არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?

ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?

„იეჰოვა გამოისყიდის თავის მსახურთა სულებს; არც ერთი, ვინც მას აფარებს თავს, დამნაშავედ არ ჩაითვლება“ (ფსალმ. 34:22).

სიმღერები: 49, 65

1. რა გრძნობები ეუფლებათ ღვთის ერთგულ მსახურებს ცოდვილი მდგომარეობის გამო?

„საწყალი ადამიანი ვარ!“ (რომ. 7:24). პავლე მოციქულის ამ სიტყვებს ბევრი ღვთის მსახური იზიარებს. როცა ძლიერ გვსურს, იეჰოვას მოსაწონად მოვიქცეთ, მაგრამ არასრულყოფილება ხელს გვიშლის, პავლეს მსგავსად თავს საწყალ ადამიანად მივიჩნევთ. ზოგი ქრისტიანი, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, იმასაც კი ფიქრობს, რომ იეჰოვა არასდროს აპატიებს მას.

2. ა) ფსალმუნის 34:22-ის თანახმად, რატომ არ უნდა შთანთქას ღვთის მსახურები დანაშაულის გრძნობამ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში? (იხილეთ ჩარჩო „ გაკვეთილი თუ ანტიტიპი?“)

2 ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ის, ვინც თავს აფარებს იეჰოვას, არ უნდა შთანთქას დანაშაულის გრძნობამ (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:22). რას ნიშნავს იეჰოვასთან თავის შეფარება? რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ იეჰოვამ ჩვენდამი გულმოწყალება გამოავლინოს და გვაპატიოს დანაშაული? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ, რა მიზანი ჰქონდა თავშესაფარი ქალაქების არსებობას ძველ ისრაელში. თავშესაფარი ქალაქები გათვალისწინებული იყო იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის მიცემული კანონით. მართალია, კანონის შეთანხმება ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ახალმა შეთანხმებამ ჩაანაცვლა, მაგრამ ამ ღონისძიებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ცოდვაზე, შემცოდველსა და მონანიებაზე. თავდაპირველად ვისაუბროთ ამ ქალაქების არსებობის მიზანსა და დანიშნულებაზე.

„გამოყავით თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“

3. როგორ ექცეოდნენ ისრაელში დამნაშავეს განზრახ მკვლელობის შემთხვევაში?

3 ძველ ისრაელში სისხლის ღვრის არცერთი შემთხვევა არ რჩებოდა იეჰოვას მხედველობიდან. განზრახ მკვლელობის შემთხვევაში მკვლელს მსხვერპლის უახლოესი ნათესავი მამაკაცი კლავდა, რომელიც „სისხლის ამღები“ იყო (რიცხ. 35:19). ამგვარად, მკვლელს საკუთარი სიცოცხლით უნდა ეზღო უდანაშაულო ადამიანის სისხლი. განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულება აღთქმულ მიწას წაბილწვისგან იცავდა. იეჰოვას მათთვის ნათქვამი ჰქონდა: „არ წაბილწოთ მიწა, რომელზეც ცხოვრობთ, რადგან [ადამიანის] სისხლი ბილწავს მიწას“ (რიცხ. 35:33, 34).

4. როგორ ექცეოდნენ ისრაელში უნებლიე მკვლელობის ჩამდენს?

4 როგორ ექცეოდნენ ისრაელები უნებლიე მკვლელობის ჩამდენს? მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არ ჰქონდა მკვლელობა განზრახული, უნებლიე მკვლელობის ჩამდენს მაინც მოეთხოვებოდა პასუხი უდანაშაულო ადამიანის სისხლის ღვრისთვის (დაბ. 9:5). თუმცა იეჰოვა ასეთების მიმართ წყალობას ავლენდა. გაქცეულს შეეძლო ექვსი თავშესაფარი ქალაქიდან ერთ-ერთისთვის შეეფარებინა თავი, რათა სისხლის ამღებს არ მოეკლა. ის იქ უსაფრთხოდ იქნებოდა. უნებლიე მკვლელობის ჩამდენი თავშესაფარ ქალაქში მღვდელმთავრის სიკვდილამდე უნდა დარჩენილიყო (რიცხ. 35:15, 28).

