არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აფასებთ ღვთის სიტყვას?

აფასებთ ღვთის სიტყვას?

„თქვენამდე როცა მოაღწია ღვთის სიტყვამ . . . მიიღეთ იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა“ (1 თეს. 2:13).

სიმღერები: 96, 94

13. რა შეიძლებოდა გამხდარიყო ევოდიასა და სინტიქეს უთანხმოების მიზეზი და როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემების თავიდან არიდება? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

იეჰოვას მსახურები ძალიან ვაფასებთ ღვთის წმინდა წიგნს, ბიბლიას. არასრულყოფილების გამო დროდადრო ყველანი ვიღებთ ბიბლიურ რჩევებს. როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ასეთ რჩევებზე? გავიხსენოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები, ევოდია და სინტიქე. ამ ცხებულ ქალებს შორის სერიოზულმა პრობლემებმა იჩინა თავი. მართალია, ბიბლია არ ასახელებს ამ პრობლემებს, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის წარმოვიდგინოთ შემდეგი რამ.

2 დავუშვათ, ევოდიამ თავის სახლში დაპატიჟა და-ძმები სადილად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მაგრამ სინტიქე არ დაუპატიჟებია. მოგვიანებით სინტიქემ გაიგო, რომ მათ კარგი დრო გაატარეს ერთად და გაიფიქრა: „ვერ ვიჯერებ, რომ ევოდიამ არ დამპატიჟა! მეგონა, საუკეთესო მეგობრები ვიყავით“. მას ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს უღალატეს, ამიტომ ეჭვის თვალით დაუწყო ყურება ევოდიას. შემდეგ სინტიქემ დაპატიჟა თავისთან სტუმრად იგივე და-ძმები, მაგრამ ევოდია არ დაუპატიჟებია. ევოდიასა და სინტიქეს შორის არსებულ პრობლემას შეიძლებოდა კრების მშვიდობა დაერღვია. ბიბლია არ ამბობს, მოაგვარეს თუ არა ამ დებმა უთანხმოება. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ მათ გაითვალისწინეს პავლე მოციქულის მიერ სიყვარულით მიცემული რჩევა (ფილ. 4:2, 3).

3 მსგავსი პრობლემები დღესაც იჩენს თავს იეჰოვას ხალხის კრებებში. მაგრამ მათი მოგვარება ან თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ ღვთის სიტყვის რჩევებს გავითვალისწინებთ. თუ მთელი გულით ვაფასებთ ბიბლიას, მასში ჩაწერილი მითითებების თანახმად ვიცხოვრებთ (ფსალმ. 27:11).

ღვთის სიტყვის დახმარებით ემოციების გაკონტროლება

4, 5. რა რჩევებს გვაძლევს ღვთის სიტყვა ემოციების გასაკონტროლებლად?

4 ემოციების გაკონტროლება ადვილი არ არის, როცა არაფრად გვაგდებენ ან უსამართლოდ გვეპყრობიან. წარმოშობის, კანის ფერის ან გარეგნობის გამო ცუდად მოპყრობამ შეიძლება ემოციური ზიანი მოგვაყენოს. ეს უფრო მტკივნეული ხდება, როცა მსგავს დამოკიდებულებას თანაქრისტიანის მხრიდან ვგრძნობთ! შეუძლია ღვთის სიტყვას დახმარება, თუ არასრულყოფილების ამგვარ გამოვლინებას ვაწყდებით?

