არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოველთვის გაამხნევეთ ერთმანეთი!

ყოველთვის გაამხნევეთ ერთმანეთი!

„თუ რამე გამამხნევებელი გაქვთ სათქმელი, თქვით“ (საქ. 13:15).

სიმღერები: 121, 45

1, 2. რატომ არის გამხნევება აუცილებელი? ახსენით.

„მშობლები თითქმის არასდროს მაქებენ. სულ მაკრიტიკებენ და თავიანთი სიტყვებით გულს მტკენენ, — ამბობს 18 წლის ქრისტინა. [1] — მეუბნებიან, რომ ჭკუა არასდროს მომემატება და თვლიან, რომ მსუქანი ვარ. ამიტომ თავს უღირსად ვგრძნობ, ხშირად ვტირი და გავურბივარ მათთან საუბარს“. ქრისტინას მაგალითიდან აშკარად ჩანს, რომ ადამიანზე დამანგრევლად მოქმედებს, როცა არ აქებენ და არ ამხნევებენ.

2 ამის საპირისპიროდ, გამხნევება დადებითად მოქმედებს ადამიანზე. „წლების მანძილზე უღირსობის გრძნობას ვებრძვი, — წერს ერიკი. — ერთხელ ერთ უხუცესთან ერთად ვმსახურობდი. ძმამ შემატყო, რომ ცუდი დღე მქონდა. ის თანაგრძნობით მისმენდა, როცა საკუთარ გრძნობებს ვუზიარებდი. შემდეგ მან ყურადღება გამიმახვილა იმ კარგ საქმეებზე, რომელთაც მე ვაკეთებდი; აგრეთვე შემახსენა იესოს სიტყვები, რომ თითოეული ჩვენგანი უამრავ ბეღურაზე ძვირფასია. ამ მუხლს ხშირად ვიხსენებ და ის დღემდე მამხნევებს. უხუცესის სიტყვებმა ბევრად შემიმსუბუქა მდგომარეობა“ (მათ. 10:31).

3. ა) რას ვიგებთ პავლე მოციქულის სიტყვებიდან გამხნევების შესახებ? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

3 გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია ხშირად ამახვილებს ყურადღებას გამხნევების აუცილებლობაზე. მოციქული პავლე ებრაელ ქრისტიანებს სწერდა: „გაფრთხილდით, ძმებო, რომ არ ჩამოშორდეთ ცოცხალ ღმერთს და რომელიმე თქვენგანს ბოროტი და ურწმუნო გული არ განუვითარდეს, არამედ ყოველდღე შეაგონებდეთ ერთმანეთს . . . რათა რომელიმე თქვენგანი ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ არ გააჯიუტოს“ (ებრ. 3:12, 13). დედნისეულ ტექსტში სიტყვა, რომელიც შეგონებად ითარგმნა, გამხნევების აზრსაც ატარებს. თუ ოდესმე ვინმეს გაუმხნევებიხართ, ალბათ, თქვენთვის რთული მისახვედრი არ იქნება, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რჩევის გათვალისწინება. ამიტომ დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: რატომ არის გამხნევება მნიშვნელოვანი? რას ვსწავლობთ გამხნევების შესახებ იეჰოვას, იესოსა და პავლეს მაგალითებიდან? და რა უნდა გავაკეთოთ, რომ გამხნევებამ მიზანს მიაღწიოს?

გამხნევება ყველას გვჭირდება

4. ვის სჭირდება გამხნევება და რატომ განიცდიან დღეს ადამიანები ამის ნაკლებობას?

4 ყველას გვჭირდება გამხნევება. თუმცა ეს განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის აუცილებელი. „შვილებს . . . ისე სჭირდებათ გამხნევება, როგორც მცენარეს წყალი, — ამბობს პედაგოგი ტიმოთი ევანზი. — გამხნევება მათ ღირსების გრძნობას უმაღლებს და არწმუნებს, რომ ძვირფასები არიან“. მაგრამ ჩვენ მძიმე, ძნელად ასატან დროში ვცხოვრობთ; ადამიანები ეგოისტები გახდნენ; ბევრი მოკლებულია თბილ გრძნობებს და იშვიათად ამხნევებს სხვებს (2 ტიმ. 3:1—5). ზოგიერთი მშობელი არ აქებს შვილებს, რადგან ისინიც არასდროს შეუქიათ და გაუმხნევებიათ მათ მშობლებს. ბევრს სამუშაოზე არასდროს აქებენ, ამიტომ ისინი გამხნევების ქრონიკულ ნაკლებობას უჩივიან.