5. როგორ გვეხმარება თავშესაფარი ქალაქების ღონისძიება იეჰოვას უკეთ გაცნობაში?

5 ამ ქალაქების თავშესაფარ ქალაქებად ქცევა ადამიანების იდეა არ ყოფილა. იესო ნავეს ძეს თავად იეჰოვამ უბრძანა: „უთხარი ისრაელის ძეებს: გამოყავით თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“. ისრაელში ეს ქალაქები „წმინდად შერაცხეს“ (იეს. 20:1, 2, 7, 8). ვინაიდან ისინი უშუალოდ იეჰოვას ნებით იყო გამოყოფილი განსაკუთრებული მიზნისთვის, შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვები: როგორ გვეხმარება ეს ღონისძიება, უკეთ დავინახოთ იეჰოვას გულმოწყალება? ჩვენ როგორ შეგვიძლია დღეს თავშესაფარი ვპოვოთ იეჰოვასთან?

„უხუცესების გასაგონად თქვას თავისი სათქმელი“

6, 7. ა) რა როლს ასრულებდნენ უხუცესები უნებლიე მკვლელობის ჩამდენის გასამართლებაში? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე) ბ) რატომ იყო გონივრული, რომ გაქცეული უხუცესებთან მისულიყო?

6 თუ კაცს შემთხვევით შემოაკვდებოდა ვინმე, უპირველესად იმ თავშესაფარი ქალაქის კარიბჭესთან მსხდომი უხუცესებისთვის უნდა მოეყოლა ყველაფერი, რომელშიც თავის შეფარებას აპირებდა. უხუცესებს ის თბილად უნდა მიეღოთ (იეს. 20:4). რაღაც დროის შემდეგ მას იმ ქალაქში აბრუნებდნენ, სადაც მკვლელობა მოხდა, რათა იქაურ უხუცესებს განეხილათ მისი საქმე (წაიკითხეთ რიცხვების 35:24, 25). თუ უხუცესები იმ დასკვნამდე მივიდოდნენ, რომ მკვლელობა განზრახ არ იყო ჩადენილი, მას თავშესაფარ ქალაქში აბრუნებდნენ.

7 რატომ ერთვებოდნენ საქმეში უხუცესები? იმიტომ რომ ისრაელის კრებული წმინდად დაეცვათ და უნებლიე მკვლელობის ჩამდენს იეჰოვას გულმოწყალების მიღებაში დახმარებოდნენ. ერთი ბიბლეისტის სიტყვების თანახმად, თუ გაქცეული უარს იტყოდა უხუცესებთან მისვლაზე, „სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა . . . მისი სისხლი მის კისერზე იქნებოდა, რადგან არ ისარგებლა ღვთის ღონისძიებით, რომელიც მის დაცვას ემსახურებოდა“. მართალია, უნებლიე მკვლელობის ჩამდენისთვის არსებობდა დამცავი ღონისძიება, მაგრამ მას უნდა ესარგებლა მისით, ანუ დახმარება უნდა ეთხოვა. თუ ის არ გაიქცეოდა იეჰოვას მიერ გამოყოფილი თავშესაფარი ქალაქებიდან რომელიმეში, მოკლულის უახლოეს ნათესავს მისი მოკვლის უფლება ჰქონდა.

8, 9. რატომ უნდა მიმართოს სერიოზული ცოდვის ჩამდენმა უხუცესებს დახმარებისთვის?

8 დღეს სერიოზულ ცოდვაში დამნაშავე ქრისტიანმა კრების უხუცესებს უნდა მიმართოს დახმარებისთვის. რატომ არის ეს აუცილებელი? პირველი, სერიოზული ცოდვების შესახებ საქმეების განხილვა იეჰოვამ უხუცესებს დაავალა, როგორც ეს მისი სიტყვიდან ჩანს (იაკ. 5:14—16). მეორე, ეს ღონისძიება ეხმარება მომნანიებელ შემცოდველს, დარჩეს კრებაში და იგივე აღარ გაიმეოროს (გალ. 6:1; ებრ. 12:11). მესამე, უხუცესების პასუხისმგებლობაა, დაამშვიდონ მომნანიებელი შემცოდველი, შეუმსუბუქონ მას ტკივილი და დანაშაულის გრძნობასთან გამკლავებაში დაეხმარონ. ისინი ამისთვის სათანადოდ არიან მომზადებულნი. იეჰოვა ამ მოწიფულ მამაკაცებს უწოდებს „საფარს ქარიშხალში“ (ეს. 32:1, 2). განა არ ეთანხმებით, რომ ეს ღონისძიება ღვთის წყალობის გამოხატულებაა?!

