არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 11

როგორ უნდა მოემზადოთ ნათლობისთვის

როგორ უნდა მოემზადოთ ნათლობისთვის

„რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ (ᲡᲐᲥ. 8:36).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 50 ჩემი მიძღვნის ლოცვა

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ასაკის ადამიანები სათანადო ნაბიჯების გადადგმის შემდეგ ინათლებიან (იხილეთ აბზაცები 1, 2).

1, 2. რატომ არ უნდა გაიტეხოთ გული, თუ ჯერ არ ხართ მზად ნათლობისთვის? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

 ᲗᲣ ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ გსურთ, კარგი მიზანი დაგისახავთ. მზად ხართ ამისთვის? თუ ფიქრობთ, რომ მზად ხართ და უხუცესებიც გეთანხმებიან, პირველივე შესაძლებლობა გამოიყენეთ და გადადგით ეს ნაბიჯი. თქვენ ახალი და საინტერესო ცხოვრება გელით იეჰოვას მსახურებაში.

2 მაგრამ თუ გითხრეს, რომ ნათლობამდე ჯერ კიდევ რაღაც ნაბიჯები გაქვთ გადასადგმელი ან თავად ხვდებით, რომ არ ხართ ამისთვის მზად, გულს ნუ გაიტეხთ. დარწმუნებული იყავით, რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, თქვენ შეგიძლიათ სათანადო ნაბიჯები გადადგათ ნათლობისკენ.

„ᲠᲐ ᲛᲘᲨᲚᲘᲡ ᲮᲔᲚᲡ?“

3. რისი სურვილი გამოთქვა ეთიოპმა კარისკაცმა, მაგრამ რა კითხვა იბადება? (საქმეები 8:36, 38).

3 წაიკითხეთ საქმეების 8:36, 38. ეთიოპმა კარისკაცმა ფილიპე მახარობელს ჰკითხა: „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“. მართალია, ეთიოპმა ნათლობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ იყო კი ნამდვილად მზად ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის?

ეთიოპ კარისკაცს სურდა, უკეთ გაეცნო იეჰოვა (იხილეთ აბზაცი 4).

4. საიდან ჩანდა, რომ ეთიოპ კარისკაცს ცოდნის გაღრმავება სურდა?

4 ეთიოპი კარისკაცი „იერუსალიმში ღვთის თაყვანსაცემად იყო ჩასული“ (საქ. 8:27). გამოდის, რომ ის პროზელიტი იყო ანუ იუდაიზმზე იყო მოქცეული. შესაბამისად, მას უკვე ბევრი რამ ეცოდინებოდა იეჰოვას შესახებ ებრაული წერილებიდან. მაგრამ მას მეტის გაგების სურვილი ჰქონდა. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ როცა ფილიპეს გზაზე შეხვდა, ის ესაიას წინასწარმეტყველებას ჩაჰკირკიტებდა (საქ. 8:28). წინასწარმეტყველება კი ნამდვილად არ იყო მარტივი საკვლევი თემა. აშკარად, ეთიოპი კარისკაცი არ სჯერდებოდა ზედაპირულ ცოდნას და ცდილობდა მის გაღრმავებას.

5. საიდან ჩანს, რომ ეთიოპი კარისკაცი ნასწავლის თანახმად მოქმედებდა?

5 ამ კაცს „ეთიოპთა დედოფლის, კანდაკეს . . . მთელი საგანძური ებარა“ (საქ. 8:27). ასეთი თანამდებობის კაცს, ფაქტია, საქმეც ბევრი ექნებოდა. და მაინც, ის დროს ყოველთვის პოულობდა იეჰოვას თაყვანსაცემად. ეს კაცი მარტო ცოდნას კი არ სჯერდებოდა, არამედ ცდილობდა, ნასწავლი ცხოვრებაში გამოეყენებინა. ამიტომ ეთიოპიიდან იერუსალიმისკენ გრძელ გზას დაადგა, რომ იეჰოვასთვის თაყვანი ეცა ტაძარში. ეს მგზავრობა დიდ დროსა და ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ ამის გამო მას უკან არ დაუხევია.

