ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 13
უკეთ გააცანით შვილებს იეჰოვა მისი ქმნილებების მეშვეობით
„ვინ შექმნა ეს ყველაფერი?“ (ᲔᲡ. 40:26).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 11 შემოქმედება განადიდებს იეჰოვას
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რა სურთ მშობლებს?
ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲝ, გვჯერა, რომ გსურთ შვილებს იეჰოვა გააცნოთ და შეაყვაროთ. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ იეჰოვა მათთვის რეალური პიროვნება იყოს და დაუახლოვდნენ მას მიუხედავად იმისა, რომ ის უხილავია? (იაკ. 4:8).
2. როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვას შესახებ ასწავლონ შვილებს?
2 თუ გსურთ, დაეხმაროთ შვილებს იეჰოვასთან დაახლოებაში, ამის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება მათთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებაა (2 ტიმ. 3:14—17). თუმცა ბიბლიაში იეჰოვას გასაცნობად კიდევ ერთ საშუალებაზეა საუბარი. „იგავებში“, როგორც ჩანს, მამა შვილს ახსენებს, რომ არასდროს დაივიწყოს ღვთის თვისებები, რომლებიც მის ქმნილებებში ჩანს (იგავ. 3:19—21). განვიხილოთ, როგორ შეუძლიათ მშობლებს, ქმნილებების მაგალითით უკეთ გააცნონ შემოქმედი თავიანთ შვილებს.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝᲗ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲡ ᲥᲛᲜᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘᲗ
3. რაში უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს?
3 ბიბლიაში წერია, რომ ღვთის „უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული, რადგან ეს ყოველივე შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომ. 1:20). ალბათ გსიამოვნებთ შვილებთან ბუნებაში დროის სასიამოვნოდ გატარება. ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ შემთხვევებს, რომ შვილებს დაანახვოთ ქმნილებებსა და იეჰოვას თვისებებს შორის კავშირი. ამ მხრივ საინტერესოა, იესოს მაგალითი.
4. როგორ ასწავლიდა იესო ქმნილებების მაგალითით თავის მოწაფეებს? (ლუკა 12:24, 27—30).
4 ყურადღება მიაქციეთ, როგორ ასწავლიდა იესო თავის მოწაფეებს ქმნილებების მაგალითზე. ერთხელ მათ უთხრა, დაკვირვებოდნენ ყორნებსა და შროშნებს (წაიკითხეთ ლუკას 12:24, 27—30). მას შეეძლო ნებისმიერი სხვა მაგალითი მოეყვანა ბუნებიდან, მაგრამ ისეთ ფრინველზე და ყვავილზე ისაუბრა, რომლებიც მისი მოწაფეებისთვის კარგად ნაცნობი იყო. იმ დროს, როცა იესო მათ ესაუბრებოდა, შესაძლოა მოწაფეები სწორედ ამ ფრინველებს და მინდვრის ყვავილებს ხედავდნენ, იესო კი, შესაძლოა, ზეცისკენ და ირგვლივ აბიბინებული მინდორ-ველებისკენ იშვერდა ხელს. იესოს ამ მაგალითებით სურდა ესწავლებინა თავისი მოწაფეებისთვის, თუ როგორი გულუხვი და კეთილია ზეციერი მამა. როგორც ყორნებზე და შროშნებზე ზრუნავს იეჰოვა, ისევე ზრუნავს თავის ერთგულ მსახურებზე, რომ არ აკლდეთ საკვები და ჩასაცმელი.
5. როგორ შეუძლიათ მშობლებს უკეთ გააცნონ იეჰოვა თავიანთ შვილებს?
5 მშობლებო, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იესოს? შეგიძლიათ შვილს ელაპარაკოთ თქვენს საყვარელ ცხოველზე ან მცენარეზე. ასეთი საუბრების დროს ეცადეთ, დაანახვოთ მას, როგორი პიროვნებაა იეჰოვა. შემდეგ ჰკითხეთ, თავად რომელი ცხოველი ან მცენარე მოსწონს. დიდი ალბათობით, ის უფრო ყურადღებით მოგისმენთ, თუ მისთვის საინტერესო ცხოველის ან მცენარის მაგალითზე აუხსნით, როგორი ღმერთია იეჰოვა.
6. რას ვსწავლობთ ქრისტოფერის დედისგან?