5 იეჰოვა ადამიანთა ურთიერთობებს მათი შექმნის დღიდან აკვირდება. ის ამჩნევს ჩვენს გრძნობებსა და საქციელს. ფიქრმა შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ვთქვათ ან გავაკეთოთ ისეთი რამ, რასაც მოგვიანებით ვინანებთ, მით უმეტეს, თუ ფიქრს ძლიერი ემოციები ახლავს. რამდენად გონივრულია, გავითვალისწინოთ ბიბლიის რჩევა, რომ გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და მალევე არ გავნაწყენდეთ! (წაიკითხეთ იგავების 16:32; ეკლესიასტეს 7:9). უეჭველია, თითოეული უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლებად მგრძნობიარენი ვიყოთ და მეტად ვაპატიოთ სხვებს. იეჰოვასთვის და იესოსთვის პატიება უმნიშვნელო საკითხი არ არის (მათ. 6:14, 15). თქვენც ხომ არ გმართებთ, რომ უფრო მიმტევებლები გახდეთ ან მეტად გააკონტროლოთ ემოციები?

6. რატომ არ უნდა ჩავიდოთ გულში ბოღმა?

6 ადამიანი, რომელიც არ აკონტროლებს თავის ემოციებს, ხშირად ბოღმიანი ხდება. შედეგად, სხვები შეიძლება მოერიდონ მასთან ურთიერთობას. ასეთი ადამიანი ცუდ გავლენას ახდენს კრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება შეეცადოს თავისი ბოღმისა და სიძულვილის დამალვას, მისი უარყოფითი აზროვნება „კრებულში გამჟღავნდება“ (იგავ. 26:24—26). უხუცესების დახმარებით მან შეიძლება შეიგნოს, რომ ღვთის ორგანიზაციაში ბოღმა, სიძულვილი და წყენის გულში ჩატოვება დაუშვებელია. ეს ნათლად ჩანს ღვთის სიტყვიდან (ლევ. 19:17, 18; რომ. 3:11—18). ეთანხმებით მას?

როგორ გვეწევა ხელმძღვანელობა

7, 8. ა) როგორ მიუძღვის იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს? ბ) რომელია ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მითითებებიდან ზოგიერთი და რატომ უნდა დავემორჩილოთ მათ?

7 დღეს იეჰოვა მიუძღვის თავისი ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს და სულიერად კვებავს მას „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით, რომელსაც ქრისტე, „კრების თავი“ ხელმძღვანელობს (მათ. 24:45—47; ეფეს. 5:23). პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მსგავსად ეს მონაც აფასებს ღვთივშთაგონებულ სიტყვას, ანუ ცნობას, და იცავს მასში ჩაწერილ მითითებებს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:13). რომელია იმ მითითებებიდან ზოგიერთი, რომლებიც ბიბლიაში ჩვენდა სასიკეთოდ ჩაიწერა?

8 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ რეგულარულად დავესწროთ კრების შეხვედრებს და სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებში ერთი აზრი გვქონდეს (1 კორ. 1:10; ებრ. 10:24, 25). ის გვირჩევს, ცხოვრებაში პირველ ადგილზე ღვთის სამეფო დავაყენოთ (მათ. 6:33). ამასთან, წმინდა წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ არაფორმალურად, კარდაკარ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება ჩვენი ვალდებულებაცაა და დიდი პატივიც (მათ. 28:19, 20; საქ. 5:42; 17:17; 20:20). თავის სიტყვაში იეჰოვა უხუცესებს აძლევს მითითებას, რომ მისი ორგანიზაციის სიწმინდე დაიცვან (1 კორ. 5:1—5, 13; 1 ტიმ. 5:19—21). თავისი ორგანიზაციის თითოეული წევრისგან იეჰოვა ფიზიკური თუ სულიერი სიწმინდის შენარჩუნებას მოითხოვს (2 კორ. 7:1).

9. რომელი არხის მეშვეობით გვეხმარება დღეს იესო, რომ უკეთ გავიგოთ ღვთის სიტყვა?

9 ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია ბიბლიის ახსნა. მაგრამ იესომ სულიერი საზრდოს გასანაწილებლად ერთადერთი არხი — „ერთგული მონა“ აირჩია. 1919 წლიდან მოყოლებული განდიდებული იესო ქრისტე სწორედ ამ მონის მეშვეობით ეხმარება თავის მიმდევრებს, რომ უკეთ გაიგონ ღვთის სიტყვა და მიჰყვნენ მასში ჩაწერილ მითითებებს. თუ დავემორჩილებით ბიბლიურ მითითებებს, კრების სიწმინდეს, მშვიდობასა და ერთიანობას შევუწყობთ ხელს. თითოეულმა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: ვარ იესოს მიერ დაყენებული მონის ერთგული?