6, 7. რამ შეაყვარა ეთიოპს უფრო მეტად იეჰოვა?

6 ეთიოპმა კარისკაცმა ფილიპესგან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გაიგო, მათ შორის მესიის ვინაობაც (საქ. 8:34, 35). მასზე, როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა იმის გაგებამ, თუ რა გააკეთა იესომ მისთვის. მას შეეძლო ამაზე რეაგირება არ მოეხდინა და ისევ პროზელიტად დარჩენილიყო. მაგრამ მოსმენილი დაეხმარა, უფრო მეტად შეეყვარებინა იეჰოვა და დაეფასებინა მისი ძე. ამიტომ მან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იესო ქრისტეს მიმდევარი გამხდარიყო. ფილიპეც მიხვდა, რომ ეთიოპი კარისკაცი მზად იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად და მონათლა.

7 ეთიოპის მაგალითი თქვენც დაგეხმარებათ, რომ მოემზადოთ ნათლობისთვის. საბოლოოდ, თქვენც მასავით იტყვით: „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“. მოდი ვიმსჯელოთ, მის მსგავსად რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ: გაიღრმავეთ ცოდნა, იმოქმედეთ ნასწავლის თანახმად და უფრო მეტად შეიყვარეთ ღმერთი.

ᲒᲐᲘᲦᲠᲛᲐᲕᲔᲗ ᲪᲝᲓᲜᲐ

8. რისკენ მოგვიწოდებს იოანეს 17:3?

8 წაიკითხეთ იოანეს 17:3. შესაძლოა თქვენც იესოს ამ სიტყვებმა აღგძრათ ბიბლიის შესწავლისკენ. თუმცა ეს სიტყვები ცოდნის გაღრმავებისკენაც მოგვიწოდებს. ფაქტია, ჩვენ ბოლომდე ვერასდროს გავიცნობთ „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (ეკლ. 3:11). ამისთვის მარადიულობაც არ გვეყოფა. თუმცა რაც უფრო მეტს გავიგებთ მის შესახებ, უფრო დავუახლოვდებით (ფსალმ. 73:28).

9. რისი გაკეთება გვმართებს საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ?

9 იეჰოვას გაცნობა ელემენტარული ცოდნის მიღებით იწყება, რასაც მოციქულმა პავლემ „ღვთის . . . სიტყვის საფუძვლები“ უწოდა (ებრ. 5:12; 6:1). თუმცა მას ამით არ დაუკნინებია საბაზისო ცოდნა, უბრალოდ შეადარა რძეს, რომლითაც ჩვილს კვებავენ. მან ყველა ქრისტიანს მოუწოდა, რომ ამით არ დაკმაყოფილებულიყვნენ და გაეღრმავებინათ ღვთის სიტყვის ცოდნა. ფაქტია, თავიდან ყველა უნდა გავეცნოთ ძირითად ბიბლიურ საკითხებს, მაგრამ ამას არ უნდა დავჯერდეთ და მზად უნდა ვიყოთ, გავიღრმაოთ ცოდნა იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ.

10. რატომ ერთულება ზოგს სწავლა?

10 სწავლა ყველას არ ეადვილება. გიყვართ სწავლა თუ სკოლაშივე მიხვდით, რომ სწავლა თქვენი საქმე არ იყო? თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ. თქვენსავით ბევრია. მაგრამ გახსოვდეთ, იეჰოვა სრულყოფილი და საუკეთესო მასწავლებელია. ასე რომ, მისი დახმარებით თქვენც შეიყვარებთ სწავლას.

11. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა „დიდებული მოძღვარია“?

