არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არაფერს დართოთ ნება, წაგართვათ ჯილდო

არაფერს დართოთ ნება, წაგართვათ ჯილდო

„ნუ წაგართმევთ ჯილდოს ნურავინ“ (კოლ. 2:18).

სიმღერები: 32, 134

1, 2. ა) რა ჯილდოს ელიან ღვთის მსახურები? ბ) რა გვეხმარება, რომ მზერა ჯილდოსკენ გვქონდეს მიპყრობილი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

პავლე მოციქულის მსგავსად, სულითცხებულ ქრისტიანებს აქვთ შესანიშნავი იმედი, რომ „ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოს“ მიიღებენ (ფილ. 3:14). ისინი მთელი გულით ელიან იმ დროის დადგომას, როცა ზეციერ სამეფოში იესო ქრისტესთან ერთად იმმართველებენ და ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანენ (გამოცხ. 20:6). ღმერთმა ცხებულ ქრისტიანებს მართლაც რომ შესანიშნავი იმედი უბოძა! მათგან განსხვავებით სხვა ცხვარს მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს დედამიწაზე, რაც მათ საუცხოო მომავალს უქადის (2 პეტ. 3:13).

2 ერთგულები რომ დარჩენილიყვნენ და ჯილდო მოეპოვებინათ, პავლე მოციქულმა ცხებულ ქრისტიანებს მოუწოდა: „იფიქრეთ ზეციერზე“ (კოლ. 3:2). მათ არასდროს უნდა დავიწყებოდათ მემკვიდრეობა, რომელიც ზეცაში ელოდათ (კოლ. 1:4, 5). მნიშვნელობა არა აქვს, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, იეჰოვასგან დაპირებულ კურთხევებზე ფიქრი გვეხმარება, რომ მზერა ჯილდოსკენ გვქონდეს მიპყრობილი (1 კორ. 9:24).

3. რა საშიშროებების შესახებ გააფრთხილა პავლემ თანაქრისტიანები?

3 პავლემ თანაქრისტიანები იმ საშიშროებების შესახებაც გააფრთხილა, რასაც შეიძლებოდა მათთვის ჯილდოს მოპოვებაში შეეშალა ხელი. მაგალითად, მან კოლოსეს კრებას მისწერა იმ ცრუ ქრისტიანების შესახებ, რომლებიც ღვთის მოწონების დამსახურებას კანონით დადგენილი საქმეებით ცდილობდნენ და არა ქრისტესადმი რწმენით (კოლ. 2:16—18). პავლემ აგრეთვე მოიხსენია ის საფრთხეები, რომლებმაც შეიძლება ამ ბოლო დღეებში ჯილდო დაგვაკარგვინოს. მან დაგვანახვა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ გასაქანი არ მივცეთ უზნეო სურვილებს, როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები თანაქრისტიანებთან და როგორ გავართვათ თავი ოჯახში წარმოქმნილ სირთულეებს. მისი რჩევები დღემდე ფასდაუდებელია. მოდი განვიხილოთ, რის შესახებ გააფრთხილა პავლე მოციქულმა კოლოსეს კრება.

ჩაკალით უზნეო სურვილები

4. როგორ შეუძლია უზნეო სურვილებს, დაგვაკარგვინოს ჯილდო?

4 მას შემდეგ, რაც ძმებს მომავლის შესანიშნავი იმედი შეახსენა, პავლემ ასეთი რამ მისწერა: „ამიტომ ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე“ (კოლ. 3:5). უზნეო სურვილები შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ წინააღმდეგობა ვერ გავუწიოთ, რის გამოც იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს და მომავლის იმედი დავკარგოთ. ერთი ძმა, რომელმაც უზნეობა ჩაიდინა, მაგრამ მოგვიანებით კრებას დაუბრუნდა, ამბობს: „უზნეო სურვილები იმდენად ძლიერი იყო, რომ თავი ვერ დავაღწიე. როცა გონს მოვეგე, უკვე ძალიან გვიანი იყო“.

5. როგორ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე მაცდუნებელ სიტუაციებში?