5. რას მოიცავს სხვების გამხნევება?

5 ხშირად, გამხნევება კარგად შესრულებული საქმისთვის სხვის შექებას მოიცავს. სხვების გამხნევება კარგი თვისებებისთვის შექებით ან „დამწუხრებული სულების“ ნუგეშისცემითაც შეიძლება (1 თეს. 5:14). ბერძნული სიტყვა, რომელიც ძირითადად გამხნევებად ითარგმნება, სიტყვასიტყვით „თავისთან მოხმობას“ ნიშნავს. როცა და-ძმებთან მხარდამხარ ვმსახურობთ, არაერთი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ სიტყვით გავამხნეოთ ისინი (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:9, 10). ვეუბნებით სხვებს სათანადო დროს, რატომ გვიყვარს ისინი და რატომ ვაფასებთ მათ? ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, დავფიქრდეთ შემდეგ სიტყვებზე: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავ. 15:23).

6. რატომ სურს ეშმაკს, გული გაგვიტეხოს? მოიყვანეთ მაგალითი.

6 სატანას უნდა, გული გაგვიტეხოს, რადგან იცის, რომ გულგატეხილობამ შეიძლება სულიერად დაგვასუსტოს და სხვა მხრივაც უარყოფითად იმოქმედოს ჩვენზე. იგავების 24:10-ში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“. სატანამ სხვადასხვა უბედურება და ბრალდება გამოიყენა მართალი იობისთვის გულის გასატეხად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია (იობ. 2:3; 22:3; 27:5). თუ გავამხნევებთ ოჯახისა და კრების წევრებს, ეშმაკის საქმეებს შევეწინააღმდეგებით. შედეგად, ოჯახსა თუ კრებაში ყველა თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ იგრძნობს.

მისაბაძი მაგალითები

7, 8. ა) რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ იეჰოვა საჭიროდ თვლის სხვების გამხნევებას? ბ) როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰბაძონ იეჰოვას? (იხილეთ სურათი მე-4 გვერდზე)

7 იეჰოვა. ფსალმუნმომღერალი წერდა: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმ. 34:18). როდესაც იერემია შეშინებული და გულგატეხილი იყო, იეჰოვამ ამ ერთგულ წინასწარმეტყველს თვითრწმენა შეჰმატა (იერ. 1:6—10). მოხუცი წინასწარმეტყველი დანიელი, ალბათ, ძალიან გამხნევდა, როცა იეჰოვას მიერ გაგზავნილმა ანგელოზმა განამტკიცა და უთხრა, რომ „ძვირფასი ადამიანი“ იყო (დან. 10:8, 11, 18, 19). შეგიძლიათ მსგავსად გაამხნეოთ მაუწყებლები, პიონერები და ხანში შესული დაუძლურებული და-ძმები?

8 მიუხედავად იმისა, რომ თავის საყვარელ ძესთან ერთად უთვალავი წლის მანძილზე შრომობდა, ღმერთს არ უფიქრია, რომ იესოს დედამიწაზე არ სჭირდებოდა შექება და გამხნევება. პირიქით, იესოს გასაგონად მან ორჯერ თქვა ზეციდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17; 17:5). ამგვარად მან შეაქო იესო და დაარწმუნა, რომ იწონებდა. ეჭვგარეშეა, იესოს ძალიან გაამხნევებდა ამ სიტყვების ორჯერ მოსმენა — პირველად მსახურების დასაწყისში, მეორედ კი მსახურების მიწურულს. ამასთან, იეჰოვამ ანგელოზი გაგზავნა, რომ სიკვდილის წინა ღამეს ტანჯვაში მყოფი იესო განემტკიცებინა (ლუკ. 22:43). მშობლებო, მიჰბაძეთ იეჰოვას მაგალითს, გაამხნევეთ და შეაქეთ შვილები კარგი საქციელისთვის! განსაკუთრებით დაუჭირეთ მათ მხარი, თუ სკოლაში ყოველდღე ხვდებიან რწმენის გამოცდებს.