6 მშობლებს მაინც და მაინც სამეცნიერო კვლევის ჩატარება არ სჭირდებათ, რომ შვილებს უკეთ გააცნონ იეჰოვა ქმნილებების მეშვეობით. არც იესოს უსაუბრია დეტალურად ყორნების ქცევებზე და შროშნების უჯრედულ აგებულებაზე. შეიძლება დროდადრო თქვენმა შვილმა მეტის გაგება მოისურვოს გარე სამყაროზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალო კითხვის დასმა ან დაკვირვების გაზიარება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. ერთი ძმა ქრისტოფერი თავისი ბავშვობიდან ასეთ რამეს იხსენებს: „დედა უბრალო დაკვირვებებს გვიზიარებდა, რომ მეტად დაგვეფასებინა შემოქმედება. თუ მთაში ვიყავით, გვეუბნებოდა ხოლმე: ნახეთ, რამხელა და რა ლამაზი მთებია. რა საოცარიაო არა იეჰოვა?! ან თუ ზღვაზე ვიყავით, ასეთ რამეს გვეუბნებოდა: შეხედეთ, რა ტალღებია. ხომ ძლიერიაო იეჰოვა?! ასე მარტივად ახერხებდა დედა, რომ დავეფიქრებინეთ იეჰოვას შემოქმედებაზე“.
7. როგორ შეგიძლიათ დააფიქროთ შვილი ღვთის შემოქმედებაზე?
7 როცა თქვენი შვილი წამოიზრდება, შეგიძლიათ უფრო მეტად დააფიქროთ ღვთის შემოქმედებაზე, რათა უკეთ ჩასწვდეს იეჰოვას თვისებებს. მაგალითად, მოიხსენიეთ ერთი კონკრეტული ქმნილება და ჰკითხეთ: რას გასწავლის ეს იეჰოვას შესახებ? შეიძლება მისმა პასუხმა გაგაკვირვოთ კიდეც (მათ. 21:16).
ᲠᲝᲓᲘᲡ ᲨᲔᲒᲕᲘᲫᲚᲘᲐ ᲕᲔᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐᲖᲔ
8. რისი შესაძლებლობა ეძლეოდათ ისრაელში მშობლებს?
8 იეჰოვა ისრაელ მშობლებს მოუწოდებდა, რომ მისი მითითებები ესწავლებინათ თავიანთი შვილებისთვის „გზაზე სიარულისას“ (კან. 11:19). გზები ისრაელის მთელ ტერიტორიაზე გადიოდა. გზად სხვადასხვა ცხოველს, ფრინველს და მცენარეს შეხვდებოდით. მგზავრობისას მშობლებს შეეძლოთ დაეინტერესებინათ შვილები იეჰოვას ქმნილებებით. მშობლებო, ალბათ თქვენც გეძლევათ მსგავსი შესაძლებლობები. ვნახოთ, როგორ ახერხებს ამას ზოგი მშობელი.
9. რას ვსწავლობთ აბზაცში მოხსენიებული დებისგან?
9 ერთი და, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქში ცხოვრობს, ამბობს: „ყოველ ჯერზე, როცა სოფელში ნათესავებს ვსტუმრობთ, ვცდილობთ, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და იეჰოვას საოცარი ქმნილებები ჩვენს შვილებს უკეთ გავაცნოთ. ვხედავ, რომ ბავშვები ხმაურიანი ქალაქისგან შორს უკეთ აღიქვამენ მათ ირგვლივ სამყაროს“. მშობლებო, თქვენს შვილებს არასდროს დაავიწყდებათ სასიამოვნო გარემოში თქვენთან ერთად გატარებული დრო. ერთი მოლდოველი და ამბობს: „ბავშვობიდან ყველაზე კარგად მშობლებთან ერთად სოფელში გატარებული დრო მახსენდება. მადლიერი ვარ მათი, რომ პატარაობიდანვე მიმაჩვიეს, დავკვირვებოდი ქმნილებებს და მათ მიღმა შემოქმედი დამენახა“.
10. რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, თუ ვერ ახერხებენ ქალაქგარეთ გასვლას? (იხილეთ ჩარჩო „იდეები მშობლებისთვის“).