იეჰოვას ეტლი შეუჩერებლად მოძრაობს!

10. როგორ აღწერს წიგნი „ეზეკიელი“ იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს?

10 ღვთის სიტყვიდან ვიგებთ ღვთის ორგანიზაციის ზეციერი ნაწილის შესახებ. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ხილვაში ნახა ზეციერი ეტლი, რომელიც ღვთის ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს განასახიერებს (ეზეკ. 1:4—28). იეჰოვა თავისი სულით მართავს ამ ეტლს. თავის მხრივ, მისი ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი ხელმძღვანელობს მიწიერ ნაწილს. უეჭველია, ეს ეტლი არ გაჩერებულა. დაფიქრდით ბოლო ათ წელიწადში განხორციებულ ორგანიზაციულ ცვლილებებზე და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ცვლილებების უკან იეჰოვა დგას! იესო ქრისტე და მისი წმინდა ანგელოზები სადაცაა გაანადგურებენ ამ ბოროტ ქვეყნიერებას, ამიტომ იეჰოვას ეტლი სწრაფად მოძრაობს მისი უზენაესობის დასამტკიცებლად და მისი სახელის განსაწმენდად!

ძალიან მადლიერი ვართ იმ მოხალისეების, რომლებიც დაუღალავად შრომობენ სამშენებლო პროექტებზე! (იხილეთ აბზაცი 11)

11, 12. რას მიაღწია იეჰოვას ორგანიზაციამ ბოლო წლებში?

11 დაფიქრდით, რას მიაღწია ბოლო წლებში ღვთის ორგანიზაციის მიწიერმა ნაწილმა. მშენებლობა. ასობით და-ძმა მუხლჩაუხრელად შრომობდა უორიკში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეთა ახალი სამმართველოს მშენებლობაზე. მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილების ხელმძღვანელობით მთელ მსოფლიოში ათასობით მოხალისე მძიმედ შრომობს ახალი სამეფო დარბაზების ასაშენებლად და ფილიალების გასაფართოებლად. ძალიან მადლიერი ვართ ამ მოხალისეების, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ასეთ პროექტებზე! უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა დედამიწის ყველა კუთხეში აკურთხებს სამეფოს თავმდაბალ მაუწყებლებს, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობიდან გამომდინარე ერთგულად უჭერენ მხარს ფინანსურად ასეთ პროექტებს (ლუკ. 21:1—4).

12 განათლება. დაფიქრდით აგრეთვე იმ სკოლებზე, რომლებიც ხელს უწყობს ღვთის ხალხის სულიერ განათლებას (ეს. 2:2, 3). მათ შორისაა პიონერული მსახურების სკოლა, სამეფოს მახარობელთა სკოლა, სკოლა „გალაადი“, სკოლა ახალი ბეთელელებისთვის, სკოლა სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის, უხუცესების სკოლა, სამეფო მსახურების სკოლა და სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისა და მათი მეუღლეებისთვის. აშკარაა, რომ იეჰოვა სიამოვნებით მოძღვრავს თავის ხალხს! ღვთიური განათლების მიღებას ხელს უწყობს აგრეთვე ჩვენი ვებ-გვერდი jw.org, სადაც ბიბლიური ლიტერატურა ასობით ენაზეა ხელმისაწვდომი. ვებ-გვერდზე არის განყოფილებები ბავშვებისა და ოჯახებისთვის, აგრეთვე ახალი ამბების განყოფილება. იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს მსახურებაში და ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს?

უერთგულეთ იეჰოვას და მხარი დაუჭირეთ მის ორგანიზაციას!

13. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, როგორც იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებს?