9 ღვთის მსახურთაგან ბევრმა იგრძნო შვება, როცა უხუცესებს მიმართა და მათგან დახმარება მიიღო. მაგალითად, ერთი ძმა, დანიელი, სერიოზული ცოდვის ჩადენიდან რამდენიმე თვის მანძილზე არ მიმართავდა უხუცესებს დახმარებისთვის. ის ამბობს: „უკვე იმდენი დრო იყო გასული, რომ ვფიქრობდი, უხუცესები ვეღარაფრით დამეხმარებოდნენ. ვშიშობდი, რომ ჩემი ცოდვების შესახებ ყველა გაიგებდა. რა საკითხზეც არ უნდა მელოცა, ჯერ ჩადენილი საქციელისთვის იეჰოვას პატიებას ვთხოვდი“. ბოლოს დანიელმა დახმარებისთვის უხუცესებს მიმართა. ის იხსენებს: „თავიდან მეშინოდა მათთან მისვლის. მაგრამ უხუცესებთან საუბრის შემდეგ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი ჩამომხსნეს. ახლა შემიძლია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მივმართო იეჰოვას ლოცვით“. დღეს დანიელს სუფთა სინდისი აქვს; არც ისე დიდი ხნის წინ ის კრებაში მომსახურედ დაინიშნა.

„გაიქცეს ის ერთ-ერთ იმ ქალაქში“

10. წყალობის მისაღებად რა დაუყოვნებელი მოქმედება მოეთხოვებოდა უნებლიე მკვლელობის ჩამდენს?

10 წყალობის მისაღებად უნებლიე მკვლელობის ჩამდენს სწრაფად უნდა ემოქმედა. ის უახლოეს თავშესაფარ ქალაქში უნდა გაქცეულიყო (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 20:4). ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს არ გაეთვალისწინებინა ეს მითითება, რადგან მისი სიცოცხლე ამ ქალაქისთვის დაუყოვნებლივ თავის შეფარებასა და იქ დარჩენაზე იყო დამოკიდებული! ეს მისი მხრიდან მსხვერპლს მოითხოვდა. მას უნდა დაეტოვებინა სამუშაო, საკუთარი სახლ-კარი და მღვდელმთავრის სიკვდილამდე ქალაქიდან არ უნდა გასულიყო * (რიცხ. 35:25). მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა ძალისხმევად. თუ ის ქალაქიდან გავიდოდა, აჩვენებდა, რომ საერთოდ არ ადარდებდა სხვისი სიცოცხლე და საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში იგდებდა.

11. მომნანიებელი შემცოდველის რომელი ქმედებებიდან ჩანს, რომ აფასებს ღვთის წყალობას?

11 ღვთის წყალობის მისაღებად მომნანიებელ შემცოდველებს დღესაც მოეთხოვებათ მოქმედება. მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიატოვონ არასწორი გზა და არა მხოლოდ სერიოზულ ცოდვებს გაექცნენ, არამედ შედარებით პატარა ცოდვებსაც, რომლებსაც ადამიანი ხშირად მძიმე ცოდვამდე მიჰყავს. პავლე მოციქულმა ღვთივშთაგონებით აღწერა, რისკენ აღიძრნენ კორინთში მცხოვრები მომნანიებელი ქრისტიანები. ის წერდა: „შეხედეთ, როგორი გულმოდგინება წარმოშვა თქვენში ღვთისმოსაწონმა დანაღვლიანებამ, როგორი გამართლება, როგორი აღშფოთება, როგორი შიში, როგორი ძლიერი სურვილი, როგორი მოშურნეობა და უსამართლობის გამოსწორება!“ (2 კორ. 7:10, 11). როცა გულწრფელად ვცდილობთ, რომ მივატოვოთ ცოდვილი გზა, იეჰოვას ვაჩვენებთ, რომ ვწუხვართ ჩვენი საქციელის გამო და მისი წყალობით ბოროტად არ ვსარგებლობთ.