9. რას ვსწავლობთ მოციქულებისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?

9 იესო. იმ საღამოს, როცა იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, თავის მოციქულებში სიამაყე შეამჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მან თავმდაბლურად დაბანა მოციქულებს ფეხები, ისინი მაინც იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. ამასთან, პეტრე ზედმეტად თავდაჯერებული იყო (ლუკ. 22:24, 33, 34). ყველაფრის მიუხედავად, იესომ შეაქო ერთგული მოციქულები, რომ მასთან ერთად დარჩნენ განსაცდელში. მან იწინასწარმეტყველა, რომ ისინი მასზე მეტ საქმეს გააკეთებდნენ და ღვთის სიყვარულში დაარწმუნა (ლუკ. 22:28; იოან. 14:12; 16:27). ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეცდომებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ხომ არ ჯობია, მივბაძო იესოს და შევაქო შვილები თუ სხვები იმისთვის, რაც კარგად გამოსდით?

10, 11. საიდან ჩანს, რომ მოციქული პავლე საჭიროდ თვლიდა სხვების გამხნევებას?

10 მოციქული პავლე. თავის წერილებში პავლე დადებითად მოიხსენიებს თანაქრისტიანებს. ის ზოგიერთთან წლების მანძილზე მსახურობდა და, ეჭვგარეშეა, კარგად იცოდა მათი ნაკლოვანებები, თუმცა მათზე ყოველთვის კარგს ამბობდა. მაგალითად, მან ტიმოთეზე თქვა, რომ ის იყო „საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“, რომელიც გულწრფელად ზრუნავდა სხვა ქრისტიანებზე (1 კორ. 4:17; ფილ. 2:19, 20); ტიტეს შესახებ კი კორინთის კრებას მისწერა: „ის ჩემი თანამსახური და თანამშრომელია თქვენ სასარგებლოდ“ (2 კორ. 8:23). როგორ გაამხნევებდა ტიმოთესა და ტიტეს იმის გაგება, რომ პავლე მათზე კარგს ფიქრობდა!

11 პავლემ და ბარნაბამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, როცა იმ ქალაქებში დაბრუნდნენ, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ. მაგალითად, თუმცა ისინი ლისტრაში დიდი წინააღმდეგობას შეხვდნენ, მაინც დაბრუნდნენ იქ და ახალმოქცეულ მოწაფეებს რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ (საქ. 14:19—22). ეფესოში პავლეს გახელებული ბრბო დაუპირისპირდა. საქმეების 20:1, 2-ში ვკითხულობთ: „აურზაური რომ დაცხრა, პავლემ მოწაფეები დაიბარა, გაამხნევა ისინი, დაემშვიდობა და მაკედონიაში წავიდა. მოიარა ის მხარეები, იქაურები მრავალი სიტყვით გაამხნევა და საბერძნეთში ჩავიდა“. აშკარაა, რომ პავლე საჭიროდ თვლიდა სხვების გამხნევებას.

დღეს როგორ შეგვიძლია ერთმანეთის გამხნევება

12. როგორ ემსახურება კრების შეხვედრები ერთმანეთის გამხნევებას?