10 რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ ვერ ახერხებთ ქალაქგარეთ გასვლას? ინდოეთში მცხოვრები ერთი ძმა ამბობს: „ჩვენთან მშობლებს დღედაღამ მუშაობა უწევთ და იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ ბავშვები ქალაქგარეთ გაიყვანონ. თუმცა ქმნილებებზე დაკვირვება და ღვთის თვისებებზე საუბარი პატარა სკვერშიც შეიძლება ან სულაც აივანზე“. თუ დაკვირვებული იქნებით, ალბათ თქვენს სახლთან ახლოსაც ნახავთ ისეთ რამეს, რაზეც შეგიძლიათ შვილებს ესაუბროთ, მაგალითად, ფრინველებს, მწერებს ან მცენარეებს (ფსალმ. 104:24). ერთი გერმანელი და ამბობს: „დედაჩემი ყვავილებზე გიჟდება. ამიტომ, როცა პატარა ვიყავი და ერთად ვსეირნობდით, ლამაზ-ლამაზ ყვავილებს მაჩვენებდა ხოლმე“. ღვთის ორგანიზაციამ შვილებისთვის სწავლების გასამარტივებლად ბევრი ვიდეო თუ პუბლიკაცია გამოსცა შემოქმედებასთან დაკავშირებით. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ყველგან გვეძლევა შესაძლებლობა, რომ შვილებს ღვთის ქმნილებებზე დაკვირვება ვასწავლოთ. მოდი ვიმსჯელოთ იეჰოვას ზოგიერთ თვისებაზე, რომლებზეც შეგიძლიათ შვილებს ესაუბროთ.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲣᲮᲘᲚᲐᲕᲘ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘ ᲜᲐᲗᲚᲐᲓ ᲩᲐᲜᲡ
11. როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვას სიყვარული დაანახვონ შვილებს?
11 შვილებს იეჰოვას სიყვარულის დასანახვებლად ყურადღება გაუმახვილეთ, როგორ სათუთად ზრუნავენ ცხოველები თავიანთ პატარებზე (მათ. 23:37). შეგიძლიათ ბუნებაში არსებულ მრავალფეროვნებაზეც გაუმახვილოთ ყურადღება. ზემოთ მოხსენიებული გერმანელი და ამბობს: „როცა დედასთან ერთად ვსეირნობდი, ის მაჩვენებდა, როგორ განსხვავდებოდნენ ყვავილები ერთმანეთისგან და, რომ მათი სილამაზე იეჰოვას სიყვარულზე მეტყველებდა. დღემდე მიყვარს სხვადასხვა ფერის, ფორმისა და სახეობის ყვავილზე დაკვირვება. ისინი შემახსენებენ, რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას“.
12. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, ჩასწვდნენ იეჰოვას სიბრძნეს? (ფსალმუნი 139:14; იხილეთ აგრეთვე სურათი).
12 დაეხმარეთ შვილებს, ჩასწვდნენ იეჰოვას განუზომელ სიბრძნეს (რომ. 11:33). მაგალითად, აუხსენით, როგორ წარმოიქმნება ღრუბლები წყლის წვეთებისგან და როგორ მსუბუქად დაცურავენ ცაში (იობ. 38:36, 37). შეგიძლიათ ადამიანის საოცარ სხეულზეც გაუმახვილოთ ყურადღება (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:14). ერთი მშობელი ასეთ რამეს ამბობს: „ერთ დღეს ჩვენი შვილი ველოსიპედიდან გადმოვარდა და მუხლი გადაეყვლიფა. ჭრილობა რამდენიმე დღეში მოუშუშდა. მე და ჩემმა ცოლმა ავუხსენით მას, რომ იეჰოვამ თვითაღდგენის უნარით შეგვქმნა. ისიც ვუთხარით, რომ მსგავსი უნარი არაფერს აქვს, რაც ადამიანს შეუქმნია, მაგალითად, ავარიაში მოყოლილი მანქანა თავისით ვერ გაკეთდება. ასე უკეთ დავანახვეთ ჩვენს შვილს იეჰოვას სიბრძნე“.
13. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაანახვონ შვილებს იეჰოვას ძალა? (ესაია 40:26).
13 იეჰოვა მოგვიწოდებს, ავხედოთ ცას და დავფიქრდეთ, როგორ მოჰყავს ციური სხეულები მოძრაობაში თავისი ძალით (წაიკითხეთ ესაიას 40:26). თქვენც წაახალისეთ შვილები, ახედონ ცას და დაფიქრდნენ. აი რას იხსენებს თავისი ბავშვობიდან ერთი ტაივანელი და: „ერთხელ დედასთან ერთად ლაშქრობისას ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვაკვირდებოდით. იმ პერიოდში თანატოლების ზეგავლენაში ვიყავი და ვფიქრობდი, შევძლებდი კი იეჰოვას მსახურებას. მაშინ დედამ მითხრა, დავფიქრებულიყავი, რამხელა ძალა გამოიყენა იეჰოვამ ვარსკვლავების შესაქმნელად და იმაშიც დამარწმუნა, რომ ასეთი ძალის პატრონს არც ჩემი დახმარება გაუჭირდებოდა. ამ შემთხვევამ გადამაწყვეტინა, უკეთ გამეცნო იეჰოვა და უარი არ მეთქვა მის მსახურებაზე“.
14. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაანახვონ შვილებს, რომ იეჰოვა ბედნიერი ღმერთია?