12. რაზე შეიძლება მოუწიოს ქრისტიანს უარის თქმა, რომ კვლავაც გამოავლინოს ღმერთმა მისადმი გულმოწყალება?

12 რაზე შეიძლება მოუწიოს ქრისტიანს უარის თქმა, რომ კვლავაც გამოავლინოს ღმერთმა მისადმი გულმოწყალება? ის მზად უნდა იყოს, დათმოს ნებისმიერი რამ, თუნდაც ძვირფასი, რაც ცოდვამდე მიიყვანდა მას (მათ. 18:8, 9). მზად ხართ, შეელიოთ მეგობარს, თუ ის იეჰოვას პრინციპების დარღვევისკენ გიბიძგებთ? თუ ალკოჰოლური სასმელების მიღებისას გიჭირთ ზომიერების შენარჩუნება, მზად ხართ, თავი აარიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც თავის შეკავებას ვერ შეძლებთ? თუ უზნეო სურვილებს ებრძვით, ცდილობთ, მოერიდოთ ისეთი ფილმების ყურებას, ვებ-გვერდების თვალიერებას ან ნებისმიერ სხვა რამეს, რაც უწმინდურ ფიქრებს აღგიძრავთ? გახსოვდეთ, რომ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება ძალისხმევად ნამდვილად ღირს! არაფერია ქრისტიანისთვის იმაზე აუტანელი, ვიდრე იმის შეგრძნება, რომ იეჰოვამ მიატოვა. ამის საპირისპიროდ, არაფერს მოაქვს იმაზე დიდი კმაყოფილება, ვიდრე იმის განცდას, რომ იეჰოვა ჩვენდამი „მარადიულ სიკეთეს“ ავლენს (ეს. 54:7, 8).

„ისინი იქნება თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“

13. რატომ შეეძლო თავშესაფარ ქალაქში გაქცეულს, თავი უსაფრთხოდ ეგრძნო?

13 ის, ვინც თავშესაფარ ქალაქს შეაფარებდა თავს, დაცული იქნებოდა. ამ ქალაქებთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „ისინი იქნება თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“ (იეს. 20:2, 3). იეჰოვა არ მოითხოვდა, რომ უნებლიე მკვლელობის ჩამდენი მეორედ გასამართლებულიყო; არც სისხლის ამღებს ჰქონდა ქალაქში შესვლისა და ამ ადამიანის მოკვლის უფლება. ასე რომ, გაქცეულს თავშესაფარ ქალაქში შიშის მიზეზი აღარ უნდა ჰქონოდა, რადგან ის იქ იეჰოვას მფარველობის ქვეშ იყო. თავშესაფარი ქალაქი ციხე არ იყო, ამიტომ იქ გაქცეულს შეეძლო ემუშავა, დახმარებოდა სხვებს, თავისუფლად ეცა თაყვანი იეჰოვასთვის და ამგვარად სიხარულითა და აზრით აღსავსე ცხოვრება ჰქონოდა.

გჯეროდეთ, რომ იეჰოვა მიმტევებელი ღმერთია! (იხილეთ აბზაცები 14—16)

14. რაში უნდა იყვნენ დარწმუნებული მომნანიებელი ქრისტიანები?