13 იეჰოვას ორგანიზაციის წევრად ყოფნა უდიდესი პატივია! ღვთის მოთხოვნებისა და ნორმების ცოდნა პასუხისმგებლობას გვაკისრებს, სწორად მოვიქცეთ და მხარი დავუჭიროთ ღვთის უზენაესობას. ვინაიდან ეს ქვეყნიერება უფრო და უფრო ღრმად ეფლობა უზნეობის ჭაობში, იეჰოვას მსგავსად ჩვენც უნდა შევიძულოთ ბოროტება (ფსალმ. 97:10). ჩვენ არ გვინდა, მოვექცეთ უღვთოთა გავლენაში, რომლებიც კარგს ცუდს უწოდებენ და ცუდს — კარგს (ეს. 5:20). ჩვენი სურვილია, ღვთის მოსაწონები ვიყოთ, ამიტომ ძალისხმევას არ ვაკლებთ ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის შენარჩუნებას (1 კორ. 6:9—11). ჩვენ გვიყვარს იეჰოვა და ვენდობით მას. მისადმი ერთგულების დასამტკიცებლად მის სიტყვაში ჩაწერილი ნორმების თანახმად ვცხოვრობთ. ყოველ ღონეს ვახმართ, რომ ყველგან — სახლში, კრებაში, სამსახურსა თუ სკოლაში ამ ნორმების შესაბამისად ვიმოქმედოთ (იგავ. 15:3). ქვემოთ განვიხილავთ, თუ კიდევ როგორ შეგვიძლია ღვთისადმი ერთგულების დამტკიცება.

14. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს ღვთისადმი ერთგულების დამტკიცება?

14 შვილების აღზრდა. ქრისტიანი მშობლები, რომლებიც ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევების თანახმად ზრდიან შვილებს, ამტკიცებენ, რომ იეჰოვას ერთგულები არიან. ღვთისმოშიში მშობლები ბრმად არ იზიარებენ მათ კულტურაში შვილების აღზრდასთან დაკავშირებულ შეხედულებებს. ქრისტიანულ ოჯახში არ უნდა იგრძნობოდეს ქვეყნიერების სულის გავლენა (ეფეს. 2:2). მონათლულმა ოჯახისთავმა არ უნდა იფიქროს, რომ შვილების აღზრდა ქალის საქმეა. ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი ნათელია: „მამებო, . . იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ [შვილები]“ (ეფეს. 6:4). ღვთისმოსავ მშობლებს სურთ, რომ იეჰოვა ისევე იყოს მათ შვილებთან, როგორც სამუელთან იყო (1 სამ. 3:19).

15. როგორ შეგვიძლია ღმერთს ერთგულება დავუმტკიცოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას?

15 გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს შეგვიძლია ღმერთს ერთგულება იმითაც დავუმტკიცოთ, რომ ხელმძღვანელობისთვის მის სიტყვასა და ორგანიზაციას მივმართოთ. იმის დასანახვებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, განვიხილოთ ბევრი ოჯახისთვის მტკივნეული საკითხი. ზოგი იმიგრანტი ახალშობილს თავის სამშობლოში ნათესავებთან გზავნის გასაზრდელად, რათა მუშაობა არ შეწყვიტოს. თუმცა ეს პირადი გადასაწყვეტია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის პასუხს ღვთის წინაშე ვაგებთ (წაიკითხეთ რომაელების 14:12). გონივრული იქნება, რომ ოჯახთან ან ოჯახის რჩენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ბიბლიას მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ გვჭირდება ზეციერი მამის დახმარება, რადგან საკუთარი ნაბიჯების წარმართვა არ შეგვიძლია (იერ. 10:23).

16. რა გადაწყვეტილების წინაშე დადგა ერთი ახალგაზრდა დედა და რა დაეხმარა მას, სწორი გადაწყვეტილება მიეღო?