5 განსაკუთრებული სიფრთხილე ისეთ სიტუაციებში გვმართებს, სადაც შეიძლება ადვილად ვცდუნდეთ და იეჰოვას ზნეობრივი ნორმები დავარღვიოთ. მაგალითად, გონივრული იქნება, თუ შეყვარებულები თავიდანვე დაადგენენ საზღვრებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა შეხება, კოცნა და განმარტოება (იგავ. 22:3). უზნეობის ჩადენის ცდუნების წინაშე ქრისტიანი შეიძლება მაშინაც დადგეს, როცა მივლინებით არის წასული სადმე ან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან უწევს მუშაობა (იგავ. 2:10—12, 16). თუ თქვენც აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში, კარგი იქნება, თუ ყველას ეტყვით, რომ იეჰოვას მოწმე ხართ, ღირსეულად მოიქცევით და გემახსოვრებათ, რომ ფლირტმა შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოთ. აგრეთვე დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა თავს დათრგუნულად ან მარტოდ გრძნობთ. რადგან ასეთ დროს, ყველაზე მეტად გინდათ იგრძნოთ, რომ ვინმეს სჭირდებით. ზოგჯერ შეიძლება სასოწარკვეთილები იყოთ და იმდენად გჭირდებოდეთ ემოციური მხარდაჭერა, რომ ნებისმიერი ადამიანისგან გესიამოვნოთ ყურადღება. თუ თქვენც მოგეძალებათ მსგავსი გრძნობები, იეჰოვას და თანაქრისტიანებს გაანდეთ თქვენი ფიქრები, რათა არაფერმა შეგიშალოთ ხელი ჯილდოს მოპოვებაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:18; იგავების 13:20).

6. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა საქმე გართობას ეხება?

6 იმისთვის, რომ ჩავკლათ ჩვენში უმართებულო სექსუალური სურვილები, უნდა მოვერიდოთ გართობის ისეთ სახეობებს, რომლებიც უზნეობის ელემენტებს შეიცავს. დღეს გართობის ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებულ პროდუქციაში იმდენად არის უზნეობა წარმოჩენილი, რომ ძველ სოდომსა და გომორას მოგვაგონებს (იუდ. 7). ისინი, ვინც გართობის ასეთ საშუალებებს ქმნიან, ადამიანებს ისეთ წარმოდგენას უქმნიან, რომ სექსუალური უზნეობა სავსებით მისაღებია და არც ცუდი შედეგები სდევს თან. ასე რომ, გართობის არჩევისას სიფრთხილე გვმართებს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ შერჩეული გართობის სახეობა ხელს არ შეგვიშლის სიცოცხლის ჯილდოს მოპოვებაში (იგავ. 4:23).

შეიმოსეთ სიყვარულითა და სიკეთით

7. რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი ქრისტიანულ კრებაში?

7 ყველა ვთანხმდებით იმ აზრზე, რომ ქრისტიანული კრების წევრად ყოფნა ნამდვილი კურთხევაა. კრების შეხვედრებზე ღვთის სიტყვის შესწავლა და ერთმანეთის მიმართ სიყვარულისა და სიკეთის გამოვლენა გვეხმარება, რომ ჯილდოზე ვიყოთ კონცენტრირებულნი. თუმცა დროდადრო შესაძლოა კრების წევრებს შორს გაუგებრობებმა იჩინოს თავი. თუ პრობლემების მოგვარებას არ შევეცდებით, შეიძლება თანაქრისტიანთან ურთიერთობა დაგვეძაბოს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8, 9).

8, 9. ა) რომელი თვისებები დაგვეხმარება ჯილდოს მოპოვებაში? ბ) რა დაგვეხმარება მშვიდობის შენარჩუნებაში, თუ თანაქრისტიანი გვაწყენინებს?

8 რა უნდა ვიღონოთ, რომ კრების წევრებთან უთანხმოებას არ მივცეთ საშუალება, ჯილდო დაგვაკარგვინოს? პავლე კოლოსელებს მოუწოდებდა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები. მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:12—14).

9 როცა გვიყვარს ადამიანები და სიკეთეს ვავლენთ მათ მიმართ, პატიება გვიადვილდება. მაგალითად, თუ თანაქრისტიანმა სიტყვით ან საქმით გული გატკინათ, გაიხსენეთ ის შემთხვევა, როცა მსგავსი შეცდომა თქვენც დაუშვით. განა მადლიერი არ იყავით, რომ და-ძმებმა სიყვარული და სიკეთე გამოავლინეს და თვალი დახუჭეს თქვენს შეცდომაზე?! (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:21, 22). განსაკუთრებით ვაფასებთ ქრისტეს მიერ გამოვლენილ სიკეთეს, რომელმაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაგვაერთიანა (კოლ. 3:15). დაფიქრდით: ყველა ერთ ღმერთს ვემსახურებით, ერთსა და იმავე ცნობას ვქადაგებთ და ხშირად ერთნაირ პრობლემებს ვხვდებით ცხოვრებაში. როცა პატიებისკენ სიყვარული და სიკეთე გვიბიძგებს, ხელს ვუწყობთ ქრისტიანულ ერთობას და ცხადვყოფთ, რომ გონებაში გვაქვს ჯილდო, რომლისკენაც ვისწრაფვით.