12 ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ზეციერ მამას სურს, რომ რეგულარულად ტარდებოდეს კრების შეხვედრები, ერთმანეთის გამხნევებაა (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25). იესოს ადრინდელი მიმდევრების მსგავსად, ჩვენც ვიკრიბებით ერთად, რომ ვისწავლოთ და გავმხნევდეთ (1 კორ. 14:31). სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ქრისტინა ამბობს: „ყველაზე მეტად იმიტომ მომწონს კრების შეხვედრები, რომ სიყვარულს ვგრძნობ და ვმხნევდები. ზოგჯერ სამეფო დარბაზში დათრგუნული მივდივარ, მაგრამ იქ ყველაფერი იცვლება. დები მოდიან, გულში მიხუტებენ და მაქებენ, რომ კარგად გამოვიყურები; თავიანთ სიყვარულში მარწმუნებენ და მეუბნებიან, რომ უხარიათ ჩემი სულიერი წინსვლა. ასეთი გამხნევების შემდეგ გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს!“. რა სასიამოვნოა, რომ კრებაში ყველა ცდილობს ერთმანეთის გამხნევებას! (რომ. 1:11, 12).

13. რატომ სჭირდებათ გამხნევება მათაც, ვინც ღმერთს დიდი ხანია ემსახურება?

13 გამხნევება მათაც სჭირდებათ, ვინც დიდი ხანია ემსახურება ღმერთს. განვიხილოთ იესო ნავეს ძის შემთხვევა. ის მრავალი წლის მანძილზე ღვთის ერთგული მსახური იყო, მაგრამ იეჰოვამ მოსეს დაავალა მისი გამხნევება: „დანიშნე იესო ნავეს ძე, გაამხნევე და განამტკიცე, რადგან ის წაუძღვება ამ ხალხს და ის დაამკვიდრებინებს იმ მიწას, რომელსაც დაინახავ“ (კან. 3:27, 28). ცოტა ხანში იესო ნავეს ძეს უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა — ის აღთქმული მიწის დასაპყრობად წაუძღვებოდა ისრაელს. მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწევდა და სულ მცირე ერთხელ მაინც დამარცხდებოდა ბრძოლაში (იეს. 7:1—9). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იესო ნავეს ძეს გამხნევება და განმტკიცება სჭირდებოდა. მოდი ჩვენც გავამხნეოთ უხუცესები, მათ შორის სარაიონო ზედამხედველები, რომლებიც ბევრს ირჯებიან ღვთის სამწყსოსთვის! (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:12, 13). ერთმა სარაიონო ზედამხედველმა თქვა: „ზოგჯერ ძმები სამადლობელ წერილებს გვწერენ, რომლებშიც აღნიშნავენ, რომ ძალიან მოეწონათ სარაიონო მონახულება. ჩვენ ვინახავთ ამ წერილებს და მაშინ ვკითხულობთ, როცა თავს დათრგუნულად ვგრძნობთ. ეს წერილები ძალიან გვამხნევებს!“.

შვილები თავს ბედნიერად გრძნობენ, როცა თბილი სიტყვებით ვამხნევებთ (იხილეთ აბზაცი 14)

14. საიდან ჩანს, რომ რჩევის მიცემისას შექებასა და გამხნევებას კარგი შედეგი მოჰყვება?

14 ქრისტიანმა უხუცესებმა და მშობლებმა შენიშნეს, რომ შექება და გამხნევება ბიბლიური რჩევების მიღებასა და გათვალისწინებას აადვილებს. მაგალითად, კორინთელ ქრისტიანებს რჩევის გათვალისწინებისთვის შექება უეჭველად აღძრავდა, რომ შემდეგშიც სწორად მოქცეულიყვნენ (2 კორ. 7:8—11). ანდრეასი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ამბობს: „გამხნევება შვილების სულიერ და ემოციურ ზრდას უწყობს ხელს. რჩევასთან ერთად გამხნევება საუკეთესო შედეგს იძლევა. შვილებმა იციან, რა არის სწორი, მაგრამ სწორად მოქცევა მხოლოდ მუდმივი გამხნევების შედეგად ხდება მათთვის ჩვეულებრივი რამ“.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ გამხნევებამ მიზანს მიაღწიოს

15. რომელია სხვების გამხნევების ერთ-ერთი საშუალება?

