არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 14

რით ამოიცნობიან იესოს მოწაფეები

რით ამოიცნობიან იესოს მოწაფეები

„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (ᲘᲝᲐᲜ. 13:35).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 106 განვივითაროთ სიყვარული

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

როგორ მოქმედებს სხვებზე იეჰოვას მოწმეებს შორის არსებული სიყვარულის დანახვა? (იხილეთ აბზაცი 1).

1. რა ხვდებათ ხოლმე თვალში კრების შეხვედრაზე პირველად მოსულებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

 ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ ცოლ-ქმარი, რომელიც პირველად ესწრება იეჰოვას მოწმეების შეხვედრას. მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თბილი დახვედრა და მოწმეებს შორის არსებული სიყვარული. შეხვედრის შემდეგ ცოლი აღფრთოვანებას ვერ მალავს და ქმარს ეუბნება, რომ იეჰოვას მოწმეები აშკარად სხვანაირი ხალხია, ოღონდ კარგი გაგებით.

2. რატომ ბრკოლდება ზოგი?

2 ქრისტიანულ კრებაში არსებული სიყვარული მართლაც განსაკუთრებულია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეები შეუცდომელნი არიან (1 იოან. 1:8). რაც უფრო მეტად ვეცნობით ერთმანეთს კრებაში, უფრო მეტად ვამჩნევთ ხოლმე ერთმანეთის ნაკლოვანებებსაც (რომ. 3:23). სამწუხაროდ, ზოგისთვის ეს დამაბრკოლებელი აღმოჩნდა.

3. რა უნდა ყოფილიყო ქრისტეს მოწაფეების განმასხვავებელი ნიშანი? (იოანე 13:34, 35).

3 კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი სტატიის წამყვან მუხლს (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35). რა უნდა ყოფილიყო ქრისტეს მოწაფეების განმასხვავებელი ნიშანი? სიყვარული და არა სრულყოფილება. როცა იესომ თქვა, ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენო, გარეშეები იგულისხმა. სწორედ ეს უანგარო სიყვარული მიახვედრებდა ყველას, თუ ვინ იყვნენ ქრისტეს ნამდვილი მოწაფეები.

4. რა კითხვები შეიძლება გაუჩნდეს ზოგს?

4 ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვები: როგორ უნდა მიმახვედროს სიყვარულმა, ვინ არიან იესოს ნამდვილი მიმდევრები? თავად იესო როგორ ავლენდა სიყვარულს მოციქულების მიმართ? დღეს რას ნიშნავს ქრისტესნაირი სიყვარულის გამოვლენა? ჩვენც, მოწმეებსაც გვმართებს ამ კითხვებზე დაფიქრება. ეს დაგვეხმარება, უფრო მეტად გამოვავლინოთ სიყვარული განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთმანეთის ნაკლოვანებებს ვაწყდებით (ეფეს. 5:2).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲛᲐᲘᲜᲪᲓᲐᲛᲐᲘᲜᲪ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ?

5. რას გულისხმობდა იესო იოანეს 15:12, 13-ში ჩაწერილ სიტყვებში?

5 იესომ ნათლად დაგვანახვა, რომ მისი მიმდევრები გამორჩეული იქნებოდნენ განსაკუთრებული სიყვარულით (წაიკითხეთ იოანეს 15:12, 13). აი რა მისცა მან მცნებად თავის მიმდევრებს: „ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“. როგორ სიყვარულზე საუბრობდა იესო? თავგანწირულ სიყვარულზე, რომელიც ქრისტიანს აღძრავს, საჭიროების შემთხვევაში თავიც კი გაწიროს თანამორწმუნისთვის. b

6. საიდან ჩანს, რომ სიყვარული უაღრესად მნიშვნელოვანი თვისებაა?

6 ღვთის სიტყვა დიდ აქცენტს აკეთებს სიყვარულზე. ბევრს ძალიან მოსწონს შემდეგი ბიბლიური მუხლები: „ღმერთი სიყვარულია“; „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“; „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ და „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 იოან. 4:8; მათ. 22:39; 1 პეტ. 4:8; 1 კორ. 13:8). ცხადზე ცხადია, რომ ამ დიდებული თვისების გამოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანია.

7. რატომ ვერ შეძლებს სატანა ადამიანების გაერთიანებას სიყვარულით?