10, 11. ა) რატომ არ უნდა შეგვშურდეს სხვების? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ შურმა ხელი არ შეგვიშალოს ჯილდოს მიღებაში?

10 ბიბლიაში ჩაწერილი გამაფრთხილებელი მაგალითებიდან ვიგებთ, რომ შურმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს ჯილდოს მოპოვებაში. მაგალითად, შურით აღვსილმა კაენმა მოკლა თავისი ძმა აბელი. კორახს, დათანსა და აბირამს შეშურდათ მოსესი და დაუპირისპირდნენ მას. მეფე საულს შურდა დავითის წარმატების და მის მოკვლას ცდილობდა. სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს ბიბლია: „სადაც შური და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება“ (იაკ. 3:16).

11 თუ ისეთ თვისებებს განვივითარებთ, როგორიცაა სიყვარული და სიკეთე, სხვების არ შეგვშურდება. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს“ (1 კორ. 13:4). შურიან ადამიანებად რომ არ ვიქცეთ, საჭიროა, საკითხებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ და და-ძმები ერთი სხეულის, კრების, ნაწილად მივიჩნიოთ. ეს დაგვეხმარება, გულისხმიერება გამოვავლინოთ და ვიცხოვროთ ღვთივშთაგონებული რჩევის თანახმად: „თუ სხეულის ერთი ნაწილი განდიდდება, მასთან ერთად ხარობს ყველა“ (1 კორ. 12:16—18, 26). თუ ასეთი თვალსაზრისი გვექნება, არ შეგვშურდება იმ და-ძმების, რომლებიც კურთხევებს იღებენ, პირიქით, გავიხარებთ მათთან ერთად. დავფიქრდეთ საულის ვაჟის, იონათანის მაგალითზე. მას არ შეშურებია, როცა დავითი სამეფო ტახტის მემკვიდრე გახდა; უფრო მეტიც, ის მხარში ედგა მას და ამხნევებდა (1 სამ. 23:16—18). მივბაძავთ იონათანს და გამოვავლენთ სიყვარულსა და სიკეთეს?

ოჯახთან ერთად მოიპოვეთ ჯილდო

12. რომელი ბიბლიური რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება, ოჯახთან ერთად მოვიპოვოთ ჯილდო?

12 ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება ოჯახს არა მხოლოდ მშვიდობისა და ბედნიერების შენარჩუნებაში, არამედ ჯილდოს მოპოვებაშიც დაეხმარება. პავლემ კოლოსეში მცხოვრებ ოჯახებს ურჩია: „ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ. ბავშვებო, დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის. მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლ. 3:18—21). შესაძლოა თავად დარწმუნდით, რომ პავლეს ეს რჩევა დღესაც პრაქტიკულია ოჯახის თითოეული წევრისთვის.

13. როგორ შეუძლია ქრისტიან დას ჭეშმარიტებისკენ მიიზიდოს თავისი ქმარი?

13 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ქმარი, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, სათანადოდ არ გეპყრობათ? დაფიქრდით, შეძლებთ კამათით მდგომარეობის გამოსწორებას? იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენსას გაიტანთ, მიიზიდავთ მას ჭეშმარიტებისკენ? საეჭვოა! მაგრამ თუ პატივისცემას გამოავლენთ თქვენი მეუღლის, როგორც ოჯახის თავის მიმართ, მშვიდ გარემოს შექმნით და იეჰოვას განადიდებთ. გარდა ამისა, შეიძლება დროთა განმავლობაში თქვენი მეუღლე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში შემოგიერთდეთ და ერთად მოიპოვოთ სიცოცხლის ჯილდო (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:1, 2).

14. როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ქმარი, თუ მისი მეუღლე, რომელიც არ ემსახურება იეჰოვას, პატივისცემას არ ავლენს მის მიმართ?

14 რის თქმა შეიძლება თქვენზე ქმრებო, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცოლი, რომელიც იეჰოვას არ ემსახურება, პატივისცემას არ ავლენს თქვენ მიმართ. დაფიქრდით, პატივისცემით განაწყობთ მას თქვენდამი, თუ დაუყვირებთ და ასე შეეცდებით დაანახვოთ, რომ ოჯახის უფროსი თქვენ ხართ? ცხადია, ვერა! ღმერთი მოელის, რომ მიჰბაძავთ იესოს და ოჯახს სიყვარულით გაუწევთ მეთაურობას (ეფეს. 5:23). იესო, როგორც კრების თავი, ყოველთვის ავლენს სიყვარულსა და მოთმინებას (ლუკ. 9:46—48). ასე რომ, თუ ქმარი იესოს მაგალითს მიჰყვება, შეიძლება მის მეუღლესაც გაუჩნდეს იეჰოვასადმი მსახურების სურვილი.