14 იეჰოვას ქმნილებები იმაზეც მეტყველებს, რომ ის ბედნიერი ღმერთია და იუმორის გრძნობა აქვს. მეცნიერთა დაკვირვებით, ცხოველთა უმეტესობას უყვარს თამაში, მათ შორის ფრინველებს და თევზებს (იობ. 40:20). უცინიათ თქვენს შვილებს ცხოველების თამაშის დანახვაზე? მაგალითად, როგორ მისდევს კნუტი ძაფის გორგალს ან როგორ ჭიდაობენ ლეკვები. შემდეგ ჯერზე, როცა თქვენი შვილები გახალისდებიან ცხოველების ანცობაზე, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და აუხსენით, რომ იეჰოვა ბედნიერი ღმერთია (1 ტიმ. 1:11).
ᲝᲯᲐᲮᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲓᲐᲢᲙᲑᲘᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲗ
15. რა დაეხმარება მშობლებს შვილის გულისნადების გაგებაში? (იგავები 20:5; იხილეთ აგრეთვე სურათი).
15 დროდადრო მშობლებს შეიძლება გაუჭირდეთ იმის გაგება, თუ რა პრობლემებს ხვდებიან მათი შვილები. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, შეიძლება ძალისხმევის ფასად დაგიჯდეთ მათი გულისნადების გაგება (წაიკითხეთ იგავების 20:5). ზოგ მშობელს უადვილდება ამის გაკეთება, როცა შვილებთან ერთად ბუნებაში ატარებს დროს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ასეთ გარემოში როგორც მშობლისთვის, ისე შვილისთვის მომცდენი ფაქტორი ნაკლებია. ერთი ტაივანელი ძმა კიდევ ერთ მიზეზს აღნიშნავს: „როცა შვილებთან ერთად სადმე მთაში ან სანაპიროზე ვსეირნობთ, ისინი თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ. ასეთ დროს გვიადვილდება, გავიგოთ, რა აქვთ გულში“. ზემოთ მოხსენიებული მოლდოველი და კი ამბობს: „სკოლის შემდეგ მე და დედა პარკში ვსეირნობდით ხოლმე. ასეთ გარემოში მიადვილდებოდა იმაზე საუბარი, რა ხდებოდა სკოლაში და რას განვიცდიდი“.
16. როგორ შეუძლიათ ოჯახებს სასიამოვნოდ გაატარონ დრო ბუნებაში?
16 ბუნებაში ოჯახებს შეუძლიათ დრო სასიამოვნოდ გაატარონ და განიტვირთონ, რაც ოჯახურ კვანძებს აძლიერებს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის გართობასაც (ეკლ. 3:1, 4). ჩვენ ირგვლივ ბევრი ისეთი რამაა შექმნილი, რაც საშუალებას გვაძლევს, დრო სასიამოვნოდ გავატაროთ. ბევრს მოსწონს ტყეში, სოფელში, მთაში ან ზღვაზე დასვენება. ბავშვებს უყვართ სკვერებში სირბილი და თამაში, ცხოველებზე დაკვირვება და მდინარეში და ზღვაში ბანაობა. მართლაც, რამდენი შესაძლებლობა გვაქვს, რომ იეჰოვას შექმნილი ბუნებით დავტკბეთ.
17. რატომ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს, ისიამოვნონ იეჰოვას ქმნილებებით?
17 ახალ ქვეყნიერებაში აღარაფერი შეგვიშლის ხელს, რომ სრულად დავტკბეთ იეჰოვას ქმნილებებით. იმ დროს არ შეგვეშინდება ცხოველების და არც მათ ექნებათ ჩვენი შიში (ეს. 11:6—9). არც დროში ვიქნებით შეზღუდული (ფსალმ. 22:26). თუმცა მშობლებო, დღესვე დაეხმარეთ შვილებს, რომ ისიამოვნონ იეჰოვას ქმნილებებით. თუ ქმნილებების მეშვეობით უკეთ გააცნობთ შემოქმედს, ისინი მეფე დავითივით მას ეტყვიან: „ვერავინ იქმს შენნაირ საქმეებს!“ (ფსალმ. 86:8).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 134 შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან
a ბევრ და-ძმას სასიამოვნოდ ახსენდება, როგორ ატარებდნენ მშობლებთან დროს ბუნებაში. მათ დღემდე ახსოვთ, როგორ იყენებდნენ მათი მშობლები ამ შემთხვევებს, რომ მათთვის იეჰოვა უკეთ გაეცნოთ. თუ მშობელი ხართ, როგორ შეგიძლიათ ქმნილებების მაგალითით დაანახვოთ თქვენს შვილებს იეჰოვას თვისებები? ამაზე წინამდებარე სტატიაში ვიმსჯელებთ.