11 იეჰოვა საკუთარ თავს „დიდებულ მოძღვარს“ უწოდებს (ეს. 30:20, 21). ის მომთმენი, კეთილი და გულისხმიერი მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებში კარგს ეძებს (ფსალმ. 130:3). ის არასდროს გვთხოვს იმაზე მეტს, რაც შეგვიძლია. ჩვენი საოცარი ტვინიც ხომ მან გვიბოძა და ჩვენში სწავლის სურვილიც ჩადო (ფსალმ. 139:14). ამიტომაც სურს, რომ მარადიულად ვსწავლობდეთ და ეს პროცესი სიამოვნებას გვანიჭებდეს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დღესვე შევიყვარებთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას (1 პეტ. 2:2). დაისახეთ რეალური მიზნები და რეგულარულად იკითხეთ და იკვლიეთ ბიბლია (იეს. 1:8). იეჰოვა დაგეხმარებათ, შეიყვაროთ კითხვა და სწავლა.

12. რატომ გვმართებს იესოს ცხოვრების გამოკვლევა?

12 რეგულარულად დაუთმეთ დრო იესოს ცხოვრებისა და მსახურების კვლევას. თუ გვინდა, იეჰოვას ვემსახუროთ, რაც შეიძლება ზუსტად უნდა მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს, განსაკუთრებით კი ამ რთულ პერიოდში (1 პეტ. 2:21). იესოს არ დაუმალავს თავისი მიმდევრებისთვის, რომ სირთულეებს შეხვდებოდნენ (ლუკ. 14:27, 28). მაგრამ მას სჯეროდა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები მასავით ყველაფერს თავს გაართმევდნენ (იოან. 16:33). ასე რომ, საფუძვლიანად გამოიკვლიეთ იესოს ცხოვრება და მიზნად დაისახეთ, თქვენი ყოველდღიური ცხოვრებით აჩვენოთ, რომ ჰბაძავთ მას.

13. რას უნდა ვთხოვდეთ იეჰოვას და რატომ?

13 მხოლოდ ცოდნა არ კმარა. ცოდნა იმისთვის გვჭირდება, რომ გავიცნოთ იეჰოვა, შევიყვაროთ და განვიმტკიცოთ რწმენა (1 კორ. 8:1—3). სწავლის პროცესში სთხოვეთ იეჰოვას, რომ რწმენა გაგიძლიეროთ (ლუკ. 17:5). ის უპასუხოდ არ დატოვებს ასეთ ლოცვებს. ცოდნით შეძენილი რწმენა დაგეხმარებათ შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში (იაკ. 2:26).

ᲘᲪᲮᲝᲕᲠᲔᲗ ᲜᲐᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲮᲛᲐᲓ

ნოე და მისი ოჯახი ღვთის მითითების თანახმად იქცეოდნენ (იხილეთ აბზაცი 14).

14. როგორ დაგვანახვა მოციქულმა პეტრემ, რომ მნიშვნელოვანია ნასწავლის თანახმად ცხოვრება? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 მოციქულმა პეტრემ იმის საჩვენებლად, რომ ქრისტეს მიმდევრებს ნასწავლის თანახმად უნდა ემოქმედათ, ნოეს მაგალითი მოიყვანა. იეჰოვამ ნოეს უთხრა, რომ წარღვნის მეშვეობით ბოლოს მოუღებდა იმდროინდელ ბოროტ საზოგადოებას. თუმცა ნოესა და მის ოჯახს მხოლოდ ამის ცოდნა ვერ იხსნიდა. მათ შესაბამისად უნდა ემოქმედათ და ღვთის მითითებით კიდობანი აეშენებინათ (ებრ. 11:7). ეს დეტალი პეტრემაც მოიხსენია, როცა თქვა: „სანამ კიდობანი შენდებოდა“ (1 პეტ. 3:20). შემდეგ კი მშენებლობის პროცესი ნათლობას შეადარა: „ასევეა ნათლობაც, რომელიც თქვენს ხსნას ემსახურება“ (1 პეტ. 3:21). შეიძლება ითქვას, რომ ნათლობისთვის მზადების პროცესი რაღაცით იმ სამშენებლო პროცესს ჰგავს, რომელშიც ნოე და მისი ოჯახი წლების განმავლობაში იყვნენ ჩაბმული. რა შედის ნათლობისთვის მომზადებაში?