15 უთხარით თანამორწმუნეებს, რომ აფასებთ მათ ძალისხმევასა და კარგ თვისებებს (2 მატ. 16:9; იობ. 1:8). იეჰოვა და იესო დიდად აფასებენ ყველაფერს, რასაც სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად ვაკეთებთ მაშინაც კი, თუ მდგომარეობის გამო ცოტას ვწირავთ ან იმდენს ვეღარ ვმსახურობთ, რამდენიც გვინდა (წაიკითხეთ ლუკას 21:1—4; 2 კორინთელების 8:12). მაგალითად, ჩვენი ძვირფასი ხანდაზმული თანაქრისტიანებიდან ზოგს დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება რეგულარულად ქადაგება, კრების შეხვედრებზე დასწრება და მათში მონაწილეობა. განა არ იმსახურებენ ისინი ჩვენგან შექებასა და გამხნევებას?!

16. რატომ არ უნდა გავუშვათ ხელიდან სხვების გამხნევების შესაძლებლობა?

16 ხელიდან ნუ გაუშვებთ სხვების გამხნევების შესაძლებლობას. თუ ხედავთ, რომ ვინმე შექებას იმსახურებს, თავს ნუ შეიკავებთ. პისიდიის ანტიოქიაში ჩასულ პავლესა და ბარნაბას სინაგოგის წინამძღვრებმა უთხრეს: „ძმებო, თუ რამე გამამხნევებელი გაქვთ სათქმელი, თქვით“. პავლემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, სიტყვით გამოვიდა და გაამხნევა მსმენელი (საქ. 13:13—16, 42—44). როცა ვინმეს სიტყვით გამხნევების შესაძლებლობა მოგვეცემა, არ უნდა გავჩუმდეთ! თუ ჩვევად გვექნება სხვების გამხნევება, ისინიც გაგვამხნევებენ (ლუკ. 6:38).

17. როგორი უნდა იყოს ქების სიტყვები?

17 იყავით გულწრფელები და კონკრეტულები. ზოგადი სიტყვებით გამხნევება და შექება ურიგო არ არის, თუმცა თიატირაში მცხოვრები ქრისტიანებისთვის იესოს ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს, რომ უკეთესია კონკრეტულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება (წაიკითხეთ გამოცხადების 2:18, 19). მაგალითად, თუ მშობლები ვართ, კარგი იქნება, შვილები სულიერი ზრდისთვის კონკრეტულად შევაქოთ. მარტოხელა დედას, რომელიც შვილების აღსაზრდელად ძალისხმევას არ იშურებს, შეგვიძლია ვუთხრათ, რის გამო იმსახურებს ქებას. ასეთ გამხნევებასა და შექებას დიდი ძალა აქვს!

18, 19. როგორ შეგვიძლია აღვაშენოთ ისინი, ვისაც გამხნევება სჭირდება?

18 იეჰოვა პირადად არ გვავალებს ვინმეს გამხნევებას, როგორც ეს მოსეს დაავალა. თუმცა მას სიამოვნებს, როცა თანამორწმუნეებსა და სხვებს ვამხნევებთ (იგავ. 19:17; ებრ. 12:12). მაგალითად, შეგვიძლია მომხსენებელს ვუთხრათ, რომელ რჩევას გამოვიყენებთ მისი მოხსენებიდან ან როგორ დაგვეხმარა ის ამა თუ იმ მუხლის უკეთ გაგებაში. ერთმა დამ მიწვეულ მომხსენებელს მისწერა: „მართალია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ, მაგრამ თქვენ შეამჩნიეთ, რომ გულდამძიმებული ვიყავი. ძალიან მანუგეშეთ და გამამხნევეთ. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ მიერ სცენიდან თუ პირადად ნათქვამი თბილი სიტყვები ჩემთვის საჩუქარი იყო იეჰოვასგან!“.

19 სხვების სულიერად გამხნევების ბევრ შესაძლებლობას გამოვნახავთ, თუ გავითვალისწინებთ პავლეს რჩევას, კვლავაც გავამხნეოთ და აღვაშენოთ ერთმანეთი (1 თეს. 5:11). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვას მოწონებას დავიმსახურებთ, თუ ყოველთვის გავამხნევებთ ერთმანეთს.

^ [1] (აბზაცი 1) ზოგი სახელი შეცვლილია.