14 ზოგი ქრისტიანი, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მონანიების შემდეგაც ვერ თავისუფლდება დანაშაულის გრძნობისგან. ისინი იმასაც კი ფიქრობენ, რომ ვერასოდეს დაიბრუნებენ ღვთის კეთილგანწყობას. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია და აღარ გაგიხსენებთ დანაშაულს. ასე რომ, შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ. ზემოთ მოხსენიებულმა დანიელმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. მას შემდეგ, რაც უხუცესებმა სულიერი დახმარება აღმოუჩინეს, მან სუფთა სინდისით განაგრძო იეჰოვასადმი მსახურება. ის ამბობს: „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახლიდან დავიბადე. უხუცესების დახმარების შემდეგ დანაშაულის გრძნობა აღარ მაწუხებდა. ვიცი, რომ იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ გვპატიობს. როგორც თავად ამბობს, ის იღებს ჩვენს ტვირთს და სამუდამოდ გვაშორებს მას“. თავშესაფარ ქალაქში უნებლიე მკვლელობის ჩამდენს სისხლის ამღების შიში აღარ უნდა ჰქონოდა. ასე რომ, როცა იეჰოვა გვპატიობს ცოდვას, აღარ უნდა გვეშინოდეს, რომ ის რაიმე მიზეზით გაგვიხსენებს დანაშაულს და განგვსჯის მის გამო (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:8—12).

15, 16. როგორ გარწმუნებთ იესოს, როგორც გამომსყიდველისა და მღვდელმთავრის როლი, რომ იეჰოვა წყალობას ავლენს თქვენ მიმართ?

15 ჩვენ ისრაელებზე მეტი მიზეზი გვაქვს, რომ იეჰოვას გულმოწყალებაში ვიყოთ დარწმუნებულები. მას შემდეგ, რაც პავლემ თქვა, რომ საწყალი ადამიანი იყო, რადგან ბოლომდე ვერ ემორჩილებოდა იეჰოვას, მან დასძინა: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომ. 7:25). მიუხედავად იმისა, რომ ებრძოდა ცოდვილ მდგომარეობას და განიცდიდა წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც უკვე მონანიებული ჰქონდა, პავლე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვამ მას იესო ქრისტეს მეშვეობით აპატია. როგორც გამომსყიდველი, იესო სუფთა სინდისსა და შინაგან სიმშვიდეს გვაძლევს (ებრ. 9:13, 14). როგორც მღვდელმთავარს, „მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებრ. 7:24, 25). თუ ძველად ისრაელებს მღვდელმთავრის მსახურება არწმუნებდა, რომ ცოდვები მიეტევებოდათ, დღეს ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი მღვდელმთავრის, იესოს მეშვეობით შეგვიძლია „მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (ებრ. 4:15, 16).

16 იეჰოვას რომ თავი შევაფაროთ, იესოს მსხვერპლისადმი რწმენა უნდა გამოვავლინოთ. ნუ იფიქრებ, რომ გამოსასყიდი ზოგადად კაცობრიობისთვის იქნა გაღებული. პირიქით, გჯეროდეს, რომ ის პირადად შენთვის გაიღეს! (გალ. 2:20, 21). დარწმუნებული იყავი, რომ გამოსასყიდის საფუძველზე გეპატიება ცოდვები! გჯეროდეს, რომ სწორედ გამოსასყიდი გაძლევს მარადიული სიცოცხლის იმედს! იესოს მსხვერპლი არის საჩუქარი, რომელიც იეჰოვამ პირადად შენთვის გაიღო.

17. რატომ გსურთ, თავი შეაფაროთ იეჰოვას?

17 ის ფაქტი, რომ ძველ ისრაელში თავშესაფარი ქალაქები არსებობდა, იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია. ამ ღონისძიების წყალობით ღმერთი არა მარტო სიცოცხლის სიწმინდეს უსვამს ხაზს, არამედ თვალსაჩინოდ გვანახვებს, როგორ შეუძლიათ უხუცესებს ჩვენი დახმარება, რა იგულისხმება ნამდვილ მონანიებაში და რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა სრულად გვპატიობს. თქვენც ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან? არ არსებობს ამაზე უსაფრთხო ადგილი! (ფსალმ. 91:1, 2). მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, როგორ გვეხმარება ეს ღონისძიება, მივბაძოთ იეჰოვას სამართლიანობისა და გულმოწყალების უბადლო მაგალითს.

^ აბზ. 10 „იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად, უნებლიე მკვლელობის ჩამდენის ოჯახიც, სავარაუდოდ, თავშესაფარ ქალაქში გადადიოდა საცხოვრებლად.