15. რას ნიშნავს გულწრფელი მონანიება?

15 ნათლობისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გულწრფელი მონანიებაა (საქ. 2:37, 38). თავის მხრივ გულწრფელი მონანიება შესაბამისი ცვლილებების მოხდენას ნიშნავს. უკვე თქვით უარი იმაზე, რაც ღმერთს არ მოსწონს, მაგალითად, უზნეობაზე, მოწევასა და ბილწსიტყვაობაზე? (1 კორ. 6:9, 10; 2 კორ. 7:1; ეფეს. 4:29). თუ ჯერ ვერ მოერიეთ საკუთარ თავს, ნუ დანებდებით. ბიბლიის მასწავლებელს ან კრების უხუცესებს სთხოვეთ დახმარება და რჩევები. თუ ახალგაზრდა ხართ და მშობლებთან ცხოვრობთ, მათ სთხოვეთ, დაგეხმარონ იმ ჩვევების მოშორებაში, რომლებიც ხელს გიშლით ნათლობაში.

16. რა შედის კარგ სულიერ განრიგში?

16 არანაკლებ მნიშვნელოვანია, მივყვეთ კარგ სულიერ განრიგს, რაშიც კრების შეხვედრებზე დასწრება და მათში მონაწილეობა იგულისხმება (ებრ. 10:24, 25). მას შემდეგ, რაც მოუნათლავი მაუწყებელი გახდებით, ისე დაგეგმეთ ყველაფერი, რომ რეგულარულად იმსახუროთ. რაც უფრო მეტად მიიღებთ ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობას, მით უფრო სასიამოვნო გახდება ის თქვენთვის (2 ტიმ. 4:5). ახალგაზრდებო, ჰკითხეთ საკუთარ თავს: სულ მშობლებს ხომ არ უწევთ ჩემთვის შეხსენება, რომ კრებას დავესწრო და ვიმსახურო თუ ჩემი სურვილით ვაკეთებ ამას? თუ სულიერ საქმეებში საკუთარი ინიციატივით მონაწილეობთ, ეს თქვენს რწმენაზე და იეჰოვასადმი სიყვარულსა და მადლიერებაზე მეტყველებს. ეს ნამდვილად ღვთისმოსაწონი მსხვერპლია (2 პეტ. 3:11; ებრ. 13:15). იეჰოვას სიამოვნებს ყველაფერი, რასაც ნებაყოფლობით და სიხარულით ვაკეთებთ მისთვის (შეადარეთ 2 კორინთელების 9:7). ეს მხოლოდ მას კი არა, ჩვენც გვანიჭებს სიხარულს.

ᲣᲤᲠᲝ ᲛᲔᲢᲐᲓ ᲨᲔᲘᲧᲕᲐᲠᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ

17, 18. რა დაგეხმარებათ, ნათლობისკენ გააგრძელოთ სვლა? ახსენით (იგავები 3:3—6).

17 ნათლობისკენ მიმავალ გზაზე სირთულეებსაც შეხვდებით. ეს შეიძლება იყოს დაცინვა, წინააღმდეგობა და დევნაც კი (2 ტიმ. 3:12). სისუსტეებთან ბრძოლისას შეიძლება ჩავარდნებიც გქონდეთ. შეიძლება ნათლობა შორეულ მიზნად მოგეჩვენოთ და ამის გამო გული გაგიტყდეთ. რა დაგეხმარებათ, რომ არ შეწყვიტოთ წინსვლა? იეჰოვას სიყვარული.

18 ყველაზე მთავარი, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ის არის, რომ ღმერთი შეიყვაროთ (წაიკითხეთ იგავების 3:3—6). ღვთისადმი ძლიერი სიყვარული დაგეხმარებათ, თავი გაართვათ სირთულეებს. ბიბლიაში ხშირად არის ნახსენები იეჰოვას ურყევი სიყვარული, რომელიც მას თავისი მსახურების მიმართ აქვს. ასეთი სიყვარული იეჰოვას უბიძგებს, უერთგულოს თავის მსახურებს და ადვილად არ აიცრუოს გული მათზე (ფსალმ. 100:5). ჩვენ ღმერთმა თავის მსგავსებად შეგვქმნა (დაბ. 1:26). ამიტომ ჩვენც გვაქვს უნარი, გამოვხატოთ ასეთი სიყვარული. განვიხილოთ, როგორ.