16 ერთ იმიგრანტ ქალს ახალშობილი ვაჟის გაგზავნა უნდოდა სამშობლოში, რათა პაპა-ბებიას ეზრუნა მასზე. იმ დროს მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან და სულიერად კარგად წაიწია წინ. ქალმა გაიგო, რომ შვილის იეჰოვას თაყვანისმცემლად აღზრდა მშობლის პასუხისმგებლობა იყო (ფსალმ. 127:3; იგავ. 22:6). მან გაითვალისწინა ბიბლიის რჩევა და გული გადმოუღვარა იეჰოვას (ფსალმ. 62:7, 8). მან თავისი საწუხარი იმ მოწმესაც გაუზიარა, რომელიც ბიბლიის შესწავლას უტარებდა, და კრების სხვა წევრებსაც. თუმცა ნათესავები და მეგობრები აიძულებდნენ, ბავშვი პაპა-ბებიასთან გაეგზავნა, ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს სწორი არ იქნებოდა. როცა ქმარმა დაინახა, როგორ დაუდგნენ მის ცოლს კრების წევრები გვერდით და როგორ ზრუნავდნენ მათ პატარაზე, ბიბლიის შესწავლა და ცოლ-შვილთან ერთად კრებებზე სიარული დაიწყო. უდავოა, ამ ახალგაზრდა დედამ იგრძნო, რომ იეჰოვამ შეისმინა მისი მხურვალე ლოცვა.

17. რა მითითებები მივიღეთ ორგანიზაციისგან ბიბლიის შესწავლის ჩატარებასთან დაკავშირებით?

17 მითითებების მიყოლა. ღვთისადმი ერთგულების დამტკიცების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ორგანიზაციისგან მიღებული მითითებების მიყოლაა. მაგალითისთვის გავიხსენოთ რჩევები, რომლებიც ბიბლიის შესწავლის ჩატარებასთან დაკავშირებით მივიღეთ. თუ ვინმესთან ბიბლიის შესწავლას რეგულარულად ვატარებთ წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, შესწავლის შემდეგ რამდენიმე წუთი უნდა გამოვყოთ, რომ შემსწავლელს ორგანიზაცია გავაცნოთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ვიდეორგოლი „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“ და ბროშურა „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“. მასთან, ვინც წინ მიიწევს სულიერად, წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ განხილვის შემდეგ შესწავლა უნდა ჩავატაროთ წიგნით „დარჩით ღვთის სიყვარულში“ მაშინაც კი, თუ ის უკვე მონათლულია. ამ მითითებების მიზანი ახალი მოწაფეების რწმენაში განმტკიცებაა (კოლ. 2:7). ითვალისწინებთ იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებულ რჩევებს?

18, 19. იეჰოვასადმი მადლიერების რა მიზეზები გვაქვს?

18 ჩვენ იეჰოვასადმი მადლიერების უამრავი მიზეზი გვაქვს. ის არის ჩვენი სიცოცხლის წყარო; მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ (საქ. 17:27, 28). მან გვიბოძა უძვირფასესი საჩუქარი — თავისი სიტყვა, ბიბლია. თესალონიკელი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც მადლიერებით ვიღებთ მას, როგორც ღვთის ცნობას (1 თეს. 2:13).

19 ღვთის წერილობითი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით ჩვენ დავუახლოვდით იეჰოვას და ისიც დაგვიახლოვდა (იაკ. 4:8). ჩვენმა ზეციერმა მამამ თავისი ორგანიზაციის წევრად ყოფნის უდიდესი პატივი გვარგუნა. უზომოდ მადლიერები ვართ ამ კურთხევებისთვის! ჩვენ ვიზიარებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი, რადგან მარადიულია მისი სიკეთე“ (ფსალმ. 136:1). 136-ე ფსალმუნში 26-ჯერ გვხვდება ფრაზა „მარადიულია მისი სიკეთე“, ანუ ერთგული სიყვარული. თუ ვუერთგულებთ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას, დავრწმუნდებით ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, რადგან ჩვენც ვიცხოვრებთ მარადიულად!