15. რით აჩვენებს ქრისტიანი ქმარი, რომ უყვარს თავისი ცოლი?

15 ბიბლია ქმრებს მოუწოდებს: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“ (კოლ. 3:19). მოსიყვარულე ქმარი ცოლის მიმართ პატივისცემას ავლენს, როცა ყურადღებით უსმენს მას და არწმუნებს, რომ მის აზრს ძალიან აფასებს (1 პეტ. 3:7). მართალია, შეიძლება ქმარმა ყოველთვის ვერ გაითვალისწინოს ცოლის ნათქვამი, მაგრამ მისი აზრის გაგება უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება (იგავ. 15:22). მოსიყვარულე ქმარი კი არ მოითხოვოს ცოლისგან პატივისცემას, არამედ ცდილობს, მოიპოვოს ის. როცა მამაკაცი სიყვარულს ავლენს ცოლ-შვილის მიმართ, მთელი ოჯახი სიხარულით ემსახურება იეჰოვას და ერთად იღვწის სიცოცხლის ჯილდოსკენ.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახურ პრობლემებს არ მივცეთ საშუალება, ჯილდო დაგვაკარგვინოს? (იხილეთ აბზაცები 13—15)

ახალგაზრდებო, არაფერს დართოთ ნება, წაგართვათ ჯილდო!

16, 17. თუ მოზარდი ხარ, რა უნდა გააკეთო, რომ მწვავე რეაქცია არ გქონდეს, როცა მშობლები შეცდომაზე მიგითითებენ?

16 როგორ უნდა მოიქცე, თუ მოზარდი ხარ და თვლი, რომ ქრისტიანი მშობლები ვერ გიგებენ და ძალიან მკაცრად გექცევიან? შეიძლება მათზე განაწყენებამ იქამდე მიგიყვანოს, რომ დაეჭვდე კიდეც, არის თუ არა იეჰოვასადმი მსახურება საუკეთესო არჩევანი. მაგრამ თუ გულს გაიტეხ და ღვთის მსახურებას შეწყვეტ, მალევე მიხვდები, რომ ღვთისმოშიშ მშობლებზე და კრების წევრებზე მეტად არავინაა დაინტერესებული შენი კეთილდღეობით.

17 როცა მშობლები გსჯიან ან შენიშვნას გაძლევენ, ისინი შენდამი სიყვარულსა და მზრუნველობას ავლენენ (ებრ. 12:8). მაგრამ შეიძლება შენი მშობლების აღზრდის მეთოდები გაღიზიანებდეს. ასეთ დროს უმჯობესი იქნება, ყურადღება იმაზე კი არ გაამახვილო, თუ რა ფორმით მოგცეს შენიშვნა, არამედ იმაზე, თუ რატომ მოგცეს ეს შენიშვნა. ასე რომ, სიმშვიდე შეინარჩუნე და მწვავე რეაქცია ნუ გექნება, როცა მშობლები შეცდომაზე მიგითითებენ. ბიბლია ამბობს: „ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია“ (იგავ. 17:27). მიზნად დაისახე, მოწიფულ ადამიანად ჩამოყალიბდე, რომელიც შენიშვნებს მშვიდად იღებს, ითვალისწინებს და ნაკლებად ნერვიულობს იმაზე, თუ რა ფორმით მისცეს ესა თუ ის რჩევა (იგავ. 1:8). იეჰოვას მოყვარული მშობლები ნამდვილი კურთხევაა! ეჭვი არ შეგეპაროს, რომ მათ მთელი გულით სურთ, დაგეხმარონ ჯილდოს მოპოვებაში.

18. რატომ გაქვს გადაწყვეტილი, რომ მზერა ჯილდოსკენ გქონდეს მიპყრობილი?

18 არა აქვს მნიშვნელობა, უკვდავ სიცოცხლეს ველით ზეცაში თუ მარადიულ ცხოვრებას დედამიწაზე, ნამდვილად ღირს, რომ მზერა ამ საუცხოო ჯილდოს მივაპყროთ! ეს იმედი არავითარ შემთხვევაში არ გამტყუნდება, რადგან ის თავად ჩვენმა გამჩენმა გვიბოძა. სამოთხედქცეულ დედამიწასთან დაკავშირებით ღმერთმა თქვა: „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ეს. 11:9). მაშინ ყველა იეჰოვასგან იქნება განსწავლული. ეს არის ჯილდო, რომლისთვისაც ბრძოლა ნამდვილად ღირს! ამიტომ ყოველთვის გონებაში გქონდეთ იეჰოვას დანაპირები და არაფერს დართოთ ნება, წაგართვათ ჯილდო!