სიტყვით თუ ვიტყვით, სიყვარული. რისი ან ვისი სიყვარული? პასუხს ამ სტატიიდან გავიგებთ. იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება ნათლობის შემდეგ.