ყოველდღიურად გამოხატეთ მადლიერება იეჰოვასადმი (იხილეთ აბზაცი 19). b

19. როგორ შეგიძლიათ გაიღრმაოთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა თქვენთვის აკეთებს? (გალატელები 2:20).

19 იყავით მადლიერი (1 თეს. 5:18). ყოველდღე დაფიქრდით იმაზე, როგორ გაგრძნობინათ იეჰოვამ თავისი სიყვარული. ლოცვაში კონკრეტულად მოიხსენიეთ ის, რისთვისაც მას ემადლიერებით. მიჰბაძეთ პავლეს და ყველაფერში, რასაც იეჰოვა თქვენთვის აკეთებს, შეეცადეთ, პირადად თქვენდამი გამოვლენილი მზრუნველობა და სიყვარული დაინახოთ (წაიკითხეთ გალატელების 2:20). დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ სიყვარულზე სიყვარულითვე უპასუხოთ იეჰოვას. სიყვარული დაგეხმარებათ, რომ გაუძლოთ ცდუნებებს, გადალახოთ სირთულეები და მიჰყვეთ სულიერ განრიგს, რაც საშუალებას მოგცემთ, ყოველდღიურად დაუმტკიცოთ სიყვარული ზეციერ მამას.

20. რა იგულისხმება მიძღვნაში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი?

20 დროთა განმავლობაში იეჰოვას სიყვარული აღგძრავთ, რომ თავი მიუძღვნათ მას ლოცვაში. მიძღვნა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ მარადიულად მისი მსახური იყოთ. იეჰოვასთვის თავის მიძღვნა იმას ნიშნავს, რომ მას უერთგულებთ ჭირშიც და ლხინშიც. ამ აღთქმას ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დებთ. ფაქტია, მიძღვნა სერიოზული ნაბიჯია, მაგრამ ამაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ ცხოვრებაში (ფსალმ. 50:14). სატანა შეეცდება, რომ ღვთისადმი სიყვარული გაგინელოთ და უღალატოთ ღმერთს. ნუ გაახარებთ ღვთის მტერს! (იობ. 27:5). ღვთისადმი ძლიერი სიყვარული დაგეხმარებათ, რომ უერთგულოთ თქვენს აღთქმას და კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ზეციერ მამას.

21. რატომ არის ნათლობა დასაწყისი და არა დასასრული?

21 მას შემდეგ, რაც იეჰოვას ლოცვაში მიუძღვნით თავს, გაესაუბრეთ უხუცესებს და უთხარით, რომ გსურთ მონათვლა. გახსოვდეთ, რომ ნათლობა დასასრული კი არა, იმ გზის დასაწყისია, რომელიც იეჰოვას მარადიულად მსახურების საშუალებას მოგცემთ. დაისახეთ კონკრეტული მიზნები, რომლებიც დაგეხმარებათ, უფრო მეტად შეიყვაროთ ზეციერი მამა. ეს კი ნათლობისთვის მოგამზადებთ. ეს იქნება თქვენს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე. დაე ამ დღიდან მოყოლებული, კიდევ უფრო განმტკიცდეს თქვენი სიყვარული იეჰოვასა და მისი ძისადმი!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 135 იეჰოვას თბილი თხოვნა: „შვილო, იყავი ბრძენი“

a ნათლობისთვის მაშინ ვიქნებით მზად, თუ ჩვენი მოტივიც და საქციელიც სათანადო იქნება. ეთიოპი კარისკაცის მაგალითიდან გავიგებთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბიბლიის შემსწავლელმა, რომ მზად იყოს ნათლობისთვის.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ახალგაზრდა და ლოცვაში მადლიერებას გამოხატავს იეჰოვასადმი.