არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ხელგაშლილი სული დამსუყდება“

„ხელგაშლილი სული დამსუყდება“

შესაწირავების გაღება ოდითგანვე წმინდა თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ისრაელები ცხოველებს სწირავდნენ ღმერთს, ქრისტიანები კი — „ქების მსხვერპლს“. თუმცა არსებობს სხვა სახის შესაწირავებიც, რომლებიც სიამოვნებს ღმერთს (ებრ. 13:15, 16). როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდან დავინახავთ, იეჰოვასთვის გაღებულ მსხვერპლს სიხარული და კურთხევები მოაქვს.

ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურ ხანას ძალიან სურდა, ვაჟი ჰყოლოდა, მაგრამ უშვილო იყო. ლოცვაში მან იეჰოვას აღუთქვა, რომ თუ ვაჟი გაუჩნდებოდა, მას მიუძღვნიდა მთელი სიცოცხლე (1 სამ. 1:10, 11). მალე ხანა დაორსულდა და ვაჟი გააჩინა, რომელსაც სამუელი დაარქვა. ხანამ შეასრულა პირობა და როგორც კი ბავშვი ძუძუს მოსწყვიტა, კარავში წაიყვანა. იეჰოვამ აკურთხა ხანა ასეთი თავგანწირვისთვის. მას მოგვიანებით კიდევ ხუთი შვილი შეეძინა, სამუელი კი წინასწარმეტყველი და ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი გახდა (1 სამ. 2:21).

ხანასა და სამუელის მსგავსად, დღეს ქრისტიანებსაც აქვთ უდიდესი პატივი, რომ მთელი სიცოცხლე ღვთის მსახურებას მიუძღვნან. იესო დაგვპირდა, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის გაღებული ნებისმიერი მსხვერპლისთვის უხვად დავჯილდოვდებოდით (მარ. 10:28—30).

პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი ქალი, სახელად ქურციკი, ცნობილი იყო, რომ „კარგ საქმეს აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა“. ეს იყო სხვების დასახმარებლად გაღებული მსხვერპლი. მაგრამ, სამწუხაროდ, „ის ავად გახდა და მოკვდა“, რამაც მთელი კრება ძალიან დაამწუხრა. როცა მოწაფეებმა გაიგეს, რომ პეტრე მათ ქალაქთან ახლოს იმყოფებოდა, სთხოვეს, რაც შეიძლება მალე ჩასულიყო მათთან. წარმოგიდგენიათ, როგორ გაიხარებდნენ ისინი, როცა პეტრემ მკვდრეთით აღადგინა ქურციკი. ეს არის ბიბლიაში ჩაწერილი პირველი შემთხვევა, როცა მოციქულმა მკვდარი გააცოცხლა! (საქ. 9:36—41). ღმერთს არ დავიწყებია ქურციკის გაღებული მსხვერპლი (ებრ. 6:10). მისი გულუხვობის შესახებ წმინდა წერილებში ჩაიწერა, რათა მიგვებაძა მისთვის.

შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა მოციქულმა პავლემაც, რომელიც დროს არ იშურებდა და სხვების მიმართ ყურადღებას იჩენდა. კორინთელ ქრისტიანებს ის სწერდა: „მე უდიდესი სიამოვნებით გავიღებ ყველაფერს და მთლიანად დავიხარჯები თქვენი სულებისთვის“ (2 კორ. 12:15). პავლემ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ თავგანწირვის სულისკვეთებას არა მარტო კმაყოფილება, არამედ იეჰოვას მოწონება და კურთხევა მოაქვს, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია (საქ. 20:24, 35).

ცხადია, იეჰოვას სიამოვნებს, როცა დროსა და ენერგიას არ ვზოგავთ სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად და თანაქრისტიანების დასახმარებლად. მაგრამ შეგვიძლია სხვა მხრივაც დავუჭიროთ მხარი სამქადაგებლო საქმიანობას? რა თქმა უნდა! გარდა „სიყვარულით [გაწეული] შრომისა“, ღვთის განდიდება ნებაყოფლობითი შესაწირავებითაც შეგვიძლია, რომელიც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას ხმარდება. ამაში შედის მისიონერთა და სხვა სპეციალური სრული დროით მსახურთა მხარდაჭერაც. გარდა ამისა, ეს თანხები გამოიყენება ლიტერატურისა თუ ვიდეოების მოსამზადებლად და სათარგმნად, სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დასახმარებლად და ახალი სამეფო დარბაზების ასაშენებლად. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ „ხელგაშლილი სული დამსუყდება“. უფრო მეტიც, ჩვენი ქონებიდან შესაწირავის გაღებით პატივს მივაგებთ იეჰოვას (იგავ. 3:9; 11:25).