7 ბევრს აინტერესებს, როგორ უნდა მიხვდეს, რომელია ჭეშმარიტი რელიგია. დღეს ხომ ყველა რელიგიას იმაზე აქვს პრეტენზია, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებს. მაგრამ მათი სწავლებები ზოგჯერ სრულიად ურთიერთგამომრიცხავია. სატანამ რელიგიების სიჭრელით თავგზა აუბნია ადამიანებს. მაგრამ რაც შეეხება ადამიანების მოსიყვარულე ქრისტიანულ საძმოში გაერთიანებას, ის ამას ვერასდროს მოახერხებს. ამას მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის წყარო, იეჰოვა შეძლებს. მისი კურთხევისა და სულის გარეშე შეუძლებელია ასეთი ერთსულოვანი ჯგუფის წარმოქმნა (1 იოან. 4:7). ამიტომ რა გასაკვირია, რომ იესომ სწორედ უანგარო სიყვარული დაასახელა თავისი მოწაფეების განმასხვავებელ ნიშნად.

8, 9. როგორ იმოქმედა ბევრზე იეჰოვას მოწმეებს შორის არსებულმა სიყვარულმა?

8 როგორც იესოს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, ბევრმა ამოიცნო მისი ჭეშმარიტი მიმდევრები გულწრფელი სიყვარულით. ერთი ძმა იანი იხსენებს თავის შთაბეჭდილებებს, როცა პირველად დაესწრო კონგრესს მის სახლთან ახლოს მდებარე სტადიონზე, სადაც რამდენიმე თვით ადრე ფეხბურთის მატჩს ესწრებოდა. ის ამბობს: „კონგრესზე სულ სხვა სურათი დამხვდა. მოწმეები თავაზიანები იყვნენ და კოხტად ეცვათ. ბავშვებიც წესიერად იქცეოდნენ. ამ ხალხს კმაყოფილების გრძნობა და სულის სიმშვიდე ჰქონდა, რაც მე ასე მაკლდა. იმ დღეს წარმოთქმული არცერთი მოხსენება არ მახსოვს, მაგრამ იეჰოვას მოწმეების საქციელი არასდროს დამავიწყდება“. c მოწმეების ასეთი საქციელი გულწრფელი სიყვარულით არის განპირობებული. სწორედ ეს სიყვარული აღძრავს მათ, ერთმანეთს სიკეთითა და პატივისცემით მოექცნენ.

9 ჯონსაც მსგავსი შთაბეჭდილება შეექმნა, როცა იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. ის ამბობს: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ. გეგონებოდა, წმინდანები იყვნენ. მათმა გულწრფელმა სიყვარულმა დამარწმუნა, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე“. d ეს და სხვა არაერთი შემთხვევა ადასტურებს, რომ იეჰოვას მოწმეები იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები არიან.

10. როდის გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს ქრისტიანული სიყვარული დავუმტკიცოთ? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).

10 როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, სრულყოფილი არავინ ვართ. ამიტომ ადრე თუ გვიან სიტყვით ან საქმით გულს ვატკენთ ერთმანეთს e (იაკ. 3:2). განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ქრისტიანული სიყვარული გამოვავლინოთ და სწორი რეაგირება მოვახდინოთ. ამ მხრივ რას ვსწავლობთ იესოსგან? (იოან. 13:15).

ᲘᲔᲡᲝᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ

იესო მოთმინებითა და სიყვარულით ეპყრობოდა თავის მოციქულებს, როცა შეცდომებს უშვებდნენ (იხილეთ აბზაცები 11—13).

11. რა სისუსტე აღმოაჩნდათ იაკობსა და იოანეს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 იესო თავის მიმდევრებს სრულყოფილებას არ სთხოვდა. ის სიყვარულით ეხმარებოდა მათ არასასურველი თვისებების მოშორებაში, რათა ღვთის მოსაწონები გამხდარიყვნენ. ერთხელ მისმა ორმა მოციქულმა, იაკობმა და იოანემ, დედის პირით იესოს სთხოვეს, მათთვის სამეფოში საპატიო ადგილები ებოძებინა (მათ. 20:20, 21). აშკარაა, რომ იაკობისა და იოანეს პრობლემა სიამაყე და ამბიცია იყო (იგავ. 16:18).

12. მხოლოდ იაკობი და იოანე მოიქცნენ უღირსად? ახსენით.

