არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მრავლისმომცველი სიტყვა

მრავლისმომცველი სიტყვა

ბიბლიურ დროში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მამაკაცები ზოგჯერ მიმართავდნენ სიტყვით „ქალო“, რაც ებრაულ კულტურაში თავაზიანი მიმართვის ფორმად ითვლებოდა. ამ სიტყვას იესოც იყენებდა. მაგალითად, როცა მან 18 წლის მანძილზე ავადმყოფობით გატანჯული, წელში მოხრილი ქალი განკურნა, ამ სიტყვით მიმართა (ლუკ. 13:10—13, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). როგორც დედნისეული ტექსტიდან ჩანს, იესო მიმართვის ამ გავრცელებულ ფორმას დედასთან საუბრის დროსაც იყენებდა (იოან. 19:26; 20:13). მაგრამ იმ დროს გავრცელებული იყო სხვა სიტყვაც, რომელიც უფრო მრავლისმომცველი იყო.

ბიბლიაში ზოგიერთ ქალთან მიმართებით ძალიან თბილი სიტყვაა გამოყენებული. იესომ ამ თბილი სიტყვით მიმართა 12 წლის მანძილზე სისხლდენით გატანჯულ ქალს. კანონის თანახმად, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უწმინდურად ითვლებოდა. ამიტომ ქალმა ღვთის კანონი დაარღვია, როცა იესოს მიუახლოვდა. ვინმეს სამართლიანად შეეძლო ეთქვა, რომ ქალი თავისი მდგომარეობის გამო ხალხში არ უნდა გამოსულიყო (ლევ. 15:19—27). მაგრამ ის სასოწარკვეთილი იყო. მას „ექიმებისგან ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი, მთელი სახსრები დახარჯა, მაგრამ არაფერმა უშველა და უარეს დღეში ჩავარდა“ (მარ. 5:25, 26).

ქალმა შეუმჩნევლად გაიკვლია გზა ხალხში, უკნიდან მიუახლოვდა იესოს, ტანსაცმლის ფოჩზე შეეხო და სისხლდენა მაშინვე შეუწყდა! მას იმედი ჰქონდა, რომ ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ იესომ ხმამაღლა იკითხა: „ვინ შემეხო?“ (ლუკ. 8:45—47). შეშინებული და აკანკალებული ქალი მის წინაშე დაემხო და „მთელი სიმართლე მოუყვა“ (მარ. 5:33).

დასამშვიდებლად იესომ მას თბილად უთხრა: „გამაგრდი, შვილო“ (მათ. 9:22). დედანში სიტყვა „შვილოს“ ადგილას წერია „ასულო“. როგორც ბიბლეისტები ამბობენ, ასულის აღმნიშვნელი ებრაული და ბერძნული სიტყვები გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა სითბოსა და კეთილმოსურნეობის გამოსახატავად. ქალი რომ მეტად გაემხნევებინა, იესომ უთხრა: „შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარ. 5:34).

ამ თბილი სიტყვით მიმართა მოაბელ რუთს მდიდარმა ისრაელმა ბოაზმაც. რუთს საკმაო მიზეზი ჰქონდა, მორიდებული ყოფილიყო, რადგან სრულიად უცნობი მამაკაცის ყანაში კრეფდა დაცვენილ თავთავებს. ბოაზმა რუთს უთხრა: „მომისმინე, შვილო“, შემდეგ კი ურჩია, კვლავ მის ყანაში აეკრიფა თავთავები. რუთი პირქვე დაემხო მის წინაშე და ჰკითხა, რატომ ექცეოდა უცხოელს ასე კეთილად. ბოაზმა კიდევ ერთხელ გაამხნევა ის: „ყველაფერი შევიტყვე, რაც დედამთილისთვის [ქვრივი ნაომისთვის] გააკეთე . . . იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ“ (რუთ. 2:8—12).

იესომ და ბოაზმა შესანიშნავი მაგალითი დაუტოვეს ქრისტიან უხუცესებს. ზოგჯერ შეიძლება ორი უხუცესი ქრისტიან დას შეხვდეს, რომელსაც ბიბლიური რჩევები და გამხნევება სჭირდება. უხუცესები შეძლებენ, ღვთის სიტყვით გაამხნეონ და ანუგეშონ ის, თუ ლოცვაში სთხოვენ იეჰოვას ხელმძღვანელობას და გულისყურით მოუსმენენ მას (რომ. 15:4).