12 ამ შემთხვევაში მხოლოდ იაკობი და იოანე არ მოქცეულან უღირსად. მათეს 20:24-ში ვკითხულობთ: „ეს რომ დანარჩენმა ათმა გაიგო, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე“. ადვილი წარმოსადგენია, რა გაცხარებული საუბარი შედგებოდა მათ შორის. შესაძლოა ასეთი ფრაზებიც გაჟღერებულიყო: „რა დამსახურებისთვის ითხოვთ საპატიო ადგილებს სამეფოში?! მარტო თქვენ ირჯებით იესოს გვერდით?! ჩვენ რით ვართ თქვენზე ნაკლები?!“ როგორც არ უნდა ყოფილიყო, ამ სიტუაციაში მოციქულებს არ ეყოთ ძმური სიყვარული.

13. როგორ რეაგირებდა იესო მოციქულების შეცდომებზე? (მათე 20:25—28).

13 როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს? ის არ გამწარებულა და არ უთქვამს, რომ მათ ნაცვლად უფრო თავმდაბალ და მოსიყვარულე ადამიანებს აირჩევდა მოციქულებად. იესოს ეჭვი არ ეპარებოდა მათ სიალალეში (წაიკითხეთ მათეს 20:25—28). ამიტომ მოთმინება არ დაუკარგავს და მსჯელობით თვალი აუხილა მათ შეცდომებზე. იესო სიყვარულით ეპყრობოდა მოციქულებს და გული არ აუცრუებია მათზე მიუხედავად იმისა, რომ ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი, როცა პირველობის გამო დავობდნენ (მარ. 9:34; ლუკ. 22:24).

14. რა გარემოში უწევდათ ცხოვრება იესოს მოციქულებს?

14 იესო ითვალისწინებდა იმას, თუ რა გარემოში აღიზარდნენ მისი მოციქულები (იოან. 2:24, 25). იმდროინდელი რელიგიური წინამძღოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საზოგადოებრივ მდგომარეობას (მათ. 23:6; შეადარეთ 2010 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილ სტატიას „სინაგოგა, სადაც იესო და მისი მოწაფეები ქადაგებდნენ“, გვ. 16—18). ამასთანავე, საკუთარ სიმართლეში ზედმეტად იყვნენ დარწმუნებული f (ლუკ. 18:9—12). იესოს კარგად ესმოდა, რომ ასეთი გარემო თავის კვალს დააჩნევდა მის მოციქულებსაც (იგავ. 19:11). ამიტომ ის ზედმეტად მომთხოვნი არ იყო თავისი მოწაფეების მიმართ და არც მწვავედ რეაგირებდა მათ შეცდომებზე. იესოს ეჭვი არ ეპარებოდა მათ გულწრფელობაში. ამიტომ მოთმინებით ეხმარებოდა, რომ დაეძლიათ სიამაყე და ამბიცია და სიყვარულით შემოსილიყვნენ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲕᲑᲐᲫᲝᲗ ᲘᲔᲡᲝᲡ

15. რას ვსწავლობთ იაკობისა და იოანეს შემთხვევიდან?

15 ამ შემთხვევიდან ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ. ფაქტია, იაკობსა და იოანეს შეეშალათ, როცა გამორჩეული ადგილები ითხოვეს, მაგრამ არც სხვა მოციქულები მოქცეულან მთლად სწორად, რადგან მაშინ ერთობა ვერ შეინარჩუნეს. და მაინც, იესო 12-ვე მოციქულს მოთმინებითა და სიყვარულით მიუდგა. რას გვასწავლის ეს ჩვენ? ერთია, რა შეეშალა სხვას, მაგრამ მეორე — ჩვენ როგორ ვრეაგირებთ სხვის შეცდომაზე. რა დაგვეხმარება, სწორი რეაქცია გვქონდეს? თუ თანამორწმუნე გაგვანაწყენებს, დავფიქრდეთ: რატომ ვრეაგირებ ასე მწვავედ? ეს ისევ ჩემს სისუსტეზე ხომ არ მეტყველებს? რამე ხომ არ უჭირს ამ ადამიანს? თუნდაც სამართლიანად ვიყო განაწყენებული, შემიძლია უანგარო სიყვარულით გადავფარო მისი შეცდომა? როცა სიყვარულით ვეპყრობით სხვებს, ვამტკიცებთ, რომ ნამდვილად იესოს მოწაფეები ვართ.

16. კიდევ რას ვსწავლობთ იესოსგან?

16 იესოს მაგალითი იმასაც გვასწავლის, რომ უნდა გავუგოთ თანაქრისტიანებს (იგავ. 20:5). მართალია, იესოსავით სხვისი გულის წაკითხვა არ შეგვიძლია, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ მკაცრად არ განვსაჯოთ სხვები (ეფეს. 4:1, 2; 1 პეტ. 3:8). ამაში კი და-ძმების უკეთ გაცნობა დაგვეხმარება, რაზეც ქვემოთ მოყვანილი მაგალითიც მოწმობს.

17. რაში დაგვეხმარება და-ძმების უკეთ გაცნობა? მოიყვანეთ მაგალითი.

17 ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი იხსენებს ძმას, რომლის ხასიათიც აღიზიანებდა: „ნაცვლად იმისა, რომ ამ ძმისგან თავი შორს დამეჭირა, მისი უკეთ გაცნობა გადავწყვიტე“. მან ისეთი დეტალები გაიგო ამ ძმის წარსულიდან, რომ მიხვდა, რამ განაპირობა მისი ასეთი ხასიათი. „მას შემდეგ, რაც გავიგე, რა ფასად უჯდებოდა მას საკუთარ თავთან ბრძოლა და რამხელა პროგრესს მიაღწია, გულწრფელად დავაფასე ის. ჩვენ დავმეგობრდით კიდეც“, — აღნიშნავს ეს სარაიონო ზედამხედველი. ხშირ შემთხვევაში და-ძმების სიყვარული გაგვიადვილდება, თუ შევეცდებით, გავუგოთ.

18. რომელი კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, თუ ვინმე გვაწყენინებს? (იგავები 26:20).

18 ზოგჯერ შეიძლება საჭიროდ ჩავთვალოთ იმ თანაქრისტიანთან საუბარი, რომელმაც გვაწყენინა. თუმცა მანამდე ღირს შემდეგ კითხვებზე დაფიქრება: ბოლომდე ვარ მომხდარში გარკვეული? იქნებ არც უნდოდა ჩემი წყენინება? მე არასდროს მომსვლია მსგავსი შეცდომა? მასთან საუბრით ცეცხლზე ნავთს ხომ არ დავასხამ? (იგავ. 18:13; ეკლ. 7:20; ეკლ. 7:21, 22; წაიკითხეთ იგავების 26:20). თუ ყველაფერს წინასწარ ავწონ-დავწონით, შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ აჯობებს, სიყვარულით გადავფაროთ ეს შეცდომა.

19. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

19 ჩვენი სიყვარულით იეჰოვას მოწმეები ვამტკიცებთ, რომ იესოს ნამდვილი მიმდევრები ვართ. ინდივიდუალურადაც დავამტკიცებთ ამას, თუ ჩვენი უანგარო სიყვარულით გადავფარავთ და-ძმების შეცდომებს. ამგვარად სხვებიც დაინახავენ, რომელია ჭეშმარიტი რელიგია და შეიძლება სურვილიც გაუჩნდეთ, ემსახურონ იეჰოვას, სიყვარულის ღმერთს. ასე რომ, ყოველთვის ვაჩვენოთ ჩვენი სიყვარულით, რომ ქრისტეს ნამდვილი მოწაფეები ვართ.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 17 მსურს

a ბევრს ჭეშმარიტების მიმართ ინტერესი მას შემდეგ უჩნდება, რაც ჩვენ შორის არსებულ გულწრფელ სიყვარულს ხედავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გვეშლება. ზოგჯერ შეიძლება გაგვიჭირდეს კიდეც, თანაქრისტიანს სიყვარულით მოვეპყროთ. რატომ არის სიყვარული მნიშვნელოვანი და როგორ მივბაძოთ იესოს, როცა სხვების ნაკლოვანებებს ვამჩნევთ?

c იხილეთ 2012 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „როგორც იქნა, ცხოვრების აზრი ვიპოვე“, გვ. 13, 14.

d იხილეთ 2012 წლის 1 მაისი „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა“, გვ. 18, 19.

e ამ სტატიაში საუბარი არ მიდის ისეთ სერიოზულ ცოდვებზე, რომლებიც ჩამოთვლილია 1 კორინთელების 6:9, 10-ში და უხუცესების ჩარევას მოითხოვს.

f უფრო გვიანდელ ხანაში მცხოვრებ ერთ-ერთ რაბის მიეწერება შემდეგი სიტყვები: „ამ ქვეყანაზე სულ მცირე ოცდაათი კაცი მაინც იქნება აბრაამივით მართალი. თუ ეს ასეა, ამ ოცდაათში ორი მე და ჩემი ვაჟი ვიქნებით. თუ ათი იქნება, მათში ორი მე და ჩემი ვაჟი ვიქნებით, თუ ხუთი — მათში ორი მე და ჩემი ვაჟი ვიქნებით, თუ ორი — მე და ჩემი ვაჟი ვიქნებით, ხოლო თუ ერთი — მე ვყოფილვარ“.